სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.08.2021
ძალაში შესვლა 18.08.2021
ძალის დაკარგვა 19.08.2023
გამომცემი ორგანო №
ნომერი №403
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.022958
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (21)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 03100000 |
| 2 | 03200000 |
| 3 | 03300000 |
| 4 | 03441000 |
| 5 | 03451000 |
| 6 | 09110000 |
| 7 | 09210000 |
| 8 | 14200000 |
| 9 | 14820000 |
| 10 | 15100000 |
| 11 | 15300000 |
| 12 | 15400000 |
| 13 | 15500000 |
| 14 | 15600000 |
| 15 | 15800000 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №403
2021 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 18 აგვისტოდან და ძალაშია ამოქმედებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ სახრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) ადგენს სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია საქონლისა და მომსახურების განსახორციელებელი შესყიდვების პროცედურების გამარტივება და სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
2. სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ მიერ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები.
3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
5. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი – სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი“;
ბ) შესყიდვა – შემსყიდველის სახსრებით ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, ამავე წესით განსაზღვრული პროცედურებისა და პირობების შესაბამისად;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;
დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანების შესაბამისად;
ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს გარდა;
ზ) ერთ პირთან მოლაპარაკება – საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი (გამარტივებული) შერჩევა;
თ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა);
ი) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების ელექტრონული შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადების უზრუნველყოფის მიზნებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი);
კ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით გადაიხადა მონაწილეობის საკომისიო;
ლ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც შემსყიდველს აწვდის საქონელს ან/და უწევს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად;
მ) კომისია – შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;
ნ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;
ო) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;
პ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგრად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;
ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი;
რ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია კონკრეტული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესაბამის ველში;
ს) CPV – „შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კლასიფიკატორი;
ტ) წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში, წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში – სახელშეკრულებო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის წარდგენის წესი განისაზღვრება ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად;
უ) ხელმძღვანელი – შემსყიდველის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;
ფ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას ან რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ ან/და შემსყიდველის ინტერესებს ან ქონებას.
მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ამ წესის შესაბამისად შეარჩიოს პრეტენდენტები;
ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, აცნობოს ეს გადაწყვეტილება ყველა პრეტენდენტს. ამ შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:
ა) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, წინადადებების განხილვას, შერჩევასა და შეფასებას;
ბ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოლაპარაკების გამართვას;
გ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;
დ) მიმწოდებლის შერჩევას ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.
3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენდენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია, წერილობით დაადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.
მუხლი 5🔗. შესყიდვების გნხორციელების პრინციპები
1. შესყიდვები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში. ბიუჯეტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება წინა წლის ბიუჯეტის მონაცემები.
2. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს ეტაპობრივად.
მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები და მათი განსაზღვრის წესი
1. შესყიდვის საშუალებებია:
ა) ერთ პირთან მოლაპარაკება;
ბ) ფასთა გამოკითხვა;
გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
2. შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. კომისიის წარდგინებით, ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესყიდვა შეიძლება, განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთის არსებობისას:
ა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტის სავარაუდო ღირებულება ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს;
ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა არის მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლება;
გ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა;
დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან;
ე) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა;
ვ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;
ზ) ხორციელდება არანაკლებ 5 წლის წლოვანების ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.
5. შესყიდვის ობიექტის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ – „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შესყიდვის განხორციელებისას მისი ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას.
6. ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესყიდვა შეიძლება, განხორციელდეს ფასთა გამოკითხვის საშუალებით, თუ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტის სავარაუდო ღირებულება ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს.
7. ფასთა გამოკითხვა უნდა განხორციელდეს წინასწარ შერჩეულ არანაკლებ სამ მომწოდებელთან, რომელთა შერჩევა ხორციელდება მიმწოდებლის საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით და რომელთანაც ფორმდება ჩარჩოხელშეკრულება, რათა ყოველი კონკრეტული შესყიდვის ობიექტის მიწოდებამდე მიმწოდებელი არჩეულ იქნეს ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით. ფასთა გამოკითხვა შესაძლებელია, ჩატარდეს, მათ შორის, ელექტრონული ფოსტით მიმოწერის გზით.
მუხლი 7🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებს ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შემსყიდველის დირექტორი არანაკლებ 3 (სამი) წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველის თანამშრომლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის დირექტორი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება, მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრება, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული სხდომის ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული სხდომის ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი, დამატებული სხდომის ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.
მუხლი 8🔗. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. აპარატის ფუნქციაა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციის და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.
3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.
მუხლი 9🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში – განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.
2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) კალენდარულ დღეს, განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი, კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.
3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადების ნომერი;
ბ) შემსყიდველის დასახელება;
გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;
ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით თუ მის გარეშე;
ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;
თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;
ი) ბიჯის ოდენობა;
კ) CPV;
ლ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა.
4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.
5. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.
6. განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.
მუხლი 10🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა
კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე, შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი, დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
მუხლი 11🔗. წინადადების წარდგენა
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია, წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.
2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.
3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. პრეტენდენტის შეთავაზება უნდა შეიცავდეს ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილ მასალებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
5. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, შემსყიდველის თავისებურებათა გათვალისწინებით.
მუხლი 12🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი
1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.
3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია.
4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვა).
5. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
მუხლი 13🔗. შერჩევა/შეფასება
1. კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ამავე პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელი პრეტენდენტის მიერ ატვირთული ელექტრონული გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში და მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ელექტრონული გარანტიის დედნის წარდგენა.
3. იმ შემთხვევაში, თუ 2 ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.
4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომისას, როგორიცაა არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომელიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.
7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.
8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.
9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.
10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო, ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
მუხლი 14🔗. დისკვალიფიკაცია
1. კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.
2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;
ბ) თუ საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;
დ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
ე) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში არ წარადგენს ელექტრონულ გარანტიას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 15🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება
1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება, აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.
3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 16🔗. ხელშეკრულების გაფორმების წესი
1. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელებას, კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდს, ტექნიკურ პარამეტრებს, ძირითად მახასიათებლებს, რაოდენობას, ერთეულის და მთლიან ღირებულებას (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას – ხელშეკრულების ღირებულებას;
დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადასა და ადგილს;
ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიას ან დაზღვევის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);
ვ) საქონლის, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესს;
ზ) ანგარიშსწორების ფორმას, გრაფიკსა და ადგილს;
თ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის პირობებს;
ი) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას;
კ) ხელშეკრულების დადების სამართლებრივ საფუძველს.
2. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.
3. წერილობითი ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წერილობითი ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;
ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;
გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;
დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.
5. ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია, ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
6. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
7. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე განხორციელებული შესყიდვებისას. ასეთ შემთხვევებში, ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტის დასახელებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას, მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი დასახელება და მისამართი).
8. ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში წერილობითი ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
9. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
10. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გეგმის, გაფორმებული ხელშეკრულების, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა.
მუხლი 17🔗. ელექტრონული გარანტია და საფასური
1. ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის შემსყიდველი.
2. პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს შემსყიდველის მიერ სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ანგარიშზე გადახდილი გარანტია, ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
3. ელექტრონული გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტს, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში – სახელშეკრულებო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტს.
4. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 120 კალენდარულ დღეს წინადადების მიღების დაწყების დღიდან.
5. წინადადების წარდგენისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
6. საფასურის გადახდა ხორციელდება სისტემაში არსებული ავტომატური საშუალებების მეშვეობით.
7. საფასურის გადახდა ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვამდე.
8. ელექტრონული გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების, ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
9. ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:
ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით გამოხატავს უარს ხელშეკრულების გაფორმებაზე;
ბ) პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);
გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
10. საფასურის გადახდის სისტემაში არსებული ავტომატური საშუალებების დროებითი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, საფასურის გადახდა ყოველ კონკრეტულ ტენდერში შესაძლებელია, განხორციელდეს სისტემის გამოყენების გარეშე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) წინასწარი შეთანხმებით. სააგენტოს წინასწარი თანხმობის მიღება ხდება წერილობითი ფორმით ან სააგენტოს ელექტრონული ფოსტის – info@procurement.gov.ge მეშვეობით.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ხდება საფასურის გადახდა სისტემის გამოყენების გარეშე, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შემსყიდველის მიერ წარედგინება სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე – info@procurement.gov.ge.
მუხლი 18🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების შემთხვევაში შემსყიდველი გამოყოფს შესაბამის პირს ან პირთა ჯგუფს (ინსპექტირების ჯგუფი).
2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია:
ა) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი, უფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე დადგენილი მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების შესრულებასთან შესაბამისობის დადასტურება;
ბ) საქონლის ან/და მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება;
დ) ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.
3. უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებელი საქონლის ან/და მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (მომთხოვნის) ხელმძღვანელი შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების მოთხოვნასთან შესაბამისობას ადასტურებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით.
4. შემსყიდველი უფლებამოსილია, აწარმოოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის ინსპექტირება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, სუბკონტრაქტორების მიერ მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ინსპექტირება.
5. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასა და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 19🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
შემსყიდველის სახსრებით შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
№
CPV
დასახელება
1
03100000
სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები
2
03200000
ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული
3
03300000
მეცხოველეობის პროდუქტები, ნანადირევი და თევზჭერის პროდუქტები
4
03441000
დეკორაციული მცენარეები, ბალახი, ხავსი და ხავსურა
5
03451000
მცენარეები
6
09110000
მყარი საწვავი (თხილის ნაჭუჭი)
7
09210000
საპოხი მასალები
8
14200000
ქვიშა და თიხა
9
14820000
მინა
10
15100000
ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები
11
15300000
ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები
12
15400000
ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები
13
15500000
რძის პროდუქტები
14
15600000
დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები
15
15800000
სხვადასხვა საკვები პროდუქტი
16
15900000
სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები
17
18100000
სამუშაო ტანსაცმელი
18
18400000
სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
19
18800000
ფეხსაცმელი
20
19210000
ქსოვილები
21
22300000
ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
22
22800000
ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა საბეჭდი მასალები
23
30160000
მაგნიტური ბარათები
24
30100000
სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები სასტუმრო ნომრებისათვის, კონფერენციებისათვის. კონვერტები გასაღების ჩასადებად
25
30200000
კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები IT სამსახურისთვის
26
31100000
ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
27
31300000
იზოლირებული მავთული და კაბელი
28
31400000
აკუმულატორები, პირველადი ელემენტები და პირველადი ბატარეები
29
31500000
გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
30
31600000
ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
31
32300000
ტელე და რადიოსიგნალის მიმღები და აუდიო- ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი აპარატურა
32
32400000
ქსელები
33
32500000
სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები
34
33100000
სამედიცინო მოწყობილობები
35
33600000
ფარმაცევტული პროდუქტები
36
33700000
პირადი ჰიგიენის საშუალებები
37
34300000
ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისთვის
38
34900000
ტერიტორიაზე მანიშნებლები
39
37500000
სათამაშოები ბავშვთა ოთახისათვის
40
37400000
სპორტული საქონელი და აღჭურვილობა (ინვენტარი)
41
39100000
ავეჯი
42
39200000
ავეჯის აქსესუარები
43
39500000
ქსოვილის ნივთები
44
39700000
საოჯახო ტექნიკა, ყავის აპარატი
45
39800000
საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
46
42500000
გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
47
42913000
ზეთის, ბენზინისა და შემავალი ჰაერის ფილტრები
48
43324100
მოწყობილობები საცურაო აუზისათვის
49
44100000
სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
50
44300000
კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები
51
44400000
სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მასთან დაკავშირებული საგნები
52
44500000
ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები,
ჯაჭვები, ზამბარები/რესორები
53
44600000
ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები. ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
54
44800000
საღებავები, ლაქები და მასტიკები
55
50100000
სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
56
50300000
პერსონალური კომპიუტერებისა და საოფისე აპარატურის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
57
50400000
სამედიცინო და ზუსტი საზომი აპარატურის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
58
50500000
ტურბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების,
ასევე მანქანა-დანადგარების შეკეთება
59
50700000
შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
60
50800000
სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
61
51100000
ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
62
55100000
სასტუმროს მომსახურება
63
55300000
რესტორნისა და კვების საწარმოების მომსახურება
64
60100000
საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
65
63500000
ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების
მომსახურებები
66
71300000
საინჟინრო მომსახურებები
67
79200000
საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები
68
79340000
სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები
69
79500000
მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურება
70
79700000
გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
71
79800000
ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურება
72
79950000
სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ორგანიზება
73
80500000
სატრენინგო მომსახურება
74
90900000
დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება