საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.12.2021
ძალის დაკარგვა 01.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №173/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016603
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 01.02.2024
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №173/04
2021 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 151 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ბანკი) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. ბანკში სტაჟირების მიზანია პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა, საჯარო მოსამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური ნორმებისა და სტანდარტების გაზიარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – ბანკში ამ წესით რეგულირებული როგორც არაანაზღაურებადი, ისე ანაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე ბანკში გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად ელექტრონულად აკეთებს განაცხადს ბანკში სტაჟირების გავლის შესახებ.
მუხლი 3🔗. სტაჟიორის და ბანკის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სამუშაო პროცესში გამოიყენოს მისთვის გადაცემული ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
ბ) მონაწილეობა მიიღოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში;
დ) ისარგებლოს მისთვის გადაცემული მატერიალური ფასეულობით.
2. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) სამუშაოს შესრულებისას გაეცნოს ბანკში არსებულ შესაბამის ინფორმაციას/დოკუმენტაციას;
ბ) ხელმძღვანელის მიერ დადგენილ ვადაში შეასრულოს მიცემული დავალებები;
გ) გაუფრთხილდეს მისთვის გადაცემულ მატერიალურ ფასეულობას;
დ) დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სტაჟირების გავლის პერიოდში და უზრუნველყოს აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ბანკი ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
4. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს დროულად მიაწოდოს შესასრულებელი სამუშაოსათვის საჭირო ინფორმაცია და მისცეს სამუშაო მიმართულება.
მუხლი 4🔗. სტაჟიორთა მიღება
1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს ქმედუნარიანი პირი, რომელიც ფლობს ქართულ ან/და ინგლისურ ენას.
2. სტაჟიორად მიიღება პირი, რომელსაც აქვს ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება ან არის ამავე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი სპეციალობის სტუდენტი მაღალი აკადემიური მოსწრებით.
3. მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება ბანკის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში (შემდგომში – განყოფილება) წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე.
4. სტაჟიორთა შერჩევისთვის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატთა განაცხადების ელექტრონულად მიღებასა და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების შემოწმებას უზრუნველყოფს განყოფილება.
მუხლი 5🔗. განაცხადი სტაჟირებაზე
1. სტაჟიორთა შერჩევისთვის განაცხადი ქვეყნდება ბანკის ოფიციალური ვებგვერდის, დასაქმების შესაბამისი ვებგვერდებისა და ბანკის მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. სტაჟიორთა შერჩევისთვის განაცხადი დამატებით შესაძლებელია გამოქვეყნდეს სოციალურ ქსელებში.
2. სტაჟიორთა შერჩევის შესახებ განაცხადი შესაძლებელია მოიცავდეს:
ა) სტაჟირების თემატიკას;
ბ) ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, სადაც ცხადდება სტაჟიორთა შერჩევა;
გ) სტაჟირების ვადას;
დ) სხვა საჭირო ინფორმაციას სტაჟიორთა შერჩევის შესახებ.
3. სტაჟიორთა შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი განაცხადის გარეშეც, კანდიდატების მიერ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე წარდგენილი განაცხადის საფუძველზე.
მუხლი 6🔗. წარსადგენი დოკუმენტები
1. სტაჟიორთა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა ბანკის ვებგვერდის საშუალებით, დასაქმების ვებგვერდებზე/სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტაჟირების განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული წესით, ელექტრონულად უნდა წამოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) რეზიუმე (CV);
ბ) სამოტივაციო წერილი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა ხორციელდება ბანკის მოთხოვნის შესაბამისად გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, სადაც კონკრეტულად მიეთითება წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ერთ ან რამდენიმე დოკუმენტს.
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციისა, სტაჟირების განაცხადში ასევე მიეთითება სტაჟიორის შერჩევის ეტაპები, მათ შორის, წერითი დავალება ან/და პრეზენტაცია.
მუხლი 7🔗. განაცხადის წარდგენა და სტაჟიორთა შერჩევა
1. ბანკში სტაჟიორთა შერჩევა წარმოებს ბანკის ოფიციალური ვებგვერდის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაფორმებული მემორანდუმებისა და დასაქმების ვებგვერდებზე/სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული განაცხადის საფუძველზე.
2. ბანკის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით სტაჟიორთა განაცხადების წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) განყოფილების მიერ ვებგვერდზე განთავსებული სტაჟირების განაცხადის ფორმის მეშვეობით, რომელიც, ნებისმიერ დროს შესაძლებელია შევსებული იქნეს კანდიდატის მიერ, ხოლო შევსებულ ფორმა ავტომატურად იგზავნება ბანკის შესაბამის ელექტრონულ მისამართზე;
ბ) განყოფილების მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტაჟირების შესახებ განაცხადის საფუძველზე. განაცხადი კანდიდატის მიერ იგზავნება ბანკის შესაბამის ელექტრონულ მისამართზე.
3. ბანკში სტაჟიორთა შერჩევა შესაძლებელია ასევე განხორციელდეს დასაქმების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული განაცხადის საფუძველზე. განაცხადში მოთხოვნილი დოკუმენტაცია კანდიდატის მიერ იგზავნება ბანკის შესაბამის ელექტრონულ მისამართზე.
4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე სტაჟიორთა შერჩევა გულისხმობს ბანკის მიერ განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული სტაჟირების განაცხადის ფარგლებში კანდიდატის მიერ გაკეთებული განაცხადების განხილვას.
5. სტაჟიორთა შერჩევის პროცესი წარმოებს განყოფილების მიერ იმ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად, სადაც სტაჟიორი უნდა იქნეს მიღებული ამ წესით წარდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე.
6. კანდიდატთა განაცხადების მიღება წარმოებს შერჩევის პროცესის დაწყებიდან არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადაში.
7. კანდიდატთა შერჩევა ხდება შერჩევის პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვისა.
8. სტაჟიორთა შერჩევის პროცესი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არცერთი განაცხადი არ იქნა წარდგენილი ან თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს ან თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ გაივლის სტაჟიორთა შესარჩევ პროცესს.
მუხლი 8🔗. სტაჟიორთა დანიშვნა
1. კანდიდატთა შერჩევის შედეგების გათვალისწინებით, ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ბანკის პრეზიდენტს წარუდგენს სტაჟიორობის კანდიდატს/კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟიორთა შერჩევის პროცესი.
2. სტაჟიორის დანიშვნის შესახებ გამოიცემა ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.
3. სტაჟიორს, სტაჟირების ვადით, განესაზღვრება ხელმძღვანელი ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულიდან, სადაც იგი დაინიშნება სტაჟიორად.
მუხლი 9🔗. სტაჟირების ვადა
1. სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება 6 თვით.
2. სამუშაოზე ხანგრძლივად არყოფნის პერიოდი (ავადმყოფობა, სამხედრო შეკრებაზე გაწვევა, ორსულობასთან ან მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სტაჟირების ვადის შეჩერების შემთხვევაში, სტაჟირება შესაძლებელია გაგრძელდეს სტაჟირების დარჩენილი ვადით.
4. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ) სტაჟიორის თანამშრომლად აყვანა.
5. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გამოიცემა პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი შესაბამის უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ ფასეულობას, რაც მას გადაეცა სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით.
7. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორი წარადგენს სტაჟირების პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს, რომელსაც აფასებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
8. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.