აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №325
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022880
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.07.2021 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტექნიკური რეგლამენტი − ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ აკვაკულტურის შესახებ აკვაკულტურისა და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობების, სერტიფიცირების მოთხოვნებისა და ვექტორული სახეობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №325
2021 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი
ზოგადი დებულებები
1. „აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს აკვაკულტურის, მათ შორის,, მარიკულტურის საქმიანობის წესებს და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, აკვაკულტურის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონებით „აკვაკულტურის შესახებ“, „წყლის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“, “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი
ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, უვნებელი და ხარისხიანი სურსათით უზრუნველყოფისათვის მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და სასურსათო უსაფრთხოების ხელშეწყობას.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ამ ტექნიკური რეგლამენტისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) აკვაკულტურა − წყლის ცოცხალი ორგანიზმის (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყალმცენარე) ისეთი საშუალებების გამოყენებით მოშენება (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება), რომელთა მიზანია ამ ორგანიზმის წარმოების გაზრდა გარემოს ბუნებრივი შესაძლებლობების მიღმა. ეს ორგანიზმი ერთი ან ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში რჩება მთელი პერიოდის განმავლობაში − გამოზრდიდან პროდუქციის მიღების ჩათვლით. წყლის ცოცხალი ორგანიზმის მოშენება გულისხმობს ამ ორგანიზმის გაზრდის ორგანიზებულ პროცესს, მათ შორის,, მის გამრავლებას ან რეგულარულ შენახვასა და კვებას ან/და მტაცებლისგან ან სხვა, მსგავსი ჩარევისგან დაცვას აღნიშნული ორგანიზმის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში;
ბ) აკვაკულტურის კონსტრუქცია − აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი ხელოვნური წყალსატევი (ტბორი, გუბურა, არხი, ავზი, რეზერვუარი და სხვა), წყალსატევში განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის თევზსაშენი გალია, თევზსაშენი ოჩხი, სხვადასხვა ფორმისა და ტიპის აკვაკულტურის კოლექტორი, ბაგირის, ბადისებური ტომრის, კალათის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია (მათ შორის,, ხელოვნური რიფი), რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა, აკვაკულტურის ობიექტის გამოზრდისთვის განკუთვნილი სხვა სახის კონსტრუქცია ან მოწყობილობა. აკვაკულტურის კონსტრუქციას არ განეკუთვნება ექსტენსიური აკვაკულტურისთვის განსაზღვრული ხელოვნური წყალსატევი;
გ) აკვაკულტურის ობიექტი − ჰიდრობიონტი, რომელიც აკვაკულტურის სუბიექტის მიერ არის კულტივირებული;
დ) აკვაკულტურის პროდუქცია − აკვაკულტურის სუბიექტის მიერ კულტივირებული ნებისმიერი ჰიდრობიონტი, სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ეტაპზე, ან მათგან მიღებული პროდუქტი;
ე) აკვაკულტურის ცხოველი − ნებისმიერი წყლის ცხოველი მისი სიცოცხლის ყველა ეტაპზე, მათ შორის, კვერცხი და სპერმა/გამეტა, გამოზრდილი ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში, მათ შორის, ველურ გარემოში მობინადრე ნებისმიერი წყლის ცხოველი, რომელიც განკუთვნილია ფერმისთვის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალისთვის;
ვ) ბაზარზე განთავსება − აკვაკულტურის პროდუქციის რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის,, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია, აკვაკულტურის ცხოველის ნებისმიერი გადაადგილება და სხვა ფორმით მიწოდება, გარდა აკვაკულტურის პროდუქციის/აკვაკულტურის ცხოველის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისა;
ზ) ბიზნესოპერატორი − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკვაკულტურის სუბიექტი, პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება აკვაკულტურის პირველად წარმოებას და რომელიც პასუხისმგებელია, თავისი საქმიანობის ამ ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
თ) ბუნებრივი საკვები ბაზა − წყლის ცხოველი და მცენარე, მათი ნარჩენი და დაშლის პროდუქტი, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის მიკროორგანიზმები, რომლებიც აკვაკულტურის ობიექტისთვის ბუნებრივი საკვებია;
ი) დაავადება − წყლის ცხოველში ერთი ან მეტი ეტიოლოგიური აგენტით გამოწვეული ინფექცია კლინიკური ან კლინიკური ნიშნების გარეშე;
კ) დათევზიანება − წყალსატევში წყლის ცხოველური ორგანიზმის (მისი განვითარების ნებისმიერი სტადიის − ქვირითის, ლარვის, ლიფსიტისა და სხვა) მიზნობრივი გაშვება;
ლ) დაცვა − გამაფრთხილებელი ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს არასასურველი ზეგავლენის თავიდან აცილებას;
მ) ეკოსისტემა − მცენარეთა, ცხოველთა და მიკროორგანიზმთა, აგრეთვე მათი გარემომცველი არაცოცხალი გარემოს დინამიკური კომპლექსი, რომელიც მოქმედებს, როგორც ფუნქციური მთლიანობა;
ნ) ექსტენსიური აკვაკულტურა − ბუნებრივი წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური წყალსატევის (წყალსაცავი, არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა;
ო) ზღვის ბიოტოქსინები – მომშხამველი ნივთიერება, რომელიც ზღვის ორგანიზმებში გროვდება ტოქსინის შემცველი პლანქტონით კვების შედეგად;
პ) თევზსაშენი გალია − წყალსატევის გარკვეული სივრცე, რომელიც წყალგამტარი ბარიერითაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ არ ეხება. თევზსაშენი გალია არის მოტივტივე ტიპის ან დაძირული ტიპის. მოტივტივე ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდი კონსტრუქცია მხოლოდ წყლის ზედაპირზეა განლაგებული და წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდან და ქვემოდან არის შემოსაზღვრული. დაძირული ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდ კონსტრუქციას აქვს სიღრმის შეცვლის უნარი და ის წყალგამტარი ბარიერით შემოსაზღვრულია როგორც გვერდებიდან და ქვემოდან, ისე ზემოდან;
ჟ) თევზსაშენი ოჩხი − წყალსატევის გარკვეული უბანი, რომელიც წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდანაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ ეხება;
რ) ინტროდუქცია − ამა თუ იმ სახეობის წყლის ორგანიზმის იმ წყალსატევში ჩასახლება, სადაც ადრე ეს სახეობა არ ბინადრობდა, და ჩასახლებული სახეობის სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოპულაციის შექმნა;
ს) ინფექცია − პათოგენური პარაზიტის შეჭრა ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში და მისი დასნეულება; დაავადების აგენტის გამრავლება ან სხვაგვარად განვითარება ან ლატენტური მდგომარეობა;
ტ) მაქსიმალური მდგრადი მოსავლიანობა − თეორიულად ყველაზე მეტი მოსავალი, რომელიც შეიძლება მუდმივად იქნეს მიღებული არსებული საშუალო გარემოს პირობებში საშუალო მარაგებიდან, გამრავლების პროცესზე არსებითი ზემოქმედების გარეშე;
უ) მოზარდული − აკვაკულტურის ობიექტის ინდივიდუალური განვითარების სტადია, რომელზედაც ობიექტს აღარ ახასიათებს ლიფსიტის ორგანოთა სისტემები და უვითარდებათ ზრდასრული ორგანიზმისთვის დამახასიათებელი სისტემები, გარდა გენერაციული სისტემის ორგანოებისა;
ფ) მოლუსკების მოსაშენებელი არეალი − წარმოების არეალი ან რეტრანსლაციის არეალი;
ქ) მოშენება – წყლის ცხოველის გამოზრდა ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში;
ღ) ოჯახური წარმოების სუბიექტი − ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს აკვაკულტურის პროდუქციის წარმოებას არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;
ყ) პირველადი წარმოება – პროცესი, რომელიც მოიცავს აკვაკულტურის ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, პირველადი წარმოება ასევე მოიცავს თევზჭერას;
შ) პურიფიკაციის (გაწმენდის) ცენტრი − ნებისმიერი საწარმო სუფთა ზღვის წყლის რეზერვუარებით, სადაც დაბინძურების შემცირებისათვის ხდება ცოცხალი მოლუსკების კვება საჭირო დროის განმავლობაში, რითაც მიიღწევა მათი ვარგისიანობა ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის;
ჩ) რეტრანსლაციის არეალი − ადგილი ზღვაში, ესტუარში ან ლაგუნაში, რომელიც შემოსაზღვრულია ტივტივებით ან სხვა სტაციონალური საშუალებებით და გამოიყენება მხოლოდ ცოცხალი მოლუსკების ბუნებრივი პურიფიკაციისათვის (გაწმენდისათვის);
ც) რეტრანსლაცია − ცოცხალი მოლუსკების ბუნებრივი გაწმენდა ზღვაში, ესტუარში ან ლაგუნაში გადაყვანის გზით მათი დაბინძურების შემცირებისათვის საჭირო დროის განმავლობაში. ეს არ მოიცავს მოლუსკების გადატანას მათი შემდგომი გაზრდისა და გასუქებისათვის;
ძ) რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა − წყლის ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების კულტივირებისთვის ან/და გამოზრდისთვის განკუთვნილი სისტემა, რომელშიც ხდება ტექნოლოგიური წყლის მრავალჯერ აღდგენა (გაწმენდა) და განმეორებით გამოყენება;
წ) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
ჭ) სასმელი წყალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული, ადამიანის მიერ დასალევად ან საკვების მოსამზადებლად განკუთვნილი წყალი;
ხ) სუფთა წყალი – ზღვის, მდინარის ან სხვა არასასმელი წყალი, რომელიც არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობაზე;
ჯ) უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო;
ჰ) ფერმა − აკვაკულტურის წარმოების მმართველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი შენობა, შემოღობილი ტერიტორია ან ინსტალაცია, სადაც აკვაკულტურის ცხოველები გამოზრდილია ბაზარზე განთავსების მიზნით, გარდა ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველისა, რომელიც შეაგროვეს ან დაიჭირეს ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით და ინახება დროებით მათ დაკვლამდე, გამოკვების გარეშე;
ჰ1) შემაკავებელი არეალი/ბუფერული ზონა − არეალი დაინფიცირებული ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის ირგვლივ, სადაც მიღებულია დაავადების კონტროლის ზომები, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით;
ჰ2) ჩასმის სიმჭიდროვე − წყლის ცხოველების რაოდენობა ერთეულ მოცულობაში ან სივრცეში;
ჰ3) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-შენახვისა და ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც მოიცავს ცხოველის საკვების ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა სტრესისაგან მის დაცვას;
ჰ4) წარმოების არეალი − ნებისმიერი ადგილი ზღვაში, მტკნარ წყალში, ლაგუნაში ან ესტუარში (მდინარის შესართავი), რომელიც ბუნებრივი გარემოა მოლუსკებისათვის ან ადგილი, რომელიც გამოიყენება მოლუსკების კულტივირებისათვის;
ჰ5) წყლის ცხოველი − ხერხემლიანი ან უხერხემლო ცხოველები, რომელთაც მიეკუთვნება ხრტილოვანი თევზები ( კლასი − Chondrichthyes), ძვლოვანი თევზები (კლასი – Osteichthyes), უმდებლესი ხერხემლიანები - უყბოები ( ზეკლასი − Agnatha), მოლუსკები ( ტიპი - Mollusca) და კიბოსნაირები (ქვეტიპი – Crustacea);
ჰ6) ჰიდრობიონტი − წყლის ცოცხალი ორგანიზმი (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყალმცენარე, წყალში მობინადრე სხვა ცოცხალი ორგანიზმი).
2. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. ამასთან, ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.
მუხლი 4🔗. აკვაკულტურის ტიპები
აკვაკულტურის სუბიექტმა, ინფრასტრუქტურის მიხედვით, შეიძლება განახორციელოს აკვაკულტურის შემდეგი ტიპები:
ა) ტბორის (გუბურის), რომელიც მოიცავს ტბორებში ან გუბურებში, სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების პროცესში გამოყენებულ წყლის ობიექტებში და ასევე გაწყლიანებულ კარიერებში, აკვაკულტურის ობიექტების გამრავლებას, შენახვას და მოშენებას;
ბ) ოჩხის, რომელიც მოიცავს აკვაკულტურის ობიექტების შენახვას ან მოშენებას ოჩხებში;
გ) აუზის, რომელიც მოიცავს აკვაკულტურის ობიექტების შენახვას, გამრავლებას ან მოშენებას აუზებში;
დ) რეცირკულაციური, რომელიც მოიცავს უკვე გამოყენებული წყლის ხელახლა გამოყენებას, მისი მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდისა და ჟანგბადით გაჯერების შემდეგ;
ე) კომბინირებული, რომელიც მოიცავს აკვაკულტურის ობიექტების, შენახვას, გამრავლებას ან მოშენებას აკვაკულტურის მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით;
ვ) ექსტენსიური აკვაკულტურა, რომელიც მოიცავს აკვაკულტურის ობიექტების გაშვებას გარემოში, სადაც ისინი ბინადრობენ ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში და საკვებად გამოიყენებენ წყლის ობიექტის რესურსებს, ცოცხალი და ხელოვნური საკვების დამატების, ასევე, ოჩხის და /ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე შემდგომში მათი გეგმაზომიერი რეწვის მიზნით;
ზ) რეკრეაციული აკვაკულტურა, რომელიც მოიცავს შიგა წყალსატევებში აკვაკულტურის ობიექტების გაშვებას სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის მიზნით;
თ) ინტეგრირებული მულტიტროფიკული აკვაკულტურა (იმაკ), რომელიც წარმოადგენს სისტემაში კვებითი ჯაჭვის სხვადასხვა საფეხურზე ანუ სხვადასხვა ტროფიკულ დონეზე მდგომი აკვაკულტურის ობიექტების ერთობლივ კულტივირებას;
ი) მარიკულტურა, რომელიც წარმოადგენს აკვაკულტურას საზღვაო წყლებში.
მუხლი 5🔗. აკვაკულტურის სუბიექტის ვალდებულებები
1. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია აკვაკულტურის საქმიანობა განახორციელოს ნებართვის საფუძველზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. აკვაკულტურის სუბიექტი, როგორც პირველადი წარმოების განმახორციელებელი, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია „ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში“, როგორც ბიზნესოპერატორი.
3. აკვაკულტურის სუბიექტი, როგორც ბიზნესოპერატორი, ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. რეგისტრაციის გარეშე აკვაკულტურის სუბიექტის, როგორც ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია.
5. აკვაკულტურის სუბიექტი, როგორც ბიზნესოპერატორი, ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ განსაზღვრული ვალდებულებები ვეტერინარიის სფეროში. მათ შორის,:
ა) განახორციელოს ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები, მათ შორის,, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა და გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები;
ბ) შეასრულოს უფლებამოსილი ორგანოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;
გ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან აკვაკულტურის ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;
დ) უზრუნველყოს აკვაკულტურის ცხოველთა ბაზარზე განთავსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) გადამდები დაავადებების, აგრეთვე აკვაკულტურის ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 6🔗. მოთხოვნები აკვაკულტურის სუბიექტის მიმართ
1.საქმიანობის პროცესში აკვაკულტურის სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს:
ა) აკვაკულტურის წარმოების ბიოლოგიურად დასაბუთებული და მდგრადი განვითარება;
ბ) ოპტიმალური პირობების შექმნა აკვაკულტურის წარმოების, მაქსიმალური მდგრადი მოსავლიანობისა და განვითარებისათვის;
გ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას ეკოსისტემაზე არასასურველი ზემოქმედების პრევენცია და აღმოფხვრა;
დ) ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ზიანს არ მიაყენებს აკვაკულტურის რესურსებს, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, წყლის ეკოსისტემებს, ჰაბიტატებსა და სახეობებს.
2. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს აკვაკულტურის ცხოველთა კეთილდღეობა, რომელიც მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
ა) უვნებელი და კეთილსაიმედო გარემო;
ბ) კვების სათანადო რაციონის შერჩევა და მართვა;
გ) დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
დ) სათანადო ვეტერინარული ზედამხედველობა;
ე) ჰუმანური მოპყრობა და მოკვდინება.
3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ზოგადი მოთხოვნებისა, აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სხვა მოთხოვნების შესრულება.
მუხლი 7🔗. მოთხოვნები ფერმის განთავსების ადგილის მიმართ
აკვაკულტურის სუბიექტის მიერ, წყლის ცხოველების მაქსიმალურად მდგრადი მოსავლიანობის მიღებისთვის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემობები:
ა) ფერმის განთავსების ტერიტორიის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ნიადაგის სტრუქტურული შემადგენლობა და დახრილობა, ობიექტის ტექნიკური გამართულობისა და გარემო პირობების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ნიადაგი, რომელიც განკუთვნილია ხელოვნური წყალსატევებისათვის, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ნივთიერებების ისეთ კონცენტრაციას, რომელიც გამოიწვევს აკვაკულტურის ობიექტში მათ დაგროვებას, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულზე მეტი რაოდენობით;
გ) ფერმის ადგილმდებარეობა, დიზაინი და აკვაკულტურის კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს მოსაშენებლი სახეობის ბიოლოგიას;
დ) ფერმის განთავსებისთვის შერჩეული უნდა იქნეს ადგილი, სადაც ნაკლებია დაავადებების წარმოქმნის ალბათობა;
ე) ფერმა განთავსებული უნდა იქნეს ისეთ ადგილზე, სადაც ფიზიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფრთხეებისაგან მოსალოდნელი რისკები მინიმალურია და ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მოსალოდნელი დაბინძურების წყაროების კონტროლი;
ვ) გარემოს ფიზიკური პარამეტრები − ტემპერატურა, დინება, მარილიანობა და სიღრმე უნდა შეესაბამებოდეს კულტივირებულ სახეობას;
ზ) ჩაკეტილი, რეცირკულაციური სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს გარემოს ისეთ ფიზიკურ პირობებს, რომელიც აუცილებელია კონკრეტული აკვაკულტურის ობიექტის სახეობის კულტივირებისათვის;
თ) ტბორის მოწყობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გრუნტის მდგრადობა და წყლის გადინების შესაძლებლობა;
ი) ტბორი ან/და გუბურა აღჭურვილი უნდა იქნეს ცალცალკე შემავალი და გამავალი არხებით, რათა არ მოხდეს სუფთა წყლისა და ჩამდინარე წყლის შერევა;
კ) ტბორის ზომა დამოკიდებული უნდა იქნეს შემავალი წყლის ნაკადის პარამეტრებზე;
ლ) შექმნილი უნდა იყოს შესაბამისი პირობები ჩამდინარე წყლის დამუშავებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სათანადო დრო ორგანული ნარჩენების დაყოვნებისა და ჩაშვებისათვის.
მუხლი 8🔗. მოთხოვნები ფერმის დაპროექტების, აუზებისა და არხების მიმართ
1. ფერმის დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ფერმის ხარისხიანი წყლით მომარაგების, მისი რაციონალურად გამოყენებისა და შემდგომი გაწმენდის შესაძლებლობები;
ბ) ფერმა და სხვა ობიექტები დაპროექტებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ არ ახდენდეს უარყოფით ზემოქმედებას წყლის ბუნებრივ დინებაზე ან/და ჰიდროლოგიურ რეჟიმზე და გარემოზე;
გ) გამოყენებული უნდა იქნეს საინჟინრო ტექნოლოგიების ისეთი მეთოდები, რომლებიც მინიმუმამდე ამცირებენ ნიადაგის ეროზიას და გარემოს დამარილიანებას;
დ) ფერმებს შორის, ფერმებსა და წყლის წყაროებს შორის, გზებს (მათ შორის, რკინიგზა) და ასევე ეკოლოგიურად მოწყვლად ადგილებს შორის გათვალისწინებული უნდა იქნეს ბუფერული ზონები, რომელთა ფართობი დგინდება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის, არსებული მეურნეობის გარემოზე ზეგავლენის ხარისხის გათვალისწინებით;
ე) ადგილობრივ დონეზე შენარჩუნებული უნდა იქნეს ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემა;
ვ) საჭირო მოწყობილობები დაპროექტებული და განლაგებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს აკვაკულტურის ობიექტის მიზნობრივი სახეობის ოპტიმალური კულტივირება;
ზ) ფერმა დაპროექტებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ კულტივირებული აკვაკულტურის ცხოველი მაქსიმალურად იქნეს დაცული, მათ შორის, მტაცებლებისაგან და ამავდროულად აკვაკულტურის ცხოველის გაღწევისაგან გარემოში;
თ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აკვაკულტურის ობიექტისათვის წინასწარ განსაზღვრული წყალმომარაგება; დაუშვებელია წყალმომარაგების შეზღუდვა, რამაც შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის მარაგებსა და საარსებო პირობებზე.
2. ფერმის დაპროექტებისას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს აკვაკულტურის ობიექტის მოწყობის დროს წყალმოვარდნისა და წყალდიდობისაგან დაცვა.
3. აკვაკულტურის საქმიანობისათვის განკუთვნილი აუზები და არხები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა იყოს მტკიცე კონსტრუქციის, რათა დაბინძურებისგან მექანიკური გაწმენდისას არ განიცადოს დაშლა და დეფორმაცია;
ბ) თითოეულ აუზს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აუზის თვითგანწმენდისა და ტექნიკური გაწმენდისათვის აუცილებელი წყლის გადინების დონე, რათა ადვილად იყოს შესაძლებელი აკვაკულტურის ნარჩენების ამოღება;
დ) წყლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ისე, რომ შენარჩუნებული იყოს წყალში გახსნილი ჟანგბადის კონცენტრაცია ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 9🔗. მოთხოვნები თევზსაშენი ოჩხის, გალიის და აკვაკულტურის სხვა კონსტრუქციების მიმართ
1. თევზსაშენი ოჩხები, გალიები და სხვა აკვაკულტურის კონსტრუქციები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დამზადებული უნდა იყოს არატოქსიკური, კოროზიამედეგი მასალისაგან, უნდა იყოს მტკიცე კონსტრუქციის, რათა დაბინძურებისგან მექანიკური გაწმენდისას არ განიცადოს დაშლა და დეფორმაცია;
ბ) მიმაგრებული/ფიქსირებული უნდა იყოს ისეთი საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს აკვაკულტურის კონსტრუქციების მთლიანობას და სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებისას, მათი განთავსების ადგილზე შენარჩუნებას;
გ) მათი უჯრედების/თვლების ზომა უნდა შეესაბამებოდეს კულტივირებულ აკვაკულტურის ობიექტს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი გადინება/დინებით ჩატანა;
დ) თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი;
2. თევზსაშენი ოჩხების, გალიების და სხვა კონსტრუქციების განთავსების ადგილის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს წყლის დინების სიჩქარე;
3. აკვაკულტურის საქმიანობაში აღჭურვილობა და მოწყობილობები გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უზრუნველყოფილი იქნეს ამ ფერმიდან მიღებული, ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი აკვაკულტურის პროდუქციის უვნებლობა.
მუხლი 10🔗. მოთხოვნები აკვაკულტურის კონსტრუქციების განთავსებასა და ადგილმონაცვლეობის მიმართ
1. წყალსატევებში აკვაკულტურის კონსტრუქციების განთავსება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
ა) აკრძალულია თევზსაშენი გალიების განთავსება ზღვაში 30 მ-ზე ნაკლებ, ხოლო შიგა წყალსატევებში, წყლის საშუალო დონის შემთხვევაში, 5 მ-ზე ნაკლებ სიღრმეზე, რომელიც წარმოადგენს უშუალოდ თევზსაშენი გალიის განლაგების წერტილში არსებულ სიღრმეს და არა მისი აკვაკულტურის კონსტრუქციების სამაგრი/საფიქსაციო წერტილის სიღრმეს;
ბ) თევზსაშენი გალიების განთავსების შემთხვევაში მინიმალური დაშორება გალიის ფსკერსა და წყალსატევის ფსკერის ზედაპირს შორის უნდა შეადგენდეს ზღვაში 5 მეტრს, ხოლო შიგა წყლებში − 1 მეტრს;
გ) აკრძალულია საზრდელი, ლარვებისა და სპორების შემგროვებელი სხვადასხვა ფორმის ბაგირების, ბადისებური ტომრებისა და კალათების კონსტრუქციების განთავსება ზღვაში 5 მ-ზე ნაკლებ სიღრმეზე, რომელიც წარმოადგენს უშუალოდ კონსტრუქციის განლაგების წერტილში არსებული სიღრმეს და არა მისი აკვაკულტურის კონსტრუქციების სამაგრი/საფიქსაციო წერტილის სიღრმეს;
დ) თევზსაშენი ოჩხების და ხელოვნური მყარი ფსკერული (მათ შორის, ხელოვნური რიფები) კონსტრუქციების განთავსება დასაშვებია სიღრმითი შეზღუდვების გარეშე;
ე) აკრძალულია ზღვაში თევზსაშენი გალიების განთავსება სარეკრეაციო ზონაში ნაპირის ხაზიდან 400 მეტრზე ნაკლებ მანძილზე;
ვ) აკრძალულია საზრდელი, ლარვებისა და სპორების შემგროვებელი სხვადასხვა ფორმის ბაგირების, ბადისებური ტომრებისა და კალათების კონსტრუქციების განთავსება ზღვაში ნაპირის ხაზიდან სარეკრეაციო ზონაში 100 მეტრზე ნაკლებ დაშორებაზე;
ზ) დასაშვებია თევზსაშენი ოჩხების და ხელოვნური მყარი ფსკერული (მათ შორის, ხელოვნური რიფები) კონსტრუქციების განთავსება ნაპირის ხაზიდან დაშორების შეზღუდვის გარეშე;
თ) აკრძალულია აკვაკულტურის კონსტრუქციების განთავსება საპორტო აკვატორიებში, გემების სარეიდო სადგომებში, ტერმინალების ოპერირების ზონებში და არქეოლოგიური მნიშვნელობის მქონე უბნებში;
ი) აკრძალულია აკვაკულტურის კონსტრუქციების განთავსება დაცული ტერიტორიების ფარგლებში, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა და აღკვეთილის გარკვეული უბნებისა მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე დაცულ ლანდშაფტსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე;
კ) ზღვაში და შიგა წყლებში განთავსებული აკვაკულტურის კონტრუქციები, ზღვაში, ტბებსა და წყალსაცავებში წყალაღების და წყალჩაშვების სისტემები უნდა მუშაობდნენ ტივტივების მონიშვნის პრინციპით. ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების მიზნით ტივტივები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი სანათებით - შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) სტანდარტების შესაბამისად.
2. წყალსატევებში აკვაკულტურის კონსტრუქციების ადგილმონაცვლეობა უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
ა) წყალსატევში აკვაკულტურის კონსტრუქციები დასაშვებია ჩაიდგას როგორც მთელი წლის განმავლობაში, ისე სეზონურად. დასაშვებია ნებართვის პირობებით განსაზღვრულ აკვატორიაში ნებაყოფლობითი ადგილმონაცვლეობა, რომელიც წინასწარ წერილობით უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან;
ბ) თევზსაშენი მოტივტივე გალიები, რომლებიც განლაგებული არიან 30-65 მეტრის სიღრმეზე:
ბ.ა) სეზონური ექსპლუატაციის შემთვევაში, თუ ექსპლუატაციის სეზონი კალენდარული წლის არაუმეტეს 2/3-ია, სავალდებულო ადგილმონაცველობას ექვემდებარებიან ექსპლუატაციის დაწყებიდან ყოველ მე-5 წელს;
ბ.ბ) მთელი წლის განმავლობაში ან კალენდარული წლის 2/3-ზე მეტი პერიოდით ექსპლუატაციის შემთხვევაში, სავალდებულო ადგილმონაცველობას ექვემდებარებიან ექსპლუატაციის დაწყებიდან ყოველ მე-4 წელს;
გ) თევზსაშენი მოტივტივე გალიები, რომლებიც განლაგებული არიან 65-95 მეტრის სიღრმეზე:
გ.ა) სეზონური ექსპლუატაციის შემთვევაში, თუ ექსპლუატაციის სეზონი კალენდარული წლის არაუმეტეს 2/3-ია, სავალდებულო ადგილმონაცველობას არ ექვემდებარებიან;
გ.ბ) მთელი წლის განმავლობაში ან კალენდარული წლის 2/3-ზე მეტი პერიოდით ექსპლუატაციის შემთხვევაში, სავალდებულო ადგილმონაცველობას ექვემდებარებიან ექსპლუატაციის დაწყებიდან მე-10 წელს;
დ) თევზსაშენი მოტივტივე გალიები, რომლებიც განლაგებული არიან არანაკლებ 95 მეტრ სიღრმეზე, სავალდებულო ადგილმონაცველობას არ ექვემდებარებიან;
ე) დაძირული გალიების სავალდებულო ადგილმონაცვლეობა განისაზღვრება ექსპლუატაციის დაწყებიდან მე-10 წელს;
ვ) წყალსატევში განთავსებული სხვა აკვაკულტურის კონსტრუქციები სავალდებულო ადგილმონაცვლეობას ექვემდებარებიან მხოლოდ გარემოს არსებითი გაუარესების შემთხვევაში. წყალსატევში განთავსებული სხვა აკვაკულტურის კონსტრუქციების სავალდებულო ადგილმონაცვლეობის აუცილებლობა დგინდება სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის დასკვნის საფუძველზე, რომელიც წერილობით ეგზავნება აკვაკულტურის სუბიექტს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სავალდებულო ადგილმონაცვლეობად მიიჩნევა წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/ების განლაგების იმგვარი ცვლილება, რომ ახალ ადგილმდებარეობასა და ადგილმონაცვლეობამდე არსებულ ადგილმდებარეობას შორის მანძილი ზღვაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 მეტრს, ხოლო შიგა წყალსატევებში არანაკლებ 50 მეტრს.
4. შიგა წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს თითოეული ტბის შემთხვევაში წყლის სარკის სრული ფართობის (სრული შევსებისას) 10%–ზე მეტს და წყალსაცავის შემთხვევაში წყლის სარკის სრული ფართობის (სრული შევსებისას) 20%-ზე მეტს.
5. აკრძალულია შიგა წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციებით (უშუალოდ კონსტრუქციები და არა მათი სამაგრი/საფიქსაციო საშუალებები) მდინარის ცოცხალი კვეთის 2/3-ზე მეტის დაკავება.
6. წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციების ფართობი არ უნდა მოიცავდეს თითოეულ წყალსატევში არსებული სასალიკო უბნების საერთო ფართობის 1/3-ზე მეტს.
7. შიგა წყალსატევებში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციები არ უნდა ახდენდნენ თევზების სატოფო და გამოსაზამთრებელ უბნებთან, ასევე წყალსატევში არსებულ ნავმისადგომებთან მისასავლელების ჩაკეტვას და არ უნდა ჩაიდგას ტურისტულ-რეკრეაციული პლაჟებისა და სანაპიროდან 50 მეტრზე ნაკლები მანძილის სიახლოვეს.
8. აკვაკულტურის ერთი სუბიექტის განკარგვის ქვეშ არსებული წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციები ნებართვით მიკუთვნებულ აკვატორიაში ერთმანეთთან შესაძლებელია განლაგებული იყვნენ, გარკვეული დაშორებით ან მიჯრით.
9. შიგა წყლებში აკვაკულტურის სხვადასხვა სუბიექტის განკარგვის ქვეშ არსებულ წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია ან კონსტრუქციები ერთმანეთისგან დაშორებული უნდა იქნეს არანაკლებ 100 მეტრით, ხოლო ზღვაში არანაკლებ 300 მეტრი მანძილით, რომელიც გულისხმობს უშუალოდ კონსტრუქციების და არა მათი სამაგრ/საფიქსაციო საშუალებებს.
10. ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციებით, ერთი და იმავე წყლის ობიექტით სარგებლობის შემთხვევაში, აკვაკულტურის სუბიექტის წყალამღები ნაგებობიდან სხვა აკვაკულტურის სუბიექტის წყალჩაშვების წერტილი დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 1 კილომეტრით სახმელეთო ხაზით.
11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული აკვაკულტურის სუბიექტი ახორციელებს იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღწარმოებას, მაშინ მისგან სხვა აკვაკულტურის კონსტრუქციის განთავსების მანძილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 კილომეტრს. იმ შემთხვევაში, თუ აღწარმოების გადაწყვეტილება მიიღება უკვე არსებული სხვა აკვაკულტურის კონსტრუქციის სიახლოვეს, დასაშვებია ეს მანძილი შეადგენდეს არანაკლებ 1 კილომეტრს.
12. ნებისმიერი პირი ვალდებულია წყალსატევში იმგვარად აწარმოოს თევზჭერა და სხვა საქმიანობა, რომ არ დააზიანოს წყალსატევებში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციები.
13. წყალმცენარეების კულტივირებისათვის განკუთვნილი კონსტრუქციების განთავსების ადგილზე სიმაღლე უნდა იყოს ისეთი, რომ გამორიცხული იქნეს მისი გრუნტის სუბსტრატთან შეხება.
მუხლი 11🔗. მოთხოვნები ინტეგრირებული მულტიტროფიკული აკვაკულტურის (იმაკ) მიმართ
1. ინტეგრირებული მულტიტროფიკული აკვაკულტურის სისტემაში აკვაკულტურის ობიექტების სხვადასხვა სახეობის ერთდროულად მოშენებისა და კომბინაციის ოპტიმიზაციისათვის, სისტემაში არსებული ყველა სახეობისათვის, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები და კრიტერიუმები:
ა) ურთიერთშემავსებელი ფუნქცია;
ბ) ადაპტაციის უნარი;
გ) მოშენების ტექნოლოგია;
დ) უნარი, უზრუნველყონ ეფექტური და უწყვეტი ბიო-მიტიგაცია (შერბილება);
ე) კომერციალიზაციის პოტენციალი;
ვ)მათი როლი (წვლილი) გარემოს ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.
2. ინტეგრირებულ მულტიტროფიკულ აკვაკულტურის სისტემაში სახეობები მოშენებული უნდა იქნეს ისეთი სიმჭიდროვით, რომ სრულ ტექნოლოგიურ ციკლში უზრუნველყოფილი იქნეს ნარჩენების, აუთვისებელი (შეუჭმელი) საკვების, საკვები ნივთიერებების და ცხოველმოქმედების თანმდევი პროდუქტების ოპტიმალურად შთანთქმა და გამოყენება სისტემაში შემავალი სხვადასხვა აკვაკულტურის ობიექტების მიერ.
3. ეფექტური ინტეგრირებული მულტიტროფიკული აკვაკულტურის (იმაკ) განხორციელებისას მაქსიმალური მდგრადი მოსავლიანობა მიღწეული უნდა იქნეს ყველა აკვაკულტურის ობიექტისათვის.
4. თუ აკვაკულტურის სხვადასხვა სუბიექტები ახორციელებენ ინტეგრირებულ მულტიტროფიკულ აკვაკულტურას, მათი განკარგვის ქვეშ არსებულ წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციები ერთმანეთისგან დაშორებული უნდა იყვნენ არანაკლებ 50 მეტრით.
მუხლი 12🔗. მოთხოვნები წყლის ხარისხის მიმართ
1. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია წყლის რესურსები გამოყენოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
ა) უზრუნველყოს, რომ წყალი, რომელშიც ხდება აკვაკულტურის ობიექტების მოშენება, იყოს სათანადო ხარისხის, რათა დაცულ იქნეს ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი აკვაკულტურის პროდუქციის უვნებლობა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) აკვაკულტურის საქმიანობა არ უნდა განახორციელოს ისეთ ადგილებში, სადაც მაღალია წყლის დაბინძურების რისკი;
გ) სადაც ეს შესაძლებელია, განახორციელოს წყლის გამოყენების შემცირება/ოპტიმიზაცია წყლის განმეორებითი გამოყენების ან რეცირკულაციის გზით;
დ) მდინარეთა მონაკვეთებზე ექსტენსიური აკვაკულტურის განხორციელებისას აკვაკულტურის საქმიანობისას უზრუნველყოს წყლის დონის ისეთი რეჟიმის შენარჩუნება, რომლითაც მიღწეული იქნება ნორმალურ პირობები წყალამღებების მუშაობისათვის, თევზის მომწიფებისათვის და გაზრდისათვის;
ე) ზედაპირული წყლების დაცვა განახორციელოს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების, მათ შორის,, ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების შესაბამისად. აკვაკულტურის საქმიანობისათვის გამოყენებული წყლის ხარისხის მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №425 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნებს;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისთვის რეგულარულად განახორციელოს გამოყენებული წყლის ხარისხის თვითკონტროლი.
2. ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციების შემთხვევაში, აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად წარმოსადგენი წყლის ხარისხის პარამეტრები განისაზღვრება „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 13🔗. მოთხოვნები ცხოველის საკვების მიმართ
1 .აკვაკულტურის მოშენებისათვის გამოყენებული ცხოველის საკვები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, აკვაკულტურის მოშენებისათვის გამოყენებული ცხოველის საკვები უნდა აკმაყოფილებდეს ასევე შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კვებისათვის გამოყენებული მეთოდები უნდა უზრუნველყოფდეს აკვაკულტურის ცხოველის ზრდის ოპტიმიზაციას და ცხოველის საკვების მინიმალურ დანაკარგებს;
ბ) აკვაკულტურის კვებისთვის გამოყენებული საკვები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამობოდეს კულტივირებული სახეობის კვებით მოთხოვნებს;
გ) ცხოველის საკვები ან ცხოველის საკვების მასალა გამოყენებული უნდა იქნეს ვარგისიანობის ვადის გასვლამდე;
დ) ცხოველის საკვები უნდა ინახებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული შენახვის პირობების შესაბამისად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი გაფუჭება, ობის სოკოების ზრდა და დაბინძურება;
ე) საკვები არ უნდა შეიცავდეს ინგრედიენტად პესტიციდის, ქიმიურ დამაბინძურებლების, მიკრობულ ტოქსინების და სხვა მინარევების ისეთ რაოდენობას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს მისი უვნებლობისათვის;
ვ) ცხოველის საკვები და ინგრედიენტები, რომელიც საწარმოო გზით არის მიღებული, უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული და მისი შემადგენლობა შესაბამისობაში უნდა იყოს ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობასთან;
ზ) ცხოველის საკვებში დამატებული უნდა იქნეს მხოლოდ ცხოველთა საკვებში გამოყენებისათვის დაშვებული საკვები დანამატები, ზრდის სტიმულატორები და საღებავები დაშვებული რაოდენობით;
თ) თევზის ფერმაში ცხოველის საკვებად მიწოდებული ახალი და გაყინული თევზი უნდა იყოს კეთილხარისხიანი;
ი) ცხოველის საკვები, რომელიც შეიცავს სამკურნალო საშუალებებს, ეტიკეტზე უნდა შეიცავდეს სათანადო მინიშნებას და უნდა ინახებოდეს განცალკევებით. მისი გამოყენება უნდა მოხდეს თანმხლები ინსტრუქციის შესაბამისად.
3. აკვაკულტურის ცხოველის ზრდის, და აკვაკულტურის წარმადობის ოპტიმიზაციისათვის, ცხოველის საკვების დანაკარგების შემცირებისათვის, გამოყენებული უნდა იქნეს კვების ეფექტური და ადაპტირებული მეთოდები. უპირატესია ბუნებრივი საკვების გამოყენება.
მუხლი 14🔗. აკვაკულტურის თევზის მოშენების და აღწარმოების პირობები
1. აკვაკულტურის თევზის მოშენებისა და აღწარმოებისთვის:
ა) ქვირითი, ლარვები, ლიფსიტები და მოზარდული არ უნდა იყოს წარმოშობილი ფერმიდან, სადაც არის რაიმე სახის დაუდგენელი გაზრდილი სიკვდილიანობა;
ბ) უნდა იყოს კლინიკურად ჯანმრთელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გაუთვალისწინებლად, უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება დაუშვას ქვირითის, ლიფსიტების და ლარვების ბაზარზე განთავსება რისკის შეფასების საფუძველზე, იმ პირობით, რომ ცხოველები წარმოშობით არიან ფერმის იმ ნაწილიდან, რომელიც მდებარეობს იმ ეპიდემიოლოგიური ერთეულისგან განცალკევებით, სადაც გაზრდილი სიკვდილიანობაა.
3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, აკვაკულტურის თევზის მოშენებისა და აღწარმოებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ჩასმის სიმჭიდროვე უნდა ითვალისწინებდეს თევზის მოშენების მეთოდს, სახეობის ბიოლოგიურ თავისებურებებს, ზომას და ასაკს, თევზის ფერმის პოტენციურ მოცულობას, თევზის სიცოცხლისუნარიანობას და თევზჭერის დროს თევზის ზომას;
ბ) დაზიანებული თევზი, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა იყოს იზოლირებული, ხოლო მკვდარი თევზი დაუყონებლივ უნდა იქნეს ამოყვანილი სათანადო სანიტარიული წესების დაცვით, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება და გამოკვლეული იქნეს სიკვდილის მიზეზი;
გ) წყლის სათანადო ხარისხი შენარჩუნებლი უნდა იქნეს თევზისა და საკვების იმ რაოდენობით გამოყენებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სისტემის პოტენციურ მოცულობას;
დ) მოწყობილობები, კონსტრუქციები, მათ შორის, გალიები და ოჩხები, მოწყობილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ მინიმუმამდე იქნეს შემცირებული მოშენებისა და აღწარმოების დროს თევზის დაზიანება;
ე) სადაც შესაძლებელია, თევზის ფერმაში განსაზღვრული უნდა იქნეს „დასვენების“ პერიოდი და შემდეგ, საჭიროების მიხედვით, ჩატარდეს დასუფთავება და დეზინფექცია.
მუხლი 15🔗. ამოჭერა
1. თევზის ამოჭერის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ამოჭერის მეთოდმა მინიმუმამდე უნდა შეამციროს თევზის მექანიკური დაზიანება და გაჭყლეტა;
ბ) ცოცხალი თევზი არ უნდა დაექვემდებაროს მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ექსტრემელურ ზემოქმედებას, ასევე ტემპერატურის და წყლის მარილიანობის მკვეთრ ცვლილებებს;
გ) ამოჭერის შემდეგ თევზი უნდა გაიწმინდოს ლამისა და წყალმცენარეებისაგან და გაირეცხოს მტკნარი წყლით ან სუფთა წყლით სათანადო წნევის ქვეშ;
დ) საჭიროების შემთხვევაში, თევზი უნდა გამოიშიგნოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული თევზის შემდგომი დამუშავებისას მისი დაბინძურება საჭმლის მომნელებელი ორგანოების შიგთავსით;
ე) ამოჭერისას გამოყენებული მოწყობილობები და ინვენტარი ადვილად უნდა იწმინდებოდეს. რეგულარულად უნდა განხორციელდეს მათი გაწმენდა და დეზინფექცია.
2. აკვაკულტურის სუბიექტი, რომელიც ახორციელებს მოლუსკების ამოჭერას ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) ამოჭერის ტექნიკა არ უნდა იწვევდეს მოლუსკების დამატებით დაბინძურებას ან ნიჟარის, ან ქსოვილის ზედმეტად დაზიანებას, ან მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც გავლენას მოახდენენ მათ შემდგომ გადამუშავებაზე, მათ შორის, პურიფიკაციის (გაწმენდის), წარმოების და რეტრანსლაციის პროცესებზე;
ბ) უნდა უზრუნველყოს ცოცხალი მოლუსკების სათანადოდ დაცვა დარტყმის, გაბზარვის და ვიბრაციისაგან;
გ) უნდა უზრუნველყოს ზედმეტად მაღალი და ზედმეტად დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან დაცვა.
მუხლი 16🔗. ზოგადი ჰიგიენური მოთხოვნები აკვაკულტურის საქმიანობასთან დაკავშირებით
1. აკვაკულტურის სუბიექტმა უნდა დააკმაყოფილოს „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. აკვაკულტურის სუბიექტმა, როგორც ბიზნესოპერატორმა, საჭიროების მიხედვით, უნდა განახორციელოს შემდეგი ადეკვატური ღონისძიებები:
ა) სუფთა მდგომარეობაში შეინახოს ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც უშუალო კავშირშია პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან, საჭიროების შემთხვევაში, გაწმენდის შემდეგ სათანადო წესით მოახდინოს მათი დეზინფექცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს სასმელი წყალი, სუფთა წყალი ან მტკნარი წყალი;
გ) თავიდან აიცილოს აკვაკულტურის ობიექტების ცხოველებისა და მავნებლებისაგან დაბინძურება;
დ) ნარჩენებსა და საფრთხის შემცველ ნივთიერებებს მოეპყროს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული აკვაკულტურის ობიექტების დაბინძურება;
ე) აკვაკულტურის ახალი ცხოველის შემოყვანის დროს გაატაროს პრევენციული ზომები ადამიანისათვის საშიშ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საწინააღმდეგოდ და ასეთ დაავადებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს;
ვ) გაითვალისწინოს აკვაკულტურის ობიექტიდან აღებული ნიმუშების ან ნებისმიერი სხვა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
ზ) გამოიყენოს საკვებდანამატები და ვეტერინარული დანიშნულების სამედიცინო პრეპარატები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. აკვაკულტურის სუბიექტის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დეზინფექცია შეიძლება განხორციელდეს, დაავადებების აღმოფხვრის ან პრევენციის მიზნით, ასევე აკვაკულტურაში ინციდენტობის შესამცირებლად, რომლის დროსაც:
ა) სადეზინფექციო საშუალების გამოყენება უნდა მოხდესმისი მიკრობიოციდური და გარემოზე ზემოქმედების თვისებების გათვალისწინებით;
ბ) სადეზინფექციო ხსნარის განკარგვა და უტილიზაცია უნდა განხორციელდეს მწარმოებლის ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 17🔗. ზოგადი და ჰიგიენის მოთხოვნები მოლუსკების წარმოების, რეტრანსლაციისა და პურიფიკაციის მიმართ
1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების წარმოებას ან მათ დამუშავებას უშუალოდ წარმოებისთანავე, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) მოპოვების ტექნიკა და შემდგომი დამუშავება არ უნდა იწვევდეს ცოცხალი მოლუსკების დამატებით დაბინძურებას ან ნიჟარის, ან ქსოვილის ზედმეტად დაზიანებას, ან მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც გავლენას მოახდენენ მათ შემდგომ გადამუშავებაზე, მათ შორის, პურიფიკაციის (გაწმენდის), წარმოების და რეტრანსლაციის პროცესებზე. ამასთანავე, აკვაკულტურის სუბიექტმა:
ა.ა) უნდა უზრუნველყოს ცოცხალი მოლუსკების სათანადოდ დაცვა დარტყმის, გაბზარვის და ვიბრაციისაგან;
ა.ბ) უნდა უზრუნველყოს ზედმეტად მაღალი და ზედმეტად დაბალ ტემპერატურის ზემოქმედებისაგან დაცვა;
ა.გ) ცოცხალი მოლუსკები განმეორებით არ უნდა მოათავსოს წყალში, რომელიც დამატებით დაბინძურებას გამოიწვევს;
ა.დ) ცოცხალი მოლუსკების ბუნებრივ არეალში კონდიცირებისათვის გამოიყენოს მხოლოდ კლასიფიცირებული წარმოების არეალი;
ბ) სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვილობა უნდა უზრუნველყოფდეს გადაზიდვისათვის ხელსაყრელ პირობებს და გარემოს დაბინძურებისაგან ეფექტურ დაცვას.
2. აკვაკულტურის სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ცოცხალი მოლუსკების რეტრანსლაციას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) რეტრანსლაციისთვის გამოიყენოს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოლუსკებისთვის განსაზღვრული რეტრანსლაციის არეალი, რომლის საზღვრები დაფიქსირებული იქნება ტივტივებით ან სხვა სტაციონალური საშუალებებით. დაბინძურების რისკების მინიმუმამდე შემცირებისათვის რეტრანსლაციის არეალებსა და ასევე წარმოების არეალებს შორის უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მცირე მანძილი;
ბ) რეტრანსლაციის პირობები იყოს ოპტიმალური პურიფიკაციისთვის (გაწმენდისთვის), ამისთვის იგი ვალდებულია:
ბ.ა) რეტრანსლაციის არეალში განათავსოს და გამოიყენოს ისეთი ტექნიკა, რითაც, ბუნებრივ წყალში მოთავსების შემდეგ, უზრუნველყოფილი იქნება მოლუსკებისათვის ფილტრაციის გზით კვების განახლება;
ბ.ბ) არ დაუშვას მოლუსკების ისეთი სიმჭიდროვით განთავსება, რაც ხელს შეუშლის მათ პურიფიკაციას (გაწმენდას);
ბ.გ) მოლუსკები განათავსოს ზღვის წყლის რეტრანსლაციის არეალში საჭირო დროის განმავლობაში, წყლის ტემპერატურის შესაბამისად, არანაკლებ ორი თვის განმავლობაში. შესაძლებელია, უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით, რეტრანსლაციის პერიოდი შემცირდეს;
ბ.დ) უზრუნველყოს რეტრანსლაციის არეალის საზღვრებში ცალკეულ ადგილების საკმარისი მანძილით განცალკევება, რათა არ მოხდეს სხვადასხვა პარტიის შერევა. აუცილებელია გამოყენებული იქნას სისტემა - „ყველაფერი შიგნით, ყველაფერი გარეთ“, რომლის მიხედვითაც, ახალი პარტია შეტანილი უნდა იქნეს მხოლოდ წინა პარტიის სრულად ამოჭერის შემდეგ.
3. აკვაკულტურის სუბიექტი, რომელიც ფლობს რეტრანსლაციის არეალს, ვალდებულია აწარმოოს მუდმივი რეესტრი მოლუსკების წარმოშობის, რეტრანსლაციის არეალში მათი განთავსების პერიოდის, გამოყენებული რეტრანლაციის არეალის, ასევე რეტრანსლაციის არეალში დაყოვნების შემდეგ პარტიის შემდგომი დანიშნულების ადგილის შესახებ.
4. აკვაკულტურის სუბიექტმა, რომელიც ახორციელებს პურიფიკაციას, უნდა უზრუნველყოს პურიფიკაციის (გაწმენდის) ცენტრის შენობის განთავსება ისეთ ადგილზე, რომელიც დაცული იქნება წყლის მოქცევით ან ახლომდებარე ადგილებიდან ჩამდინარე წყლებით დატბორვისაგან.
5. აკვაკულტურის სუბიექტი, რომელიც ახორციელებს პურიფიკაციას, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:
ა) პურიფიკაციის ცენტრში არსებული წყლის რეზერვუარების და ავზების შიდა ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, გამძლე, წყალგაუმტარი და ადვილი გასაწმენდი;
ბ) წყლის რეზერვუარებისა და ავზების კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს წყლის სრულად დაცლის შესაძლებლობას;
გ) წყლის მისაწოდებელი საშუალებები ისე უნდა იქნეს განლაგებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული მიწოდებული წყლის დაბინძურება;
დ) პურიფიკაციის (გაწმენდის) ცენტრში რეზერვუარები უნდა შეესაბამებოდეს იმ პროდუქტის ტიპსა და მოცულობას, რომელიც უნდა იქნეს გაწმენდილი;
ე) ცოცხალი მოლუსკები პურიფიკაციამდე (გაწმენდამდე) უნდა გაირეცხოს სუფთა წყლით შლამისა და დაგროვილი ნარჩენებისაგან;
ვ) პურიფიკაციის (გაწმენდის) სისტემამ უნდა უზრუნველყოს მოლუსკებში ფილტრაციის გზით კვების სწრაფად განახლება და შენარჩუნება, ჩამდინარე წყლებით გამოწვეული დაბინძურების მოცილება, ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილება, ასევე გაწმენდის დასრულებისას მათი ცოცხლად შენახვა;
ზ) გასაწმენდი მოლუსკების რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს პურიფიკაციის (გამწმენი) ცენტრის შესაძლებლობას. მათი გაწმენდა უნდა მოხდეს უწყვეტად, იმ დროის განმავლობაში, რაც საკმარისი იქნება ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;
თ) იმ შემთხვევაში, თუ პურიფიკაციის (გაწმენდის) რეზერვუარში განთავსებულია მოლუსკების რამოდენიმე პარტია, ისინი უნდა მიეკუთვნებოდნენ ერთსა და იმავე სახეობას, მათი დამუშავების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს პარტიის პურიფიკაციისათვის (გაწმენდისათვის) საჭირო ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს;
ი) რეზერვუარების კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება პურიფიკაციის (გაწმენდის) სისტემაში მოლუსკების მოსათავსებლად, უნდა იყოს ისეთი, რომ მასში ხდებოდეს ზღვის სუფთა წყალის გადინება. ხოლო მოლუსკების ფენებმა ხელი არ უნდა შეუშალონ გაწმენდის დროს საგდულის გახსნას;
კ) დაუშვებელია რეზერვუარში, რომელშიც მოთავსებულია გასაწმენდი მოლუსკები, კიბოსნაირების, თევზებისა ან სხვა ზღვის სახეობების მოთავსება.
6. აკვაკულტურის სუბიექტმა, რომელიც მოლუსკებს განათავსებს ბაზარზე ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის, უნდა უზრუნველყოს, რომ მოლუსკები აკმაყოფილებდნენ ჯანმრთელობის შემდეგ სტანდარტებს:
ა) ორგანოლეპტიური მახასიათებლები უნდა მიუთითებდეს სიახლესა და სიცოცხლისუნარიანობაზე, მათ შორის, ნიჟარა უნდა იყოს სუფთა, დაკაკუნებისას ადექვატური საპასუხო რეაქციითა და საგდულის ღრუს სითხის ნორმალური მოცულობით;
ბ) მათში ზღვის ბიოტოქსინების რაოდენობა (მოლუსკის მთლიან სხეულში ან ცალკე, საკვებად ვარგის ნაწილში) არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ ზღვრებს:
ბ.ა) დამადამბლავებელი შხამისათვის (paralytic shellfish poison (PSP)) – 800 მიკროგრამი კილოგრამზე;
ბ.ბ) ამნეზიის გამომწვევი შხამისათვის (amnesic shellfish poison (ASP)) – 20 მილიგრამი ნეიროტოქსინი - დომოუმის მჟავა (C15H21 NO6) კილოგრამზე;
ბ.გ) ოკადიუმის მჟავა, დინიფიზისტოქსინი და პექტენოტოქსინის ჯამური რაოდენობა - ოკადიუმის მჟავის 160 მიკროგრამ/ ექვივალენტი კილოგრამზე;
ბ.დ) ესოტოქსინისთვის - 3,75 მილიგრამ/ეკვივალენტი ესოტოქსინისა კილოგრამზე;
ბ.ე) აზასპირინის მჟავისათვის - 160 მილიგრამ/ეკვივალენტი კილოგრამზე.
7. აკვაკულტურის სუბიექტმა, რომელიც მოლუსკებს განათავსებს ბაზარზე ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, უნდა უზრუნველყოს, რომ მოლუსკები აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებს.
მუხლი 18🔗. აკვაკულტურის ცხოველის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. აკვაკულტურის ცხოველის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ცხოველთა კეთილდღეობის დაცვით და გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) უზრუნველყოფილი იქნეს აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის დაცვა;
ბ) ტრანსპორტირების დროს რეზერვუარში არსებულ წყალში შენარჩუნებული უნდა იქნეს ჟანგბადის სათანადო დონე და წყლის სათანადო ტემპერატურა;
გ) მინიმუმამდე უნდა იქნეს შემცირებული სტრესის გამომწვევი სხვა ფაქტორები;
დ) წყლის გამოცვლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ წარმოიქმნას აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობის საფრთხე.
2. აკვაკულტურის ცხოველი, ბაზარზე განთავსების მიზნით ტრანსპორტირებისას, ექვემდებარება ცხოველთა ჯანმრთელობის (ვეტერინარულ) სერტიფიცირებას.
მუხლი 19🔗. მიკვლევადობა
აკვაკულტურის სუბიექტი, როგორც ბიზნესოპერატორი, ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის განკუთვნილი აკვაკულტურის პროდუქციის მიკვლევადობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მიკლვევადობის სისტემისთვის მან უნდა აწარმოოს სათანადო ჩანაწერები:
ა) აკვაკულტურის მოშენებასთან, წარმოების საშუალებებთან, ასევე ცხოველის საკვებთან, გასამრავლებელ მასალასთან, და სხვ. დაკავშირებით;
ბ) ვეტერინარული პრეპარატებისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით;
გ) გამოყენებულ საკვები დანამატების, ქიმიური საშუალებების ტიპის, კონცენტრაციის, დოზირების და მათი გამოყენების საფუძვლების შესახებ;
დ) აკვაკულტურის ცხოველების და აკვაკულტურის პროდუქციის ყველა გადაადგილების შესახებ, რომელიც საშუალებას უნდა იძლეოდეს შესაძლებელი იქნეს აკვაკულტურის ცხოველების წარმოშობისა და დანიშნულების ადგილის მიკვლევა.
მუხლი 20🔗. მოთხოვნები ვეტერინარული პრეპარატებისა და სამკურნალო საშუალებების მიმართ
1. აკვაკულტურაში გამოსაყენებელი ვეტერინარული პრეპარატები და სხვა სამკურნალო საშუალებები რეგისტრირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2. ბიზნეოპერატორი ვალდებულია ადამიანის სურსათად (როგორც გადამუშავებული, ასევე გადაუმუშავებელი) მოხმარებისთვის ბაზარზე განათავსოს მხოლოდ:
ა) აკვაკულტურის ის პროდუქცია, რომელიც არ შეიცავს ნარჩენებს, რომელთა შემცველობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურად დაშვებულ ზღვარს;
ბ) აკვაკულტურის ის პროდუქცია, კვალის სახით არ შეიცავს აკრძალული ნივთიერებას (სუბსტანციას) და საშუალებებს;
გ) აკვაკულტურის ცხოველი, რომლის მიმართ არ იქნა გამოყენებული აკრძალული ნივთიერება (სუბსტანცია) და საშუალებები, ან რომელსაც არ გაუვლია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრძალული მკურნალობა;
დ) აკვაკულტურის ცხოველი, რომლის მიმართ გამოყენებული იქნა ნებადართული ნივთიერებები და საშუალებები, და შესაბამისად გასულია ამ ნივთიერების (სუბსტანციის) და საშუალების ორგანიზმიდან გამოდევნის ვადები.
3. აკვაკულტურაში გამოსაყენებელი ვეტერინარული პრეპარატები და სხვა სამკურნალო საშუალებები შენახული და გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 21🔗. დაცლასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. მასობრივი დაავადებების გავრცელების შემთხვევაში დასაშვებია მოხდეს კონკრეტული მეურნეობის ფერმის დაცლა. აკვაკულტურის ცხოველთა დაავადებების მართვისთვის, აკვაკულტურის სუბიექტმა უნდა განახორციელოს ფერმის დაცლა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა) ფერმის დაცლა დაწყებული უნდა იქნეს საეჭვო დაავადებაზე ამთვისებელი აკვაკულტურის ცხოველებისგან ან იმ სხვა ცხოველებისაგან დაცლით, რომელთაც შეუძლიათ გაავრცელონ დაავადების აგენტი;
ბ) სადაც ეს შესაძლებელია, უნდა მოხდეს წყლისაგან დაცლა, რომელშიც ბინადრობდა ინფიცირებული ჯოგი;
გ) დაბინძურებული მოწყობილობები ან სხვა მასალები, ან მასალები და მოწყობილობები, რომლითაც შესაძლებელია სხვა გზით მოხდეს ინფექციის გავრცელების დაჩქარება, უნდა იქნეს მოცილებული ან დაექვემდებაროს დეზინფექციის სათანადო პროცედურებს;
დ) დაცლის ხანგძლივობა უფლებამოსილი ორგანოს მიერ განისაზღვრება რისკზე დაფუძნებული აკვაკულტურის ცხოველთა ჯანმრთელობის ზედამხედველობის სქემის მიხედვით, წარმოების ტიპის შესაბამისად, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოში დაავადების გამომწვევის სიცოცხლისუნარიანობის უნარი, იმ დონემდე, რომ გამოირიცხოს აკვაკულტურის ფერმის განმეორებითი ინფიცირება.
2. დაცლის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ადგილობრივი კლიმატური, გეოგრაფიული და ჰიდროლოგიური ფაქტორები.
მუხლი 22🔗. მოცილება და განკარგვა
1. აკვაკულტურის ცხოველები, რომელთაც არ მიუღწევიათ კომერციული ზომისთვის და არ ამჟღავნებენ დაავადების ნიშნებს, შესაბამის ვადაში, პროდუქციის ტიპის და რისკის გათვალისწინებით, უნდა იქნენ მოცილებულნი და განკარგულნი უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ.
2. აკვაკულტურის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განადგურება და განკარგვა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონის – „ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 23🔗. შევსება/დათევზიანება/ინტროდუქცია
1. დაუშვებელია აკვაკულტურის სუბიექტის მიერ ნებისმიერ სტადიაზე მყოფი წყლის ცხოველით შევსება/დათევზიანება/ინტროდუქცია ფერმაში, რომელიც დაექვემდებარა სავალდებულო დაცლას, ვიდრე არ იქნება გასული უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დაცლის პერიოდი.
2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაცლის შემდგომი ზედამხედველობის ინტენსივობა უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივ პირობებსა და დაავადების ტიპს.
მუხლი 24🔗. სხვა მოთხოვნები აკვაკულტურის საქმიანობის მიმართ
აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებულ მოთხოვნები ბაზარზე განთავსების, იმპორტის და ტრანზიტის დროს, აკვაკულტურის ცხოველების დაავადებების შესახებ მინიმალური პრევენციული ღონისძიებები, ასევე მინიმალური კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც გატარებული უნდა იქნეს წყლის ცხოველებში ზოგიერთ დაავადებებზე ეჭვის არსებობისას ან აფეთქების დროს, რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N594 დადგენილებით - „აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 25🔗. აკვაკულტურის ბიოწარმოების სპეციფიკური წესები
1. აკვაკულტურის ბიოწარმოება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ბიოწარმოების წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
2. დაუშვებელია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის განკუთვნილი აკვაკულტურის პროდუქციის ეტიკეტზე, ნიშანდებაზე, რეკლამაში ან/და კომერციულ დოკუმენტში ტერმინების „ბიოლოგიური“, „ორგანული“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“ ან მსგავს სიტყვათა ნებისმიერი კომბინაციის, აბრევიატურის, სიმბოლოს, სავაჭრო ნიშნის, ან/და ლოგოს გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ აკვაკულტურის პროდუქციის წარმოება არ ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბიოწარმოების წესების შესაბამისად.
მუხლი 26🔗. ეკოლოგიური მონიტორინგი
1. საზღვაო წყლებსა და შიდა წყლებში − წყალსატევებში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში, აგრეთვე ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას ხორციელდება ეკოლოგიური მონიტორინგი.
2. ეკოლოგიური მონიტორინგის მიზანია წყლის ეკოსისტემების და ზედაპირული წყლის ხარისხის დაცვა.
3. ეკოლოგიური მონიტორინგის ფარგლებში ხორციელდება:
ა)აკვაკულტურის სუბიექტის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასება;
ბ) რისკების შეფასება და შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების შემუშავება.
მუხლი 27🔗. ეკოლოგიური მონიტორინგის განხორციელების პერიოდულობა
1. ეკოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება საქმიანობის დაწყებიდან პირველ და საქმიანობის დაწყების შემდეგ ყოველ წელს, არანაკლებ 2 სეზონის განმავლობაში.
2. ეკოლოგიური მონიტორინგის განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 28🔗. ეკოლოგიური მონიტორინგის განხორციელების პროცესში შესაფასებელი კომპონენტები
1. ეკოლოგიური მონიტორინგის დროს მოწმდება:
ა) წყლის ხარისხობრივი პარამეტრები, „საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №425 დადგენილების შესაბამისად;
ბ) ევტროფიკაციის დონე;
გ) ფსკერული დანალექები, მათ შორის,, pH, აზოტის საერთო ოდენობა (mg/g), ფოსფორის საერთო ოდენობა (mg/g), ნარჩენების მონიტორინგის მიზნით საზღვაო მეურნეობის სიახლოვეს ფსკერის ვიზუალური დათვალიერება;
დ) ფსკერული ჰაბიტატის (მაკრობენთოსური) თანასაზოგადოება;
2. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს ნიმუშების აღებამდე ერთი თვით ადრე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხარისხობრივი მაჩვენებლების პარამეტრების შეთანხმების მიზნით. ნიმუშების გამოკვლევის შედეგები დაუყოვნებლივ წარედგინება სააგენტოს შეფასებისათვის. ნიმუშების გამოკლევა ტარდება საქმიანობის სუბიექტის ხარჯით.
3. ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობისას ეკოლოგიური მონიტორინგი დამატებით მოიცავს იქთიოფაუნისა და ასოცირებული ჰიდროფაუნის შეფასებას.
4. მონიტორინგის შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიეწოდება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანო(ებ)ს.
მუხლი 29🔗. აკვაკულტურის კონსტრუქციის ადგილმონაცვლეობა
1. ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგად აკვაკულტურის სუბიექტი შეიძლება დაექვემდებაროს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების ჩასმის სიმჭიდროვის შემცირებას, სხვადასხვა კონსტრუქციულ და ტექნოლოგიური ცვლილებებს, მათ შორის, საზღვაო წყლებსა და შიგა წყალსატევებში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციების სავალდებულო ადგილმონაცველობას.
2. მონიტორინგის შედეგად ნებართვის მფლობელს დროულად ეცნობება დაბინძურების ან მოსალოდნელი დაბინძურების/ბუნებრივი მოვლენის შესახებ, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს დამაზიანებელი ან გამანადგურებელი შედეგი აკვაკულტურისათვის გამოყოფილ ზონაზე და აკვაკულტურის ობიექტებზე/ორგანიზმებზე. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ იღებს წყლის სინჯებს რათა განისაზღვროს აკვაკულტურის საქმიანობის გაგრძელების, წარმოებული პროდუქტების მოხმარების შესაბამისობის განსაზღვრის ან/და მათი გაყიდვის/ბაზარზე განთავსების აკრძალვის უზრუნველყოფის მიზნით.
3. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებაში, მიაწოდოს მას კვლევისთვის აუცილებელი მასალა (მათ შორის, საჭირო რაოდენობით აკვაკულტურის ობიექტები) და ინფორმაცია, დაუშვას სააგენტოს თანამშრომლები მის მფლობელობაში არსებული აკვაკულტურის კონსტრუქციებთან.
მუხლი 30🔗. წყლის ბიომრავალფეროვნების დაცვა აკვაკულტურის განვითარების/წარმოების შედეგად მოსალოდნელი ზიანისაგან
1. აკვაკულტურის წარმოების ყველა შემთხვევაში, აკვაკულტურის სუბიექტის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ზომების გატარება, საქმიანობის შედეგად წყლის ბიომრავალფეროვნებაზე:
ა) უცხო და ინვაზიური სახეობების ზედაპირულ წყალსატევში მოხვედრის შედეგად მოსალოდნელი ზიანის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით;
ბ) წყალსატევის დაბინძურების, ასევე მასში აკვაკულტურის პროცესში წამოქმნილი ნივთიერებებისა და ნარჩენების მოხვედრის შედეგად მოსალოდნელი ზიანის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით;
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და სააგენტო, კომპეტენციის შესაბამისად.
მუხლი 31🔗. გარდამავალი დებულება
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები არ ვრცელდება აკვაკულტურის სუბიექტებზე, რომლებიც საქმიანობას ახორციელებდნენ და ახორციელებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე.
მუხლი 32🔗. პასუხისმგებლობა
ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.