1. საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არჩეული პირი.

2. საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი.

3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საკრებულოს მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მისი უფლებამოსილების ცნობიდან და მთავრდება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.

4. საკრებულოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტა და/ან შეჩერება ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვით.

5. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. საკრებულოს წევრი თავის მოვალეობების შესრულებისას  არ არის შეზღუდული ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებითა და დავალებებით. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან.

6. საკრებულოს წევრი თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.

7. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.

8.  საკრებულოს წევრის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესს და გარანტიებს განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-40-47-ე მუხლებით და ამ რეგლამენტი