ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.09.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №447
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.023003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/09/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.09.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ „ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №447
2021 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 129-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფცია“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფცია
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ბაზრის კონცეფციის მიზნები
1. ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფცია (შემდგომში – კონცეფცია) აყალიბებს საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს, რაც მიზნად ისახავს:
ა) ისეთი ბაზრის მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს უწყობს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს განვითარებას და მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ანიჭებს გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრების განვითარების გზით, როგორც საბითუმო, ისე საცალო დონეზე;
ბ) ბაზრის სეგმენტების იდენტიფიცირებას, ვაჭრობისა და ქსელის ეფექტიანი დაბალანსების ხელშეწყობისათვის;
გ) მიწოდების/იმპორტის დომინანტურ წყაროზე დამოკიდებულების შემცირებას ბაზრის განვითარების ხელშეწყობითა და დროებითი ზომების გამოყენების შესაძლებლობით;
დ) მიწოდების უსაფრთხოების, ხარისხისა და კონკურენტული მიწოდების ფასის, აგრეთვე გარემოსდაცვის (მათ შორის, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერისა და კლიმატის), ენერგოეფექტიანობისა და მომხმარებლების დაცვის გზით საერთო ეკონომიკური ინტერესის უზრუნველყოფას;
ე) ბაზრის სუბიექტების როლებისა და ფუნქციების განსაზღვრას;
ვ) ბაზრის ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირების ხელშეწყობას;
ზ) ბაზრის სამიზნე მოდელის ზოგადი მონახაზის, ასევე სამიზნე მოდელზე გადასასვლელად საჭირო დროებითი ღონისძიებების განსაზღვრას;
თ) „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმით აღებული ვალდებულებების შესრულებას.
2. ბაზრის სამიზნე მოდელი, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს გარდამავალ პერიოდში, გულისხმობს თავისუფალ ბაზარს, სადაც მონაწილეები სარგებლობენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით და გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, სამიზნე მოდელი არ გამორიცხავს შეზღუდული ვადით საჯარო მომსახურების ვალდებულების განსაზღვრას, დაკისრებასა და განხორციელებას, საერთო ეკონომიკური ინტერესიდან გამომდინარე.
3. კონცეფციაში გამოყენებულ ტერმინოლოგიას აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში − კანონი) განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. კონცეფციის სახელმძღვანელო პრინციპები
კონცეფციის სახელმძღვანელო პრინციპებია:
ა) კონკურენტული და გამჭვირვალე გარემოს უზრუნველყოფა ბუნებრივი გაზის საბითუმო და საცალო ბაზრებზე;
ბ) ინტერესთა კონფლიქტისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილება;
გ) ბაზარზე ბუნებრივი გაზით ვაჭრობა კონკურენტული საბაზრო მექანიზმებით.
თავი II. ბაზრის სეგმენტები და ოპერირება
მუხლი 3🔗. ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი
1. ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი (შემდგომში − საბითუმო ბაზარი) მოიცავს:
ა) ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარს (მათ შორის, აუქციონის პლატფორმა);
ბ) ბუნებრივი გაზის ბირჟას (ორგანიზებული ბაზარი).
2. ბუნებრივი გაზის ბირჟა არის საბითუმო ბაზრის სეგმენტი, სადაც მონაწილეები, მათ შორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი ბუნებრივ გაზს ყიდულობენ/ყიდიან (მათ შორის, დაბალანსების მიზნით) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ორმხრივი ხელშეკრულებების აუქციონის პლატფორმის მიზანია ბუნებრივი გაზის იმპორტის პროცესის ხელშეწყობა და ბაზრის მონაწილეებისათვის არადისკრიმინაციული და თანასწორი პირობებით ვაჭრობის შესაძლებლობის მიცემა. ორმხრივი ხელშეკრულებების აუქციონის პლატფორმის ფუნქციონირების წესები უნდა შემუშავდეს ბაზრის ოპერატორის მიერ, კომისიასა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციით.
4. საბითუმო ბაზრის ნებისმიერი მონაწილე თავისუფალია, ივაჭროს მისთვის სასურველ სეგმენტზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4🔗. საბითუმო ბაზრის სუბიექტები
საბითუმო ბაზრის სუბიექტები არიან:
ა) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი;
ბ) ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი;
გ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი;
დ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი;
ე) ბუნებრივი გაზის მწარმოებელი;
ვ) ტრეიდერი;
ზ) ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი;
თ) მსხვილი მომხმარებელი;
ი) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი;
კ) საჯარო მომსახურების განმახორციელებელი პირები, ასეთი ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში.
მუხლი 5🔗. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი
1. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი (შემდომში − ბაზრის ოპერატორი), კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს:
ა) ბუნებრივი გაზის ბირჟის ოპერირებას, კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის შესაბამისად;
ბ) ბუნებრივი გაზის ბირჟის მონაწილეების რეესტრის წარმოებას;
გ) ბუნებრივი გაზის ბირჟაზე ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის დანერგვას;
დ) ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების, რეგისტრაციისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სავაჭრო შეტყობინების სისტემის დანერგვასა და მართვას;
ე) საბითუმო ბაზრის სათანადო ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას;
ვ) ორმხრივი ხელშეკრულებების აუქციონის პლატფორმის ადმინისტრირებას, კანონის, კონცეფციის, ასევე ბაზრის წესებისა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ზ) კანონმდებლობით, მათ შორის, კონცეფციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას.
2. ბაზრის ოპერატორს უფლება აქვს, რომ ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მომსახურება შეასრულოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით.
3. ბაზრის ოპერატორს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ სუბიექტს, აქვს უფლება, დანერგოს ბუნებრივი გაზის დერივატივების საფონდო ბირჟა და ადმინისტრირება გაუწიოს მას, კანონის 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. საბალანსო და საოპერაციო ბუნებრივი გაზი
1. ბაზრის მონაწილეებს ეკისრებათ თავიანთი პორტფელების ყოველდღიური დაბალანსების ვალდებულება, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია, უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის დაბალანსება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორმა ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის დაბალანსება უნდა უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის ბირჟის მეშვეობით, რამდენადაც ეს შესაძლებელია. კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის დაბალანსება შეიძლება, განხორციელდეს გადამცემი ქსელის წესებით გათვალისწინებული სხვა მექანიზმით.
4. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა, ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად და საკუთარი მოხმარების მიზნით, ბუნებრივი გაზი უნდა შეისყიდონ ბუნებრივი გაზის ბირჟაზე ან ორმხრივი ხელშეკრულებების აუქციონის პლატფორმაზე, რომლებსაც მართავს ბაზრის ოპერატორი.
მუხლი 7🔗. ოპერაციები
ბუნებრივი გაზის საცალო ბაზარზე
ბუნებრივი გაზის საცალო ბაზარზე საბოლოო მომხმარებელი (მათ შორის, მსხვილი მომხმარებელი, რომელიც არ მონაწილეობს ორგანიზებულ ბაზარზე) ბუნებრივ გაზს შეისყიდის მის მიერ არჩეული მიმწოდებლისგან, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
თავი III.
ბუნებრივი გაზის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა
მუხლი 8🔗. საჯარო მომსახურების ვალდებულება
1. კანონის შესაბამისად და საერთო ეკონომიკური ინტერესის (როგორც ეს განსაზღვრულია კონცეფციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით) უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკულ საწარმოს შეიძლება, დააკისროს საჯარო მომსახურების ვალდებულებები.
2. სასურველია, ერთსა და იმავე ბუნებრივი გაზის საწარმოს არ დაეკისროს ერთზე მეტი საჯარო მომსახურების ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ვალდებულების დაკისრება გამოწვეულია აუცილებლობით.
3. საჯარო მომსახურების ვალდებულება შეძლებისდაგვარად მცირე გავლენას უნდა ახდენდეს ბაზრის ლიბერალიზაციაზე და მისი დაკისრება უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად, კომისიასა და სხვა კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებთან, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ.
4. ამ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების ვალდებულება არის დროებითი ღონისძიება, რომელიც, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას, მისი საჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით.
5. ბუნებრივი გაზის საწარმომ, რომელსაც დაეკისრება რომელიმე სახის საჯარო მომსახურების განხორციელების ვალდებულება, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, საჯარო მომსახურება უნდა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობისა და კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
6. საჯარო მომსახურების განმახორციელებელი პირის ზოგადი ვალდებულებები (მათ შორის, ვაჭრობის ვალდებულება) კანონის შესაბამისად უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში, რომლითაც ბუნებრივი გაზის საწარმოს დაეკისრება შესაბამისი სახის საჯარო მომსახურების განხორციელების ვალდებულება.
თავი IV. გარდამავალი დებულებები
მუხლი
9🔗. გამონაკლისი სატრანზიტო მილსადენებისათვის
კანონისა და „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმის მე-5 − მე-7 პუნქტების შესაბამისად, ამ კონცეფციის დებულებები არ შეეხება „სამხრეთ კავკასიურ მილსადენსა“ და „ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენს“ და შესაბამის შეთანხმებებს, როგორც ეს განსაზღვრულია „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმით.
მუხლი 10🔗. კონკურენტული ბაზრის განვითარება და მისი ეტაპები
1. ბუნებრივი გაზის ბირჟა ჩამოყალიბებული და ამოქმედებული უნდა იყოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით ბაზრის მონაწილეებისათვის დღიური დაბალანსების ვალდებულების ძალაში შესვლის მომენტისთვის.
2. კომისიის მიერ კანონის შესაბამისად მომზადებული ენერგეტიკული ბაზრის ანგარიშის (რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ენერგეტიკული ბაზრის გახსნის, ბაზრის მონაწილეების საქმიანობის, რეგულირებული ტარიფების გამოყენებისა და ბაზრის განვითარების ტენდენციების ანალიზს) გათვალისწინებით, სამინისტრო, კომისიასთან კონსულტაციის შემდგომ, კონკურენციის ხელშეწყობისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნების გათვალისწინებით, კონცეფციაში ცვლილების თაობაზე წინადადებას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.
3. აუქციონის პლატფორმის ან/და ბუნებრივი გაზის ბირჟის:
ა) ამოქმედებამდე სისტემის ოპერატორები (ამ კონცეფციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიზნით) და საბითუმო ბაზრის სხვა სუბიექტები ბუნებრივ გაზს შეისყიდიან ორმხრივი ხელშეკრულებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ამოქმედების შემდეგ:
ბ.ა) ორმხრივი ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის შესყიდვა, საჯარო მომსახურების ვალდებულებით გათვალისწინებული პირობების შეუზღუდავად, დასაშვებია საბითუმო ბაზრის ყველა მონაწილის მიერ, გარდა სისტემის ოპერატორებისა. სისტემის ოპერატორებთან მიმართებით გამონაკლისი შემთხვევები განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტებით;
ბ.ბ) საჯარო მომსახურების ვალდებულებით გათვალისწინებული პირობების შეუზღუდავად, ნებისმიერი ბაზრის მონაწილის ბუნებრივი გაზის მთლიანი წლიური იმპორტის არანაკლებ 10%-ისა უნდა გაიყიდოს საბითუმო ბაზარზე, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით, აუქციონის პლატფორმის ან/და ბუნებრივი გაზის ბირჟის საშუალებით, კომისიის მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბაზრის მონაწილის წლიური იმპორტის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ექვემდებარება საბითუმო ბაზარზე სავალდებულო ვაჭრობას, ექვემდებარება ყოველწლიურ გადახედვას.
მუხლი 11🔗. სამიზნე
მოდელზე
ეტაპობრივი
გადასვლის
მოსამზადებელი
ღონისძიებები
1. კონცეფციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს კონცეფციის დამტკიცებიდან ექვსი კვირის ვადაში, უზრუნველყონ საწარმოს დაფუძნება, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ბირჟის ჩამოყალიბებასა და ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირების ლიცენზიის მისაღებად კომისიისათვის შესაბამისი განაცხადის წარდგენას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საწარმო ასევე უზრუნველყოფს აუქციონის პლატფორმის ჩამოყალიბებასა და ტესტირებას, კანონმდებლობით აუქციონის პლატფორმის მეშვეობით ბუნებრივი გაზის გაყიდვის ვალდებულების შემოღების შემთხვევაში.