საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/135
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 

ბრძანება №1-1/135

2021 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  2020 წლის 5  აგვისტოს N01/2744 განცხადება – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარჩელი-განმუხურის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მდინარე ენგურზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობის პროექტის (შემდგომში – პროექტი)   ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ   და  

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარჩელი-განმუხურის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მდინარე ენგურზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობის პროექტს, რომელიც  ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს ,,Construction Service“-ს (ს/კ: №404935647) შორის 2019 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ. №188-19 ხელშეკრულების ფარგლებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

პროექტის ფარგლებში ახალი ხიდის მშენებლობა გათვალისწინებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარჩელი-განმუხურის საავტომობილო გზაზე, მდინარე ენგურზე არსებული ლითონის ხიდის მიმდებარედ. არსებული ხიდი, როგორც ბურჯები, ასევე, მალის ნაშენი და სავალი ნაწილი ლითონის ელემენტებისგან არის შედგენილი. ხიდის საერთო სიგრძეა 161,4 მეტრი, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე დაახლოებით 3 მეტრია. ხიდის ქვეშ გადის წყალგამტარი ორი მილი. საპროექტო გზაგამტარი ოთხმალიანია, ჭრილკოჭოვანი, სქემით 6X21,0 მ; ხიდი გეგმაში დაპროექტებულია სწორზე, ხოლო ფასადში მცირე 0,1%-იან ქანობზე. ხიდის გაბარიტია 1,0+7,0+1,0 მეტრი, ხოლო ხიდის სიგანე 10,1 მეტრი. ხიდის მთლიანი სიგრძე შეადგენს 132,35 მეტრს. ხიდს აქვს ორი სანაპირო და ხუთი შუალედი ბურჯი. პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა ნანა ბიგვავას (პ/ნ: №19001062761) საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5847.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 43.25.45.010) ნაწილი – 1149.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

უძრავი ქონების მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც უარი განაცხადა. ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია მშენებლობა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარჩელი-განმუხურის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მდინარე ენგურზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ საკადასტრო კოდით N43.25.45.010 რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5847 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მდებარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი დარჩელი) მესაკუთრეა ნანა ბიგვავა (პ/ნ 19001062761).  

დადგენილია, რომ  დასახელებული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  ნანა ბიგვავას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი 1149 კვ.მ, მასზე აღმართული ღობე და მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ N43.25.45.010). 

დადგენილია, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება  ვერ იქნა მიღწეული. 

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში,  რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.“

ვინაიდან, ვერ ხერხდება მესაკუთრესთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს  უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით,  საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

ამდენად,  „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით  შექმნილი 2021 წლის 30 მარტის სხდომის ოქმის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარჩელი-განმუხურის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მდინარე ენგურზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნანა ბიგვავას (პ/ნ 19001062761) საკუთრებაში  არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1149.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე - ს/კ 43.25.45.010 (წინა ს/კ 43.25.01.546, მიწის მთლიანი ფართი 5847.00 კვ.მ)  და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე,  ნაგებობაზე.

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,  №6). 

 

მინისტრი                                                                                        ნათელა თურნავა.