შპს „იხტიოსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 22.04.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №2/1/1421
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016604
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/05/2021
matsne.gov.ge 1,931 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზაზა პატარიძე, ნიკოლოზ ბერიაშვილი, შალვა ონიანი და ვახტანგ კობეშავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 98% 22.04.2021 მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 98% 22.04.2021 გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 11.12.2020 ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 07.03.2025 ცირა ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 12.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

შპს „იხტიოსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის  განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №2/1/1421 2021 წლის 22 აპრილი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; მანანა კობახიძე – წევრი; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე. საქმის დასახელება: შპს „იხტიოსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1 ​1 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1421) მიმართა შპს „იხტიოსმა“. №1421 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2019 წლის 8 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 22 აპრილს. 2. №1421 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია:  საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები, მე-5 პუნქტის პირველი წინადადება, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-3 პუნქტის პირველი წინადადება, 34-ე მუხლი, 59-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის პირველი წინადადება, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი. 3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასამართლოს შეუძლია გადასცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული მუხლის 1​1 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, 268-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას, მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. ამასთან, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზეც. 4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია“. 5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას იძლევა, ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მისი განმარტებით აღნიშნული უფლება მოიაზრებს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და იმგვარი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც აღსრულებადია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შენარჩუნებული უნდა იყოს დავის დაწყებამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. 6. №1421 კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა მხარეთა შეთანხმების ფარგლებში აქცევს საპროცესო მოქმედებების შესრულებას და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც რისკის ქვეშ აყენებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ პასუხობს ნორმათა განჭვრეტადობის მოთხოვნას. 7. №1421 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელე განმარტავს, რომ გასაჩივრებული ნორმის მოქმედებით მას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, რამდენადაც მოსარჩელის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს დაუყოვნებლივ აღსასრულებას. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტზე და აღნიშნავს, რომ ნორმის შეუჩერებლობის შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაც კი ვერ გახდება სადავო ქონებაზე მისი საკუთრების აღდგენის საფუძველი. II სამოტივაციო ნაწილი 1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად. 2. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1​1 ნაწილის კონსტიტუციურობა. სადავო ნორმის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. 3. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსულების საკითხი. 4. სადავოდ გამხდარი ნორმის მე-3 წინადადება გამორიცხავს აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზე აღსრულების შეჩერებას. შესაბამისად, აღნიშნული წინადადება განსაზღვრავს მესამე პირების საპროცესო უფლებებს და სრულიად დამოუკიდებელია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემის - სადავო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისას მესაკუთრის უფლებების შეზღუდვისაგან. ამდენად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია სადავო ნორმის მე-3 წინადადების არაკონსტიტუციურობის თაობაზე. 5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1421 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1​1 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირელ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 6. №1421 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მითითებული დანაწესი, გარანტირებულად აცხადებს დაცვის უფლებას, პირის შესაძლებლობას, სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის (წარმომადგენლის) მეშვეობით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი არსებითი ელემენტია და, ზოგადად, გულისხმობს პირის შესაძლებლობას, დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ვრცელდება არა მხოლოდ სისხლის სამართლის სფეროზე, არამედ ასევე, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებაზეც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56). 7. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1​1 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, რაზეც არ ვრცელდება აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში და ზარალის ზუსტად გამოთვლის მოთხოვნა. სადავოდ გამხდარი საპროცესო ნორმა არ ადგენსს წესს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას საქმის განხილვაში პირის მონაწილეობის ან/და თავის დაცვის შესახებ. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ხსენებული სადავო ნორმები მას ართმევს დაცვის უფლებით ეფექტურად სარგებლობის შესაძლებლობას. 8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1421 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1​1 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 9. №1421 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი. 10. №1421 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1​1 ნაწილის მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადვო ნორმის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რის შედეგადაც, მას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. 12. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). 13. ამგვარად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების სავალდებულო წინაპირობაა, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარმოუდგინოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადად დაასაბუთებს, რომ სადავო ნორმის მოქმედება ქმნის გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგად, შესაძლოა დაკარგოს საკუთრება. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ გამოუსწორებლად მიიჩნევა შედეგი, რომლის აღდგენა ვერ ხერხდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით. შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ შეიცავს ეფექტურ მექანიზმებს მის საქმეზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეცვლილი გადაწყვეტილების შედეგად უფლებებში ეფექტურად აღდგენის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები“. ამავე დროს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის საფუძველზე, მხარე აღჭურვილია უფლებამოსილებით, კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინება. ბუნებრივია, ზემდგომი ინსტანციის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხის გადაწყვეტა გარკვეულ დროს საჭიროებს და ამ პერიოდში, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია არსებობდეს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რისკი. თუმცა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნის დასასაბუთებლად, მოსარჩელე ვალდებულია, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მის მიმართ არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალური საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები ან არგუმენტაცია, თუ რატომ ვერ აზღვევს მის წინაშე არსებულ რისკებს კანონმდებლობით დადგენილი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობები. 14. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმის შეჩერებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 27​1 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31​3 მუხლის პირველი პუნქტის, 31​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31​6 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: 1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1421 კონსტიტუციური სარჩელი („შპს „იხტიოსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 268-ე მუხლის 1​1 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1421 კონსტიტუციური სარჩელი („შპს „იხტიოსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1​1 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიამრთებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1​1 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. 3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. 4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. 5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის წევრები: თეიმურაზ ტუღუში ირინე იმერლიშვილი მანანა კობახიძე თამაზ ცაბუტაშვილი