ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21074/09
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/10/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება

საქმე „ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი № 21074/09)

სტრასბურგი

2020 წლის 10 დეკემბერი

წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

საქმეზე „ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) კომიტეტმა შემდეგი შემადგენლობით:

ჟანა იუდკივსკა, თავმჯდომარე
სტეფანია მურუ ვიქსტრომი,ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,გაითვალისწინა რა:

2009 წლის 8 მარტს საქართველოს მოქალაქის ბატონ ლავრენტი ბაქრაძის (შემდგომში „მომჩივანი") მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი საჩივარი (№ 21074/09);

გადაწყვეტილება შეატყობინოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების საფუძველზე წარდგენილი საჩივრის შესახებ და დაუშვებლად გამოაცხადოს საჩივრის დანარჩენი ნაწილი;

მხარეების მოსაზრებები;

2020 წლის 13 ნოემბერს დახურული თათბირის შემდეგ,გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

შესავალი

1. საქმე ეხება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტებიდან გამომდინარე მომჩივნის წინააღმდეგ სავარაუდოდ უსამართლოდ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს, იმ მეთოდთან დაკავშირებით, რომლითაც მოხდა ძირითადი მტკიცებულებების მოპოვება, მის წინააღმდეგ გამოყენება და ასევე, ეროვნული სასამართლოების უარს დაცვის მხარის ერთადერთი პოტენციური მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით.

ფაქტები

2. მომჩივანი დაიბადა 1979 წელს და ცხოვრობს ზესტაფონში. მომჩივანს წარმოადგენდა ბ-ნი ლ. კუპატაძე, ადვოკატი, რომელიც საქმიანობს თბილისში.

3. მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.

4. მხარეების მიერ წარდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.

მომჩივნის დაკავება და ჩხრეკა

5. 2006 წლის 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (შემდგომში „სოდ“) ანტინარკოტიკული დანაყოფის თანამშრომელმა მოამზადა ოქმი, რომლის თანახმადაც, ოპერატიული ინფორმაციის შემოწმების შემდეგ მან გაარკვია, რომ ვინმე ლავრენტი ბაქრაძე, რომელიც წარმოშობით იყო ზესტაფონიდან, მაგრამ იმჟამად ცხოვრობდა თბილისში კონკრეტულ მისამართზე, იყო ნარკომანი. აღნიშნული პირი სისტემატურად ყიდულობდა, ინახავდა და ყიდდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს. იმავე ოქმში აღნიშნული იყო, რომ 2006 წლის 3 მარტს, დაახლოებით 22:00 სთ-ზე, ის იქნებოდა სახლში და თან ექნებოდა დიდი რაოდენობით სუბოტექსის აბები. მომჩივნის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 (ა) ნაწილის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებასთან დაკავშირებით.

6. იმავე დღის 21:00 სთ-ზე სოდ-ის თანამშრომელთა ჯგუფი გაიგზავნა ზემოხსენებულ ოქმში მითითებულ მისამართზე.  ჯგუფი მომჩივნის ბინაში შევიდა დაახლოებით 22:00 სთ-ზე. ბინის ჩხრეკა დაიწყო 22:05 სთ-ზე და გაგრძელდა 23:30 სთ-მდე. ჩხრეკის ოქმის თანახმად მომჩივანს უარი ეთქვა მის უფლებაზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში „სსსკ“) 102-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მოეწვია დამსწრე მოწმე ჩხრეკაზე დასასწრებად, რომელიც ჩაატარა სამმა თანამშრომელმა (დ.ჟ.-მ, ლ.ხ.-მ და თ.მ.-მ) გადაუდებელ გარემოებებში, ჩხრეკის ორდერის გარეშე, მომჩივნის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების დამალვისა და განადგურების სავარაუდო რეალური რისკის გათვალისწინებით.

7. ჩხრეკისას ამოღებულ საგნებს შორის იყო ოცდაექსვს-ნახევარი სუბოტექსის აბი, რომელიც ნაპოვნი იქნა სააბაზანოს სამზარეულოსთან დამაკავშირებელ წყლის მილში. ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკის დასრულებისა და „საფრთხის გაქრობის შემდეგ“ მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა მოეთხოვა მოწმის დასწრება, მაგრამ მან უარი განაცხადა.

8. ბინის ჩხრეკის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ ჩატარდა მომჩივნის პირადი ჩხრეკა. მომჩივანს აღმოაჩნდა სუბოტექსის ორი აბი. მომჩივნის ჩხრეკისა და დაკავების ოქმის თანახმად, მან მიიღო დალურჯებები სახეზე დაკავებისას, შეწინააღმდეგების დროს. იმავე ოქმში აღნიშნულია, რომ მომჩივანი დაკავებულ იქნა in flagrante delicto (დანაშაულის ადგილზე) 22:00 სთ-ზე; რომ პოლიციის დაწესებულებაში გადაიყვანეს 12:45 სთ-ზე; რომ მას უარი ეთქვა მის უფლებაზე, ჩხრეკაზე დასასწრებად მოეწვია მოწმე, მისი მიმალვის ან ნარკოტიკული საშუალებების განადგურების რეალური რისკის გათვალისწინებით; და, რომ მან ხელი მოაწერა ოქმს ისე, რომ არანაირი შენიშვნა არ გაუკეთებია მისი შინაარსის სიზუსტესთან დაკავშირებით. მომჩივნის ავტომობილის შემდგომი ჩხრეკისას არ აღმოუჩენიათ არანაირი მართლსაწინააღმდეგო საგანი.

9. 2006 წლის 4 მარტს საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული სასამართლო ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომჩივნის ბინისა და პირადი ჩხრეკისას (შემდგომში „ჩხრეკები“) აღმოჩენილი სუბოტექსის აბები შეიცავდა 0,228 გრამ ბუპრენოფრინს. მომჩივანს ბრალად წარედგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა და ფლობა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 (ა) ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. მისი, როგორც ბრალდებულის, შემდგომი დაკითხვისას ის ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო და რომ ნარკოტიკები მას არ ეკუთვნოდა. მან ეჭვქვეშ დააყენა მომხდარი მოვლენების ოფიციალური ვერსია და განაცხადა, რომ პოლიცია მის ბინაში შეიჭრა. აღსანიშნავია, რომ მომჩივნის თანახმად, აღნიშნულ საღამოს ის სახლში იმყოფებოდა მეგობარ ლ.ც.-თან ერთად. დაახლოებით 21:40 სთ-ზე შემოესმა კარზე კაკუნის ხმა. მან გაიხედა კარის ჭუჭრუტანაში და დაინახა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც უთხრეს, რომ მისი სიძე მოჰყვა ავარიაში და სჭირდებოდა დახმარება. მათ სთხოვეს კარის გაღება, მაგრამ ის შეშინდა და კარის გაღების ნაცვლად პოლიციაში დარეკა. ცოტა ხნის შემდეგ მან დაინახა, როგორ ცდილობდა შეიარაღებული პირი მეზობელი ბინიდან მის აივანზე გადასვლას. ეს უკანასკნელი ბინაში შეიჭრა მას შემდეგ, რაც მომჩივანს თავის არეში მიაყენა დარტყმა. მომჩივანმა გონება დაკარგა. გონს მოსვლის შემდეგ მან დაინახა, რომ იწვა იატაკზე სახით ქვემოთ და ვიღაცას ფეხი ედო მის ზურგზე. მისი მეგობარი ლ.ც., სამზარეულოში იყო ჩაკეტილი. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სოდ-ში გადაყვანის შემდეგ მან ხელი მოაწერა სხვადასხვა დოკუმენტს ისე, რომ არ მისცეს მათი წაკითხვის უფლება. მან ასევე განაცხადა, რომ მოითხოვა დამოუკიდებელი მოწმეებისა და ადვოკატის დასწრება, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

10. იმავე დღეს ზედამხედველმა პროკურორმა განცხადებები შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში 2006 წლის 3 მარტს ჩატარებული სამი ჩხრეკის (რომლებიც, მისი მტკიცებით, გადაუდებელი იყო) კანონიერად ცნობის თაობაზე. სასამართლომ წერილობითი პროცედურით განიხილა განცხადებები (მომჩივანს არ მიეცა მოსაზრებების წარდგენის ნება), ვიდრე დაადგენდა, რომ ჩხრეკა იყო კანონიერი. მან დაასკვნა, რომ პროკურორის განცხადებებიდან ირკვეოდა, რომ ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე და შეესაბამებოდა სისხლის სამართლის საპროცესო წესებს. განჩინება იყო მოკლე და არადეტალური და არ მიუთითებდა რაიმე ფაქტობრივ გარემოებაზე და არ შეიცავდა რაიმე დასაბუთებას. განჩინებებით განსაზღვრული იყო 72 საათი გასაჩივრებისათვის. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მომჩივანმა არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა.

11. 2006 წლის 6 მარტს ჩატარებულმა ნარკოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ დაკავების დროისათვის მომჩივანი არ იმყოფებოდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.

12. 2006 წლის 12 აპრილს მომჩივანს სასამართლო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომ დადგენილიყო, იყო თუ არა ის ნარკოდამოკიდებული, ექსპერტმა დაასკვნა, რომ მომჩივანი ნამდვილად იყო ნარკოდამოკიდებული და, რომ ის უნდა დაქვემდებარებოდა სავალდებულო ნარკოლოგიურ მკურნალობას.

მომჩივნის მსჯავრდება

13. 2006 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო და თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მომჩივნის მსჯავრდება ეფუძნებოდა (i) დ.ჟ.-სა და თ.მ.-ს, იმ ორი პოლიციელის განცხადებებს, რომლებმაც დააკავეს მომჩივანი და ჩაატარეს ზემოაღნიშნული ჩხრეკები (ii) მომჩივნის დაპატიმრების ოქმებს, შემდგომ წარმოებულ ჩხრეკებსა და (iii) შემდგომ სასამართლო ექსპერტიზის შედეგებს.

14. საქმისწარმოებისას მომჩივანმა მოითხოვა დაკავებისა და ჩხრეკის გარემოებებთან დაკავშირებით მისი მეზობლებისა და მეგობრის ლ.ც.-ს დაკითხვა. მის მოთხოვნა უარყოფილ იქნა პროცესუალური საფუძვლით. მან ასევე გააკეთა დეტალური განცხადება, რომელშიც ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას; თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ განცხადება არ იყო გამყარებული საქმის გარემოებებით და გაკეთებული იყო მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.

15. მომჩივანმა გაასაჩივრა მსჯავრდება. ის დავობდა, რომ არც ლ.ც. (რომელიც მისი დაკავების თვითმხილველი იყო) და არც მისი მეზობლები არ დაუკითხავთ, არც საქმეზე პასუხისმგებელ გამძიებელს და არც პირველი ინსტანციის მოსამართლეს. გარდა ამისა ის ამტკიცებდა, იმის გათვალისწინებით, რომ მას ბორკილები დაადეს პოლიციის ოპერაციის დაწყებისთანავე, არ არსებობდა მის მიერ მტკიცებულებების განადგურების არანაირი საფრთხე, რაც გულისხმობდა იმას, რომ უნდა ყოფილიყო ნებადართული დამოუკიდებელი მოწმეების, მაგალითად, მისი მეზობლების, ჩხრეკაზე დასწრება. ამასთან დაკავშირებით ის ამტკიცებდა, რომ მისი ჩხრეკები იყო უკანონო, ვინაიდან არ არსებობდა გადაუდებელი გარემოებები, რომლებიც გაამართლებდა სასამართლო ავტორიზაციის არარსებობის პირობებში მათ ქმედებებს.

16. 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა მომჩივნის მსჯავრდება. ჩხრეკის სავარაუდო მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მომჩივნის მიმალვის ან მტკიცებულებების სხვაგვარად განადგურების რეალური საფრთხე; ამიტომ, გადაუდებელ გარემოებებში ჩატარებული ჩხრეკა იყო კანონიერი. რაც შეეხება მომჩივნის კრიტიკას, პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ ლ.ც.-სა და მომჩივნის მეზობლების დაკითხვაზე უართან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ უბრალოდ დაასკვნა, რომ უარი კანონიერი იყო.

17. მომჩივანმა საკასაციო საჩივარი წარადგინა, რომელშიც იგი კვლავ ამტკიცებდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ განიხილეს ის მტკიცებულებები, რომლებიც მის ვერსიას ამყარებდა ჩხრეკის ფიზიკურ გარემოებებთან დაკავშირებით. 2008 წლის 9 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა მსჯავრდება.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო

18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებებისთვის იხილეთ Bregvadze v. Georgia  [კომიტეტი] (№ 49284/09, § 17, 2019 წლის 17 იანვარი) და Megrelishvili v. Georgia [კომიტეტი] (№ 30364/09, § 23, 2020 წლის 7 მაისი).

სამართალი

I. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების სავარაუდო დარღვევა

19. მომჩივანი დავობდა, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს სოდ-ის თანამშრომლებმა და, რომ ჩხრეკა იყო მართლსაწინააღმდეგო, რადგან მას თვითნებურად ეთქვა უარი, მოეწვია დამსწრე მოწმეები აღნიშნულ ჩხრეკაზე. ის ასევე ასაჩივრებდა ეროვნული სასამართლოების უარს,  ჩხრეკის ფიზიკური გარემოებების შესახებ ლ.ც.-ს დაკითხვასთან დაკავშირებით. მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ და მე-3 (d) პუნქტებს, რომლებიც შემდეგნაირად იკითხება:

“1. ყოველი ადამიანი, ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ...

3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:

...

d) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და, გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ... თანაბარ პირობებში”

მისაღებობა

20. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი და არც მიუღებელი რაიმე იმ სხვა საფუძვლით, რომელიც მოცემულია კონვენციის 35-ე მუხლში. ამდენად, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

საქმის არსებითი მხარე

მხარეთა არგუმენტები

21. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისთვის დამოუკიდებელი მოწმეების მოწვევის შესაძლებლობის არმიცემით სოდ-ის თანამშრომლებმა შესაბამისი საგამოძიებო ზომები აქციეს მართლსაწინააღმდეგოდ. მომჩივანმა განაცხადა, რომ მას არ გააჩნდა ნარკოტიკები არც ბინაში და არც თავად და ნარკოტიკები, რომლებიც სოდ-ის თანამშრომლებმა „უპოვეს“, ფაქტობრივად, მათვე ჩაუდეს მართლსაწინააღმდეგო ჩხრეკისას, რომელიც აღნიშნულმა პოლიციელებმა, მათივე მტკიცებით - მიზეზის მითითების გარეშე - ჩაატარეს გადაუდებელი საფუძვლით. აღნიშნულთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ის ხელბორკილდადებული სოდ-ის თანამშრომლების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, მას არ შეეძლო დაემალა ან სხვაგვარად გაენადგურებინა წარმოდგენილი მტკიცებულება. მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ საქმის ფიზიკური გარემოებების გარკვევისათვის ეროვნული სასამართლოები ვალდებულები იყვნენ, დაეკითხათ მისი მეგობარი ლ.ც., მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ.

22. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე, მთლიანობაში, იყო სამართლიანი. მათი მოსაზრებით, ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელ გარემოებებში იმ ოპერატიული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელშიც მითითებული იყო, რომ მომჩივანი ფლობდა ნარკოტიკს. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ აღმოჩენილი ნარკოტიკის მცირე ზომის გათვალისწინებით, არსებობდა მომჩივნის მიერ მისი თავიდან მოშორების რეალური საფრთხე. მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ ის ფაქტი, რომ მომჩივანმა არ გაუღო წინა კარი სოდ-ის თანამშრომლებს და ასევე წინააღმდეგობა გაუწია იმ პოლიციელს, რომელიც შეეცადა ბინაში აივნიდან შესულიყო, მიუთითებდა ჩხრეკის ჩატარების გადაუდებლობაზე. შესაბამისად, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნის მიერ მტკიცებულებების დაზიანების რისკი იყო რეალური და გარდაუვალი და, ამგვარად, სოდ-ის თანამშრომლების ქმედება, არ მიეცათ მისთვის დამოუკიდებელი მოწმეების დასწრების უფლება სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-4 ნაწილით იქნა გამართლებული. ამასთან ერთად ის ხაზს უსვამდა, რომ მომჩივანმა არ გაასაჩივრა ეროვნული სასამართლოების განჩინებები ჩხრეკის ავტორიზაციისა და კანონიერად ცნობის შესახებ. (იხ. ზემოთ პარაგრაფი 10).

23. რაც შეეხება კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტის საფუძველზე წარდგენილ პრეტენზიებს, მთავრობამ აღნიშნა, რომ ლ.ც. არ დაიკითხა სასამართლოში, რადგან მომჩივნის ადვოკატმა ვერ დაიცვა შესაბამისი ვადები, რომ მოეთხოვა მისი დაკითხვა სსსკ-ის 475-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (იხ. Bregvadze v. Georgia [კომიტეტი] ( № 49284/09, § 17, 2019 წლის 17 იანვარი).

სასამართლოს შეფასება

ზოგადი პრინციპები

24. სასამართლომ შეაჯამა შესაბამისი ზოგადი პრინციპები ისეთ საქმეებში, როგორებიცაა Murtazaliyeva v. Russia ([დიდი პალატა], № 36658/05, §§ 152-168, 2018 წლის 18 დეკემბერი და Kobiashvili v. Georgia (№ 36416/06, §§ 56-58, 2019 წლის 14 მარტი) (იხ. ასევე Kartvelishvili v. Georgia  (№ 17716/08, §§ 59‑61, 2018 წლის 7 ივნისი).

ზოგადი პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

25. სასამართლომ უკვე განიხილა წინასწარი სასამართლო ავტორიზაციის გარეშე ჩხრეკის სავარაუდო უკანონობასთან დაკავშირებული საქმე და შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების არასანდოობა და დაადგინა, რომ ის მეთოდი, რომლითაც მომჩივნის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, ეჭვქვეშ აყენებდა მათ სანდოობასა და სისწორეს (იხ. Kobiashvili, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფები 59-73). აღნიშნული მტკიცებულების მნიშვნელობის გათვალისწინებით მან მიიჩნია, რომ კუმულაციურად, (i) მომჩივნის პირადი ჩხრეკისას პროცესუალურმა დარღვევებმა, (ii) ჩხრეკის ფიზიკურ გარემოებებთან დაკავშირებულმა შეუსაბამო და წინააღმდეგობრივმა მტკიცებულებებმა, (iii) საქმის სასამართლოში განხილვის წინ და განხილვის ეტაპზე არაადეკვატურმა სასამართლო განხილვამ და (iv) დამადასტურებელი მტკიცებულებების სისუსტემ, მთლიანობაში, მომჩივნის საქმის სასამართლოში განხილვა აქცია უსამართლოდ (იქვე, § 73; იხ. ასევე Megrelishvili v. Georgia, [კომიტეტი], № 30364/09, §§ 32-39, 2020 წლის 7 ივნისი).

26. მაშინ, როდესაც არსებული საქმის გარემოებები არის ოდნავ განსხვავებული, სასამართლოს მსჯელობის გადამწყვეტი ელემენტები რჩება იგივე. განსახილველი ჩხრეკა ჩატარდა „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე, რომელიც, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, არ დაექვემდებარა სასამართლო შემოწმებას არც საქმის სასამართლოში განხილვის წინა საფეხურზე და არც განხილვის ეტაპზე. გარდა ამისა, ჩხრეკები ჩატარდა „გადაუდებელ გარემოებებში,“ წინასწარ გაცემული ჩხრეკის ორდერის გარეშე. მაშინ, როცა თვითონ ამ ფაქტს საგამოძიებო მოქმედებები არ უქცევია უკანონოდ (იხ. სსსკ-ის 290-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები, როგორც მითითებულია საქმეში - Kobiashvili მითითებულია ზემოთ, § 37), უნდა აღინიშნოს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები არ ყოფილა დასაბუთებული, რადგან მათ არ დაუკონკრეტებიათ გადაუდებელი გარემოებები, რამაც, სავარაუდოდ, აუცილებელი გახადა ჩხრეკის ჩატარება ორდერის  გაცემის გარეშე (იხ. იქვე , სსსკ-ის 290-ე მუხლის მე-3 ნაწილი). უფრო მეტიც, Kobiashvili-ის საქმისგან განსხვავებით, სოდ-ის თანამშრომლებმა მომჩივანს უარი უთხრეს ჩხრეკაზე დამსწრე მოწმეების მოწვევაზე. თანამშრომლებმა მითითება გააკეთეს „გადაუდებელ გარემოებებზე“ დამსწრე მოწმეების მოწვევის აკრძალვის დასასაბუთებლად. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, მთავრობის ორმაგ არგუმენტს: პირველი, რომ მომჩივანმა წინააღმდეგობა გაუწია თანამშრომლებს; და, მეორე, რომ სუბოტექსის აბები, რომლებსაც სოდ-ის თანამშრომლები ეძებდნენ, იყო მცირე ზომის და იოლად შეიძლებოდა მათი თავიდან მოშორება. ამ უკანასკნელ მტკიცებასთან დაკავშირებით მთავრობის აღნიშნული არგუმენტი სასამართლოს მიერ უარყოფილ იქნა Megrelishvili-ს საქმეში (ციტირებული ზემოთ, § 33) - მართლაც, მომჩივანი წინამდებარე საქმეში ამტკიცებდა, რომ მას ჩხრეკისას ხელბორკილები ედო და გარშემორტყმული იყო რამდენიმე ოფიცრით და, შესაბამისად, მას არ შეეძლო მტკიცებულებების განადგურება. მთავრობას სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მომჩივანს ხელბორკილები დაადეს და, რომ ის ჩხრეკისას იმყოფებოდა სოდ-ის თანამშრომლების კონტროლის ქვეშ; ეს ფაქტი აბათილებს მთავრობის მიერ დამსწრე მოწმეების ჩხრეკაზე არდაშვების დასაბუთებას, რის მიხედვითაც აღნიშნულის მიზეზი მომჩივნის მიერ თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იყო.

27. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჩხრეკების ფიზიკური გარემოებები და მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობა დაექვემდებარა სასამართლო მოკვლევას საქმის წარმოების ორ ეტაპზე: პირველად, ჩხრეკის შემდგომი სასამართლო განხილვის კონტექსტში და, მეორედ, მომჩივნის საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე. ჩხრეკის შემდგომ სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 10ზემოთ), სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ აღნიშნული განხილვა არ არის ადეკვატური და საკმარისი იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მტკიცებულებების ნამდვილობა და სანდოობა (იხ. Kobiashvili, ციტირებული ზემოთ, §§ 67‑69; იხ. ასევე Megrelishvili, ციტირებული ზემოთ, § 35, სადაც სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმისწარმოების შეზღუდული ფარგლებისა და შესაბამის სასამართლოს განჩინებებში დასაბუთების ნაკლებობის გათვალისწინებით, სააპელაციო წარმოებები ვერ უზრუნველყოფდა მომჩივანს ადეკვატური დაკმაყოფილებით).

28. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, ეროვნულმა სასამართლოებმა იურისდიქციის ორ დონეზე, უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე აღნიშნეს, რომ არსებობდა გადაუდებელი გარემოებები, რომლებიც ამართლებდა ჩხრეკის გადაუდებელ მდგომარეობაში ჩატარებას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, „ოპერატიული ინფორმაციის“ დეტალები, რამაც გამოიწვია ჩხრეკის წარმოება, არ იყო მითითებული საქმის მასალებში, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდა ეროვნული სასამართლოებისთვის. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საეჭვოა, რომ სასამართლოებს არსებითად შეეფასებინათ ხელისუფლების ორგანოების ეჭვების გონივრულობა მომჩივანთან მიმართებით, ვიდრე მოხდებოდა მისი ჩხრეკა, კერძოდ, იცოდნენ თუ არა მათ წინასწარ იმ ნარკოტიკების სახეობის შესახებ, რომელსაც ეძებდნენ და იმ ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობის და გადაუდებლობის შესახებ რომელიც წინასწარ გაცემული ჩხრეკის ორდერის გარეშე, მოწმეების დაუსწრებლად განხორციელდა. ამგვარად, სასამართლო თვლის, რომ მომჩივნის მიერ საქმის სასამართლოში განხილვისას წარდგენილი ჩხრეკის ფიზიკური გარემოებები, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული არგუმენტები და შედეგად დამდგარი უკანონობის შესახებ პრეტენზიები სასამართლო პროცესზე არ ყოფილა განხილული, შედეგად, მისი საჩივარი მის საპროცესო უფლებაზე - ჩხრეკებზე მოწმეების დასწრებასთან დაკავშირებით, დარჩა პასუხგაუცემელი.

29. ამას სასამართლო მიჰყავს მომჩივნის მეორე არგუმენტამდე, კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტით გათვალისწინებული უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. პირველი ინსტაციის სასამათლომ უარყო მომჩივნის საჩივარი - დაკითხულიყო მოწმე, რომელიც მის სასარგებლოდ მისცემდა ჩვენებას, იმის მითითებით, რომ საჩივრის წარდგენა ვერ მოხერხდა დროულად. თუმცა, სსსკ, როგორც ეს ჩამოყალიბებული იყო იმ დროს მოქმედ რედაქციით, მოპასუხეს მოწმეების გამოძახების უფლებას აძლევდა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, თუკი ამისთვის არსებობდა რეალური საფუძველი (შდრ. Bregvadze, ციტირებული ზემოთ, § 27). სააპელაციო სასამართლომ უბრალოდ უცვლელად დატოვა ზემოაღნიშნული განჩინება, მოწმის დაკითხვის გარეშე. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: პოლიციის ჩხრეკის ოქმებმა და სოდ-ის იმ ორი თანამშრომლის განცხადებამ, ვინც ჩაატარა ჩხრეკა, საფუძველი დაუდო მომჩივნის მსჯავრდებას (იხ. პარაგრაფი 13ზემოთ). ჩხრეკები წარმოადგენდა საგამოძიებო ზომას, რამაც უზრუნველყო იმ მტკიცებულებების უსაფრთხოება, რასაც ეფუძნებოდა მსჯავრდება. ამ ფაქტის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მომჩივნის საჩივარი, ლ.ც.-ს (რომელიც იყო დაკავებისა და შემდგომი ჩხრეკის მოწმე) სასამართლოს წინაშე დაკითხვასთან დაკავშირებით, უშუალოდ ეხებოდა მომჩივნისთვის წაყენებულ ბრალდებას და იყო სათანადოდ დასაბუთბული (იხ. Murtazaliyeva, ციტირებული ზემოთ, § 158; შდრ., mutatis mutandis Kartvelishvili-ს საქმეს, ციტირებული ზემოთ, § 63). იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის ბრალდება ეფუძნებოდა მის მიერ ნარკოტიკების ფლობის ვარაუდს, მომჩივნის სურვილი, მოესმინათ დაცვის მხარის ერთადერთი მოწმისთვის, წარმოადგენდა გონივრულ მცდელობას ეფექტურად შეწინააღმდეგებოდა ამ მთავარ ვარაუდს. გარდა ამისა, ეროვნულ სასამართლოებს არ გაუთვალისწინებიათ ლ.ც.-ს ჩვენების რელევანტურობა (როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ) და სათანადოდ არ დაუსაბუთებიათ, თუ რატომ არ გააკეთეს ეს. და ბოლოს, იმ ფიზიკური გარემოებების გათვალისწინებით, რომელშიც ჩხრეკები ჩატარდა (ამასთან დაკავშირებით იხ. პარაგრაფი 26ზემოთ), ეროვნული სასამართლოების უარმა, დაეკითხათ დაცვის მხარის ერთადერთი შესაძლო მოწმე, სასამართლოს აზრით, საერთო ჯამში, ძირი გამოუთხარა საქმისწარმოების სამართლიანობას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტები.

II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

31. კონვენციის 41-ე მუხლში მოცემულია:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

ზიანი

32. მომჩივანმა მოითხოვა 100,000 ევრო მატერიალური და მორალური ზიანისთვის.

33. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მოთხოვნილი თანხა იყო ან დაუსაბუთებელი (მატერიალურ ზიანთან მიმართებით), ან ზედმეტად გადაჭარბებული (მორალურ ზიანთან მიმართებით).

34. სასამართლო უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით. ამავდროულად, ის მიიჩნევს, რომ მომჩივანმა განიცადა ტანჯვა და შფოთვა დადგენილი დარღვევების გამო; ამგვარად, ის მომჩივანს აკუთვნებს 5,000 ევროს მორალური ზიანისთვის.

ხარჯები

35. მომჩივანმა ასევე მოითხოვა 15,000 ევრო ეროვნული სასამართლოებისა და ევროპული სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისთვის. მას არ წარმოუდგენია რაიმე სახის იურიდიული ან ფინანსური დოკუმენტი ამ მოთხოვნის გასამყარებლად.

36. მთავრობა ამტკიცებდა, რომ საჩივარი იყო სრულად დაუსაბუთებელი.

37. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს არ წარუდგენია დოკუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ მან გადაიხადა, ან ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება გადაეხადა სავარაუდო იურიდიული ხარჯები. ასეთი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, სასამართლოს არ აქვს საფუძველი, რომლითაც იგი მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მოთხოვნილი ხარჯები ნამდვილად იქნა გაწეული (იხ. Merabishvili v. Georgia [დიდი პალატა], № 72508/13, §§ 370-373, 2017 წლის 28 ნოემბერი). აქედან გამომდინარე, მოთხოვნა უნდა იქნას უარყოფილი.

საურავი

38. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.

ამ მოტივით სასამართლო ერთხმად

1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;

2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების დარღვევას;

3. ადგენს,რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სამი თვის ვადაში, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსით, მომჩივანს გადაუხადოს 5,000 (ხუთი ათასი) ევრო, რომელსაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით;

რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;

4. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2020 წლის 10 დეკემბერს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

მარტინა კელერი                                                              განა იუდკივსკა
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე                        თავმჯდომარე