„სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №14 ბრძანებაში ცვლილების შეანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№91
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.026.016947
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №91

2021 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №14 ბრძანებით (ვებგვერდი, 20/03/2019; სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.026.016705) დამტკიცებულ სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირადი შემადგენლობა, როგორც წესი, გამოიყოფა თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის (შემდგომში – სამხედრო სარიტუალო სამსახური) პირადი შემადგენლობიდან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფებიდან.“.

2. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. გმირთა მემორიალთან განწესის შესრულების წესი

1. ქალაქ თბილისში გმირთა მემორიალთან მხედრული პატივის მიგების მიზნით ინიშნება/გამოიყოფა სამხედრო სარიტუალო სამსახურის განწესი (შემდგომში – განწესი).

2. განწესის გამოყოფას და მის ორგანიზებას ახორციელებს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

3. გმირთა მემორიალზე სამხედრო სარიტუალო სამსახურის განწესს ხელმძღვანელობს ცვლის უფროსი.

4. გმირთა მემორიალის წინ განწესს ასრულებს სამხედრო სარიტუალო სამსახურის ორი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც აცვიათ სარიტუალო უნიფორმა და დგანან დგომზე „სმენა“, მარჯვენა ხელში ვერტიკალურ მდგომარეობაში უჭირავთ ხმლები.

5. ცვლის უფროსის კომანდაზე ნაბიჯით იარ! – სამხედრო სარიტუალო სამსახურის ახალი ცვლა, ცვლის უფროსთან ერთად სამწყობრო სვლას იწყებს მარცხენა ფეხით, ნაბიჯი წინ გაშვერილი ფეხის წვერით ფიქსირდება მიწიდან 10-15 სმ-ის სიმაღლეზე, მარცხენა ფეხის წინ მოძრაობასთან ერთად (სინქრონულად) წინ მოძრაობს მარჯვენა ხელიც ხმალთან ერთად, ამ დროს ხელი გადის ფეხიდან 15-20 სმ-ით წინ, ხოლო მარჯვენა ფეხის წინ გადადგმისას ეშვება და ეხება თეძოს შუა ნაწილს, ხმლის წვერი ორივე შემთხვევაში ფიქსირდება მხართან მიდგმით. მარცხენა ხელი არ მოძრაობს, ის სამწყობრო სვლის დროს დაშვებულია მარცხენა ფეხთან. ცვლის უფროსი დროშასთან ჩავლისას მხედრული სალმით აგრძელებს სვლას, როდესაც გაუსწორდებიან სმენაზე მდგომ სამხედრო მოსამსახურეებს, ჩერდებიან.

6. კომანდაზე მისალმება! - ცვლის უფროსის ბრძანებები გაიცემა დათვლით და სრულდება შემდეგი მოქმედებები, კომანდაზე ერთი!“ – ორივე ცვლის სამხედრო მოსამსახურეები ესალმებიან ერთმანეთს ხმლის აღმართვით ერთმანეთის მიმართულებით სახის სიმაღლეზე, კომანდაზე ორი!“ – ხელი იხრება იდაყვში და ხმლის ვადა მიაქვს ნიკაპთან, კომანდაზე „სამი! - ხმალი ეშვება ფეხთან; კომანდაზე ოთხი!“ – ხმალი მიაქვთ მხართან და  ცვლის უფროსის გარეშე იწყებენ მოძრაობას სამხედრო სარიტუალო სამსახურის ძველი ცვლის მიმართულებით, როდესაც მათთან მიახლოებამდე დარჩენილია ორი ნაბიჯი, სამხედრო სარიტუალო სამსახურის  ძველი ცვლა გვერდზე ნაბიჯის გადგმით (კერძოდ ცვლის უფროსიდან მარცხნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურე გადაადგილდება მარჯვნივ, ხოლო მარჯვნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურე კი მარცხნივ) ადგილს უთმობს ახალ ცვლას, რომლებიც შესაბამის ადგილზე დადგომისთანავე ჩერდებიან, კომანდაზე ხუთი!“ – ახალი ცვლა ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და დგებიან სმენაზე, ხოლო შეცვლილი ცვლა იმავე კომანდაზე იწყებს სვლას გამყვანის (ცვლის უფროსის) მიმართულებით, დგამენ 8 ნაბიჯს და ჩერდებიან. გამყვანის (ცვლის უფროსის) კომანდაზე მარცხნისა-კენ!  და ,,ნაბიჯით იარ!” ცვლა სამწყობრო ნაბიჯით ბრუნდება სამხედრო სარიტუალო სამსახურის მოსასვენებელი შენობის მიმართულებით (იხ. სქემა №8).

7. გმირთა მემორიალის წინ სმენაზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს (სამხედრო სარიტუალო სამსახურის განწესს) ეკრძალებათ ძილი, ჯდომა, ჭამა, სმა, თამბაქოს მოწევა, ვინმესთან დალაპარაკება, რაიმე ნივთის გადაცემა ან გამორთმევა, ასევე სხვა ისეთი ქმედება, რაც ხელს შეუშლის გმირთა მემორიალზე  სამხედრო პატივის მიგებას ან სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო სამსახურს წარმოაჩენს უარყოფითად საზოგადოების თვალში.

                                

                                                                

სქემა №8. განწესის შესრულების წესი

 

მუხლი 15. მემორიალური ობიექტების   ყვავილების გვირგვინით შემკობის ღონისძიება

1. მემორიალური ობიექტების ყვავილების გვირგვინით შემკობის ღონისძიების ჩატარების მიზნით პირად შემადგენლობას, როგორც წესი, გამოყოფს ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახური და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი. საჭიროების შემთხვევაში, მემორიალური ობიექტების ყვავილების გვირგვინით შემკობის ცერემონია შეიძლება ჩატარდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფების მიერ.

2. მემორიალური ობიექტების ყვავილების გვირგვინით შემკობის ღონისძიების ჩატარებისას, სამხედრო მოსამსახურეები უნდა მოეწყონ მემორიალური ობიექტის წინ, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს ხელში უნდა ეკავოთ შაშხანები, რომლებსაც მორგებული აქვთ  ხიშტდანა. ორი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც შეიძლება ეცვათ ჩოხა-ახალუხი (ჩოხოსნები) ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელი, ყვავილების გვირგვინით ხელში დგებიან საპატიო კორდონის დასაწყისში. ადგილმდებარეობის მიხედვით, საპატიო კორდონის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება განლაგდნენ სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის წარმომადგენლები, თუ ისინი მონაწილეობენ აღნიშნულ ღონისძიებაში.

3. მაღალი რანგის თანამდებობისა და სამხედრო წოდების მქონე პირთა (შემდგომში – სტუმარი) მემორიალური ობიექტების ტერიტორიაზე მისვლის შემდეგ, ღონისძიებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ხელმძღვანელი პირი გასცემს კომანდას „სმენა!“ და ასრულებს ბრუნს რათა შეხვდეს სტუმარს. სტუმრის მიერ წინასწარ განსაზღვრული ადგილის დაკავების შემდეგ, ხელმძღვანელი პირი გასცემს კომანდას „იარაღი რიტუალზე!“, რის შემდეგაც საპატიო კორდონში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები იღებენ შესაბამის დგომს. ორი სამხედრო მოსამსახურე იღებს ყვავილების გვირგვინს და სამგლოვიარო ნელი სვლით გადაადგილდება საპატიო კორდონში. სამხედრო მოსამსახურეებს 2 მეტრის დაშორებით მიჰყვება მაღალი რანგის თანამდებობის ან სამხედრო წოდების მქონე პირი, რომელმაც უნდა განახორციელოს მემორიალური ობიექტის ყვავილების გვირგვინით შემკობა, ხოლო მათ უკან 2 მეტრის დაშორებით მიჰყვებიან დელეგაციის სხვა წევრები. გადაადგილებისას შეიძლება შესრულდეს სამგლოვიარო მელოდია. ყვავილების გვირგვინის დასადებ ადგილზე მისვლისას, სამხედრო მოსამსახურეები დებენ ყვავილების გვირგვინს და ტრიალდებიან სახით ღონისძიებაში მონაწილე პირებისაკენ, რომლებიც უნდა შეჩერდნენ ყვავილების გვირგვინამდე 2 მეტრის დაშორებით. სტუმარი მიდის ყვავილების გვირგვინთან, მასზე არსებული სამგლოვიარო ლენტის შესასწორებლად. სამგლოვიარო ლენტის შესწორების შემდეგ იგი ბრუნდება უკან და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს გარდაცვლილთა/დაღუპულთა ხსოვნას, რის შემდეგაც სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რომლის დასრულების შემდეგ, ღონისძიებაში მონაწილე პირები ბრუნდებიან უკან და ტოვებენ საპატიო კორდონს. ღონისძიებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ხელმძღვანელი პირი გასცემს კომანდას „იარაღი ფეხთან!“, რა დროსაც საპატიო კორდონში მდგომი სამხედრო მოსამსახურეები იღებენ შესაბამის დგომს. მას შემდეგ, რაც სტუმარი და დელეგაციის სხვა წევრები დატოვებენ ღონისძიების ადგილს, ღონისძიება ითვლება დასრულებულად და სამხედრო მოსამსახურეები ხელმძღვანელი პირის კომანდით ტოვებენ ღონისძიების ადგილს (იხ. სქემა სურათი №9).

4. უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მიერ მემორიალური ობიექტების ყვავილების გვირგვინით შემკობის ღონისძიება ტარდება, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ სტუმარს თან ახლავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ან თავდაცვის ძალების წარმომადგენელი (შემდგომში - სამინისტროს წარმომადგენელი), რომელიც საპატიო კორდონში გადაადგილდება სტუმართან ერთად, ყვავილების გვირგვინის დადგმის შემდეგ, სამგლოვიარო ლენტს ასწორებს სტუმარი, ხოლო სამინისტროს წარმომადგენელი რჩება ადგილზე. სამგლოვიარო ლენტის შესწორების შემდეგ სტუმარი ბრუნდება უკან და იკავებს ადგილს სამინისტროს წარმომადგენლის გვერდით, ისინი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა/დაღუპულთა ხსოვნას, რის შემდეგაც სრულდება უცხო ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რომლის დასრულების შემდეგ ღონისძიებაში მონაწილე პირები ბრუნდებიან უკან და ტოვებენ საპატიო კორდონს.

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ჩაატაროს მემორიალური ობიექტების ყვავილების გვირგვინით შემკობის ღონისძიება, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად და ამ მიზნით გამოყოს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა.

სქემა №9. მემორიალური ობიექტების ყვავილების გვირგვინით შემკობის ღონისძიება..

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე