„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 28.06.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 300350000.16.009.016456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2021 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| № | დენმიმღები |
| 1. | ელექტროქურა: - სტაციონალური - გადასატანი |
| 2. | ავზიანი წყალგამაცხელებელი |
| 3. | გამდინარე წყალგამაცხელებელი |
| 4. | კონდიციონერი „ზაფხული” |
| 5. | კონდიციონერი „ზაფხული-ზამთარი” |
| 6. | წყლის ტუმბო |
| 7. | სარეცხი მანქანა |
| 8. | კომპიუტერი |
| 9. | გამათბობელი ელექტრორადიატორი |
| 10. | ელექტრომადუღარა |
| 11. | ელექტროუთო |
| 12. | ელექტროგანათება |
| 13. | ვენტილატორი |
| 14. | მაცივარი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ „ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის
განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ „მომსახურების ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება №19
2021 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 81-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
1.
დამტკიცდეს „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები“.
2.
ეს დადგენილება გარდა პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების, 38-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 68-ე მუხლის მე-3-მე-7 პუნქტებისა და დანართი №2-ის, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2021 წლის პირველი ივლისიდან.
3.
ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები, 68-ე მუხლის მე-3-მე-7 პუნქტები და დანართი №2-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან.
4.
ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები და 38-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანიაკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიმაია მელიქიძეკომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები
კარი I. მომარაგება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო და მიზნები
1. ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ელექტროენერგიის განაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს (შემდგომში – სისტემის ოპერატორი), მიმწოდებელსა და საბოლოო მომხმარებელს (შემდგომში – მომხმარებელი) შორის. ასევე სისტემის ოპერატორსა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ურთიერთობებს.
2. წესები ადგენს სისტემის ოპერატორის მიერ განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურების პირობებსა და პროცედურებს, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების და სიმძლავრის გაზრდის პირობებს, მიმწოდებელსა და გამანაწილებელი ქსელის ოპერატორებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის გამანაწილებელ ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებულ პირობებს. ასევე, ადგენს გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხოებისთვის საჭირო საოპერაციო მოთხოვნებს, გამანაწილებელი ქსელის ოპერირების პროცედურებს ჩვეულებრივ და საგანგებო რეჟიმებში, გაუმართაობის პირობებში, ფორსმაჟორულ სიტუაციებში და სხვა სახის შეფერხებების დროს, ასევე გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვისა და გამანაწილებელი ქსელის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს.
3. წესების მიზანია:
ა) სისტემის ოპერატორის მომსახურება იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მომხმარებელზე ორიენტირებულ, მარტივ, გამჭვირვალე და სამართლიან პირობებზე დაყრდნობით;
ბ) წესების მოთხოვნათა დაცვით, გამანაწილებელ სისტემასთან, სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი დაშვებით უზრუნველყოს, ელექტროენერგიის საცალო ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება და კონკურენციის ხელშეწყობა;
გ) სისტემის ოპერატორის, მიმწოდებლებისა და მომხმარებლების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
დ) განაწილების საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გამანაწილებელი ქსელის სწორი ექსპლუატაცია, ოპტიმალურად განვითარება და ქსელის გაფართოების საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები
1. ელექტროენერგიის მიმწოდებელი, სისტემის ოპერატორი, მომხმარებელი, მათ შორის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებელი, ვალდებულია დაიცვას წესებში მოცემული ნორმები. წესების შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას, მიწოდებას ან/და მოხმარებას. დაუშვებელია ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება.
2. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
3. წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ელექტროენერგიის განაწილების, გატარების ან/და მომარაგების დროს ურთიერთობა აწარმოოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, დაუშვებელია, მხარეებს შორის ურთიერთობა განხორციელდეს ან ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიენიჭოს არასახელმწიფო ენაზე შედგენილ დოკუმენტს ან უცხოურ ვალუტას.
5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს, მხოლოდ ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდეგ.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
1. წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მარტივი სამუშაო – სარემონტო სამუშაო, რომლის შესრულებაც არ საჭიროებს ძირითადი საშუალებების ნაწილობრივ ან სრულ შეცვლას/დამონტაჟებას, ასევე, ისეთი სამუშაო, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ მომხმარებლის/მომხმარებლების სისტემასთან მიერთების წერტილში საჭირო სამუშაოებით, აღრიცხვის კვანძის მონტაჟის, შეცვლის, შეკეთების ან/და ადგილზე შემოწმების ჩათვლით;
ბ) რთული სამუშაო – ისეთი სამუშაო, რომელიც არ განეკუთვნება მარტივი სამუშაოს კატეგორიას, მათ შორის, ისეთი სამუშაო, რომლის შედეგადაც ხდება გამანაწილებელი ქსელის (სისტემის) ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია;
გ) აბონენტი – უნიკალური ნომრის მქონე, გამანაწილებელი ქსელის გაცემის პუნქტი, რომლის მეშვეობით ხდება, კონკრეტული ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგება, ასევე აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის, მისაერთებელი სიმძლავრის, მიმწოდებლის (რომელიც სარგებლობს პუნქტით) და მისი შესაბამისი მომხმარებლის მონაცემების, ასევე სხვა ამ პუნქტთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემების აღრიცხვა და შენახვა.
2. წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში.
მუხლი 4🔗. ვადების ათვლა
ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარულ დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.
მუხლი 5🔗. მომარაგების ძირითადი პრინციპები
1. სისტემის ოპერატორი შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებას ახდენს მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
2. მიმწოდებელი განსაზღვრავს იმ პირს, რომელიც აბონენტის ნომერზე ყიდულობს და მოიხმარს ელექტროენერგიას (საცალო ბაზრის წესების პირობების შესაბამისად). სისტემის ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მიმწოდებლის მოთხოვნით, აბონენტის ნომერზე პირის მომხმარებლად რეგისტრაციაზე. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, მისი მოთხოვნის შესაბამისად, პირის შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციით, ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოქმნილ შედეგებზე, მათ შორის ამ მოთხოვნის შესრულებამდე რეგისტრირებული მომხმარებლის და მასთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულების გაუქმებაზე.
3. წესების შესაბამისად დაუშვებელია, მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ უცნობია ამ მომხმარებლის ელექტროენერგიის მიმწოდებელი. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უნდა მოხდეს მიმწოდებლის მითითების შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
4. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება სისტემის ოპერატორისთვის, მიმწოდებლისთვის და მომხმარებლისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს სისტემის ოპერატორის, მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს განაწილების, გატარების, მომარაგების ან/და ქსელთან მიერთების დროს.
5. წესებით დადგენილი პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის განაწილების, ან/და ქსელთან მიერთების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დაუშვებელია ხელშეკრულების მხარისთვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ან დაშვებული წესებით. აღნიშნული ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
6. სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მათ შორის მიმწოდებლისთვის ან მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, განაწილების მომსახურების საჯაროდ გამოქვეყნებული (კომისიის მიერ დამტკიცებული) ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენებით.
7. მომხმარებელი უფლებამოსილია უსასყიდლოდ მიიღოს ელექტროენერგიით მომარაგების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებლის შესახებ მონაცემები მიაწოდოს მიმწოდებელს.
8. ორგანიზებულ ბაზარზე მოვაჭრე მსხვილი მომხმარებლის ელექტროენერგიის მომარაგების დაწყების/შეწყვეტის, ელექტროენერგიის შესყიდვის და ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე ანგარიშსწორების პირობები და პროცედურები რეგულირდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებითა და საცალო ბაზრის წესებით. წესების 37-ე მუხლში მოცემულია სპეციალური ნორმები, რომელიც არეგულირებს სისტემის ოპერატორსა და ორგანიზებულ ბაზარზე მოვაჭრე მსხვილ მომხმარებლის შორის არსებულ ურთიერთობებს.
თავი II. მომსახურების საერთო პირობები
მუხლი 6🔗. მომსახურების ცენტრები
1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია იქონიოს სულ მცირე, ერთი მომსახურების ცენტრი ყველა იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ახორციელებს განაწილების საქმიანობას, მომხმარებლების განთავსებისა და მათი მიმართვიანობის შესაბამისად.
2. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სისტემის ოპერატორს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე სატელეფონო ცხელი ხაზის და ელექტრონული საშუალებით ან ვებგვერდის მეშვეობით – 24 საათის განმავლობაში. მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით, კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს. ასეთ შემთხვევაში, განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების შესაბამისად, მიმწოდებლისთვის ან სისტემის ოპერატორისათვის გადაგზავნის მომენტიდან.
3. მომსახურების ცენტრში მომხმარებლის ვიზიტის განხორციელების მიზნით შესაძლებელი უნდა იყოს წინასწარ ჩაწერა ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სისტემის ოპერატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად და აღნიშნული განრიგი უნდა იყოს დაცული.
4. მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის განსაზღვრისას სისტემის ოპერატორმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები საიმისოდ, რომ მომსახურების ცენტრი იყოს მარტივად ამოსაცნობი, მათ შორის შესაბამისი ვიზუალური ნიშნებით.
5. სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მის მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს სისტემის ოპერატორის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).
მუხლი 7🔗. მომხმარებლის მიმართვაზე რეაგირება
1. სისტემის ოპერატორმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ:
ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში.
2. მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს დასაბუთებული პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება, თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი.
3. განცხადებაში მოცემული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განცხადების რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:
ა) მომხმარებლის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);
ბ) აქტის შედგენის შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;
გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;
დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების ელექტრონულ მისამართს.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების, წესების შესაბამისი ტიპური ფორმები მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით.
5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნილი ფორმით (ელექტრონულად ან მატერიალურად) მიაწოდოს მას ინფორმაცია მის მიერ წესების შესაბამისად დარიცხული საფასურის შესახებ, მათ შორის გაანგარიშებისას გამოყენებული მეთოდის, დარიცხული მოცულობისა და ამ მეთოდის სამართლებრივი საფუძვლის მითითებით.
6. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ სისტემის ოპერატორი მიმწოდებლისგან მიიღებს ისეთ მოთხოვნას, რომელიც ეხება მომხმარებლის განცხადების შესრულებას, იგი ვალდებულია განიხილოს და მოახდინოს რეაგირება ამ მოთხოვნაზე, წესებისა და საცალო ბაზრის წესების პროცედურებისა და პირობების შესაბამისად. სისტემის ოპერატორი, ვალდებულია ერთი დღის ვადაში გადაუგზავნოს შესაბამის მიმწოდებელს მომხმარებლის ისეთი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც დამოკიდებულია ამ მიმწოდებელზე.
მუხლი 8🔗. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება
1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ელექტროენერგიით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის შესახებ – სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ;
ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – სისტემის ოპერატორის მიერ განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;
გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – სისტემის ოპერატორის მიერ განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე;
დ) ელექტროენერგიით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ – სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გეგმურ წყვეტამდე, წესების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის პირობების შესაბამისად;
ე) სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება გამანაწილებელი ქსელის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის ზუსტი მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ – შესაბამის არეალში არსებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე;
2. სისტემის ოპერატორის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.
3. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს:
ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა;
ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა – ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე განაცხადის საშუალებით;
გ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან განაცხადის საშუალებით.
4. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა.
5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა უზრუნველყოს კომისიის მიერ განსაზღვრული საშუალების, მომსახურების კოდის მეშვეობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების კოდი შეიძლება წარმოადგენდეს ციფრების, სიმბოლოების და ასოების კომბინაციას, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმწოდებლისაგან მოითხოვოს ინფორმაცია ან სხვა სახის მომსახურების გაწევა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი წესითა და პირობებით. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.
6. მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც სისტემის ოპერატორმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება. ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს სისტემის ოპერატორს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.
7. როდესაც მომხმარებელი მიმწოდებელს ან სისტემის ოპერატორს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, შესაბამისად, სისტემის ოპერატორი ან მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს მიმწოდებელს (რომელიც ახორციელებს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიის მიწოდებას) ან სისტემის ოპერატორს.
8. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაში ან/და მის დანართებში, უნდა მიეთითოს, USSD-ს და სხვა ინტერაქტიული მომსახურების ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გათვალისწინებით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა მისცეს სისტემის ოპერატორს ამ მომხმარებლის დარიცხვასთან, ანგარიშწორებასთან, გაგზავნილ შეტყობინებასთან და სხვა სახის ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოთხოვნილი ფორმით.
10. სისტემის ოპერატორი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია განაწილების საქმიანობასთან.
მუხლი 9🔗. მომარაგების ხარისხის შემოწმების მოთხოვნაზე რეაგირება
მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სისტემის ოპერატორის წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.
მუხლი 10🔗. მომარაგების გეგმური/არაგეგმური წყვეტა და მომხმარებელთა ინფორმირება
1. გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიით მომარაგების დროებითი გეგმური ან არაგეგმური წყვეტის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს იმ მომხმარებელთა ჯგუფს რომელზეც ვრცელდება აღნიშნული წყვეტა. წყვეტის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელთა ჯგუფს, უნდა მიეწოდოს ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.
2. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიით მომარაგების დროებითი შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობით ან/და ქსელის მოვლა-პატრონობასთან ან ახალი ობიექტის ქსელთან მიერთებით გამოწვეული ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, რაც სისტემის ოპერატორის მიერ სათანადოდ აღირიცხება შესაბამის ჟურნალებში.
3. სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის მიწოდება შეიძლება შეწყდეს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ქსელთან მიერთებულ ობიექტებში განვითარებული ავარიული შემთხვევების, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების, თავიდან ასაცილებლად, აღმოსაფხვრელად, ან ელექტროენერგიის დატაცების/უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, მომხმარებელსა და მიმწოდებელს წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში სისტემის ოპერატორმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ სისტემის ოპერატორი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ სისტემის ოპერატორისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.
5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით, გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში სისტემის ოპერატორმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ვებგვერდზე.
თავი III. განაწილების ქსელით მომსახურების ძირითადი პრინციპები
მუხლი 11🔗. სისტემის ოპერატორის ვალდებულებები
1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომსახურება გაუწიოს ყველა მომხმარებელს და მიმწოდებელს წესების შესაბამისად. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიმწოდებლებს მოემსახუროს არადისკრიმინაციულობის პრინციპით და ყველა ჩააყენოს თანაბარ მდგომარეობაში მომსახურების გაწევისას.
2. სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია გამანაწილებელი სისტემის გამართულ მუშაობაზე.
3. განაწილების საქმიანობა არის საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული საქმიანობა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს როგორც ელექტროენერგიის ტრანსპორტირება, უსაფრთხო და საიმედო მომარაგება, ისე გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია-მართვა, მოვლა-პატრონობა, განვითარება და მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობების სათანადოდ შესრულება, ელექტროენერგეტიკული გამანაწილებელი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ სისტემებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველსაყოფად.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია:
ა) მომსახურება გაუწიოს სისტემით ყველა მოსარგებლეებს წესების შესაბამისად;
ბ) სისტემით მოსარგებლეებს მომსახურება გაუწიოს არადისკრიმინაციულობის პრინციპზე დაყრდნობით;
გ) უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, წესებისა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად;
დ) ექსპლუატაცია გაუწიოს, მართოს, მოუაროს და კომისიასთან შეთანხმებული გეგმის ფარგლებში განავითაროს გამანაწილებელი ქსელი;
ე) ანგარიშსწორებისათვის მოაწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი და უზრუნველყოს მისი გამართული მუშაობა;
ვ) უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნა, მისი მართვა და მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების საფუძველზე;
ზ) პერიოდულად აიღოს მომხმარებლის მრიცხველის ჩვენება და მიღებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ ასახოს ელექტროენერგიის მომარაგების ერთიან ბაზაში და ეს ინფორმაცია გადასცეს შესაბამის მიმწოდებელს (ამ წესებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით);
თ) „საცალო ბაზრის წესების“ შესაბამისად შეასრულოს მიმწოდებლის მოთხოვნა კონკრეტული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე;
ი) მომხმარებლისთვის მიმწოდებლის შეცვლის პროცესში იმოქმედოს „საცალო ბაზრის წესების“ მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად;
კ) მიმწოდებელს მიაწოდოს წესებითა და „საცალო ბაზრის წესებით“ განსაზღვრული ინფორმაცია;
ლ) დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას მიმწოდებლის მიერ განაწილების მომსახურების გადაუხდელობის შედეგად უზრუნველყოფის მოთხოვნის ან ამ პირობის დამძიმების (უზრუნველყოფის თანხის გაზრდის) შესახებ;
მ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება გადამცემი სისტემის ოპერატორის შეტყობინებაზე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ;
ნ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები;
ო) უზრუნველყოს წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, მიმწოდებლის მიერ მომარაგების დაწყების ან მომარაგების აღდგენის შესახებ, სისტემის ოპერატორს უნდა წარედგინოს წესებითა და საცალო ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით. პროცედურების დარღვევით წარდგენილი მოთხოვნის ან წესებთან შეუსაბამო მოთხოვნის შესრულება დაუშვებელია. სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნის დახარვეზვების შემთხვევაში იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს არგუმენტირებული პასუხი მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება სისტემის ოპერატორს და ის ვალდებულია დაასაბუთოს დახარვეზების მიზეზები.
მუხლი 12🔗. პასუხისმგებლობა გამანაწილებელი ქსელის გამართულ მუშაობაზე
1. გამანაწილებელი ქსელის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი.
2. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია განახორციელოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხზე გარემოების დაზუსტების მიზნით ან უსაფრთხოების პირობების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. შემოწმებისთვის საჭიროა სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელი პირის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის) მიერ შესაბამისი აქტის გამოცემა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: პირი (ან პირთა ჯგუფი), ვინც უნდა განახორციელოს შემოწმება; მომხმარებლის სახელი და გვარი (ან დასახელება); მისამართი; აბონენტის ნომერი და გარემოება, რის გამოც უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის შემოწმება. აღნიშნული აქტი მომხმარებელს უნდა წარედგინოს შემოწმებისას.
3. სისტემის ოპერატორი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია, დაუშვას სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი მის მფლობელობაში არსებულ ელექტროდანადგარებთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.
4. როდესაც სისტემის ოპერატორის მიერ წესებით განსაზღვრული მოქმედება ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, წესების მიზნებისთვის სისტემის ოპერატორის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან, ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის მომარაგების შეწყვეტის პირობასა და პროცედურაზე.
მუხლი 13🔗. მომარაგების შეწყვეტა
1. სისტემის ოპერატორის მიერ, ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, კომისიის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.
2. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, კანონმდებლობისა და წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:
ა) მომხმარებლის მიერ დროულად არ არის გადახდილი გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, ან/და წესებით გათვალისწინებული სხვა სახის საფასური (ამ წესების, მათ შორის მე-14 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად);
ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები;
გ) საჭიროა გეგმური ან არაგეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
დ) მომხმარებელი იწვევს ქსელის მუშაობის შეფერხებას (წყვეტებს) ან/და ელექტროენერგიის ხარისხის გაუარესებას (რომელმაც შესაძლოა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გამოიწვიოს ავარია ან იქონიოს სხვა სახის უარყოფითი გავლენა ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე) და შესაბამისი მომხმარებელი სისტემის ოპერატორის წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას. აღნიშნულ შეტყობინებაში, გათიშვის აუცილებლობა უნდა იყოს დასაბუთებული (ამ პუნქტით განსაზღვრული 5 დღიანი ვადა არ ვრცელდება ამ წესების 48-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე);
ე) მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს სისტემის ოპერატორის წარმომადგენელს ელექტროენერგიის მრიცხველთან. მომარაგების წინამდებარე საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებელი წინასწარ, 3 სამუშაო დღით ადრე მაინც უნდა იყოს გაფრთხილებული წერილობითი ფორმით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით). მომხმარებლის მიერ სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის ელექტროენერგიის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:
ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას;
ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
გ) არსებობს მიმწოდებლის მოთხოვნა მომარაგების შეწყვეტის შესახებ (თუ ეს წესები ან/და საცალო ბაზრის წესები ითვალისწინებს მითითებული საფუძვლით მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტას);
დ) ადგილი აქვს ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებას;
ე) მომხმარებელი ითხოვს მომარაგების შეწყვეტას – აღნიშნულის შესახებ სისტემის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს;
ვ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემულია სათანადო დავალება ელექტროენერგიით მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.
4. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების გამო ელექტროენერგიით მომარაგება შეწყვეტილ მომხმარებლებს ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენისთვის, მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსთხოვოს მომხმარებლის მიერ დაზიანებული აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველისა და მის ელემენტების) რემონტის ან გამოცვლის ხარჯების გადახდა.
5. უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო ელექტროენერგიით მომარაგება შეწყვეტილი (ქსელიდან ჩახსნილი) მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენისთვის სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, მოითხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული ხარჯების გადახდა.
6. თუ ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან/და საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს ან გამოიწვევს მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება სისტემის ოპერატორის წარმომადგენლისათვის, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან/და სიცოცხლის საფრთხის შეუქმნის შემთხვევაში, არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს წესების 35-ე მუხლში მოცემული პირობები.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი, ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან/და სიცოცხლის საფრთხის შექმნის შემთხვევაზე, ასევე ვრცელდება ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
8. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან სისტემის ოპერატორის მიერ მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი, ამ მომხმარებელზე მის მიერ დარიცხული, გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის სხვა მისამართზე (სისტემის ოპერატორს დავალიანების გადატანის უფლება აქვს მხოლოდ მის არეალში ამ მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში). სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადაურიცხოს, ვალდებულების გასწორების შედეგად დარჩენილი თანხა, შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მომსახურების შეწყვეტის ან საბანკო ანგარიშის წარდგენის თარიღიდან.
9. მომარაგების მიმწოდებლის მოთხოვნით შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება აღდგება მხოლოდ სისტემის ოპერატორის მიერ მიმწოდებლის მითითებით.
მუხლი 14🔗. საფასურის დარიცხვა, ეტაპობრივი გადახდა და მომარაგების აღდგენა
1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად სისტემის ოპერატორის მიერ, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს, მის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად.
2. შესაბამის საანგარიშო პერიოდში, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, ელექტროენერგიის მიწოდებაზე დარიცხვა შეიძლება განხორციელდეს, სისტემის ოპერატორის ელექტროენერგიის მომარაგების ერთიანი ბაზის მონაცემების საფუძველზე.
3. სისტემის ოპერატორს ელექტროენერგიის მომარაგების ერთიან ბაზაში მონაცემები შეჰყავს, ამ წესების შესაბამისად გამანაწილებელი ქსელის მიღებისა და გაცემის პუნქტებში ელექტროენერგიის გადადინების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვისა და დამუშავების შემდეგ (მათ შორის, ელექტროენერგიის მოხმარების, ელექტროენერგიის მოხმარების პირობითი დარიცხვისა და გატარების შემდეგ).
4. მომხმარებელზე მომსახურების ღირებულების დარიცხვა ხორციელდება ქვითრის მეშვეობით „საცალო ბაზრის“ წესების მე-15 – მე-17 მუხლებით დადგენილი წესით.
5. მომხმარებელზე სისტემის ოპერატორის მიერ დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებელთან ფინანსური ანგარიშსწორება დაუშვებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული პირობის დაუცველად.
6. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის წესების შესაბამისად დარიცხული თანხის ამოღება ხორციელდება მიმწოდებლის მეშვეობით, თუ ეს თანხა წესების შესაბამისად, აისახა ქვითარში.
7. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის მომარაგების აღდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ამ მომხმარებელს მომარაგება შეწყვეტილი აქვს სისტემის ოპერატორის მიერ დარიცხული საფასურის გადაუხდელობის გამო, ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა დაუშვებელია დავალიანების გადახდის ან გადახდაზე შეთანხმების გარეშე.
8. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
9. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლების მომარაგება სისტემის ოპერატორმა უნდა აღადგინოს, საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებულ ვადაში. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ამავე ვადაში განახორციელოს მომარაგების აღდგენა და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს, თუ მომხმარებელი ითხოვს მისი მოთხოვნის საფუძველზე შეწყვეტილი მომარაგების აღდგენას.
მუხლი 15🔗. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური
1. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, წესების მოთხოვნების დაცვით ქვითარში ასახული თანხის გადაუხდელობის, მათ შორის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის, ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის ან ამ მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან გათიშულ მომხმარებელს, ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენისათვის, დაარიცხოს ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური.
2. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე იანგარიშება პირობითად აღებული ხარჯის მიხედვით. მომხმარებლის მიერ გადახდილი ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური წარმოადგენს სისტემის ოპერატორის შემოსავალს და მიღებული შემოსავალი გათვალისწინებულ იქნება გამანაწილებელ ქსელით სარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ელექტროენერგიის განაწილების ტარიფის გაანგარიშებისას.
3. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური დღგ-ის ჩათვლით განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით.
4. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასურის დარიცხვა დაუშვებელია, თუ ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება.
მუხლი 16🔗. ფორსმაჟორი
1. ამ მუხლის მიზნებისთვის, ფორსმაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა: მიწისძვრა, წყალდიდობა, ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ და გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
2. ფორსმაჟორის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორმა მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველი დამონტაჟებულია მათ დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში), უნდა მისცეს მრიცხველის ჩვენების, ასევე მრიცხველის ჩვენების ფოტოსურათის, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ელ. ფოსტის საშუალებებით) წარდგენის შესაძლებლობა. მომხმარებლის მიერ აღნიშნული შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ, წინა წლის, ანალოგიურ თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის მიხედვით (იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები, დარიცხვა ხორციელდება მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიური ოდენობით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) მომხმარებლის მრიცხველის რეალური ჩვენების სისტემის ოპერატორის მიერ აღებისთანავე. ამასთან:
ა) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წინასწარ, 2 სამუშაო დღით ადრე აცნობოს კომისიას, ამ პუნქტის გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ (შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასაბუთებას, ტერიტორიულ არეალსა და მოქმედების სავარაუდო პერიოდს);
ბ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია როგორც ინდივიდუალური ტექსტური შეტყობინებით, ისე მასობრივი საშუალებების გამოყენებით, ყოველთვიურად, აცნობოს მომხმარებლებს ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების გამოყენების შესახებ. ასევე, მიუთითოს ის ელექტრონული საშუალებები (ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა;
გ) მომხმარებელი უფლებამოსილია, სისტემის ოპერატორს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება, რომელიც დაფიქსირდება წინა ქვითარში მოცემული მრიცხველის ჩვენების აღების თარიღიდან ერთი თვის თავზე, ხოლო სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ტექსტური შეტყობინებით ინდივიდუალურად მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულების გადაგზავნა. დამატებითი მტკიცებულების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი.
თავი IV. ქსელური მომსახურებები და ქსელთან მიერთებები
მუხლი 17🔗. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება
1. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ ობიექტის მიერთების მოთხოვნა.
2. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ელექტროენერგია აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ელექტროენერგია და არც მიუმართავს სისტემის ოპერატორისათვის ელექტრომომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).
3. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება 500 კილოვატის და ნაკლები დადგმული სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე.
4. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნით ელექტრონული ან მატერიალური ფორმით (წერილობით) მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს.
5. ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების პირობები (წესების მე-17 და მე-18 მუხლები) არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მიერთებაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში), ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისი ელექტროენერგიით მომარაგება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის შემთხვევისა). გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების პირობები (წესების მე-17 და მე-18 მუხლები) არ ვრცელდება 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი ობიექტის ან ობიექტების მიერთებაზე. ასევე, 500 კილოვატზე მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურის მიერთებაზე.
6. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის, ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა (გარდა გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად – რეგისტრაციის მოთხოვნისა) მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასურის გადახდის საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სეზონური ობიექტების (როდესაც ობიექტი გამანაწილებელ ქსელთან ერთდება კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 6 თვის ვადით) 0,4 კვ. ძაბვაზე და არაუმეტეს 30 კვტ. სიმძლავრით ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, აგრეთვე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენებული ელექტროდანადგარებისა თუ მოძრავი ობიექტების მომარაგებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან დროებით მიერთება და მიერთებული ობიექტის ალტერნატიული (სარეზერვო) კვებით უზრუნველყოფის შემთხვევა.
7. 0.4 კვ. (380/220 ვ) და 6/10 კვ. ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური, შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე, დგინდება მისაერთებელ სიმძლავრეზე, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №2). სადაც, აღნიშნული საფასურით მიერთებისას, თითოეული მომხმარებლის მინიმალური მისაერთებელი სიმძლავრე უნდა იყოს არანაკლებ 10 კვტ-ისა, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლში მისაერთებელი ობიექტის ან სხვა სახის ობიექტის მიერთებისას. ამასთან, ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებისას, მიუხედავად იმისა, თუ რა მეთოდით იქნება დათვლილი ამ ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრე, აღნიშნული ობიექტის სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაცია უნდა ითვალისწინებდეს თითოეული ობიექტის მინიმუმ 10 კვტ. სიმძლავრით მიერთებას.
8. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მარაგდებოდა ელექტროენერგიით, გაიყო ან მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე ვრცელდება ახალი ობიექტის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელთან.
9. უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს წესების №3 დანართით გათვალისწინებული საფასური (წესების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის პროცედურის შესაბამისად), თუ:
ა) ადგილი აქვს 0-დან – 10 კვტ-მდე სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების ერთი უძრავი ქონებით გამოყოფას და გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს 0-დან – 10 კვტ სიმძლავრით მიერთებას;
ბ) 10 კვტ. მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას, არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ. სიმძლავრით მომარაგებისთვის.
10. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური არ ვრცელდება, თუ მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდებოდა არა სისტემის ოპერატორის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი ელექტრული ქსელის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს წესების მე-18 მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.
11. წესების მიზნებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს შენობას, რომელიც შედგება მინიმუმ სამი ბინისგან, ხოლო ბინა წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრების საგანს, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად.
12. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 0.4 კვ. (380/220 ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედების განხორციელება.
13. 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი ობიექტის (ახალი ობიექტის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელი ქსელთან მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სისტემის ოპერატორის მიერ. სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ახალი ობიექტის (ახალი ობიექტის ელექტრული ქსელის) კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ჩათვლით), რაც დაკავშირებულია გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების უზრუნველყოფასა და ელექტრომომარაგებასთან.
14. დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელთან მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული სისტემის ოპერატორს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებას. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცესში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
15. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის ნაწილის გადახდის შემდეგ, 0,220 კვ, 0,380კვ და 6/10კვ ძაბვაზე ახალი ობიექტ(ებ)ის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს იმ ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას:
ა) 0,4 კვ ძაბვის ახალი ობიექტის შემთხვევაში – სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული 0,4 ან 6-10 კვ გამანაწილებელი ქსელიდან 600 მ-ის რადიუსში;
ბ) 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის შემთხვევაში – სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში.
16. ახალი ობიექტის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. მიერთების მსურველს უფლება აქვს აირჩიოს:
ა) აღრიცხვის კვანძის ძაბვის საფეხური, რომელზეც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი (გარდა წესების მე-18 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
ბ) მისაერთებელი სიმძლავრე შესაბამის ძაბვის საფეხურზე, სადაც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი შეთავაზებული პაკეტის მიხედვით.
17. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის (ახალი ობიექტის ელექტრული ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით) უნდა განისაზღვროს ამ ობიექტ(ებ)ის სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის შესაბამისად (თითოეულ მომხმარებელზე ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული, მინიმალური მისაერთებელი სიმძლავრის გათვალისწინებით). მოცემულ შემთხვევაში, ობიექტის სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრე უნდა შეესაბამებოდეს, საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნებს. ამასთან, მიერთების მსურველს უფლება აქვს მოითხოვოს ობიექტის უფრო მეტი მისაერთებელი სიმძლავრით მიერთება (სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციაში მოცემული, საქართველოში რეგისტრირებული სტანდარტის შესაბამისად).
18. სისტემის ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი, ამ მუხლის მე-17 პუნქტის საფუძველზე მიერთებული ობიექტ(ებ)ის, მისაერთებელი სიმძლავრის გადაჭარბებაზე. ასეთ შემთხვევაში ამ ობიექტ(ებ)ის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა უნდა განხორციელდეს, სიმძლავრის გაზრდის შესახებ, შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, ისე როგორც ეს მოცემულია წესების მე-20 მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით.
19. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლების რეგისტრაციის შემდეგ, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა აწარმოოს ინდივიდუალურად.
20. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა.
მუხლი 18🔗. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურები
1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის, ასევე უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთებას, პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით (რომელიც წარმოადგენს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე მიერთების მოთხოვნას) უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება წესებით გათვალისწინებულ ახალი ობიექტის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა წესების მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე და სისტემის ოპერატორი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20 დღის განმავლობაში;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10 დღის განმავლობაში.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური.
4. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (ახალი ობიექტის ელექტრული ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი კისრულობს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით) წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და წესებით განსაზღვრული პირობები.
5. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობითი ფორმით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით). სადაც, ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება.
6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილების დადგენისთანავე, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადზე თანდართული, მიერთების მსურველის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულება გადაუგზავნოს შესაბამის მიმწოდებელს და აცნობოს ახალი მომხმარებლის აბონენტის ნომერი მომარაგების დაწყების სავარაუდო თარიღი. მიმწოდებელი ვალდებულია იმოქმედოს საცალო ბაზრის წესების შესაბამისად და ამ შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აცნობოს სისტემის ოპერატორს ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში, მიწოდების მზადყოფნის ან განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე დასაბუთებული უარი (დასაბუთებული უარი ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს). უარის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იმოქმედოს, იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საცალო ბაზრის წესებით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი განაცხადში, აფიქსირებს სურვილს ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ, განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილების დადგენისთანავე, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს. ასეთ შემთხვევაში, ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგება განხორციელდება ამ წესების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტისა და 37-ე მუხლის პირობების შესაბამისად.
8. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად; ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. ხარვეზის დადგენა შესაძლებელია, თუ:
ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან შევსებულია შეცდომით (მათ შორის, თუ ის არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);
ბ) მისაერთებელი ობიექტი გათვალისწინებულია სივრცის დაგეგმარების ან ქალაქთმშენებლობითი გეგმით და მოთხოვნილი სიმძლავრე ამ ობიექტის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეზე ნაკლებია (მათ შორის, თუ მიერთება მოთხოვნილია საკადასტრო ერთეულის ნაწილზე განცალკევებულად, გეგმაში მოცემული ობიექტისთვის განკუთვნილზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით);
გ) თუ მიერთების მსურველი განაცხადში, აფიქსირებს სურვილს ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ, თუმცა განაცხადში მოცემული ინფორმაციით ვერ აკმაყოფილებს მსხვილი მომხმარებლისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
9. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი ობიექტის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.
10. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც), აცნობოს ახალ მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ზუსტი დრო. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა განხორციელდეს ახალი ობიექტის მიერთების სამუშაოების დასრულებისთანავე, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) 220 ვ ძაბვის საფეხურზე ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს მომხმარებლის თანხმობით შესაბამის აქტზე ხელმოწერის შემდეგ. ამასთან, თუ მომხმარებელი არ არის თანახმა მომარაგების დაწყებაზე, არ იმყოფება ადგილზე ან ვერ ხერხდება გამანაწილებელ ქსელთან მისი შიდა ქსელის დაერთება (შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის არარსებობის გამო) სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეადგინოს აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის (ან მრიცხველის) შემდეგ მოწყობილი გამთიშველი დატოვოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ, შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. ასეთ შემთხვევაში, ახალი ობიექტის შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის დაერთება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილ გამთიშველზე უნდა განხორციელდეს ახალი ობიექტის განაცხადის მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დამატებითი თანხის გადახდის გარეშე. ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე;
ბ) 380 ვ ასევე 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის გაფორმებითა და შიდა ქსელის გამთიშველამდე ელექტროენერგიის მიწოდებით. ასეთ შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებისა და აღრიცხვის კვანძთან მოწყობილი გამთიშველის გამოყენების უფლებამოსილების შესახებ. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. ამასთან:
ბ.ა) 380 ვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, სისტემის ოპერატორი ვალდებულია ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ, მომხმარებლის პირველადი დაერთებისათვის (არა შემდგომი ექსპლუატაციისთვის) მოაწყოს შიდა ქსელის გამთიშველი. გამთიშველი უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან, ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი შიდა ქსელის გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე. ახალი მომხმარებელი უფლებამოსილია, თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე სადენის დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა (უსაფრთხოების ნორმების დაცვით);
ბ.ბ) 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, მომხმარებლის შიდა ქსელის გამთიშველი უნდა იყოს გამორთული. მომხმარებელი უფლებამოსილია, უსაფრთხოების ნორმების დაცვით თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა სისტემის ოპერატორთან წინასწარ შეთანხმებით, ხოლო, სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტის გამთიშველზე დაერთებასა და დანადგარების პირველად ჩართვაზე მოთხოვნა შეითანხმოს განაცხადით მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე).
11. 0,4 კვ (380/220ვ) და 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს სისტემის ოპერატორის მიერ „გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი ობიექტის (ან ობიექტების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ სისტემის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – ელექტრონულად ან მატერიალურად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია სისტემის ოპერატორის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.
12. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღისთვის, მიმწოდებლისგან მიწოდების დაწყების დაკმაყოფილების თაობაზე შეტყობინების არ არსებობის შემთხვევაში (ხოლო, მსხვილი მომხმარებლის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის მოთხოვნის შემთხვევაში – ბაზრის ოპერატორისგან სათანადო შეტყობინების არ არსებობის შემთხვევაში), სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტის მიერთების სამუშაოების დასრულებისთანავე, შეადგინოს აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის (ან მრიცხველის) შემდეგ მოწყობილი გამთიშველი დატოვოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მომხმარებელს მიწოდების ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობის, ასევე მიერთების დასრულების შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (ხოლო, მსხვილი მომხმარებლის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის მოთხოვნის შემთხვევაში, აცნობოს მას ბაზრის ოპერატორისგან შეტყობინების აუცილებლობის შესახებ). ასეთ შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი.
13. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სისტემის ოპერატორს ახალი ობიექტის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. სისტემის ოპერატორის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას, ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს, მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით);
ბ) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);
გ) კომისიას ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი ობიექტის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული წესით სისტემის ოპერატორის მიერ კომისიისათვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (სამუშაოების დროულად დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.
15. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, სისტემის ოპერატორის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
16. თუ ადგილი აქვს 6/10 კვ. ძაბვის ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნას 501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობის მოთხოვნას 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ახალი ობიექტის (მიერთების მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.
17. თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს სისტემის ოპერატორსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად (ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. შეუთანხმებლობის მიუხედავად, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში (არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში) მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიერთების წერტილს;
ბ) მიერთების ძაბვის საფეხურს;
გ) მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბამისად).
18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად ( ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს მიერთების მსურველი ვალდებულია:
ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) წინასწარ განაცხადით აცნობოს სისტემის ოპერატორს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას (სისტემის ოპერატორის მიერ ზედამხედველობის შემთხვევაში) და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე სისტემის ოპერატორის წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) გაცემული მითითებები;
გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადით მიმართოს სისტემის ოპერატორს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელთან შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ ობიექტზე განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №3, ხოლო ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, დანართით №4 განსაზღვრული მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემის საფასური შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.
19. ისეთი სახის მიერთების მოთხოვნისას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, სისტემის ოპერატორი ვალდებულია:
ა) ახალი ობიექტის (ახალი ობიექტის ელექტრული ქსელის) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვისას არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილი განსაზღვროს არსებული გამანაწილებელი ქსელის შესაბამისი საფეხურის ძაბვაზე;
ბ) არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები, არსებული განაცხადის შესაბამისად, განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის (განმცხადებლისთვის) არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან;
გ) მისაერთებელი ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემთხვევაში, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელთან შეჭრის სამუშაოები წესების დანართით №3, ხოლო ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, დანართით №4 განსაზღვრულ ვადაში, შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად.
20. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის ახალი ობიექტის მიერთების საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის ქვითარში და ამ მიზნით შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს მიმწოდებელს, წესების მე-14 მუხლის შესაბამისად.
21. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები (გარდა 35/110 კვ ძაბვაზე მიერთების შემთხვევისა). დაუშვებელია სისტემის ოპერატორის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.
22. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოს წარმოება, აღრიცხვის კვანძის მოწყობის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს სისტემის ოპერატორმა.
მუხლი 19🔗. 35 კვ. და უფრო მაღალ ძაბვაზე, ახალი ობიექტის და დროებითი მიერთება
1. 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი ობიექტის მიერთება, ასევე ამავე ძაბვის დროებითი მიერთება უნდა განხორციელდეს კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ (შემდგომში – ქსელის წესები) X თავში, 74-ე – 85-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 20🔗. მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა
1. მომხმარებელი ვალდებულია სისტემის ოპერატორს აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს სისტემის ოპერატორს „მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). აღნიშნული განაცხადის ფორმა ასევე გამოიყენება, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლის (შეცვლის) მოთხოვნას.
2. მომხმარებლის მიერ „ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-17 და მე-18 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
3. მომხმარებელი ვალდებულია, „ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობითი ფორმით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – ელექტრონულად ან მატერიალურად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
5. თუ 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მისაერთებელი სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა ან/და ითხოვს მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლას (შეცვლას), ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიერ უნდა მოხდეს ახალი ტექნიკური პირობის გაცემა და ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:
ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური გადადის გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასურს, გამოკლებული ახალი ობიექტის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს;
ბ) თუ მოთხოვნილი სიმძლავრე არ სცილდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე:
ბ.ა) მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა სისტემის ოპერატორის მიერ ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ისთვის, გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი ამ პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტ-ებზე;
ბ.ბ) თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა განაცხადით მოთხოვნილ სიმძლავრეზე წესების №2 დანართით შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრულ ვადაში.
7. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-18 მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს წესების დანართით №3 განსაზღვრული „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
8. თუ ადგილი აქვს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნას 6/10 კვ. ძაბვის საფეხურზე 501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის საფეხურზე 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ განმცხადებლის (სიმძლავრის გაზრდის მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა. აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება 6/10 კვ და 35/110 კვ ძაბვის მომხმარებლების მიერ იმავე ძაბვის საფეხურზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდაზე.
9. ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.
მუხლი 21🔗. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური
1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში (მათ შორის, საკუთრების, იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით) არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს, მომხმარებლის შიდა ქსელთან ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან დაერთებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს.
2. მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია, მის/მათ მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია მიაწოდოს გამანაწილებელ ქსელს. მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს გამანაწილებელ ქსელთან მომხმარებლის მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე – გამანაწილებელ ქსელთან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას და ელექტროენერგიის მწარმოებელთან ურთიერთობა აწარმოოს კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის შესაძლო სქემებია:
ა) სინქრონული – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მუშაობს გამანაწილებელი ქსელთან სინქრონულ რეჟიმში;
ბ) ინვერტორი – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულია გამმართველი-ინვერტორის საშუალებით.
5. მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური უნდა იყვნენ ერთი და იმავე სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ყველა წევრის ინდივიდუალური მრიცხველი წარმოადგენს მომხმარებლის ან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ელექტროენერგიის მოხმარების ადგილს. მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ყველა წევრის მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათების დარიცხვა უნდა ხდებოდეს ერთსა და იმავე დღეს.
6. მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ერთობლივად ფლობის შემთხვევაში, მომხმარებელთა ჯგუფთან დასარიცხი ელექტროენერგიის გაანგარიშება ხდება თითოეულ მომხმარებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან მოწყობილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მეშვეობით, ისე, რომ ჯგუფის ყველა წევრის მიერ მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათების დარიცხვა განხორციელდეს ერთსა და იმავე დღეს აღებული მონაცემების საფუძველზე. აღნიშნული აღრიცხვის კვანძები წარმოადგენს ამ მომხმარებელთა ჯგუფის საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძებს, ხოლო ამ მომხმარებლებისათვის ქვითარში ასასახი კილოვატების მოცულობა დაანგარიშდება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის შიდა ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში, ჯგუფის წევრებმა შეიძლება ისარგებლონ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, ამ მომხმარებლის ინდივიდუალური რევერსული მრიცხველით აღრიცხული, გამანაწილებელ ქსელში გაშვებული ელექტროენერგიით, ამ წესების პირობების გათვალისწინებით.
8. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღირიცხება ცალ-ცალკე, ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველით.
9. სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამის სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 2 პროცენტს. სისტემის ოპერატორის წლიური პიკური დატვირთვა განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა წლის მონაცემების საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კომისიას, თუ მის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე მიაღწევს ამ პუნქტით დადგენილ ზღვარს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 1.5 პროცენტის ათვისების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ მარეგულირებელ კომისიას.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისათვის, სისტემის ოპერატორმა ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალური პიკური დატვირთვის შესახებ, ქსელში მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრისა და დარჩენილი (თავისუფალი) სიმძლავრის თაობაზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნოს ვებგვერდზე.
11. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მოვლა-პატრონობის მიზნით უფლება აქვთ შექმნან გაერთიანება (კავშირი), ისე, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მფლობელობაში არ გადაეცეს ამ კავშირს.
12. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელს გაუწიოს ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით ტექნიკური, სამართლებრივი ან/და სხვა სახის კონსულტაცია.
მუხლი 22🔗. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება
1. მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება სისტემის ოპერატორისთვის „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის“ გადახდის პირობით, წესების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-17 და მე-18 მუხლებით, თუ წესებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
3. მომხმარებელმა ან მომხმარებელთა ჯგუფმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „გამანაწილებელ ქსელთან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით“ უნდა მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (წერილობით). ამასთან, სისტემის ოპერატორისთვის ამ პუნქტში მოცემული განაცხადით, მიმართვა არ წარმოადგენს აუცილებლობას, თუ კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა განაცხადის ფორმა ითვალისწინებს გამანაწილებელ ქსელთან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ პირობას.
4. მიერთების მსურველი ვალდებულია, შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ მხარეები წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით (ელექტრონულად ან მატერიალურად). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორი არ აცნობებს განმცხადებელს პასუხს დადგენილ ვადაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება სისტემის ოპერატორის მიერ განაცხადის მიღების დღიდან. განაცხადზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის საფუძველზე.
6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაასაბუთოს განაცხადზე დადგენილი ხარვეზი. ხარვეზის დადგენის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ შემდეგი გარემოებები:
ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);
ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება 500 კილოვატს;
გ) შეუძლებელია, სისტემის ოპერატორის მიერ გამოყენებული დისტანციური აღრიცხვის სისტემის საშუალებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა;
დ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება მომხმარებლის ქსელთან მიერთების სიმძლავრეს/მომხმარებელთა ჯგუფის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ჯამურ სიმძლავრეს;
ე) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შედეგად, სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე გადააჭარბებს სისტემის ოპერატორისათვის წლიური პიკური დატვირთვის განსაზღვრულ ზღვარს.
7. სისტემის ოპერატორის მიერ განაცხადის მიღების შემთხვევაში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოებს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს) უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიერთების მსურველის განაცხადის დახარვეზების შემდეგ, განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, მიერთების მსურველი უფლებამოსილია, ახალი განაცხადით თვითონ იკისროს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დისტანციური აღრიცხვის სისტემისათვის საჭირო კავშირის უზრუნველყოფა.
9. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს მისი მფლობელი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში – ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს. ამ მიზნით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს და გააკონტროლოს გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრე.
10. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც არსებული მომხმარებლის, ასევე ახალ ობიექტზე მიერთების მსურველის მიერ. შესაბამისად მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მსურველმა მოთხოვნის შესაბამისად უნდა გადაიხადოს:
ა) არსებული მომხმარებლის შიდა ქსელში დაერთების შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“;
ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში – დანართით №2 გათვალისწინებული „0,220კვ, 0,380 კვ, და 6/10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“;
გ) მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში (ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის) – დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელი მიერთებულია საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს ან გააჩნია ჭკვიანი მრიცხველი;
დ) სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდას, შიდა ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობისას, ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, ან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლის სიმძლავრის გაზრდას – სიმძლავრის გაზრდაზე წესებით გათვალისწინებული საფასური.
11. თუ ელექტროსადგური უკვე მიერთებულია გამანაწილებელ ქსელთან და გააჩნია მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემა, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასური მასზე არ ვრცელდება.
12. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის რეგისტრაციის მსურველი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება უნდა განხორციელდეს:
ა) არსებული მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრულ ვადაში;
ბ) ახალი ობიექტის მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნას – იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია წესებით, ახალი ობიექტის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის შესაბამის მომსახურებაზე;
გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში – დანართით №2 განსაზღვრულ ვადაში;
დ) მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში (ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის) – დანართით №4 განსაზღვრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი მიერთებულია საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს ან გააჩნია ჭკვიანი მრიცხველი, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
13. თუ სისტემის ოპერატორი, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადთან ერთად ან მის მიერთების პროცესში, მიიღებს მომხმარებლის მოთხოვნას მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის შესახებ, აღნიშნული მოთხოვნის შესრულების ვადის ათვლა დაიწყება განაცხადში მოცემული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების დასრულების თარიღიდან.
14. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვამდე, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეამოწმოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის სქემა და ავტომატური მართვის ტექნიკური გამართულობა. გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით), მიუთითებს მომხმარებელს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე. დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვა ხარვეზის გამოსწორებამდე. მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთება, თუ დაკმაყოფილებულია ახალი ობიექტის ქსელთან მიერთების პირობა, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტროენერგია.
15. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის ქვითარში და ამ მიზნით შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს მიმწოდებელს, წესების მე-14 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 23🔗. ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის/სადგურის გამანაწილებელ ქსელთან სპეციალური წესით მიერთება
1. ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის/სადგურის (შემდგომში როგორც: დამტენი სადგური) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ამ მუხლით განსაზღვრული პირობები ვრცელდება, მხოლოდ იმ დამტენი მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლის სარგებლობაც არ იზღუდება პირთა წრისთვის და არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.
2. დამტენი სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ამ მუხლის პირობების შესაბამისად, არ გულისხმობს, მისი განთავსების ადგილზე არსებული ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის ელექტროენერგიით მომარაგებას. ამასთან, დამტენი სადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ მონაწილეობს მისი განთავსების ადგილზე ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის მისაერთებელი სიმძლავრის გამოთვლაში და დამტენი სადგურის გამოყენება (ელექტროენერგიის მოხმარება) სხვა მიზნობრიობით დაუშვებელია.
3. ამ მუხლის პირობების შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მომუშავე დამტენი სადგური, უნდა მარაგდებოდეს დამოუკიდებელი კვების წყაროთი და უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველი.
4. დამტენი სადგურის განთავსებაზე თანხმობის, კონკრეტული ვადით გაცემის შემთხვევაში, ამ თანხმობის შეწყვეტის ან ვადის გასვლისთანავე უნდა გაუქმდეს მიერთებაც, თუ სადგურის მიზნობრიობა არ შენარჩუნდება მესაკუთრის ან ახალი მფლობელის მიერ.. აღნიშნულის შესახებ, სისტემის ოპერატორის შესაძლოდ მოკლე ვადაში ინფორმირების ვალდებულება ეკისრება, დამტენ სადგურზე რეგისტრირებულ მომხმარებელს.
5. დამტენი სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-17 და მე-18 მუხლებით, თუ ამ მუხლით დამტენი მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
6. მიერთების მსურველმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით“ უნდა მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (წერილობით).
7. მიერთების მსურველი ვალდებულია, სისტემის ოპერატორს განაცხადთან ერთად წარუდგინოს დამტენი სადგურის (მოწყობილობის) განთავსების თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთების მსურველი (განმცხადებელი) და უძრავი ქონების მესაკუთრე ერთი და იგივე პირია.
8. ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, დამტენი სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, უნდა მოხდეს განცალკევებულად და უნდა მოეწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემა, მიუხედავად იმისა, მარაგდება თუ არა ელექტროენერგიით მიერთების ადგილი (ობიექტი ან განსაზღვრული ტერიტორია).
9. დამტენი სადგურის მიერთებისას ახალი ობიექტის მიერთების საფასურის მოქმედების მანძილი განისაზღვრება არსებული 0,4 ან 6-10 კვ სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან, მისაერთებელი დამტენი სადგურის განთავსების ადგილამდე მანძილით (რადიუსით).
10. თუ ადგილი აქვს ერთ საკადასტრო კოდზე დამტენი სადგურისა და სხვა ობიექტების მიერთებას, მისაერთებელი ობიექტის სიმძლავრე და დამტენი სადგურის მისაერთებელი სიმძლავრე მითითებული უნდა იქნეს განცალკევებულად.
11. სისტემის ოპერატორის მიერ განაცხადის მიღების შემთხვევაში, დამტენი მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოებს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს) უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი, მათ შორის გამანაწილებელი ქსელის უშუალოდ დამტენ სადგურამდე მიყვანასა და აღრიცხვის კვანძის მონტაჟს. ამასთან, თუ დამტენი სადგური განთავსებულია კონკრეტულ უძრავ ქონებაზე, ქსელის მიყვანა უნდა მოხდეს ამ უძრავი ქონების კუთვნილ ტერიტორიამდე.
12. 0.4 კვ. (380/220 ვ) და 6/10 კვ. ძაბვაზე დამტენი სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური წარმოადგენს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის 50%-ს, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
13. თუ მომხმარებელი აპირებს დამტენი სადგურის მიერთების სხვა მიზნით გამოყენებას მან წინასწარ უნდა აცნობოს სისტემის ოპერატორს, ასეთ შემთხვევაში:
ა) სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურსა და დამტენი სადგურის მიერთების საფასურს შორის სხვაობა (შეთავაზებული პაკეტების გათვალისწინებით);
ბ) თუ დამტენი სადგურის განთავსების ადგილზე ხდება ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის ელექტროენერგიით მომარაგება, უნდა მოხდეს ამ ობიექტის მომარაგების კვების წყაროს გადაკეთება ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა (სიმძლავრის გაზრდაზე წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად).
14. თუ დამტენი სადგურის მიერთება არ განხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული მიერთების სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის ან დამტენი სადგურით სარგებლობა არ ხდება 10 წლის განმავლობაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გააუქმოს ეს მიერთება, მომხმარებლის აღნიშნულის შესახებ 3 თვით ადრე გაფრთხილების შემდეგ. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს დამტენი სადგურის დამოუკიდებელი კვების წყაროს გაუქმება, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნა შეასრულოს შესაძლოდ მოკლე ვადაში, რაიმე დამატებითი საფასურის ან ღირებულების გადახდის გარეშე.
მუხლი 24🔗. დროებითი მიერთება
1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება, მისი დანადგარების საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენებისათვის, ასევე, მოძრავი ან სეზონური ობიექტის ფუნქციონირებისათვის.
2. გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება შეიძლება განხორციელდეს სტანდარტული ან არასტანდარტული პირობით.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთების სტანდარტული პირობები და მომსახურების ღირებულება, 220 ვ ძაბვის 10 კვტ-ის ჩათვლით, და 380 ვ ძაბვის 30 კვტ-ის ჩათვლით, სიმძლავრით დროებით მიერთებებზე, არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 100 მეტრის რადიუსში; ამასთან, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ასევე განსაზღვროს სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ამ პუნქტისგან განსხვავებული სხვა პირობებიც.
4. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, გარდა დროებითი მიერთების სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენების შემთხვევისა. ასეთ დროს სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა შეიძლება გაიზარდოს.
5. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, სტანდარტული პირობით დროებითი მიერთებისათვის განსაზღვროს მომსახურების განსხვავებული ღირებულება ძაბვის, სიმძლავრის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოს ადგილის მიხედვით ან/და სხვა კრიტერიუმით. ამასთან, სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით.
6. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი „დროებითი მიერთების მოთხოვნის“ შესახებ სტანდარტული ფორმის განაცხადით მიმართავს სისტემის ოპერატორს და წინასწარ იხდის სისტემის ოპერატორის მიერ ამ მომსახურების საჯაროდ შეთავაზებული საფასურს. ამასთან, სტანდარტული პირობის არსებობა არ ართმევს მომხმარებელს უფლებას, განაცხადით მოითხოვოს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთება, შესაბამისი ტექნიკური პირობის საფუძველზე.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს თან უნდა ერთოდეს მიერთების მსურველის მიერ ხელმოწერილი ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება.
8. სისტემის ოპერატორი 2 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სტანდარტული პირობით მიერთების მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის სრული ტექნოლოგიური ციკლით დაკმაყოფილების შესახებ.
9. სისტემის ოპერატორი დროებითი მიერთების მსურველს უარს ეტყვის მიერთებაზე, თუ აშკარაა, რომ მიერთების მსურველის დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე ან/და სისტემის ოპერატორის შესაძლებლობაზე ნორმალურ რეჟიმში გაუწიოს მომსახურება მას ან სხვა მომხმარებლებს. სისტემის ოპერატორის უარი დროებით მიერთებაზე უნდა იყოს დასაბუთებული.
10. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სრული ტექნოლოგიური ციკლი მოიცავს დროებითი მიერთებისათვის საჭირო ყველა მომსახურებას, მასალას, ქსელის მოწყობის, ნებართვების მოპოვების, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და მომარაგების დაწყების ჩათვლით.
11. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი სისტემის ოპერატორს მიმართავს დროებითი მიერთების ტექნიკური პირობის გაცემის მოთხოვნით.
12. სისტემის ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველის განაცხადს და გასცემს დროებითი მიერთების ტექნიკურ პირობას, რომელიც შეიცავს არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილს, მისაერთებელი ძაბვის საფეხურს და სიმძლავრეს.
13. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სამუშაოების ურთიერთშეთანხმებით შესრულების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაო და ამ სამუშაოს შედეგად შექმნილ აქტივებზე საკუთრების/მფლობელობის საკითხი.
14. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების შემთხვევაში, თუ მიერთების სამუშაოები მოიცავს არსებული გამანაწილებელი ქსელის გაძლიერებას, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია დროებითი მიერთების მსურველს მოსთხოვოს ქსელის გაძლიერებისთვის აუცილებელი ხარჯების სრულად ანაზღაურება.
15. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთებისას, დროებითი მიერთების მოთხოვნილი ვადა თუ აღემატება 3 კალენდარულ თვეს, დროებითი მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომხმარებელი უფლებამოსილია, თვითონ მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ან მოითხოვოს სისტემის ოპერატორის მიერ აღრიცხვის კვანძის მოწყობის მომსახურება. ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სისტემის ოპერატორს და აღრიცხვის კვანძის სისტემის ოპერატორის მიერ მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე გადაიხდის წესების №3 დანართით შესაბამისი პაკეტისათვის განსაზღვრულ საფასურს.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, სისტემის ოპერატორი აღრიცხვის კვანძს მოაწყობს და მომარაგებას დაიწყებს წესების №3 დანართით განსაზღვრულ ვადაში.
17. მიერთების მსურველი და სისტემის ოპერატორი უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ დანადგარის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მხარეთა შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ობიექტზე არსებული დანადგარ(ებ)ის დადგმული სიმძლავრის, მათი დატვირთვის 0.5 კოეფიციენტისა და 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით. ამ მეთოდით დაანგარიშება არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
18. დროებითი მიერთების ვადის ამოწურვისას, თუ მხარეები ელექტრონულად ან მატერიალურად არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამანაწილებელ ქსელთან დროებით მიერთებულ მომხმარებელს მოსთხოვოს წესებით დადგენილი გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეუწყვიტოს მომხმარებელს მომარაგება.
19. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების საფასური სისტემის ოპერატორისთვის წარმოადგენს განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებულ დამატებით შემოსავალს, რომელიც გათვალისწინებულ იქნება განაწილების ტარიფის გაანგარიშებისას.
მუხლი 25🔗. ობიექტის მომარაგების აღდგენა
1. წესების შესაბამისად, აბონენტის რომლის ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების წერტილი (სისტემის ოპერატორის გაცემის წერტილი) გაუქმებულია, მომარაგების აღდგენას სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების პირობით, უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
2. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ობიექტის მომარაგების აღდგენაზე მოითხოვოს საფასურის გადახდა, წესების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3. თუ ობიექტი, ელექტროენერგიით მარაგდებოდა არა სისტემის ოპერატორის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი ელექტრული ქსელის მეშვეობით – ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგება უნდა აღდგეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წესების მე-18 მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული, ახალი ობიექტის მიერთების პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.
4. სისტემის ოპერატორის მიერ ობიექტისთვის მომარაგების შეწყვეტა, არ ათავისუფლებს სისტემის ოპერატორს ამ ობიექტის მიმართ წესებით განსაზღვრული უფლებამოვალეობისგან, თუ ეს წესი პირდაპირ სხვა პირობას არ ითვალისწინებს.
თავი V. სხვა ქსელური მომსახურებები
მუხლი 26🔗. სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა და მომხმარებლის დამხმარე ფართის მომარაგება
1. მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). სისტემის ოპერატორს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს, აბონენტის სარეზერვო კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობა, გამოიყენება მომხმარებლის იმ სათავსოების, ავტოფარეხების, ლიფტების, განათებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად.
მუხლი 27🔗. მომხმარებლის მომარაგების სქემის რეკონსტრუქცია (ინდ. აღრიცხვის კვანძის გადატანა/მომარაგების სქემის შეცვლა)
1. მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია გამანაწილებელი ქსელის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის გადატანა რეკონსტრუქცია. აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას გამანაწილებელ ქსელის ოპერატორთან.
2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს ამ მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, მომხმარებლის მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს სტანდარტული ან არასტანდარტული პირობით.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამანაწილებელი ქსელის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის გადატანა რეკონსტრუქცი სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების, სტანდარტული და არასტანდარტული პირობები, მომსახურების ვადა და ღირებულება. იგი უფლებამოსილია, განსაზღვროს სტანდარტული პირობით მომსახურების განსხვავებული ფასები სამუშაოს შესრულების ვადის, ძაბვის, სიმძლავრის, მოხმარების ტიპის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოს ადგილის მიხედვით ან/და სხვა კრიტერიუმით. ამასთან, სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეასრულოს მომხმარებლის მოთხოვნა, საჯაროდ გამოცხადებული სტანდარტული ან არასტანდარტული პირობის შესაბამისად, შესაბამისი განაცხადით მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში ან სტანდარტულ პირობაზე 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო არასტანდარტულ პირობაზე 10 სამუშაო დღის ვადაში, მიიღოს გადაწყვეტილება მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ – უარი უნდა იყოს დასაბუთებული.
5. ეს მუხლი არ არეგულირებს (არ ეხება) მომხმარებლის მომარაგების ხარისხის გაუმჯობესებას.
მუხლი 28🔗. სისტემის ოპერატორის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება
1. პირი, რომელიც არ არის სისტემის ოპერატორი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია.
2. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, ასევე, აღნიშნული ქსელისა და მისი შემადგენელი მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სისტემის ოპერატორსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის ელექტროენერგიის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებული რომელიმე მომსახურების ან/და ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება.
4. სისტემის ოპერატორს უფლება არა აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.
5. მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ქსელიდან ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოებამდე (წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი.
მუხლი 29🔗. მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობა
1. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება სისტემის ოპერატორის მიერ ამ აბონენტის ელექტროენერგიის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის ელექტროგაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი.
2. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ელექტროენერგიის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა აბონენტებზე განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენეგიის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება სისტემის ოპერატორის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიცხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად მიმწოდებელი ან/და სისტემის ოპერატორი წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულნი არიან:
ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიონ მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოონ ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად საფასური დაარიცხონ ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად;
გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილონ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად;
დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლონ საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;
ე) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ მონაცემების კორექტირება მომხმარებლების საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ მომარაგების შეწყვეტის მოთხოვნა, სისტემის ოპერატორის მიერ უნდა აღსრულდეს და ელექტროენერგიით მომარაგება საანგარიშსწორებო მრიცხველზე უნდა განხორციელდეს იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებლის ან სისტემის ოპერატორის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.
3. თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი დამოუკიდებელი სუბიექტი (პირი), რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, აღნიშნულ პირებთან დადებული მატერიალური ან ელექტრონული ფორმის ხელშეკრულების საფუძველზე, დაარეგისტრიროს ისინი აბონენტად. ინდივიდუალურ აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის გაანგარიშება განხორციელდება საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია:
ა) დროულად წარადგინოს კომისიაში ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება;
ბ) თითოეული პირი აიყვანოს ინდივიდუალურ აბონენტად და მომსახურება განახორციელოს წესებითა და მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
თავი VI. მომარაგებისა და ქსელის მართვის პრინციპები მომხმარებელთან მიმართებაში
მუხლი 30🔗. მომარაგების პირობა და გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
1. გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის სიხშირე, ძაბვა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს ელექტროენერგიის სექტორში მოქმედ ტექნიკურ ნორმებს და სტანდარტებს. ელექტროენერგიით მომარაგებისას სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია ელექტროენერგიის იმ პარამეტრებზე, რომლის გამოსწორება ან შეცვლა შესაძლებელია მის მიერ.
2. წესების შესაბამისად სისტემის ოპერატორი ვალდებულია საკუთრებაში იქონიოს ან ფლობდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ ელექტროდანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის ელექტრომოწყობილობებს, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ელექტრომომარაგება. ამასთან სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის სისტემების მოწყობა და გამართული ფუნქციონირება ისე, რომ საანგარიშსწორებო მრიცხველი წარმოადგენდეს მის საკუთრებას.
3. სისტემის ოპერატორის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, ელექტროდანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სისტემის ოპერატორის მიერ.
4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია სისტემის ოპერატორისთვის ელექტროენერგიის მრიცხველის შესაძენად, ასევე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის, ან/და გამანაწილებელი ქსელის გაფართოებისთვის – მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია, წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად).
მუხლი 31🔗. აღრიცხვის კვანძის მოწყობა
1. მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის, წესების 24-ე მუხლის მე-17 და 29-ე მუხლების მე-3 პუნქტით და სხვა წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.
2. თუ გამანაწილებელი ქსელის ერთ პუნქტში მიერთებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე 1 კვტ-ზე ნაკლებია, სისტემის ოპერატორი და მომხმარებელი უფლებამოსილი არიან, შეთანხმდნენ ელექტროენერგიის მოხმარებაზე მრიცხველის გარეშე (მიმწოდებლის თანხმობა არ არის სავალდებულო აღნიშნული შეთანხმების ნამდვილობისთვის). ასეთ შემთხვევაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრება ქსელთან მიერთებული ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრისა და მუშა საათების გათვალისწინებით.
3. საჭიროების შემთხვევაში სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, ხოლო წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველი).
4. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
5. ელექტროენერგიის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
6. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე სისტემის ოპერატორს შეეძლოს, წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოაწყოს, წესებით განსაზღვრული, მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემა (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველი):
ა) ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებას;
ბ) მიკრო სიმძლავრის ელექტროსადურის მიერთების ან/და მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში;
გ) ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის/სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში;
დ) მომხმარებლის მიერ შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.
7. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად სისტემის ოპერატორის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.
8. 0,4 კვ. (380/220ვ.) ძაბვის მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრის დაშორებით ამ მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევისა), თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.
9. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ელ.გაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ სისტემის ოპერატორის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და ელ.გაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.
10. სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის და, მომხმარებლის სახელი და გვარი, ამასთან:
ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი თავისი ხარჯით;
ბ) აღრიცხვის კვანძის ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების დაზიანების შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;
გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, ელექტროდანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე.
11. მომხმარებლისა და სისტემის ოპერატორის ქსელებს შორის ელექტროენერგიის ორმხრივი გადადინების შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის რევერსული მრიცხველი (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ ელექტროენერგიის გადადინება აღირიცხებოდეს ორივე მიმართულებით).
12. თუ მომხმარებელს სისტემის ოპერატორისაგან ელექტროენერგია მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ტრანსფორმატორის საშუალებით, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მაღალი ძაბვის მხარეს.
13. თუ მომხმარებელი, ელექტროენერგიით მარაგდება უშუალოდ ელექტროენერგიის მწარმოებლის ქსელიდან (სისტემის ოპერატორისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ქსელის გაუვლელად), ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, მის მიერ გამომუშავებულ და სალტეზე გაცემულ ელექტროენერგიასთან ერთად აღრიცხოს, ხოლო, შესაბამისი მიმწოდებლის ან სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შესაბამისად წარადგინოს, მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემები.
14. თუ 0,220 კვ ძაბვის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ფლობს 0,380 კვ ძაბვის ელექტროდანადგარს, რომელიც მიერთებული იყო გამანაწილებელ ქსელთან, ამასთან, მომხმარებლის ჯამური მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 10 კვტ-ს, მომხმარებელი უფლებამოსილია, 0,220 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის ნაცვლად მოითხოვოს 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა, შესაძლოდ მოკლე ვადაში, წესების დანართით №3 განსაზღვრულ საფასურის გადახდის პირობით. სისტემის ოპერატორის მიერ, მოთხოვნის შესრულების ზუსტი თარიღი, მომხმარებელს უნდა ეცნობოს, ამ წესების პირობების შესაბამისად, მოთხოვნის შესრულების შესახებ შეტყობინებასთან ერთად.
მუხლი 32🔗. ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
1. მომხმარებელსა და მიმწოდებელს ან/და სისტემის ოპერატორს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.
2. თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ჩაასწოროს მონაცემები და იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის მიმწოდებელს არ აქვს განხორციელებული საბითუმო ბაზრებზე სადავო პერიოდზე ანგარიშსწორება, კორექტირებული მონაცემები მიაწოდოს მიმწოდებელს მომხმარებელთან ანგარიშსწორებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩასწორებული მონაცემების საფუძველზე გაიანგარიშოს არასწორად აღრიცხვით მიყენებული მოგება/ზარალი და გაანგარიშების შედეგები მიაწოდოს მიმწოდებელს მომხმარებელთან ანგარიშსწორებისათვის.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შესაბამის მიმწოდებელს გადასცეს საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია, იმავე წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
4. ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორმა მომხმარებელთან ერთად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში, უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან.
5. წესების მიზნებისათვის, ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება აღრიცხვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.
6. მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა მომხმარებელს ან მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. ელექტროენერგიის მრიცხველი შეიძლება მოიხსნას შემდეგ შემთხვევებში:
ა) მრიცხველს გასული აქვს დამოწმების ან/და გეგმური შემოწმების ვადა – მრიცხველის დამოწმების ან მისი გამოცვლის მიზნით;
ბ) მრიცხველი არ აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას – მრიცხველის გამოცვლის მიზნით;
გ) ადგილზე დაკვირვებისას (ქრონომეტრაჟის ჩატარებისას) მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველისთვის დასაშვებ საპასპორტო ცდომილებას – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;
დ) ბრჯენის არარსებობის ან მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;
ე) მრიცხველის კონსტრუქციის მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;
ვ) მრიცხველის შეცვლის მიზნით (უფრო გამართული ან მაღალი აღრიცხვის სტანდარტის ან/და ფუნქციების მრიცხველის მონტაჟის შემთხვევაში).
8. მომხმარებელს ან მიმწოდებელს არ შეიძლება დაეკისროს ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.
9. ელექტროენერგიის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
10. სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს შესაბამის მიმწოდებელსა და მომხმარებელს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევებში, თუ წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.
11. სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება ასევე შეიძლება მოითხოვოს მიმწოდებელმაც. სისტემის ოპერატორი ვალდებულია იმოქმედოს წესების შესაბამისად. მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მიმწოდებელი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე, იმ შემთხვევებში, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
12. ელექტროენერგიის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის სისტემის ოპერატორი.
13. დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) განაცხადის საფუძველზე შეუძლია სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს საექსპერტო გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს (მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში – ასევე მიმწოდებელს) წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით), მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
14. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებლისა და მომხმარებლის ან/და მათი წარმომადგენლების ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. სისტემის ოპერატორმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მიმწოდებელსა და მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.
15. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის საზიანოდ, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მომხმარებლის აღრიცხვის მონაცემები, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილ შემოწმების თარიღამდე. ჩასწორებული მონაცემების საფუძველზე გაიანგარიშოს მომხმარებლისათვის მრიცხველის ცდომილებით მიყენებული ზარალი და გაანგარიშების შედეგები მიაწოდოს მიმწოდებელს მომხმარებელთან ანგარიშსწორებისათვის და შესაბამისი ინფორმაცია გაუგზავნოს მიმწოდებელს შემდგომი რეაგირებისათვის.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის სასარგებლოდ, მიმწოდებელი და სისტემის ოპერატორი ვალდებულნი არიან, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მომხმარებლის მონაცემები„ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე. ჩასწორებული მონაცემების საფუძველზე გაიანგარიშოს სისტემის ოპერატორისათვის მრიცხველის ცდომილებით მიყენებული ზარალი და გაანგარიშების შედეგები მიაწოდოს მიმწოდებელს მომხმარებელთან ანგარიშსწორებისათვის. ზედმეტად მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს.
16. თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება ელექტროენერგიის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.
17. ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.
18. ელექტროენერგიის მრიცხველის, მათ შორის, ბრჯენების ან და სხვა სახის დაცვის საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სისტემის ოპერატორს აღნიშნულის შესახებ (განცხადებით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.
19. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის, ქსელში არსებული აღრიცხვის კვანძისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ხოლო, ასეთი მეთოდით გაანგარიშების შეუძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ პუნქტში მოცემული პირობით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
20. ელექტროენერგიის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს სხვა მრიცხველი, ან იმოქმედოს ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად.
21. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა არ წარმოებს ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. მიმწოდებლის თანხმობა არ არის სავალდებულო ამ პუნქტში მოცემული შეთანხმების ნამდვილობისთვის.
22. ამ მუხლით გათვალისწინებული მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დარიცხვა უნდა მოხდეს დარიცხვის პერიოდზე სისტემის ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის დანაკარგისა და განაწილების მომსახურების ჯამური ღირებულებით. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე.
მუხლი 33🔗. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
1. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელთან მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ელექტროენერგიის დატაცება, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის მოხმარება (გარდა წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა).
2. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან/და საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან სიცოცხლის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი და იმოქმედოს წესების 35-ე მუხლის პირობების შესაბამისად.
3. სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. პირის მიერ გამანაწილებელ ქსელთან ელექტროენერგიის მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ელექტროენერგიის დატაცების, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის, ქსელში არსებული აღრიცხვის კვანძისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ამასთან გასათვალისწინებელია შესაბამისი აქტის საფუძველზე რაოდენობის განსაზღვრის შემდეგი წესი:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება;
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის ან ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა);
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება წესების №1 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით (ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს);
დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გაანგარიშდება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა ხდება ერთი თვის პერიოდში, წესების №1 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით;
ე) იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაუსაბუთებელი მიზეზით არ დაუშვებს სისტემის ოპერატორის წარმომადგენელს დადგმული სიმძლავრის დასადგენად და ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ ამ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლას, მაშინ სისტემის ოპერატორს, მომხმარებლის ტექსტური შეტყობინებით გაფრთხილებიდან 2 სამუშაო დღის შემდეგ უფლება აქვს, დაარიცხოს შემყვანზე (სადენზე) დასაშვები მაქსიმალური დატვირთვისას ძაბვის, დენისა და სიმძლავრის კოეფიციენტთა ნამრავლის (ნომინალური სიმძლავრის) 15-დღიანი გამოყენების დაანგარიშებით.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდის გამოყენების შემდეგ მომხმარებელი სისტემის ოპერატორს ელექტრონულად ან მატერიალურად მიაწოდებს, გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არაუმეტეს 3 თვისა), დასაბუთებულ არგუმენტაციას სისტემის ოპერატორის წარმომადგენელის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დარიცხვა უნდა მოხდეს დარიცხვის პერიოდზე სისტემის ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის დანაკარგის და განაწილების მომსახურების ჯამური ღირებულებით.
7. ამ მუხლში მოცემული მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრის ჯამის განსაზღვრისას, გამოიყენება მის მფლობელობაში მყოფი მხოლოდ ის ელექტროდანადგარები, რომლებიც მიერთებულია ქსელთან ან მზად არის ქსელთან მისაერთებლად და იმყოფება მუშა მდგომარეობაში.
8. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა სისტემის ოპერატორის მომსახურებით, გარდა სისტემის ოპერატორისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სისტემის ოპერატორის მიერ დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.
9. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ აშკარად სახეზე არ არის ელექტროენერგიის დატაცების, სხვისი ქონების უნებართვოდ (თვითნებურად) დაუფლების ფაქტი. ასევე, თუ არ არსებობს წესების 43-ე მუხლით გათვალისწინებული აქტი, ან თუ აქტი შედგენილია 43-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.
10. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.
11. მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შემთხვევაში, თუ მრიცხველის შემოწმების ოქმში არ იქნა მრიცხველით თაღლითობის ან მისი განზრახ თაღლითურად გამოყენების შესაძლებლობების ან კონკრეტული ქმედების არსებობის შეფასება, წესების მიზნებისათვის დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის გათვალისწინებული წესები და პროცედურები (მათ შორის, უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდები).
12. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე.
მუხლი 34🔗. დავის პერიოდში ელექტროენერგიით მომარაგება
1. დაუშვებელია მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
2. ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავის არსებობა ხელს არ უშლის ამ მიმწოდებელთან არსებული ხელშეკრულების შეცვლის, შეწყვეტის, ასევე სხვა მიმწოდებელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებასა და მის მიერ ელექტროენერგიით მომარაგების პირობას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ მომხმარებელს ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, ასეთ შემთხვევაში მომარაგება უნდა აღდგეს წესების მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის პირობების შესაბამისად.
3. მომხმარებლის მიერ, შეცვლილი გარემოებების ან პირობების მიღების (დათანხმების) მიზნით, დაუშვებელია სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა ან შეწყვეტით დამუქრება ან/და სხვა არამართლზომიერი ქმედებით მომხმარებლის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და აფიქრებინოს, რომ ამ მოთხოვნის მიუღებლობით მას ან მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
4. სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობისგან დამდგარ შედეგებზე. კომისიაში სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი დავის განხილვის შემთხვევაში, კომისია განსაზღვრავს დავალიანების გადანაწილების ვადას.
5. დაუშვებელია სისტემის ოპერატორის მიერ მის მიერ დარიცხული დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ელექტროენერგიის შეწყვეტისა და წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით.
თავი VII. განსაკუთრებული საჭიროებები
და მათი მომსახურების პირობები
მუხლი 35🔗. მოწყვლადი მომხმარებლის დაცვა
1. წესების მე-13 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების ან 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან/და საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში), სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან/და სიცოცხლის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. აღნიშნული პუნქტის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მომხმარებელმა, ან მომხმარებლის ობიექტით მოსარგებლე პირმა, ორგანიზაციამ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ან სხვა პირმა ვისთვისაც ცნობილია აღნიშნული გარემოება უნდა შეატყობინოს სისტემის ოპერატორს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ მომხმარებლისთვის შეუტყობინებლობის შედეგად ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სისტემის ოპერატორის მიერ, მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, მის მიერ უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელიც ელექტრონულად უნდა გაეგზავნოს მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებელს, ხოლო ამ აქტის მიმწოდებლისთვის ან მომხმარებლისთვის ელექტრონულად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში – აქტი უნდა გაიგზავნოს დაზღვეული წერილით.
3. უკანონო მოხმარებისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში, არამედ წესების 32-ე მუხლის პირობების შესაბამისად.
მუხლი 36🔗. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ელექტროენერგიით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) გაფორმებული შეთანხმება, საკონტროლო და ინდივიდუალური მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების (დარიცხვის) შესახებ. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება წესებით განსაზღვრულ პირობებს.
3. სისტემის ოპერატორისთვის ელექტროენერგიის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო ნებისმიერი განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს.
4. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის, ქსელში არსებული აღრიცხვის კვანძისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ხოლო, ასეთი მეთოდით გაანგარიშების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება: მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში (დაკვირვების პერიოდი) მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან. ამასთან, დაკვირვების პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე ნაკლები (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით). დაკვირვების პერიოდი შემოსაზღვრული უნდა იყოს მრიცხველის რეალური ჩვენებებით. ამ პუნქტში მოცემული პირობით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
5. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაში:
ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები;
გ) მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან გამართულ მდგომარეობაში მყოფი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.
6. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ სისტემის ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
მუხლი 37🔗. მსხვილი მომხმარებელი
1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება მსხვილ მომხმარებელზე, მიუხედავად იმისა ვაჭრობს თუ არა ეს მომხმარებელი ორგანიზებულ ბაზარზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სისტემის ოპერატორის მიერ მსხვილი მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება შეიძლება განხორციელდეს ბაზრის ოპერატორის ელექტროენერგიის ბაზრის წესებით გათვალისწინებული სათანადო შეტყობინების საფუძველზე.
3. თუ მსხვილმა მომხმარებელმა განაცხადა ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ, აღნიშნული უნდა შესრულდეს სისტემის ოპერატორის მიერ, ბაზრის ოპერატორისგან შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე. ასეთ შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია აღნიშნული შეტყობინების მიღებისთანავე (თუ აღნიშნული შეტყობინება ორგანიზებულ ბაზარზე გადასვლის სხვა თარიღს ითვალისწინებს – გადასვლის დღეს), აიღოს მრიცხველის ჩვენება და დაფიქსირებული ჩვენება, ამ აღრიცხვის კვანძის სხვა მონაცემებთან ერთად გაუგზავნოს ბაზრის ოპერატორს, გადაცემის სისტემის ოპერატორს, დღით ადრე ბაზრის ოპერატორს და აღნიშნულ მომხმარებელს.
4. მსხვილი მომხმარებლის მიერ ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგების და მომსახურების შეწყვეტის პირობები და პროცედურები რეგულირდება შესაბამისი ელექტროენერგიის ბაზრის წესებითა და განაწილების ხელშეკრულებით.
5. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მსხვილი მომხმარებლის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება, თუ სისტემის ოპერატორის მიერ დაცულია ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას, ელექტროენერგიის ბაზრის წესებითა და განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადაუხდელობაზე, ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტის პირობები და პროცედურები.
მუხლი 38🔗. ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელის მცირე საწარმოდ განსაზღვრის პროცედურა
1. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ამ მუხლით დადგენილი წესით ყოველწლიურად ახორციელებს მის 0.4. კვ ძაბვის ქსელთან მიერთებული საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მცირე საწარმოდ განსაზღვრას/მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმებას.
2. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან:
ა) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ამ ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრონ შესაბამისი მომხმარებელი მცირე საწარმოდ ან მიიღონ გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით;
ბ) აწარმოონ მათ ქსელთან მიერთებული მცირე საწარმოების ელექტრონული რეესტრი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
გ) უზრუნველყონ მათ ქსელთან მიერთებული მცირე საწარმოების რეესტრში ასახული ინფორმაციის ერთმანეთში (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს შორის) დროული ურთიერთგაცვლა, მათ შორის ინფორმაციის კომუნიკაციისა და გაცვლის ფორმატი;
დ) მცირე საწარმოდ განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია შესაბამის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდონ სტატუსის ამოქმედებამდე არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში;
ე) მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმების შესახებ ინფორმაცია შესაბამის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდონ სტატუსის გაუქმებამდე არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ იქნა მცირე საწარმოდ, მცირე საწარმოს სტატუსი ამოქმედდება და მასზე მცირე საწარმოსთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები გავრცელდება მცირე საწარმოდ განსაზღვრის მომდევნო წლის პირველი იანვრიდან.
4. იმ მომხმარებელს, რომლის მიმართაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მცირე მომხმარებლის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, მცირე მომხმარებლის სტატუსი უუქმდება და მასზე მცირე საწარმოსთვის განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები აღარ გავრცელდება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან.
5. მცირე საწარმოების რეესტრი თითოეული მომხმარებლისათვის მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დასახელებასა და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მცირე საწარმოდ განსაზღვრის ან/და გაუქმების თარიღებს;
გ) მისაერთებელ სიმძლავრეს ქსელთან მიერთების წერტილების მიხედვით, ასევე სხვა სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთების წერტილების მიხედვით მისაერთებელი სიმძლავრის შესახებ;
დ) არსებული მისაერთებელი სიმძლავრის შესახებ შესაბამისი მოთხოვნის განხილვის დაწყებისა და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების თარიღებს.
6. ახალი მომხმარებლის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისას, მისი მცირე საწარმოდ განსაზღვრა უნდა განხორციელდეს აღნიშნული მიერთებისთვის საჭირო პროცედურების დასრულებასთანავე.
7. იმ შემთხვევაში, თუ მცირე საწარმო აღარ აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გაუუქმოს მას მცირე საწარმოს სტატუსი ერთი სამუშაო დღის ვადაში მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია აისახება შესაბამის რეესტრში.
8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს გააჩნია ერთზე მეტი სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთების წერტილები, მისი მცირე საწარმოდ განსაზღვრის მიზნით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან წინასწარ მოახდინონ ასეთი მომხმარებლის იდენტიფიცირება და შეთანხმების საფუძველზე მოახდინონ სისტემის იმ ოპერატორის განსაზღვრა, რომელიც ასეთ მომხმარებელს მცირე საწარმოდ განსაზღვრავს.
თავი VIII. მიმწოდებელსა და სისტემის ოპერატორს შორის ურთიერთობები
მუხლი 39🔗. გამანაწილებელ ქსელთან მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება
1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის კონკურენტული გარემო. შესაბამისად, იგი პასუხისმგებელია ყველა მიმწოდებლებისათვის მომხმარებლებზე ელექტროენერგიის მიწოდებისათვის შეუფერხებელი და მიმზიდველი გარემოს შექმნასა და უზრუნველყოფაზე.
2. დაუშვებელია ელექტროენერგიის მიმწოდებლების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის სათანადო პირობების შექმნა და მიმწოდებლის მითითების შესრულება ელექტროენერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად.
მუხლი 40🔗. განაწილების მომსახურების ხელშეკრულება
1. წესების შესაბამისად, ელექტროენერგიის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურება, მიმწოდებლის ქსელთან დაშვებისა და მიწოდების საქმიანობის განხორციელების მიზნით, შეიძლება შესრულდეს განაწილების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების საფუძველზე. ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ამტკიცებს კომისია.
2. მიმწოდებელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, დადოს სათანადო ხელშეკრულებები ყველა სისტემის ოპერატორთან, შესაბამის სალიცენზიო არეალებში არსებული მომხმარებლებისათვის მიწოდების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის შესასრულებლად სისტემის ოპერატორს უნდა გაუგზავნოს, გამანაწილებელ ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინება და მოითხოვოს განაწილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიით მომარაგების მოთხოვნამდე ან მიაწოდოს აღნიშნული შეტყობინება მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების მოთხოვნასთან ერთად.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გააფორმოს მიმწოდებელთან განაწილების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს, სანამ მხარეების მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება. გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმწოდებლის განაცხადი არასრულყოფილია (არ შეესაბამება ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს). სისტემის ოპერატორი ვალდებულია სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს განაცხადის ხარვეზის შესახებ. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ახალი განაცხადით მიმართოს სისტემის ოპერატორს.
4. გამანაწილებელ ქსელში მიწოდების საქმიანობის შეტყობინება, ქსელში დაშვებისა და მიწოდების საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნასთან ერთად უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტებს;
ბ) გამანაწილებელ ქსელში მიწოდების საქმიანობის დაწყების სავარაუდო თარიღსა და ინფორმაციას ქსელში მისაწოდებელი ელექტროენერგიის საპროგნოზო მოცულობების შესახებ;
გ) სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის გადახდის მეთოდის შესახებ (ამ წესების 41-ე მუხლის შესაბამისად, გადასახდელი თანხის გადანაწილების ან დეპოზიტით უზრუნველყოფის პირობის შესახებ).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მიმწოდებელსა და მომხმარებლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებასა და მომხმარებლის (მომხმარებლების) ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრესა და მოცულობებზე. აღნიშნული მონაცემების ცვლილება არ საჭიროებს გამანაწილებელი ქსელში მიწოდების საქმიანობის შეტყობინების ან განაწილების მომსახურების ხელშეკრულებაში ასახული მონაცემების ცვლილებას. – აღნიშნული ინფორმაციის განახლება ხდება სისტემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე.
6. გამანაწილებელ ქსელში მიწოდების საქმიანობის შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ, მიუხედავად იმისა გაფორმდება თუ არა ცალკე განაწილების ხელშეკრულება, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილ შეტყობინებაში მოცემული პირობების საფუძველზე, განახორციელოს ელექტროენერგიის განაწილება და იმოქმედოს განაცხადში მოცემული მოთხოვნებისა და წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით. სისტემის ოპერატორის მიერ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, გამანაწილებელ ქსელში მიწოდების საქმიანობის შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ, ამ შეტყობინების გამგზავნი მიმწოდებელი ითვლება, განაწილების მომსახურების ხელშეკრულებაზე სტანდარტულ პირობებზე მიერთებულად და უფლებამოსილია სისტემის ოპერატორისგან მოითხოვოს ამ სამართალურთიერთობის წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) დადასტურება.
7. სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს უარი უთხრას შესაბამის დაინტერესებულ პირს მის მფლობელობაში არსებულ ქსელთან დაშვებასა და განაწილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი უკავშირდება სისტემით სარგებლობის საფასურის გადაუხდელ თანხას.
8. სისტემის ოპერატორს ელექტროენერგიის განაწილების საფასური აუნაზღაურდება მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.
მუხლი 41🔗. განაწილების მომსახურების საფასურის ავტომატური გადარიცხვა და მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის წარდგენა
1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე. ამ მუხლის მიზნებისთვის, მიმწოდებლის მიერ ანაზღაურების ვალდებულება არ ვრცელდება სისტემის ოპერატორის ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უშუალოდ მომხმარებელზე დარიცხულ თანხებზე (მათ შორის, ახალი ობიექტის მიერთების, ჩაჭრა-აღდგენის, უკანონო მოხმარების და სხვა ამ წესების შესაბამისად უშუალოდ მომხმარებელზე დარიცხულ თანხებზე).
2. მიმწოდებელი უფლებამოსილია, კომერციულ ბანკსა და ნებისმიერ სხვა პირთან, რომელიც ოპერირებას უწევს კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებულ გადახდის საშუალებას, დადოს ისეთი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურიდან მიმწოდებლისათვის გადასახდელი ელექტროენერგიის ფასის ან კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის, სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურებების საფასურების გამიჯვნას და მიმწოდებლის, სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის საბანკო ანგარიშებზე ასახვას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება კომერციული ბანკისა და იმ პირისთვის, რომელიც ოპერირებას უწევს კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებულ გადახდის საშუალებას, რათა, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის არასრულად გადახდის შემთხვევაში, თავდაპირველად დაიფაროს გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასური. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური საკმარისი არ არის სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის დასაფარად, სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის საბანკო ანგარიშებზე უნდა აისახოს პროპორციულად შემცირებული თანხები.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა აღემატება მიმდინარე დარიცხვის პერიოდზე მასზე დარიცხულ მომსახურების საფასურს, ზედმეტად გადახდილი თანხა აისახება მიმწოდებლის ანგარიშზე, რომელიც, თავის მხრივ, დადებითი ბალანსის სახით ასახავს მას მომხმარებლის ანგარიშზე, კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების შესაბამისად.
5. მიმწოდებელი უფლებამოსილია, უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დადებაზე და სისტემის ოპერატორს წარუდგინოს დეპოზიტი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის ბოლო 12 თვის განმავლობაში გადახდილი მომსახურების საფასურის საშუალო თვიურ ოდენობას, ხოლო 12 თვეზე ნაკლები პერიოდის შემთხვევაში, მისაწოდებელი ელექტროენერგიის საპროგნოზო მოცულობების შესაბამისად. მიმწოდებელი და სისტემის ოპერატორი უფლებამოსილი არიან, განაწილების მომსახურების ხელშეკრულების დადებისას გაითვალისწინონ სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის საპროგნოზო ოდენობა.
6. სისტემის ოპერატორი და მიმწოდებელი უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ განაწილების მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფის ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტისგან განსხვავებულ პირობაზე.
7. მომხმარებლის მიერ, სისტემის ოპერატორისთვის უშუალოდ გადასახდელი თანხის საანგარიშსწორებო ქვითრის მეშვეობით გადახდის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული თანხა, მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართოს სისტემის ოპერატორის ანგარიშზე. მიმწოდებლის მიერ აღნიშნული თანხის სისტემის ოპერატორისთვის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ ვალდებულების შესრულებაზე ვრცელდება იგივე პირობები, რაც ამ წესებით განსაზღვრულია მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის გადაუხდელობაზე.
8. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის ოდენობის ხელახალი გაანგარიშება, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეამციროს დეპოზიტი, მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების საშუალო თვიური ოდენობა შემცირდება თავდაპირველ ოდენობასთან შედარებით 10 პროცენტით ან მეტით და ამგვარი შემცირება სახეზეა ზედიზედ ორი თვის განმავლობაში. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გაზარდოს დეპოზიტის ოდენობა, თუ მომსახურების საფასურის საშუალო თვიური ოდენობა გაიზრდება თავდაპირველ ოდენობასთან შედარებით 10 პროცენტით ან მეტით და ამგვარი ზრდა სახეზეა ზედიზედ ორი თვის განმავლობაში. სისტემის ოპერატორის მიერ დეპოზიტის გაზრდა უნდა მოხდეს მიმწოდებლის წინასწარი ინფორმირებითა და ამ პირობის შესრულებისთვის მინიმუმ 10 სამუშაო დღის ვადის განსაზღვრით.
9. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომსახურების საფასური აინაზღაუროს მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით.
10. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს სისტემის ოპერატორისათვის დეპოზიტის სახით წარდგენილი თანხა საბანკო გარანტიით ან საბანკო გარანტიის სანაცვლოდ სისტემის ოპერატორს დეპოზიტის სახით წარუდგინოს თანხა.
11. სისტემის ოპერატორსა და მიმწოდებელს შორის დადებული განაწილების მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის ან/და შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორთან ანგარიშსწორების შემდეგ, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიმწოდებელს დაუბრუნოს წარდგენილი დეპოზიტი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარი თქვას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე.
12. ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით, მიმწოდებელი ვალდებულია, ყოველთვიურად გადაუხადოს სისტემის ოპერატორს მომსახურების საფასური, გასული ერთი თვის პერიოდში მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის შესაბამისად, თუ მხარეები ანგარიშსწორების სხვა პირობებზე არ შეთანხმდებიან. ამასთან, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიმწოდებელს ყოველთვიურად წარუდგინოს, გასული კალენდარული თვის ანგარიში, საანგარიშო თვის, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, სრულად აუნაზღაუროს სისტემის ოპერატორს ანგარიშით მოთხოვნილი თანხა – ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
13. მიმწოდებლის მიერ განაწილების მომსახურების გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორმა მიმწოდებელს უნდა განუსაზღვროს დავალიანების გადახდის გონივრული ვადა, ხოლო, ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში:
ა) თუ მიმწოდებელს აქვს წარდგენილი დეპოზიტი ან საბანკო გარანტია, რომელიც ფარავს სისტემის ოპერატორის მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადასახდელ თანხას – სისტემის ოპერატორი მომსახურების საფასურის დეპოზიტიდან ან საბანკო გარანტიიდან ანაზღაურების შემთხვევაში, მიმწოდებლისგან მოითხოვოს, განსაზღვრულ ვადაში, ახალი დეპოზიტის წარდგენა;
ბ) თუ მიმწოდებელს არ აქვს წარდგენილი დეპოზიტი ან დეპოზიტის უზრუნველსაყოფად, საბანკო გარანტია, ან აღნიშნული ნაკლებია სისტემის ოპერატორის მიერ გაწეულ მომსახურებისთვის გადასახდელ თანხაზე – სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის, ელექტროენერგიის საბითუმო ბირჟის და მარეგულირებელი კომისიის 10 სამუშაო დღით ადრე, ინფორმირების შემდეგ, შეუწყვიტოს ამ მიმწოდებელს განაწილების მომსახურება (განაწილების მომსახურების გადაუხდელობის შედეგად). ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელთა ინფორმირება და მათი ელექტრომომარაგება განხორციელდება ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ საცალო ბაზრის წესების IV თავის შესაბამისად.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ განაწილების მომსახურების გადაუხდელობის ან მოთხოვნილი დეპოზიტის შედეგად, მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისთვის მომსახურების აღდგენა შეიძლება მოხდეს, სისტემის ოპერატორის მომსახურებაზე გადასახდელი თანხის გადახდის ან გადახდის პირობებზე შეთანხმების შემთხვევაში, ხოლო ამ მიმწოდებლის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მოხდება, მიწოდების ხელშეკრულების შესრულებისა და მიმწოდებლის შეცვლის საცალო ბაზრის წესების V თავის შესაბამისად.
მუხლი 42🔗. მიმწოდებლის მიერ მომსახურების ანაზღაურების პრინციპები
მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ენერგეტიკულ საწარმოებთან მიმართებაში ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა მომხმარებლის ელექტროენერგიით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად.
თავი IX. ინფორმაციის საჯაროობა და ანგარიშგება
მუხლი 43🔗. ღია (საჯარო) ინფორმაცია
1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ვებგვერდზე ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) განაწილების მომსახურებასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;
გ) აბონენტის/მომხმარებლის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ (თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ ქვეპუნქტში მითითებული პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის);
დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ.
2. სისტემის ოპერატორი დამატებით ვალდებულია მომსახურების ცენტრებში ასევე ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) აბონენტის/მომხმარებლის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ (თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ ქვეპუნქტში მითითებული პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის);
გ) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), ელექტროენერგიით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ ჟურნალის ჩანაწერები;
დ) აკრედიტებული ლაბორატორიების ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის მითითებით;
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ვებ-გვერდზე), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს, მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა) – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს ეს წესები. ასევე ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.
თავი X. ფაქტის დაფიქსირება და მონაცემთა შენახვა
მუხლი 44🔗. აქტის შედგენის წესი
1. ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი. აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.
2. წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).
3. აქტს სისტემის ოპერატორის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
4. აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;
ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; აბონენტის ნომერი და რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და გვარი (ან დასახელება იურიდიული პირის შემთხვევაში); საკითხის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები;
გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენელი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქტი შედგენილი იქნება ელექტრონულად;
დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;
ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
5. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან მოწმის მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით), რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.
6. მომხმარებლის მიერ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;
ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი;
გ) მომხმარებლის ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) მომხმარებლის კუთვნილი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში);
ე) ინფორმაცია დამიწების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება.
7. ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში და ელექტროენერგიის მრიცხველის მუდმივა;
ბ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა;
გ) დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების მონაცემები;
დ) ელექტროენერგიის მრიცხველის ბადროს ბრუნთა რიცხვი (იმპულსების რაოდენობა – ელექტრონული ელექტროენერგიის მრიცხველისათვის) და შესაბამისი დრო;
ე) გამოყენებული ელექტროენერგიის მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი;
ვ) 0,4 კვ-ის სამფაზა ელექტროენერგიის მრიცხველის შემთხვევაში, დამატებით უნდა აღინიშნოს ძაბვისა და პირველადი და მეორადი დენის და ძაბვის გაზომვის შედეგები.
ზ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები, ბრჯენების დადების ადგილისა და მთლიანობის მითითებით; აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობა (მთლიანობა);
თ) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა – უკანონო მოხმარების შემთხვევაში;
8. ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) შესაბამისი ელექტროენერგიის მრიცხველის (მრიცხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება;
ბ) ბრჯენის ნომერი;
გ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა ელექტროენერგიის მრიცხველი;
დ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში);
ე) დალუქული პაკეტის ბრჯენის ნომერი (ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში).
9. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო, საჭიროა მომხმარებელთან არსებული ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს იმგვარად, რომ პაკეტის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს მრიცხველის ხელყოფა. დალუქული პაკეტის ხელშეუხებლობა, ბრჯენის გარდა ასევე დამოწმებული უნდა იქნეს დაინტერესებული პირების ხელმოწერით, ისე რომ დალუქული პაკეტის გახსნამ გამოიწვიოს ამ ხელმოწერის (წარწერის) დაზიანება. საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მრიცხველი შესამოწმებლად სისტემის ოპერატორის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.
10. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.
11. ელექტროენერგიის ორი ან მეტი მრიცხველით აღრიცხვის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს ელექტროენერგიით მომარაგების შესაბამის კვების წყაროზე არსებულ ელექტროენერგიის მრიცხველზე.
12. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.
13. მატერიალური აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – სისტემის ოპერატორს; ხოლო ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში, მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში ელექტროენერგიის მრიცხველთან ერთად.
14. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.
15. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ელექტროენერგიის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა მომხმარებელთან), ხოლო დარიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში – დავის დასრულებამდე.
მუხლი 45🔗. ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აწარმოოს წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს, აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონული პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნომრის ან სხვა ფორმის საშუალებით.
2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეინახოს:
ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში;
ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში მონაცემების ასახვა) – არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.
კარი II.
გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია-განვითარება
თავი XI. ექსპლუატაცია-განვითარების ზოგადი პირობები
მუხლი 46🔗. ზოგადი პირობები
1. კარი II ადგენს გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის, ოპერატიული მართვისა და აღრიცხვიანობის წესებსა და პირობებს.
2. ამ კარში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ქსელის წესებში.
თავი XII. გამანაწილებელ ქსელში მიღებისა და გაცემის პუნქტების აღწერა
მუხლი 47🔗. მიღებისა და გაცემის პუნქტების აღწერის ერთიანი სისტემა.
1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია აწარმოოს ელექტროენერგიის მიღებისა და გაცემის პუნქტების აღრიცხვა და თითოეულ პუნქტს მიანიჭოს უნიკალური ნომერი. გამანაწილებელ ქსელში არსებული მიღებისა და გაცემის პუნქტების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს ელექტროენერგიის მომარაგების ერთიან ბაზაში. ამასთან, წესების პირობების დაცვით, სისტემის ოპერატორი დამოუკიდებელია გაცემის პუნქტების აღრიცხვის, შესაბამისი ნომრის მინიჭების, ან გაუქმებასთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ არ უნდა დაიკარგოს ობიექტთან მიმართებაში მომარაგების სქემისა და გაცემის პუნქტების აღრიცხვიანობის შესახებ ინფორმაცია.
2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავებისა და შესწავლის საფუძველზე; ელექტროენერგიის მომარაგების ერთიან ბაზაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, ასევე მოცემული უნდა იყოს სრული ინფორმაცია სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელი ქსელში ელექტროენერგიის მიღების, განაწილების, გატარების და მოხმარების მოცულობების შესახებ. აღნიშნული ბაზის საფუძველზე ხდება ობიექტის და მის მომარაგებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება-იდენტიფიცირება. ელექტროენერგიის მომარაგების ერთიანი ბაზა თავის მხრივ ასევე წარმოადგენს გაცემის პუნქტების რეესტრს. ელექტროენერგიის მომარაგების ერთიან ბაზაში არსებული მონაცემების მიმწოდებლისათვის ხელმისაწვდომობის პირობები მოცემულია საცალო ბაზრის წესებში.
3. ელექტროენერგიის გაცემის პუნქტს, აღრიცხვის მიზნით ენიჭება აბონენტის ნომერი, რომელიც უნდა იყოს უნიკალური და ახდენდეს გამანაწილებელი ქსელის იმ გაცემის პუნქტის იდენტიფიცირებას, საიდანაც ელექტროენერგიით მარაგდება ერთი კონკრეტული ობიექტი. ასევე გაცემის პუნქტისთვის მინიჭებულ ამ აბონენტის ნომერთან უნდა იყოს დაკავშირებული-აღრიცხული, მომარაგებული ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაცია. კერძოდ:
ა) უძრავი ქონების (ობიექტის), რომლის მომარაგებაც ხდება ამ პუნქტის მეშვეობით, მისამართი და საკადასტრო კოდი (არსებობის შემთხვევაში);
ბ) უძრავი ქონების მომმარაგებელი ქსელის დამისამართება და ინდივიდუალური მრიცხველის ნომერი;
გ) მომხმარებელი (ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე ამხანაგობა), რომელიც სარგებლოს ამ ობიექტზე ელექტროენერგიის მოხმარებით და მისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;
დ) გადახდაზე პასუხისმგებელი პირი, მისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები,
ე) ელექტროენერგიის მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას;
ვ) აბონენტის სტატუსი აქტიური ან არააქტიური (თუ ობიექტზე ელექტროენერგიის მოხმარება არ ხდება 6 თვის განმავლობაში);
ზ) და სხვა ინფორმაცია რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს განაწილებისა და მიწოდების საქმიანობასთან.
4. როდესაც, ობიექტის ურთიერთდაკავშირებული შიდა ქსელი მარაგდება, ორი ან ორზე მეტი გაცემის პუნქტიდან, ამ გაცემის პუნქტებს უნდა ჰქონდეთ საერთო (მომარაგებული ობიექტისთვის) და თითოეული გაცემის პუნქტის მაიდენტიფიცირებელი ნომერი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ამ გაცემის პუნქტის დანიშნულების (ძირითადი ან სარეზერვო) და სხვა ტექნიკური მახასიათებლების აღწერა იდენტიფიცირება.
5. გაცემის პუნქტისთვის მინიჭებული აბონენტის ნომერი უნდა შედგებოდეს ციფრებისაგან და თითოეული ციფრი შეიძლება ატარებდეს აბონენტის მომარაგების სქემის დამისამართების შესახებ ინფორმაციას. ელექტროენერგიის გაცემის პუნქტზე მინიჭებული ნომრის (აბონენტის ნომრის) შეცვლა, აღნიშნულ ნომერთან დაკავშირებული მონაცემების ცვლილების საფუძველზე, მათ შორის ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრის, მომხმარებლად ან მიმწოდებლად რეგისტრირებული პირის შეცვლის შემთხვევაში დაუშვებელია.
6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიღებისა და გაცემის პუნქტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ამ პუნქტების ნომრის, მომხმარებლის, მიმწოდებლების და სხვა მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.
თავი XIII. გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის წესი
მუხლი 48🔗. გამანაწილებელი ქსელის განვითარების მიზანი
1. გამანაწილებელი ქსელის განვითარების დაგეგმვის საქმიანობა გამომდინარეობს ქსელის დატვირთვის ზრდის პროგნოზიდან და ითვალისწინებს შესაბამისი ღონისძიებების გატარების დაგეგმვას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეების ხარისხიანი და საიმედო ელექტრომომარაგება.
2. გამანაწილებელი ქსელის განვითარების დაგეგმვის წესის (შემდგომში – გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის წესი) მიზანია:
ა) გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის პროცედურების, ტექნიკური მოთხოვნებისა და ვალდებულებების განსაზღვრა გამანაწილებელი ქსელის განვითარების (ქსელის დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და გაფართოება) კოორდინაციის უზრუნველსაყოფად;
ბ) გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის პრინციპებისა და კრიტერიუმების განსაზღვრა ქსელის უსაფრთხო და ეკონომიური ფუნქციონირების, აგრეთვე მომსახურების ხარისხის სტანდარტების სათანადო დონის უზრუნველსაყოფად;
გ) დაგეგმვისათვის საჭირო ინფორმაციის გაცვლის ვალდებულებისა და პროცედურის განსაზღვრა სისტემის ოპერატორს, გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლესა და მაძიებელს შორის;
დ) განაწილების სისტემის ოპერატორებსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის დაგეგმვასთან დაკავშირებული თანამშრომლობისა და ურთიერთობის პროცედურების განსაზღვრა;
ე) ხელი შეუწყოს განაწილების სისტემის ოპერატორის მიერ ქსელის განვითარებას საიმედოობისა და ეკონომიურობის პრინციპების გათვალისწინებით.
3. გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის წესის მოქმედება ვრცელდება გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებზე, მაძიებლებსა და განაწილების სისტემის ოპერატორებზე.
მუხლი 49🔗. დაგეგმვის ძირითადი პრინციპები და კრიტერიუმები
1. სისტემის ოპერატორის მიერ მომზადებული ხუთწლიანი გეგმის შემუშავების კრიტერიუმებია:
ა) გამანაწილებელი ქსელით ელექტრომომარაგების (კონკრეტული დასახლებული პუნქტის, მსხვილი ობიექტების, რეგიონის და ა.შ.) უსაფრთხოების ნორმებისა და საიმედოობის სტანდარტების (მათ შორის, ელექტრომომარაგების წყვეტის მაჩვენებლების) გაუმჯობესება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად;
ბ) მომსახურების ხარისხის (მიწოდების უწყვეტობა, ელექტროენერგიის ხარისხი) გაუმჯობესება;
გ) გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შემცირება;
დ) ენერგიის განახლებადი წყაროების გამანაწილებელ ქსელში ინტეგრაცია;
ე) მოხმარების ზრდის პროგნოზთან დაკავშირებული განვითარების გეგმები (ახალი ქსელის მოწყობა, არსებული ქსელის რეაბილიტაცია, გაფართოება, გამტარუნარიანობის გაზრდა და ა.შ.);
ვ) სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე განსახორციელებელი ღონისძიებები;
ზ) ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება (ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვა);
თ) ავტომატურად მართვადი ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების განვითარება.
2. ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული თითოეული პროექტი/სამუშაო უნდა კვალიფიცირდებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმით.
3. სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან შეიმუშაონ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ხარჯ-სარგებლიანობის ანგარიშის გამჭვირვალე და გასაგები მეთოდოლოგია ქულობრივი შეფასების სისტემით, ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც წინასწარ თანხმდება კომისიასთან.
4. ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში გამანაწილებელი ქსელის ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მუშა მახასიათებელი უნდა იყოს საპასპორტო მონაცემებით განსაზღვრულ ნორმალურ ზღვრებში (სიძველის კოეფიციენტის გათვალისწინებით) და გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლები უნდა იყოს წესებითა და ქსელის წესებით დასაშვებ ფარგლებში.
5. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული პირობების დროს გამანაწილებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გადატვირთვის დონე და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის საქარხნო ინსტრუქციებსა და საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს გარემო პირობების გათვალისწინებით.
6. სიმძლავრის კოეფიციენტი (cosf) გამანაწილებელ ქსელში (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა) დროის 95%-ის განმავლობაში უნდა იყოს შენარჩუნებული 0.9 – 1.0 ფარგლებში.
7. სისტემის ოპერატორმა განვითარების გეგმები ისე უნდა შეიმუშაოს, რომ შემდგომში აღარ განავითაროს მისი მომსახურების არეალში მყოფი 6 კვ ძაბვის ქსელი (გონიერების ფარგლებში). ნაცვლად აღნიშნული ძაბვის საფეხურისა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს 10 კვ და საშუალო ძაბვის სხვა უფრო მაღალი საფეხურების განვითარებას.
8. გამანაწილებელი ქსელის განვითარება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მუდმივად იყოს დაკმაყოფილებული შემდეგი საიმედოობის სტანდარტები (გარდა ისეთი ავარიული და ფორსმაჟორული შემთხვევებისა, რომლებზე კონტროლიც სცილდება შესაბამისი ლიცენზიატის შესაძლებლობებს):
ა) 35-110 კვ ძაბვის ორტრანსფორმატორიან გამანაწილებელ ქვესადგურში ერთი ძალოვანი ელემენტის (ტრანსფორმატორი, ამომრთველი და სხვა) დაზიანება არ უნდა იწვევდეს ამ ქვესადგურზე მიერთებული დატვირთვის 30%-ზე მეტის გამორთვას;
ბ) 35-110 კვ ძაბვის ერთტრანსფორმატორიანი გამანაწილებელი ქვესადგურები უნდა შემცირდეს კომისიასთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით;
გ) წინამდებარე წესის ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში სისტემის ოპერატორმა შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად უნდა უზრუნველყოს, რომ ქალაქისა და დაბის ტიპის დასახლებების გამანაწილებელ ქსელში ძაბვის დასაშვები გადახრა მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილებში ნორმალურ პირობებში კვირის მანძილზე დროის 95%-ის განმავლობაში არ აღემატებოდეს ±5 %-ს;
დ) სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის ელემენტების (ტრანსფორმატორების, ელექტროგადამცემი ხაზების) დატვირთვის შენარჩუნება არაუმეტეს საანგარიშო დატვირთვის მნიშვნელობამდე;
ე) ელექტრომომარაგების წყვეტის მაჩვენებლები (გამორთვების საშუალო ხანგრძლივობის ინდექსი – SAIDI, გამორთვების საშუალო სიხშირის ინდექსი – SAIFI და მიუწოდებელი ელექტროენერგიის ინდექსი – ENS) უნდა შენარჩუნდეს კომისიის მიერ განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების შესაბამისად.
9. სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს 35-110 კვ ძაბვის ქვესადგურებში რეაქტიული ენერგიის კონტროლი.
10. გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმებში ასახული უნდა იყოს სისტემის ოპერატორის გეგმები/პროგნოზები გადამცემ და სხვა გამანაწილებელ ქსელებთან ახალი მიერთების წერტილების ან/და არსებული მიერთების წერტილების სიმძლავრის გაზრდის საჭიროების შესახებ.
მუხლი 50🔗. სტრატეგიული გეგმები
1. სტრატეგიულ გეგმებს განეკუთვნება:
ა) საქართველოს ენერგეტიკის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით, დარგის განვითარების სხვადასხვა სამოქმედო გეგმებითა და სტრატეგიით განსაზღვრული მიზნები და სამოქმედო გეგმები (მათ შორის, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა);
ბ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ელექტროენერგეტიკული ბალანსები;
გ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებები;
დ) ადამიანის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები;
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.
2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია გაითვალისწინოს სტრატეგიული გეგმებით განაწილების სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და მიმართულებები საკუთარი ხუთწლიანი გეგმის მომზადებისას.
მუხლი 51🔗. ხუთწლიანი გეგმა
1. სისტემის ოპერატორის მიერ ხორციელდება გამანაწილებელი ქსელის განვითარების გრძელვადიანი დაგეგმვა, მათ შორის, ყველა საჭირო კვლევა და შეფასება. ამ მიზნით სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს ხუთწლიან გეგმას, რომელიც ამ თავით დადგენილი პროცედურებით შესათანხმებლად წარედგინება კომისიას.
2. ხუთწლიანი გეგმა მოიცავს დეტალურ ინფორმაციას პირველი სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების გეგმის შესახებ. ხუთწლიანი გეგმის ბოლო ორი წელი (მე-4 და მე-5) მოიცავს ზოგად ინფორმაციას სისტემის ოპერატორის გეგმების შესახებ ცალკეული მიზნების შესასრულებლად და ატარებს ინდიკატურ ხასიათს.
3. ხუთწლიანი გეგმა შეიცავს:
ა) ინფორმაციას სისტემის ოპერატორის ქსელში ელექტროენერგიის არსებული და სამომავლო (საპროგნოზო) მოთხოვნის (დატვირთვის), გატარებისა და მიწოდების შესახებ;
ბ) გონივრულ პროგნოზებს გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების შესახებ, რომელიც განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან სათანადო კოორდინაციით;
გ) ინფორმაციას იმ გამანაწილებელი ქსელის ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში;
დ) ინფორმაციას გადაწყვეტილი პროექტების შესახებ (კომისიასთან შესათანხმებელი/შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები), რომლებიც უნდა განხორციელდეს არაუმეტეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში;
ე) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების გამანაწილებელ ქსელში ინტეგრაციის შესახებ (მიერთებაზე მიღებული განაცხადებისა და სხვა ინფორმაციების გათვალისწინებით);
ვ) ინფორმაციას ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შესახებ (მიერთებაზე მიღებული განაცხადებისა და თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრეების შესახებ, კვების ცენტრების მიხედვით);
ზ) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების გამანაწილებელ ქსელთან ინტეგრაციის მიზნებისათვის ქსელის თითოეული კვანძის გამტარუნარიანობისა და მისი გაძლიერების შესახებ;
თ) ინფორმაციას მომსახურების ხარისხის (მომსახურების კომერციული ხარისხისა და ელექტროენერგიის ხარისხის), აგრეთვე რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციისა და ელექტროენერგიის დანაკარგების კუთხით არსებული პრობლემებისა და სათანადო გეგმების შესახებ, აღნიშნული პრობლემების გამოსწორებისათვის;
ი) ინფორმაციას ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორების განთავსების ადგილმდებარეობის შესახებ;
კ) გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილების მოდიფიკაციასთან ან ახალი მიერთების წერტილების მოწყობასთან დაკავშირებულ გეგმებს;
ლ) ხარჯსარგებლიანობის (ტექნიკურ-ეკონომიკურ) ანალიზს.
4. ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები (გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია ან ახლის მშენებლობა, ქვესადგურებში დამატებითი სატრანსფორმატორო სიმძლავრეების შექმნა და ა.შ.) ხორციელდება სისტემის ოპერატორის მიერ.
5. სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციის გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებისა და მაძიებლებისგან შეგროვებასა და კოორდინაციას, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლას გადაცემისა და სხვა სისტემის ოპერატორებთან.
6. 1 კვ-ზე მაღალი ძაბვის გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებმა და აგრეთვე სისტემის ოპერატორებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ხუთწლიანი გეგმების მომზადების საკითხებში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს დაგეგმვისათვის საჭირო მონაცემების მიწოდებას.
7. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული პროექტები განახორციელოს კონკრეტული მოსარგებლეების ან მაძიებლებისთვის რაიმე სახის ფინანსური ვალდებულების დაკისრების გარეშე.
8. გამანაწილებელი ქსელის განვითარების კვლევებში გათვალისწინებული უნდა იყოს დაგეგმილი ღონისძიებების (აქტივების შექმნა, ექსპლუატაცია და სხვა) დანახარჯების ანალიზი. ანალიზის დროს გამოყენებული კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შესაბამისობაში უნდა იყოს „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2014 წლის 30 ივნისის № 14 დადგენილების მოთხოვნებთან.
9. გამანაწილებელი ქსელის გასაფართოებლად შესაბამისი სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო დრო დამოკიდებულია დაგეგმილი სამუშაოების სიდიდესა და კომპლექსურობაზე, აგრეთვე შესაძლოა დამოკიდებული იყოს გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილების მოდიფიკაციასა და სხვადასხვა ნებართვის აღებისთვის საჭირო პროცედურებზე/დროზე. ხუთწლიანი გეგმა უნდა მომზადდეს ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით.
მუხლი 52🔗. ხუთწლიანი გეგმის შემუშავების პროცედურა
1. ხუთწლიანი გეგმის პროექტს ყოველწლიურად, მომდევნო 5 კალენდარული წლისთვის შეიმუშავებს სისტემის ოპერატორი. აღნიშნული პროცესი აგრეთვე მოიცავს ყველა საჭირო კვლევისა და შეფასების ჩატარებას, აგრეთვე ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებას (მხოლოდ ქსელის წესებით და წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში).
2. სისტემის ოპერატორმა ხუთწლიანი გეგმის პროექტის მომზადებისას 35-110 კვ ძაბვის ქსელების განვითარების გეგმები უნდა განსაზღვროს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების ათწლიანი გეგმის, სხვა სტრატეგიული გეგმებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირების ეკონომიკურობის გათვალისწინებით.
3. განაწილების თითოეული ლიცენზიატი ხუთწლიანი გეგმის პროექტს არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 ივნისისა უგზავნის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს განსახილველად ამავე ვადაში ინფორმაციის სახით წარუდგენს კომისიას. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიღებიდან არაუგვიანეს მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისა შეისწავლოს ხუთწლიანი გეგმის შესაბამისობა გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმასთან (მხოლოდ 35-110 კვ ძაბვის ქსელების განვითარების გეგმის ნაწილში) და მიაწოდოს კომისიას მისი დასაბუთებული შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით.
4. კომისია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის დასაბუთებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღების შემდეგ იწყებს ხუთწლიანი გეგმის პროექტის შესწავლას, მართავს კონსულტაციებსა და საჯარო განხილვებს, რის შედეგადაც, არაუგვიანეს ორი თვის ვადაში:
ა) ითანხმებს სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილ ხუთწლიან გეგმის პროექტს; ან
ბ) გადაწყვეტილებით განსაზღვრავს გეგმის პროექტის ხარვეზებს, უბრუნებს მას სისტემის ოპერატორს შესაბამისი შენიშვნებით და კორექტირებული გეგმის წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს არაუმეტეს ერთი თვის ვადას.
5. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორს კომისიამ დაუბრუნა ხუთწლიანი გეგმის პროექტი კორექტირებისათვის, იგი ვალდებულია არაუგვიანეს კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში განახლებული ხუთწლიანი გეგმის პროექტი შესაბამის დასაბუთებასთან ერთად წარმოადგინოს კომისიაში, რომელსაც კომისია მისი გადაწყვეტილებით ითანხმებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაში.
6. ხუთწლიან გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია წელიწადში ერთხელ, ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.
7. გამანაწილებელი ქსელის ხუთწლიანი გეგმა შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტია. აღნიშნული გეგმის შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან სისტემის ოპერატორები. ხუთწლიანი გეგმის შესრულების კონტროლს ახორციელებს კომისია.
8. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ხუთწლიანი გეგმის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშაოს და ყოველი სატარიფო რეგულირების დაწყების წინ კომისიას წინასწარ შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამის სატარიფო რეგულირების პერიოდზე გათვლილი საინვესტიციო გეგმები (პროექტები). აღნიშნული საინვესტიციო გეგმების შემუშავების, განხილვისა და შეთანხმების წესი განისაზღვრება წესებით„ ქსელის წესებითა და „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 30 ივნისის № 14 დადგენილებით.
9. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს წინასწარ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების შესრულების შესახებ ინფორმაცია. მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაიწყოს კონსულტაციები კომისიასთან და მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია, რომლის დასრულების შემდეგ მომზადდება კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები (საჭიროების შემთხვევაში).
მუხლი 53🔗. დაგეგმვის მონაცემთა მიწოდება
1. ხუთწლიანი გეგმის შემუშავების მიზნებისათვის 1 კვ ძაბვაზე უფრო მაღალ საფეხურზე მიერთებულმა გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებმა სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილ ვადებში უნდა მიაწოდონ დაგეგმვის მონაცემები წესებისა და ქსელის წესების შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაცია სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მოიცავდეს გრძელვადიან პერიოდში საპროგნოზო მოხმარებისა და დატვირთვის მონაცემებს.
2. ახალი ელექტროსადგური და 35-110 გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელი ვალდებულია მიერთების განაცხადთან ერთად (ან მიერთების განაცხადით) სისტემის ოპერატორს მიაწოდოს დაგეგმვისათვის საჭირო მონაცემები (სიმძლავრის ათვისების გრაფიკი) მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისათვის.
3. 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებული მომხმარებელი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მსხვილი მომხმარებლები (ყველა ძაბვაზე) ვალდებული არიან სისტემის ოპერატორს გადასცენ მომდევნო ხუთი წლის პროგნოზი დატვირთვისა და მოხმარების შესახებ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების თითოეული წერტილისათვის. პროგნოზის პირველი წელი უნდა იყოს ჩაშლილი თვეების მიხედვით, ხოლო დარჩენილი ოთხი წელი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ წლიური მონაცემით.
4. სისტემის ოპერატორმა უნდა დაახარისხოს დაგეგმვის მონაცემები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) საპროგნოზო მონაცემები – აღნიშნული მონაცემები მოიცავს მოსარგებლის ან მაძიებლის ელექტროენერგიის მოხმარებასა და სიმძლავრის დატვირთვასთან დაკავშირებულ პროგნოზს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისათვის;
ბ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შეფასებითი ან საპროექტო მონაცემები – აღნიშნული მონაცემები მოიცავს მოსარგებლის ან მაძიებლის მიერ დაგეგმილი ახალი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების პარამეტრების საპროექტო ან შეფასებით მონაცემებს, რომლებიც უნდა წარმოადგინონ მაძიებლებმა მიერთების შეთავაზების მიღების შემდეგ;
გ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რეგისტრირებული/საპასპორტო მონაცემები ან შესაბამისი აქტით დადასტურებული ფაქტობრივი მონაცემები – აღნიშნული მონაცემები მოიცავს მოსარგებლის ან მაძიებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დაზუსტებულ/საპასპორტო პარამეტრებს.
5. დაგეგმვის მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ სისტემის ოპერატორს. შეტყობინებაში უნდა იყოს მითითებული დრო და პერიოდი, როდესაც ცვლილებას ჰქონდა ან ექნება ადგილი, ასევე მისი გამომწვევი მიზეზები.
მუხლი 54🔗. ელექტრონული რუკები
1. სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული რუკების მომზადება გეოგრაფიული საინფორმაციო რუკების ფორმატში.
2. სისტემის ოპერატორმა ქსელში განხორციელებული ცვლილებები უნდა ასახოს შესაბამის რუკებზე.
მუხლი 55🔗. სისტემის ოპერატორის დაგეგმვის საშუალებები
1. სისტემის ოპერატორმა დაგეგმვის თანამედროვე და ეფექტური საშუალებების გამოყენებით უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის ოპერირების ეფექტურობისა და საიმედოობის დონის ამაღლება.
2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია დანერგოს თანამედროვე კომპიუტერული მოდელირების პროგრამა/პროგრამები გამანაწილებელი ქსელის კვლევების კომპიუტერული მოდელირებისა და ოპტიმიზაციისათვის. კომპიუტერული მოდელირების პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს სისტემის დაგეგმვის მოთხოვნებს და უნდა გააჩნდეს შემდეგი შესაძლებლობები (მოდულები):
ა) ნაკადგანაწილების ანალიზი;
ბ) კონდენსატორების (რეაქტიული კომპენსაციის მოწყობილობების) განთავსების მოდელირება და ოპტიმიზაცია;
გ) მოკლე შერთვის დენების ანალიზი;
დ) ძაბვის რეგულირების ანალიზი;
ე) ძრავული გაშვებისას ძაბვის ვარდნის ანალიზი;
ვ) ფიდერების დინამიური ოპტიმიზაცია, დატვირთვის გადართვის სიმულირებით. აღნიშნული ფუნქციის საშუალებით ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ოპერატიული გადაწყვეტილებებისა და ავარიული შემთხვევების ანალიზი;
ზ) მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზირება;
თ) ქსელში ჰარმონიკებისა და ძაბვის სხვა მახასიათებლების ანალიზი.
3. სისტემის ოპერატორი უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას თავისი ქსელის ყველა ელემენტის ტექნიკური მახასიათებლის შესახებ, მათ შორის, საპასპორტო-საქარხნო ან შესაბამისი აქტით დადასტურებულ ფაქტობრივ მონაცემებზე, ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდზე და სხვ.
მუხლი 56🔗. დანაკარგების შემცირების ღონისძიებები
1. სისტემის ოპერატორი მუდმივად უნდა სრულყოფდეს პროექტირებისას და ქსელის მშენებლობისას გამოყენებულ ტექნოლოგიებს, აგრეთვე ოპერატიულ პროცედურებს.
2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შესამცირებლად, კერძოდ:
ა) გამოიყენოს მხოლოდ დაპრესილი ან ჭანჭიკით დაჭერილი შეერთებები/გადაბმები;
ბ) არ დაუშვას მიერთების დროს ელექტროსადენების ერთმანეთზე ხელით გადაბმა;
გ) დაბალი ძაბვის ქსელში ელექტროსადენის განივკვეთი და სიგრძე ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ძაბვის ვარდნა ხაზის მთელ სიგრძეზე არ აღემატებოდეს 5%-ს;
დ) უზრუნველყოს დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების შესაძლებლობის მქონე ახალი ტრანსფორმატორების შერჩევა;
ე) გამანაწილებელი ქსელი უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზის სიგრძე სატრანსფორმატორო პუნქტიდან მომხმარებლის დატვირთვის პუნქტამდე;
ვ) სატრანსფორმატორო პუნქტები უნდა დაპროექტდეს ტექნიკურ-ეკონომიკურად გამართლებულ მაღალ ნომინალურ ძაბვაზე (გონივრულობის ფარგლებში);
ზ) რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაცია მოხდეს უპირატესად მოხმარებასთან ახლოს, ამასთან, სისტემის ოპერატორმა უნდა გაამკაცროს კონტროლი მომხმარებლის მხრიდან სიმძლავრის კოეფიციენტთან დაკავშირებით, წესებითა და ქსელის წესებით განსაზღვრულ მოთხოვნების შესრულებაზე;
თ) აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს მიერთების წერტილებში, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
ი) დაბალი ძაბვის ხაზები შესრულებული უნდა იყოს იზოლირებული სადენებით;
კ) დადგენილი წესის შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს ხაზის ტრასების გაკაფვა;
ლ) სატრანსფორმატორო პუნქტები უნდა დაპროექტდეს მომხმარებელთა ჯგუფების სიახლოვეს (დატვირთვის ცენტრში) იმგვარად, რომ შესაბამისი მომხმარებლები შეძლებისდაგვარად თანაბრად იყოს დაშორებული აღნიშნული სატრანსფორმატორო პუნქტიდან;
მ) ავტომატური საკომუტაციო აპარატურა სასურველია განთავსდეს 1 კვ და მეტი ძაბვის გამანაწილებელი ქსელის ელექტროგადამცემი ხაზების განშტოების შემთხვევაში;
ნ) დანაკარგების სტრუქტურული დაყოფა და ანალიზი უნდა ხორციელდებოდეს აღრიცხვის სისტემებისა და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით;
ო) სხვა ღონისძიებები, რომელთაც სისტემის ოპერატორი მიზანშეწონილად მიიჩნევს.
მუხლი 57🔗. მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზირება
1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად შეიმუშაოს მომდევნო ხუთი წლის მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზი, რომელიც იქნება ხუთწლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი.
2. სისტემის ოპერატორმა მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზის შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:
ა) მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების პროგნოზები მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით (საყოფაცხოვრებო, კომერციული, სამრეწველო და სხვა);
ბ) ელექტრიფიკაცია, ქსელის რეაბილიტაცია და გამრიცხველიანება;
გ) ელექტროენერგიის ტარიფები და მისი სტრუქტურა;
დ) სტრატეგიული გეგმები, აგრეთვე ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც იგეგმება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და კერძო ინვესტორების მიერ;
ე) მოთხოვნის მართვის, პიკური დატვირთვის შერბილებისა და დანაკარგების შემცირების გეგმის ეფექტები;
ვ) მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენები;
ზ) სხვა სისტემის ოპერატორებისა და ქსელის მფლობელების გეგმები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს შესაბამის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილებში გადადინებაზე;
თ) მიწის გამოყენებისა და ზონირების მეთოდი;
ი) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელის გამოყენებასაც სისტემის ოპერატორი მიზანშეწონილად მიიჩნევს.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შექმნას გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების კატეგორიების მონაცემთა ბაზები ქსელის წესების მე-9 დანართის შესაბამისად და ასახოს ელექტროენერგიის მომარაგების ერთიან ბაზაში, რომელიც უნდა განაახლოს ყოველწლიურად.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაამუშაოს მოხმარების (დატვირთვის) გრაფიკები იმისათვის, რომ გაანალიზდეს მოხმარების (დატვირთვის) ხასიათი სხვადასხვა მომხმარებლის კატეგორიისა და მოწყობილობებისათვის. ამ მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ელექტროენერგიის მოთხოვნის გრაფიკი დღე-ღამური, სეზონისა და წლის ჭრილში;
ბ) მომხმარებლების კატეგორიების მოხმარების გრაფიკები და მათ შორის განსხვავების ანალიზი;
გ) თითოეული კატეგორიის მომხმარებლებისათვის დღიური, სეზონური და წლიური მოხმარება;
დ) თითოეული კატეგორიის მომხმარებლებისათვის დღიური, სეზონური და წლიური პიკური დატვირთვა.
5. განაწილების სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებით უნდა განსაზღვროს გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილებში დატვირთვის გრაფიკები.
მუხლი 58🔗. გამანაწილებელი ქსელის კვლევები
1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია პერიოდულად (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) ჩაატაროს გამანაწილებელი ქსელის კვლევები დაგეგმილი მიერთებების, სტრატეგიული პროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზის ქსელთან შესაძლო ზეგავლენის შესახებ, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ქსელის საიმედო ფუნქციონირება და მომსახურების ხარისხის სტანდარტების სათანადოდ დაკმაყოფილება.
2. სისტემის ოპერატორის მიერ შესრულებული კვლევები უნდა მოიცავდეს:
ა) ნაკადგანაწილების ანალიზს. ამ დროს უნდა მოხდეს გამანაწილებელი ქვესადგურების (ტრანსფორმატორების), ელექტროგადამცემი ხაზების გადატვირთვის ხარისხის გამოკვლევა. საპროგნოზო ნაკადგანაწილების ანალიზი უნდა ტარდებოდეს ზამთრისა და ზაფხულის მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვის პირობებისთვის;
ბ) მომხმარებლების მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზების ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობს არსებული სქემების, საპროექტო მიერთებების, მოხმარების პროგნოზირებისა და გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი ახალი ქვესადგურების შესაძლებლობების ანალიზს;
გ) რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციის ოპტიმალური გეგმების შემუშავებას (საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან სათანადო თანამშრომლობით). ამ კვლევების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციისა და ძაბვის რეგულირების სტრატეგია. რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციის გეგმის შემუშავებისას უნდა იქნეს გამოკვეთილი მათი დადებითი ზეგავლენა ელექტროენერგიის ხარისხსა და დანაკარგებზე. მაკომპენსირებელი მოწყობილობების განთავსების ოპტიმალური ადგილმდებარეობის განსაზღვრა სასურველია სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;
დ) დანაკარგების შემცირების ზომების შემუშავებას ელექტრომომარაგების საიმედოობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით. კვლევების დროს უნდა გაანალიზდეს დანაკარგების სტრუქტურა, რომელიც უნდა დახარისხდეს სხვადასხვა კატეგორიად და შეჯამდეს რაოდენობრივად. დანაკარგების ანალიზი იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ გამოიკვეთოს სისტემის ოპერატორის მიერ გასატარებელი (ან გატარებული) ღონიძიებების დადებითი ეფექტი, აგრეთვე მოხმარების ზრდის, გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთებისა და ელექტროსადგურების მიერთების შედეგად გამოწვეული დადებითი ან უარყოფითი ეფექტი. კვლევების შედეგების გათვალისწინებით სისტემის ოპერატორმა უნდა დაგეგმოს ტექნიკურ-ეკონომიკურად მიზანშეწონილი ღონისძიებები დანაკარგების შესამცირებლად;
ე) ძაბვის დანაკარგების კვლევებს, იმისათვის, რომ გამოვლინდეს ქსელის ის უბნები ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ის წერტილები, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძაბვის დანაკარგებს და თავიდან იქნეს აცილებული წესებითა და ქსელის წესებით დადგენილი ძაბვის ნორმალურიდან დასაშვები გადახრის ზღვრების დარღვევა. ძაბვის ვარდნის კვლევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ახალი ელექტროსადგურების მიერთების გეგმები და მოხმარების (დატვირთვის) ზრდის პროგნოზი;
ვ) მოკლე შერთვის დენების ანგარიშებს, იმისათვის, რომ დადგინდეს ახალი ელექტროსადგურებისა და სხვა ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ქსელთან მიერთების შედეგად მოკლე შერთვის დენების დონეებზე შესაძლო ზემოქმედება. მოკლე შერთვის დენების კვლევებისას უნდა გამოვლინდეს ქსელის ის უბნები, სადაც არსებობს ელექტრომოწყობილობა-დანადგარებისათვის საშიში სიდიდის მოკლე შერთვის დენების წარმოშობის შესაძლებლობა და მათი დაზიანების საფრთხე (მათ შორის, როგორც გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლის, ასევე სისტემის ოპერატორისა). მოკლე შერთვის დენების კვლევები შესაძლოა ჩატარდეს სხვადასხვა სცენარის მიხედვით, მათ შორის, მინიმალურ და მაქსიმალურ დატვირთვებზე, ხოლო კვლევებისას გამოვლენილი შედეგების მიხედვით საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს მოკლე შერთვის შემამცირებელი ღონისძიებები, რომლებიც უნდა აისახოს გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმებში;
ზ) გამანაწილებელი ქსელის საიმედოობის კვლევებს. ამ კვლევების დროს ალბათობრივად უნდა განისაზღვროს გამანაწილებელ ქსელში მომხმარებლების ელექტრომომარაგების წყვეტის მოსალოდნელი ხანგრძლივობის, სიხშირის გადახრის და მიუწოდებელი ენერგიის (SAIDI-ს, SAIFI-ს, და ENS-ის) საპროგნოზო მაჩვენებლები, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა საიმედოობის სტანდარტების მოთხოვნილ დონეზე შესასრულებლად.
3. სისტემის ოპერატორის მომხმარებლების სტანდარტის შესაბამისი ხარისხის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფისათვის ლიცენზიატმა უნდა დანერგოს ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლების ანალიზატორების (ჩამწერების) გამოყენება, რისთვისაც მან უნდა შეიმუშაოს აღნიშნული ანალიზატორების (ჩამწერების) საკუთარ ქსელში განთავსების ყოველწლიური სქემა-გრაფიკი, რომელიც უნდა შეთანხმდეს კომისიასთან.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოთხოვნილი პერიოდულობითა და ფორმატით მიაწოდოს კომისიას ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლები კომისიასთან წინასწარ შეთანხმებული საკონტროლო წერტილებისათვის.
თავი XIV. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესი
მუხლი 59🔗. ოპერატიული მართვის ზოგადი დებულებები
1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება. აღნიშნული ვალდებულების შესრულებისათვის იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საპროგნოზო მონაცემები გამანაწილებელი ქსელის მოსარგებლეებისგან.
2. წინამდებარე წესების შესაბამისად, სისტემის ოპერატორი ვალდებულია გადამცემი სისტემის ოპერატორს მიაწოდოს მოხმარების საპროგნოზო მონაცემები.
3. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება:
ა) სისტემის ოპერატორებზე;
ბ) გამანაწილებელ ქსელში ჩართულ მოსარგებლეებზე, რომელთა დადგმული სიმძლავრე აღემატება 1000 კვტ-ს.
4. გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გათიშვების დაგეგმვის თვალსაზრისით არსებობს სამი სახის გათიშვის ტიპი:
ა) მოკლევადიანი გეგმური გათიშვა, რომელიც მოითხოვს სულ მცირე შვიდი დღით ადრე შეთანხმებას გადამცემი სისტემის ოპერატორთან;
ბ) არაგეგმური გათიშვა, რომლის საჭიროება წარმოიშვება ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მუშაობის არასასურველი პირობებიდან გამომდინარე და რომელიც მოითხოვს უახლოეს პერიოდში შეკეთებაში ჩაყენებას;
გ) იძულებითი გათიშვა, რომელიც ხორციელდება სისტემის ოპერატორის კონტროლის გარეშე და გამოწვეულია ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ავარიით ან დამცავი ავტომატიკის მოქმედებით. აღნიშნული გათიშვის შესახებ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, გათიშვის სავარაუდო მიზეზის მითითებით.
5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია კოორდინაცია მოახდინოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან ელექტროენერგეტიკული სისტემის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სისტემის აღდგენის პროცედურების განხორციელებისას ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული გათიშვების შემდეგ.
მუხლი 60🔗. ოპერატიული მართვის მიზნები და ამოცანები
1. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესი მოიცავს გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გათიშვების დაგეგმვის კოორდინაციის საკითხებს.
2. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესის მიზანია განსაზღვროს სისტემის ოპერატორის მიერ ოპერატიული მართვისა და მოკლევადიანი პროგნოზების შესახებ ინფორმაციის დამუშავებისა და ამ ინფორმაციის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდების პროცედურები გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნების შესაბამისად.
3. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესის ამოცანაა:
ა) დატვირთვისა და წარმოების პროგნოზის, აგრეთვე სხვა მონაცემების განსაზღვრა, რომლებიც სისტემის ოპერატორს უნდა მიაწოდონ გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებმა, განაწილებლის ლიცენზიატისთვის წესებით„ ქსელის წესებით, ლიცენზიითა და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა პასუხისმგებლობების ჯეროვნად შესასრულებლად;
ბ) დაადგინოს გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვისა და გათიშვების დაგეგმვის პროცედურები გამანაწილებელი ქსელის ეფექტური და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ სათანადოდ იქნება გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გეგმური შეკეთების სამუშაოების საჭიროება.
4. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესის მოქმედების სფეროს მიეკუთვნება:
ა) გამანაწილებელი ქსელის დატვირთვისა და გენერაციის მოკლევადიანი პროგნოზირება;
ბ) გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლებისა და ელექტროსადგურების გათიშვების დაგეგმვა და კოორდინაცია;
გ) გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის საკითხები.
მუხლი 61🔗. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების მოხმარების მოკლევადიანი პროგნოზირება
1. დატვირთვის მონაცემების მიწოდების, ოპერატიული დაგეგმვისა და კონტროლის განხორციელების დროს, მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპზე, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეიმუშაოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზები სისტემის ოპერატორების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
2. გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზირების მიზნებია:
ა) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის მომზადება სისტემის ოპერატორების მიერ მიწოდებულ სი დაყრდნობით ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს სიმძლავრის საკმარისი რეზერვი;
ბ) მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპებზე იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორმა მოთხოვნების პროგნოზირების პროცესში.
3. გრძელვადიანი მოთხოვნის პროგნოზირებისთვის სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან, მიაწოდონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს მონაცემები მოთხოვნილი სიმძლავრისა და აქტიური ენერგიის შესახებ დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპისათვის.
4. ოპერატიული დაგეგმვის ეტაპის დროს (პირველი წლიდან მე-5 წლის ჩათვლით):
ა) არაუგვიანეს ყოველი წლის 30 სექტემბრისა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს სისტემის ოპერატორებს ელექტროენერგეტიკული სისტემის მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნის თარიღი/დრო და მოსალოდნელი მინიმალური წლიური მოთხოვნის თარიღი/დრო;
ბ) არაუგვიანეს ყოველი წლის 30 ოქტომბრისა თითოეული სისტემის ოპერატორი ვალდებულია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს წერილობით შეატყობინოს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის თითოეული წლის საპროგნოზო მონაცემები, კერძოდ:
ბ.ა) საათობრივი მოთხოვნა აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად). ეს მონაცემები იანგარიშება სისტემის ოპერატორებისთვის მოსალოდნელი მაქსიმალური დატვირთვის დღისათვის და აგრეთვე ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნილების დღისათვის;
ბ.ბ) წლიური მოთხოვნა (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) აქტიურ სიმძლავრეზე, მოხმარების კატეგორიების მიხედვით (მაგ. მოსახლეობა, კომერციული სექტორი, სამთავრობო დაწესებულებები, სამრეწველო მომხმარებლები, სასოფლო-სამეურნეო მომხმარებლები, გარე განათება, საავადმყოფოები და ა.შ.), სიტუაციის შესაბამისად;
ბ.გ) აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) შედგენილი საათობრივი მოთხოვნის პროგნოზი, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიწოდებული მინიმალური მოხმარების დღისთვის;
ბ.დ) აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი მიერთების წერტილებში მოსარგებლეების პიკური მოხმარების საათებში და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიწოდებული წლის პიკის საათებში;
ბ.ე) მიერთების წერტილებში აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი – ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოწოდებული წლის მინიმალური მოთხოვნის პერიოდში.
5. მოკლევადიანი დაგეგმვის ეტაპზე ერთი თვით ადრე სისტემის ოპერატორი ვალდებულია წერილობით მიაწოდოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს სიმძლავრის საათობრივი გრაფიკები.
6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია წერილობით მიაწოდოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს მონაცემები თითოეული დღის აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების შესახებ, წინა კალენდარული დღის განმავლობაში საათებისა და მიერთების წერტილების მიხედვით.
მუხლი 62🔗. გათიშვების დაგეგმვა
1. სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან, შეატყობინონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს გამანაწილებელ ქსელში ან მასთან დაკავშირებულ მოწყობილობა-დანადგარებსა და შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი ნებისმიერი სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემისათვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობაზე.
2. გამანაწილებელ ქსელში გათიშვების დაგეგმვისა და გამანაწილებელი ქსელის მომხმარებლების გეგმური გათიშვების კოორდინაციის დროს სისტემის ოპერატორი ვალდებულია იმოქმედოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემისოპერატორის განკარგულების შესაბამისად.
3. სისტემის ოპერატორს ნებისმიერ დროს, მაგრამ კონკრეტული გათიშვის დაწყებამდე არანაკლებ შვიდი (7) დღით ადრე შეუძლია მოითხოვოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისაგან მოკლევადიანი გეგმური სარემონტო გათიშვების უფლება. მოთხოვნის შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) გამანაწილებელი ქსელის შესახებ, რომელსაც გათიშვა ეხება;
ბ) გათიშული სიმძლავრის შესახებ (მგვტ);
გ) ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებ მგვტ-ში (ელექტროსადგურების შემთხვევაში);
დ) გათიშვის მისაღები დაწყების დღესა და დროს ან დროის შესაძლო ინტერვალს;
ე) გათიშვის მოთხოვნილ ხანგრძლივობას (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს).
4. მოთხოვნის მიღებისთანავე ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეისწავლოს იგი და ელექტროენერგიის ლიცენზიატისგან სიტუაციის განხილვის შემდეგ პასუხი აცნობოს სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
5. თუ გამანაწილებელ ქსელს სჭირდება გათიშვა ისე, რომ არ ემთხვევა დაგეგმილ ვადებს (გრძელვადიანი ან/და მოკლევადიანი გათიშვების გეგმებს), სისტემის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს აღნიშნულის შესახებ. ასეთი შეტყობინება უნდა მოიცავდეს:
ა) გამანაწილებელი ქსელის დასახელებას;
ბ) არაგეგმური გათიშვის მოსალოდნელი დაწყების დღეს, დროსა და ხანგრძლივობას;
გ) ინფორმაციას გათიშვის ხასიათისა და გათიშული სიმძლავრის (მგვტ) სიდიდის შესახებ (მათ შორის, ინფორმაციას სიმძლავრეზე, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იქნეს გათიშვისას).
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს ვადაში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა დაადასტუროს ან შესთავაზოს სისტემის ოპერატორს კორექტირების შეტანა გათიშვის დაწყების თარიღთან და პერიოდთან დაკავშირებით. კორექტირებაზე თანხმობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორმა უნდა დაუდასტუროს აღნიშნული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს.
7. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელის იძულებით გათიშვას, სისტემის ოპერატორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს დაუყოვნებლივ. აღდგენის თარიღისა და დროის დადგენისთანავე სისტემის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს და უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ელექტროენერგიის უმოკლეს ვადებში აღსადგენად.
8. სისტემის ოპერატორმა არაგეგმური გათიშვისას გათიშვის მიზეზისა და აღდგენის ზუსტი დროის დადგენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს.
9. თუ გათიშვის აღდგენისას, ნებისმიერ დროს, სისტემის ოპერატორისთვის ცნობილი გახდება, რომ აღდგენა ვერ მოხერხდება შეთანხმებულ ვადებში, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს, მიუთითოს დაგვიანების მიზეზები და აღდგენის თარიღი.
მუხლი 63🔗. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვა
1. ყოველი წლის დასაწყისში განაწილებისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების შესაბამისი უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან ერთმანეთს წარუდგინონ ოპერატიული პერსონალის იმ პირთა სია, ვისაც უფლება აქვს აწარმოოს ოპერატიული მოლაპარაკებები.
2. ოპერატიულ პერსონალს შორის საუბარი უნდა წარმოებდეს გამართული ტერმინოლოგიით, ოპერატიული გადართვების წარმოებისას ფუნქცია-მოვალეობებისა და მოქმედებების გამიჯვნის მიზნით კი უნდა იხელმძღვანელონ ელექტროდანადგართა მართვა-გამგებლობის შეთანხმებული ჩამონათვალის მიხედვით.
3. ოპერატიულ პერსონალს შორის საუბარი უნდა იწერებოდეს სპეციალურ მოწყობილობაში, რომლისგანაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი ჩანაწერის ამოღება.
4. ზემდგომ ოპერატიულ პერსონალს უფლება აქვს მის დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატიულ პერსონალზე გასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვისათვის საჭირო ნებისმიერი განკარგულება, მათ შორის:
ა) ოპერატიული გადართვების წარმოებაზე მართვასა და გამგებლობაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე;
ბ) ოპერატიული გადართვების წარმოებაზე ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებში ძირითად ელექტრომოწყობილობა-დანადგარებზე;
გ) რელეური დაცვისა და ავტომატიკის დანაყენების შეცვლაზე;
დ) სასისტემო ავარიის ლიკვიდაციის პროცესში შესაბამისი სქემის მომზადებასა და გადართვების წარმოებაზე.
5. სისტემის ოპერატორის 110-35-10-6 კვ ძაბვის ქსელში ჩართული ის მოსარგებლეები, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი 110-35-10-6 კვ ძაბვის ქსელი, ვალდებული არიან დისპეტჩერიზაციისა და სისტემის ოპერატორთან ყოველწლიურად წარადგინონ იმ პირთა სია, უსაფრთხოების ჯგუფის მითითებით, რომელთაც უფლება ენიჭებათ ოპერატიული მოლაპარაკება აწარმოონ საკუთარი ქსელის მართვაზე.
6. სისტემის ოპერატორის სადისპეტჩერო სამსახური ვალდებულია:
ა) განუხრელად შეასრულოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ყველა განკარგულება და მოთხოვნა;
ბ) მკაცრად დაიცვას მოხმარების შეთანხმებული ყოველ საათობრივი გრაფიკი;
გ) დროულად აცნობოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს მის ქსელში მომხდარი ავარიული გამორთვების შესახებ, რომლებსაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალურ მუშაობაზე;
დ) არ დაუშვას სიხშირის ავტომატური განტვირთვის მოწყობილობით და ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის მოქმედების შედეგად გამორთული მომხმარებლების ჩართვა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმების გარეშე;
ე) სისტემის ოპერატორის ქსელში ავარიის დროულ აღმოფხვრაზე.
7. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორს გარკვეული მიზეზის გამო არ შეუძლია განაცხადით მოთხოვნილი სამუშაოების შესრულება შეთანხმებულ დროში, მაშინ მან უარი უნდა განაცხადოს სამუშაოს წარმოებაზე და გაუქმდეს განაცხადი.
8. სისტემის ოპერატორის რეგიონული სადისპეტჩერო სამსახურებიდან ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს განაცხადი უნდა გადაეცეს სისტემის ოპერატორის ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის გავლით.
9. გეგმურ შეკეთებაში არსებულ მოწყობილობაზე ვადის გაგრძელებაზე განაცხადი განაწილების ლცენზიატმა უნდა გადასცეს ძირითადი განაცხადის ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე, დღის 12 საათამდე.
10. არაგეგმური განაცხადები, რომლებიც არ ატარებენ ავარიულ ხასიათს, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა გადაეცეს ერთი დღით ადრე, დღის 12 საათამდე.
11. გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მართვა- გამგებლობის მინიჭება ხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
12. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ახალი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ან რელეური დაცვისა და ავტომატიკის ექსპლუატაციაში შეყვანა ან მისი გამოცდა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გამანაწილებელ ქსელში ჩართული მომხმარებლების გათიშვა, უნდა შეთანხმდეს სისტემის ოპერატორთან.
13. სისტემის ოპერატორი ვალდებულია (ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისაგან შესაბამისი დავალების მიღების შემთხვევაში) უზრუნველყოს ავარიის შემდგომ დამყარებულ რეჟიმში ავტონომიურად მომუშავე ელექტროსადგურების ნორმალური მუშაობა.
14. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტროსადგურის ნულიდან გაშვების შესახებ განკარგულების გაცემის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი მოქმედებს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებული ინსტრუქციების მიხედვით.
თავი XV. გამანაწილებელი ქსელის აღრიცხვის წესი
მუხლი 64🔗. მოქმედების სფერო და მიზნები
1. ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება სისტემის ოპერატორსა და მის მომხმარებლებზე.
2. გამანაწილებელი ქსელის აღრიცხვის წესის მიზანს წარმოადგენს:
ა) აღრიცხვის მოწყობილობების ტექნიკური მოთხოვნების (მათ შორის, სიზუსტის კლასის) განსაზღვრა;
ბ) მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემების მოწყობის პირობების განსაზღვრა.
3. გამანაწილებელი ქსელის აღრიცხვის წესის ამოცანებია:
ა) აღრიცხვის მოწყობის ტექნიკური მოთხოვნების დადგენა;
ბ) მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემების განვითარების ხელშეწყობა.
4. ამ თავში განხილული მოთხოვნები არ ვრცელდება გამანაწილებელი ქსელის ისეთ აღრიცხვის წერტილებზე, რომლებიც მონაწილეობენ საბითუმო ვაჭრობაში.
მუხლი 65🔗. აღრიცხვიანობის ზოგადი დებულებები
სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია ტექნიკური და ეკონომიკური ეფექტიანობის პრინციპის გათვალისწინებით განავითაროს ელექტროენერგიის აღრიცხვის (გაზომვის) თანამედროვე ტექნოლოგიები და პროცესები, რომლებიც შესაძლოა არ იყოს ასახული ამ წესში ან რომლის შესაძლებლობებიც აღემატება წესებით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს.
მუხლი 66🔗. ტექნიკური მოთხოვნები აღრიცხვის მოწყობილობების მიმართ
1. ახალი მიერთების უზრუნველსაყოფად დამონტაჟებული დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები უნდა შეესაბამებოდეს ქსელის წესების 64-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები უნდა განთავსდეს მიერთების წერტილში (საბალანსო გაყოფის საზღვარზე) ან მიერთების წერტილთან სიახლოვეს, ფიზიკური ადგილმდებარეობისა და ხარჯების გათვალისწინებით.
3. 1 კვ და უფრო მაღალ ძაბვაზე მიერთების შემთხვევაში ელექტროენერგიის მრიცხველი და მისი მოწყობის სტანდარტები უნდა აკმაყოფილებდეს ქსელის წესების 65-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. 1 კვ-ზე დაბალი ძაბვის მიერთების შემთხვევაში გამოიყენება არანაკლებ 1.0 სიზუსტის კლასის მრიცხველები და მზომი ტრანსფორმატორები. მხარეები უფლებამოსილი არიან შეთანხმდნენ უფრო მაღალი სიზუსტის აღრიცხვის მოწყობაზე.
მუხლი 67🔗. აღრიცხვიანობის რეესტრი
1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვიანობის რეესტრი.
2. აღრიცხვიანობის რეესტრის წარმოების მიზნით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეინახოს შემდეგი მონაცემები თითოეული აღრიცხვის წერტილისათვის:
ა) მომხმარებლების მრიცხველების დაყენების ან შეცვლის თარიღების შესახებ;
ბ) მრიცხველის დამონტაჟებისას მრიცხველზე არსებული საწყისი ჩვენება;
გ) მომხმარებლის მრიცხველების და ლუქის ნომრები;
დ) მრიცხველის განთავსების ადგილმდებარეობა (მისამართი);
ე) ნებისმიერი ქმედება, განხორციელებული მომხმარებლის აღრიცხვის კვანძში (მათ შორის, შემოწმება, შეცვლა, შეკეთება და ა.შ.);
ვ) მიერთების ტექნიკური პირობა.
მუხლი 68🔗. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები
1. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მომხმარებელთან ან/და კომისიასთან შეთანხმებით დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის ტექნოლოგიები.
2. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის (ე.წ. „ჭკვიანი“ მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ელექტროენერგიის მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის და ხელი შეუწყონ მომხმარებლის ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას.
3. მომხმარებელი უფლებამოსილია, არსებული აღრიცხვის კვანძის ნაცვლად, სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა.
4. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს.
5. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური დადგენილია წესების დანართით №4, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
6. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს ჭკვიანი მრიცხველის საფასურის 50 პროცენტი (დანართით №4, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.
7. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის ქვითარში და ამ მიზნით შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს მიმწოდებელს, წესების მე-14 მუხლის შესაბამისად.
8. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე იმ მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის დასამონტაჟებლად.
9. მრავალფუნქციურ ელექტრონულ მრიცხველს უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები:
ა) ფაქტობრივი მოხმარებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდება მომხმარებლისთვის;
ბ) გააჩნდეს მომხმარებელთან კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად;
გ) წაკითხვა განახორციელოს არანაკლებ საათში ერთხელ;
დ) უზრუნველყოს ორმხრივი კომუნიკაცია კონტროლისთვის (მათ შორის, პროგრამის განახლების/შეკეთებისა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია);
ე) გააჩნდეს დროში დიფერენცირებული სატარიფო დარიცხვის განხორციელების შესაძლებლობა;
ვ) გააჩნდეს დისტანციურად ელექტრომომარაგების ჩართვა-გამორთვის უნარი;
ზ) გააჩნდეს მონაცემების უსაფრთხო კომუნიკაციის დაცვის უნარი;
თ) გააჩნდეს არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია;
ი) ორი მიმართულებით (გაცემისა და მიღების რეჟიმში) აღრიცხვის უნარი (იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს საკუთრებაში აქვს მიკროელექტროსადგური);
კ) შეტყობინების გაგზავნის უნარი (მათ შორის, ნორმაზე მეტი მოხმარებისა და აღრიცხვიანობის მოშლის შემთხვევაში);
ლ) ძაბვის ხარისხისა და ელექტროენერგიის უწყვეტობის კომისიასთან შეთანხმებული მაჩვენებლების ჩაწერის ფუნქცია.
10. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველები დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს სისტემის ოპერატორს, რომლის უზრუნველყოფაზეც სისტემის ოპერატორი თავადაა პასუხისმგებელი.
თავი XVI. ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემა
მუხლი 69🔗. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფა
1. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ გამოცემულია სამართლებრივი აქტი კონკრეტულ ტერიტორიულ ფარგლებში (საზღვრებში) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ან/და დასუფთავების მომსახურებების გადახდევინების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფის შესახებ და ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის ადმინისტრირების ვალდებულება დაკისრებული აქვს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს:
ა) „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 164-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულების (ქვითარში ასახული ერთ -ერთი საფასურის ან /და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის) არსებობის შემთხვევაში, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი წყვეტს მომხმარებლისათვის განაწილების მომსახურების გაწევას. ასევე, განაწილების სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია მომარაგების შეწყვეტამდე, საცალო ბაზრის წესების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის ინფორმირების პირობის დაცვაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულების ფარგლებში, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მომხმარებელს განაწილების მომსახურება შეუწყვიტოს ამ წესების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მიმწოდებლის მოთხოვნის გარეშე, იმ პირობით, რომ მომარაგების შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მიმწოდებელს;
ბ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზიანისთვის, რომელიც შესაძლოა მიადგეს მომხმარებელს, ელექტროენერგიის მიმწოდებელს ან სხვა ენერგეტიკულ საწარმოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ კომისიის სამართლებრივი აქტით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შედეგად, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას.
თავი XVII. დასკვნითი დებულებები
მუხლი 70🔗. გარდამავალი დებულებები
1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, 26-ე მუხლით და წესებით გათვალისწინებული სხვა მომსახურების პირობა და ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანოს წესებთან.
2. თუ 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, სისტემის ოპერატორი ვალდებულია კომისიის მიერ დამტკიცებული გრაფიკის დაცვით, 2023 წლის 1 იანვრამდე გადაიტანოს აღრიცხვის კვანძი მაღალი ძაბვის მხარეს და მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური წესების №3 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტებისა და ვადების შესაბამისად. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს წინასწარ, არანაკლებ სამი თვით ადრე აცნობოს აღრიცხვის კვანძის გადატანის შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანაზე, სისტემის ოპერატორის მიერ აღნიშნულის შესახებ მისი ინფორმირებიდან 1 თვის ვადაში. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელი გადაიყვანოს დაბალი ძაბვის მომხმარებლად, ისე რომ არ მოხდეს ამ მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის შემცირება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების პერიოდში, თუ 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, აღნიშნული მომხმარებელი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორისგან განაცხადით მოითხოვოს აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანა, აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე განსაზღვრული პირობების, მათ შორის №3 დანართით განსაზღვრული საფასურის და ვადების შესაბამისად,
4. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მწარმოებელი და მომხმარებელი, რომლებსაც აღრიცხვის კვანძი (რომელიც გამოიყენება ანგარიშსწორებისთვის), საკუთრებაში ჰქონდათ წესების ამოქმედებამდე, ვალდებული არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღნიშნული აღრიცხვის კვანძი მფლობელობაში გადასცენ სისტემის ოპერატორს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, კომისიასთან წინასწარ შეთანხმებული პირობით, შესთავაზოს მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება და განუსაზღვროს მათ გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. ამასთანავე, მათ აღრიცხვის კვანძის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქციონირებული ჩარევისგან და სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის კვანძთან. ამ პუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით:
ა) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, კომისიას წარუდგინოს იმ მომხმარებელთა სია, რომელთა საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძი, არ არის სისტემის ოპერატორის მფლობელობაში (წერილობითი ფორმის დაცვით) და გამოიყენება მომხმარებელთან ანგარიშსწორებისთვის;
ბ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 2021 წლის 1 ნოემბრამდე, შესთავაზოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება მათ საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძების სისტემის ოპერატორისთვის მფლობელობაში გადაცემის შესახებ;
გ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეწყვიტოს იმ მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგება, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების მიუხედავად, ექსპლუატაციას უწევს მათ საკუთრებაში არსებულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძებს, ამ ხელშეკრულების გაფორმების ვადის გასვლიდან, დამატებითი გონივრული ვადის განსაზღვრისა და ამ დამატებითი ვადის გასვლის შემთხვევაში, მომარაგების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების შემდეგ.
5. წესების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასევე ვრცელდება განაშენიანების რეგულირების გეგმებითა და მათი გეგმარებითი დავალებებით გათვალისწინებულ ობიექტებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-14-მე-16 პუნქტების შესაბამისად.
6. წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, სისტემის ოპერატორს განესაზღვროს ვადა 2024 წლის 1 იანვრამდე. ამასთანავე, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე, სისტემის ოპერატორებმა კომისიას უნდა წარუდგინონ ინფორმაცია იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში არსებული მომსახურების ცენტრების შესახებ, სადაც ახორციელებენ განაწილების საქმიანობას, ხოლო არაუგვიანეს 2022 წლის პირველ იანვრამდე კი – წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულებისთვის საჭირო, შემუშავებული გეგმა-გრაფიკი შესათანხმებლად.
7. სისტემის ოპერატორს, დროებითი მიერთებისა და მომხმარებლის მომარაგების სქემის რეკონსტრუქციის სტანდარტული პირობების და მომსახურების ღირებულების განსაზღვრის შესახებ, წესების 24-ე მუხლის მე-3 – მე-6, მე-8 და მე-10 პუნქტებით, ასევე 27-ე მუხლის მე-2-მე-4 განსაზღვრული პირობების დანერგვისთვის ვადა განესაზღვროს 2022 წლის 1 იანვრამდე.
8. სისტემის ოპერატორებს, არსებული ბაზების მოდიფიცირებისა და წესების 47-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით, განესაზღვროთ ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე.
9. წესების 54-ე მუხლით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ელექტრონული რუკები უნდა მომზადდეს – კომისიის მიერ სისტემის ოპერატორის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში.
10. იმ მომხმარებლებთან მიმართებაში, რომლებიც მიერთებული იყვნენ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან 2016 წლის 7 მაისამდე, სისტემის ოპერატორი ვალდებულია 66-ე მუხლის მე-2 – მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები მის კუთვნილ აღრიცხვის მოწყობილობებთან მიმართებაში დააკმაყოფილოს:
ა) კომისიის მიერ სისტემის ოპერატორის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში;
ან
ბ) თუ ხორციელდება მოხმარების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილის მოდიფიკაცია – შესაბამისი მოდიფიკაციისთანავე.
11. 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მცირე საწარმოდ განსაზღვრის შესახებ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა შესაბამის მომხმარებელს ელექტრონული ფორმით უნდა აცნობოს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
12. 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ იქნა მცირე საწარმოდ, მცირე საწარმოს სტატუსი ამოქმედდება და მასზე მცირე საწარმოსთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები გავრცელდება ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში.
13. ქსელის წესებიდან XI, XII და XIII თავების ამოღებამდე, ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ამ წესებით დადგენილი ნორმები.
14. მომხმარებელი, რომელიც ელექტრულ ქსელზე მიერთებული იყო 0.4-35 კვ ძაბვით და ელექტროენერგიის განაწილების მომსახურებას 2021 წლის 1 ივლისამდე იღებდა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისაგან, ამ წესების ამოქმედების შემდეგ ითვლება განაწილების სისტემის ოპერატორის აბონენტად, მიუხედავად იმისა, თუ ვის კუთვნილ ელექტრულ ქსელზეა მიერთებული აღნიშნული მომხმარებელი.
15. დანართი №2-ის „ბ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე (2021 წლის 1 ოქტომბრამდე), ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებაზე განისაზღვრება ამ წესების დანართით №2-ის „ა“ პუნქტით დადგენილი საფასურისა და მიერთების ობიექტზე მოსაწყობი თითოეული აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის – 100 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ჯამით.
16. 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, შეჩერდეს დანართი №4-ით გათვალისწინებული საფასურის მოქმედება, როდესაც ადგილი აქვს მე-18 მუხლის მე-18 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნას (რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური). 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, მოცემულ შემთხვევაში, თითოეულ ობიექტზე განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით, აღრიცხვის კვანძის მოწყობის გადასახდელ საფასურს წარმოადგენს დანართი №3-ით განსაზღული საფასური (შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად), სადაც განაწილების სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელთან შეჭრის სამუშაოები წესების დანართით №3 განსაზღვრულ ვადაში.
დანართი 1
მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილი
№
დენმიმღები
დადგმული სიმძლავრე, კვტ.
1.
ელექტროქურა:
- სტაციონალური
- გადასატანი
3,0
1,0
2.
ავზიანი წყალგამაცხელებელი
2,0
3.
გამდინარე წყალგამაცხელებელი
5,0
4.
კონდიციონერი „ზაფხული”
1,0
5.
კონდიციონერი „ზაფხული-ზამთარი”
1,5
6.
წყლის ტუმბო
0,5
7.
სარეცხი მანქანა
1,0
8.
კომპიუტერი
0,4
9.
გამათბობელი ელექტრორადიატორი
1,5
10.
ელექტრომადუღარა
1,0
11.
ელექტროუთო
1,0
12.
ელექტროგანათება
0,1
13.
ვენტილატორი
0,05
14.
მაცივარი
0,13
15.
ტელევიზორი
0,1
შენიშვნა: ცხრილის დადგმული სიმძლავრის სვეტში მოცემული სიმძლავრეების გამოყენება შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცნობია დენმიმღების საპასპორტო მონაცემი.
დანართი 2
0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური
0.4 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:
ა) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის შემთხვევაში:
ძაბვის
საფეხური (კვ)
სიმძლავრე
(კვტ)
ახალი ობიექტის გამანაწილებელ
ქსელთან მიერთების ვადა
(სამუშაო დღე)
თვითმმართველ
ქალაქებში
სხვა
მუნიციპალიტეტებში
ახალი ობიექტის მიერთების
საფასური დღგ-ის ჩათვლით
(ლარი)
0,4
10 (1-10 კვტ 220 ვ.)
40
60
600
10 (1-10 კვტ 380 ვ)
40
60
1800
10-დან -30
40
60
7000
30-დან-50
40
60
10500
50-დან -80
40
60
13000
80-დან – 100
40
60
14500
100-დან-120
40
60
16500
120-დან -150
40
60
18000
150-დან -200
45
60
39000
200-დან -320
60
90
56000
320-დან -500
60
90
86000
500-დან -800
90
110
136000
800-დან -1000
90
110
170000
1000-დან -1300
90
110
221000
1300-დან -1600
90
110
272000
1600-დან -2000
90
110
340000
2000-დან -2600
90
110
442000
2600-დან -3200
90
110
544000
6-10
1-500
60
90
96000
500-დან -1000
90
110
180000
1000-დან -1500
90
110
287000
1500-დან -2000
90
110
350000
2000-დან -3000
90
120
463500
3000-დან -5000
90
120
749000
ბ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი ობიექტისთვის დანართ №4-ით განსაზღვრული ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის შეთავაზებული პაკეტის საფასურის დამატებით.
დანართი 3
აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური
ძაბვის საფეხური, კვ
სიმძლავრე, კვტ
აღრიცხვის კვანძის
მოწყობის ვადა
(სამუშაო დღე)
აღრიცხვის კვანძის
მოწყობის საფასური
დღგ-ის ჩათვლით ლარი
0,4
1-10 (220 ვ.)
10
100
1-10
10
300
10-დან -30
10
350
30-დან-50
10
600
50-დან -80
10
650
80-დან – 100
15
700
100-დან-120
15
750
120 დან-150
15
800
150-დან -200
15
850
200-დან -320
15
950
320-დან -500
15
1200
500-დან -800
20
1500
800-დან -1000
20
2200
1000-დან და მეტი კვტ
20
3000
6/10
1-500
25
13000
500-დან -1000
25
14000
1000-დან და მეტი კვტ
25
15000
დანართი 4
ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური
ძაბვის
საფეხური, კვ
სიმძლავრე, კვტ
აღრიცხვის სისტემის მოწყობის ვადა (სამუშაო დღე)
მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობის საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარი
ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ლარი
0,4
1-10 (220 ვ)
15
300
300
1-10
15
600
600
10-დან -30
15
600
600
30-დან-50
15
700
600
50-დან -80
15
700
600
80-დან – 100
20
800
600
100-დან-120
20
800
600
120-დან -150
20
1000
600
150-დან -200
20
1200
600
200-დან -320
20
2200
2000
320-დან -500
20
2500
2000
500-დან -800
25
2800
2000
800-დან -1000
25
3100
2000
1000-დან და მეტი კვტ
25
3500
2000
6/10
1-500
25
13000
2000
500-დან -1000
25
14000
2000
1000-დან და მეტი კვტ
25
15000
2000