საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.10.2021
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №234
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.10.2021 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (26)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე | სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში
მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №234
2021 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-91 მუხლის პირველი ნაწილის და 56-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული, ავიამეთვალყურეთა სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატები და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე შეგირდის მოწმობები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 3🔗
1. ეს ბრძანება გარდა, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის“ (შემდგომში – „წესი“) მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 მე-13, მე-14, მე-15, მე-20, 24-ე და 27-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.
2. წესის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე -12, მე-13, მე-15, მე-20, 24-ე მუხლები და 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივნისიდან.
3. წესის მე-9 და მე-14 მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის პირველი მარტიდან.
4. წესის 27-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის პირველი სექტემბრიდან.
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
მიზანი
წესის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლება და საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის გაცემისა და მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების მოთხოვნების დადგენის გზით.
მუხლი 2🔗.
რეგულირების სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს:
ა) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის (შემდგომ-მეთვალყურის) და მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის, (შემდგომ-შეგირდი) მეთვალყურის ოსტატობის, დაშვების გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, განახლების, მოწმობის შეჩერების და გაუქმების, მეთვალყურის სწავლების საფუძვლებს და მოწმობის მფლობელის უფლება-მოვალეობებს;
ბ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების (შემდგომ-სასწავლო დაწესებულება) სერტიფიკატის გაცემის, შეჩერების და გაუქმების საფუძვლებს.
2. წესი ვრცელდება მეთვალყურე/შეგირდზე და მათ სასწავლო დაწესებულებაზე, ასევე ყველა იმ პირზე, რომელიც ამ წესის შესაბამისად ჩართულია მეთვალყურის მოწმობის მაძიებლის სწავლების, გამოცდის და/ან შეფასების პროცესში.
3. საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული კომპეტენციის და მოწმობის მქონე პირმა.
მუხლი 3🔗.
სააგენტოს უფლებამოსილება
1. მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის გაცემას, შეჩერებასა და გაუქმებას, ასევე, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/შეგირდის მოწმობის და მასთან დაკავშირებული ოსტატობის და დაშვების გაცემას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, შეჩერებას, აღდგენასა და გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ (შემდგომ-სააგენტო) ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ განცხადებას სააგენტო განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
3.მეთვალყურის/შეგირდის მოწმობას სააგენტო გასცემს ამ წესის №1 დანართით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
4. სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის და მისი დანართის ნიმუში დამტკიცებულია ამ წესის №12 დანართით.
5. სააგენტო აწარმოებს მეთვალყურის/შეგირდის მონაცემთა ბაზას, სადაც აღინიშნება მეთვალყურის ოსტატობები, დაშვებები და მათი მოქმედების ვადა.
6. ამ წესის მოთხოვნების შესრულებაზე მუდმივი ზედამხედველობა ხორციელდება „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დადგენილი წესით.
7. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი უფლებამოსილია დაესწროს მეთვალყურის/შეგირდის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, გამოცდებს და შეფასებებს.
მუხლი 4🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არასტანდარტული ვითარება – ვითარება ან ვითარების ისეთი გაუარესება, რომელიც მუშაობის ჩვეულ პრაქტიკას ან გამოცდილებას სცილდება და რომელში მოქმედების ჩვევები საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს არა აქვს გამომუშავებული;
ბ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება – საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ხორციელდება:
ა) შეჯახების თავიდან აცილებისთვის:
ა.ა) საჰაერო ხომალდებს შორის და;
ა.ბ) საჰაერო ხომალდებსა და სამანევრო არეზე განლაგებულ დაბრკოლებებს შორის;
ბ) საჰაერო მოძრაობის დაჩქარებისა და თანმიმდევრობის შენარჩუნებისთვის.
გ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო პუნქტი – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს, მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს ან სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტს;
დ) შეფასება – პირის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება, რომელიც გულისხმობს მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობის შეფასებას და რომლის საფუძველზეც პირზე გაიცემა მოწმობა, ენიჭება ოსტატობა ან/და დაშვება, ან ხდება მათი მოქმედების ვადის გაგრძელება ან განახლება;
ე) შემფასებლის დაშვება – ჩანაწერი მოწმობაში, რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს მეთვალყურის/შეგირდის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება;
ვ) ავარიული ვითარება – სერიოზული და სახიფათო ვითარება, რომლის დროსაც საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედება;
ზ) გამოცდა – თეორიული ცოდნის შემოწმება, რომლის დროსაც ხდება პირის შეფასება;
თ) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (იკაო ) ადგილმდებარეობის ინდექსი – იკაო-ს ოფიციალური გამოცემის Doc.7910 მიხედვით ფიქსირებული საავიაციო სადგურის ადგილმდებარეობის აღსანიშნავად მინიჭებული ოთხასოიანი კოდი;
ი) ენის დაშვება – ჩანაწერი მოწმობაში, რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის მიერ ინგლისური ენის ფლობის დონეს;
კ) მოწმობა – ამ წესის შესაბამისად გაცემული მოწმობა, რომლის მფლობელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება მოწმობით მინიჭებული ოსტატობის აღნიშვნებისა და დაშვებების აღნიშვნის შესაბამისად;
ლ) სამუშაო ადგილზე სწავლება – სამეთვალყურეო პუნქტზე მომზადების ფაზა, რომლის დროსაც ხდება სამუშაოსთან დაკავშირებული შეძენილი უნარ-ჩვევების რეალურ სამუშაო პირობებში პრაქტიკული გამოყენება, სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ;
მ) სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვება – ჩანაწერი მოწმობაში, რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას, განახორციელოს სამუშაო ადგილზე სწავლება და სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობაზე წვრთნა;
ნ) მიზნობრივი საწვრთნელი – სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობა, რომელზეც შესაძლებელია ცალკეული სპეციფიკური სამუშაო ამოცანის შესრულებაზე ორიენტირებული სწავლების გავლა მაშინ, როდესაც სამუშაო გარემოსთვის დამახასიათებელი ყველა დანარჩენი ამოცანის დამუშავება საჭირო არ არის;
ო) სწავლების მიზანი – მკაფიო და ცალსახა ფორმულირება, იმისა, თუ რა ქმედებების დემონსტრირება უნდა განახორციელოს პირმა, რომელიც გადის სწავლებას მოცემული გარემოებების პირობებში სამუშაოს შესრულებისას, კონკრეტული სტანდარტების დაცვით;
პ) დროებითი უუნარობა – მდგომარეობა, რომლის დროსაც მოწმობის მფლობელს დროებით შეზღუდული აქვს მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილების შესრულების შესაძლებლობა მიუხედავად იმისა, რომ ოსტატობები, დაშვებები და მისთვის გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი მოქმედია;
ჟ) ფსიქოაქტიური ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს მისი ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას და განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
შენიშვნა: საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ.
რ) ოსტატობის დაშვება – ჩანაწერი მოწმობაში, რომელიც ასახავს განსაკუთრებულ პირობებს, უფლებამოსილებებს ან შეზღუდვებს შესაბამის ოსტატობის აღნიშვნასთან დაკავშირებით;
ს) მოქმედების ვადის განახლება – ოსტატობის, დაშვების ან/და სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვისას, სააგენტოს ქმედება, რომლის შედეგადაც მოწმობის მფლობელს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ამ წესით განსაზღვრული ვადით აღუდგება ოსტატობით, დაშვებით ან სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილება;
ტ) მოქმედების ვადის გაგრძელება – ოსტატობის, ოსტატობის დაშვების ან სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში გატარებული ადმინისტრაციულ ქმედება, რომლის შედეგადაც მოწმობის მფლობელს უფლება ეძლევა, შესაბამისი ვადით, გააგრძელოს ოსტატობით, ოსტატობის დაშვებით ან სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება, დადგენილი მოთხოვნების შესრულების საფუძველზე;
უ) საწაფი – სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია რეალური სამუშაო გარემოს მნიშვნელოვანი მახასიათებლები და აღადგენს სამუშაო გარემოს იმგვარად, რომ პირს, რომელიც გადის სწავლებას ეძლევა შესაძლებლობა დაამუშავოს პრაქტიკული ამოცანები რეალურ დროში.
ფ) სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობა – ნებისმიერი ტიპის მოწყობილობა, მათ შორის საწაფი და მიზნობრივი საწვრთნელი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სამუშაო პირობების იმიტაცია;
ქ) საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის (STDI) ოსტატობის აღნიშვნა – ჩანაწერი მოწმობაში, რომელიც მიუთითებს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას, განახორციელოს სწავლება სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობაზე;
ღ) სწავლების (სასწავლო) კურსი – თეორიული ან/და პრაქტიკული სწავლება, რომელიც შემუშავებულია სტრუქტურულ ჩარჩოში და სრულდება განსაზღვრული ხანგრძლივობით.
ყ) სასწავლო დაწესებულება – ორგანიზაცია, რომელიც სერტიფიცირებულია სააგენტოს მიერ, და უფლებამოსილია განახორციელოს ერთი ან მეტი სახის სწავლება ამ წესის შესაბამისად;
შ) პუნქტზე დაშვება – ჩანაწერი მოწმობაში, რომელიც ასახავს ICAO-ს ადგილმდებარეობის ინდექსს და სექტორს და/ან სამუშაო ადგილს (სამეთვალყურეო პუნქტს), სადაც მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია იმუშაოს;
ჩ) სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელო – სააგენტოსთან შეთანხმებული პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით მეთვალყურის მოწმობის მფლობელი ინარჩუნებს კვალიფიკაციას.
თავი II
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/ შეგირდის მოწმობის გაცემა
მუხლი 5🔗.
შეგირდის მოწმობა
1. შეგირდის მოწმობის მიღების უფლება აქვს პირს თუ:
ა) შეუსრულდა 18 წელი;
ბ) წარმატებით აქვს გავლილი პირველადი მომზადება სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში, ოსტატობის აღნიშვნის და/ან ოსტატობის დაშვების შესაბამისად;
გ) ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატს;
დ) აქვს ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად.
2. შეგირდის მოწმობის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა (შესაბამისი გრაფები);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დისკზე ჩაწერილი ახლად გადაღებული ერთი 3x4 ფორმატის ფერადი ფოტოსურათი;
დ) სამედიცინო სერტიფიკატის ასლი;
ე) პირველადი სწავლების სერტიფიკატის ასლი ან საბაზისო სწავლებისა და ოსტატობის სწავლების სერტიფიკატების ასლები;
ვ) ენის ცოდნის სერტიფიკატის ასლი.
3. შეგირდის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის ზედამხედველობით, მოწმობით მითითებული ოსტატობის აღნიშვნის და დაშვების შესაბამისად.
4. შეგირდის მოწმობა მოქმედია, თუ მასში მოქმედია ენის დაშვება, სულ მცირე ერთი ოსტატობა და შესაბამის შემთხვევაში ერთი ოსტატობის დაშვება.
5. თუ შეგირდს, მოწმობის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში არ დაუწყია, ან ერთ წელზე მეტი ხნით შეწყვეტილი აქვს მოწმობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება, მას არ შეუძლია იმავე ოსტატობის ფარგლებში დაიწყოს ან გააგრძელოს პუნქტზე სწავლება, ვიდრე არ გაივლის კვალიფიკაციის შეფასებას ამ წესის მიხედვით, ოსტატობის შესაბამისად, პირველადი სწავლების სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში.
6. შეგირდის მოწმობა ძალას კარგავს თუ პირზე მეთვალყურის მოწმობა გაიცემა და ექვემდებარება სააგენტოში დაბრუნებას.
მუხლი 6🔗.
მეთვალყურის მოწმობა
1. მეთვალყურის მოწმობის მიღების უფლება აქვს პირს, თუ:
ა) შეუსრულდა 21 წელი;
ბ) ფლობს საჰაერო მოძრაობის შეგირდის მოწმობას;
გ) გავლილი აქვს სამეთვალყურეო პუნქტზე მომზადება სამეთვალყურეო პუნქტზე მომზადების გეგმის მიხედვით და ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდები და შეფასებები;
დ) ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატს;
ე) აქვს ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად.
2.მეთვალყურის მოწმობის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა;
ბ) შეგირდის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო სერტიფიკატის ასლი;
დ) პუნქტზე სწავლების წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი.
3. მეთვალყურის მოწმობა გაიცემა ყველა იმ ოსტატობის და ოსტატობის დაშვების მითითებით, რომელიც აღნიშნული იყო შეგირდის მოწმობაში.
4. მეთვალყურის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება, მოწმობით მინიჭებული ოსტატობის აღნიშვნების და/ან ოსტატობის დაშვების შესაბამისად.
5. მეთვალყურის მოწმობა მოქმედია, თუ მასში მოქმედია ენის დაშვება, სულ მცირე ერთი ოსტატობა, შესაბამის შემთხვევაში ერთი ოსტატობის დაშვება და სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვება.
6. თუ მეთვალყურის მოწმობის მფლობელს არ დაუწყია მოწმობაში აღნიშნული ნებისმიერი ოსტატობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულება ოსტატობის აღნიშნვის თარიღიდან ერთ წელზე მეტი ვადის განმავლობაში, პუნქტზე სწავლების უფლება მოცემული ოსტატობით მიეცემა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მისი კვალიფიკაცია შეფასდება იმ სასწავლო დაწესებულების მიერ, რომელიც ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად სერტიფიცირებულია აღნიშნული ოსტატობის პირველადი სწავლების ჩატარების უფლებით. პირს სამეთვალყურეო პუნქტზე სწავლების უფლება მიეცემა მაშინვე, როგორც კი მისი კომპეტენცია იქნება ოსტატობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი და შეფასების შედეგად გაწერილი სასწავლო რეკომენდაციები იქნება დაკმაყოფილებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 7🔗.
მეთვალყურის მოწმობის, ოსტატობის და დაშვების მოქმედების ვადის შეჩერება და გაუქმება
1. სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს მოწმობის, ოსტატობის ან დაშვების მოქმედება თუ გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:
ა) მეთვალყურის მიერ მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება გამოყენებული იქნა მიუხედავად იმისა, რომ მოწმობის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მეთვალყურემ მოწმობით, ოსტატობ(ებ)ით ან დაშვებ(ებ)ით მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ.
2. მოწმობის, ოსტატობის ან დაშვების მოქმედების შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.
3. სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს მოწმობა, თუ გამოვლინდება შემდეგი გარემოებები:
ა) მოწმობის შეჩერების ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი მოწმობის შეჩერების საფუძველი;
ბ) მეთვალყურის ან შეგირდის მოწმობის, ოსტატობის, დაშვების მისაღებად სააგენტოს წარედგინა ყალბი დოკუმენტი;
გ) მეთვალყურის მოწმობაში ჩანაწერი გაყალბებულია;
დ) განმეორებით გამოვლინდა მოწმობით, ოსტატობ(ებ)ით ან დაშვებ(ებ)ით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ;
ე) მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება გამოყენებული იქნა, მიუხედავად იმისა, რომ მოწმობის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რამაც საფრთხე შეუქმნა ფრენის უსაფრთხოებას.
4. სააგენტო მოწმობის, ოსტატობების და დაშვებების მოქმედების შეჩერების და/ან გაუქმების
შესახებ წერილობით აცნობებს მოწმობის მფლობელს და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მეთვალყურის მოწმობის გაუქმების შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დააბრუნოს მოწმობა სააგენტოში.
6. სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს მოწმობის მოქმედება მისი მფლობელის დროებითი უუნარობის გამო, თუ ეს მდგომარეობა არ აღმოიფხვრა სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოს შესაბამისად.
7. სააგენტო უფლებამოსილია მოწმობის, ოსტატობის ან დაშვების მოქმედება შეაჩეროს ან გააუქმოს მოწმობის მფლობელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
მეთვალყურის მოწმობის დუბლიკატის გაცემა
მეთვალყურის მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მეთვალყურის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო გასცემს მოწმობის დუბლიკატს.
მუხლი 9🔗.
მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება და დროებითი უუნარობა
1. მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ოსტატობ(ებ)ის, დაშვებ(ებ)ისა და სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში.
2. თუ მეთვალყურეს მიაჩნია, რომ ვერ შესძლებს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებას უსაფრთხოდ, ვალდებულია სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს დაუყოვნებლივ აცნობოს მოწმობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულების დროებითი უუნარობის შესახებ.
3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია აცნობოს სააგენტოს მოწმობის მფლობელის დროებით უუნარობის შესახებ, თუ მისთვის ცნობილი გახდება რომ მოწმობის მფლობელი მოწმობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას უსაფრთხოდ ვერ შეასრულებს.
4. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ისეთი ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პროცედურების დანერგვა, რომელთა მიხედვითაც:
ა)მოწმობის მფლობელი განაცხადებს დროებითი უუნარობის შესახებ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ბ)სააერნაოსნო მომსახურების საწარმო აცნობებს სააგენტოს მოწმობის მფლობელის მიერ უფლებამოსილების შესრულების დროებითი უუნარობის შესახებ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
გ)უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პროცესზე უფლებამოსილების შესრულების დროებითი უუნარობით გამოწვეული ზეგავლენის მართვა;
დ) აღწერილი იქნება დროებითი უუნარობის დასრულების პროცესი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში დადგენილი პროცედურები გათვალისწინებული უნდა იყოს სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოში.
თავი III
მეთვალყურის ოსტატობა
მუხლი 10🔗.
ოსტატობის სახეები
1. მეთვალყურის/შეგირდის მოწმობა უნდა მოიცავდეს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ერთ ან მეტ ოსტატობას:
ა) სააეროდრომო ვიზუალური კონტროლი (ADV), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება იმ აეროდრომზე, სადაც არ არსებობს სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის და გაფრენის პროცედურები;
ბ) სააეროდრომო სახელსაწყო კონტროლი (ADI), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს იმ სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება, სადაც არსებობს სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის და გაფრენის პროცედურები. ოსტატობას სააეროდრომო სახელსაწყო კონტროლი (ADI), თან უნდა ახლდეს სულ მცირე ერთი ოსტატობის დაშვება, ამ წესის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად;
გ) მისადგომის პროცედურული კონტროლი (APP), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს მომფრენი, გამფრენი ან ტრანზიტული საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო მომსახურება, სარადიოლოკაციო სისტემის გამოყენების გარეშე;
დ) მისადგომის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით (APS), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს მომფრენი, გამფრენი ან ტრანზიტული საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო მომსახურება სარადიოლოკაციო სისტემის მეშვეობით;
ე) სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლი (ACP), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო მომსახურება სარადიოლოკაციო სისტემის გარეშე;
ვ) სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით (ACS), რომელიც ასახავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო მომსახურება სარადიოლოკაციო სისტემის მეშვეობით.
2. ოსტატობის მფლობელს, რომელმაც შეწყვიტა ბოლო უწყვეტი ოთხი წლის განმავლობაში შესაბამისი ოსტატობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება, შეუძლია გააგრძელოს ამ უფლებამოსილების განხორციელება თუ:
ა) წარმატებით გაივლის კვალიფიკაციის შეფასებას სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და სერტიფიცირებულია იმ პირველადი სწავლების ჩატარებისთვის, რომელი ოსტატობის მიღებაც სურს პირს;
ბ) გაივლის პუნქტზე სწავლებას შესაბამისი ოსტატობის ფარგლებში.
მუხლი 11🔗.
მეთვალყურის ოსტატობის დაშვებები
1. ოსტატობას „სააეროდრომო სახელსაწყო კონტროლი“ (ADI) თან უნდა ახლდეს ამ პუნქტის ,,ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაშვებიდან ერთი მაინც:
ა) „კოშკურა“ (TWR) აღნიშნავს, რომ მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სააეროდრომო მოძრაობის მეთვალყურეობა. დაშვება „კოშკურა“ მოიცავს დაშვებებს „სახმელეთო მოძრაობის (მიმოსვლის) კონტროლი“ (GMC) და „საჰაერო მოძრაობის კონტროლი“ (AIR);
ბ) „სახმელეთო მოძრაობის (მიმოსვლის) კონტროლი“ (GMC), რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს სახმელეთო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება;
გ) „სახმელეთო მოძრაობის (მიმოსვლის) კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (GMS), „სახმელეთო მოძრაობის კონტროლის“ (GMC) ან „კოშკურა“(TWR) დაშვებებთან ერთად, რომელიც აღნიშნავს, მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს სახმელეთო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება, აეროდრომის ზედაპირზე განთავსებული სახმელეთო ორიენტირების სისტემის მეშვეობით;
დ) „საჰაერო მოძრაობის კონტროლი“ (AIR), რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეობა აეროდრომის რაიონში და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე;
ე) „სააეროდრომო სარადიოლოკაციო კონტროლი“ (RAD „საჰაერო მოძრაობის კონტროლის“ (AIR) ან „კოშკურას“ (TWR) დაშვებებთან ერთად, აღნიშნავს, რომ მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება მიმოხილვითი რადიოლოკატორის მეშვეობით.
2. ოსტატობას „მისადგომის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (APS) შესაძლებელია ახლდეს ამ პუნქტის ,, ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემდეგი დაშვება:
ა) „დასაფრენად ზუსტი შესვლის რადიოლოკატორი“ (PAR), რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას უზრუნველყოს სხ მიწიდან მართული დასაფრენად ზუსტი შესვლით ადზ–ის დაფრენის სწორზე დასაფრენად ზუსტი შესვლის რადიოლოკატორის გამოყენებით;
ბ) „მისადგომის მიმოხილვითი რადიოლოკატორი“ (SRA) რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას უზრუნველყოს სხ მიწიდან მართული დასაფრენად არაზუსტი შესვლით ადზ–ის დაფრენის სწორზე მიმოხილვითი რადიოლოკატორის გამოყენებით;
გ) „საკვანძო სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი“ (TCL) აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას, სარადიოლოკაციო სისტემის მეშვეობით განახორციელოს იმ საჰაერო ხომალდის სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ფრენებს ახორციელებს აეროდრომის დადგენილ რაიონში და/ან მოსაზღვრე სექტორებში.
3. ოსტატობას „სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (ACS) შესაძლებელია ახლდეს შემდეგი დაშვება :
ა) „საკვანძო სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი“ (TCL), რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას, სარადიოლოკაციო სისტემის მეშვეობით განახორციელოს იმ საჰაერო ხომალდის სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ფრენებს ახორციელებს აეროდრომის დადგენილ რაიონში და/ან მოსაზღვრე სექტორებში;
ბ) „ოკეანის კონტროლი“ აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებას განახორციელოს იმ საჰაერო ხომალდის სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ახორციელებს ფრენას ოკეანის კონტროლის ზონაში.
4. ოსტატობას „სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლი“, შესაძლებელია ახლდეს დაშვება „ოკეანის კონტროლი“, რომელიც აღნიშნავს მოწმობის მფლობელის უფლებამოსილებს განახორციელოს იმ საჰაერო ხომალდის სამეთვალყურეო მომსახურება, რომელიც ახორციელებს ფრენას ოკეანის კონტროლის ზონაში.
მუხლი 12🔗.
მოწმობაში ოსტატობის, ოსტატობის დაშვების დამატება
მოწმობაში, ოსტატობის და ოსტატობის დაშვების დასამატებლად, მეთვალყურის მოწმობის მფლობელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა (შესაბამისი გრაფებით);
ბ) მეთვალყურის მოწმობის ასლი;
გ) სააგენტოს მიერ ამ წესის მიხედვით სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში მიღებული ოსტატობის ან/და ოსტატობის დაშვების სწავლების წარმატებულად გავლის სერტიფიკატის ასლი;
დ) სამედიცინო სერტიფიკატის ასლი.
თავი IV
სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვება და ენის დაშვება
მუხლი 13🔗.
სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვება
1. პუნქტზე დაშვება მეთვალყურეს ანიჭებს უფლებას განახორციელოს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო პუნქტის პასუხისმგებლობის ფარგლებში.
2. პუნქტზე დაშვების მისაღებად მეთვალყურემ უნდა გაიაროს სამეთვალყურეო პუნქტზე მომზადების კურსი ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.
3. პუნქტზე დაშვების მისაღებად, განმცხადებელმა სააგენტოში უდნა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა;
ბ) მეთვალყურის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო სერტიფიკატის ასლი;
დ) პუნქტზე სწავლების წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადას განსაზღვრავს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.
5. პუნქტზე დაშვების პირველადი გაცემის ან მისი განახლების შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა აითვლება შეფასების წარმატებით დასრულების თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
6. პუნქტზე დაშვების ვადის გასაგრძელებლად, განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა(შესაბამისი გრაფები);
ბ) მეთვალყურის მოწმობის ასლი;
გ) განმეორებითი სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;
დ) კვალიფიკაციის შეფასების ფორმის ასლი;
ე) სამედიცინო სერტიფიკატის ასლი.
7. სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შეფასებას ახორციელებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შემფასებელი.
8. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს სააგენტოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დაგეგმილი შეფასების ჩატარების თარიღები.
9. პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ:
ა) მოწმობის მფლობელი მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებდა საათების იმ მინიმალური რაოდენობის დაცვით, რომელიც სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოშია განსაზღვრული;
ბ) მოწმობის მფლობელმა, პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, გაიარა განმეორებითი სწავლება სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოს შესაბამისად;
გ) მეთვალყურის კვალიფიკაცია შეფასებული იქნა სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოს შესაბამისად, პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 3 თვისა.
10. პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს დაშვების ვადის ამოწურვამდე ბოლო 3 თვის განმავლობაში, თუ პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, მოქმედების ვადა აითვლება დაშვების მოქმედების ვადის დასრულების თარიღიდან.
11. თუ პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადის გაგრძელდა ამ მუხლის მე-10 პუნქტში განსაზღვრულ პერიოდამდე უფრო ადრე, მისი მოქმედების ვადა დაიწყება შეფასების წარმატებით დასრულებიდან არაუგვიანეს 30 დღის შემდეგ, თუ პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ პუნქტებში განსაზღვრულ მოთხოვნებს.
12. პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი მოქმედება განახლდება, თუ მოწმობის მფლობელი წარმატებით გაივლის სამეთვალყურეო პუნქტზე მომზადების კურსს, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.
13. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოს შესაბამისად, სააგენტოს ინსპექტორის სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების შენარჩუნების მიზნით ვალდებულია:
ა) დაუშვას სააგენტოს ინსპექტორი სამეთვალყურეო პუნქტზე მინიმალური საათების დასაგროვებლად;
ბ) წინასწარ შეატყობინოს სააგენტოს კვალიფიკაციის შენარჩუნების სწავლებების ჩატარების თარიღის შესახებ;
გ) სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების ვადის გასაგრძელებლად შეაფასოს მისი კვალიფიკაცია.
მუხლი 14🔗.
სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელო
1. სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოს შეიმუშავებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო და წარუდგენს სააგენტოს შესათანხმებლად. სახელმძღვანელოში გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადა, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
ბ) პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადის განმავლობაში ის მაქსიმალური უწყვეტი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია პუნქტზე დაშვებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განუხორციელებლობა, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს;
გ) მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, საათების ის მინიმალური რაოდენობა, რომლის განმავლობაშიც პირმა უნდა განახორციელოს პუნქტზე დაშვებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტაჟის შემთხვევაში, სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორების (OJTI) მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარების დრო უნდა იყოს პუნქტზე დაშვების მოქმედების გასაგრძელებლად საჭირო საათების არაუმეტეს 50%;
დ) პროცედურები, რომლებიც დადგენილია ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც მოწმობის მფლობელი ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს;
ე) კვალიფიკაციის შეფასების პროცესი, 67-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის შესაბამისად განმეორებითი სწავლების კურსის საგნების შეფასების ჩათვლით;
ვ) თეორიული ცოდნის შემოწმების პროცესი, რომელიც საჭიროა ოსტატობებით და დაშვებებით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად;
ზ)კვალიფიკაციის შენარჩუნების სასწავლო პროგრამისათვის თემების და ქვეთემების, სწავლების მიზნების და მეთოდების განსაზღვრის პროცესი;
თ) განმეორებითი სწავლების მინიმალური ხანგრძლივობა და ჩატარების სიხშირე;
ი) თეორიული ცოდნის გამოცდის ან/და იმ პრაქტიკული უნარების შეფასების პროცესი, რომლებიც შეძენილ იქნა გადამზადების პროცესში, გამოცდებზე მიღებული ნიშნების ჩათვლით;
კ) გამოცდის ან შეფასების წარუმატებლად გავლის შემთხვევაში მოქმედების პროცედურები, შედეგების გასაჩივრების ჩათვლით;
ლ) სწავლებაში ჩართული პერსონალის კვალიფიკაცია, მათი როლი და პასუხისმგებლობა;
მ) მოწმობის მფლობელის მიერ მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების დროებითი უუნარობის შესახებ (ინფორმირების) შეტყობინების პროცედურები, ასეთი შემთხვევების მართვის და მათ შესახებ სააგენტოსთვის შეტყობინების პროცედურები, ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
ნ) კვალიფიკაციის შენარჩუნების პროგრამით გათვალისწინებულ სწავლებასა და შეფასებასთან დაკავშირებული სპეციალური ჩანაწერების წარმოება;
ო) სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოს გადახედვის და მასში ცვლილებების შეტანის პროცედურები, მიზეზები და სააგენტოში ცვლილებების წარდგენის წესი. სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოს გადახედვა, სულ ცოტა, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს.
2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა აწარმოოს ჩანაწერები იმ საათების შესახებ, რომელთა განმავლობაშიც მოწმობის თითოეული მფლობელი პუნქტზე დაშვებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებდა სამეთვალყურეო პუნქტზე საწარმოში მუშაობისას და აღნიშნული მონაცემები წარუდგინოს სააგენტოს და მოწმობის მფლობელს მოთხოვნის შემთხვევაში.
3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ და ,,მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებში უზრუნველყოს სამართლიანი მიდგომა იმ პირთა მიმართ, რომელთა დაშვებების ვადა ვერ გრძელდება.
მუხლი 15🔗.
ენის დაშვება
1. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს/შეგირდს უფლება არა აქვს გამოიყენოს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება, თუ მას არ გააჩნია ენის დაშვება.
2. ენის დაშვების მისაღებად, ვადის გასაგრძელებლად და განახლების მიზნით განმცხადებელმა სააგენტოში უდნა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა (შესაბამისი გრაფები);
ბ) მეთვალყურის/ შეგირდის მოწმობის ასლი;
გ) ენის ცოდნის შეფასების სერტიფიკატის ასლი ,,სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 ოქტომბრის N 221 ბრძანების შესაბამისად, არანაკლებ მე-4 დონე ან ევროკონტროლის ინგლისური ენის ცოდნის შეფასების სერტიფიკატის (ELPAC) ასლი, არანაკლებ მე-4 დონე.
მუხლი 16🔗.
ენის დაშვების მოქმედების ვადა
1. ენის დაშვების მოქმედების ვადა, განისაზღვრება ენის ფლობის დონის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების ვადით.
2. მოწმობის პირველადი გაცემის და მისი განახლების დროს, ენის ფლობის დაშვების მოქმედების ვადა დაიწყება ენის ცოდნის წარმატებით გავლილი შეფასების თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
3. ენის დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ, პირი დაშვების ვადის ამოწურვამდე 3 თვის განმავლობაში წარმატებით გაივლის ენის ცოდნის შეფასებას.
4. თუ ენის დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელებულ იქნა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაზე უფრო ადრე, მისი მოქმედების ვადა დაიწყება ენის ცოდნის შეფასების წარმატებით დასრულებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
5. ენის დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, დაშვების აღსადგენად მოწმობის მფლობელმა წარმატებით უნდა გაიაროს ენის ფლობის შეფასება.
მუხლი 17🔗.
ენაში მომზადება
1. ენის ფლობის საჭირო დონის შესანარჩუნებლად სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს იმ მეთვალყურეთა ენაში მომზადება:
ა) რომელთა ენის დაშვება სამუშაო დონეს (მე-4 დონეს) შეესაბამება;
ბ) რომლებიც ფლობენ მოწმობას, მაგრამ ენის ცოდნის საჭირო დონეს ვერ ინარჩუნებენ ცოდნის რეგულარულ საფუძველზე გამოყენების შეუძლებლობის გამო.
2. ენაში მომზადება შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნას კვალიფიკაციის შენარჩუნების სწავლების ფარგლებში.
თავი V
თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორის დაშვება, შემფასებლის დაშვება
მუხლი 18🔗.
თეორიული სწავლების ინსტრუქტორი
1. მეთვალყურის თეორიული სწავლება უნდა ჩატარდეს მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის მქონე ინსტრუქტორის მიერ.
2. თეორიული სწავლების ინსტრუქტორი სათანადო კვალიფიკაციის მქონედ ითვლება თუ:
ა) მას აქვს მოქმედი მეთვალყურის მოწმობა ან/და გააჩნია პროფესიული კვალიფიკაცია იმ საგანში, რომელსაც ასწავლის ან/და სასწავლო დაწესებულების წინაშე მოახდინა შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების დემონსტრირება;
ბ) სასწავლო დაწესებულების წინაშე მოახდინა პედაგოგიური უნარების დემონსტრირება.
მუხლი 19🔗.
პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორი
მეთვალყურის პრაქტიკული სწავლება შეიძლება ჩაატაროს მხოლოდ იმ პირმა, რომელიც ფლობს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობას და სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის (OJTI) ან სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვებას (STDI).
მუხლი 20🔗.
სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების გაცემა
1. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების (OJTI) მისაღებად, განმცხადებელი:
ა) უნდა ფლობდეს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობას, პუნქტზე მოქმედი დაშვებით;
ბ) განაცხადის შეტანამდე უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ახორციელებდა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. სააგენტო უფლებამოსილია, სასწავლო დაწესებულების მოთხოვნით, შეამციროს მითითებული ვადა, მაგრამ არანაკლებ ერთ წლამდე;
გ) განაცხადის წარდგენამდე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, წარმატებით ჰქონდეს გავლილი პრაქტიკული სწავლების ჩატარების კურსი სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში.
2. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების მისაღებად განმცხადებელმა სააგენტოში უდნა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა (შესაბამისი გრაფები);
ბ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის ასლი, პუნქტზე მოქმედი დაშვებით;
გ) პრაქტიკული სწავლების ჩატარების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;
დ) მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატის ასლი.
მუხლი 21🔗.
სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის უფლებამოსილება
1. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორი (OJTI) უფლებამოსილია ჩაატაროს პრაქტიკული სწავლება და სწავლების პროცესის ზედამხედველობა იმ სამუშაო ადგილზე, რომელზეც გააჩნია პუნქტზე მოქმედი დაშვება, ხოლო სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობაზე მისთვის მინიჭებული ოსტატობის მიხედვით.
2. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორი (OJTI) უფლებამოსილია ჩაატაროს სწავლება თუ:
ა) სულ ცოტა, ორი წლის განმავლობაში, ახორციელებდა იმ ოსტატობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რომელთან დაკავშირებითაც ატარებს სწავლებას;
ბ) უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, ახორციელებდა სამეთვალყურეო პუნქტზე იმ მოქმედი დაშვებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, რომელთან დაკავშირებითაც მას მოუწევს სწავლების ჩატარება;
გ) გააჩნია სწავლების ჩატარების პრაქტიკული ჩვევები იმ პროცედურებში, რომლებთან დაკავშირებითაც მას მოუწევს სწავლების ჩატარება.
3. სასწავლო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადა, მაგრამ არანაკლებ ერთ წლამდე.
მუხლი 22🔗.
სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების მოქმედების ვადა, ვადის გაგრძელება, განახლება
1. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვება მოქმედია სამი წლის განმავლობაში. ინსტრუქტორის დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ დაშვების მოქმედების ვადაში ინსტრუქტორი გაივლის განმეორებით სასწავლო კურსს პრაქტიკული სწავლების ჩატარებაში სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში და თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის 20-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღიდან მომდევნო სამი წლით.
2. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების ვადის გასაგრძელებლად განმცხადებელმა სააგენტოში უდნა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა (შესაბამისი გრაფები);
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განმეორებითი სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის ასლი, პუნქტზე მოქმედი დაშვებით;
დ) მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატის ასლი.
3. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მისი განახლება შესაძლებელია თუ :
ა) ინსტრუქტორი გაივლის განმეორებით სასწავლო კურსს პრაქტიკული სწავლების ჩატარების უნარებში სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში, დაშვების მოქმედების განახლებაზე განაცხადის წარდგენამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში; და
ბ) წარმატებით გაივლის პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორის კომპეტენციის შეფასებას, დაშვების მოქმედების განახლებაზე განაცხადის წარდგენამდე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში და თუ აკმაყოფილებს ამ წესის 20-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების მოქმედების განახლების მიზნით, განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა;
ბ) განმეორებითი სწავლების და პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორის კომპეტენციის შეფასების წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის ასლი, პუნქტზე მოქმედი დაშვებით;
დ) მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატის ასლი.
5. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების პირველადი გაცემის ან მისი მოქმედების ვადის განახლების შემთხვევაში, დაშვების მოქმედების ვადა დაიწყება შეფასების წარმატებით გავლის თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების მფლობელი აღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებს, სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვება შეიძლება შეიცვალოს სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვებით, თუ დაკმაყოფილებული იქნება ამ წესის 26-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 23🔗.
სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დროებითი დაშვების გაცემა
1. თუ ამ წესის 21- ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დროებითი დაშვება.
2. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დროებითი დაშვება გაიცემა მხოლოდ იმ პირზე, რომელიც ფლობს ამ წესის შესაბამისად გაცემულ სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის მოქმედ დაშვებას.
3. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დროებითი დაშვება გაიცემა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მისი მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს ან ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად გაცემულ სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების მოქმედების ვადას, იმისდა მიხედვით, თუ რომელი უფრო ადრე დადგება.
4. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დროებითი დაშვება გაიცემა ცალკე დოკუმენტის სახით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინსტრუქტორის უფლებამოსილება და მოქმედების ვადა.
მუხლი 24🔗.
სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვების გაცემა
1. სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვება გაიცემა თუ განმცხადებელი:
ა) სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში, ახორციელებდა მეთვალყურის უფლებამოსილებას; და
ბ) განაცხადის წარდგენამდე უკანასკნელი (ბოლო) ერთი წლის განმავლობაში, წარმატებით გაივლის პრაქტიკული სწავლების ჩატარების კურსს სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს(EASA) წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში.
2. სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვების მისაღებად განმცხადებელმა სააგენტოში უდნა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა(შესაბამისი გრაფები);
ბ) მეთვალყურის მოწმობის ასლი;
გ) პრაქტიკული სწავლების ჩატარების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი.
მუხლი 25🔗.
სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის უფლებამოსილება
1. სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორს უფლება აქვს ჩაატაროს პრაქტიკული სწავლება სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობაზე:
ა) პრაქტიკული ხასიათის დისციპლინებში პირველადი სწავლების დროს;
ბ) პუნქტზე მომზადების დროს, გარდა სამუშაო ადგილზე სწავლებისა;
გ) კვალიფიკაციის შენარჩუნების სწავლების დროს.
2. თუ სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორი (STDI), ატარებს მუშაობისწინა სწავლებას (pre-OJT), მას უნდა ჰქონდეს შესაბამის პუნქტზე დაშვება.
3. სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვების მფლობელმა, დაშვებით მინიჭებული უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) სულ ცოტა, ორი წლის განმავლობაში, ახორციელებდა იმ ოსტატობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რომელთან დაკავშირებითაც მას მოუწევს სწავლების ჩატარება;
ბ) მოახდინა მიმდინარე სამუშაო პრაქტიკის ცოდნის დემონსტრირება;
გ) გააჩნია სწავლების ჩატარების პრაქტიკული ჩვევები იმ პროცედურებში, რომლებთან დაკავშირებითაც მას მოუწევს სწავლების ჩატარება.
4. მიუხედავად ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადენილი მოთხოვნისა:
ა) საბაზო სწავლების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერი ოსტატობის მქონე ინსტრუქტორის მიერ;
ბ) ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზნებისათვის, კონკრეტული შერჩეული სამუშაო ამოცანის დამუშავებაზე ორიენტირებული სწავლება შეიძლება ჩატარდეს სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის იმ ინსტრუქტორის (STDI) მიერ, რომლის ოსტატობა ამ კონკრეტულ სამუშაო ამოცანას ესადაგება.
მუხლი 26🔗.
სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვების ვადა, განახლება, გაგრძელება
1. სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვება მოქმედია სამი წლის განმავლობაში. სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვების მოქმედება გაგრძელდება, თუ დაშვების მოქმედების ვადის განმავლობაში ინსტრუქტორი გაივლის პრაქტიკული სწავლების ჩატარების უნარების და მიმდინარე სამუშაო პრაქტიკის განმეორებით სასწავლო კურსს, სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში . დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, წინა დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღიდან მომდევნო სამი წლის ვადით.
2.სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვების ვადის გასაგრძელებლად განმცხადებელმა სააგენტოში უდნა წარმოადგინოს:
ა)ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა (შესაბამისი გრაფები);
ბ) განმეორებითი სწავლებების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მეთვალყურის მოწმობის ასლი.
3. სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მისი განახლება შესაძლებელია, თუ დაშვების აღდგენის შესახებ განაცხადის წარდგენამდე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ინსტრუქტორი:
ა) გაივლის განმეორებით სასწავლო კურსს პრაქტიკული სწავლების ჩატარების უნარებში სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში და მიმდინარე სამუშაო პრაქტიკის მიმართულებით; და
ბ) წარმატებით გაივლის პრაქტიკული ინსტრუქტორის შეფასებას.
4. სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვების მოქმედების აღსადგენად განმცხადებელმა სააგენტოში უდნა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა(შესაბამისი გრაფები);
ბ) განმეორებითი სწავლების და პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორის კომპეტენციის შეფასების წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის ასლი, პუნქტზე მოქმედი დაშვებით (პუნქტზე დაშვება საჭიროებისამებრ);
5. სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვების პირველადი გაცემის ან მისი მოქმედების განახლების შემთხვევაში, დაშვების მოქმედების ვადა დაიწყება შეფასების წარმატებით გავლის თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
მუხლი 27🔗.
შემფასებლის დაშვების გაცემა
1 შემფასებლის დაშვების მისაღებად, განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) გააჩნდეს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურედ მუშაობის სულ მცირე ორი წლის გამოცდილება;
ბ) განაცხადის შეტანამდე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, წარმატებით ჰქონდეს
გავლილი შემფასებლის კურსი სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში.
2. შემფასებლის დაშვების მისაღებად განმცხადებელმა სააგენტოში უდნა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა;
ბ) მეთვალყურის მოწმობის ასლი;
გ) შემფასებლის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;
დ) მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატის ასლი.
3. განმცხადებელი, სააგენტოში განაცხადის წარმოდგენის შემდგომ ვალდებულია სააგენტოს ინსპექტორის წინაშე მოახდინოს საკვალიფიკაციო შეფასების და გამოცდის ჩატარების დემონსტრირება პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოს შესაბამისად.
4. შეფასების და გამოცდის ჩატარების წარმატებით დემონსტრირების შედეგად სააგენტო გასცემს შემფასებლის დაშვებას.
მუხლი 28🔗.
შემფასებლის უფლებამოსილება
1. შეფასება უნდა განახორციელოს მხოლოდ შემფასებლის დაშვების მქონე პირმა.
2. შემფასებლის დაშვების მფლობელი უფლებამოსილია ჩაატაროს შემდეგი შეფასებები:
ა) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის, ახალი ოსტატობის ან/და ოსტატობის დაშვების მიღებისათვის საჭირო პირველადი სწავლების პროცესში;
ბ) კვალიფიკაციის შეფასება ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის შეფასება, მისთვის სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების ან ოსტატობის დაშვების გასაცემად;
დ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის შეფასება, მისთვის სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების ან ოსტატობის დაშვების გასაცემად, ასევე, სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლებისათვის;
ე) პრაქტიკული ინსტრუქტორის ან შემფასებლის დაშვების მიღებაზე განმცხადებლის შეფასება იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. შემფასებლის დაშვების მფლობელმა, დაშვებით მინიჭებული უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მას გააჩნია, სულ ცოტა, ორი წლის მუშაობის გამოცდილება იმ ოსტატობის და ოსტატობის დაშვებ(ებ)ის მიხედვით, რომელთან დაკავშირებითაც მას მოუწევს შეფასების ჩატარება; და
ბ) მან გამოავლინა მოქმედი სამუშაო პროცედურების ცოდნა;
4. შემფასებლის დაშვების მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) შეფასება პუნქტზე დაშვების გაცემის, გაგრძელების ან განახლების მიზნით, თუ სულ მცირე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფლობდა სამეთვალყურეო პუნქტზე ისეთ დაშვებას, რომელიც დაკავშირებულია შეფასებასთან.
ბ) სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის (STDI) დაშვების გაცემის ან განახლებისათვის კომპეტენციის შეფასება - თუ ფლობს სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის (STDI) დაშვებას ან სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის (OJTI) დაშვებას და ამ დაშვებით მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებდა, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში;
გ) სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის (OJTI) დაშვების გაცემის ან განახლების მიზნით კომპეტენციის შეფასება - თუ ფლობს სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის (OJTI) დაშვებას და ამ დაშვებით მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებდა, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში;
დ) შემფასებლის დაშვების გაცემის ან განახლებაზე განმცხადებლის კომპეტენციის შეფასება თუ შემფასებლის დაშვებით მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებდა, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში;
5. პუნქტზე დაშვების გაცემის ან მისი განახლების მიზნით შეფასების ჩატარებისას და სამუშაო ადგილზე ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად, შემფასებელს ასევე უნდა გააჩნდეს სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის (OJTI) დაშვება, ან შეფასებას უნდა ესწრებოდეს სამუშაო ადგილზე სწავლების ისეთი ინსტრუქტორი (OJTI), რომელიც ფლობს სამეთვალყურეო პუნქტზე მოქმედ ისეთ დაშვებას, რომელიც დაკავშირებულია ხსენებულ შეფასებასთან.
მუხლი 29🔗.
მიკერძოებული მიდგომა
შემფასებელმა არ უნდა განახორციელოს შეფასება, თუ ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქს ან იგი რაიმე მიზეზით დაინტერესებულია შეფასების შედეგით.
მუხლი 30🔗.
შემფასებლის დაშვების მოქმედების ვადა, განახლება, გაგრძელება
1. შემფასებლის დაშვება მოქმედია სამი წლის განმავლობაში. შემფასებლის დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ შემფასებელი დაშვების მოქმედების განმავლობაში გაივლის შემფასებლის განმეორებით სასწავლო კურსს სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში და მიმდინარე სამუშაო პრაქტიკის განმეორებით სასწავლო კურსს. დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან სამი წლის ვადით.
2. შემფასებლის დაშვების ვადის გასაგრძელებლად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ა)ამ წესის მე-2 დანართის შესაბამისად შევსებული განაცხადის ფორმა(შესაბამისი გრაფები);
ბ)ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განმეორებითი სწავლებების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის ასლი.
3. შემფასებლის დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, დაშვება განახლდება თუ შემფასებელი განცხადების წარმოდგენამდე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში:
ა) გაივლის შემფასებლის განმეორებით სასწავლო კურსს, სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში და განმეორებით სასწავლო კურსს მიმდინარე სამუშაო პრაქტიკაში;
ბ) წარმატებით გაივლის შემფასებლის კომპეტენციის შეფასებას.
4. შემფასებლის დაშვების მოქმედების აღსადგენად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ა)ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის ფორმა(შესაბამისი გრაფები);
ბ)განმეორებითი სწავლების და შემფასებლის კომპეტენციის შეფასების წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის ასლი.
5. შემფასებლის დაშვების პირველადი გაცემის ან მოქმედების განახლების შემთხვევაში, დაშვების მოქმედების ვადა დაიწყება შეფასების წარმატებით გავლის თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
მუხლი 31🔗.
შემფასებლის დროებითი დაშვება
1. თუ ამ წესის 28- ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია, პროცესის ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შემფასებლის დროებითი დაშვება.
2. დროებითი დაშვების მქონე შემფასებელი უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) შეგირდის შეფასება სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების ან ოსტატობის დაშვების გაცემის მიზნით;
ბ) მეთვალყურის შეფასება სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების ან ოსტატობის დაშვების გასაცემად, ასევე, შეფასება სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლების მიზნით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, შემფასებელი სულ ცოტა, გასული ერთი წლის განმავლობაში უნდა ფლობდეს:
ა) სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვებას შესაბამისი ოსტატობით; და
ბ) ოსტატობის ისეთ დაშვებას, რომელიც ჩასატარებელ შეფასებას შეესაბამება.
4. შემფასებლის დროებითი დაშვების მოქმედების ვადა განისაზღვრება სააგენტოს მიერ და არ უნდა აღემატებოდეს ამ წესის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემფასებლის დაშვების მოქმედების ვადას.
5.შემფასებლის დროებითი დაშვება გაიცემა ცალკე დოკუმენტის სახით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მისი მფლობელის უფლებამოსილება და ნებართვის მოქმედების ვადა.
თავი VI
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულება
მუხლი 32🔗.
სასწავლო დაწესებულების ზოგადი უფლება-მოვალეობები
1. სასწავლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სწავლება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი სერტიფიკატის საფუძველზე.
2. სამეთვალყურეო პუნქტზე სწავლების და კვალიფიკაციის შესანარჩუნებელი სწავლების ჩატარების უფლება აქვს:
ა) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, რომელიც ფლობს სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატს;
ბ) სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც აქვს ხელშეკრულება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან.
მუხლი 33🔗.
სასწავლო დაწესებულების პერსონალი
1. სასწავლო დაწესებულებას უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი.
2. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უფლება-მოვალეობები გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია ამ წესის შესაბამისად.
3. სასწავლო დაწესებულება სულ მცირე ორ წელიწადში ერთხელ ახორციელებს პერსონალის რაოდენობის შესწავლას, მათი ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით, საკმარისი რაოდენობის კადრებით უზრუნველყოფის მიზნით.
4. სასწავლო დაწესებულებამ უნდა აწარმოოს ჩანაწერები თეორიული ინსტრუქტორების პროფესიული მომზადების, ცოდნის და გამოცდილების, სწავლების ჩატარების მეთოდის შეფასების შესახებ იმ საგნების მითითებით, რომლებშიც მათ სწავლების ჩატარება მოუწევთ.
5. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს თეორიული ინსტრუქტორების კვალიფიკაციის შენარჩუნების პროცედურა.
6. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პრაქტიკულმა ინსტრუქტორებმა და შემფასებლებმა გაიარონ განმეორებითი სწავლება შესაბამისი საკვალიფიკაციო აღნიშვნის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად.
7. სასწავლო დაწესებულებამ უნდა აწარმოოს ჩანაწერები იმ პირების შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ პრაქტიკული ინსტრუქტორების და შემფასებლების კვალიფიკაციის შეფასება, შესაბამისი დაშვებების მითითებით.
8. სასწავლო დაწესებულებამ უნდა შეიმუშაოს პერსონალის სწავლების პროგრამა და წლიური გეგმა.
მუხლი 34🔗.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
1. სასწავლო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ტექნიკური საშუალებები დაგეგმილი ამოცანების შესრულებისა და საკუთარი საქმიანობის წარმართვისათვის ამ წესის შესაბამისად.
2. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობებს გააჩნდეს კონკრეტული ამოცანისთვის შესაბამისი მახასიათებლები და აკმაყოფილებდეს ამოცანის შესაბამის მოთხოვნებს.
3. პუნქტზე სწავლების დროს, სასწავლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ადგილზე სწავლების ინსტრუქტორს და პირს, რომელიც გადის სწავლებას აქვთ ერთი და იგივე ინფორმაცია და ასევე სწავლების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინსტრუქტორის მიერ სწავლების პროცესში მისი დაუყოვნებლივ ჩარევის შესაძლებლობა.
შენიშვნა: მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთი და იგივე ინფორმაციის ფლობა გულისხმობს, ერთსა და იმავე სამეთვალყურეო პუნქტზე ან პუნქტის სამუშაო პოზიციაზე არსებული ინფორმაციით ხელმძღვანელობას.
მუხლი 35🔗.
დაფინანსება
სასწავლო დაწესებულებამ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსები სასწავლო საქმიანობის განსახორციელებლად. ასევე ის, რომ სასწავლო საქმიანობა სათანადოდ დაზღვეულია ჩასატარებელი სწავლების ხასიათის მიხედვით.
მუხლი 36🔗.
ჩანაწერების წარმოება
1. სასწავლო დაწესებულებამ უნდა დანერგოს სწავლებასთან დაკავშირებული დოკუმენტების აღრიცხვის სისტემა, რაც მოიცავს ჩანაწერების შენახვას დოკუმენტის ნომრის მითითებით და მართვის სისტემით განსაზღვრული ელემენტების მონიტორინგს.
2. ჩანაწერების ფორმატი უნდა განისაზღვროს საწარმოს მართვის სისტემის პროცედურებში.
3. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია შეინახოს ჩანაწერები იმ პირთა შესახებ, რომლებსაც გავლილი აქვთ ან ამჟამად გადიან სწავლებას.
4. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია გააჩნდეს ინსტრუქტორების და შემფასებლების კვალიფიკაციის, ინსტრუქტაჟის ჩატარების მეთოდიკისა და შეფასების შესახებ ჩანაწერების წარმოების სისტემა იმ საგნების მითითებით, რომლებშიც მათ მოუწევთ სწავლების ჩატარება.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტში მითითებული ჩანაწერები უნდა ინახებოდეს მინიმუმ ხუთი წლის ვადით, რომლის ათვლა იწყება:
ა) პირის მიერ სასწავლო კურსის დასრულების მომენტიდან; და
ბ) ინსტრუქტორის ან შემფასებლის მიერ სასწავლო დაწესებულებასთან საქმიანი ურთიერთობების შეწყვეტის მომენტიდან.
6. ჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი დაზიანება, ცვლილება ან/და დაკარგვა.
7. ჩანაწერების შენახვა უნდა განხორციელდეს მატერიალური სახით, ან ელექტრონული ან/და კომბინირებული ფორმით.
მუხლი 37🔗.
სასწავლო დაწესებულებასთან დაკავშირებული ცვლილებები
1. სასწავლო დაწესებულებაში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატისა და მისი დანართით გათვალისწინებულ პირობებზე, ან სასწავლო დაწესებულების ამ წესის 46-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მართვის სისტემის ნებისმიერ ელემენტზე, საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას.
2. თუ სასწავლო დაწესებულება გეგმავს ისეთი ცვლილების განხორციელებას, რომელიც საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტომ აღნიშნული ცვლილებების შეთანხმებამდე უნდა შეამოწმოს სასწავლო დაწესებულების შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.
3. სააგენტო განსაზღვრავს პირობებს, რომელთა დაცვითაც უნდა ფუნქციონირებდეს სასწავლო დაწესებულება ცვლილების განხორციელების პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სააგენტო წარმოდგენილ ცვლილებას არ შეითანხმებს.
4. ისეთი ცვლილებებისთვის, რომელიც არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას, სასწავლო დაწესებულება ვალდებულია დანერგოს სააგენტოსთან შეთანხმებული პროცედურა, სადაც განსაზღვრული უნდა იყოს ამგვარი ცვლილების ფარგლები, ცვლილების მართვისა და შეტყობინების პროცესი.
5. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია ცვლილების შეტყობინების პროცედურის შესაბამისად, სააგენტოს აცნობოს ყველა ის ცვლილება, რომელიც არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას.
6. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს აცნობოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ.
მუხლი 38🔗.
დაუყოვნებლივი რეაგირება სააგენტოს უსაფრთხოების მითითებაზე
სასწავლო დაწესებულებამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს სააგენტოს მიერ გაცემულ უსაფრთხოების მითითებაზე დაუყოვნებლივი რეაგირების პროცედურა.
მუხლი 39🔗.
საავიაციო მოვლენათა შეტყობინება
სასწავლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამუშაო ადგილზე სწავლებას ვალდებულია დანერგოს საავიაციო მოვლენათა შეტყობინების პროცესი, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ შესაბამისად.
თავი VII
სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირება
მუხლი 40🔗.
სერტიფიცირების ეტაპები
1. სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირება ხორციელდება სამ ეტაპად:
ა) I ეტაპი - რომელიც მოიცავს:
ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას;
ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში განხილვას.
ბ) II ეტაპი – ადგილზე შემოწმება;
გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე.
2. სერტიფიცირებისას, სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, ინსპექტირების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
მუხლი 41🔗.
განცხადება და თანდართული საბუთები
1. ამ წესით განსაზღვრული სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
2. პირი, სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. განმცხადებელმა შევსებული განაცხადი სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართი №11-ით გათვალისწინებული „სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირებაზე განაცხადის ფორმის“ შესაბამისად.
4. განაცხადს თან უნდა დაერთოს:
ა) განმცხადებლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) განმცხადებელმა, სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის მისაღებად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადთან ერთად სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ბ.ა) ამ წესის 33-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად:
ბ.ა.ა) პერსონალის კომპეტენტურობის და კვალიფიციურობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ.ა.ბ) პერსონალის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კვალიფიკაციის შენარჩუნების და მათი უფლება-მოვალეობების დამდგენი დოკუმენტი;
ბ.ა.გ) საჭირო კადრების რაოდენობის შესწავლის პროცედურა, პერსონალის ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით;
ბ.ა.დ) პერსონალის სწავლების პროგრამა და გეგმა;
ბ.ბ) ამ წესის 34-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობების ჩამონათვალი, მათი დანიშნულებისა და ძირითადი ტექნიკური პარამეტრების მითითებით;
ბ.გ) ამ წესის 35-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ფინანსური რესურსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბიუჯეტი);
ბ.დ) ამ წესის 36-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ჩანაწერების წარმოების დოკუმენტი/პროცედურა;
ბ.ე) ამ წესის 37-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ცვლილებების შეტყობინების პროცედურა;
ბ.ვ) ამ წესის 38-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად უსაფრთხოების მითითებაზე დაუყოვნებლივი რეაგირების პროცედურა;
ბ.ზ) ამ წესის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით საავიაციო მოვლენების შეტყობინების პროცედურა;
ბ.თ) ამ წესის 46-ე და 47-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული მართვის სისტემის სახელმძღვანელო;
გ) სასწავლო გეგმები სასწავლო პროგრამების და კურსების გათვალისწინებით.
მუხლი 42🔗.
განაცხადის და თანდართული საბუთების განხილვა
განაცხადის და თანდართული საბუთების განხილვის ეტაპზე სააგენტო ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულეს და შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.
მუხლი 43🔗.
ადგილზე შემოწმება
1. განაცხადის და თანდართული საბუთების განხილვის შემდგომ, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ახორციელებს სასწავლო დაწესებულების ადგილზე შემოწმებას.
2. სააგენტო, საკონტროლო ბარათის საშუალებით ადგილზე შემოწმებისას, ახორციელებს სასწავლო დაწესებულების მიერ ამ წესით დადგენილ ზოგად და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.
3. ადგილზე შემოწმების შემდგომ, დგება შემოწმების ოქმი განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობის სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, რომელიც შეიცავს დადებით ან უარყოფით დასკვნას.
4. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.
5. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით ატყობინებს სასწავლო დაწესებულებას კონკრეტულ ნაკლოვანებაზე და უწესებს მას გონივრულ ვადას მის აღმოსაფხვრელად.
6. ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ, სასწავლო დაწესებულების წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტო ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმში.
მუხლი 44🔗.
გადაწყვეტილების მიღება სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და სერტიფიკატის მოქმედების ვადა
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
2. თუ სერტიფიკატის მაძიებელი აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს სააგენტო გასცემს ამ წესის მე-12 დანართით დამტკიცებული ნიმუშის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატს.
3. სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ. სასწავლო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს განსაზღვრული ვადითაც.
მუხლი 45🔗.
სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება და სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების ან სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის თაობაზე „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.
2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების ან სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება საწარმოს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სერტიფიკატის შეჩერების/გაუქმების/სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მიზეზ(ებ)ი.
3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება ან სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლება შეიზღუდება სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების/უფლების შეზღუდვის მიზეზის აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 9 (ცხრა) თვისა, შეჩერების/შეზღუდვის გადაწყვეტილების მიღებიდან.
4. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.
5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, წარმოადგენს:
ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან უფლების შეზღუდვის ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების ან შეზღუდვის საფუძველი;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;
გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა.
თავი VIII
მოთხოვნები სასწავლო დაწესებულების მართვის სისტემის მიმართ
მუხლი 46🔗.
სასწავლო დაწესებულების მართვის სისტემა
1. სასწავლო დაწესებულებამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მართვის სისტემა, რომელშიც:
ა) განსაზღვრულია უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები სასწავლო დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად;
ბ) განსაზღვრულია სდ-ს პოლიტიკა, რომელიც ხელმოწერილია პასუხისმგებელი ხელმძღვანელის მიერ, სადაც აღწერილია უსაფრთხოების მიმართ სასწავლო დაწესებულების ხედვა და პრინციპები;
გ) განსაზღვრულია სასწავლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირების პროცესი, მათი შეფასების და მათთან დაკავშირებული რისკების მართვის მეთოდები. ასევე, რისკის შემცირებისაკენ მიმართული ქმედებების და მათი ეფექტურობის შემოწმების ჩათვლით;
დ) აღწერილია პროცესი, რომელიც პერსონალს უზრუნველყოფს შესაბამისი სწავლებით და სათანადო კვალიფიკაციით, ზემოაღნიშნული პროცესის უზრუნველსაყოფად საწარმო შეიმუშავებს კადრების შერჩევის და პერსონალის სწავლების პოლიტიკას.
ე) აღწერილია პროცესი, რომლითაც უზრუნველყოფილია პერსონალის ინფორმირებულობა საკუთარი მოვალეობების შესახებ და დადგენილია აღნიშნულ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის პროცედურა;
ვ) განსაზღვრულია ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობის ფუნქცია. შესაბამისობაზე ზედამხედველობა მოიცავს პასუხისმგებელი ხელმძღვანელის წინაშე ნაკლოვანებების შესახებ ანგარიშგების სისტემას, რაც საჭიროა გამოსასწორებელი ქმედებების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად;
ზ) გათვალისწინებულია მართვის ისეთი სისტემა, რომელიც ორგანიზაციის და მისი საქმიანობის პროპორციულია, აღნიშნული საქმიანობისათვის დამახასიათებელი საფრთხის ფაქტორების და მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.
2. სასწავლო დაწესებულებამ უნდა განახორციელოს მართვის სისტემის პროცესების დოკუმენტირება და მისი ასახვა მართვის სისტემის სახელმძღვანელოში.
3. სასწავლო დაწესებულების მართვის სისტემა/უსაფრთხოების მართვის სისტემა დასაშვებია იყოს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მართვის სისტემის /უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სდ-ის საქმიანობის სფერო და პირობები მკაფიოდ იქნება გათვალისწინებული სააერნაოსნო მომსახურების მართვის სისტემაში/უსაფრთხოების მართვის სისტემაში.
4. სასწავლო დაწესებულების მართვის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ამ წესის მე-10 დანართში მოცემულ საკითხებს.
მუხლი 47🔗.
მართვის სისტემის სახელმძღვანელო
მართვის სისტემის სახელმძღვანელომ უნდა მოიცვას:
ა) პასუხისმგებელი ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს სამუშაო გარემო, სადაც სასწავლო დაწესებულება ახორციელებს მომსახურების გაწევას და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) მომსახურების გაწევის არეალი;
გ) ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა;
დ) პერსონალის რანგირების სტრუქტურა, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული მათი უფლება-მოვალეობები;
ე) პროცედურები, სადაც უნდა იყოს ასახული პერსონალის ფუნქციები, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგის წარმოების წესი და შესაბამისობის უზრუნველყოფის დონე.
თავი IX
მეთვალყურის სწავლებები, სასწავლო კურსი, სასწავლო გეგმა
მუხლი 48🔗.
მეთვალყურის სწავლების სახეობები
1. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სწავლება მოიცავს თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მათ შორის, საწაფზე და პუნქტზე სწავლებას.
2. მეთვალყურის სწავლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში.
3.მეთვალყურის სწავლება შედგება შემდეგი სახეობებისგან:
ა) პირველადი სწავლება, რომლის შედეგად გაიცემა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის მოწმობა ან დამატებითი ოსტატობა, და საჭიროებისას, ოსტატობის დაშვება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს:
ა.ა) „საბაზო სწავლებას“- თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რომლის დანიშნულებაა ძირითად სამუშაო პროცედურებთან და პრაქტიკულ უნარებთან დაკავშირებული საბაზო ცოდნის შეძენა;
ა.ბ) „ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლებას“ - თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რომლის დანიშნულებაა კონკრეტული ოსტატობის და, საჭიროებისას, ოსტატობის დაშვების მისაღებად საჭირო ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების გამომუშავება.
ბ) პუნქტზე სწავლება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას გაიცეს: საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობა, შესაბამისი ოსტატობის დაშვება, განხორციელდეს ოსტატობ(ებ)ით ან ოსტატობის დაშვებ(ებ)ით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების უფლების მინიჭება ან/და მოხდეს პუნქტზე დაშვების გაცემა ან მისი მოქმედების განახლება. პუნქტზე მომზადება შედგება შემდეგი ფაზებისაგან:
ბ.ა) გარდამავალი სწავლების ფაზა, რომელიც დაგეგმილია პირველადად სამეთვალყურეო პუნქტისათვის მორგებული სამუშაო პროცედურების შესასწავლად და კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული ასპექტების გასაგებად;
ბ.ბ) მუშაობისწინა სწავლების ფაზა - რომლის მიზანია სამუშაო პოზიციაზე დაშვებისთვის, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ და მჭიდრო საჰაერო ვითარებასთან გამკლავებას, გააუმჯობესოს ოსტატობის მისაღებად ადრე შეძენილი სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ–ჩვევები, რუტინა და მოამზადოს რეალურ სამუშაო სიტუაციაში მათ გამოსაყენებლად.
ბ.გ) სამუშაო ადგილზე სწავლების ფაზა– სამუშაო პოზიციაზე სწავლების საბოლოო ეტაპი, რომლის განმავლობაში ხდება მანამდე შეძენილი სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ–ჩვევებისა და რუტინის პრაქტიკული გამოყენება სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ, რეალურ სამუშაო სიტუაციაში.
გ) კვალიფიკაციის შენარჩუნების სწავლება, რომლის საფუძველზე ხდება მოწმობით გათვალისწინებული დაშვებების მოქმედების ვადის შენარჩუნება, რომელიც მოიცავს:
გ.ა) განმეორებითი სწავლებას;
გ.ბ) გადამზადებას (საჭიროების შემთხვევაში).
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სწავლების სახეობების გარდა, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურემ შეიძლება გაიაროს შემდეგი სწავლება:
ა) პრაქტიკული ინსტრუქტორის სწავლება, რომლის შედეგად გაიცემა სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის (OJTI) ან სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის (STDI) დაშვება ან ხდება მისი მოქმედების ვადის გაგრძელება ან განახლება;
ბ) შემფასებლის სწავლება, რომლის შედეგად გაიცემა შემფასებლის დაშვება ან ხდება მისი მოქმედების ვადის გაგრძელება ან განახლება.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სწავლების სახეობებისათვის შესაბამის სასწავლო გეგმებსა და სასწავლო კურსებს ადგენს სასწავლო დაწესებულება და ითანხმებს სააგენტო ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 49🔗.
სასწავლო კურსები და სასწავლო გეგმები
1. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია შეადგინოს:
ა) სასწავლო გეგმები, კურსების მიხედვით ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) საგნები, თემები და ქვეთემები, რომელთა გავლა საჭიროა ოსტატობის დაშვების მისაღებად, ამ წესის 3-9 დანართებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) შეფასების მეთოდები.
2. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია სასწავლო კურსები და სასწავლო გეგმები გამოყენებამდე შეათანხმოს სააგენტოსთან.
მუხლი 50🔗.
გამოცდის და შეფასების შედეგები და სერტიფიკატები
1. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს სერტიფიკატი და თან დაურთოს გამოცდების შედეგები.
2. პირველადი მომზადების ან დამატებით სხვა ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულება ვალდებულია გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი.
3. საბაზო სწავლების გავლის შესახებ სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ განმცხადებლის მოთხოვნით, თუ მის მიერ გავლილია ამ წესის მე-3 დანართით გათვალისწინებული ყველა საგანი, თემა და ქვეთემა და მან წარმატებით ჩააბარა ყველა საჭირო გამოცდა და შეფასება.
მუხლი 51🔗.
პირველადი სწავლების შემადგენელი ნაწილები
1. მეთვალყურე შეგირდის მოწმობის, დამატებითი ოსტატობის ან/და საჭიროებისას, ოსტატობის დაშვების მისაღებად პირველადი სწავლება მოიცავს:
ა) საბაზო სწავლება, რომელიც მოიცავს ამ წესის მე-3 დანართით გათვალიწინებული ყველა საგნის თემის და ქვეთემის შესწავლას; და
ბ) ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლება, რომელიც მოიცავს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ოსტატობასთან დაკავშირებული საგნების, თემების და საკითხების შესწავლას:
ბ.ა) ოსტატობა „სააეროდრომო ვიზუალური კონტროლი“ – ADV, ამ წესის მე-4 დანართის შესაბამისად;
ბ.ბ)ოსტატობა „სააეროდრომო სახელსაწყო კონტროლი“ – ADI „კოშკურა“ (TWR) დაშვებასთან ერთად, ამ წესის მე-5 დანართის შესაბამისად;
ბ.გ)ოსტატობა „მისადგომის პროცედურული კონტროლი” – APP, ამ წესის მე-6 დანართის შესაბამისად;
ბ.დ)ოსტატობა „სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლი“ – ACP, ამ წესის მე-7 დანართის შესაბამისად;
ბ.ე) ოსტატობა „მისადგომის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ – APS, ამ წესის მე-8 დანართის შესაბამისად;
ბ.ვ) ოსტატობა „სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ – ACS, ამ წესის მე-9 დანართის შესაბამისად.
2. დამატებითი ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლება უნდა მოიცავდეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმუმ ერთ-ერთ ოსტატობასთან დაკავშირებული საგნების, თემების და საკითხების შესწავლას.
3. ადრე შეძენილი კვალიფიკაციის შეფასებისას წარუმატებელი შედეგის მიღების შემთხვევაში, ოსტატობის გასაახლებლად პირმა უნდა გაიაროს ისეთი სწავლება რომელიც მორგებული იქნება აღნიშნული შეფასების შედეგებზე.
4. ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოსტატობის დაშვების გარდა, ოსტატობის განსხვავებული დაშვების მისაღებად სწავლების კურსი უნდა შედგებოდეს სასწავლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული საგნებისაგან, თემებისა და საკითხებისგან და უნდა შეთანხმდეს სასწავლო კურსის შემადგენელი ნაწილის სახით.
5. საბაზო და/ან ოსტატობის სწავლება შესაძლებელია აგრეთვე მოიცავდეს საგნებს, თემებს და საკითხებს, რომელსაც დამატებით, ან სპეციფიურად ითხოვს ადგილობრივი გარემო.
მუხლი 52🔗.
პირველადი სწავლების გეგმა
1. პირველადი სწავლების გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს, სულ მცირე:
ა) პირველადი სწავლების კურსის შემადგენელი ნაწილები, 51-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) პირველადი სწავლების კურსის სტრუქტურა, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
გ) პირველადი სწავლების კურს(ებ)ის ჩატარების პროცესი;
დ) სწავლების მეთოდები;
ე) პირველადი სწავლების კურს(ებ)ის მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობა;
ვ) ამ წესის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში, პირველადი სწავლების კურს(ებ)ის ადაპტირების პროცესი, წარმატებით გავლილი საბაზო სწავლების გათვალისწინებით;
ზ) ამ წესის 54-ე და 56-ე მუხლების შესაბამისად ჩატარებული გამოცდების და შეფასებების პროცესები, ასევე, სწავლების მიზნები ამ წესის 55-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად;
თ) სასწავლო პროცესში ჩართული პერსონალის კვალიფიკაცია, ფუნქცია და პასუხისმგებლობა;
ი) ვადაზე ადრე სწავლების შეწყვეტის პროცედურა;
კ) გასაჩივრების პროცედურა;
ლ) პირველად სწავლებასთან დაკავშირებული იმ ჩანაწერების განსაზღვრა, რომლებიც ექვემდებარება შენახვას;
მ) პირველადი სწავლების გეგმის გადახედვის და მასში ცვლილების შეტანის გამომწვევი მიზეზი და პროცესი, ასევე, სააგენტოში წარდგენის პროცედურა.
2. პირველადი სწავლების გეგმის გადახედვა უნდა ხდებოდეს მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ.
მუხლი 53🔗.
საბაზო და ოსტატობის სწავლების კურსები
1. საბაზო და ოსტატობის სწავლება შეიძლება ჩატარდეს როგორც ცალ-ცალკე, ასევე, ინტეგრირებული კურსის სახით.
2. სააგენტო ითანხმებს საბაზო სწავლების და ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების ან პირველადი სწავლების ინტეგრირებულ კურსებს, რომლებსაც შეიმუშავებს და ახორციელებს სასწავლო დაწესებულება.
3. როდესაც პირველადი სწავლება ტარდება ინტეგრირებული კურსის სახით, მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ის გამოცდები და შეფასებები, რომლებიც გამოიყენება საბაზო და თითოეული ოსტატობის სწავლებისათვის.
4. წარმატებით გავლილი პირველადი ან დამატებით სხვა ოსტატობის სწავლება დასტურდება სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული სერტიფიკატით.
5. წარმატებით გავლილი საბაზო სწავლება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც სასწავლო დაწესებულების მიერ გაიცემა განმცხადებლის მოთხოვნით.
მუხლი 54🔗.
საბაზო სწავლების გამოცდები და შეფასება
1. საბაზო სწავლების შედეგად მიღებული ცოდნის შემოწმება ხდება თეორიული გამოცდ(ებ)ის და შეფასების გზით.
2. თეორიული გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ განმცხადებელმა მოიპოვა ამ გამოცდისთვის დადგენილი ქულების მინიმუმ 75%.
3. საბაზო სწავლების მიზნების შეფასება ხდება მიზნობრივ საწვრთნელზე ან საწაფზე.
მუხლი 55🔗.
საბაზო სწავლების მიზანი
1.შეფასება უნდა ხორციელდებოდეს სწავლების შემდეგი მიზნების მიხედვით:
ა) სამუშაო ადგილზე არსებული მოწყობილობის შემოწმება და გამოყენება;
ბ) საჰაერო მოძრაობის მონიტორინგისა და საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის იდენტიფიცირების გზით, სიტუაციის აღქმის უნარის ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
გ) საფრენოსნო მონაცემების ამსახველი მოწყობილობების მონიტორინგი და მონაცემთა განახლება;
დ) შესაბამის სიხშირეზე რადიოკავშირის მუდმივი მოსმენა;
ე) საჰაერო ხომალდისათვის შესაბამისი სამეთვალყურეო ნებართვის, ინსტრუქციების და ინფორმაციის მიწოდება;
ვ) დამტკიცებული ფრაზეოლოგიის გამოყენება;
ზ) რადიოკავშირის ეფექტურად წარმართვა;
თ) ეშელონირების გამოყენება;
ი) საჭიროებიდან გამომდინარე ქმედებების კოორდინირება;
კ) დადგენილი პროცედურების გამოყენება საჰაერო სივრცეში;
ლ) საჰაერო ხომალდებს შორის შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების დროული გამოვლენა;
მ) მოქმედებათა პრიორიტეტულობის განსაზღვრა;
ნ) ეშელონირების სათანადო მეთოდების შერჩევა.
მუხლი 56🔗.
ოსტატობის მისაღებად სწავლების გამოცდები და შეფასება
1. ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების შედეგად შეძენილი ცოდნის შემოწმება ხდება თეორიული გამოცდ(ებ)ის და შეფასების გზით.
2. თეორიული გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ განმცხადებელმა მოიპოვა ამ გამოცდისთვის დადგენილი ქულების არანაკლებ 75%.
3. შეფასება უნდა ჩატარდეს ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების იმ სწავლების მიზნების მიხედვით, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესის 57-ე მუხლით.
4. შეფასება ტარდება საწაფზე.
5. დადებითი შეფასება ეძლევა განმცხადებელს რომელიც სტაბილურად ახდენს ამ წესის 57-ე მუხლით განსაზღვრული სწავლების მიზნების დემონსტრირებას და გამოიჩენს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების უსაფრთხოდ წარმართვისათვის საჭირო თვისებებს.
მუხლი 57🔗.
ოსტატობის სწავლების მიზნები
1. ოსტატობის თითოეული სასწავლო კურსისათვის უნდა განისაზღვროს სწავლების მიზნები და მისი ამოცანები.
2. ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შეძლოს:
ა) საჰაერო მოძრაობის იმგვარად მართვა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და დაჩქარებული მომსახურება;
ბ) გაუმკლავდეს კომპლექსურ და ინტენსიურ საჰაერო ვითარებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, „სააეროდრომო ვიზუალური კონტროლისა“ (ADV) და „სააეროდრომო სახელსაწყო კონტროლის“ (ADI) ოსტატობების მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შეძლოს:
ა) აეროდრომის პასუხისმგებლობის არეში უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება და გაუმკლავდეს სამუშაო დატვირთვას;
ბ) გამოიყენოს აეროდრომის მართვის მექანიზმები და სამუშაო პროცედურები აეროდრომის მოძრაობასთან მიმართებაში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, „მისადგომის პროცედურული კონტროლი“ ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შესძლოს:
ა) სამუშაო დატვირთვასთან გამკლავება და საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფა მისადგომის კონტროლის განსაზღვრულ არეში; და
ბ) მისადგომის პროცედურული კონტროლის, დაგეგმვის მეთოდიკისა და სამუშაო პროცედურების გამოყენება საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის, მოცდის რეჟიმისა და ტრანზიტული ფრენების უზრუნველსაყოფად.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, „მისადგომის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შეძლოს:
ა)სამუშაო დატვირთვასთან გამკლავება და საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფა მისადგომის კონტროლის განსაზღვრულ არეში; და
ბ) დაკვირვების რეჟიმით მისადგომის კონტროლის, დაგეგმვის მეთოდიკის და სამუშაო პროცედურების გამოყენება საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის, მოცდის რეჟიმისა და ტრანზიტული ფრენების უზრუნველსაყოფად.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, „სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლის“ ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შეძლოს:
ა)სამუშაო დატვირთვასთან გამკლავება და საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფა განსაზღვრულ სამეთვალყურეო არეში; და
ბ) სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლის, დაგეგმვის მეთოდიკის და სამუშაო პროცედურების გამოყენება სამეთვალყურეო არეში საჰაერო მოძრაობის უზრუნველსაყოფად.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, „სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია, კანდიდატმა შეძლოს:
ა) სამუშაო დატვირთვასთან გამკლავება და საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფა განსაზღვრულ სამეთვალყურეო არეში; და
ბ) დაკვირვების რეჟიმით სამეთვალყურეო რაიონის კონტროლის, დაგეგმვის მეთოდიკისა და სამუშაო პროცედურების გამოყენება სამეთვალყურეო არეში საჰაერო მოძრაობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 58🔗.
პუნქტზე მომზადების შემადგენელი ნაწილები
1. პუნქტზე მომზადება უნდა შედგებოდეს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების ორგანოს მიერ დადგენილი თითოეულ სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების სასწავლო კურსებისაგან, როგორც განსაზღვრულია პუნქტზე მომზადების გეგმაში.
2. პუნქტზე დაშვების მოსამზადებელ კურსებს, შეიმუშავებს და ახორციელებს სასწავლო დაწესებულება ამ წესის 61-ე მუხლის შესაბამისად.
3. პუნქტზე მომზადებაში უნდა შედიოდეს შემდეგი საკითხები:
ა) სამუშაო პროცედურები;
ბ) კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული (მიზნობრივი) ასპექტები;
გ) არასტანდარტული და საავარიო ვითარებები; და
დ) ადამიანური ფაქტორი.
მუხლი 59🔗.
პუნქტზე მომზადების წინაპირობა
პუნქტზე მომზადება შეიძლება გაიარონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებსაც გააჩნიათ შეგირდის ან მეთვალყურის მოწმობა, შესაბამისი ოსტატობით და, საჭიროებისას, ოსტატობის დაშვებით, იმ პირობით, თუ დაცულია ამ წესი 5 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 60🔗.
პუნქტზე მომზადების გეგმა
1. პუნქტზე მომზადების გეგმის შედგენა ხდება სასწავლო დაწესებულების მიერ თითოეული პუნქტისათვის.
2. პუნქტზე მომზადების გეგმაში გათვალისწინებულ უნდა იქნას:
ა) ის ოსტატობები და დაშვებები, რომლის მფლობელს შეუძლია კურსის გავლა;
ბ) პუნქტზე მომზადების სასწავლო კურსის სტრუქტურა;
გ) პუნქტზე მომზადების ფაზების ჩამონათვალი, 61-ე მუხლის შესაბამისად;
დ) პუნქტზე მომზადების პროცესი;
ე) სწავლების მეთოდები;
ვ) პუნქტზე მომზადების მინიმალური ხანგრძლივობა, რომელიც სამუშაო ადგილზე სწავლების ფაზაში არ უნდა იყოს:
ვ.ა) სააეროდრომო სამეთვალყურეო ოსტატობის მქონე კანდიდატისთვის 90 საათზე ან ერთ თვეზე ნაკლები, რომელიც უფრო მეტი იქნება;
ვ.ბ) მისადგომის პროცედურული და დაკვირვების რეჟიმით ოსტატობის და სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული და დაკვირვების რეჟიმით ოსტატობის მქონე კანდიდატისთვის 180 საათზე ან 3 თვეზე ნაკლები, რომელიც უფრო მეტი იქნება;
ვ.გ) მისადგომის დასაფრენი რადიოლოკატორის ოსტატობის დაშვების შემთხვევაში, 200 მოფრენაზე ნაკლები საიდანაც 100 მოფრენა განხორციელდება სააგენტოს მიერ ამ მიზნისთვის აღიარებულ საწაფზე და 50 მოფრენა სამეთვალყურეო პუნქტზე;
ვ.დ) მისადგომის დაკვირვების რეჟიმით ოსტატობას თუ ახლავს მისადგომის მიმოხილვითი რადიოლოკატორის ოსტატობის დაშვება ამ შემთხვევისთვის არანაკლებ 25 მოფრენა იმავე სახის სარადიოლოკაციო სისტემების გამოყენებით რა სახის სისტემა იქნება პუნქტზე გამოყენებული.
ზ) პუნქტზე მომზადების კურს(ებ)ის ადაპტირების პროცესი, ადრე მიღებული ოსტატობების ან/და ოსტატობის დაშვებების და, საჭიროებისას, განმცხადებლის გამოცდილების გათვალისწინებით;
თ) ამ წესის 62-ე მუხლის შესაბამისად თეორიული ცოდნის დემონსტრირების პროცესი, გამოცდების რაოდენობის, პერიოდულობის, სახეობის, ასევე მინიმალური ზღვარის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ მიღებული ქულების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 75%-ს.
ი) ამ წესის 63-ე მუხლით გათვალისწინებული შეფასების პროცესი, შეფასებების რაოდენობის და პერიოდულობის მითითებით;
კ) სასწავლო პერსონალის კვალიფიკაცია, ფუნქციები და პასუხისმგებლობა;
ლ) ვადამდე ადრე სწავლების შეწყვეტის პროცედურა;
მ) გასაჩივრების პროცესი;
ნ) პუნქტზე მომზადებასთან დაკავშირებული იმ ჩანაწერების განსაზღვრა, რომლებიც შენახვას ექვემდებარება;
ო) პუნქტზე თითოეული დაშვებისათვის იდენტიფიცირებული არასტანდარტული ან ავარიული ვითარებების ნუსხა;
პ) პუნქტზე მომზადების გეგმის გადახედვის და მასში ცვლილების შეტანის გამომწვევი მიზეზი და პროცესი, ასევე, სააგენტოში წარდგენის პროცედურა.
3. პუნქტზე მომზადების გეგმა უნდა გადაიხედოს სულ მცირე, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.
მუხლი 61🔗.
პუნქტზე დაშვების მომზადების კურსი
1. პუნქტზე დაშვების მომზადების კურსი წარმოადგენს პუნქტზე მომზადების შესაბამისი ფაზების კომბინაციას, რომელთა გავლის შედეგად მოწმობაში კეთდება ჩანაწერი პუნქტზე დაშვების გაცემის ან მისი მოქმედების აღდგენის შესახებ. პუნქტზე მომზადების ყოველი კურსი უნდა შედგებოდეს:
ა) გარდამავალი მომზადების ფაზა;
ბ) მუშაობის წინა სწავლების ფაზა, ამ წესის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) სამუშაო ადგილზე სწავლების ფაზა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პუნქტზე მომზადების ფაზები შეიძლება ჩატარდეს როგორც ცალ-ცალკე, ასევე ინტეგრირებული კურსის სახით.
3. პუნქტზე დაშვების მოსამზადებელ კურსში განსაზღვრული უნდა იყოს მომზადების პროგრამა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული სწავლების მიზნები, რომელიც ტარდება პუნქტზე მომზადების გეგმის შესაბამისად.
4. პუნქტზე დაშვების მოსამზადებელი კურსი, რომელიც მოიცავს ოსტატობის დაშვების მისაღებად საჭირო სწავლებას მე-11 მუხლის შესაბამისად, უნდა მოიცავდეს დამატებით სწავლებას, რომლის გავლის შედეგად პირი შეიძენს შესაბამისი ოსტატობის დაშვების განსახორციელებლად საჭირო უნარებს.
5. ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა ოსტატობის სხვა დაშვების მისაღებად საჭირო სწავლების კურსი უნდა შედგებოდეს სასწავლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული საგნებისაგან, საგნების მიზნებისაგან, თემებისა და საკითხებისგან და უნდა დამტკიცდეს სასწავლო კურსის შემადგენელი ნაწილის სახით.
6. პუნქტზე დაშვების მოსამზადებელ კურსში ჩართული უნდა იყოს პირველადი სწავლების ის ელემენტები, რომლებიც ადგილობრივი გარემოსათვის არის დამახასიათებელი.
მუხლი 62🔗.
თეორიული ცოდნის დემონსტრირება
პუნქტზე მომზადების თეორიული ცოდნისა და შესწავლილი მასალის დემონსტრირება ხდება გამოცდებზე.
მუხლი 63🔗.
შეფასება პუნქტზე დაშვების მომზადების კურსის გავლის დროს
1. შეფასება უნდა მოხდეს სამუშაო გარემოში, ჩვეულ პირობებში, სამუშაო ადგილზე სწავლების დასრულების შემდეგ, სულ მცირე, ერთხელ მაინც.
2. მუშაობის წინა სწავლების ფაზის დასრულების შემდეგ განმცხადებლის უნარები უნდა შეფასდეს სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობაზე, სულ მცირე, ერთხელ მაინც.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულის გარდა, სამუშაო პუნქტზე დაშვებისათვის შეფასება შესაძლებელია ჩატარდეს სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობაზე, რათა მოხდეს ისეთი ნასწავლი პროცედურების გამოყენების შესაძლებლობის დემონსტრირება, რომლებიც არ წარმოქმნილა ჩვეულ სამუშაო გარემოში შეფასების დროს.
მუხლი 64🔗.
პრაქტიკული მომზადების ინსტრუქტორის სწავლება
1. პრაქტიკული მომზადების ინსტრუქტორის სწავლებას შეიმუშავებს და ახორციელებს სასწავლო დაწესებულება, რომელიც უნდა შედგებოდეს:
ა) სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის ან/და სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის მომზადების სასწავლო კურსი პრაქტიკულ უნარებში, შესაბამისი შეფასების ჩათვლით;
ბ) განმეორებითი სწავლების კურსი სწავლების პრაქტიკული უნარების განვითარების კუთხით;
გ) პრაქტიკული ინსტრუქტორის კვალიფიკაციის შეფასების მეთოდ(ებ)ი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული სწავლების კურსები და შეფასების მეთოდები თანხმდება სააგენტოსთან.
მუხლი 65🔗.
შემფასებლის სწავლება
1. შემფასებლის სასწავლო კურსს შეიმუშავებს და ახორციელებს სასწავლო დაწესებულება. კურსი უნდა შედგებოდეს:
ა) შემფასებლის სასწავლო კურსი, შეფასების ჩათვლით;
ბ) განმეორებითი სასწავლო კურსი, შეფასების ჩატარების უნარების კუთხით;
გ) შემფასებლის კვალიფიკაციის შეფასების მეთოდ(ებ)ი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული სწავლების კურსები და შეფასების მეთოდები თანხმდება სააგენტოსთან.
მუხლი 66🔗.
კვალიფიკაციის შენარჩუნების სწავლება
კვალიფიკაციის შენარჩუნების სწავლება შედგება განმეორებითი და გადამზადების სწავლების კურსებისგან და ტარდება სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 67🔗.
განმეორებითი სწავლება
1. განმეორებით სასწავლო კურს(ებ)ს შეიმუშავებს და ახორციელებს სასწავლო დაწესებულება და ითანხმებს სააგენტო.
2. განმეორებითი სწავლება ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ განაახლოს, გაამყაროს ან გააღრმავოს მეთვალყურის ცოდნა და უნარები საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო, ორგანიზებული და ეფექტური მომსახურების უზრუნველსაყოფად და სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) წესების და პროცედურების სწავლებას საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენებით;
ბ) არასტანდარტულ და ავარიულ ვითარებაში მოქმედებისათვის სწავლებას საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენებით; და
გ) ადამიანური ფაქტორის სწავლებას.
3. განმეორებითი სწავლების საგნების, თემებისა და ქვეთემების საჭიროების განსაზღვრის პროცესი უნდა იყოს აღწერილი სამეთვალყურეო პუნქტზე კვალიფიკაციის შენარჩუნების სახელმძღვანელოში და უნდა მოიცავდეს სულ მცირე:
ა) მოკვლევ(ებ)ის შედეგების ანალიზს;
ბ) სამეთვალყურეო პუნქტ(ებ)ზე მორგებულ საჭიროებებს, საოპერაციო გარემოს, ადგილობრივი ინსტრუქციებისა და პროცედურების გათვალისწინებით;
გ) რისკების ანალიზისა და უსაფრთხოების შეფასებ(ებ)ის რეკომენდაციებს;
დ) პერსონალის ნებაყოფლობითი შეტყობინ(ებ)ების ანალიზს;
ე) სამეთვალყურეო პუნქტ(ებ)ზე კომპეტენციის შეფასების შედეგ(ებ)ის ანალიზს;
ვ) სამეთვალყურეო პუნქტ(ებ)ზე დაშვების მომზადების კურს(ებ)ის შედეგ(ებ)ის ანალიზს;
ზ) საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისათვის სხვა პრიორიტეტულ საკითხებს.
4. განმეორებითი სწავლების კურსი უნდა ჩატარდეს შემუშავებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და იმ შემთხვევაში, თუ საგანი ითვალისწინებს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სამუშაო უნარების განახლებას, განსაზღვრული უნდა იყოს სწავლების მიზნები.
მუხლი 68🔗.
გადამზადების სასწავლო კურსი
1. გადამზადების სასწავლო კურსს შეიმუშავებს და ახორციელებს სასწავლო დაწესებულება.
2. გადამზადების სასწავლო კურსი შედგენილი უნდა იყოს ისე, რომ იძლეოდეს შეცვლილ სამუშაო გარემოში მოქმედებისათვის შესაბამის ცოდნასა და უნარებს; გადამზადება ტარდება სასწავლო დაწესებულებების მიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ცვლილების უსაფრთხოების შეფასების შედეგად დგინდება ასეთი სწავლების ჩატარების საჭიროება.
3. გადამზადების სასწავლო კურსის შემუშავებისას უნდა განისაზღვროს:
ა) გადამზადების სასწავლო კურსის ჩატარების მეთოდი და ხანგრძლივობა, ცვლილების ხასიათისა და მასშტაბიდან გამომდინარე; და
ბ) გადამზადების შედეგად მიღებული ცოდნის გამოცდის ან/და შეფასების მეთოდები.
4. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებმა შეცვლილ სამუშაო გარემოში მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებამდე უნდა გაიარონ გადამზადება.