„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№52/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.018052
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №52/ნ

2021 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N335-IVმს-Xმპ; 16/03/2021) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის № 125/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016645) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სასწავლო უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (შემდგომ –სამინისტრო)).“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი

სასწავლო უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტრო.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სასწავლო უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან, აგრეთვე პროფესიული განათლების ცენტრისაგან და სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისაგან (ადმინისტრაცია).“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების და პროფესიული განათლების ცენტრის დებულებებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;“.

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) შეიმუშავებს სასწავლო უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;“.

6. 35-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს მინისტრი;

თ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;  საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ  საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;“.

ბ) მე-9 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 41-ე მუხლის მე-2-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სასწავლო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ახორციელებს სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს სასწავლო უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სამინისტროს თანხმობით, სასწავლო უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სასწავლო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლო უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

5. სასწავლო უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5​​1. სასწავლო უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია სამინისტროს თანხმობით, ისე რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, სასწავლო უნივერსიტეტის სპეციფიკასთან დაკავშირებულ სამეწარმეო/არასამეწარმეო საქმიანობას.“.

8. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 43.  სასწავლო უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება

სასწავლო უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. სასწავლო უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“.

9. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით.“.

10. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წესდებაში ცვლილების პროექტს შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი