მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15435-21
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის№ 2/15435-21

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

    გაუქმების შესახებ

27 აგვისტო, 2021 წელი 

ქ.  თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ნინო ენუქიძე

განმცხადებელი     შპს „გ.ტ გრუპ“

წარმომადგენლები თამარ ცაგურიშვილი

                                 გიგა სულაქველიძე

მოთხოვნა  შპს „გ.ტ გრუპის“ მიმართ

                   გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „გ.ტ გრუპის“ გაკოტრებულად გამოცხადების   საკითხი და  გამოარკვია:

2021 წლის 24 ივნისს შპს „გ.ტ გრუპის“ (ს/ნ 416341319)  წარმომადგენლებმა, თამარ ცაგურიშვილმა და გიგა სულაქველიძემ განცხადებით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „გ.ტ გრუპის“   მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

განცხადების მიხედვით შპს „გ.ტ გრუპის“ ძირითადი საქმიანობა იყო გაზგასამართი სადგურის ოპერირება. კომპანიამ თითქმის ერთი წელია შეწყვიტა ფუნქციონირება. მისი ვალდებულებების ბოლომდე დაფარვა ვერ განხორციელდა. საწარმოს შემოსავალი და ხარჯები არ გააჩნია. კომპანიას ასევე არ აქვს მიმდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობები. განცხადების შეტანის მომენტისთვის შპს „გ.ტ. გრუპს“ აღარ აქვს ინვენტარი, აღარ ჰყავს დასაქმებულები და მისი საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივა არ არსებობს. შპს „გ.ტ. გრუპის“ საქმიანობაზე ნეგატიურად იმოქმედა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით. ამასთან, პროდუქციის ფასის ზრდა შიდა ბაზარზე არ მომხდარა ვალუტათა კურსის ცვლილების პროპორციულად. მოვალე აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მისთვის პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია მოგების ნაცვლად ზარალის მომტანი იყო. ყველა ზემოაღნიშნულმა ფაქტორმა, ასევე ბაზარზე შექმნილმა კრიზისმა განაპირობა მისი კონკურენტუნარიანობის დაკარგვა, მის მიერ ვალდებულებათა შესრულების შეუძლებლობა. კომპანიას, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიზნესის მიმართ ინტერესი აღარ აქვს და სურს გაკოტრება. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა კრედიტორთა ინტერესებს აშკარად არ ეწინააღმდეგება, რადგან კომპანიის რეაბილიტაციის შესაძლებლობა ნულის ტოლია. მოვალეს არ აქვს ქონება, მატერიალური და არამატერიალური აქტივები, არ გააჩნია მოთხოვნები მესამე პირების მიმართ. შპს „გ.ტ გრუპის“ მიმართ მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება.

მოვალის ვალდებულებათა ჯამური ოდენობა ეროვნულ ვალუტაში არის 458947.89 ლარი, საიდანაც 436570.38 ლარი არის აუღიარებელი საგადასახადო მოთხოვნა.  მოვალე მიუთითებდა, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების მიხედვით, „გ.ტ გრუპის“ საკუთრება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. მოვალე არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის მიხედვით, შპს „გ.ტ გრუპის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით და ბანკების მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ კომპანიას, საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ერიცხება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ინფორმაციის შესაბამისად შპს „გ.ტ გრუპის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება არ მიმდინარეობს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობის შესაბამისად, მოვალის მონაწილეობით არც ერთი საქმე არ იძებნება.

2021 წლის 14 ივლისის   განჩინებით  შპს „გ.ტ გრუპს“  უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „გ.ტ გრუპის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

2021 წლის 14 ივლისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში  გამოქვეყნდა 2021  წლის 16 ივლისს, ხოლო „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე 2021 წლის 21 ივლისს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, შპს „გ.ტ გრუპ“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის მე-9, მე-19, 48-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ.ტ გრუპ“ (ს/ნ 416341319) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „გ.ტ გრუპის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                                                                                     ნინო ენუქიძე