საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
ბათუმი,
2021 წლის 18 ნოემბერი
№39-Iს
პროექტი
საქართველოს კანონი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ე) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი და აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: ახალგაზრდული პროექტების განხორციელება; დასაქმების ხელშეწყობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,
2021 წლის
№
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, იმავე ქვეპუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით, უფლება აქვს გასცეს გრანტი. გამომდინარე იქედან, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად, მიზანშეწონილია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იყოს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი და აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გრანტის გაცემა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ახალგაზრდული პროექტების განხორციელება; დასაქმების ხელშეწყობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გრანტის გაცემის შესაძლებლობას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის მიღებით, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიული პირს, რომელსაც აქვს/ექნება კომპეტენციები ახალგაზრდული პროექტებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების მიმართულებით, ექნებათ ამავე შინაარსის გრანტების გაცემის შესაძლებლობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილ და აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ექნება გრანტის გაცემის უფლება ახალგაზრდული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშესაწყობად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
ვინაიდან კანონის ძალაში შესვლა არაა დაკავშირებული რაიმე გარემოებასთან ან თარიღთან, ასევე მის ასამოქმედებლად არაა საჭირო სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება, კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
მოცემულ ეტაპზე კანონპროექტი ქმნის დისკრეციას – შესაძლებლობას ახალგაზრდული პროექტებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, რათა ასეთი საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, არსებობდეს ზემოაღნიშნული მიმართულებით გრანტების გაცემის შესაძლებლობა. ამდენად, მოცემული ეტაპისთვის, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას კანონპროექტით გათვალისწინებული მიმართულებებით. სამომავლოდ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება შესაბამისი წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. კერძოდ, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და დასაქმების სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
მოცემულ ეტაპზე კანონპროექტი ქმნის დისკრეციას – შესაძლებლობას ახალგაზრდული პროექტებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, რათა ასეთი საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, არსებობდეს ზემოაღნიშნული მიმართულებით გრანტების გაცემის შესაძლებლობა. ამდენად, მოცემული ეტაპისთვის, კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტით გათვალისწინებული მიმართულებებით. იმ შემთხვევაში, თუ მომავალში მოხდება შესაბამისი პროექტების დაფინანსება და გრანტები გაიცემა ახალგაზრდული ღონისძიებების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მაშინ აღნიშნულმა მომავალში შესაძლოა გავლება იქონიოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ერთი მხრივ, პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ, ახალგაზრდული პროექტების განხორციელებით მიღებული საერთო სარგებლიდან. გავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი დასაქმდება შესაბამისი პროექტების ფარგლებში და რა პოზიციებზე, ასევე რა ახალგაზრდული პროექტები განხორციელდება და როგორ გავლენას მოახდენს ის ეკონომიკურ აქტივობებზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
მოცემულ ეტაპზე კანონპროექტი ქმნის დისკრეციას - შესაძლებლობას ახალგაზრდული პროექტებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, რათა ასეთი საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, არსებობდეს ზემოაღნიშნული მიმართულებით გრანტების გაცემის შესაძლებლობა. ამდენად მოცემული ეტაპისთვის, კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტით გათვალისწინებული მიმართულებებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფო ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
აღნიშნულ ცვლილებას გავლენა ექნება იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც ისარგებლებენ მომავალში ზემოხსენებული გრანტებით დაფინანსებული პროექტებით და ასევე, გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დასაქმდებიან და გაეზრდებათ შემოსავლის წყაროზე ხელმისაწვდომობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი უშუალო გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონროექტის მომზადების პროცესში ოფიციალური წერილობითი კომუნიკაცია შედგა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან. მიღებული წერილობითი კორესპონდენციით (პასუხებით) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს მიზანშეწონილად მიაჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ კანონპროექტით შემოთავაზებული მიმართულებებით გრანტის გაცემის სამართლებრივი შესაძლებლობის მინიჭების უფლებამოსილება.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
შესაბამისი კორესპონდენცია თან ერთვის კანონპროექტს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.