საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.07.2021
ძალის დაკარგვა 24.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №40/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016568
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,015 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.07.2021 მიღება
24.02.2023 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №40/2021 2021 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 21-ე მუხლის „დ​1-ე” ქვეპუნქტების, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია: ა) კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები; ბ) გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით: ა) საარჩევნო უბნების შემთხვევით შერჩევისას არ გაითვალისწინება ის საარჩევნო უბნები, სადაც განთავსებული იყო  საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი; ბ) საარჩევნო უბნების გამოვლენის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამავე მუხლის „გ” ქვეპუნქტით დადგენილი წესით; გ) საარჩევნო უბნების გამოვლენის მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნების რაოდენობის შესაბამის ნომრებს, ამ მუხლის „ა” პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო უბნების ნომრების გაუთვალისწინებლად. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.  ფურცლები ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი საარჩევნო უბნების ნომრების წაკითხვა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც სათითაოდ იღებს 5 ფურცელს. გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის ნომრები არის ხელახლა დასათვლელი საარჩევნო უბნები, რომლებიც აისახება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმში. მუხლი 3🔗 საოლქო საარჩევნო კომისიამ ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის შესახებ უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და, მათი სურვილის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება შესაბამისი საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე. მუხლი 4🔗. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით: ა) კენჭისყრის შედეგები შეიძლება ხელახლა დათვლილი იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შერჩეულ სხვა შენობაში; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის გარეთ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის შემთხვევაში, საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქულ მდგომაროებაში ტრანსპორტირებას საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის გარეთ და შემდგომ დაბრუნებას უზრუნველყოფს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; გ) თითოეული საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების  ხელახლა დათვლის პროცესში მთვლელებად მონაწილეობს: გ.ა) შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან წილისყრით განსაზღვრული პირი, რომელიც ავტომატურად ასრულებს პირველი მთვლელის ფუნქციას; გ.ბ) წილისყრით გამოვლენილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული 1 წევრი და პარტიების მიერ დანიშნული 1 წევრი; გ.გ) წილისყრით გამოვლენილი საოლქო საარჩევნო კომისიის ცესკოს მიერ არჩეული 1 წევრი და პარტიების მიერ დანიშნული 1 წევრი; დ) ამ მუხლის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილიყრის ჩატარების მიზნით,  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ. მთვლელის ფუნქციას ასრულებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ის  2 წევრი  (ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული 1 წევრი  და პარტიების მიერ დანიშნული 1 წევრი), რომლებსაც პირველად შეხვდებათ შევსებული ფურცელი. წილისყრა ტარდება საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ, კომისიის წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით და მასში არ მონაწილეობენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. წილისყრით გამოვლენილი მთვლელების რიგითობას განსაზღვრავს ამ მუხლის „გ.ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით შესაძლებელია რამდენიმე საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესი გაიმართოს ერთდროულად და ერთსა და იმავე შენობაში ისე, რომ ხელი არ შეეშალოს თითოეული საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების დათვლას.  კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე დასწრების უფლება აქვს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა წევრს. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით პირველად ითვლება ის მონაცემები, რომელი მონაცემებიც გადასწორებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ, სხვა მონაცემებიც. მუხლი 7🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით მთვლელები კენჭისყრის შედეგებს ითვლიან შემდეგი წესით და თანმიმდევრობით: ა) პირველი მთვლელი: ა.ა) იღებს საარჩევნო ბიულეტენებს; ა.ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობას; ა.გ) აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა; ა.დ) ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს, მესამე სახისას – მეოთხე მთვლელს; ა.ე) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს, საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებსა და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებს გადასცემს მეხუთე მთვლელს. ბ) მთვლელები ცალ-ცალკე აწყობენ: ბ.ა) ბიულეტენებს, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად; ბ.ბ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს; ბ.გ) საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს. გ) საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და კენჭისყრით წყვეტს საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. ნამდვილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს პირველი მთვლელი დებს ნამდვილი ბიულეტენების დასტაში (საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმის მიხედვით), ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს − ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტაში. დ) საარჩევნო ბიულეტენების დათვლა: დ.ა) საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების შემდეგ მთვლელები ცალ-ცალკე ითვლიან: დ.ა.ა) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს; დ.ა.ბ) თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმებს. მუხლი 8🔗 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ესწრებოდეს კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესს. მუხლი 9🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით ხელახლა დათვლის შედეგად მიღებული შედეგები საოლქო კომისიის მდივანს შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმში და კენჭისყრის შედეგების  ხელახლა დათვლის შემდეგ შესაბამისის საარჩევნო დოკუმენტაცია ილუქება შესაბამისი მთვლელების მიერ. მუხლი 10🔗 კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის მონაცემები მტკიცდება საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით. მუხლი 11🔗 საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლისას, იხელმძღვანელოს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. მუხლი 12🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 13🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარაბიძეკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი