შპს „თამრინის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმის № 080210320004123345
საქმე №2/2488-20
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2021 წლის 16 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე დარინა აბულაძე
განმცხადებელი - შპს „თამრინი“ (ს/ნ 445398285);
დირექტორი - თამარ ნინიძე;
მოთხოვნა - შპს „თამრინი“-ს გაკოტრება;
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „თამრინი“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2020 წლის 20 ნოემბერს შპს “თამრინი”-ს სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა, დირექტორმა თამარ ნინიძემ და ითხოვა შპს “თამრინი”-ს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ამასთან აღნიშნა, რომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში შპს “თამრინი” თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
განცხადებაში მხარე აღნიშნავს, რომ შპს “თამრინი” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 09 ივნისს. შპს „თამრინში“ შექმნილია რთული ფინანსური მდგომარეობა, საწარმო წლების მანძილზე ფაქტიურად არ ფუნქციონირებს, არ აქვს შემოსავლები და ფინანსური ღონისძიებების განსახორციელებლად. საზოგადოებას გააჩნია 16 349.57 ლარის კრედიტორული დავალიანება (11.11.2020 წლის მდგომარეობით), რომელთა გადახდის საშუალება საზოგადოებას არ გააჩნია. კრედიტორული დავალიანებებიდან უზრუნველყოფილი კრედიტორული (საგადასახდო-საბიუჯეტო) დავალიანება შეადგენს 16 349.57 ლარს. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში დაფიქსირებულია ჩანაწერი ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთვის შესახებ. კომპანიის აქტივები შეადგენს 0 ლარს. საზოგადოებაში ადგილი აქვს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობას.
სსიპ მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 05 ნოემბრის ინფორმაციით დადგენილია, რომ შპს “თამრინი”-ს საკუთრებაში არ ირიცხება სატრანსპორტო საშუალება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 09 ნოემბრის ინფორმაციით დადგენილია, რომ შპს “თამრინი”-ის საკუთრებაში არ ირიცხება უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 ნოემბრის ინფორმაციით დადგენილია, რომ შპს “თამრინი” არ არის რეგისტრირებული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების ნაწილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. შპს “თამრინი”-ს ანგარიში გახსნილი ჰქონდა სს
„საქართველოს ბანკში“ და სს "პროკრედიტ ბანკში", სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2020 წლის 02 ნოემბერს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ შპს „თამრინს“ სს „პროკრედიტ ბანკი“-ს ანგარიში დახურული აქვს 2015 წლის 27 ივლისს, ხოლო სს „საქართველოს ბანკი“-ს ანგარიში არის მოქმედი და მიერ 2020 წლის 16 ნოემბრის სს „საქართველოს ბანკი“-ს ნაერთი ამონაწერით პირადი ანგარიშიდან დასტურდება, რომ ბოლო ბრუნვის თარიღია 17.09.2018. წელი, ხოლო საბოლოო ნაშთია 0.00 ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით - შპს „თამრინს“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის - შპს „თამრინი“-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე 2021 წლის 13 იანვარს, ასევე გამოქვეყნდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, ვებგვერდზე www.ecourt.ge 2020 წლის 18 დეკემბერს.
2021 წლის 18 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა შპს თამრინის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და მისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება.
განმცხადებელმა განმარტა, რომ მოვალე შპს თამრინს ბიუჯეტის მიმართ დღეის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება 16684,03 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. შემოსავლების სამსახურს დაევალა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე უნდა შეიტანოს 5000 ლარი და აღნიშნული მოქმედების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოედგინა სასამართლოსთვის.
ზემოაღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2021 წლის 29 იანვარს.
2021 წლის 03 თებერვალს სასამართლოს განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ფოდიაშვილმა და ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება.
2021 წლის 08 თებერვლის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ შემოსავლების სამსახურს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა წინამდებარე განჩინების ასლის გადაცემიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღით. ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა შემოსავლების სამსახურს ასევე გაუგრძლედა 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით.
შემოსავლების სამსახურს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების განცხადებით მოუმართავს სასამართლოსთვის.
2021 წლის 29 მარტის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით სიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას შპს თამრინის (ს/ნ 445398285) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებაზე.
აღნიშნული განჩინება შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2021 წლის 31 მარტს, ასევე განჩინება გამოქვეყნდა გადახდისუუნარობის ელექტრონულ სისტემაში 2021 წლის 30 მარტს.
2021 წლის 29 მარტის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს
განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, - შპს „თამრინი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს - შპს „თამრინი“-ს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თამრინი“ (ს/ნ: 445398285) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „თამრინი“-ს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, ვებგვერდზე www.ecourt.ge;
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე დარინა აბულაძე