ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „ქარცივაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30680/09
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/10/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება  

 

მეხუთე სექცია

საქმე „ქარცივაძე საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი №30680/09)

 

გადაწყვეტილება

სტრასბურგი

2019 წლის 12 დეკემბერი

 

ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

 

საქმეზე „ქარცივაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) კომიტეტმა, შემდეგი შემადგენლობით:

          გაბრიელ კუჩკო-შტადლმაიერი, თავმჯდომარე,
          იონკო გროზევი,
          ლადო ჭანტურია, მოსამართლეები
და მილან ბლაშკო, სექციის  განმწესრიგებლის მოადგილე,

 2019 წლის 19 ნოემბერს გამართული დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

პროცედურა

1.  საქმის საფუძველია საჩივარი (№30680/09) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, 2009 წლის 3 მარტს სასამართლოში წარადგინა ბ-ნ-მა თამაზ ქარცივაძემ („მომჩივანი“).

2.  მომჩივანს წარმოადგენდნენ ქ-ნი თ. ნაკაშიძე, ბ-ნი ზ. ხატიაშვილი და ბ-ნი გ. გაგოშიძე, საქართველოში  მოღვაწე ადვოკატები. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდნენ სახელმწიფო წარმომადგენელები იუსტიციის სამინისტროდან, ბოლოს ბ-ნი ბ. ძამაშვილი იუსტიციის სამინისტროდან.

3.  2016 წლის 6 ივლისს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი საჩივრის შესახებ, რომელიც შეეხება მომჩივნის წინააღმდეგ მოწმის ჩვენების მიცემის შეუძლებლობას, ეცნობა  მთავრობას. საჩივარი დანარჩენ ნაწილში, სასამართლოს რეგლამენტის 54-ე წესის მე-3 პუნქტის თანახმად,  გამოცხადდა მიუღებლად.

ფაქტები

I. საქმის გარემოებები

4.  მომჩივანი დაიბადა 1963 წელს. საჩივრის შეტანის დროს ის დაკავებული იყო თბილისში.

A. საქმის საფუძველი

5.  1992 წლის 12 სექტემბერს, გვიან საღამოს, მომჩივანსა და დ.მ.-ს შორის მოხდა ჩხუბი, ამ უკანასკნელის ბათუმში მდებარე ბინაში. შემთხვევის დროს რამდენჯერმე გაისროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შემდეგაც ამ ორმა პირმა, დ.მ.-ს მამასთან, გ.მ.-სთან ერთად დატოვა ბინა.

6.  შუაღამის შემდეგ მალევე, 1992 წლის 13 სექტემბერს გ.მ. მოკლულ იქნა ბათუმის მახლობლად, ხოლო მისმა შვილმა დ.მ.-მ. მიიღო მრავლობითი მძიმე დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით.

B. სისხლისსამართლებრივი გამოძიება

1. პირველადი სამართალწარმოება და ბრალის წაყენება

7.  1992 წლის 13 სექტემბერს აღნიშნულ ფაქტებზე ხელვაჩაურის რაიონულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იმავე დღეს, დ.მ.-ს ბინიდან ამოღებულ იქნა 2 დაცლილი მასრა და ტყვია, ხოლო მკვლელობის ადგილიდან – 1 დაცლილი მასრა. გარდაცვლილის გვამი დაუბრუნდა ოჯახს დასაკრძალად; გვამის დათვალიერება, ოჯახის სურვილის თანახმად, არ განხორციელებულა.

8.  1992 წლის 25 სექტემბერს, აღნიშნულ ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონულმა პროკურატურამ მომჩივანს სისხლის სამართლის  საქმეზე ბრალი წაუყენა. მას ბრალად ედებოდა მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა  და ტარება. ბრალდებული გაიქცა და თავისუფლებაზე იყო 2006 წლის მაისს რუსეთის ტერიტორიაზე მისი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დაკავებამდე.

9.  1992 წლის 30 სექტემბერს ბალისტიკურმა ექსპერტიზამ გამოიტანა დასკვნა დ.მ.-ს ბინიდან და მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ მასრებსა და ტყვიაზე. საექსპერტო დასკვნის თანახმად, დანაშაულის ჩადენის ორი სხვადასხვა ადგილიდან ამოღებული მასრები ერთნაირი კალიბრის იყო და „შესაძლოა/არ არის გამორიცხული [რომ მასრები], ნასროლი იყო ერთი და იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან“.

2. დ.მ.-ის წინასასამართლო ჩვენება

10.  1992 წლის 15 სექტემბერს გამომძიებელმა დ.მ.-ს მიანიჭა დაზარალებულის  სტატუსი და 1992 წლის 15 და 22 სექტემბერს და 2 ნოემბერს დაიბარა დაკითხვაზე. დ.მ.-მ ყველა ამ შემთხვევაში უარი განაცხადა პოლიციისთვის რაიმე სახის ჩვენების მიცემაზე.

11.  მომჩივნის დაპატიმრების შემდეგ, 2006 წლის 11 მარტს და 12 მაისს და 2007 წლის 22 აპრილს, პოლიციის გამომძიებელმა დაკითხა დ.მ. მომჩივნის დამცველი ადვოკატი არ ყოფილა ინფორმირებული აღნიშნულ დაკითხვების შესახებ და არც მათში მონაწილეობის საშუალება მისცემია.  დ.მ.-ის ყველა ჩვენება 1992 წლის 12-13 სექტემბრის შემთხვევებს ეხებოდა და ყოველი ახალი ჩვენებით შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებით დეტალები იკვეთებოდა. ჯამში, დ.მ.-მ პოლიციის მიერ ჩატარებულ ყველა დაკითხვისას, განაცხადა შემდეგი:

1992 წლის 12 სექტემბერს, გვიან საღამოს, მომჩივანი დ.მ.-ს ესტუმრა მის ბინაში. მომჩივნის მისვლისას, დ.მ.-სა და მომჩივანს შორის დავა წარმოიშვა, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა ორჯერ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. შემდეგ მომჩივანმა დ.მ. და გ.მ. ახლომდებარე სოფელში წაიყვანა საერთო მეგობრის სანახავად. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ეს უკანასკნელი მათ დავის გადაწყვეტაში დაეხმარებოდა.  სანამ მომჩივანი მანქანას ატარებდა, დაძაბულობა გამწვავდა. შემდეგ უეცრად მომჩივანმა მანქანა გააჩერა და ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა დ.მ.-სა და გ.მ.-ს. ამ უკანასკნელმა სროლის შემდეგ მალევე დაკარგა გონება და გონს საავადმყოფოში მოვიდა.

C. სასამართლო განხილვა

12.  2008 წლის 2 აპრილს გამოძიება დასრულდა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მომჩივანს  წაუყენეს ბრალი: (i) ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა  და ტარება, (ii) საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, (iii) მკვლელობა, და (iv) მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელი გარემოებებით. პირველი ორი ბრალდება ეხებოდა დ.მ.-ს ბინაში 1992 წლის 12 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ), ხოლო დანარჩენი ორი ბრალდება შეეხებოდა სავარაუდო მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას, რომელიც ბათუმში მოხდა 1992 წლის 13 სექტემბერს, შუაღამის დადგომიდან მცირე ხანში (იხ. პარაგრაფი 6 ზემოთ).

1. დაცვის  არგუმენტი

13.  მომჩივანმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა აღიარა, ხოლო ბრალდების დანარჩენ ნაწილში თავი უდანაშაულოდ სცნო. მისი ჩვენებით, დ.მ.-მ  მის ერთ-ერთ მეგობარს გამოსძალა ფული და იგი მასთან მივიდა იმ მიზნით, რომ ეთქვა, რომ შეეწყვიტა ფულის გამოძალვა. დ.მ.-ს ბინაში შესვლისას, ამ უკანასკნელმა აიღო ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენიმეჯერ გაისროლა.  შემდეგ დ.მ.-მ მას მუშტი დაარტყა. დ.მ.-ს მამის, გ.მ.-ს სახლში მისვლის შემდეგ, დ.მ., გ.მ. და მომჩივანი შეთანხმდნენ, დავა გადაეწყვიტათ ა.ჩ.-ს დახმარებით, რომელიც, მომჩივნის თქმით, ადგილობრივი ავტორიტეტია.  მომჩივანმა გ.მ.-სა და დ.მ.-ს მისივე მანქანით მიაკითხა მათ სახლში, რათა ა.ჩ.-სთან წასულიყვნენ მის სანახავად. შედეგ მათ ა.ჩ. შეუერთდათ მომჩივნის მანქანაში; რის შემდეგაც ა.ჩ.-ს ჩხუბი მოუვიდა დ.მ.-სთან, რა დროსაც მან ფეხებში ესროლა დ.მ.-ს. მომჩივანმა დ.მ. მანქანიდან გადაიყვანა. შემდეგ გაიგონა მანქანაში განხორციელებული კიდევ ერთი გასროლის ხმა. მას ზუსტად არ ახსოვს, გ.მ. მანქანიდან გადმოვიდა, თუ გადმოვარდა. ა.ჩ.-მ მომჩივანს უთხრა, რომ სამი დღის განმავლობაში არ ეტარებინა მანქანა და რომ ამ დროის განმავლობაში ის „საქმეს მოაგვარებდა“.

14.  მომდევნო დღეს, ა.ჩ.-ს ძმამ მომჩივანს უთხრა, რომ დ.მ. საავადმყოფოში იყო, ხოლო გ.მ. გარდაიცვალა და რომ მას (მომჩივანს) უნდა ეღიარებინა დანაშაულის ჩადენა, რადგანაც ა.ჩ. ავად იყო და დანაშაულზე პასუხისმგებელობას ვერ იკისრებდა.  ა.ჩ.-სგან მან შეიტყო, რომ გ.მ. თავისივე იარაღით იყო მოკლული, ხოლო დ.მ. ა.ჩ.-ს იარაღით იყო დაჭრილი.

2. არადამსწრე მოწმის, დ.მ.-ს ჩვენება

15.  პირველი სასამართლო მოსმენის (რომელიც 2007 წლის 6 ივლისს იყო ჩანიშნული)  დაწყებამდე მიღებული სასამართლოში გამოძახების უწყების პასუხად, 2007 წლის 2 ივლისს დ.მ.-მ სასამართლოში წარადგინა წერილობითი განაცხადი, რომელშიც ითხოვდა, რომ სასამართლო მისი დასწრების გარეშე წარმართულიყო, რადგანაც 2007 წლის 4 ივლისს სამკურნალოდ ქვეყნიდან წასვლას გეგმავდა. 2007 წლის 6 ივლისს გამართულ მოსმენაზე სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა დ.მ.-ს განაცხადი, გასცა ბრძანება მისი მომდევნო მოსმენაზე დასწრების უზრუნველსაყოფად ზომების გატარების შესახებ.

16.  2007 წლის 17 ივლისს გამართულ მოსმენაზე. დ.მ.-ს წარმომადგენელმა წარმოადგინა ეროვნული სასაზღვრო ორგანოს წერილი, რომელის მიხედვით დ.მ.-მ  2007 წლის 15 ივლისს დატოვა საქართველოდა თურქეთში გაემგზავრა. დ.მ.-ს დედამ, მ.ც.-მ სასამართლოს განუმარტა, რომ დ.მ.-მ ქვეყანა დატოვა თურქეთში სამედიცინო მკურნალობის ჩატარების მიზნით, სადაც ორიდან სამ თვემდე დაჰყოფდა.

17.  დაცვის მხარემ სასამართლოს მოსმენის გადადებისა და დ.მ.-ს სასამართლოს წინაშე წარდგენის იძულების ბრძანების გაცემის მოთხოვნით მიმართა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის („სსსკ“)176-ე მუხლთან შესაბამისობაში. მომჩივნის მტკიცებით, დ.მ.-ს მიერ მიცემული წინასასამართლო ჩვენების დასაშვებ მტკიცებულებად აღიარება, მის მიერ (მომჩივნის) მოწმის დაკითხვის შესაძლებლობის გარეშე, მისი დაცვის უფლებებს შელახავდა. მან ასევე აღნიშნა, რომ დ.მ.-ს ჩვენება ბრალდების საქმისთვის გადამწყვეტი იყო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი სავარაუდო მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ერთადერთი უშუალო მოწმე იყო.  სასამართლომ უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა და დ.მ-ს მიერ პოლიციისთვის მიცემული დაკითხვის ოქმების წაკითხვის ბრძანება გასცა. სასამართლოს ოქმში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები განმარტებული არ არის.

3. დანარჩენი მტკიცებულებები

18.  დ.მ.-ს დედამ და მისმა ცოლმა დაამოწმეს, რომ 1992 წლის 12 სექტემბერს მომჩივანი მათ ოჯახს ესტუმრა. მისვლისას, მან მოითხოვა დ.მ.-ს ნახვა. მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გამოვიდა თავისი ოთხიდან, ამ ორს შორის შეკამათება მოხდა რა დროსაც მომჩივანმა დ.მ.-ს დაარტყა. შემდეგ მომჩივანმა თავისი პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლა. ამის შემდეგ მალევე გ.მ. მივიდა; შემდეგ გ.მ., დ.მ. და მომჩივანი წავიდნენ. ორივე მოწმემ განაცხადა, რომ 1992 წლის 13 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ, მათ გ.მ.-ს მკვლელობისა და დ.მ.-ს დაჭრის შესახებ აცნობეს. დ.მ.-ს დამ, რომელიც ასევე გამოიკითხა სასამართლოში, დაადასტურა, რომ მომჩივანი შეიარაღებული ნახა. მან ასევე დაადასტურა, რომ მომჩივანმა აიძულა მისი მამა და ძმა ბინიდან მასთან ერთად წასულიყვნენ.

19.  დ.მ.-ს ორმა მეზობელმა დაადასტურა, რომ მათ 1992 წლის 12 სექტემბერს გვიან საღამოს გაიგონეს დ.მ.-ს ბინიდან გასროლა და ხმაური.  ამის შემდეგ მალევე მათ ნახეს, როგორ დატოვეს ბინა გ.მ.-მ, დ.მ.-მ და მათთვის უცნობმა პირმა.

20.  სამმა სხვა მოწმემ განაცხადა, რომ დ.მ. მათ ფულს სძალავდა და მათ მომჩივანს დასახმარებლად მიმართეს. მათ დაადასტურეს, რომ ეს იყო მომჩივანსა და დ.მ.-ს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის მიზეზი.

21.  ე.კ.-მ, მომჩივნის მამამ, განაცხადა, რომ მას 1992 წლის 13 სექტემბერს აცნობეს, რომ მისმა შვილმა შემთხვევით მოკლა გ.მ. ამის შემდეგ, თავის ვაჟიშვილთან შეხვედრისას, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მოხდა ჩხუბი, რა დროსაც შემთხვევით გავარდა იარაღი. ე.კ.-ს თავის ჩვენებაში მომჩივნის მიერ დ.მ.-ს მკვლელობის მცდელობის შესახებ არაფერი უხსენებია. შესაბამისი სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, ე.კ.-ს მიერ ჩვენების მიცემისას მომჩივანი ჩაერია.  სასამართლომ აღნიშნულ ორ პირს შორის შემდეგი საუბარი ჩაიწერა:

მომჩივანი: „მე ვთქვი, რომ ის მოვკალი, თუ ის, რომ მისთვის იარაღის გაგდებინებას ვცდილობდი?“

ე.კ.: „შენ თქვი, რომ მკვლელობა შემთხვევით მოხდა ჩხუბის დროს“.

22.  ბრალდების მხარემ ასევე წარმოადგინა (i) დანაშაულის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც შეიცავს დაცლილი მასრებისა და ტყვიის ამოღებას დ.მ.-ს ბინიდან და მკვლელობის ადგილიდან, შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ) და (ii) დანაშაულის ორი ადგილიდან ამოღებული დაცლილი მასრებისა და ტყვიის ბალისტიკური კვლევის დასკვნას (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ). ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ეს ორი ნივთი წარმოადგენდა ირიბ სამხილს, რომელიც მიანიშნებდა, რომ სწორედ მომჩივანმა გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან დანაშაულის ორ სხვადასხვა  ადგილზე, რამდენადაც სასამართლო ექსპერტიზის თანახმად, დანაშაულის ორ სხვადასხვა ადგილზე დაცლილი მასრები „შესაძლოა გასროლილი ყოფილიყო ერთი და იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან“.

23.  ბრალდების მხარემ ასევე წარმოადგინა სასამართლო ექსპერტიზის კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც ამტკიცებს, რომ შემთხვევის დროს დ.მ.-სათვის მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში იყო.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

24.  2007 წლის 25 ივლისს, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ („პირველი ინსტანციის სასამართლო“) მომჩივანი დამნაშავედ ცნო და თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შესწავლილი მამხილებელი მტკიცებულება თანმიმდევრული და საკმარისად დასაბუთებული იყო მომჩივნის ბრალის დასამტკიცებლად.  სასამართლომ დაადგინა, რომ დანაშაულის ადგილის შესწავლის ოქმები და ამოღებული ნივთების შემდგომი ბალისტიკური დათვალიერების დასკვნები ადასტურებდა, რომ დ.მ.-ს ბინაში ნაპოვნი მასრები და ტყვია და გ.მ.-ს სხეულიდან ამოღებული ტყვიები ერთი და იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან იყო ნასროლი (იხ. პარაგრაფი 22 ზემოთ). რამდენადაც მრავალი მოწმე ადასტურებდა, რომ სწორედ მომჩივანმა გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან დ.მ.-ს ბინაში (იხ. პარაგრაფები 18 და 19 ზემოთ), სასამართლო მივიდა იმ ვარაუდამდე, რომ მკვლელობა და ასევე, მკვლელობის მცდელობა ჩადენილი იყო მომჩივნის მიერ. აღნიშნულ დასკვნამდე მისვლა, ასევე, ეფუძნება დ.მ.-ს წინასასამართლო ჩვენებებს. სასამართლოს დასკვნა, ასევე, ეყრდნობა ზემოაღნიშნულ ფაქტს, რომლის დროსაც მომჩივანი ჩაერია ე.კ.-ს  სასამართლოზე დაკითხვის მსვლელობაში, როცა მან განაცხადა, რომ მომჩივანმა აღიარა გ.მ.-ს შემთხვევითი მკვლელობა (იხ. პარაგრაფი 21 ზემოთ).

D. მიმართვები

1. საქმის წარმოება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

25.  მომჩივანმა მისთვის წაყენებული ბრალი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მან განმეორებით წამოაყენა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მოთხოვნა დ.მ.-ს სასამართლოს წინაშე დაკითხვის თაობაზე. იგი ამტკიცებდა, რომ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ერთადერთი უშუალო მოწმე იყო დ.მ., რომელმაც რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა წინასასამართლო ეტაპზე გამოძიების მსვლელობისას; ამგვარად, მომჩივანს უნდა მისცემოდა უფლება, რომ ჯვარედინად დაეკითხა ის სასამართლოში.

26.  სააპელაციო სასამართლომ დ.მ. შემდგომ 2007 წლის 17 და 31 ოქტომბერს და 14 ნოემბერს ჩატარებულ სამ მოსმენაზე დაიბარა. დ.მ. არცერთ ამ გამოძახებას არ გამოეხმაურა. 2007 წლის 17 ოქტომბრის მოსმენაზე, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მათ მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, დ.მ. კვლავ საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მათ არ წარმოუდგენიათ აღნიშნულის დამადასტურებელი ახალი მტკიცებულება. მომჩივანმა დაჟინებით მოითხოვა მოწმის სასამართლოს წინაშე წარსადგენად ზომების გატარება. 2007 წლის 14 ნოემბრის მოსმენაზე, მან განაცხადა, რომ მოწმე მოსმენამდე რამდენიმე დღით ადრე თავის ბათუმის სახლში ნახეს და რომ ბრალდების მხარე იტყუებოდა, თითქოს ის საზღვარგარეთ იყო.

27.  2007 წლის 14 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნა სხდომის გადადებისა და არადამსწრე მოწმის სასამართლოს წინაშე წარსადგენად დამატებითი ზომების მიღების თობაზე. სასმართლომ დაადგინა, რომ ეროვნული სასაზღვრო ორგანოს 2017 წლის 17 ივნისის ჩანაწერები (იხ. პარაგრაფი 16 ზემოთ), რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს წარედგინა, საკმარის საფუძველს იძლეოდა იმის დასადგენად, რომ დ.მ. საზღვარგარეთ იმყოფებოდა; ამგვარად, მას არ ჰქონდა საშუალება, გაეტარებინა მოწმის დასწრების უზრუნველყოფისთვის შემდგომი ღონისძიებები.

28.  2007 წლის 28 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მომჩივნის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. თავის განაჩენში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ძირითადად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებას, თუმცა ეჭვი შეაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ციტირებულ ბალისტიკური ექპერტიზის სიზუსტეში (იხ. პარაგრაფები 9 და 22 ზემოთ). სააპელაციო სასამართლოს თანახმად, ექსპერტმა ფაქტობრივად წარმოადგინა, რომ „იგი არ გამორიცხავს“ იმის ალბათობას, რომ მასრები შესაძლოა ერთი და იმავე იარაღიდან ყოფილიყო ნასროლი; თუმცა ამ მხრივ საბოლოო დასკვნა არ გამოუტანია.  სააპელაციო სასამართლომ, ამას გარდა, აღნიშნა, რომ მასრები ამოღებულ იქნა არა გარდაცვლილის გვამიდან (როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენშია მითითებული), არამედ მკვლელობის ადგილიდან. სასამართლომ შემდგომ დაადგინა, რომ დ.მ.-ს მიერ მიცემული ჩვენებები სარწმუნო და სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისი იყო.  სააპელაციო სასამართლოს არ გაუკეთებია რაიმე სახის კომენტარი მომჩივნის მიერ დ.მ.-ს ჯვარედინი დაკითხვის შეუძლებლობის სასამართლო პროცესზე შესაძლო ზეგავლენის შესახებ. ასევე, სააპელაციო სასამართლოს არ უხსენებია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მომჩივანმა ე.კ.-ს დაკითხვისას აღიარა, რომ შემთხვევით მოკლა გ.მ. და რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული აღიარება დაურთო საქმეს, როგორც მამხილებელი მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლო ე.კ.-ს ჩვენებას დაეყრდნო იმ ხარისხით, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მოვლენათა აღწერა სრულიად გააბათილა.

2. საქმის წარმოება უზენაეს სასამართლოში

29.  მომჩივანმა საკასაციო საჩივრით უზენაეს სასამართლოს მიმართა.  იგი დაობდა, რომ, inter alia, იმის გამო, რომ დ.მ.-ის მიერ მიცემული შეუმოწმებელი ჩვენებები მტკიცებულებად იქნა დაშვებული, მისი სასამართლო პროცესი უსამართლოდ წარიმართა.

30.  უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მომჩივნის გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლომ მიიჩნია რა, რომ მომჩივანის სასამართლო პროცესი, საბოლოო ჯამში, სამართლიანი იყო, არ მიუღია ცალკე გადაწყვეტილება დ.მ.-ის პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში წარმოებებზე დაუსწრებლობასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხზე.

II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა

31.  იმ დროს ძალაში მყოფი 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  („სსსკ“) შემდეგი დებულებები შეესაბამება საქმეს:

A. გამოცხადების მოთხოვნა და იძულებითი გამოცხადება

32.  სსსკ-ის 44-ე მუხლის 57-ე პუნქტის  თანახმად, დაზარალებულის ან მოწმის ჯანმრთელობის მიზეზით სასამართლოს წინაშე გამოუცხადებლობა დადასტურებული უნდა ყოფილიყო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობით, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა მისი პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

33.  სსსკ-ის 173-ე მუხლის თანახმად, დაზარალებული ვალდებული იყო გამოცხადებულიყო განსახილველ საქმეზე სასამართლოს წინაშე, სასამართლოს მიერ მისი გამოცხადების მოთხოვნის შემთხვევაში. დაზარალებულის ან მოწმის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შეიძლებოდა მათი იძულებით მიყვანა სასამართლოში – ადრე გაცემული გამოძახების ბრძანების შესრულების მიზნით.

34.  სსსკ-ის 176-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანება დაზარალებულის იძულებით გამოცხადების თაობაზე უნდა აღსრულებულიყო პოლიციის მიერ.

35.  სსსკ-ის 207-ე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად,  პროცესის დაზარალებულის (ან ნებისმიერი სხვა მონაწილის) გამოძახებისას, არასაპატიო მიზეზით სასამართლოს წინაშე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო მას აკისრებდა ჯარიმას. ჯარიმის დაწესება არ ათავისუფლებდა დაზარალებულს ან მოწმეს გამოცხადების ვალდებულებისგან, მისი ხელახალი დაბარების შემთხვევაში.

36.  სსსკ-ის 469-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  თანახმად, დაბარების დროს, დაზარალებულის ან მოწმის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სასამართლოს, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, უნდა მიეღო გადაწყვეტილება სასამართლო განხილვის გაგრძელების ან  გადადების შესახებ. განხილვა უნდა გაგრძელებულიყო, თუკი პირის გამოუცხადებლობა ეჭვქვეშ არ დააყენებდა საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.

B. მოწმის დაუსწრებლად მოწმის მიერ მიცემული ჩვენების დაშვება

37.  სსსკ-ის 481-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დასაშვები იყო დაზარალებულის ან მოწმის წინასასამართლო ეტაპზე მიცემული ჩვენებების სასამართლო განხილვების დროს წაკითხვა, თუ დაზარალებული ან მოწმე იყო გარდაცვლილი, იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ან არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას ისე, რომ მისი სასამართლოს წინაშე წარდგომის ყველა შესაძლებლობა ამოწურული იყო. მსგავსი ჩვენება, ასევე, შესაძლებელი იყო მიჩნეულიყო დასაშვებ მტკიცებულებად, თუ ამას მსხვერპლი ან მოწმე მოსთხოვდა სასამართლოს. თუმცა, დაუსწრებელი მოწმის ჩვენება არ შეიძლებოდა ყოფილიყო განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ერთადერთი საფუძველი.

C. საერთაშორისო სამართლებრივი მხარდაჭერა და მოწმის მოსმენა აუდიო/ვიდეო კავშირის საშუალებებით

38.  სსსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი (ა) პუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილი იყო მოეთხოვა საერთაშორისო სამართლებრივი მხარდაჭერა, მათ შორის მოწმის მოსმენასთან დაკავშირებით.

39.  სსსკ-ის 305-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასამართლო პროცესის მხარის ან მხარეების შუამდგომლობით, სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა მოწმის მოსმენა სხვა სასამართლოდან დისტანციური აუდიო/ვიდეო კავშირის დახმარებით.

III. შესაბამისი საერთაშორისო კანონმდებლობა

40.  სისხლის სამართლის საკითხებში საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთდახმარება შესაბამისი დროისთვის (და ამჟამადაც) რეგულირდებოდა 1959 წლის 20 აპრილის სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების ევროპული კონვენციით („1959 წლის კონვენცია“). 1959 წლის კონვენციის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ხელშემკვრელი მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, აღმოეჩინათ ერთმანეთისთვის „ურთიერთდახმარების ყველაზე ფართო ზომა“ სისხლისსამართალებრივ  საკითხებში.

41.  1959 წლის კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ერთ წევრ ქვეყანას შეუძლია მოსთხოვოს მეორე ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას მათი სახელით მოწმისგან ჩვენების აღება.

42.  1959 წლის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოწმისთვის სასამართლოში გამოძახების უწყების მიწოდება ასევე შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, როგორც დახმარების ფორმა.

სამართალი

I. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების სავარაუდო დარღვევა

43.  მომჩივანი ჩიოდა, რომ მას არ მიეცა დ.მ.-ის დაკითხვის შესაძლებლობა – რომელიც იყო მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის დანაშაულების მსხვერპლი და ერთადერთი უშუალო მოწმე, და რომ არასაკმარისი ძალისხმევა იქნა გაწეული მისი სასამართლოში გამოცხადებისა ან სხვა საშუალებებით მისგან ჩვენების მისაღებად. მან განაცხადა მისი სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევის შესახებ, განსაკუთრებით მისი ბრალდების მოწმის დაკითხვის უფლებისა, რაც უზრუნველყოფილია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტებით, რომელიც, შესაბამის საკითხთან დაკავშირებით, იკითხება შემდეგნაირად:

1. „წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება ... სასამართლოს მიერ.

3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:

d) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და, გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში; ...“

44.  მთავრობამ გააპროტესტა ეს არგუმენტი.

A. მისაღებობა

45.  სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელი არ არის კონვენციის 35-ე მუხლის 3(ა) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ არ არსებობს საჩივრის მიუღებლობის რაიმე სხვა საფუძველი. შესაბამისად, საჩივარი უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

B. საქმის არსებითი გარემოებები

1. მხარეთა არგუმენტები

46.  მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ გაწეული ძალისხმევები, თუ მსგავსს საერთოდ ჰქონდა ადგილი, არ იყო საკმარისი არადამსწრე მოწმის, დ.მ.-ს სასამართლოში დასწრების უზრუნველსაყოფად. ამას გარდა, იგი ამტკიცებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ დ.მ.-ს მიერ გამოუცხადებლობის დასაბუთება – რომ მან ქვეყანა სამედიცინო მკურნალობის ჩასატარებლად დატოვა – აღნიშნულის სათანადო დამამტკიცებელი საბუთის მოთხოვნის გარეშე მიიღეს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დ.მ.-ს ჩვენება მის ბრალდებაში გადამწყვეტი იყო, რამდენადაც დ.მ. მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ერთადერთი პირდაპირი მოწმე იყო.

47.  მთავრობის მტკიცებით, მოცემულ გარემოებებში, არადამსწრე მოწმის ჩვენების მიღებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობდა და სასამართლო პროცესი, მთლიანობაში, სამართლიანად წარიმართა და აკმაყოფილებდა კონვენციის  მე-6 მუხლის 1-ლ და მე-3 (d) პუნქტებს.  მათი მტკიცებით, ეროვნული სასამართლოებს მიერ დ.მ.-ს დასწრების უზრუნველყოფა არ იყო გონივრულად შესაძლებელი, რამდენადაც იგი  იმ დროს სამედიცინო მიზნით საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სადავო მტკიცებულება, მთავრობის პოზიციის თანახმად, არ წარმოადგენდა ერთადერთ მტკიცებულებას, და არც გადამწყვეტი ყოფილა მომჩივნის ბრალდებაში, იმის გათვალისწინებით, რომ გამამყარებელი სამხილი იქნა წარმოდგენილი. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ დ.მ.-ს წინასასამართლო ჩვენებების მტკიცებულებად დაშვება მთელი რიგი ფაქტორებით იქნა კომპენსირებული. კერძოდ, მთავრობა ირწმუნებოდა, რომ ეროვნული სასამართლოები მოწმეთა შეუმოწმებელ ჩვენებებს სიფრთხილით მოეკიდნენ, როგორც მათ  შესაბამის განაჩენებში აღნიშნეს, ჩვენების ეს ნაწილი გამამყარებელ მტკიცებულებასთან შესაბამისობაში მოდიოდა. ამას გარდა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ის ფაქტი, რომ მომჩივანს შესაძლებლობა ჰქონდა, მოეთხოვა არადამსწრე მოწმის წინასწარი ჩვენებების მტკიცებულების სახით არდაშვება, ასევე, განხილულ უნდა ყოფილიყო როგორც დამატებითი საპირწონე ფაქტორი.  მთავრობის მტკიცებით, მომჩივნის გასამართლების  საჯარო ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ მან გადაწონა სავარაუდო ზიანის ეფექტი, რაც შეუმოწმებელი ჩვენების დაშვების შემთხვევაში, მისი დაცვის უფლებებზე ზეგავლენით შეიძლებოდა გამოხატულიყო.

2. სასამართლოს შეფასება

(a). ზოგადი პრინციპები

48.  შესაბამისი ზოგადი პრინციპები განისაზღვრა სასამართლო გადაწყვეტილებებში შემდეგ საქმეებზე – Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom ([GC], nos. 26766/05 და 22228/06, §§ 118-151, ECHR 2011) და Schatschaschwili v. Germany ([GC], no. 9154/10, §§ 100-131; ECHR 2015).

(b). ზოგადი პრინციპების გამოყენება მიმდინარე საქმეში

49.  სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის გამამტყუნებელი განაჩენი, inter alia, დაეყრდნო დ.მ.-ის ჩვენებას, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას იქნა აღებული და რომ მომჩივანს  პროცესის მსვლელობის არცერთ ეტაპზე არ მისცემია საშუალება, დაეკითხა დ.მ. (იხ. პარაგრაფები 11, 17 და 27 ზემოთ). ამგვარად, სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის პრინციპების შესაბამისად, სასამართლოს ამოცანა მიმდინარე საქმეში მდგომარეობს იმაში, რომ გამოიკვლიოს (i) არსებობდა თუ არა მოწმე დ.მ.-ის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საკმარისი მიზეზი, (ii) წარმოადგენდა თუ არა მისი ჩვენება ერთადერთ, ან გადამწყვეტ ფაქტორს მომჩივნის განაჩენის გამოტანისას, თუ ამან მხოლოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ მხრივ, და (iii) არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, რომლებმაც დააკომპენსირა ის შეზღუდვები, რომლის პირობებშიც, შესაძლოა, დაცვის მხარე მოქმედებდა.

(i) არსებობდა თუ არა მოწმე დ.მ.-ის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საკმარისი მიზეზი.

50.  სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, ეროვნულმა სასამართლოებმა დ.მ.-ს გამოუცხადებლობის ორი მიზეზი მიიღეს: სამედიცინო მკურნალობის აუცილებლობა (იხ. პარაგრაფები 15 და 17 ზემოთ) და მოწმის მიუწვდომლობა მის საზღვარგარეთ ყოფნასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფები 16 და 27 ზემოთ).

51.  მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სასამართლომ უაპელაციოდ დაუშვა დ.მ.-ს პროცესზე გამოუცხადებლობა სამედიცინო მიზეზებიდან გამომდინარე, სასამართლოს ოქმებიდან დგინდება, რომ მოწმეს არ წარმოუდგენია არცერთი დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ გამამართლებელ გარემოებას დაასაბუთებდა (შეადარეთ Bobeş v. Romania, no. 29752/05, §§ 39-40, 9 ივლისი, 2013 წელი, და Vronchenko v. Estonia, no. 59632/09, § 58, 18 ივლისი, 2013 წელი). ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ შესაბამისი დროისათვის მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, მოწმეს მოეთხოვებოდა სასამართლოში წარედგინა სათანადო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ, რამაც ხელი შეუშალა მის სასამართლოში გამოცხადებას (იხ. პარაგრაფი 32 ზემოთ). ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ მოწმემ სასამართლოს განუცხადა, რომ  თურქეთში 2007 წლის 4 ივლისს მიემგზავრებოდა (პირველი სასამართლო მოსმენა ჩანიშნული იყო 2007 წლის 6 ივლისს), სინამდვილეში ქვეყანა სასამართლო მოსმენის დაწყებიდან მეათე დღეს დატოვა (იხ. პარაგრაფები 15 და 16 ზემოთ).

52.  რაც შეეხება მოწმის მიუწვდომლობას მისი საზღვარგარეთ გამგზავრების ან ნებისმიერი სხვა მიზეზით, სასამართლო პირველ ყოვლისა აღნიშნავს, რომ თავად ეს ფაქტი არ შეადგენს საკმარის მიზეზს, რაც გაამართლებს შესაბამისი მოწმის გამოუცხადებლობას სასამართლოში (იხ. Seton v. the United Kingdom, no. 55287/10, § 61, 31 მარტი, 2016 წელი, და Gabrielyan v. Armenia, no. 8088/05, §78, 10 აპრილი, 2012 წელი). ამის საწინააღმდეგოდ, ეროვნულ სასამართლოებს მოეთხოვებათ, აქტიურად მოიძიონ მოწმე ადგილობრივი ხელისუფლების, მათ შორის პოლიციის დახმარებით, და, როგორც წესი, უნდა მოითხოვონ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარება იმ შემთხვევაში, როცა ასეთი მოწმე საზღვარგარეთ იმყოფება და მსგავსი ინსტრუმენტები ხელმისაწვდომია (იხ. Schatschaschwili, მითითებულია ზემოთ , §§ 120-22, მასში არსებულ სხვა მითითებებთან ერთად).

53.  სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა  მოწმის სასამართლო პროცესზე დასწრების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მოქმედება შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა რომ მოწმემ ქვეყანა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეროვნულ სასამართლოებს  გააჩნდათ უარზე მყოფი მოწმის მოძიებისა და მისი სასამართლოში იძულებით მიყვანის, ან მსგავსი ზომების განხორციელებისთვის საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის რამდენიმე მექანიზმი (იხ. პარაგრაფები 33-36 და 38-42 ზემოთ). მომჩივნის საქმეზე შემხებლობის მქონე არცერთმა სასამართლომ არ განიხილა აღნიშნული ბერკეტებიდან რომელიმეს გამოყენების შესაძლებლობა.

54.  ამას გარდა, სასამართლო არ დაარწმუნა სააპელაციო სასამართლოს დასკვნამ იმის თაობაზე, რომ დ.მ. ნამდვილად არ იმყოფებოდა შესაბამის დროს ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. პარაგრაფები 26-27 ზემოთ). იგი აღნიშნავს, რომ სააპელაციო წარმოებისას დაცვის მხარე აცხადებდა, რომ მოწმე ქვეყანაში დაბრუნდა, რადგანაც აღნიშნული პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარ სახლში ნახეს და რომ მას უბრალოდ არ სურდა სასამართლოში გამოცხადება.  სააპელაციო სასამართლომ მარტივად მიიღო ოთხი თვის წინანდელი დ.მ.-ს ქვეყნიდან გასვლის დამადასტურებელი სასაზღვრო კონტროლის სააღრიცხვო ჩანაწერები, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა გამგზავრებამდე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეატყობინა, რომ მხოლოდ ორი ან სამი თვით გეგმავდა საზღვარგარეთ დაყოვნებას.

55.  სასამართლო ასკვნის, რომ დ.მ.-ს სასამართლოზე გამოუცხადებლობის დასაბუთებული მიზეზი არ წარმოდგენილა და რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაატარეს მისი სასამართლოზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ადეკვატური ზომები.

(ii) წარმოადგენდა თუ არა დ.მ.-ს ჩვენება ერთადერთ ან გადამწყვეტ ფაქტორს მომჩივნის განაჩენის გამოტანისას, ან ითამაშა თუ არა ამან მნიშვნელოვანი როლი ამ მხრივ.

56.  სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის პრინციპების მიხედვით, იმისთვის რომ შეფასდეს, წარმოადგენდა თუ არა მოწმის შეუმოწმებელი ჩვენება ერთადერთ საფუძველს ან იყო თუ არა გადამწყვეტი ფაქტორი  მომჩივნის გამამტყუნებელ განაჩენში, უნდა განისაზღვროს, არსებობს თუ არა და რამდენად ძლიერია ამ ჩვენების გამამყარებელი მტკიცებულება (იხ. Al-Khawaja და Tahery, მითითებულია ზემოთ, § 131, და Schatschaschwili, მითითებულია ზემოთ, § 123).

57.  სასამართლო მიიჩნევს, რომ არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა არადამსწრე მოწმის ჩვენებების ღირებულება მამხილებელი მტკიცებულების დანარჩენ ნაწილთან შედარებით. შესაბამისად, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს აღნიშნული საკითხი (იხ. İshak Sağlam v. Turkey, no. 22963/08, § 48, 10 ივლისი, 2018 წელი,მასში არსებულ სხვა მითითებებთან ერთად). ორი შესაბამისი შემთხვევის – (i) დ.მ.-ს ბინაში მომხდარი შემთხვევა და (ii) სავარაუდო მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებული შემთხვევა – ფაქტებისა და მტკიცებულების განსხვავებული ბაზისიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესის ამ ასპექტების განხილვა ცალ-ცალკე უნდა მოხდეს, შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ბრალდებების ორი განსხვავებული ჯგუფის კონტექსტში (იხ.Tuskia and Others v. Georgia, no. 14237/07, § 106, 11 ოქტომბერი, 2018 წელი).

58.  საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენას, შენახვასა და ტარებასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ არადამსწრე მოწმის, დ.მ.-ს ჩვენებასთან ერთად, ადგილობრივი სასამართლოები დაეყრდნენ სხვა  ბევრ პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოში შესწავლილ იქნა დაცვის მხარის მონაწილეობით, ხუთი სხვა მოწმის ჩვენებების ჩათვლით (იხ. პარაგრაფები 18 და 19 ზემოთ; ასევე N.K. v. Germany, no. 59549/12, § 58, 26 ივლისი, 2018 წელი; Fąfrowicz v. Poland, no. 43609/07, §§ 58-60, 17 აპრილი, 2012 წელი; და Tuskia and Others, მითითებულია ზემოთ, § 107). ამას გარდა, მომჩივანმა აღიარა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დანაშაული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს დასკვნას, რომ არადამსწრე მოწმის, დ.მ.-ს ჩვენება არ შეადგენდა არც ერთადერთ საფუძველს და არც გადამწყვეტ ფაქტორს შესაბამის ბრალდებებში მომჩივნის ბრალეულობის დასამტკიცებლად, და არც არსებითი მნიშვნელობის მატარებელი ყოფილა ამ მხრივ.

59.  რომ დავუბრუნდეთ ბ.მ.-ს მკვლელობისა  და დ.მ.-ს მკვლელობის მცდელობის ბრალდებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მომჩივნის ქცევასა და ამ შემთხვევებს აკავშირებს, დ.მ.-ს წინასასამართლო ჩვენებებთან ერთად, მოიცავდა: დ.მ.-ს ბინიდან და დანაშაულის ადგილიდან ამოღებულ დაცლილ მასრებს; შესაბამისი სასამართლო ექპერტიზის ანგარიშს მასრებთან დაკავშირებით; და მოწმის ჩვენებას, რომელიც ადასტურებდა, რომ მომჩივანმა გაისროლა იარაღი დ.მ.-ს ბინაში. ყველა ზემოაღნიშნული პუნქტი ერთობლივად შეადგენდა ირიბ მტკიცებულებას. ეროვნული სასამართლოების თანახმად, გ.მ.-ს მკვლელობაში მომჩივნის ბრალეულობა დამატებით იქნა განმტკიცებული მომჩივნის მამის, ე.კ.-ს ჩვენებით.

60.  სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი მტკიცებულებიდან, ეროვნული სასამართლოების თვალსაზრისით, როგორც ჩანს, გამომდინარეობს ვარაუდი, რომ მომჩივანმა მოკლა გ.მ. და მცდელობა ჰქონდა მოეკლა დ.მ.  ეს ვარაუდი, თავის მხრივ, ორ წინაპირობას ეყრდნობოდა: (i) დაცლილი მასრები, რომელიც დ.მ.-ს ბინიდან და დანაშაულის ადგილიდან იქნა  ამოღებული, რომელიც, „შესაძლოა გასროლილი ყოფილიყო ერთი და იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან“ ან „არ არის გამორიცხული“ რომ ეს ასე იყო – როგორც ეს სასამართლო ექსპერტიზამ დაასკვნა (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ) და (ii) სწორედ მომჩივანმა გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან დ.მ.-ს ბინაში მკვლელობამდე  რამდენიმე საათით ადრე, როგორც ეს სასამართლო პროცესზე დაადასტურა რამდენიმე პირდაპირმა მოწმემ.

61.  სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ის ფაქტი, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნები არ იყო მყარი, სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, როდესაც მან შეასწორა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემოთავაზებული მტკიცებულების უფრო მეტად გამყარებული რეპრეზენტაცია (იხ. პარაგრაფი 28 ზემოთ). ამგვარად, სასამართლო ექსპერტიზის სამხილის დამამტკიცებელი ძალა, როგორც ჩანს, სუსტი იყო; შესაბამისად, მასზე დამყარებული ვარაუდიც, ასევე, სუსტი უნდა იყოს.

62.  რაც შეეხება ე.კ.-ს განცხადებას, რომელიც ადასტურებს, რომ მომჩივანმა მასთან აღიარა მის მიერ გ.მ.-ს შემთხვევით მკვლელობის ფაქტი, სასამართლო ამასთან დაკავშირებით განმეორებით აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე იმ პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, ვისაც უშუალო მოწმემ შეატყობინა განსახილველი შემთხვევის შესახებ მათი მოხდენის შემდეგ დაუყოვნებლივ, შეიძლება ჩაითვალოს საფუძვლიან პირდაპირ მტკიცებულებად (იხ. mutatis mutandis, Al-Khawaja and Tahery, მითითებულია ზემოთ, § 156, და McGlynn v. the United Kingdom (dec.), § 24, no. 40612/11, 16 ოქტომბერი, 2012 წელი).  თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ე.კ.-ს ჩვენება არ იყო დეტალური და, როგორც ჩანს, არ იყო არადამსწრე მოწმის მიერ მიცემული  ჩვენების თანმიმდევრული. კერძოდ, მაშინ როცა ე.კ., როგორც ჩანს, აცხადებდა, რომ გ.მ. მოკლულ იქნა მომჩივნის მიერ შემთხვევით განხორციელებული გასროლის შედეგად, დ.მ.-მ განაცხადა, რომ მომჩივანმა მას და მამამისს გამიზნულად ესროლა.

63.  საბოლოო ჯამში, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ დ.მ.-ს ჩვენებები ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება იყო მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებებში, ხოლო  დამადასტურებელ მტკიცებულებებს საკმაოდ დაბალი მამტკიცებელი ღირებულება ჰქონდა, არადამსწრე მოწმის დ.მ.-ს ჩვენება გადამწყვეტი იყო მომჩივნის ბრალეულობის დადგენაში (შეადარეთ Paić v. Croatia, no. 47082/12, § 41, 29 მარტი, 2016 წელი). შესაბამისად, დ.მ.-ს ჩვენებების მტკიცებულების სახით დაშვებას შეეძლო დაებრკოლებინა მომჩივნის დაცვა აღნიშნული ბრალდებების სასამართლოზე განხილვისას (იხ. Schatschaschwili, მითითებულია ზემოთ, § 116).

(iii) არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, რომლებმაც დააკომპენსირა ის შეზღუდვები, რომლის პირობებშიც დაცვის  მხარე მოქმედებდა

64.  ახლა, მესამე ეტაპზე, სასამართლომ უნდა დაადგინოს, არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, რომლებმაც აანაზღაურა ის შეზღუდვები, რომლის პირობებშიც დაცვის მხარე მოქმედებდა არადამსწრე მოწმის, დ.მ.-ს გადამწყვეტი ჩვენების დაშვებიდან გამომდინარე.  Schatschaschwili -ს საქმეში დიდმა პალატამ მოცემული კონტექსტის შესაბამისი შემდეგი ელემენტები გამოარჩია: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიდგომა შეუმოწმებელი ჩვენების მიმართ; დამატებითი მამხილებელი მტკიცებულების არსებობა და ძალა; და პროცედურული ზომები, რომლებიც სასამართლო პროცესის მსვლელობაში მოწმის უშუალო ჯვარედინი დაკითხვის შეუძლებლობის კომპენსაციისთვის იქნა გატარებული (იხ. Schatschaschwili, მითითებულია ზემოთ, § 145).

65.  აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოების განაჩენებში არაფერი  მიუთითებს იმაზე, რომ შეუმოწმებელი მოწმის ჩვენებას სიფრთხილით მოეკიდნენ; ან რომ ნაკლები წონა მიანიჭეს აღნიშნულ ჩვენებებს (შეადარეთ Al-Khawaja და Tahery, მითითებულია ზემოთ, § 157; Dadayan v. Armenia, no. 14078/12, § 54, 6 სექტემბერი, 2018 წელი; და Paić, მითითებულია ზემოთ, § 43). ამის საწინააღმდეგოდ, ეროვნულმა სასამართლოებმა, მოახდინეს დ.მ.-ს ჩვენებების ციტირება, განაცხადეს, რომ აღნიშული ჩვენებები სარწმუნო და სხვა ჩვენებებთან შესაბამისია, აღნიშნული მოსაზრების გამამყარებელი დეტალური დასაბუთების გარეშე (საპირისპიროდ Brzuszczyński v. Poland, no. 23789/09, §§ 85-86 და 89, 17 სექტემბერი, 2013 წელი; ასევე იხ. Prăjină v. Romania, no. 5592/05, § 59, 7 იანვარი, 2014 წელი; და Nikolitsas v. Greece, no. 63117/09, § 37, 3 ივლისი, 2014 წელი).

66.  მეორე, იმდენად, რამდენადაც დამატებითი მამხილებელი მტკიცებულების არსებობა და მისი ძალა განხილულ იქნა, სასამართლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიიჩნევს, რომ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებებთან დაკავშირებით, არადამსწრე მოწმის ჩვენებები არ გამყარებულა საკმარისად ძლიერი და თანმიმდევრული მამხილებელი მტკიცებულებით (იხ. პარაგრაფები 59-63 ზემოთ; შეადარეთ N.K., მითითებულია ზემოთ § 59; Bátěk and Others v. the Czech Republic, no. 54146/09, 12 იანვარი, 2017 წელი, § 54; და Štulíř v. the Czech Republic, no. 36705/12, § 70, 12 იანვარი, 2017 წელი).

67.  დაბოლოს, რაც შეეხება საპირწონე პროცედუალურ ზომებს, სასამართლო, მიუთითებს რა, რომ მომჩივანს  მიეცა მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსიის წარდგენისა და ამგვარად დ.მ.-ს, როგორც მოწმის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების საშუალება, (იხ. პარაგრაფები 13, 14, 17 და 27 ზემოთ), სასამართლო არ მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტს დაცვისთვის შექმნილი დაბრკოლებების საპირწონედ (საპირისპიროდ Garbuz v. Ukraine, no. 72681/10, § 46, 19 თებერვალი, 2019 წელი, სადაც მომჩივანი კონკრეტულად არ ედავებოდა არადამსწრე მოწმის სანდოობას ან მისი ჩვენებების უტყუარობას; ასევე, საპირისპიროდ Kikalishvili v. Georgia, no. 51772/08, § 52, 20 დეკემბერი, 2018 წელი, სადაც დაზარალებული, სავარაუდო დანაშაულის ერთადერთი მოწმე, მიუხედავად იმისა, რომ არ ესწრებოდა სააპელაციო წარმოებას, მომჩივნის მონაწილეობით დაიკითხა პირველი ინსტანციის სასამართლოში; ასევე იხ. Dadayan, მითითებულია ზემოთ, § 54, და Paić, მითითებულია ზემოთ, §§ 46-48). ამგვარად, მომჩივანს არ მიეცა საშუალება, დ.მ.-სთვის დაესვა შეკითხვები, მაგალითად წერილობით.  ამას გარდა, არც თავად მომჩივანს და არც მის დამცველ ადვოკატს არ მიეცათ დ.მ.-ს გამოკითხვის საშუალება გამოძიების ეტაპზე.

(iv) სასამართლო პროცესის ზოგადი სამართლიანობის შეფასება

68.  სასამართლო პროცესის ზოგადი სამართლიანობის შეფასებისას,  გაითვალისწინებს არსებულ საპირწონე ფაქტორებს, განხილულს საკუთარ დასკვნებთან ერთობლიობაში იმის თაობაზე, რომ დ.მ.-ს მიერ წარმოდგენილი ჩვენება „გადამწყვეტი“ იყო მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის დანაშაულებში მომჩივნის მსჯავრდების  განსაზღვრისას.

69.  სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოების წინაშე იყო მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის შემთხვევასთან დაკავშირებული კონკრეტული დამატებითი მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, თავისი არსით, როგორც ჩანს, არ იყო საკმარისად ძლიერი ან თანმიმდევრული. ამას გარდა, სასამართლო მიუთითებს, რომ დ.მ.-ს სასამართლოზე დასასწრებად ძალისხმევა თითქმის არ გაწეულა და არ გატარებულა პროცედუალური ზომები, მომჩივნის მიერ ერთადერთი უშუალო მოწმის სასამართლოში პირდაპირი ჯვარედინი დაკითხვის შეუძლებლობის დასაკომპენსირებლად. ამას გარდა, როგორც ჩანს, არც ერთი ეროვნული სასამართლო არ მიუდგა მოწმის მიერ წარმოდგენილ შეუმოწმებელ ჩვენებას სათანადო სიფრთხილით. მოცემულ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც მომჩივანს სასამართლო წარმოების არც ერთ ეტაპზე არ მისცემია დ.მ.-ის მოწმის სახით დაკითხვის საშუალება, სასამართლო პროცესი, მთლიანობაში, არასამართლიანი იყო მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებებთან მიმართებით. ამგვარად, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტები.

II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

70.  კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“.

71.  მომჩივანს სარჩელი სამართლიანი კომპენსაციის მიზნით არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მხრივ მისი ფულადი კომპენსაციის საფუძველი არ არსებობს.

ამ მოტივით, სასამართლო ერთხმად

1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;

2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების დარღვევას მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებებთან მიმართებით მომჩივნის სასამართლო პროცესში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2019 წლის 12 დეკემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

მილან ბლაშკო,                                                                             გაბრიელ კუჩკო-შტადლმაიერი

განმწესრიგებლის მოადგილე                                                    თავმჯდომარე