საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.05.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №229
სარეგისტრაციო კოდი 450010000.10.003.022784
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №229
2021 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულება“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
5. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, პროგრამული ბიუჯეტი, დასრულებული ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
6. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
7. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე.
8. სამინისტროს შეიძლება, ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
9. სამინისტროს ადგილსამყოფელია: საქართველო, ქ. თბილისი, 0105, სანაპიროს ქუჩა №4.
თავი II
სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 2🔗
1. სამინისტრო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლისა და ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სამინისტრო შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ნორმატიული აქტების შესრულებას.
2. კულტურის სფეროში სამინისტროს ამოცანებს განეკუთვნება:
ა) ერთიანი საჯარო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება/განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;
ბ) საზოგადოებისათვის, მათ შორის, ახალგაზრდობისათვის კულტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა;
გ) კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა;
დ) სახელოვნებო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება, შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება და განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა;
ე) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი ხელოვნების, ლიტერატურის, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;
ვ) განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდათა, ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა სახელმწიფო მხარდაჭერა;
ზ) კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი პოლიტიკის, მათ შორის, ერთიანი სამუზეუმო პოლიტიკის შემუშავება/წარმართვა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესაბამისად, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების, სხვა კულტურულ ფასეულობათა გამოვლენის, აღრიცხვის, აღიარებული სტანდარტების შესაბამისი კონსერვაციის/რესტავრაციის, სათანადოდ დაცვისა და პოპულარიზაციის უზრუნველყოფა;
ი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელი კვალიფიკაციის მქონე პირების გამოვლენა, მათი პროფესიული ცოდნის შემოწმება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; რეესტრში რეგისტრირებულ პირთათვის სერტიფიცირების წესების შემუშავება, მათი სერტიფიცირება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
კ) არქეოლოგიური სამუშაოებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარების წესის განსაზღვრასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ლ) კულტურული მემკვიდრეობის/კულტურული ფასეულობისა და სამუზეუმო ექსპონატების საქართველოდან გატანის წესისა და სტანდარტების შემუშავება და მათი დაცვის კონტროლი;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძეგლების, არქიტექტურულ-სკულპტურული და დეკორატიული კომპოზიციების აგების, განთავსების ან დემონტაჟის შესახებ;
ნ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ლიტერატურული, საგამომცემლო საქმიანობისა და საბიბლიოთეკო სფეროს ხელშეწყობა;
ო) კულტურის დარგში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;
პ) კულტურის სფეროს ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის რეალიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა; ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის კულტურის როლისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
ჟ) ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მათ შორის, საზღვარგარეთ; კულტურული დიპლომატიის მხარდაჭერა, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ცენტრების შექმნის ხელშეწყობა;
რ) კულტურის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებისათვის, საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;
ს) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
ტ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება/ განხორციელების ხელშეწყობა.
3. სპორტის სფეროში სამინისტროს ამოცანებს განეკუთვნება:
ა) ერთიანი საჯარო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი; დარგობრივი კვლევების ჩატარება/ჩატარების ხელშეწყობა;
ბ) სპორტულ მომსახურებაზე საზოგადოების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მასობრივი სპორტის მაქსიმალური ხელშეწყობა;
გ) სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, სპორტის მნიშვნელობის, ქვეყნის მდგრად განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაში მისი როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
დ) სასპორტო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება და განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა, სპორტის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა სახელმწიფო მხარდაჭერა;
ე) სპორტის სფეროსთვის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ვ) ქართული სპორტის პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჩატარების, საქართველოს სპორტსმენთა მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა, ასევე სპორტული დიპლომატიის მხარდაჭერა;
ზ) სპორტის ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა;
თ) სპორტის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიების, საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
ი) სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა;
კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, სპორტის სფეროების შესახებ მონაცემების შეგროვების, კვლევისა და პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა/შექმნის ხელშეწყობა;
ლ) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნებისათვის, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა;
მ) მასობრივი სპორტისა და მაღალი მიღწევების სპორტის თანაბარი განვითარების ხელშეწყობა;
ნ) სხვადასხვა სამართლებრივი სტატუსის მქონე სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა და მათთან თანამშრომლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) სპორტში აკრძალულ მასტიმულირებელ საშუალებათა გამოყენების აღმოფხვრის მიზნით ღონისძიებათა განხორციელება.
4. ახალგაზრდობის სფეროში სამინისტროს ამოცანებს განეკუთვნება:
ა) ახალგაზრდობის სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში მონაწილეობა;
ბ) ახალგაზრდული სფეროს, ახალგაზრდების საქმიანობისა და მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება და მხარდაჭერა ახალგაზრდების მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე;
გ) ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება;
დ) ახალგაზრდებისთვის აქტუალური თემებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გარშემო (ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაცია, ძლიერი ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრიორიტეტი, გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, დანაშაულის პრევენცია და სხვა) ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
ე) არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარება, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნა, მათი ინიციატივების მხარდაჭერა, ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით;
ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისად, ახალგაზრდული ცენტრების, სივრცეების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფილური კლუბებისა და სტუდიების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა;
ზ) ახალგაზრდული თემატიკის, პროექტების, საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, საკომუნიკაციო ღონისძიებების ხელშეწყობა და ახალგაზრდული პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა.
მუხლი 3🔗. სამინისტრო კოორდინაციას უწევს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებს, ხელს უწყობს ერთი დარგის მეშვეობით მეორე დარგის განვითარებას, გაძლიერებას და ემსახურება ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას.
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 4🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს შესაბამის დარგებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სამინისტროსგან მიღებული ფინანსური რესურსის მიზნობრივად გამოყენებას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების აქტებსა და მოქმედებებს;
გ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) პასუხისმგებელია სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და გეგმების შესრულებაზე;
ე) განსაზღვრავს სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების გენერალურ დირექტორებს, დირექტორებსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს, შესაბამის პირებთან დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს ან ხელშეკრულების დადების უფლებამოსილებას ანიჭებს სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებს;
ი) წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხებს;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასცემს ფულად ჯილდოს სამინისტროს თანამშრომლებზე;
ლ) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, მათ შორის, საამისოდ აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, საჯარო მოსამსახურეთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისათვის ადგენს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს, სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული სახსრების ფარგლებში;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისათვის;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას განსახილველად წარმოუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
პ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარადგენს შესაბამის პირს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
რ) ნორმატიული აქტით ამტკიცებს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშებს, დაჯილდოების წესსა და პირობებს;
ს) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში გრანტების გაცემის წესსა და საგრანტო პროგრამას;
ტ) ამტკიცებს სამინისტროს პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დაფინანსებასთან/ფინანსურ ხელშეწყობასთან დაკავშირებულ წესსა და პირობებს; იღებს გადაწყვეტილებას პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობის შესახებ;
უ) კულტურასა და სპორტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების მიერ გასაწევი მომსახურების/საქმიანობის საფასურების დადგენისათვის განსაზღვრავს ერთიანი და სამართლიანი სატარიფო პოლიტიკის ძირითად კრიტერიუმებსა და პრინციპებს;
ფ) ამტკიცებს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირების საბჭოს დებულებასა და სერტიფიკატის ფორმას;
ქ) დებს და წყვეტს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამინისტროს უფლებამოსილებათა სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის დელეგირების შესახებ;
ღ) ამტკიცებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმასა და ჟურნალის წარმოების წესს;
ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს და უფლებამოსილია, განახორციელოს ამ დებულებებში ცვლილების შეტანა;
შ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ჩ) უფლებამოსილია, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის ან გადაწყვეტილების მოსამზადებლად, შექმნას სათათბირო ორგანოები − კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
ც) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
ძ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს;
წ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
ჭ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ხ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს;
ჯ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
ჰ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში;
ჰ1) ამტკიცებს სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის წესსა და სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას;
ჰ2) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმასა და მისი გაცემის წესს;
ჰ3) ახორციელებს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას, მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, მინისტრის დავალებით, ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
5. მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 6🔗
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის მუშაობაზე;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ერთეულს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
თავი IV
სამინისტროს სისტემა და სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 7🔗
1. სამინისტროს სისტემა მოიცავს:
ა) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
გ) სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს.
2. სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტი;
ბ) კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტი;
გ) მასობრივი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი;
დ) მაღალი მიღწევების სპორტის დეპარტამენტი;
ე) კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
ვ) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
თ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ი) ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტი;
კ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ლ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
3. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებია:
ა) სსიპ − ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ბ) სსიპ − შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი;
გ) სსიპ − თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
დ) სსიპ − თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ე) სსიპ − ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ვ) სსიპ − თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ზ) სსიპ − მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული თეატრი;
თ) სსიპ − ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ი) სსიპ − ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
კ) სსიპ − თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ლ) სსიპ − ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
მ) სსიპ − ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ნ) სსიპ − მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ო) სსიპ − ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
პ) სსიპ − ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ჟ) სსიპ − ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრი „აფხაზეთი“;
რ) სსიპ − ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ს) სსიპ − ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ტ) სსიპ − ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
უ) სსიპ − ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ფ) სსიპ − ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ქ) სსიპ − ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ღ) სსიპ − ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ყ) სსიპ − ქ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
შ) სსიპ − ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ჩ) სსიპ − ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ც) სსიპ − ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ძ) სსიპ − ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
წ) სსიპ − ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ჭ) სსიპ − საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი;
ხ) სსიპ − მწერალთა სახლი;
ჯ) სსიპ − გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი;
ჰ) სსიპ − შემოქმედებითი საქართველო;
ჰ1) სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო;
ჰ2) სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმი;
ჰ3) სსიპ − აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი;
ჰ4) სსიპ − საქართველოს ხელოვნების სასახლე − კულტურის ისტორიის მუზეუმი;
ჰ5) სსიპ − გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი;
ჰ6) სსიპ − დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი;
ჰ7) სსიპ − მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი;
ჰ8) სსიპ − ივანე მაჩაბლის მუზეუმი;
ჰ9) სსიპ − ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი;
ჰ10) სსიპ − საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი;
ჰ11) სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი;
ჰ12) სსიპ − ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი;
ჰ13) სსიპ − თელავის ისტორიული მუზეუმი;
ჰ14) სსიპ − ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი;
ჰ15) სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი;
ჰ16) სსიპ − გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი;
ჰ17) სსიპ − ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი;
ჰ18) სსიპ − დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი;
ჰ19) სსიპ − სმირნოვების მუზეუმი;
ჰ20) სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი;
ჰ21) სსიპ − კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი;
ჰ22) სსიპ − საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი;
ჰ23) სსიპ − ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი;
ჰ24) სსიპ − ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;
ჰ25) სსიპ − თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი;
ჰ26) სსიპ − გორის ქალთა კამერული გუნდი;
ჰ27) სსიპ − ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი;
ჰ28) სსიპ − საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“;
ჰ29) სსიპ − ანსამბლი „ბასიანი“;
ჰ30) სსიპ − საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“;
ჰ31) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებელი;
ჰ32) სსიპ − ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედი“;
ჰ33) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;
ჰ34) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი;
ჰ35) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი;
ჰ36) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელი;
ჰ37) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი;
ჰ38) სსიპ − ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი;
ჰ39) სსიპ − ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი;
ჰ40) სსიპ − თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
ჰ41) სსიპ − საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ჰ42) სსიპ − თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
ჰ43) სსიპ − ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
ჰ44) სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტო;
ჰ45) სსიპ − საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი;
ჰ46) სსიპ − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი;
ჰ47) სსიპ − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
ჰ48) შპს „სპორტმშენსერვისი“;
ჰ49) ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი;
ჰ50) ა(ა)იპ − თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი.
მუხლი 8🔗
შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა;
ბ) კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
გ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი ხელოვნების, ლიტერატურის, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნების, ხალხური ხელოვნების დარგებისა და სახელოვნებო განათლების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ამ მიზნით, შესაბამისი პროექტების ინიციირება და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
დ) სახელოვნებო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება, შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება და განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა;
ე) სამინისტროს სისტემაში და მის მიღმა მოღვაწე ხელოვანთა ხელშეწყობა, მათ წინაშე მდგარი გამოწვევების სისტემატური ინვენტარიზაცია და მათი გადაჭრა ინდივიდუალური და სისტემური ანალიზის შედეგად;
ვ) კერძო შემოქმედებითი ინიციატივების ხელშესაწყობად, შესაბამისი პროექტების შემუშავება, მათი განხორციელებისათვის აუცილებელი საგრანტო კონკურსების თუ სხვა პროცესების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ამ პროექტების განხორციელების მონიტორინგი;
ზ) განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდა შემოქმედთა სახელმწიფო მხარდაჭერა;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში/დარგებში მონაცემების შეგროვება, კვლევების დაგეგმვა და არსებული ვითარების ანალიზი;
ი) კულტურის სფეროში მოღვაწეთა სოციალური დახმარებების გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
კ) კულტურის სფეროში მოღვაწე პირების სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენისა და საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე საკითხების ინიციირება;
ლ) კულტურის სფეროში მოღვაწე პირების იუბილეებისა და სხვა მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
მ) კულტურის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიება;
ნ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 9🔗
კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საზოგადოებისათვის, მათ შორის, ახალგაზრდობისათვის, კულტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა;
ბ) სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
გ) კულტურული ღონისძიებების ჩატარებითა და შესაბამისი პროექტების განხორციელებით/მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში კულტურული ცხოვრების სტიმულირება და ხელშეწყობა;
დ) სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში, ლიტერატურული, საგამომცემლო საქმიანობისა და საბიბლიოთეკო სფეროს ხელშეწყობა, წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით;
ე) ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების, კულტურის დღეების, გამოფენების, კონცერტების, ფესტივალების, საგასტროლო თუ სხვა ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობა; კულტურული დიპლომატიის მხარდაჭერა, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ცენტრების შექმნის გზით;
ვ) საქართველოს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და ერთიანი სამუზეუმო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;
ზ) სამუზეუმო კოლექციების დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა; მუზეუმებში დაცული კულტურული ფასეულობების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ხელშეწყობა; შესაბამის შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა გენერალური ინსპექციის დროული ინფორმირება და მასთან თანამშრომლობა;
თ) სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში, კულტურული მარშრუტებისა და კულტურული ტურიზმის მდგრადი განვითარების მიზნით, ახალი ინიციატივებისა და ინოვაციური პროექტების შექმნის ხელშეწყობა;
ი) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10🔗
მასობრივი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სპორტულ მომსახურებაზე საზოგადოების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მასობრივი სპორტის მაქსიმალური ხელშეწყობა;
ბ) სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, სპორტის მნიშვნელობის, ქვეყნის მდგრად განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაში მისი როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
გ) სასპორტო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება და განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა, სპორტის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა სახელმწიფო მხარდაჭერა;
დ) სპორტის სფეროსთვის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, სპორტის სფეროების შესახებ მონაცემების შეგროვების, კვლევისა და პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა/შექმნის ხელშეწყობა;
ვ) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნებისათვის, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა;
ზ) სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) ახალგაზრდობის სფეროს განვითარებისთვის, გაძლიერებისა და ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად კოორდინაციის გაწევა;
ი) სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ახალგაზრდობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და გეგმების შესრულების კონტროლი;
კ) მაღალი მიღწევების სპორტის დეპარტამენტის საქმიანობის ხელშეწყობა;
ლ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11🔗
მაღალი მიღწევების სპორტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მაღალი მიღწევების სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს მიერ აღიარებულ და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ამ თანამშრომლობისათვის გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმების შემუშავება;
გ) სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების გამჭვირვალე სისტემების შემუშავება და დახვეწა;
დ) სამინისტროს მიერ დაფინანსებულ სპორტულ ორგანიზაციებში ანტიკორუფციული მექანიზმებისა და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა და მათი მონიტორინგი;
ე) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი სპორტული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ვ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი შესაბამისი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, მათ დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სპორტული შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
თ) სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა;
ი) სპორტის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიება;
კ) სპორტში აკრძალულ მასტიმულირებელ საშუალებათა გამოყენების აღმოფხვრის მიზნით, ღონისძიებათა განხორციელება;
ლ) მასობრივი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის საქმიანობის ხელშეწყობა;
მ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 12🔗
1. კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდებში დაცული კულტურული ფასეულობების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების განუხრელი დაცვის კონტროლი;
ბ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დარგში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვის, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილებების სათანადოდ განხორციელების კონტროლი;
გ) კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა და პირობების განუხრელი შესრულების კონტროლი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე უნებართვოდ ან ნებართვის დარღვევით მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ე) კონტროლის განხორციელების პროცესში გამოვლენილი სამართალდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმება;
ვ) კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე, მინისტრის დავალების საფუძველზე, სამსახურებრივი შემოწმება, დასკვნის შედგენა და მინისტრისთვის წარდგენა;
ზ) საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, განმარტებისა და დოკუმენტის მოთხოვნა-მიღება;
თ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
მუხლი 13🔗
ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
ბ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, აგრეთვე სამინისტროს საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობით ჩასატარებელი სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა/ორგანიზება;
დ) სამინისტროში კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში ელექტრონული და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა;
ე) სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ვ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების ზედამხედველობა;
ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
თ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ი) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;
კ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ლ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, მინისტრის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში შესწორებების შეტანა;
მ) დეპარტამენტში შესული ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ო) სამინისტროს სხვა დეპარტამენტების საქმიანობის ხელშეწყობა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 14🔗
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირთან ასოციირების შესახებ შეთანხმებითა და ასოციირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში;
გ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში;
დ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა და საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;
ე) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;
ვ) საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია, განხორციელება, მონიტორინგი და საერთაშორისო ღონისძიებებში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს სხვა დეპარტამენტების საქმიანობის ხელშეწყობა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 15🔗
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
ბ) სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროში ფინანსური რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობა;
დ) სამინისტროს შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;
ე) სამინისტროს სისტემაში კონტროლის განხორციელება ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ვ) სამინისტროს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება;
ზ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე კონტროლი;
თ) სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულების შესაბამისად წარდგენა;
ი) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა;
კ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 16🔗
ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა;
გ) სამინისტროს სისტემაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების მართვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებლობა და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ საქმიანობის ორგანიზების უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ინფრასტრუქტურული საჭიროებების განსაზღვრა და მათი დაკმაყოფილების ქმედითი ხელშეწყობა;
ე) კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა, სამუშაოების ზედამხედველობა და მონიტორინგი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამის ფარგლებში;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექციისა (დეპარტამენტის) და სამინისტროს სხვა დეპარტამენტების საქმიანობის ხელშეწყობა;
ზ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 17🔗
პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება ყველა სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით;
ბ) სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და სხვა უწყებებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კოორდინაციის სისტემის დანერგვა და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
გ) ღონისძიებების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრეზენტაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების, სიახლეებისა და მიღწევების, საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;
ე) ფოტო და ვიდეოკადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;
ვ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა;
ზ) სამინისტროს სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მისი შესრულების კონტროლი;
თ) მასმედიის ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება;
ი) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროს საქმიანობის თაობაზე საზოგადოების მუდმივი ინფორმირება;
კ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 18🔗
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ბ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
გ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
დ) შიდა აუდიტორული საქმიანობისა და სამინისტროს სისტემის მდგომარეობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება;
ე) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი, გარდა ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ზ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, გარდა ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
თ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე, ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად, დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა, გარდა ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ი) სამინისტროს სისტემაში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
კ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ლ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, გარდა ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
მ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა, გარდა ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ნ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე მინისტრის დავალების საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ო) საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, განმარტებისა და დოკუმენტის მოთხოვნა-მიღება;
პ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი V
სხვა დებულებანი
მუხლი 19🔗. სამინისტროს ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და ფინანსური რესურსები.
მუხლი 20🔗. სამინისტროს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 21🔗
1. სამინისტრომ ამ დებულების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მისი მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების დებულებებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ დებულებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
2. დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 − მე-18 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-8 − მე-18 მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.