შპს „გ.ტ გრუპის“ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2021 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
მოსამართლე ნინო ენუქიძე
(330210321004768853)
წარმომადგენლები თამარ ცაგურიშვილი
გიგა სულაქველიძე
მოთხოვნა შპს „გ.ტ გრუპის“ მიმართ
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „გ.ტ გრუპის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2021 წლის 24 ივნისს შპს „გ.ტ გრუპის“ (ს/ნ 416341319) წარმომადგენლებმა, თამარ ცაგურიშვილმა და გიგა სულაქველიძემ განცხადებით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „გ.ტ გრუპის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „გ.ტ გრუპის“ ძირითადი საქმიანობა იყო გაზგასამართი სადგურის ოპერირება. კომპანიამ თითქმის ერთი წელია შეწყვიტა ფუნქციონირება. მისი ვალდებულებების ბოლომდე დაფარვა ვერ განხორციელდა. ამჟამად საწარმოს შემოსავალი და ხარჯები არ გააჩნია. კომპანიას ასევე არ აქვს მიმდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობები. განცხადების შეტანის მომენტისთვის შპს „გ.ტ. გრუპს“ აღარ აქვს ინვენტარი, აღარ ჰყავს დასაქმებულები და მისი საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივა არ არსებობს. შპს „გ.ტ. გრუპის“ საქმიანობაზე ნეგატიურად იმოქმედა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით. ამასთან, პროდუქციის ფასის ზრდა შიდა ბაზარზე არ მომხდარა ვალუტათა კურსის ცვლილების პროპორციულად. მოვალე აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მისთვის პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია მოგების ნაცვლად ზარალის მომტანი იყო. ყველა ზემოაღნიშნულმა ფაქტორმა, ასევე ბაზარზე შექმნილმა კრიზისმა განაპირობა მისი კონკურენტუნარიანობის დაკარგვა, მის მიერ ვალდებულებათა შესრულების შეუძლებლობა. კომპანიას, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიზნესის მიმართ ინტერესი აღარ აქვს და სურს გაკოტრება. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა კრედიტორთა ინტერესებს აშკარად არ ეწინააღმდეგება, რადგან კომპანიის რეაბილიტაციის შესაძლებლობა ნულის ტოლია. მოვალეს არ აქვს ქონება, მატერიალური და არამატერიალური აქტივები, არ გააჩნია მოთხოვნები მესამე პირების მიმართ. შპს „გ.ტ გრუპის“ მიმართ მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება.
შპს „გ.ტ გრუპის“ კრედიტორები არიან: სსიპ – შემოსავლების სამსახური, რომლის წინაშე დარიცხული აღიარებული ვალდებულება შეადგენს 5877.51 ლარს, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არაა აღიარებული, შეადგენს 436570.38 ლარს; მალხაზი ჩიჩუა, რომლის მიმართ სახელფასო დავალიანება შეადგენს ხელზე ასაღებ 6000 ლარს; ქეთევან მეტრეველი, რომლის მიმართ სახელფასო დავალიანება შეადგენს ხელზე ასაღებ 4800 ლარს; ბექა მაჭარაშვილი, რომლის მიმართ სახელფასო დავალიანება შეადგენს ხელზე ასაღებ 5700 ლარს.
მოვალის ვალდებულებათა ჯამური ოდენობა ეროვნულ ვალუტაში არის 458947.89 ლარი, საიდანაც 436570.38 ლარი არის აუღიარებელი საგადასახადო მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით განმცხადებელს განესაზღვრა ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 2021 წლის 7 ივლისს შპს „გ.ტ გრუპის“ წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს „გ.ტ გრუპს“ უარი უნდა ეთქვას განცხადების დასაშვებად ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობებით დასტურდება, რომ შპს „გ.ტ გრუპის“ საკუთრება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. მოვალე არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის მიხედვით, შპს „გ.ტ გრუპის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით და ბანკების მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ კომპანიას, საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ერიცხება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ინფორმაციის შესაბამისად შპს „გ.ტ გრუპის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება არ მიმდინარეობს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობის შესაბამისად, მოვალის მონაწილეობით არც ერთი საქმე არ იძებნება.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:
1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.
2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;
ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;
გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;
დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;
ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;
ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:
ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:
თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
განსახილველ შემთხვევაში, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი. ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.
ამდენად, ვინაიდან შპს „გ.ტ გრუპს“ არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ.ტ გრუპს“ (ს/ნ 416341319) უარი ეთქვას გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო ენუქიძე.