ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.10.2021
ძალაში შესვლა 01.04.2022
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2021
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი | სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთრებაში არსებული სპეციალური დანიშნულების მქონე მცურავი საშუალების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების“ შესახებ სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რემონტის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი
დოკუმენტის ტექსტი
ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №11
2021 წლის 5 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები.“
მუხლი 2🔗
ამ წესით გათვალისწინებული ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის შემუშავება განხორციელდეს ბრძანების ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი
ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები
მუხლი 1🔗. მიზანი
1. „ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშებული წესებისა და პროცედურების“ (შემდეგში – წესი) მიზანია მყარი ნაყარი ტვირთის ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის მიზნით, საქართველოს ნავსადგურებში შემავალი ნაყარი ტვირთის გადამზიდავი გემების უსაფრთხოების გაძლიერება, ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს გემის კონსტრუქციაზე გადაჭარბებული დატვირთვის და ფიზიკური დაზიანების რისკების შემცირება.
2. ეს წესი განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გემებსა და ტერმინალებთან დაკავშირებით ვარგისობის/შესაბამისობის ჰარმონიზებული მოთხოვნებს და ამ გემებსა და ტერმინალებს შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ჰარმონიზებულ პროცედურებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნაყარი ტვირთის გადამზიდავი გემი – გემი, რომელიც აშენებულია ერთი ძირითადი გემბანით, სატვირთო განყოფილების (ტრიუმის) გემბანთქვეშა გვერდითი და ორმაგი ძირის ქვედა ბალსტის ტანკებით, რომლის საერთო ტევადობა 500 ტონა ან მეტია და რომელიც გათვალისწინებულია, ძირითადად მშრალი ნაყარი ტვირთის გადასაზიდად;
ბ) კომბინებული სატვირთო გემი – გემი, რომელიც განკუთვნილია ნავთობისა და მყარი ტვირთის გადასაზიდად;
გ) „ნაყარი მშრალი ტვირთი“ ან „მყარი ნაყარი ტვირთი“ – ნებისმიერი მასალა გარდა თხევადი ან გაზისა, რომელიც შედგება ნაწილაკების, გრანულების ან ნებისმიერი სხვა დიდი ნაწილის მასალისაგან, რომელიც ზოგადად ერთგვაროვანია შემადგენლობაში, რომელიც უშუალოდ იტვირთება გემის სატვირთო სივრცეებში, გარდა მარცვლეულისა;
დ) მარცვლეული – ხორბალი, სიმინდი, შვრია, ჭვავის, ქერი, ბრინჯი, თესლი, პარკოსანი და მათი დამუშავებული ფორმები, რომლებიც მარცვლეულის მსგავსია;
ე) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
ვ) ტერმინალი – ნებისმიერი სტაციონარული ან მოძრავი კონსტრუქცია, რომელიც აღჭურვილია და გამოიყენება ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებში ან გემებიდან მშრალი ნაყარი ტვირთის ჩასატვირთად ან გადმოსატვირთად;
ზ) ტერმინალის წარმომადგენელი – ტერმინალის ოპერატორის მიერ დანიშნული ნებისმიერი პირი, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა და ენიჭება სრული უფლებამოსილება, გააკონტროლოს ტერმინალის მიერ განხორციელებული ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ოპერაციების მომზადება, ჩატარება და დასრულება ნაყარი ტვირთის გადამზიდავ კონკრეტულ გემთან დაკავშირებით;
თ) კაპიტანი – პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემს, მასთან გემის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები, შეიძლება განახორციელოს, კაპიტანის თანაშემწემ, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება;
ი) „ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის გეგმა – გეგმა, რომელიც განსაზღვრულია 1974 წლის SOLAS კონვენციის VI/7.3 რეგულაციაში და წარმოდგენილია BLU კოდექსის მე-2 დანართში მითითებულ ფორმატში;
კ) გემზე/ნაპირზე უსაფრთხოების შემოწმების ნუსხა – BLU კოდექსის მე-4 ნაწილში წარმოდგენილ ნუსხა, რომელსაც გააჩნია BLU კოდექსის მე-3 დანართში მითითებული ფორმატი;
ლ) მყარი ნაყარი ტვირთის სიმკვრივის დეკლარაცია – ინფორმაცია იმ ტვირთის სიმკვრივის შესახებ, რომლის მოწოდებაც უნდა განხორციელდეს 1974 წლის SOLAS კონვენციის XII/10 რეგულაციის შესაბამისად;
მ) International Maritime Solid Bulk Cargoes Code – (IMSBC code) – საერთაშორისო საზღვაო მყარი ნაყარი ტვირთების კოდექსი;
ნ) Code of Practice for the Safe Loading and Unloading of Bulk Carriers (BLU Code) – ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის პრაქტიკის კოდექსი.
მუხლი 3🔗. მოქმედების სფერო
1. წინამდებარე წესი გამოიყენება:
ა) ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ყველა გემის მიმართ, მიუხედავად მათი დროშისა, რომლებიც შედიან საქართველოს ნავსადგურებში მყარი ნაყარი ტვირთის ჩატვირთვის/გადმოტვირთვის მიზნით;
ბ) ყველა ნავსადგურის მიმართ, რომლებშიც შედიან ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ის გემები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე წესი.
2. ეს წესები არ ვრცელდება:
ა) იმ საშუალებების მიმართ, რომლებიც გამონაკლის შემთხვევებში, გამოიყენება ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებზე მშრალი ნაყარი ტვირთის ჩატვირთვის/გადმოტვირთვის მიზნით;
ბ) როდესაც ჩატვირთვა/გადმოტვირთვა ხორციელდება მხოლოდ ნაყარი ტვირთის გადამზიდავი გემის შესაბამისი აღჭურვილობის დახმარებით.
მუხლი 4🔗. ნაყარი ტვირთის გადამზიდავი გემების ექსპლუატაციასთან დაკავშებული მოთხოვნები
ტერმინალის ოპერატორებმა, ნაყარი ტვირთის გადამზიდავი გემების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, მყარი ნაყარი ტვირთის ჩატვირთვის/გადმოტვირთვის მიზნით უნდა შეამოწმონ ნაყარი ტვირთის გადამზიდავი გემები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) აღჭურვილი უნდა იყოს საკმარისი ზომისა და კონსტრუქციის ტრიუმებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მყარი ნაყარი ტვირთის სათანადოდ ჩატვირთვა, მოთავსება, დიფერენტი და გადმოტვირთვა;
ბ) გემზე უნდა ინახებოდეს, დამტკიცებული გემის მდგრადობის, სტაბილურობის (დატვირთვა-გადმოტვირთვის) ბუკლეტი, დაწერილი ან ნათარგმნი ინგლისურ ენაზე (ეკიპაჟისთვის გასაგებ ენაზე);
გ) ტრიუმებზე წარმოდგენილი უნდა იყოს საიდენტიფიკაციო ნომრები ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის გეგმის შესაბამისად. აღნიშნული ნომრების მდებარეობა, ზომა და ფერი უნდა იყოს თვალსაჩინო და ადვილად იდენტიფიცირებადი ტერმინალის ოპერატორის მიერ ჩატვირთვის/გადმოტვირთვის მოწყობილობიდან;
დ) სატვირთო ტრიუმები, მართვის სისტემები და უსაფრთხოების მოწყობილობები უნდა იმყოფებოდეს გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში და უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ დანიშნულებისამებრ;
ე) გემბანისა და ტრიუმების განათების შუქები უნდა შემოწმდეს ჩატვირთვა-გადმოტვირთვის წინ და უნდა იყოს გამართულ საექსპულატაციო მდგომარეობაში;
ვ) ყველა გემზე, სადაც საჭიროა მის კორპუსზე სტრესის გამოთვლა, რეკომენდებულია, იყოს დამტკიცებული დასატვირთი ინსტრუმენტი (კომპიუტერი კონკრეტულად ამ გემის დატვირთვის პროგრამით), რათა მოხდეს სტრესების სწრაფი გამოთვლები, დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს;
ზ) ძირითადი და სარეზერვო ამძრავი მექანიზმები წარმოდგენილი უნდა იყოს გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში;
თ) გემის მიბმა/დამაგრებისა და ნავმისადგომზე დგომის ოპერაციებთან დაკავშებული გემბანის მოწყობილობები წარმოდგენილი უნდა იყოს გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში.
შენიშვნა: ჩეკლისტის რეკომენდებული ფორმა მოცემულია დანართ №2-ში.
მუხლი 5🔗. ტერმინალის მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელია ტერმინალის ადმინისტრაცია.
2. ტერმინალების ოპერატორებმა ტერმინალებთან მიმართებაში უნდა უზრუნველყონ:
ა) ტერმინალების შესაბამისობა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან;
ბ) ტერმინალ(ებ)ის წარმომადგენლ(ებ)ის დანიშვნა;
გ) საინფორმაციო სახელმძღვანელოების მომზადება, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება ტერმინალისა და სააგენტოს მოთხოვნები, აგრეთვე ინფორმაცია ნავსადგურისა და ტერმინალის შესახებ. აღნიშნული საინფორმაციო სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობას ტერმინალში მყარი ნაყარი ტვირთის ჩატვირთვის/გადმოტვირთვის მიზნით შემავალი ნაყარი ტვირთის გადამზიდავი გემების კაპიტნების მიმართ;
დ) ხარისხის მართვის სისტემის შემუშავება, დანერგვა და ფუნქციონირება. აღნიშნული ხარისხის მართვის სისტემა სერტიფიცებული უნდა იყოს ISO 9001:2015 ან ეკვივალენტური სტანდარტის შესაბამისად, რომელიც ასრულებს ISO 9001:2015 სტანდარტის მინიმუმ ყველა ასპექტს.
3. ტერმინალის ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მიიღონ მხოლოდ ის გემები, რომლის უსაფრთხო განთავსებას შეძლებენ ნავმისადგომთან, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) წყლის სიღრმე ნავმისადგომთან;
ბ) გემის მაქსიმალური ზომები (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე, წყალშიგი);
გ) ნავმისადგომზე გემის მისაბმელი მოწყობილობები და ფენდერები;
დ) თავისუფალი სივრცე დატვირთვა-გადმოტვირთვის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.
4. ტერმინალის ჩატვირთვისა თუ გადმოტვირთვისთვის განკუთვნილი მოწყობილობები უნდა იყოს სერტიფიცებული და წარმოდგენილი გამართულ მდგომარეობაში სათანადო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, ხოლო მათი ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ სათანადოდ კვალიფიციური და, საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიცებული პერსონალის მიერ.
5. ტერმინალის პერსონალი უნდა მომზადდეს ნაყარი ტვირთების უსაფრთხო, დატვირთვა-გადმოტვირთვის ყველა ასპექტში, მათი პასუხისმგებლობის შესაბამისად. ტრენინგის მიზანი უნდა იყოს ნაყარი ტვირთების დატვირთვა, გადმოტვირთვა და გადაზიდვის მოსალოდნელი ზოგადი საფრთხეების გაცნობა, რა შეიძლება გამოიწვიოს ჩატვრთვა-გადმოტვირთვის არასაწორმა ოპერაციამ, რომელმაც შეიძლება მოგვცეს არასასურველი შედეგი გემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
6. ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ოპერაციებში ჩართული ტერმინალის პერსონალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი და იყენებდეს პერსონალურ დამცავ საშუალებებს. მორიგეობის გრაფიკი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. პერსონალი, ასევე უნდა იყოს საკმარისად დასვენებული, დაღლილობის მიზეზით უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.
7. შემოწმება უნდა განხორციელდეს საზღვაო ნავსადგურების კომპლექსური შემოწმების ფარგლებში. ამასთან, ISO სტანდარტთან შესაბამისობა ხორციელდება სააგენტოს მიერ უფლებამოსილი აუდიტორის მიერ.
მუხლი 6🔗. ტერმინალების საინფორმაციო სახელმძღვანელოები
ტერმინალების საინფორმაციო სახელმძღვანელოები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ტერმინალის საკონტაქტო პერსონალის დეტალებს;
ბ) ტერმინალის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის მოწყობილობების ტექნიკურ მონაცემებს;
გ) წყლის სიღრმეს ნავმისადგომთან;
დ) წყლის სიმკვრივეს ნავმისადგომთან;
შენიშვნა: ეს შეიძლება განსხვავდებოდეს მთელი წლის განმავლობაში და საჭიროებს სურვეერის მიერ გაზომვას.
ე) გემის მინიმალურ და მაქსიმალურ სიგრძეს;
ვ) გემის მიბმის ოპერაციებთან დაკავშებულ პროცედურებს;
ზ) ჩატვირთვის/გადმოტვირთვის პროცედურებს; პროცედურები განსხვავდება ტვირთის ტიპის, დატვირთვის /განტვირთვის მეთოდის, ტვირთის წარმოდგენის მიხედვით;
თ) ინფორმაცია ნარჩენების მიმღები საშუალებების შესახებ.
მუხლი 7🔗. კაპიტნის მოვალეობები
1. კაპიტანი პასუხისმგებელია ნაყარი ტვირთის გადამზიდავი გემის უსაფრთხო ჩატვირთვა/გადმოტვირთვაზე.
2. კაპიტანმა, გემის ტერმინალში შესვლის სავარაუდო დრომდე, წინასწარ უნდა მიაწოდოს ტერმინალს და ნავსადურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს მე-8 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.
3. ნებისმიერი მყარი ნაყარი ტვირთის ჩატვირთვამდე, კაპიტანი უნდა დარწმუნდეს, რომ მან მიიღო ყოველგვარი ინფორმაცია ტვირთის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, ნაყარი ტვირთის სიმკვრივის დეკლარაცია. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს იმ ფორმით, როგორც ეს გათვალისწინებულია BLU კოდექსის მე-4 დანართში.
4. ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის დაწყებამდე ან პროცესში, კაპიტანმა უნდა შეასრულოს მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოვალეობები.
მუხლი 8🔗. გემის კაპიტნის მიერ ტერმინალის მიმართ მისაწოდებელი ინფორმაცია
1. გემის კაპიტანი ვალდებულია ნავსადგურს მიაწოდოს ინფორმაცია გემის ნავსადგურში შესვლის სავარაუდო დროის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უნდა განახლდეს საჭიროების შემთხვევაში.
2. გემის ნავსადგურში პირველად შესვლის დროისთვის უნდა მოხდეს შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:
ა) გემის დასახელება, IMO ნომერი, დროშა;
ბ) ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის გეგმა, რომელშიც მითითებული იქნება ტვირთის რაოდენობა, ტრიუმებს ქვეშ განთავსება, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის წესი და ყოველ შევსებაზე ჩასატვირთი რაოდენობა ან გადმოსატვირთი რაოდენობა გადმოტვირთვის თითოეულ ეტაპზე;
გ) შესასვლელი და სავარაუდო გასასვლელი წყალშიგი;
დ) ბალასტის მიღებისა თუ ამოტუმბვისთვის საჭირო დრო;
ე) გემის მაქსიმალური სიგრძე, გემის მაქსიმალური სიგანე, ტვირთვისთვის განკუთვნილი სივრცის სიგრძე, რომელშიც უნდა ჩაიტვირთოს ან საიდანაც უნდა გადმოიტვირთოს ტვირთი;
ვ) გემის ბორტსიქითა ტრაპის ადგილმდებარეობა;
ზ) წყალზედა გაბარიტები;
თ) ჩატვირთვა-გადმოტვირთვის მოწყობილობის დეტალური აღწერა და მახასიათებლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) გემის მისაბმელი ბაგირების რაოდენობა და ტიპი;
კ) სპეციალური მოთხოვნები, როგორიცაა ტვირთის ტრიმინგი ან ტვირთში წყლის შემცველობის მუდმივად გაზომვა;
ლ) ნებისმიერი აუცილებელი სარემონტო სამუშაოს დეტალები, რომლებმაც შეიძლება შეაფერხოს ნავმისადგომთან დადგომა, ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის დაწყება, ან შეიძლება გადაავადოს გემის ზღვაში გასვლა ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის დასრულების შემდეგ;
მ) ტერმინალის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა ინფორმაცია გემთან დაკავშირებით.
მუხლი 9🔗. კაპიტნის მოვალეობები ჩატვირთვის/გადმოტვირთვის ოპერაციების დაწყებამდე და აღნიშნული ოპერაციების განმავლობაში
ჩატვირთვის/გადმოტვირთვის ოპერაციების დაწყებამდე და აღნიშნული ოპერაციების განმავლობაში, კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვა და ბალასტური წყლის მიღება ან გადატუმბვა, ექვემდებარებოდეს კაპიტნის ან/და უფროსი თანაშემწის კონტროლსდა მიმდინარეობდეს წინსწარ შემუშავებული და დამტკიცებული გეგმის მიხედვით;
ბ) ტვირთისა და ბალასტური წყლის განთავსებაზე მონიტორინგი განხორციელდეს ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის სრული პროცესის განმავლობაში, გემის კონსტრუქციაზე გადაჭარბებული დატვირთვის თავიდან ასაცილებლად;
გ) გემი წარმოდგენილი იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში ან, თუ დახრილობა აუცილებელი იქნება საექსპლუატაციო მიზნებისთვის, ეს უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მინიმალური;
დ) გემი უნდა იყოს უსაფრთხოდ მიბმული ნავმისადგომთან, ადგილობრივი ამინდის პირობებისა და პროგნოზების გათვალისწინებით;
ე) ბორტზე უნდა იმყოფებოდეს საკმარისი რაოდენობის ეკიპაჟის წევრები, რათა აკონტროლონ გემის მისაბმელი ბაგირების რეგულირება, ან, ნებისმიერ ნორმალურ ან საგანგებო სიტუაციაში, უზრუნველყონ ეკიპაჟის წევრებისთვის საკმარისი დასვენების პერიოდი, დაღლილობის თავიდან აცილების მიზნით;
ვ) ტერმინალის წარმომადგენელი გაეცნოს ტვირთის ტრიმინგთან დაკავშებულ მოთხოვნებს, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს IMSBC კოდექსის პროცედურებს;
ზ) ტერმინალის წარმომადგენელი უნდა გაეცნოს ბალასტის მიღების ან გადატუმბვის, ან მისი გემზე ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის რეჟიმებს შორის ჰარმონიზაციასთან დაკავშებულ მოთხოვნებს, ასევე ბალასტის მიღების ან გადატუმბვის გეგმის მხრიდან ნებისმიერი გადახვევასა თუ სხვა ნებისმიერ საკითხს, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჩატვირთვაზე ან გადმოტვირთვაზე;
თ) ბალასტური წყლის გადატუმბვა უნდა განხორციელდეს იმ ნორმების შესაბამისად, რომლებიც შეესაბამება ჩატვირთვის შეთანხმებულ გეგმას და არ იწვევს ნავმისადგომის ან მახლობლად არსებული გემების დატბორვას. იმ შემთხვევაში, თუ ჩატვირთვის პროცესში ტრიმინგის ეტაპამდე გემისთვის არ იქნება მიზანშეწონილი მისი ბალასტური წყლის სრულად გადატუმბვა, იგი უნდა შეთანხმდეს ტერმინალის წარმომადგენელთან ჩატვირთვის შეჩერების დროებითი გრაფიკის და ამგვარი შეჩერების ხანგრძლივობის შესახებ;
ი) არსებობს შეთანხმება ტერმინალის წარმომადგენელთან წვიმის ან ამინდის სხვაგვარი ცვლილების შემთხვევაში განსახორციელებელ მოქმედებებთან დაკავშირებით, თუ ასეთი ცვლილება სახიფათო იქნება ტვირთისთვის;
კ) ბორტზე ან გემის სიახლოვეს არ განხორციელდეს ხანძარსაშიში სამუშაოები, სანამ გემი იმყოფება ნავმისადგომთან, გარდა ტერმინალის წარმომადგენლის ნებართვისა და კომპეტენტური ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი ნებისმიერი მოთხოვნების შემთხვევისა;
ლ) ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის ბოლო ეტაპის განმავლობაში უნდა განხორციელდეს მკაცრი მონიტორინგი, როგორც გემის ასევე ტერმინალის თანამშრომელთა მხრიდან;
მ) ტერმინალის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის პროცესი მიდის არასწორად და გამოიწვევს ზიანს, შექმნის სახიფათო ვითარებას, ან არსებობს აღნიშნულის ალბათობა;
ნ) ტერმინალის წარმომადგენელს მიეწოდოს შეტყობინება გემის ტრიმინგის საბოლოო ეტაპის დაწყების თაობაზე;
ო) ტრიუმიდან ტვირთის გადმოტვირთვა უნდა ხორციელდებოდეს თანაბრად (როგორც მარცხენა ისე მარჯვენა ბორტიდან) გემის კონსტრუქციის გამრუდების თავიდან ასაცილებლად;
პ) ერთ ან ერთზე მეტ ტრიუმში ბალასტის მიღებისას, მხედველობაში იქნეს მიღებული აალებადი ორთქლის გამოშვების ალბათობა ტრუმებიდან და მოხდეს შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება აღნიშნული ტრიუმების მახლობლად ან მათ ზემოთ ნებისმიერი ხანძარსახიფათო სამუშაოს ჩატარების თაობაზე ნებართვის მიღებამდე.
შენიშვნა: ტვირთის შესახებ ინფორმაციის რეკომენდებული ფორმა მოცემულია დანართ №3-ში.
მუხლი 10🔗. ტერმინალის წარმომადგენლის ვალდებულებები
1. გემის ტერმინალში შესვლის სავარაუდო დროის თაობაზე, წინასწარი შეტყობინების მიღების შემდეგ, შესაბამისი საზღვაო აგენტის მეშვეობით, ტერმინალის წარმომადგენელმა უნდა მიაწოდოს გემის კაპიტანს მე-11 მუხლით გათვალისიწენებული ინფორმაცია.
2. ტერმინალის წარმომადგენელი უნდა დარწმუნდეს, რომ ტვირთის დეკლარაციაში მითითებული ინფორმაცია ეცნობა გემის კაპიტანს შესაბამისი საზღვაო აგენტის მეშვეობით.
3. ტერმინალის წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კაპიტანს და სააგენტოს ნებისმიერი აშკარა გაუმართაობის შესახებ, რომელსაც იგი დააფიქსირებს ნაყარი ტვირთის გადამზიდავი გემის ბორტზე და რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მყარი ნაყარი ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვას ან გადმოტვირთვას.
4. ჩატვირთვისა ან გადმოტვირთვის დაწყებამდე და პროცესში, ტერმინალის წარმომადგენელმა უნდა შეასრულოს მე-12 მუხლით გათვალისწინებული მოვალეობები.
მუხლი 11🔗. ტერმინალის მიერ კაპიტნის მიმართ წარსადგენი ინფორმაცია
ტერმინალმა უნდა წარუდგინოს გემის კაპიტანს შემდეგი ინფორმაცია:
ა) იმ ნავმისადგომის დასახელება, სადაც განხორციელდება ჩატვირთვა/გადმოტვირთვა, ნავმისადგომში დგომისა და ჩატვირთვის/გადმოტვირთვის შესრულების სავარაუდო დრო;
ბ) ჩატვირთვის/გადმოტვირთვისთვის განკუთვნილი მოწყობილობების მახასიათებლები, მათ შორის ტერმინალის ნომინალური ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის ნორმა და გამოსაყენებელი ჩატვირთვის/გადმოტვირთვისას თავსახურის რაოდენობა, აგრეთვე თითოეული შევსებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, ან – გადმოტვირთვის შემთხვევაში – გადმოტვირთვის თითოეული ეტაპისთვის საჭირო სავარაუდო დრო;
გ) ინფორმაცია ნავმისადგომზე არსებული სტაციონალური ან მოძრავი დაბრკოლებების, ბარიერების, ბოჯგების და ნავსადგურზე დამაგრების მოწყობილობების ჩათვლით, რაც უნდა იცოდეს კაპიტანმა;
დ) ნავმისადგომის გასწვრივ ან მისასვლელ ან გამოსასვლელ ფარვატერებში წყლის მინიმალური სიღრმე;
ე) წყლის სიმკვრივე ნავმისადგომთან;
ვ) წყალხაზსა და ტვირთის ლიუკების საფარის ან კომინგსების ზედა ნაწილებს შორის მაქსიმალური დაშორება, რაც მიზანშეწონილი იქნება ჩატვირთვის/გადმოტვირთვის ოპერაციებისთვის, ასევე მაქსიმალური წყალზედა გაბარიტები;
ზ) ტრაპებისა და მისასვლელების მოწყობა;
თ) გემის ბორტი, რომელიც უნდა განთავსდეს ნავმისადგომის გასწვრივ;
ი) ნავმისადგომთან მიახლოების მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე და მაბუქსირებელი გემების არსებობა, მათი ტიპი და წევა ბოჯგებზე;
კ) ტვირთის სხვადასხვა პარტიის ჩატვირთვის თანმიმდევრობა და სხვა შეზღუდვები, თუ შეუძლებელი იქნება ტვირთის მიღება გემისთვის მისაღები წესითა და პირობით;
ლ) იმ ტვირთის ნებისმიერი მახასიათებელი, რომელიც მზადდება ჩასატვირთად, რაც შეიძლება სახიფათო იყოს ბორტზე არსებულ ტვირთთან ან ტვირთის ნარჩენებთან კონტაქტის შემთხვევაში;
მ) წინასწარი შეტყობინება ჩატვირთვის/გადმოტვირთვის შეთავაზებული ოპერაციების ან არსებული ჩატვირთვის/გადმოტვირთვის გეგმების ცვლილების შესახებ;
ნ) თუ ტერმინალში არსებული ჩატვირთვის/გადმოტვირთვის მოწყობილობები სტაციონარულია ან არსებობს რაიმე შეზღუდვა მათ გადაადგილებაზე;
ო) აუცილებელი მისაბმელი ბაგირები;
პ) გაფრთხილება უჩვეულო მისაბმელი მოწყობილობების შესახებ;
ჟ) ბალასტის მიღებასა თუ გადატუმბვასთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი შეზღუდვა;
რ) გემის მაქსიმალური წყალშიგი, ნებადართული კომპეტენტური ორგანოს მიერ;
ს) კაპიტნის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია ტერმინალთან დაკავშირებით.
მუხლი 12🔗. ტერმინალის წარმომადგენლის მოვალეობები ჩატვირთვის/გადმოტვირთვის ოპერაციების დაწყებამდე და აღნიშნული ოპერაციების განმავლობაში
ჩატვირთვის/გადმოტვირთვის ოპერაციების დაწყებამდე და აღნიშნული ოპერაციების განმავლობაში, ტერმინალის წარმომადგენელმა უნდა:
ა) მიაწოდოს კაპიტანს ტერმინალის პერსონალთან ან გემთმფლობელის აგენტთან კონტაქტის მიზნით შესაბამისი სახელები და პროცედურები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ჩატვირთვის/გადმოტვირთვის ოპერაციებზე და რომელთანაც კაპიტანი იქნება კავშირზე;
ბ) მიიღოს ყოველგვარი სიფრთხილის ზომა, გემის ჩატვირთვის/გადმოტვირთვისთვის განკუთვნილი მოწყობილობებით გემის დაზიანების თავიდან ასაცილებლად და დაზიანების შემთხვევაში აცნობოს კაპიტანს;
გ) უზრუნველყოს გემის ვერტიკალური მდგომარეობა ან, თუ დახრილობა აუცილებელი იქნება საექსპლუატაციო მიზნებისთვის, ეს უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მინიმალური;
დ) უზრუნველყოს, რომ ბორტის მარცხენა მხრიდან გადმოტვირთვა მკაცრად შეესაბამებოდეს იმავე ტრიუმის ბორტის მარჯვენა მხრიდან გადმოტვირთვას, გემის კონსტრუქციის გამრუდების თავიდან ასაცილებლად;
ე) მაღალი სიმკვრივის ტვირთის შემთხვევაში, გემის ტრიუმის ძირის დაზიანების გამოსარიცხად, რაც შეიძლება გამოიწვიოს ტვირთის დიდი სიმაღლიდან თავისუფალმა ვარდნამ, ტვირთი უნდა ჩაიყაროს ტრიუმში ფრთხილად, სანამ ტრიუმის ძირი სრულად არ დაიფარება ტვირთით;
ვ) უზრუნველყოს შეთანხმება კაპიტანსა და ტერმინალის წარმომადგენელს შორის ჩატვირთვის/გადმოტვირთვის ოპერაციების ყველა ეტაპზე ყველა ასპექტში და აცნობოს კაპიტანს ნებისმიერი ცვლილების შესახებ ჩატვირთვის შეთანხმებულ გეგმის, ასევე თითოეული ეტაპის ბოლოს, აცნობოს განთავსებული ტვირთის წონის შესახებ;
ზ) დააფიქსიროს ჩატვირთული ან გადმოტვირთვული ტვირთის წონა და ადგილმდებარეობა და უზრუნველყოს, რომ ტრიუმებში არსებული წონა არ არღვევდეს ჩატვირთვის/გადმოტვირთვის შეთანხმებულ გეგმას;
თ) უზრუნველყოს ტვირთის ტრიმინგი ჩატვირთვის/გადმოტვირთვის დროს, კაპიტნის მოთხოვნების შესაბამისად;
ი) უზრუნველყოს, რომ ტვირთის რაოდენობა, რაც აუცილებელია გემის დატვირთვის საბოლოვო დასრულებისათვის, შეთანხმებული დატვირთვის გეგმის მიხედვით, ტრიმინგისთვის, იძლეოდეს შესაძლებლობას ტერმინალის კონვეიერის სისტემებზე არსებული მთლიანი ტვირთის შემცირებას და დაცარიელებას ჩატვირთვის დასრულებისას. ამ მიზნით, ტერმინალის წარმომადგენელმა უნდა აცნობოს კაპიტანს ტერმინალის კონვეიერის სისტემაში გათვალისწინებული ნომინალური ტონაჟისა და ჩატვირთვის დასრულებისთანავე კონვეიერის სისტემის დაცლასთან დაკავშებული ნებისმიერი მოთხოვნების შესახებ;
კ) გადმოტვირთვის შემთხვევაში, წარუდგინოს მაქსიმალური გაფრთხილება კაპიტანს იმის თაობაზე, თუ როდის იგეგმება გამოყენებული გადმოტვირთვის თავსახურის რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და აცნობოს კაპიტანს თითოეული ტრიუმიდან ტვირთის გამოტვირთვის დასრულების სავარაუდო დრო;
ლ) უზრუნველყოს, რომ ბორტზე ან გემის სიახლოვეს არ განხორციელდეს ხანძარსაშიში სამუშაოები, სანამ გემი იმყოფება ნავმისადგომთან, გარდა ტერმინალის წარმომადგენლის ნებართვისა და კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში.
მუხლი 13🔗. ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებსა და ტერმინალებს შორის არსებული პროცედურები
1. მყარი ნაყარი ტვირთის ჩატვირთვამდე ან გადმოტვირთვამდე, კაპიტანმა უნდა შეათანხმოს ტერმინალის წარმომადგენელთან ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის გეგმა, რომელიც უნდა მომზადდეს დანართი №1-ის შესაბამისად. იგი უნდა შეიცავდეს ნაყარი ტვირთის გადამზიდავი შესაბამისი გემის IMO ნომერს, ხოლო კაპიტანმა და ტერმინალის წარმომადგენელმა უნდა დაადასტურონ თავიანთი შეთანხმება გეგმის თაობაზე მისი ხელმოწერის გზით.
2. გეგმის ნებისმიერი ცვლილება, რომელმაც, ნებისმიერი მხარის აზრით, შეიძლება გავლენა მოახდინოს გემის ან ეკიპაჟის უსაფრთხოებაზე, უნდა მომზადდეს, დამტკიცდეს და შეთანხმდეს ორივე მხარის მიერ, შესწორებული გეგმის ფორმით.
3. ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის შეთანხმებული გეგმა და ნებისმიერი, შემდგომში შეთანხმებული, შესწორებული გეგმა უნდა ინახებოდეს გემზე და ტერმინალში, ექვსი თვის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მიერ შემოწმების მიზნით.
4. ჩატვირთვის/გადმოტვირთვის დაწყებამდე, BLU კოდექსის მე-4 დანართით გათვალისწინებული ინსტრუქციების შესაბამისად, გემზე/ნაპირზე აუცილებელი უსაფრთხოების ზომების ნუსხა უნდა შედგეს ერთობლივად და ხელი მოეწეროს კაპიტნისა და ტერმინალის წარმომადგენლის მიერ.
5. უნდა დამყარდეს და მუდმივად წარმოებდეს ეფექტური საკომუნიკაციო კავშირი გემსა და ტერმინალს შორის, რათა შესაძლებელი იყოს ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის პროცესთან დაკავშებული ინფორმაციის მოთხოვნებზე პასუხის გაცემა და დაუყოვნებლივი რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ კაპიტანი ან ტერმინალის წარმომადგენელი გასცემს ბრძანებას ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის ოპერაციების თაობაზე.
6. კაპიტანმა და ტერმინალის წარმომადგენელმა უნდა განახორციელონ ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის ოპერაციები შეთანხმებული გეგმის შესაბამისად. ტერმინალის წარმომადგენელი პასუხს აგებს აღნიშნული გეგმით განსაზღვრული მყარი ნაყარი ტვირთის ჩატვირთვაზე ან გადმოტვირთვაზე, აღნიშნულ გეგმაში მითითებული ჩატვირთვა-გადმოტვირთვის წესის, რაოდენობის და რეჟიმის შესაბამისად. მან არ უნდა გადაუხვიოს ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის შეთანხმებულ გეგმას, კაპიტნის წინასწარი კონსულტაციისა და წერილობითი თანხმობის გარეშე.
7. ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის დასრულების შემდეგ, კაპიტანმა და ტერმინალის წარმომადგენელმა წერილობით უნდა დაადასტურონ, რომ ჩატვირთვა/გადმოტვირთვა განხორციელდა ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის გეგმის შესაბამისად, ნებისმიერი შეთანხმებული ცვლილებების ჩათვლით. გადმოტვირთვის შემთხვევაში, ამგვარი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ სატვირთო ტრიუმები დაიცალა და გასუფთავდა კაპიტნის მოთხოვნების შესაბამისად, და მასში აღრიცხული უნდა იყოს გემის ნებისმიერი დაზიანება და შესრულებული სარემონტო სამუშაოები.
მუხლი 14🔗. ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს მიყენებული ზიანი
1. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება გემის კონსტრუქციის ან აღჭურვილობის დაზიანებას ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს, ტერმინალის წარმომადგენელმა უნდა აცნობოს კაპიტანს აღნიშნულის თაობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შეაკეთოს.
2. თუ არსებობს იმის ალბათობა, რომ დაზიანება შეასუსტებს კონსტრუქციის სიმყარეს ან გააუარესებს კორპუსის ჰერმეტულობასა თუ გემის ძირითადი საინჟინრო სისტემების მდგომარეობას, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი – ნავსადგურის კაპიტანი უნდა იყოს ინფორმებულნი ტერმინალის წარმომადგენლის და/ან კაპიტნის მიერ. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, აუცილებელია თუ არა დაუყოვნებლივ შეკეთება ან შესაძლებელია თუ არა შეკეთების გადავადება იღებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი – ნავსადგურის კაპიტანი, დროშის სახელმწიფოს ადმინისტრაციის ან მის მიერ აღიარებული და მისი სახელით მოქმედი ორგანიზაციის მიერ მიღებული დასკვნის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე კაპიტნის დასკვნის ჯეროვნად გათვალისწინებით. თუ აუცილებლად ჩაითვლება დაუყოვნებელი რემონტი, ის უნდა შესრულდეს კაპიტნის და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის – ნავსადგურის კაპიტნის მოთხოვნების შესაბამისად ნავსადგურიდან გემის გასვლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სააგენტოს შეუძლია დაავალოს აღიარებულ ორგანიზაციას ზიანის შესწავლა და დასკვნის გაკეთება სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის ან მათი გადავადების თაობაზე.
მუხლი 15🔗. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის – ნავსადგურის კაპიტნის უფლებამოსილება
1. გემის კაპიტნის უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი – ნავსადგურის კაპიტანი უფლებამოსილია შეაჩეროს მყარი ნაყარი ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვა, როდესაც მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გემს ან ეკიპაჟს საფრთხე ემუქრება.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს – ნავსადგურის კაპიტანს ეცნობა კაპიტნისა და ტერმინალის წარმამადგენლებს შორის უთანხმოების შესახებ, ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენებასთან დაკავშირებით, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი – ნავსადგურის კაპიტანი უფლებამოსილია ჩაერიოს, თუ ამას მოითხოვს უსაფრთხოება და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.