ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.06.2021
ძალაში შესვლა 01.06.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1. ზოგადი ინფორმაცია
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.022805
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ საქართელოს კანონის პროექტი - საქართველოს საბაჟო კოდექსი საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №249
2021 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 26-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების წესი და პროცედურები“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების წესი და პროცედურები
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. შესავალი დებულებები
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) პროდუქტის დემპინგური იმპორტის შედეგად ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზნით შესწავლის განხორციელების წესი და პროცედურები (შემდგომში − წესი) შემუშავებულია „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) შესაბამისად.
2. ეს წესი განსაზღვრავს ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ ან მისი სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის არსებობის, ზიანისა და მათ შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენასთან დაკავშირებით, ასევე უკვე დაწესებული ანტიდემპინგური ღონისძიებების გადახედვის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − შესწავლის ორგანო) მიერ შესწავლის განხორციელების წესსა და პროცედურებს, ასევე შესწავლის პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და ვალდებულებებს.
3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია კანონის მე-2 მუხლით.
მუხლი 2🔗. საჯარო
და
კონფიდენციალური
ინფორმაცია
1. შესწავლის ორგანოს მიერ შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა, გარდა წესითა და კანონმდებლობით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციისა.
2. კანონის 22-ე მუხლის თანახმად, კონფიდენციალური ინფორმაცია მისი წარმდგენი დაინტერესებული პირის ნებართვის გარეშე არ უნდა გახმაურდეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. კანონის 22-ე მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, შესწავლის ორგანოში წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში პირის მხრიდან არაკონფიდენციალური ვერსიის წარუდგენლობისას, შესწავლის ორგანო უფლებამოსილია, პირს მოსთხოვოს აღნიშნული დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის წარდგენა და ამისთვის განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.
4. დოკუმენტის ვერსია ითვლება არაკონფიდენციალურად, თუ მასში სათანადო წესით დაფარულია პირის კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ყველა მონაცემი და მისი გაცემა შესაძლებელია სხვა დაინტერესებულ პირზე ადმინისტრაციული წარმოების მასალის სახით.
5. შესწავლის ორგანო უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტის არაკონფიდენციალურ ვერსიას და დამატებით მოსთხოვოს მას მონაცემების სხვა ფორმით დაფარვა ან თავად უზრუნველყოს დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის შექმნა და აცნობოს პირს ამის თაობაზე.
6. შესწავლის ორგანოს თანამშრომლის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა, გავრცელება ან მისი გამოყენება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, გამოიწვევს შესწავლის ორგანოს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.
მუხლი 3🔗. მხარეთა
და
დაინტერესებულ
პირთა
უფლებები
და
მოვალეობები
1. შესწავლის პროცესის მონაწილეები არიან მხარეები და დაინტერესებული პირები. მხარეებს წარმოადგენენ განმცხადებელი და ექსპორტიორი.
2. განმცხადებელი არის ადგილობრივი ინდუსტრია ან მისი სახელით მოქმედი პირი, რომელიც აკმაყოფილებს წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის წინაპირობებს და რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის შედეგად ადგილობრივ ინდუსტრიას ადგება ზიანი ან იქმნება მისთვის ზიანის მიყენების საფრთხე, რის შესახებაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს შესწავლის ორგანოს.
3. განმცხადებელმა შესწავლის ორგანოში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.
4. მხარეებს/დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ:
ა) ჰყავდეთ ადვოკატი ან/და წარმომადგენელი საქმის შესწავლის პროცესში;
ბ) შესწავლის ორგანოს წარუდგინონ პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები საქმის შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე;
გ) გაეცნონ საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;
დ) მოითხოვონ ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება კანონისა და წესის შესაბამისად;
ე) კანონით დადგენილი წესით, მოითხოვონ მათ მიერ შესწავლის ორგანოში წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა;
ვ) განაცხადონ აცილება შესწავლის ორგანოს თანამშრომლის მიმართ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 93-ე მუხლის მიხედვით;
ზ) მოითხოვონ განხილვის სხდომის გამართვა.
5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული უფლებებისა, ექსპორტიორს უფლება აქვს, კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ფასთან მიმართებით აიღოს ვალდებულება.
6. მხარე/დაინტერესებული პირი ვალდებულია:
ა) შესწავლის ორგანოს მიაწოდოს მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა შესწავლის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;
ბ) ხელი არ შეუშალოს შესწავლის ორგანოს უფლებამოსილ პირს/პირებს წესის მე-9 მუხლის მიხედვით ვერიფიკაციის პროცედურის განხორციელების პროცესში;
გ) ითანამშრომლოს შესწავლის ორგანოსთან შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე.
თავი II. შესწავლის
პროცედურა
მუხლი 4🔗. შესწავლის
საგანი
კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის საგანს წარმოადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის არსებობის, მის მიერ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის ან მისთვის ზიანის მიყენების საფრთხისა და მათ შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა.
მუხლი 5🔗. განცხადება
1. კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შესწავლის ორგანოსათვის წერილობითი განცხადების წარდგენა ხდება:
ა) ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ, რომელიც აწარმოებს შესწავლის ობიექტის მსგავს პროდუქტს;
ბ) ადგილობრივი ინდუსტრიის სახელით მოქმედი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ნებისმიერი გაერთიანების მიერ.
2. შესწავლის ორგანო განცხადების წარდგენის დღიდან 45 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას შესწავლის დაწყების ან შესწავლის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. ეს ვადა შეიძლება, გაგრძელდეს არა უმეტეს 15 კალენდარული დღით, შესწავლის ორგანოს მიერ განმცხადებლისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.
3. შესწავლის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაც შესწავლის ორგანოს მიერ მოწმდება განცხადების მატერიალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე და რისთვისაც დაკმაყოფილებული უნდა იყოს შემდეგი ორი პირობა:
ა) განცხადება მხარდაჭერილია ადგილობრივი ინდუსტრიის იმ ნაწილის მიერ, რომლის წარმოებული მსგავსი პროდუქტის მოცულობა არ არის ნაკლები განცხადების ექსპლიციტურად მხარდამჭერი ან საპირისპირო აზრის მქონე ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის 50 პროცენტზე;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ მხარდამჭერთა მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის მოცულობა არ არის ნაკლები მთლიანი ადგილობრივი ინდუსტრიის 25 პროცენტზე.
4. განცხადება უნდა იყოს წარდგენილი ამ წესის დანართ 1-ში მითითებული ფორმით.
5. განცხადებას თან უნდა ერთოდეს რელევანტური მტკიცებულებები, რომ არსებობს:
ა) დემპინგური იმპორტი;
ბ) ზიანი; და
გ) მიზეზშედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ზიანს შორის.
6. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც გონივრულად ხელმისაწვდომია განმცხადებლისთვის და ასევე მითითებას წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე. მასში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და განმცხადებლის მიერ მსგავსი პროდუქტის ადგილობრივი წარმოების ღირებულებისა და მოცულობის აღწერა.
ამასთან, განცხადების ადგილობრივი ინდუსტრიის სახელით წარდგენის შემთხვევაში, იგი უნდა შეიცავდეს იმ ინდუსტრიის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომლის სახელითაც გაკეთდა განცხადება, მსგავსი პროდუქტის ყველა ცნობილი ადგილობრივი მწარმოებლის ან მათი ასოციაციების ჩამონათვალის საშუალებით და, შეძლებისდაგვარად, ასეთი მწარმოებლების მიერ მსგავსი პროდუქტის ადგილობრივი წარმოების ღირებულებისა და მოცულობის აღწერას;
ბ) სავარაუდო შესწავლის ობიექტის სრული აღწერა, წარმოშობის ან ექსპორტიორი ქვეყნ(ებ)ის სახელ(ებ)ი, თითოეული ცნობილი ექსპორტიორის ან უცხოელი მწარმოებლის საიდენტიფიკაციო მონაცემი და სია ყველა იმ ცნობილი პირისა, რომელიც ახორციელებს სავარაუდო შესწავლის ობიექტის იმპორტს;
გ) ინფორმაცია ფასებზე, რომლითაც სავარაუდო შესწავლის ობიექტი იყიდება წარმოშობის ან ექსპორტიორი ქვეყნ(ებ)ის ადგილობრივ ბაზარზე მოხმარებისთვის, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, სადაც შესაბამისია, ფასებზე, რომლითაც სავარაუდო შესწავლის ობიექტი იყიდება წარმოშობის ან ექსპორტიორი ქვეყნიდან მესამე ქვეყანაში/ქვეყნებში, ან პირობით ფასზე. ასევე ინფორმაცია საექსპორტო ფასის შესახებ, ან, სადაც შესაბამისია, იმ ფასის შესახებ, რომლითაც სავარაუდო შესწავლის ობიექტი პირველად გაიყიდა დამოუკიდებელ მყიდველზე საქართველოს ტერიტორიაზე;
დ) ინფორმაცია სავარაუდო დემპინგური იმპორტის მოცულობის დინამიკაზე, ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებზე ასეთი იმპორტის მხრიდან ზემოქმედების შესახებ და ასეთი იმპორტის ადგილობრივ ინდუსტრიაზე თანმდევი გავლენის შესახებ, გამოხატული შესაბამისი ობიექტური ფაქტორებით;
ე) შესწავლის ობიექტზე ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის რელევანტური ნებისმიერი სხვა დამატებითი ინფორმაცია.
7. შესწავლის ორგანო განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების ფორმალურ შესაბამისობას კანონის, ამ მუხლითა და დანართით გათვალისწინებულ ფორმალურ მოთხოვნებთან.
8. თუ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს შესაბამის ფორმალურ მოთხოვნებს, შესწავლის ორგანო განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომელთა მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს შესწავლის ორგანო.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადების დასაშვებობის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება შესწავლის ორგანოს მხრიდან ხარვეზის დადგენისთანავე და განახლდება ხარვეზის გამოსწორების მომენტიდან.
10. თუ განმცხადებელი შესწავლის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, შესწავლის ორგანო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს განცხადება, რის შესახებაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.
11. განცხადება არ საჯაროვდება. შესწავლის ორგანოს მიერ შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განცხადების სრული ტექსტი, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით, გადაეცემათ ექსპორტიორებსა და ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობებს, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა დაინტერესებულ პირებს.
12. შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყებამდე შეატყობინებს ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას შესწავლის დაწყების განზრახვის შესახებ.
მუხლი 6🔗. შესწავლის
დაწყება, შეჩერება
და
შეწყვეტა
1. ფორმალური დასაშვებობის შემდგომ, შესწავლის ორგანო ამოწმებს განცხადების მატერიალურ დასაშვებობას კანონით, წესის მე-5 მუხლითა და ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის საფუძვლებზე დაყრდნობით, რის შემდეგაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შესწავლის დაწყების ან შესწავლის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.
2. შესწავლის ორგანოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა, რა დროსაც შესაძლებელია, გაგრძელდეს შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად გათვალისწინებული ვადა 15 კალენდარული დღით, კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
3. შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად მტკიცებულებათა საკმარისობის განსაზღვრისთვის, შესწავლის ორგანო შეისწავლის წარდგენილი მტკიცებულებების სიზუსტესა და შესაბამისობას.
4. მტკიცებულება დემპინგური იმპორტისა და ზიანის შესახებ განხილულ უნდა იქნეს თანადროულად, როგორც შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე შემდგომ, შესწავლის პროცესში.
5. შესწავლისთვის საჭირო ინფორმაცია/მტკიცებულებები უნდა შეესაბამებოდეს შესწავლის დაწყებამდე არანაკლებ 6-თვიან პერიოდს. ზიანის შესახებ მსჯელობისთვის საჭირო ინფორმაცია/მტკიცებულებები უნდა ვრცელდებოდეს შესწავლის დაწყებამდე, სულ მცირე, 3-წლიან პერიოდზე. შესწავლის ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ პუნქტისგან განსხვავებული სხვა პერიოდებიც, რაც უნდა დასაბუთდეს შესწავლის დაწყების შესახებ შეტყობინებაში.
6. შესწავლის ორგანო ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას შესწავლის დაწყებაზე უარის შესახებ, თუ:
ა) განცხადება არ არის წარდგენილი მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ;
ბ) შესწავლის ორგანო დარწმუნდება, რომ წარდგენილი მტკიცებულებები დემპინგზე, ზიანზე ან მიზეზობრივ კავშირზე არ არის საკმარისი პროცესის შემდგომი გაგრძელებისათვის;
გ) შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ სახეზეა კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, სახეზეა იმპორტის უმნიშვნელო მოცულობა ან/და დემპინგის ზღვარი ნაკლებია მინიმალურ დემპინგურ ზღვარზე;
დ) არსებობს შესწავლის შედეგად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე შესწავლის ობიექტზე და სახეზე არ არის ახლადაღმოჩენილი გარემოება;
ე) არსებობს განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე შესწავლის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება.
7. შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელს წერილობით აცნობებს შესწავლის დაწყებაზე დასაბუთებულ უარს.
8. შესწავლა შეიძლება, შეჩერდეს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე.
9. შესწავლა შეწყდება:
ა) შესწავლის პროცესში განმცხადებლის მიერ განცხადების გამოთხოვის შემთხვევაში;
ბ) თუ შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ განმცხადებელი არაუფლებამოსილი პირი იყო;
გ) შესწავლის ორგანოს მიერ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის დადგენისას;
დ) ექსპორტიორის მიერ აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულების ვადის გასვლით.
10. შესწავლა მიიჩნევა დასრულებულად სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ სათანადო დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენით.
11. შესწავლის პერიოდი 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა შეიძლება, გაგრძელდეს არა უმეტეს 6 თვით.
12. შესწავლის პროცესმა არ უნდა დააბრკოლოს შესწავლის ობიექტის იმპორტის საბაჟო გაფორმების პროცედურები.
13. განმცხადებელი უფლებამოსილია, გამოითხოვოს განცხადება შესწავლის დაწყებამდე ან შესწავლის პროცესში. ამ შემთხვევაში, შესწავლის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების ან საქმის შესწავლის შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 7🔗. შესწავლის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინება
1. შესწავლის ორგანო, შესწავლის დაწყების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას წერილობითი შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობებს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს და ცნობილ დაინტერესებულ პირებს, ასევე ამის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე.
2. კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის დაწყების შესახებ შეტყობინება და გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ა) შესწავლის ობიექტისა და ექსპორტიორი ქვეყნის დასახელებას;
ბ) შესწავლის დაწყების თარიღს;
გ) განაცხადში წარდგენილ, დემპინგის დადგენის სავარაუდო საფუძვლებს;
დ) ზიანის დადგენის სავარაუდო ფაქტორების მოკლე მიმოხილვას;
ე) მისამართს, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ შესწავლასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და თავიანთი მოსაზრებების წერილობითი ფორმით წარდგენა;
ვ) ვადას, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ შესწავლასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და თავიანთი მოსაზრებების წერილობითი ფორმით წარდგენა;
ზ) ვადას, რომლის ფარგლებშიც, მე-10 მუხლის შესაბამისად, შესწავლის მონაწილეებს შეუძლიათ, მოითხოვონ განხილვის სხდომის ჩატარება.
3. შესწავლის ორგანო უზრუნველყოფს შესწავლის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ ნებისმიერი დასკვნის გამოქვეყნებას შესწავლის ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე. შესაბამისი შეტყობინებები ეგზავნება ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებსა და შესწავლის ორგანოსთვის ცნობილ დაინტერესებულ პირებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შესწავლის ორგანოს დასკვნები, საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნამდე, წერილობითი ფორმით ეცნობებათ შესწავლის პროცესის მონაწილეებს, რომლებსაც შეუძლიათ, 15 კალენდარული დღის ვადაში შესწავლის ორგანოში წარადგინონ კომენტარები.
5. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ შეტყობინება და გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს დეტალურ განმარტებას დემპინგური იმპორტისა და ზიანის წინასწარი დადგენის თაობაზე, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით, ასევე მითითებას იმ ფაქტებსა და ნორმატიულ აქტებზე, რომელთა საფუძველზეც მიღებულია გადაწყვეტილება წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ. გარდა ამისა, შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი კომპანიის დასახელებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, აღნიშნული პროდუქტის ექსპორტიორი ქვეყნის დასახელებას;
ბ) შესწავლის ობიექტის აღწერილობას, რაც საკმარისია საბაჟო გაფორმების მიზნებისთვის;
გ) დემპინგური ზღვრის, პროდუქტის ნორმალური ღირებულების და საექსპორტო ფასის დადგენისა და შედარების მეთოდოლოგიის აღწერას;
დ) ზიანის დადგენის საფუძვლებს.
6. შესწავლის დასრულების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ან გამოქვეყნებისას, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით, იგი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ყველა იმ ფაქტსა და ნორმატიულ აქტზე, რომელთა საფუძველზეც მიღებულია გადაწყვეტილება. გარდა ამისა, შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
ა) წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ რელევანტურ ინფორმაციას;
ბ) შესწავლის ობიექტის ექსპორტიორებისა და იმპორტიორების მიერ შესწავლისას წარდგენილი არგუმენტებისა და მოთხოვნების მიღების ან უარყოფის მიზეზების მითითებას.
7. ამ მუხლის დებულებები, შესაბამისი განსხვავებების გათვალისწინებით, გამოიყენება კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად განხორციელებული განმეორებითი შესწავლის დაწყებისა და დამთავრების შესახებ შეტყობინებებთან მიმართებით.
მუხლი 8🔗. ინფორმაციის
მოპოვება
1. შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კითხვარით მიმართავს კანონით განსაზღვრულ ყველა ცნობილ დაინტერესებულ პირს.
2. კითხვარი ჩაბარებულად ჩაითვლება დაინტერესებული პირებისთვის მისი ჩაბარების დღიდან, ხოლო ექსპორტიორის, უცხოელი მწარმოებლის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობისთვის − გადაცემის დღიდან 7 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ.
3. დაინტერესებული პირები ვალდებულნი არიან, კითხვარის მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში აცნობონ პასუხები შესწავლის ორგანოს. დასაბუთებული წერილობითი თხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მითითებული ვადის გაგრძელება არა უმეტეს 10 სამუშაო დღით.
4. ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ იგი შესწავლის ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად იქნა წარდგენილი შესწავლის ორგანოს იურიდიულ მისამართზე ან/და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
5. შესწავლის ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს შესწავლის მონაწილე პირისგან დამატებითი ინფორმაცია.
6. შესწავლის ორგანო შესწავლის პროცესში ამოწმებს მხარეებისგან/დაინტერესებული პირებისგან მიწოდებული იმ ინფორმაციის სიზუსტეს, რომელიც წარმოადგენს შესწავლის ორგანოს დასკვნების საფუძველს.
7. იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო არ გაითვალისწინებს მიწოდებულ ინფორმაციას, შესწავლის ორგანო ინფორმაციის წარმომდგენ მხარეებს/დაინტერესებულ პირებს წარუდგენს დასაბუთებულ უარს და მისცემს გონივრულ ვადას დამატებითი განმარტებების წარსადგენად.
8. მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უარყოფის საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესწავლის ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წარმოდგენილი უნდა იყოს მოწოდებული ინფორმაციის უარყოფის დასაბუთება.
9. იმ შემთხვევებში, თუკი მხარე/დაინტერესებული პირი და სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი უარს აცხადებს საჭირო ინფორმაციის გონივრულ ვადაში მოწოდებასა ან მასზე წვდომაზე, ასევე, თუ ის მნიშვნელოვნად აფერხებს შესწავლას, შესაბამის დასკვნას ორგანო იღებს მის ხელთ არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით.
10. სსიპ − შემოსავლების სამსახური, სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებულნი არიან, შესწავლის ორგანოს მიაწოდონ შესწავლის ჩატარების მიზნით გამოთხოვილი ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაცია.
11. იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ობიექტის ექსპორტიორების, უცხოელი მწარმოებლების, იმპორტიორების ან შესწავლის ობიექტის სახეობების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ინდივიდუალური დემპინგური ზღვრის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, შესაბამის ექსპორტიორებთან, უცხოელ მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან კონსულტაციისა და მათი თანხმობის საფუძველზე, შესწავლის ორგანოს შეუძლია, შეზღუდოს:
ა) დაინტერესებული პირების ჩართულობა ან შესწავლის ობიექტის განსახილველი რაოდენობა, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ნიმუშების შესწავლის პირობით; ან
ბ) ექსპორტის შესაფასებელი მოცულობა იმ გონივრულ ნაწილამდე, რომლის შესწავლა შესაძლებელი იქნება შესწავლისათვის განსაზღვრულ დროში.
მუხლი
9🔗. ვერიფიკაცია
1. მოწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესწავლის ორგანო უფლებამოსილია, განახორციელოს ვიზიტი ექსპორტიორ ან შესაბამის მესამე ქვეყანაში.
2. შესწავლის ორგანოს ვიზიტის განხორციელება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შესამოწმებელი ექსპორტიორებისა და უცხოელი მწარმოებლებისგან მიიღებს თანხმობას ადგილზე ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით;
ბ) შესაბამისი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებს აცნობებს ადგილზე ვიზიტის განხორციელების შესახებ; და
გ) შესაბამისი ქვეყნების მთავრობის წარომადგენლები არ იქნებიან აღნიშნული ვიზიტის განხორციელების წინააღმდეგი.
3. შესწავლის ორგანო ექსპორტიორებისა და უცხოელი მწარმოებლებისგან თანხმობის მიღებისთანავე შესაბამისი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებს აცნობებს შესამოწმებელი ექსპორტიორებისა და უცხოელი მწარმოებლების დასახელებებსა და მისამართებს, ასევე ვიზიტის თარიღებს.
4. შესწავლის ორგანომ უნდა შეატყობინოს შესაბამის ექსპორტიორებსა და უცხოელ მწარმოებლებსა და შესაბამისი ქვეყნების მთავრობებს შესწავლის პროცესში გარე ექსპერტის მონაწილეობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. თუ ვიზიტი უკავშირდება კითხვარზე გაცემული პასუხების ახსნა-განმარტებას, ვიზიტი შეიძლება, განხორციელდეს მხოლოდ ექსპორტიორის ან უცხოელი მწარმოებლის მოთხოვნის საფუძველზე.
6. ადგილზე ვიზიტი დროში არ უნდა უსწრებდეს კითხვარზე პასუხების მიღებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექსპორტიორთან სხვაგვარად იქნა შეთანხმებული.
7. ადგილზე ვიზიტის განხორციელებამდე შესწავლის ორგანო შესაბამის ექსპორტიორებსა და უცხოელ მწარმოებლებს მიაწვდის ზოგად ინფორმაციას შესამოწმებელ და დამატებით წარსადგენ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხების მიწოდება არ გამორიცხავს ადგილზე ვიზიტისას მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შესწავლის ორგანოს მიერ დამატებითი დეტალების მოთხოვნის უფლებამოსილებას.
8. შესწავლის ორგანოს ან შესაბამისი კომპანიების შეკითხვებს, რომლებიც აუცილებელია ადგილზე ეფექტიანი შემოწმებისათვის, პასუხი ვიზიტის განხორციელებამდე უნდა გაეცეს.
9. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პრინციპის გათვალისწინებით, შესწავლის ორგანო დაინტერესებულ პირებს აცნობებს ადგილზე ვიზიტის შედეგებს.
მუხლი 10🔗. განხილვის
სხდომა
1. დაინტერესებულ პირთა ინტერესების დაცვის ან შესწავლის ორგანოს მიერ შესწავლისათვის რელევანტური ინფორმაციის მიღებისა და დაზუსტების, დაპირისპირებული არგუმენტებისა და მათი ინტერესების გამომხატველ პოზიციათა ზეპირი დასაბუთებისა და შეჯერების მიზნით, შესაძლებელია, გაიმართოს განხილვის სხდომა.
2. განხილვის სხდომის ინიციირების უფლება აქვთ მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს, წერილობითი მოთხოვნის წარდგენის გზით.
3. შესწავლის ორგანო მოთხოვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, შესწავლის მონაწილეებს წარუდგენს ინფორმაციას განხილვის სხდომის თარიღსა და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
4. განხილვის სხდომის თარიღი განისაზღვრება შეტყობინების გაგზავნიდან არა უადრეს 15 კალენდარული დღისა.
5. შესწავლის ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განხილვის სხდომის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვის თაობაზე. ასეთი გადაწყვეტილება ეცნობებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ პირებს.
6. შესწავლის მონაწილეების მხრიდან დაცული უნდა იყოს კონფიდენციალური ინფორმაცია.
7. მოწვეულ პირთა დაუსწრებლობა არ არის სხდომის შეწყვეტის საფუძველი.
8. სხდომას თავმჯდომარეობს შესწავლის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
9. შეხვედრის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
10. სხდომის ოქმის ასლი სხდომის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნებათ სხდომის მონაწილეებს.
მუხლი 11🔗. განმეორებითი
შესწავლა
1. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 90 დღით ადრე შესწავლის ორგანო ამის შესახებ საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ოფიციალურ შეტყობინებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ოფიციალური შეტყობინების გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადაში ადგილობრივი ინდუსტრია უფლებამოსილია, შესწავლის ორგანოს მიმართოს წერილობითი განცხადებით განმეორებითი შესწავლის დაწყების თაობაზე სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შესწავლის ორგანო შესწავლის ობიექტზე სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გადახედვის მიზნით ახორციელებს განმეორებით შესწავლას, რა დროსაც გამოიყენება ამ წესის დებულებები, შესაბამისი განსხვავებების გათვალისწინებით.
4. განმეორებითი შესწავლის საფუძველს წარმოადგენს ადგილობრივი ინდუსტრიის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს საკმარის მტკიცებულებებს, რომ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების შეწყვეტა სავარაუდოდ გამოიწვევს შედეგს, რომ დემპინგური იმპორტით განმეორებით ზიანი მიადგება ან გაგრძელდება ზიანის მიყენება ადგილობრივ ინდუსტრიაზე, რაზეც უნდა იქნეს წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.
5. შესწავლის ორგანო განმეორებითი შესწავლის საფუძველზე საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს დასკვნას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გაგრძელების ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ.
6. კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფისთვის განსაზღვრული ვადა შეიძლება, გაგრძელდეს არა უმეტეს 5 წლით, იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო განმეორებითი შესწავლის საფუძველზე დაადგენს, რომ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების შეწყვეტა ადგილობრივ ინდუსტრიას დემპინგური იმპორტით ზიანს მიაყენებს.
7. განმეორებითი შესწავლის შემთხვევაში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი შეიძლება, ძალაში დარჩეს განმეორებითი შესწავლის დასრულებამდე.
8. განმეორებითი შესწავლის პერიოდი 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
თავი III. დემპინგის
დადგენა
მუხლი 12🔗. ნორმალური ღირებულების დადგენა
1. იმპორტირებული პროდუქტი შეიძლება, გახდეს შესწავლის ობიექტი, თუ მოცემული პროდუქტის საექსპორტო ფასი უფრო დაბალია, ვიდრე მსგავსი პროდუქტის ნორმალური ღირებულება ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში იმ უცხო ქვეყნის ბაზარზე, საიდანაც ხორციელდება მოცემული პროდუქტის ექსპორტი.
2. შესწავლის ობიექტის ნორმალური ღირებულების განსაზღვრისთვის ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზრის მოხმარებისთვის განკუთვნილი მსგავსი პროდუქტის გაყიდვების მოცულობა უნდა აკმაყოფილებდეს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკმარისობის კრიტერიუმს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოცულობა მიიჩნევა საკმარისად, თუ შესაბამისი გაყიდვები შეადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შესწავლის ობიექტის გაყიდვების არანაკლებ 5 პროცენტს. უფრო დაბალი წილი შესაძლოა, იყოს საკმარისი, თუ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გაყიდვების დაბალი მოცულობა საკმარისია სათანადო შედარებისთვის.
4. შესწავლის ორგანო შესწავლის ობიექტის ნორმალურ ღირებულებად მიიჩნევს საშუალო შეწონილ ფასს, რომელიც იანგარიშება ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზრის მოხმარებისთვის განკუთვნილი მსგავსი პროდუქტის გაყიდვების არანაკლებ საკმარის მოცულობაზე.
5. ნორმალური ღირებულების განსაზღვრისას ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე ან მესამე ქვეყანაში მსგავსი პროდუქტის არსებული გაყიდვები ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯზე დაბალ ფასად უნდა შეფასდეს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად.
6. თუ არ კმაყოფილდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, ან/და თუ ბაზრის განსაკუთრებული მდგომარეობის გამო მსგავსი პროდუქტის გაყიდვები ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე სწორი შედარების საშუალებას არ იძლევა, შესწავლის ორგანომ ნორმალური ღირებულება შეიძლება, დაადგინოს:
ა) მსგავსი პროდუქტის ფასით, რომელიც ექსპორტირებულია მესამე ქვეყანაში; ან
ბ) წარმოების ქვეყანაში წარმოების ღირებულებაზე დაყრდნობით, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს ადმინისტრაციულ, გაყიდვების და სხვა ხარჯებს, ასევე მოგებას, რაც გაიანგარიშება კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად (ჯამური ხარჯები).
7. წარმოების ღირებულება ერთეულ პროდუქტზე გაიანგარიშება უცხოელი ექსპორტიორის ან მწარმოებლის აღრიცხვის დოკუმენტების მიხედვით, თუ ასეთი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოში აღიარებულ საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების პრინციპებს და ასახავს მსგავსი პროდუქტის წარმოებასა და გაყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
8. წარმოების, ადმინისტრაციული, გაყიდვებისა და ფიქსირებული ხარჯების განაწილება პირობითია და ხორციელდება შესწავლის ობიექტის ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ.
9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში მითითებული ხარჯები შესაძლოა, დაკორექტირდეს წარმოების ცვლადი დანახარჯების ან იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც შესწავლის მომენტისთვის ახდენენ ზეგავლენას წარმოებისთვის რელევანტურ ოპერაციებზე.
10. თუ ექსპორტი ხორციელდება არასაბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან, ნორმალური ღირებულება დგინდება კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად.
11. ექსპორტიორი ქვეყნის მიჩნევა არასაბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად შეიძლება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
ა) უცხო ქვეყნის, საიდანაც ხდება შესწავლის ქვეშ მყოფი პროდუქტის ექსპორტი, საერთაშორისო სავალუტო ბირჟებზე ვალუტის კონვერტაციის დონე;
ბ) უცხო ქვეყნის იმპორტიორების ან მწარმოებლების მიერ შესწავლის ობიექტის მიღებისას სახელმწიფოს ჩარევის ხარისხი, მიღებული მსგავსი პროდუქტის ფასების, საწარმოო ხარჯების, პროდუქტის გამოშვების, ნედლეულის შესყიდვის, ტექნოლოგიების გამოყენების, ინვესტიციის დონის დადგენით;
გ) უცხო ქვეყნის იმპორტიორების ან მწარმოებლების მიერ შესწავლის ობიექტის მიღებისას სახელმწიფოს ჩარევის ხარისხი, მსგავსი პროდუქტის საექსპორტო ფასების დადგენისა და პროდუქტის საექსპორტო მოცულობებისთვის;
დ) სახელმწიფოს გავლენის ხარისხი უცხო ქვეყნის იურიდიული პირების თანამონაწილეობით განხორციელებულ საქმიანობაზე ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე იმ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, საიდანაც ექსპორტირებულია შესწავლის ობიექტი;
ე) ექსპორტიორებისთვის ან უცხოელი მწარმოებლისთვის შესწავლის ობიექტის, ერთიანი საბუღალტრო აღრიცხვის არქონა, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი მიზნისათვის და შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების პრინციპებს.
მუხლი 13🔗. საექსპორტო
ფასის
დადგენა
1. შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასი დგინდება კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად.
2. შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასის შესახებ ინფორმაციის არქონის შემთხვევაში ან საექსპორტო ფასის უტყუარობასთან დაკავშირებით შესწავლის ორგანოს გონივრული ეჭვის შემთხვევაში, იმის გამო, რომ შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი და იმპორტიორი პირდაპირ ან მესამე პირის მეშვეობით დაკავშირებულ პირებს წარმოადგენენ, ან არსებობს ინფორმაცია წარსულში მართლსაწინააღმდეგო შეთანხმების ფორმით აღნიშნული პროდუქტის საექსპორტო ფასის დადგენასთან დაკავშირებით, ან არსებობს ინფორმაცია დამატებითი შეთანხმების შესახებ, მათ შორის, ფასდათმობებისა და კომპენსაციის თაობაზე, საექსპორტო ფასი შესაძლებელია, გაანგარიშებულ იქნეს იმ ფასის საფუძველზე, რა ფასადაც იმპორტირებული პროდუქტი პირველად გადაიყიდება დამოუკიდებელ მყიდველზე; ან იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებული პროდუქტი არ გადაიყიდება დამოუკიდებელ მყიდველზე ან არ გადაიყიდება ისეთი ფორმით, რა ფორმითაც ის იქნა იმპორტირებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საექსპორტო ფასი დადგინდება სხვა მეთოდით, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება შესწავლის ორგანოს მიერ და აკმაყოფილებს ფასების სამართლიანი შედარების კანონით განსაზღვრულ პრინციპებს.
მუხლი 14🔗. შედარების წესი
1. საექსპორტო ფასსა და ნორმალურ ღირებულებას შორის შედარება ხორციელდება კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.
2. შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასის მის ნორმალურ ღირებულებასთან შედარებისას ხორციელდება მათი დაზუსტება იმ განსხვავებების გათვალისწინებით, რომლებიც ახდენენ გავლენას ფასების შედარებაზე, მიწოდების პირობებს შორის სხვაობაზე, გადასახადებზე, სავაჭრო ოპერაციების სტადიებზე, რაოდენობრივ მახასიათებლებზე, ფიზიკურ მახასიათებლებსა და სხვა ნებისმიერ განსხვავებაზე, რომლებთან მიმართებითაც წარმოდგენილია მტკიცებულებები მათი ზეგავლენის თაობაზე.
3. წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხარჯი, ასევე ტარიფი და გადასახადი, გადახდილი პროდუქტის იმპორტსა და გადაყიდვას შორის, ასევე მიღებული მოგება.
4. იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასის ნორმალურ ღირებულებასთან შედარებას სჭირდება მისი მოცულობის გადათვლა ერთი ვალუტიდან მეორე ვალუტაში და თუ უცხოური ვალუტის გაყიდვა უშუალოდ იყო დაკავშირებული შესაბამისი საექსპორტო პროდუქტის მიწოდებასთან და ხორციელდებოდა იმავე ვადით, გამოიყენება ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი სავალუტო ტრანზაქციის განხორციელების დღეს. შესწავლის ორგანო არ ითვალისწინებს ვალუტის კურსის მერყეობას და შესწავლის მიმდინარეობისას ექსპორტიორებს აძლევს არანაკლებ 60 კალენდარულ დღეს მათი საექსპორტო ფასების კორექტირებისათვის, შესწავლის პერიოდში ვალუტების კურსებს შორის ცვლილებების ასახვის მიზნით.
5. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის იმპორტი არ ხორციელდება უშუალოდ წარმოშობის ქვეყნიდან, არამედ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი ექსპორტი ხორციელდება მესამე ქვეყნიდან, ექსპორტის ფასი, შესაძლებელია, შედარდეს აღნიშნული მესამე ქვეყნის შესადარ ფასს. ამასთან, შედარება შესაძლებელია, განხორციელდეს წარმოშობის ქვეყნის ფასთანაც, თუ დგინდება, რომ პროდუქტი იშვიათად გადაიზიდება აღნიშნული მესამე ქვეყნის გავლით, ან ასეთი პროდუქტი არ იწარმოება აღნიშნულ მესამე ქვეყანაში ან არ არსებობს რელევანტური შესადარი ფასი აღნიშნულ მესამე ქვეყანაში.
მუხლი 15🔗. დემპინგური ზღვრის დადგენა
1. დემპინგური ზღვარი დგინდება კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პროდუქტის ნორმალური ღირებულების საშუალო შეწონილი ფასის ყველა შესადარებელი საექსპორტო პარტიის ფასის საშუალო შეწონილ ფასთან შედარებით ან პროდუქტის ნორმალური ღირებულების ცალკეული გარიგებების საექსპორტო ფასებთან შედარებით.
2. პროდუქტის ნორმალური ღირებულების საშუალო შეწონილი ფასის ცალკეული გარიგებების საექსპორტო ფასებთან შედარება შესაძლებელია, თუ შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ საექსპორტო ფასები არსებითად განსხვავდება მყიდველის, რეგიონის ან პროდუქტის მიწოდების პერიოდის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, შესწავლის ორგანო განმარტავს, რატომ არ შეიძლება, ამგვარი განსხვავებები გათვალისწინებულ იქნეს საშუალო შეწონილი ფასის საშუალო შეწონილ ფასთან ან გარიგების გარიგებასთან შედარების გამოყენებისას.
3. კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის ორგანო, ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის თუ ზიანის მიყენების საფრთხის აღმოსაფხვრელად, დემპინგურ ზღვარზე დაბალი ტარიფის საკმარისობის შეფასებისას განიხილავს ზიანის ზღვრის მაჩვენებელს.
4. ზიანის ზღვარი დგინდება ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის ფასისა და დემპინგური იმპორტის საექსპორტო ფასის შედარების საფუძველზე, ან ადგილობრივი ბაზრის სამიზნე ფასისა და დემპინგური იმპორტის საექსპორტო ფასის შედარების საფუძველზე.
5. ამ წესის მიზნებისთვის სამიზნე ფასად მიიჩნევა:
ა) ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის ფასი დემპინგური იმპორტის ზემოქმედებამდე;
ბ) ადგილობრივ ბაზარზე არა დემპინგურ ფასად ექსპორტირებული მსგავსი პროდუქტის ფასი; ან
გ) ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ მსგავსი პროდუქტის წარმოების ღირებულება, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ, გაყიდვებისა და სხვა ხარჯებს, ასევე მოგების გონივრულ ზღვარს.
6. შესწავლის ორგანომ ზიანის ზღვრის დადგენისას უნდა გაითვალისწინოს წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ფასების სამართლიანი შედარების პრინციპები.
თავი IV. ზიანი
და
მიზეზშედეგობრივი
კავშირი
მუხლი 16🔗. ზიანის დადგენის მეთოდები
1. კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივ ინდუსტრიაზე დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანის ან ზიანის მიყენების საფრთხის დადგენა უნდა ეფუძნებოდეს დემპინგური იმპორტის მოცულობის, აგრეთვე დემპინგური იმპორტის ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებზე გავლენისა და ამ პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებზე გავლენის ანალიზს.
2. დემპინგური იმპორტის მოცულობასთან დაკავშირებით შესწავლის ორგანომ უნდა გაითვალისწინოს დემპინგური იმპორტის მოცულობის ზრდის მაჩვენებლები.
3. დემპინგური იმპორტის ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებზე გავლენასთან დაკავშირებით შესწავლის ორგანომ უნდა გაითვალისწინოს:
ა) არის თუ არა შესწავლის ობიექტის ფასი არსებითად დაბალი საქართველოს ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებთან შედარებით;
ბ) განაპირობა თუ არა დემპინგურმა იმპორტმა მსგავსი პროდუქტის ფასების შემცირება საქართველოს ბაზარზე;
გ) არსებითად უშლიდა თუ არა ხელს დემპინგური იმპორტი საქართველოს ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასების ზრდას.
4. ადგილობრივ ინდუსტრიაზე დემპინგური იმპორტის გავლენის ანალიზი მდგომარეობს იმ ეკონომიკური ფაქტორების შეფასებაში, რომლებიც კავშირშია ადგილობრივ ინდუსტრიასთან, მათ შორის (და არა მხოლოდ):
ა) გაყიდვების, მოგების, წარმოების, საბაზრო წილის, პროდუქტიულობის, ინვესტიციის უკუგების ან საწარმოო სიმძლავრეთა დატვირთულობის ხარისხის არსებული ან შესაძლო შემცირება;
ბ) საქართველოს ბაზარზე ფასების დონეზე მოქმედი ფაქტორები;
გ) დემპინგური ზღვრის რაოდენობრივი მნიშვნელობა;
დ) არსებული ან მოსალოდნელი ნეგატიური ეფექტები ფულად ნაკადებზე, მარაგებზე, დასაქმებაზე, ხელფასებზე, ზრდაზე ან კაპიტალისა და ინვესტიციის მოზიდვაზე.
5. ადგილობრივ ინდუსტრიაზე დემპინგური იმპორტის გავლენა ფასდება საქართველოში მსგავს პროდუქტთან მიმართებით, თუ არსებული მონაცემები იძლევა საშუალებას, განისაზღვროს მსგავსი პროდუქტის წარმოება ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე, როგორებიცაა საწარმოო პროცესი, მწარმოებლების მიერ პროდუქტით ვაჭრობა და მოგება. იმ შემთხვევაში, თუ არსებული მონაცემები არ იძლევა მსგავსი პროდუქტის წარმოების ცალკე გამოყოფის საშუალებას, დემპინგური იმპორტის გავლენა ადგილობრივ ინდუსტრიაზე ფასდება წარმოების შედარებით ვიწრო ჯგუფის ან სასაქონლო ნომენკლატურასთან მიმართებით, რომელიც მოიცავს მსგავს პროდუქტს.
6. ადგილობრივ ინდუსტრიაზე დემპინგური იმპორტით მიყენებული მატერიალური ზიანის საფრთხის დადგენისას სახეზე უნდა იყოს ერთობლივად ყველა შემდეგი ფაქტორი, რომელთაგან არც ერთს არ ენიჭება შინაარსობრივი უპირატესობა დანარჩენებთან შედარებით:
ა) დემპინგური იმპორტის ზრდის ტემპები და შემდგომი ზრდის პროგნოზი;
ბ) აქვს თუ არა ექსპორტიორს შესწავლის ობიექტის საკმარისი საექსპორტო შესაძლებლობები ან აქვს თუ არა ადგილი ასეთი შესაძლებლობების შეუქცევად ზრდას, ასევე სხვა საექსპორტო ბაზრების შესაძლებლობას, მიიღოს დამატებით აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის მნიშვნელოვანი ოდენობა;
გ) შესწავლის ობიექტის ფასების დონე, თუ ფასების ასეთ დონეს შეუძლია, გამოიწვიოს მსგავსი პროდუქტის ფასების შემცირება ან შენარჩუნება, ან შესწავლის ობიექტზე მოთხოვნის ზრდა საქართველოს ბაზარზე;
დ) ექსპორტიორის ხელთ არსებული შესწავლის ობიექტის მარაგები.
7. იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ობიექტის იმპორტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ერთზე მეტი უცხო ქვეყნიდან ხორციელდება, შესწავლის ორგანოს შეუძლია, შეაფასოს ასეთი იმპორტის ერთობლივი გავლენა იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ:
ა) დემპინგური ზღვარი, განსაზღვრული თითოეული უცხო ქვეყნიდან პროდუქტის იმპორტზე, აღემატება დემპინგური ზღვრის დაშვებულ მინიმალურ დონეს, ხოლო მოცემული პროდუქტის იმპორტი თითოეული უცხო ქვეყნიდან არ არის უმნიშვნელო კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) პროდუქტის იმპორტის ერთობლივი გავლენის შეფასება შესაძლებელია იმპორტირებულ პროდუქტს შორის და საქართველოს ბაზარზე არსებული მსგავსი პროდუქტის კონკურენტული პირობების გათვალისწინებით.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფაქტორებიდან არც ერთს არ გააჩნია შინაარსობრივი უპირატესობა დანარჩენებთან შედარებით ადგილობრივ ინდუსტრიაზე დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანის თუ მისთვის ზიანის მიყენების საფრთხის დადგენისთვის.
მუხლი 17🔗. მიზეზობრივი
კავშირის
დადგენა
დემპინგურ
იმპორტსა
და
ზიანს
შორის
1. ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად, ყველა მტკიცებულების შესწავლის საფუძველზე, შესწავლის ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ ადგილობრივ ინდუსტრიაზე ზიანის გამომწვევ მიზეზს დემპინგური იმპორტი წარმოადგენს. ამისთვის, შესწავლის ორგანომ უნდა უჩვენოს, რომ დემპინგური იმპორტის მოცულობის ზრდა და მისი გავლენა ფასებზე წარმოადგენს ადგილობრივ ინდუსტრიაზე იდენტიფიცირებული გავლენის საფუძველს.
2. შესწავლის ორგანო, დემპინგური იმპორტის გარდა, აანალიზებს მისთვის ცნობილ სხვა ფაქტორებს, რომლებიც, იმავდროულად, შესაძლოა, ზიანს აყენებდეს ადგილობრივ ინდუსტრიას, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, განიხილება არადემპინგური იმპორტის ფასი და მოცულობა, მოთხოვნის რაოდენობრივი ან ფორმის ცვლილება, უცხოელ და ადგილობრივ მწარმოებლებს შორის კონკურენცია ან კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკა, ტექნოლოგიური განვითარება, ადგილობრივი ინდუსტრიის მწარმოებლურობის ხარისხი და ექსპორტის მაჩვენებლები. აღნიშნული ფაქტორების ზეგავლენით გამოწვეული ზიანი არ შეიძლება, იქნეს მიზეზობრივად დაკავშირებული ინდუსტრიისთვის დემპინგური იმპორტით მიყენებულ ზიანსა თუ ზიანის მიყენების საფრთხესთან.
მუხლი 18🔗. საზოგადოებრივი
ინტერესი
1. კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი ინდუსტრიის ინტერესებთან ერთად საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინების მიზნით, საქართველოს მთავრობისთვის შესწავლის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნა წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საზოგადოებრივ ინტერესებთან დაკავშირებით.
2. წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა ეფუძნებოდეს შესწავლის მონაწილეების ინტერესების ერთიან შეფასებას, რაც მოიცავს ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების სავარაუდო გავლენის შეფასებას, როგორც ადგილობრივ ინდუსტრიაზე, ასევე მომხმარებლებსა და იმ დაკავშირებულ მწარმოებლებზე, რომლებიც შესწავლის ობიექტს წარმოების პროცესში იყენებენ.
3. საზოგადოებრივი ინტერესის შეფასებისას შესწავლის ორგანო, სხვა ფაქტორებთან ერთად, ითვალისწინებს:
ა) დემპინგური იმპორტით გამოწვეულ ზიანსა და ადგილობრივ ინდუსტრიაზე ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების სავარაუდო გავლენას;
ბ) საქართველოს ბაზარზე მომხმარებლებისა და იმ დაკავშირებული მწარმოებლების მნიშვნელობას, რომლებიც შესწავლის ობიექტს წარმოების პროცესში იყენებენ;
გ) ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების სავარაუდო გავლენას მომხმარებლებსა და იმ დაკავშირებულ მწარმოებლებზე, რომლებიც შესწავლის ობიექტს წარმოების პროცესში იყენებენ;
დ) ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების სავარაუდო გავლენას ბაზრის სტრუქტურასა და კონკურენტულ გარემოზე.
4. საზოგადოებრივი ინტერესის შეფასებისათვის შესწავლის დაწყების შესახებ შეტყობინებაში განსაზღვრულ ვადაში დაინტერესებული პირები წარადგენენ შესაბამის მოსაზრებებსა და ინფორმაციას შესწავლის ორგანოში.
თავი V. ანტიდემპინგური
ღონისძიებების
განსაზღვრის
წესი
მუხლი 19🔗. წინასწარი
ანტიდემპინგური
ღონისძიება
1. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მტკიცებულებებით შესწავლის დასრულებამდე აშკარაა, რომ იმპორტი დემპინგურია და იგი ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას ან ქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს, შესწავლის ორგანო შეიმუშავებს წინასწარ დასკვნას წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ან უზრუნველყოფის ფორმის დაწესების თაობაზე.
2. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს წინასწარ შეფასებულ დემპინგურ ზღვარს.
3. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი გამოიყენება დროის შესაძლებლად მოკლე პერიოდის მანძილზე, არა უმეტეს ოთხი თვისა, ან, შესწავლის ორგანოს გადაწყვეტილებით, ექსპორტიორთა დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც წარმოადგენენ ბაზრის მოცულობის არანაკლებ 80 პროცენტს, ჯამში არა უმეტეს ექვსი თვისა. იმ შემთხვევაში, როდესაც შესწავლის ორგანო შესწავლის მიმდინარეობისას განიხილავს დემპინგურ ზღვარზე დაბალი ტარიფის საკმარისობას ზიანის აღმოფხვრისათვის, აღნიშნული პერიოდები შეიძლება, შეადგენდეს შესაბამისად ექვს და ცხრა თვეს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი დასკვნები წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის პერიოდების განსაზღვრაზე შესწავლის ორგანოს მიერ წარმოედგინება საქართველოს მთავრობას.
5. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება შეიძლება, შემოღებულ იქნეს აგრეთვე უზრუნველყოფის ფორმით − ნაღდი ფულის დეპოზიტის ან გარანტიის სახით, რომელიც შეესაბამება წინასწარ შეფასებულ ანტიდემპინგურ ტარიფს და არ აღემატება წინასწარ შეფასებულ დემპინგურ ზღვარს.
6. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრულ პროცენტულ წილს, რომელიც გამოითვლება შესწავლის ობიექტის საბაჟო ღირებულებიდან.
7. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შემთხვევაში შესწავლა უნდა დასრულდეს წინასწარი ტარიფის ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 20🔗. ვალდებულება ფასთან მიმართებით
1. ექსპორტიორი უფლებამოსილია, მიმართოს შესწავლის ორგანოს და წერილობითი ფორმით აიღოს ნებაყოფლობითი ვალდებულება (შემდგომში − ვალდებულება) შესწავლის ობიექტზე დადგენილი ფასების გადახედვის ან აღნიშნული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური ფასით ექსპორტის შეწყვეტის თაობაზე (საქართველოში აფილირებული ექსპორტიორების არსებობის შემთხვევაში, ექსპორტიორის აღნიშნული ვალდებულებების მხარდაჭერა მისი აფილირებული პირების მიერ), რომელიც ძალაში შედის საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
2. ვალდებულება ძალაში შევა მხოლოდ შესწავლის ორგანოს მიერ შესწავლის პროცესში დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების ან ზიანის მიყენების საფრთხის შექმნის დადგენისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურის გავლის შემდეგ.
3. შესწავლის ორგანო საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს წინასწარ დასკვნას, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვალდებულების დამტკიცების თაობაზე.
4. შესწავლის ორგანო ვალდებულების ანალიზის შედეგად ადგენს ვალდებულების დამტკიცების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარ დასკვნას, რომელიც უნდა შეიცავდეს დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ ვალდებულების მიღება, წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების გარეშე, აღმოფხვრის დემპინგური იმპორტით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს; ასევე ინფორმაციას წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების სახისა და ზომის შესახებ, კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის.
5. ვალდებულების მიზანშეუწონლად მიჩნევის შემთხვევაში, შესწავლის ორგანო საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს წინასწარ დასკვნას იმის თაობაზე, რომ დემპინგური იმპორტის შეჩერება შეუძლებელია შესწავლის ობიექტის, რეალური და პოტენციური ექსპორტიორების დიდი რაოდენობის არსებობის გამო, ან საქართველოს ზოგადი პოლიტიკის ინტერესებთან დაკავშირებული სხვა რელევანტური მიზეზით.
6. კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესწავლის ორგანოს მიერ ვალდებულების დამტკიცების მიზანშეწონილობის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება აჩერებს შესწავლას. შეჩერებული შესწავლა შეწყდება ექსპორტიორის მიერ აღებული ვალდებულების ვადის გასვლით.
7. კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ექსპორტიორის მიერ ვალდებულების აღების შემთხვევაში, შეჩერებული შესწავლა შეიძლება, გაგრძელდეს ექსპორტიორის მოთხოვნის ან შესწავლის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
8. შესწავლის ორგანოს მიერ შეჩერებული შესწავლის გაგრძელების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ექსპორტიორის მიერ აღებული ვალდებულება აღარ წარმოადგენს ეფექტიან საშუალებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისათვის.
9. შესწავლის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესწავლის ორგანო ამის შესახებ აცნობებს ექსპორტიორს, საქართველოს მთავრობასა და ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას.
10. შესწავლის ორგანო შესაბამისი პირებისგან პერიოდულად გამოითხოვს ინფორმაციას ექსპორტიორის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე.
11. ვალდებულების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შეჩერებული შესწავლის გაგრძელების თაობაზე.
მუხლი 21🔗. სპეციალური
ანტიდემპინგური
ტარიფი
1. შესწავლის ობიექტის დემპინგურ ფასად იმპორტის ადგილობრივ ინდუსტრიაზე ზიანის მიყენების ან ზიანის მიყენების საფრთხის შემთხვევაში, შესწავლის ორგანო საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს დასკვნას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით.
2. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრულ პროცენტულ წილს, რომელიც გამოითვლება შესწავლის ობიექტის საბაჟო ღირებულებიდან.
3. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება ხდება არა უმეტეს 5 წლით. ეს ვადა აითვლება სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების დღიდან.
4. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი დგინდება თითოეული ექსპორტიორისთვის ინდივიდუალურად, ინდივიდუალური დემპინგური ზღვრის გათვალისწინებით.
5. თუ შესწავლის ორგანოს მიერ დადგენილია ერთიანი დემპინგური ზღვარი, შესწავლის ობიექტის თითოეულ ცნობილ უცხოელ ექსპორტიორზე ან პროდუქტის მწარმოებელზე ანტიდემპინგური ტარიფი წესდება არადისკრიმინაციულობის პრინციპის გათვალისწინებით.
6. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური დემპინგური ზღვარი არ იქნა განსაზღვრული რომელიმე ექსპორტიორის ან პროდუქტის მწარმოებლის მიმართ, მათთვის სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი დადგინდება, უმაღლესი ინდივიდუალური დემპინგური ზღვრის განაკვეთის შეფარდებით დემპინგური იმპორტით შემოსული პროდუქტის ღირებულების საშუალო შეწონილი ფასის განაკვეთთან და შესწავლის ობიექტის ექსპორტის საშუალო შეწონილი ფასით.
7. დასკვნა სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის დაწესების თაობაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემებთან ერთად, უნდა მოიცავდეს მითითებას ექსპორტიორი ქვეყნ(ებ)ის ან/და ექსპორტიორ(ებ)ის, ტარიფის მოცულობისა (პროცენტულად) და ტარიფის მოქმედების ვადის თაობაზე.
მუხლი 22🔗. შესწავლის დასრულება
შესწავლის ორგანო, შესწავლის შედეგების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს დასკვნას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ.
დანართი 1: ადგილობრივი ინდუსტრიის ან მისი სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადების ფორმა
განცხადება
1. ზოგადი ინფორმაცია
ა) განმცხადებელი/განმცხადებლები:
1.სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში):
2. მისამართი:
3 ტელეფონი:
4.ელფოსტა:
განმცხადებლის უფლებამოსილება:
სხვა მწარმოებლები საქართველოში:
ბ) სავარაუდო დემპინგური პროდუქტის აღწერა:
თუ ერთზე მეტი პროდუქტია, შეავსეთ ეს განყოფილება თითოეული პროდუქტის დასახელებისთვის
გ) შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი ქვეყნების/კომპანიების აღწერა:
თუ ერთზე მეტი ექსპორტიორია, შეავსეთ ეს განყოფილება თითოეული ექსპორტიორისთვის ცალ-ცალკე
დ) შესწავლის ობიექტის იმპორტიორები საქართველოში:
ე) ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებიც შესწავლის ობიექტს წარმოების პროცესში იყენებენ და მომხმარებლები:
2. სავარაუდო დემპინგი
ა) ნორმალური ღირებულება
ბ) საექსპორტო ფასი
გ) ფასების შედარება:
დ) დემპინგური ზღვარი:
3. ზიანი
(ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებისთვის მიუთითეთ ბოლო სამი წლის მონაცემები)
ა) მსგავსი პროდუქტის ბაზრის მთლიანი მოცულობა საქართველოში, მათ შორის, ცალკე მსგავსი პროდუქტის წარმოების მოცულობა საქართველოში:
ბ) დემპინგური იმპორტის მოცულობა და საბაზრო წილი:
გ) დემპინგური იმპორტის ფასი:
დ) გავლენა ფასების შემცირებაზე:
ე) განმცხადებლის ზიანის სხვა ფაქტორები:
განმცხადებლის საწარმოო სიმძლავრეთა დატვირთულობის ხარისხი:
განმცხადებლის გაყიდვების, ბაზრის წილის და ექსპორტის მაჩვენებლები:
განმცხადებლის მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის გაყიდვების ფასი საქართველოში:
განმცხადებლის მიერ საქართველოში გაყიდული მსგავსი პროდუქტის წარმოების ღირებულება:
განმცხადებლის მოგების მაჩვენებლები:
განმცხადებლის დასაქმების მაჩვენებლები:
განმცხადებლის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მაჩვენებლები:
მარაგების ცვლილება:
4. მიზეზშედეგობრივი კავშირი
ა)დემპინგური იმპორტის გავლენა:
ბ)სხვა ფაქტორების გავლენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
5. დასკვნა
6. განმცხადებლის მიერ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა
(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
(გთხოვთ, დაასახელოთ, კონკრეტულად რა სახის ინფორმაციის ცნობა გსურთ კომერციულ საიდუმლოებად - შესაბამისი დასაბუთების მითითებით)
7. განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა
უფლებამოსილი ადგილობრივი ინდუსტრიის მონაწილეობა:
დასახელება:
დასახელება:
დასახელება:
□ ვადასტურებ, რომ განცხადებაში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.
განმცხადებლ(ებ)ის/წარმომადგენლის ხელმოწერა ---------------
თარიღი: ---------------