საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 13.05.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016446
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.05.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ენერგეტიკის მარეგულიებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 07.08.2003
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„დავების განხილვის წესების“ დამტკიცების შესახებ „ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის
განმხილველი ეროვნული კომისიის დებულების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება
№9
2021 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
1.
დამტკიცდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულება“.
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს №12 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.14.011.006.005).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანიაკომისიის წევრიმაია მელიქიძეკომისიის წევრიგოჩა შონიაკომისიის წევრიგიორგი ფრუიძეკომისიის წევრიგიორგი ფანგანი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულება
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულება (შემდგომში – დებულება) ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესსა და პროცედურებს.
2. კომისია ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად, თუ კომისიის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც დებულებით არ არის გათვალისწინებული, წესრიგდება კანონმდებლობით, მათ შორის, „ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში.
მუხლი 3🔗. ვადების ათვლა
დებულებაში მითითებული ვადების ათვლისას კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები, აგრეთვე, დასვენების დღეები – შაბათი და კვირა, არ ჩაითვლება.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული წარმოების ენა
1. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
2. თუ დაინტერესებული მხარის განცხადება ან მის მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დაინტერესებული მხარე ვალდებულია, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს განცხადების ან დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
3. კომისიის მიერ ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს სამ დღეზე ნაკლები. ამ ვადის გაშვება შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული წარმოების პრინციპები
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება კანონის წინაშე თანასწორობის, კანონიერების, ინკვიზიციურობის, პროპორციულობის, მიუკერძოებლობისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სხვა პრინციპების დაცვით.
მუხლი 6🔗. ინფორმაციის საჯაროობა
1. ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული, მათ შორის, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი საჯაროა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.
2. კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაცია შეიტანება საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს საჯარო ინფორმაციაზე მითითება მისი მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღის ვადაში, საჯარო ინფორმაციის დასახელების, მიღების, შექმნის, დამუშავების, გამოცემის თარიღის, იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის, საჯარო მოსამსახურის, საჯარო დაწესებულების დასახელების მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა ან/და რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია.
3. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევასა და გაცემასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება კომისიის 2020 წლის 15 ოქტომბრის №52 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესით“.
მუხლი 7🔗. აღმასრულებელი პრივილეგია
კომისიის სამართლებრივი აქტების მომზადების პროცესში მონაწილე კომისიის აპარატის თანამშრომელთა ვინაობა დაცულია გამხელისაგან აღმასრულებელი პრივილეგიით.
მუხლი 8🔗. კომისიისთვის მიმართვის უფლება
ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მიმართოს კომისიას იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს და რომლის გადაწყვეტაც, კანონმდებლობის შესაბამისად, მიეკუთვნება კომისიის კომპეტენციას.
მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული წარმოების მხარეები
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების მხარე შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი.
მუხლი 10🔗. წარმომადგენლობის უფლება
ყველას აქვს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიაში საქმე აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე, ისარგებლოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის დახმარებით.
მუხლი 11🔗. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
1. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:
ა) კომისიის გადაწყვეტილება;
ბ) კომისიის დადგენილება.
2. კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, კომისიის დადგენილებიდან გამომდინარე საკითხებზე.
3. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ადმინისტრაციული წარმოება კომისიის გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და ამავე კოდექსის VII თავით კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული დებულებების გათვალისწინებით.
4. კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილების განხორციელებასთან, მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
5. კომისიის დადგენილება არის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისიის მიერ დადგენილების მიღებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.
7. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, დასაბუთებული და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს განმარტებებს მისი განხორციელების თაობაზე.
მუხლი 12🔗. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება
1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) დაინტერესებული პირის განცხადება;
ბ) კომისიის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება – გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების კომისიაში რეგისტრაციის მომენტიდან.
3. განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების, აგრეთვე, სხვა სახის ინფორმაციის კომისიისთვის წარდგენის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და დებულებით.
მუხლი 13🔗. განცხადების ფორმა და რეკვიზიტები
1. განცხადება კომისიას შესაძლებელია წარედგინოს როგორც მატერიალური, ისე – ელექტრონული ფორმით. კომისიაში ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადება ხელმოწერილი (დადასტურებული) უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და მონაცემებს.
3. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის დოკუმენტი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით, მათ შორის, კანონითა და კომისიის სამართლებრივი აქტებით.
4. განმცხადებელს უფლება აქვს, კომისიას წარუდგინოს ყველა დოკუმენტი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განსაზღვრული არ არის კანონმდებლობით, მაგრამ შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მუხლი 14🔗. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა
1. კომისია განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას კანონმდებლობის, მათ შორის, კანონის, დებულებისა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან.
2. თუ განმცხადებელი კომისიას არ წარუდგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
3. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის კომისიის მიერ დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. კომისია უფლებამოსილია, განმცხადებლის მოთხოვნით, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.
4. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე, განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.
5. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია, განცხადება დატოვოს განუხილველი.
მუხლი 15🔗. განცხადების განუხილველად დატოვება
1. კომისია არ განიხილავს განცხადებას, თუ:
ა) იგი არ განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას;
ბ) იგი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) არსებობს კომისიის გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;
დ) ამ წესების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით, აგრეთვე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში არ აღმოიფხვრა შეჩერების საფუძველი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განმცხადებელს შესაბამისი საფუძვლის დადგომიდან 5 დღის ვადაში ეცნობება მისი განუხილველად დატოვების თაობაზე და წერილობით განემარტება გასაჩივრების წესი.
მუხლი 16🔗. ერთგვაროვან საქმეთა გაერთიანება
კომისია უფლებამოსილია, საკუთარი ან დაინტერესებული პირის ინიციატივით, ერთად განხილვისა და ერთი საერთო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ერთ ადმინისტრაციულ წარმოებად გააერთიანოს რამდენიმე ერთგვაროვანი, ფაქტობრივად და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული ან მსგავსი განცხადება, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა პირი მონაწილეობს.
მუხლი 17🔗. განცხადების განხილვის მიზნით განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებები
1. განცხადების განსახილველად მომზადების მიზნით, კომისია/კომისიის აპარატი უფლებამოსილია, შეაგროვოს ცნობები, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი და გადაიღოს შესაბამისი ფოტო ან ვიდეო მასალა, დამატებით გამოითხოვოს მხარეებისაგან დოკუმენტები, აგრეთვე, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით.
2. კომისია/კომისიის აპარატი უფლებამოსილია, განცხადებაში დასმულ საკითხთან/საკითხებთან დაკავშირებული გარემოებების დამატებითი შესწავლის მიზნით, დაინტერესებული პირების მონაწილეობით გამართოს სამუშაო შეხვედრა.
მუხლი 18🔗. ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება
1. კომისია უფლებამოსილია, მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ მხარედ მყოფი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, თუ ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას – შესაბამისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა;
ბ) თუ კომისია დაადგენს, რომ მხარე არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა, მაგრამ მხარდაჭერა არ მიუღია – შესაბამისი მხარდაჭერის (მათ შორის დროებითი) მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა;
გ) საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სასამართლოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ – შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
დ) სხვა შემთხვევაში, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით – კომისიის მიერ განსაზღვრული ვადით.
2. ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებისა და განახლების თაობაზე მხარეებს ეცნობებათ წერილობით. ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებისა და განახლების თაობაზე კომისიის ცალკე გადაწყვეტილება არ მიიღება.
3. ადმინისტრაციული საქმის წარმოება განახლდება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ.
მუხლი 19🔗. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა
1. კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) გარდაიცვალა დაინტერესებული პირი ან განხორციელდა იმ იურიდიული პირის ლიკვიდაცია, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს და დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა;
ბ) განმცხადებელმა უარი თქვა განცხადებაზე;
გ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
2. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე მხარეებს ეცნობებათ წერილობით.
მუხლი 20🔗. კომისიის სხდომის ორგანიზება
1. კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საჯარო სხდომაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომა დახურულად გამოაცხადოს. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.
3. კომისია, არანაკლებ ერთი კვირით ადრე, კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით საჯაროდ აცხადებს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.
4. გადაუდებელი აუცილებლობისას, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველად. ამ შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე, მისი დახურვის შესახებ.
5. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ კომისიის სხდომის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ მონაწილეობის მისაღებად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირისთვის შეტყობინების ჩაბარება შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ფორმით (ფოსტა, კურიერი და სხვა) ან/და ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. შეტყობინების ჩაბარება დასტურდება:
ა) მატერიალური ფორმით გზავნილის შემთხვევაში – ჩაბარების დასტურით;
ბ) ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ფორმის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის/კომუნიკაციის შესახებ შედგენილი აქტით/ჩანაწერით.
7. კომისიის სხდომის შესახებ მატერიალური შეტყობინება დაინტერესებულ პირს ბარდება მის მიერ მითითებულ მისამართზე. თუ ის არ იმყოფება აღნიშნულ მისამართზე, შეტყობინება ბარდება მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს. თუ შეტყობინება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ჩაბარება აღინიშნება შეტყობინებაზე, მიმღების ხელმოწერით.
8. კომისია უფლებამოსილია, სხდომაზე დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განცხადება განიხილოს მის გარეშე.
9. თუ დაინტერესებულ პირთა რიცხვი აღემატება 50-ს, კომისია უფლებამოსილია, დაინტერესებული პირები კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს კომისიის ვებგვერდზე ცნობის გამოქვეყნების მეშვეობით. ცნობაში უნდა მიეთითოს საკითხი, რომლის თაობაზედაც უნდა მოეწყოს ზეპირი მოსმენა, ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელიც აწყობს მოსმენას, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, ზეპირი მოსმენის დრო და ადგილი.
10. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება არანაკლებ 3 წევრისა.
11. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
მუხლი 21🔗. კომისიის სხდომის თავმჯდომარე
1. კომისიის სხდომას ხსნის, თავმჯდომარეობს და დღის წესრიგის შესაბამისად წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2. კომისიის სხდომის თავმჯდომარე დამსწრე პირებს აცნობს კომისიის სხდომის დღის წესრიგს. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას დღის წესრიგში შეაქვს კომისიის სხდომაზე განსახილველად დამატებით წარმოდგენილი საკითხი. კომისია განსაზღვრავს საკითხის განხილვის რიგითობას, აგრეთვე, საჭიროებისამებრ, გადააქვს საკითხის განხილვა სხვა დროისთვის. კომისია კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს წარმოდგენილ დღის წესრიგს.
3. კომისიის სხდომის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევას და დამსწრე დაინტერესებულ პირებს აძლევს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას. კომისიის წევრებს უფლება აქვთ, ზეპირი მოსმენის ნებისმიერ სტადიაზე კომენტარი გააკეთონ გამომსვლელის განმარტებებზე და შეკითხვით მიმართონ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს.
4. კომისიის სხდომის თავმჯდომარე განსაზღვრავს სხდომაზე გამომსვლელთა თანმიმდევრობას, აძლევს და ჩამოართმევს მათ სიტყვას, უფლებამოსილია განუსაზღვროს მათ ახსნა-განმარტების ან პასუხის ხანგრძლივობა, შეწყვიტოს სხდომა ან/და გამოაცხადოს შესვენება.
5. კომისიის სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, გამომსვლელ პირს სიტყვა ჩამოართვას, თუ იგი:
ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;
ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე;
გ) აჭარბებს იმ დროს, რომელიც მას განესაზღვრა სხდომის თავმჯდომარის მიერ;
დ) სხვა შემთხვევებში, სხდომის თავმჯდომარის შეხედულებისამებრ.
6. კომისიის სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს კომისიის სხდომის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია, გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან. სხდომა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშეც.
მუხლი 22🔗. კომისიის სხდომის ოქმი
1. კომისიის სხდომაზე იწარმოება კომისიის სხდომის ოქმი.
2. კომისიის სხდომის ოქმი, როგორც წესი, იწარმოება ელექტრონული ფორმით სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.
3. წერილობითი ფორმით იწარმოება მხოლოდ კომისიის დახურული სხდომის ოქმი, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც ელექტრონული ფორმით წარმოებულს.
4. კომისიის დახურული სხდომის ოქმი უნდა გამოქვეყნდეს საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ინფორმაციის გამოქვეყნებისას მიეთითება პირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის თაობაზე, ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის საფუძველი და გასაიდუმლოების ვადა.
5. კომისია უზრუნველყოფს სხდომის ოქმებისა და სხვა სათანადო დოკუმენტაციის შენახვას უვადოდ.
მუხლი 23🔗. კომისიის გადაწყვეტილება
1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, ფაქტებისა და მტკიცებულებების ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2. კომისიის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებს. აღწერილობით ნაწილში უნდა მიეთითოს გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი ყველა ფაქტობრივი გარემოების აღწერა; სამოტივაციო ნაწილში – გადაწყვეტილების დასაბუთება, მისი გამოცემის მიზნები და საფუძვლები; ხოლო სარეზოლუციო ნაწილში მიეთითება კომისიის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები (საჭიროების შემთხვევაში) და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ფორმა და ვადები.
3. გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, შესაბამისი კომისიის წევრის განსხვავებული აზრი დაერთვება კომისიის გადაწყვეტილებას.
4. კომისია უფლებამოსილია, გადაწყვეტილებით გაითვალისწინოს მისი უკუძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ამძიმებს პირის პასუხისმგებლობას.
მუხლი 24🔗. კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება
1. კომისია უფლებამოსილია, მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. კომისია უფლებამოსილია, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებებს.
მუხლი 25🔗. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება
კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 26🔗. კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.