ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 05.07.2021
ძალაში შესვლა 05.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს
სახელით
ნომერი №190/5
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016646
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2021
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით | არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით |
| პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი | გენერალ-ლეიტენანტი საიფ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი პრემიერ მინისტრის მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის
დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“;
სურთ რა, განავითარონ მათ შორის მეგობრობა და თანამშრომლური კავშირები და ხელი შეუწყონ უსაფრთხოების შენარჩუნებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში მათი თანამშრომლობის გაძლიერებას;
აცნობიერებენ რა ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა ფორმის დანაშაულების საფრთხეს, რომელიც საფრთხეს უქმნის ორივე ქვეყნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას;
ითვალისწინებენ რა მათ სახელმწიფოებში მოქმედ შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და მათი საერთაშორისო ვალდებულებების სათანადო პატივისცემას;
ხელმძღვანელობენ რა თანასწორობის, ნაცვალგებისა და ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებით;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მიზანი
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი (შემდგომში წოდებული როგორც „მემორანდუმი“) მიზნად ისახავს მხარეთა კომპეტენციების ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას, ხელშეწყობასა და გაძლიერებას. განსაკუთრებით, ყურადღება ეთმობა პოლიციის სფეროში თანამშრომლობას, გამოცდილების გაცვლასა და საპოლიციო საქმიანობის სფეროებში შესაძლებლობების განვითარებას.
მუხლი 2🔗
თანამშრომლობის ფარგლები
მხარეები, მოქმედებენ რა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მათ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად, ითანამშრომლებენ წინამდებარე მემორანდუმის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
თანამშრომლობის სფეროები
ყველა ფორმის დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მხარეები ითანამშრომლებენ ინფორმაციის გაცვლაში, განსაკუთრებით კი შემდეგი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში:
a. ადამიანისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული;
b. ორგანიზებული დანაშაულები;
c. იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების და ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა სახიფათო მასალების უკანონო წარმოება, ბრუნვა და ფლობა;
d. ადამიანით ვაჭრობა;
e. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორების უკანონო ბრუნვა;
f. კიბერდანაშაული;
g. ოფიციალური და სამართლებრივი დოკუმენტების გაყალბება;
h. კულტურული ნიმუშების გატაცება;
i. სატრანსპორტო საშუალებების გატაცება;
j. მხარეებს შორის ორმხრივად შეთანხმებული ნებისმიერი სხვა დანაშაული.
მუხლი 4🔗
თანამშრომლობის ფორმები
1. წინამდებარე მემორანდუმის განხორციელების მიზნით, მხარეები მათ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ითანამშრომლებენ ინფორმაციის გაცვლის მეშვეობით შემდეგ სფეროებში:
დანაშაულები, რომლებიც მზადდება, რომ ჩადენილ იქნეს ან ის დანაშაულები, რომლებიც უკვე ჩადენილ იქნა;
ძებნილი პირები და ის პირები, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან;
ახალი დანაშაულებრივი მეთოდები, რომლებიც გამოიყენება დანაშაულების ჩასადენად და დანაშაულთან ბრძოლის ახალი ხერხები;
ნარკოტიკული საშუალებებითა და ფსიქოტროპული ნივთიერებებით ვაჭრობა და სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადატანა, ასევე მათში ჩართული ეჭვმიტანილი პირები ან დანაშაულებრივი ჯგუფები; საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების და მათი პრეკურსორების სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადატანისას; შენიღბვის მეთოდები და საზღვარზე უკანონო გადატანისათვის გამოყენებული მარშრუტები; ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ახალი სახეობები; მასალები, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებების დამზადებისათვის და თანამედროვე ხერხები, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებების დამზადებისა და წარმოებისათვის, ასევე, ხერხები და თანამედროვე მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოვლენისა და გამოკვლევისათვის;
კონტროლირებული მიწოდების გამოყენება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი დამზადებისას გამოყენებადი ნივთიერებების და ნებისმიერი სხვა აკრძალული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის გამოვლენის მიზნით;
ტექნოლოგიური სისტემები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტის გზები;
აუცილებელი სამეცნიერო, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული გამოცდილება;
სასწავლო და საგანმანათლებლო პროგრამები, კურსები, სემინარები და ხელშეწყობა კონფერენციებში, შეხვედრებში, გამოფენებში და სიმპოზიუმებში, რომლებიც ტარდება ორივე მხარის მიერ, ასევე საველე ვიზიტები;
სამართლებრივი ტექსტები და კანონმდებლობა, ასევე, სამეცნიერო კვლევები;
საუკეთესო პრაქტიკა უსაფრთხოებისა და საპოლიციო სფეროებში;
კიბერდანაშაულის გამოძიებაში ტრენინგი;
ქსელების მეშვეობით ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ დანაშაულებთან ბრძოლა;
შესაბამის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრებში თანამშრომლობა და კოორდინაცია;
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
უსაფრთხოება სპორტულ ღონისძიებებზე და ბუნტის საწინააღმდეგო აქტივობები.
2. მხარეთა შორის შესაძლებელია განხორციელდეს თანამშრომლობა სხვა ერთობლივად შეთანხმებული ფორმებით.
მუხლი 5🔗
სამომავლო თანამშრომლობა
წინამდებარე მემორანდუმი ხელს არ უშლის მხარეებს, განსაზღვრონ და განავითარონ თანამშრომლობის სხვა ფორმები წინამდებარე მემორანდუმის მე-2 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 6🔗
თანამშრომლობის მოთხოვნა
1. წინამდებარე მემორანდუმის დებულებების შესაბამისად, თანამშრომლობა განხორციელდება ერთ–ერთი მხარის მოთხოვნის ან ინიციატივის საფუძველზე.
2. თანამშრომლობის ოფიციალური მოთხოვნა უნდა შედგეს წერილობით, თუმცა გადაუდებელ შემთხვევებში ის შეიძლება გადაიცეს ფაქსით ან ორმხრივად შეთანხმებული კომუნიკაციის ნებისმიერი უსაფრთხო საშუალებით, იმის გათვალისწინებით, რომ ის დადასტურდება ოფიციალური მოთხოვნით 3 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება ნებისმიერი ეჭვი მოთხოვნის აუთენტურობასთან ან შინაარსთან დაკავშირებით, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მისი დამატებითი დადასტურება.
3. თანამშრომლობის ოფიციალური მოთხოვნები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მოთხოვნის წარმდგენი ორგანოს დასახელება და მოთხოვნის მიმღები ორგანოს დასახელება, თუ ის ცნობილია;
საქმის ფაქტები და დეტალები;
მოთხოვნის მიზანი და მიზეზები;
მოთხოვნილი თანამშრომლობის აღწერა;
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება სათანადოდ დაეხმაროს თანამშრომლობის მოთხოვნის შესრულებას.
4. თანამშრომლობის ოფიციალურ მოთხოვნას ხელი უნდა მოაწეროს და ბეჭედი უნდა დაარტყას მოთხოვნის წარმდგენი ორგანოს უფროსმა ან მისმა მოადგილემ.
მუხლი 7🔗
მოთხოვნაზე უარი
1. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი წინამდებარე მემორანდუმის შესაბამისად წარდგენილი ნებისმიერი მოთხოვნის შესრულებაზე, თუ ასეთი მოთხოვნის შესრულება ზიანს მიაყენებს მისი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან ნებისმიერ სხვა ეროვნულ ინტერესს ან თუ იგი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ან საერთაშორისო ვალდებულებებს.
2. თანამშრომლობის მოთხოვნაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ ქმედება, რომელთან დაკავშირებითაც გაიგზავნა მოთხოვნა, არ არის დასჯადი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს უარის მიზეზები.
მუხლი 8🔗
მოთხოვნის შესრულება
1. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა გაატაროს აუცილებელი პროცედურები მოთხოვნის გადაუდებელი და სრული შესრულების უზრუნველსაყოფად. მოთხოვნის წარმდგენ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მოთხოვნის შესრულებას ან გამოიწვიოს მისი გაჭიანურება.
2. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ მოთხოვნის შესასრულებლად.
3. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ, თუ არსებობს ამის მიზეზი, შეიძლება გადადოს მოთხოვნის შესრულება ან განსაზღვროს მისი შესრულების კონკრეტული პირობები. თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარე ეთანხმება ასეთ პირობებს, მან უნდა დაიცვას ისინი.
4. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ მოთხოვნის წარმდგენი მხარის მოთხოვნის შემდეგ უნდა გაატაროს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა უზრუნველყოს მოთხოვნის, მისი შინაარსისა და მისი დანართების კონფიდენციალურობა, ასევე, განხორციელებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული ფაქტის კონფიდენციალურობა. თუ შეუძლებელია მოთხოვნის შესრულება კონფიდენციალურობის შენარჩუნების გარეშე, მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა აცნობოს ამის შესახებ მოთხოვნის წარმდგენ მხარეს, რომელიც შემდგომში მიიღებს გადაწყვეტილებას, მისაღებია თუ არა მოთხოვნის შესრულება ასეთი პირობებით.
5. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს მოთხოვნის შესრულების შედეგი.
მუხლი 9🔗
მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოყენების წესები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა
1. მხარეები არ დართავენ ნებას, წინამდებარე მემორანდუმის შესაბამისად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი, მათ შორის, პერსონალური მონაცემები გამოყენებულ ან გამჟღავნებულ იქნეს იმ სხვა მიზნებისთვის, რომლებიც არ არის მითითებული მოთხოვნაში, მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
2. ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, რომლებიც მოპოვებულია ერთ-ერთი მხარის მიერ, არ შეიძლება გადაეცეს რომელიმე მესამე მხარეს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
3. გამგზავნმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ პერსონალური მონაცემები არის სწორი და განახლებული. თუ გამოვლინდება, რომ გადაცემული მონაცემები არ არის სწორი, გამგზავნმა მხარემ უნდა აცნობოს ამის შესახებ მიმღებ მხარეს. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის სწორი ან განახლებული, ან თუ მათი გადაცემა არ იყო ნებადართული, მიმღებმა მხარემ უნდა შეასწოროს და განაახლოს, ან გაანადგუროს ისინი და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამგზავნ მხარეს.
4. მიმღებმა მხარემ უნდა გაანადგუროს მისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემები მაშინვე, როდესაც ის მიზანი, რისთვის გადაცემულ იქნა პერსონალური მონაცემები, არის მიღწეული.
5. მიმღები მხარე პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებაზე. მან უნდა მიიღოს სათანადო ზომები, რათა დაცულ იქნეს პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან, შეგროვებისგან, უკანონო გამოყენების ნებისმიერი სხვა ფორმისგან და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისგან.
მუხლი 10🔗
ხარჯები
მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა გაიღოს წინამდებარე მემორანდუმის შესაბამისად თანამშრომლობის მოთხოვნის შესრულების ორდინალური ხარჯები. თუ ამგვარი მოთხოვნის შესრულება მოითხოვს განსაკუთრებულ ხარჯებს, მხარეებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია, რათა დაადგინონ ის პირობები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მოთხოვნილი თანამშრომლობა.
მუხლი 11🔗
ენა
წინამდებარე მემორანდუმის შესაბამისად თანამშრომლობის მოთხოვნა შედგენილი იქნება ქართულ და არაბულ ენებზე ინგლისურ თარგმანთან ერთად, ან ინგლისურ ენაზე.
მუხლი 12🔗
თანამშრომლობისთვის კომპეტენტური ორგანოები
1. წინამდებარე მემორანდუმის განხორციელების მიზნით, თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს შემდეგი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის:
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი;
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი.
არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის:
ფედერალური კრიმინალური პოლიციის გენერალური ადმინისტრაცია;
საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი.
2. ზემოაღნიშნული ორგანოების ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ერთმანეთს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
3. მხარეებმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოახდინონ შესაბამისი დანაყოფების იდენტიფიცირება, რათა ჩამოაყალიბონ პირდაპირი საკონტაქტო პუნქტები და საკომუნიკაციო არხები.
მუხლი 13🔗
შეხვედრები და კონსულტაციები
ორივე მხარის წარმომადგენლებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ გამართონ შეხვედრები და კონსულტაციები წინამდებარე მემორანდუმის განხორციელების თაობაზე.
მუხლი 14🔗
დავების მოგვარება
ყველა დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის წინამდებარე მემორანდუმის განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მეგობრულად ორივე მხარეს მიერ კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 15🔗
სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან ურთიერთობა
1. წინამდებარე მემორანდუმი ზიანს არ აყენებს მხარეთა შორის სამართლებრივ და სასამართლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას ექსტრადიციასა და სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარებასთან დაკავშირებით.
2. წინამდებარე მემორანდუმი ზიანს არ აყენებს მხარეთა უფლებებს ან ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს იმ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთა მხარეებიც ისინი არიან.
მუხლი 16🔗
ძალაში შესვლა, მოქმედების შეწყვეტა და ცვლილებები და დამატებები
1. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
2. წინამდებარე მემორანდუმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
3. წინამდებარე მემორანდუმის მოქმედება შეიძლება შეწყდეს თითოეული მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების გზით. მემორანდუმის მოქმედება შეწყდება მეორე მხარის მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. თუმცა, დახმარება, რომელიც დაწყებულია, გაგრძელდება და დარეგულირდება ამ მემორანდუმით, მის დასრულებამდე.
ამის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერებმა, რომლებიც არიან თავიანთი შესაბამისი სამინისტროების მიერ სათანადოდ უფლებამოსილნი, მოაწერეს ხელი წინამდებარე მემორანდუმს.
შესრულებულია დისტანციურად ქ. თბილისში და ქ. აბუ-დაბიში, 2021 წლის 5 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს
სახელით
არაბთა გაერთიანებული
საემიროების შინაგან საქმეთა
სამინისტროს სახელით
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი
ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი
გენერალ-ლეიტენანტი
საიფ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი
პრემიერ მინისტრის მოადგილე და
შინაგან საქმეთა მინისტრი