„საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საგრანტო შეთანხმება (გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო)“
მიღების თარიღი 17.12.2021
ძალაში შესვლა 17.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №45-8
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016666
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| თბილისი, 17.12.2021 ადგილი და თარიღი | თბილისი 2021-12-17 ადგილი და თარიღი |
| ხელმოწერა ლევან დავითაშვილი სახელი და თანამდებობა ბეჭდური შრიფტით | ხელმოწერა ერიკ ილესი სახელი და თანამდებობა ბეჭდური შრიფტით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საგრანტო შეთანხმების (გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო)“ ცვლილება საერთაშორისო შეთანხმება „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება შეთანხმება
ევროკავშირსა და საქართველოს შორის
საქართველოს მონაწილეობის შესახებ პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“: კავშირის პროგრამა კულტურისა და შემოქმედებითი სექტორებისათვის,
და ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ქვეპროგრამის ფარგლებში
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საგრანტო შეთანხმება (გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო)“
„საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საგრანტო შეთანხმება (გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო)“
საგრანტო შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა
და
შვედეთის სამეფოს მთავრობას
შორის
„გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“
თაობაზე
Sida-ს დახმარება No 15169
***
სარჩევი
1 სფერო და წინაისტორია
2 პროექტის/პროგრამის მიზნები
3 განხორციელება
4 გრანტი
5 სახსრების გამოყოფა
6 ფინანსური მართვა
7 ფინანსური ანგარიშგება
8 ნარატიული ანგარიშგება
9 შესყიდვა
10 მონიტორინგი
11 შეხვედრები
12 შეფასებები
13 აუდიტი
14 პროცენტის გადახდა, საკურსო მოგება და დაუხარჯავი სახსრები
15 კორუფცია და სხვა დარღვევები
16 სამართლებრივი დაცვის საშუალებები
17 გამჭვირვალობა და ინფორმაცია
18 მითითება სხვა შეთანხმებაზე
19 შეწყვეტა
20 შეთანხმების მოქმედების ვადა
21 დავების გადაწყვეტა
22 შეტყობინებები
წინამდებარე საგრანტო შეთანხმება (შეთანხმება) გაფორმდა შემდეგ მხარეებს შორის:
1. საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ („მთავრობა“)
და
2. შვედეთის სამეფოს მთავრობა, წარმოდგენილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida მიერ („შვედეთი“)
„გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“ თაობაზე
ერთად წოდებული მხარეები.
1 სფერო და წინაისტორია
1.1 მთავრობამ თხოვნით მიმართა შვედეთს წვლილი შეიტანოს ბიომრავალფეროვნების და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შესახებ გარემოსდაცვითი სექტორის გეგმის განხორციელებაში, „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ (პროექტი/პროგრამა) დაფინანსების გზით.
1.2 მთავრობის მიერ აღნიშნული პროექტის/პროგრამის დაფინანსება ასახულია მთავრობის სახელმწიფო ბიუჯეტში.
1.3 შვედეთმა მიიღო გადაწყვეტილება გრანტის გაცემის შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული პროექტის/პროგრამის განხორციელებისთვის, 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2024 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში (მოქმედების პერიოდი).
1.4 მხარეები შეთანხმდნენ გააფორმონ შეთანხმება, რომელიც მოიცავს კონკრეტულ პირობებს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლით და ქვემოთ მოცემულ დანართებს, ყველა მათგანი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ჩამოთვლილია პრიორიტეტულობის მიხედვით. კონკრეტულ პირობებსა და დანართებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა კონკრეტულ პირობებს მიენიჭება.
დანართები:
პროექტი/პროგრამის დოკუმენტი/პირველი წლის სამოქმედო გეგმა და წლიური ბიუჯეტი;
შესყიდვის რეგულაციები (საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, მიღებული 2005 წლის 20 აპრილს; ინგლისურენოვანი ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://matsne.gov.ge/en/document/view/31252?publication=58.
Sida-ს ტექნიკური დავალება ორგანიზაციულ აუდიტთან დაკავშირებით.
Sida-ს ტექნიკური დავალება წლიურ აუდიტთან დაკავშირებით.
1.5 მხარეები ითანამშრომლებენ და რეგულარულ კომუნიკაციას დაამყარებენ ერთმანეთთან წინამდებარე შეთანხმების და პროექტის/პროგრამის განხორციელებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. მხარეები დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის/პროგრამის განხორციელებას და სხვა ცვლილებების შესახებ, საკითხის გადაწყვეტის მიზნით. მხარეები უზრუნველყოფენ ერთმანეთთან შეხვედრას თუ ან როდესაც ამას მოითხოვს რომელიმე მხარე.
1.6. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებასა (მუხლი 7🔗) და ნარატიულ ანგარიშგებაზე (მუხლი 8🔗) დამატებით მხარეები შეთანხმდნენ რომ საქართველოს მთავრობა წარუდგენს შვედეთს საწყის ანგარიშს არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისისა. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პროექტის/პროგრამის სფეროსთან, ორგანიზაციასთან, მმართველობასა და კონტროლთან და ამოცანებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საწყისი ანგარიშით, შვედეთმა უნდა განაცხადოს თანხმობა და მოითხოვოს შეთანხმებაში ცვლილების განხორციელება პროექტის/პროგრამის განახლებული დოკუმენტისა და ბიუჯეტის შესაბამისად.
2 პროექტის/პროგრამის მიზნები
2.1 წლის სამოქმედო გეგმა და წლიური ბიუჯეტი), დანართი A.
2.2 პროექტის/პროგრამის დოკუმენტი, მათ შორის შედეგების მატრიცა/საქმიანობის ეფექტურობის შეფასების სისტემა (PAF) ასევე ბიუჯეტი განახლდება წერილობითი შესწორებების შეტანით, როდესაც პროექტის/პროგრამების შედეგების მატრიცაში ეფექტური განხორციელებისთვის მოითხოვება მნიშვნელოვანი ცვლილებები, პროგრამის საწყისი ფაზის, შიდა მართვისა და კონტროლისა (ISK) აუდიტის, შედეგებზე დაფუძნებული მართვის (RBM) ტრენინგისა და შესწორებული პროგრამის დოკუმენტის, მათ შორის ბიუჯეტის, გენდერული და უფლებებზე დაფუძნებული პერსპექტივების გათვალისწინებით.
3 განხორციელება
3.1 საქართველოს მთავრობა სრულად იქნება პასუხისმგებელი პროექტის/პროგრამის განხორციელებაზე და შვედეთის მიერ განხორციელებული ფინანსური შენატანების მართვაზე. შვედეთი, როგორც დამფინანსებელი მხარე, არ კისრულობს პასუხისმგებლობას და/ან ვალდებულებას ნებისმიერი მესამე მხარის წინაშე პროექტის/პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით.
3.2. საქართველოს მთავრობამ პროექტის/პროგრამის განხორციელებაზე პასუხიმგებლობა მთავრობის წინაშე დააკისრა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სსიპ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს.
4 გრანტი
4.1 შვედეთი იღებს პასუხისმგებლობას დააფინანსოს პროექტი/პროგრამა გრანტის მეშვეობით, მაქსიმუმ 56 500 000 SEK (ორმოცდათექვსმეტი მილიონ ხუთაის ათასი შვედური კრონა) ოდენობით, (გრანტი) შვედეთის პარლამენტის ასიგნებების საფუძველზე.
4.2 გრანტი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ პროექტის/პროგრამის განხორციელების ფაქტობრივი ხარჯების დასაფინანსებლად, მოქმედების პერიოდში.
4.3 საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია მოიპოვოს დამატებითი რესურსები, რომელიც შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს პროექტის/პროგრამის სათანადოდ განხორციელებისთვის. აღნიშნული უნდა აისახოს ბიუჯეტში და მიეთითოს ანგარიშგებაში.
5 სახსრების გამოყოფა
5.1 გრანტი გაიცემა ტრანშებად ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ პროექტის/პროგრამის ფინანსური საჭიროების მიხედვით მომდევნო პერიოდისთვის. ფინანსური საჭიროება გულისხმობს ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებს მომდევნო პერიოდისთვის, იმავე პერიოდში ყველა სხვა წყაროდან პროექტის/პროგრამისთვის არსებული/ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფულადი სახსრების გამოკლებით.
5.2 ტრანშების გაცემა დამოკიდებულია წინამდებარე შეთანხმების პირობების შესრულებაზე, პროექტის/პროგრამის მიზნებთან დაკავშირებულ მიღწევებზე (6-თვიანი პერიოდი) და მოსალოდნელ შედეგებზე (პროგრამით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგების ჩათვლით, რომელიც შეთანხმებულია სამუშაო გეგმით), დაუხარჯავ სახსრებზე (თუ აღნიშნული 5.4 მუხლით განსაზღვრული ტრანშების 70%-ზე ნაკლებია) ტრანშის გაცემის მოთხოვნის თარიღისთვის, ასევე ფაქტობრივ ფინანსურ საჭიროებებზე, წარმოდგენილი წლიური სამუშაო გეგმების და ბიუჯეტების შესაბამისად.
5.3 შვედეთის მიერ გამოყოფილი სახსრები გაცემული უნდა იქნეს ტრანშებად შვედეთის მიერ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენელის (წარმომადგენლების) მიერ ხელმოწერილი ტრანშის ჩარიცხვის წერილობითი მოთხოვნების მიღების და დამტკიცების შემდეგ, როგორც მითითებულია ქვემოთ 5.4. მუხლში.
5.4 ტრანშის ჩარიცხვის წერილობითი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს შვედეთის საელჩოს თბილისში, შეთანხმების სახელწოდების და შენატანის ნომრის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, როგორც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების პრეამბულაში. ტრანშის ჩარიცხვის წერილობით მოთხოვნას ხელი უნდა მოაწეროს სამინისტროს პასუხისმგებელმა პირმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
2021 დეკემბერი 10 000 000 SEK
2022 სექტემბერი 25 500 000 SEK
2023 მარტი 10 000 000 SEK
2023 სექტემბერი 11 000 000 SEK
5.5 მოთხოვნილი თანხა უნდა მიეთითოს შვედეთის ვალუტაში, შვედურ კრონაში (SEK), იმის მიუხედავად, თუ რომელ ვალუტაში უნდა განხორციელდეს გადახდა. გადახდა განხორციელდება იმ უპირატეს ვალუტაში, რომელსაც მიუთითებს საქართველოს მთავრობა მოთხოვნაში შემდეგი სახით:
გადახდა განხორციელდება შვედეთის ვალუტაში, შვედურ კრონაში (SEK), იმ პირობით, თუ მოთხოვნაში მკაფიოდ მიეთითება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბანკო ანგარიშზე შესაძლებელია შვედური კრონის მიღება, ან
გადახდა განხორციელდება შვედური კრონის (SEK) გარდა სხვა კონვერტირებად ვალუტაში იმ პირობით, თუ აღნიშნული მკაფიოდ მიეთითება მოთხოვნაში და თუ საბანკო ანგარიშზე შესაძლებელია მითითებული ვალუტის მიღება. შვედური კრონის გაცვლით კურსს განსაზღვრავს Sida-ს ბანკი, Sida-ს გადახდის ინსტრუქციების შესაბამისად.
5.6 ტრანშის ჩარიცხვის წერილობით მოთხოვნაში უნდა მიეთითოს შემდეგი სრული საბანკო რეკვიზიტები:
ბანკის სახელწოდება,
საბანკო ანგარიშის მფლობელი,
საბანკო ანგარიშის ნომერი,
IBAN (შესაბამის შემთხვევაში),
SWIFT/Bic-კოდი,
ანგარიშის ვალუტა.
5.7 ტრანშის ჩარიცხვის პირველ მოთხოვნას თან უნდა დაერთოს Sida-თვის ბანკის მიერ გაგზავნილი წერილი, მათ შორის გარანტია ზემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებთან დაკავშირებით. მომდევნო ტრანშის ჩარიცხვის მოთხოვნებს უნდა დაერთოს ბანკის ახალი წერილები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა შეცვლის ზემოთ, 5.6. მუხლში მითითებულ რომელიმე საბანკო რეკვიზიტს.
5.8 შვედეთის მიერ გამოყოფილი სახსრები საქართველოს მთავრობამ უნდა შეიტანოს ხაზინის უპროცენტო უცხოური ვალუტის ანგარიშზე. საქართველოს მთავრობამ შვედეთს დაუყოვნებლივ წერილობითი ფორმით უნდა დაუდასტუროს ფულადი სახსრების მიღება. ამონაწერში უნდა მიეთითოს მიღებული თანხა მიღებულ ვალუტაში, ასევე ადგილობრივ ვალუტაში კრედიტირებული ექვივალენტი თანხა.
5.9 პირველი გადახდა უნდა განხორციელდეს განსაზღვრულ ანგარიშ(ებ)ზე, სამოქმედო გეგმის (საწყისი ფაზა) საფუძველზე.
5.10 მომდევნო გადახდები უნდა განხორციელდეს წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული ანგარიშგების მოთხოვნების, ასევე ფინანსური საჭიროებების საფუძველზე, წარმოდგენილი პროექტის/პროგრამის დოკუმენტის და ბიუჯეტების შესაბამისად.
5.11 საქართველოს მთავრობა ადასტურებს, რომ შვედეთის მიერ გამოყოფილი დაფინანსება გამოყენებული იქნება მხოლოდ პროექტის/პროგრამისთვის გამოყოფილი ხარჯების დასაფარად, როგორც ეს დეტალურად არის აღწერილი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021-2022 წწ. სამოქმედო გეგმაში.
6 ფინანსური მართვა
6.1 საქართველოს მთავრობამ პროექტთან/პროგრამასთან დაკავშირებით უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური მართვის სისტემა, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო ადმინისტრაციის მიერ საქართველოში.
6.2 პროექტთან/პროგრამასთან დაკავშირებული შემოსავალი და ხარჯი უნდა იყოს ადვილად იდენტიფიცირებადი და შემოწმებადი.
6.3 ხარჯები უნდა მიეთითოს შეფასებულ საერთო ბიუჯეტში და საჭირო იყოს პროექტის/პროგრამის განხორციელებისთვის.
7 ფინანსური ანგარიშგება
7.1 საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს და წარუდგინოს შვედეთს ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგებები და ფინანსური ანგარიშები პროექტთან/პროგრამასთან დაკავშირებით, თითოეული წლის არაუგვიანეს 30 ივნისისა და 30 დეკემბრისა.
7.2 ფინანსურ ანგარიშგებებში და ფინანსურ ანგარიშებში უნდა მიეთითოს ფაქტობრივი შემოსავლები და ხარჯები დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით ანგარიშგების პერიოდში და აისახოს შვედეთიდან მიღებული დაფინანსება იმ ფორმით და დეტალებით, რომელიც იძლევა სახსრების გამოყოფის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას შეთანხმებულ პროექტზე/პროგრამაზე.
7.3 ფინანსური ანგარიშგებები და ფინანსური ანგარიშები ხელმოწერილი უნდა იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მიერ.
7.4 ნახევარწლიანი ფინანსური ანგარიშგებები და ფინანსური ანგარიშები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიღებული თანხის შესახებ, როგორც გადარიცხვის ვალუტაში, ასევე ადგილობრივ ვალუტაში წარმოდგენილი თანხების, გაცვლითი კურსის შესახებ და ინფორმაციას იმ დღის შესახებ, როდესაც მოხდა თანხის კრედიტირება. ანგარიშში ასევე უნდა მიეთითოს ინფორმაცია საერთო ხარჯის შესახებ, რომელიც დაყოფილია შეთანხმებული საბიუჯეტო პოზიციის შესაბამისად, თითოეულ ანგარიშგების პერიოდში, ასევე ჯამური თანხების შესახებ პროექტის/პროგრამის განხორციელების მთლიან პერიოდში.
8 ნარატიული ანგარიშგება
8.1 მთავრობა შვედეთს წერილობითი ფორმით წარუდგენს ნარატიულ ანგარიშს ყოველ ექვს თვეში ერთხელ, თითოეული წლის არაუგვიანეს 30 ივნისისა და 30 დეკემბრისა.
8.2 ნარატიულ ანგარიშში შეტანილი უნდა იქნეს პროექტით/პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების მიმდინარეობის და მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, პროექტის/პროგრამის დოკუმენტის სტრუქტურის, შედეგების მატრიცის/ საქმიანობის ეფექტურობის შეფასების სისტემის (PAF) შესაბამისად, როგორც ეს დამატებით განისაზღვრება წლიური სამუშაო გეგმებით.
8.3 ანგარიში უნდა მოიცავდეს პერიოდს 1 დეკემბრიდან 1 ივნისამდე, 1 ივნისიდან 30 დეკემბრამდე და წარდგენილი იქნება მომდევნო ფინანსური წლის 30 ივნისამდე. ნახევარწლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს კუმულაციურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს პროექტის/პროგრამის განხორციელების მთლიან პერიოდს, შემდეგის შესახებ:
ანგარიშგების პერიოდში შესრულებული საქმიანობები,
მიღწეული შედეგები დაგეგმილ შედეგებთან შედარებით;
მიღწეული საბოლოო მიზნები დაგეგმილ საბოლოო მიზნებთან შედარებით (ან პროგრესი საბოლოო მიზნების მიღწევის მიმართულებით და დაგეგმილი საბოლოო მიზნების მიღწევის ალბათობის შეფასება),
რისკ-ფაქტორების შეფასება, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მიზნების მიღწევაზე, და
პროექტის/პროგრამის განხორციელებაში შესაძლო შესწორებების შეფასება, მათ შორის რისკის მართვა.
ინფორმაცია პროექტის/პროგრამის შედეგების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
8.4 საქართველოს მთავრობა შვედეთს წერილობითი ფორმით წარუდგენს პროექტის/პროგრამის დასრულების საბოლოო ანგარიშს. საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს კუმულაციურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს მთლიან მოქმედების პერიოდს, შემდეგის შესახებ:
მიღწეული შედეგები დაგეგმილ შედეგებთან შედარებით,
მიღწეული საბოლოო მიზნები დაგეგმილ საბოლოო მიზნებთან შედარებით;
ფაქტორების შეფასება, რომლებმაც გავლენა მოახდინა მიზნების მიღწევაზე,
პროგრამის/პროექტის განხორციელებით მიღებული ცოდნა-გამოცდილება; და
შესწორებების შესაძლო საჭიროებების შეფასება პროგრამის/პროექტის პოტენციურ ახალ ფაზაში, მათ შორის რისკის შერბილების ზომები.
ინფორმაცია პროექტის/პროგრამის შედეგების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
საქართველოს მთავრობა შვედეთს წარუდგენს პროგრამის/პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვან ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა მოითხოვოს შვედეთმა.
9 შესყიდვა
9.1 საქართველოს მთავრობამ უნდა შეისყიდოს პროექტის/პროგრამისთვის საჭირო ყველა ობიექტი შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.2 საქართველოს მთავრობამ, მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარუდგინოს შვედეთს შესაბამისი დოკუმენტები/ინფორმაცია მისი შესყიდვის მეთოდების, მიღებული გადაწყვეტილებების და ზომების შესახებ, მათ შორის მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების დეტალები და ასლები.
9.3 მთავრობამ შვედეთისგან უნდა მიიღოს თანხმობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის განმახორციელებელი ერთეულის (PIU) კონსულტანტების (ადგილობრივი და საერთაშორისო) ტექნიკურ დავალებაზე და კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებზე.
9.4 მთავრობამ უნდა მიიღოს თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციაზე (შესყიდვისათვის), აცნობოს შვედეთს გამარჯვებული კომპანი(ებ)ის შესახებ.
10 მონიტორინგი
10.1 საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია განახორციელოს პროექტის/პროგრამის შესრულების და მიმდინარეობის და მოსალოდნელი შედეგების მონიტორინგი, რომელიც იზომება შედეგების მატრიცის/ საქმიანობის ეფექტურობის შეფასების სისტემის (PAF) მიერ.
10.2 შვედეთი განახორციელებს შესაბამისობის და შესრულების მონიტორინგს წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე განვითარების პარტნიორებთან სათანადო კოორდინაციის შემდეგ. პროგრესი შეფასდება შეთანხმებული ეფექტურობის ინდიკატორების მიხედვით, რომელიც აღწერილია შედეგების მატრიცაში/საქმიანობის ეფექტურობის შეფასების სისტემაში (PAF).
10.3 პროექტის/პროგრამის განხორციელების მიმდინარეობის განხილვის პროცესი შეთანხმებული იქნება საქართველოს მთავრობის განხილვის პროცესთან და შესაძლოა დაკოორდინირებული იქნეს განვითარების სხვა პარტნიორებთან.
10.4 საქართველოს მთავრობა და შვედეთი განაგრძობენ დიალოგს პროექტის/პროგრამის განხორციელების და მხარდაჭერის საკითხების შესახებ.
11 მხარეთა შეხვედრები
11.1 მხარეები ყოველ 6 თვეში ერთხელ შეიკრიბებიან პროექტის/პროგრამის განხორციელების განხილვის მიზნით. კრებებს მოიწვევს და უხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
11.2 მისიები და შეხვედრები დაიგეგმება იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს ეროვნული ბიუჯეტის შედგენის პროცესს და რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს პოლიტიკურ დიალოგში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების საჭიროება და მოთხოვნა.
11.3 შეხვედრების ხარჯი ანაზღაურდება პროექტის/პროგრამის ბიუჯეტით.
11.4 ქვემოთ მითითებული ინფორმაცია, ანგარიშები და სხვა მონაცემები, რომლებიც საჭიროა საკონსულტაციო შეხვედრებისთვის წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულის გარდა, საქართველოს მთავრობის მიერ უნდა წარედგინოს შვედეთს შეხვედრამდე 14 სამუშაო დღით ადრე.
11.5 კონსულტაციების დროს განსახილველი მთავარი საკითხებია:
მიმდინარე პროცესი, განხორციელების გეგმა, ფინანსური ანგარიშგებები, კომუნიკაცია/გამჭვირვალობის გეგმა.
11.6 კრების შედეგი უნდა ჩაიწეროს შეთანხმებულ ოქმებში. შეთანხმებული ოქმები უნდა შეადგინოს საქართველოს მთავრობამ და პროექტი წარედგინოს შვედეთს დასამტკიცებლად და კომენტარებისთვის, შეხვედრიდან 2 კვირის განმავლობაში. შვედეთმა საქართველოს მთავრობას უნდა აცნობოს დამტკიცების და კომენტარების შესახებ ინფორმაცია პროექტის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში.
11.7 დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრები შესაძლოა მოითხოვოს საქართველოს მთავრობამ ან შვედეთმა პროექტის/პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
12 შეფასებები
12.1 იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე განახორციელებს ან შეუკვეთავს შეფასებას პროექტის/პროგრამის განხორციელების პროცესში, მეორე მხარეს წინასწარ უნდა აცნობოს და გადასცეს შეფასების ანგარიშის ასლი.
შვედეთი და საქართველოს მთავრობა განახორციელებენ შუალედურ მიმოხილვას 2023 წელს და საბოლოო შეფასებას 2025 წელს. შუალედური მიმოხილვისა და საბოლოო შეფასების ხარჯებს დაფარავს შვედეთი.
12.2 იმ შემთხვევაში, თუ შვედეთი განახორციელებს შეფასების ან მონიტორინგის მისიას, საქართველოს მთავრობა იკისრებს ვალდებულებას წარმოადგინოს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს შეფასების ან მონიტორინგის მისიას და უზრუნველყოფს წვდომის უფლებებს, როგორც აღწერილია წინამდებარე შეთანხმებაში.
12.3 შვედეთის მიერ მოთხოვნილი ან შეკვეთილი შეფასების ხარჯი უნდა იკისროს შვედეთმა.
13 აუდიტი
13.1 გარეშე აუდიტები უნდა განახორციელონ გარეშე დამოუკიდებელმა და კვალიფიციურმა აუდიტორებმა. აუდიტი უნდა ჩატარდეს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) ან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ გამოცემული საერთაშორისო სტანდარტების ან ანალოგიური ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.
13.2 აუდიტი უნდა განხორციელდეს გარეშე, დამოუკიდებელი და კვალიფიციური აუდიტორის მიერ. Sida-ს სტანდარტული ტექნიკური დავალება ფინანსურ აუდიტთან დაკავშირებით გამოყენებული უნდა იქნეს სახელმძღვანელოდ და საბოლოო ტექნიკური დავალება უნდა დაამტკიცოს და დააფინანსოს შვედეთმა.
საქართველოს მთავრობამ შვედეთს უნდა წარუდგინოს აუდიტური დასკვნა, მათ შორის ხელმძღვანელობის წერილი არაუგვიანეს 1 თებერვლისა საკონსულტაციო შეხვედრების დაგეგმილ თარიღამდე, რომელიც განსაზღვრულია ზემოთ 11.1 მუხლში და ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს 15 თებერვლისა აღნიშნული დასკვნით გათვალისწინებული ფინანსური წლის დასრულების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ აუდიტი მოიცავს რეკომენდაციებს, საქართველოს მთავრობამ შვედეთს ორი კვირის განმავლობაში უნდა წარუდგინოს ხელმძღვანელობის პასუხი, მათ შორის სამოქმედო გეგმა.
13.3 აუდიტის ხარჯები დაფინანსდება შვედეთის მიერ.
13.4 დამატებითი განხილვა მმართველობა, რისკის მართვა და შეფასება (GRC) უნდა განხორციელდეს დასაწყისში (6 თვე) შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, შვედეთის საელჩოს მიერ დამტკიცებული ტექნიკური დავალების (TOR) შესაბამისად. გრანტის ფარგლებს გარეთ წარმოქმნილი ხარჯი იფარება შვედეთის საელჩოს მიერ.
13.5 იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა გადასცემს საგრანტო სახსრებს ორგანიზაციას, რომელიც არ მიეკუთვნება საჯარო სფეროს, საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელი იქნება ასეთი სახსრების ფინანსურ ანგარიშგებაზე, რომლის აუდიტური შემოწმება უნდა განხორციელდეს 13.2 მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.
13.6 შვედეთმა შესაძლოა ნებისმიერ დროს შეუკვეთოს ან მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი აუდიტი (როგორიცაა შესყიდვის ან სასამართლო-ბუღალტრული ექსპერტიზა), შემდგომი ზომების მიღება ან ფინანსური კვლევების ჩატარება. საქართველოს მთავრობა ითანამშრომლებს და დაეხმარება შვედეთს ნებისმიერ ასეთ აუდიტურ შემოწმებებში. შესრულებული აუდიტების გარდა დამატებითი აუდიტების ხარჯებს დააფინანსებს შვედეთი.
14 პროცენტის გადახდა, საკურსო მოგება და დაუხარჯავი სახსრები
14.1 მოქმედების პერიოდის ბოლოს, დაუხარჯავი სახსრები უნდა დაუბრუნდეს შვედეთს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში და საქართველოს მთავრობისთვის შვედეთის მიერ დაბრუნების შეტყობინების გაცემიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის განმავლობაში. ანაზღაურებაში შედის საპროცენტო შემოსავალი, საკურსო მოგება და სხვა ფინანსური მოგება, რომელიც ერიცხება გრანტს, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული.
14.2 საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია უზრუნველყოს, რომ იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემული საგრანტო სახსრები, რომლებიც არ მიეკუთვნება საჯარო სფეროს, და რომელი სახსრებიც არ იქნა გამოყენებული მოქმედების პერიოდის ბოლოს, დაუბრუნდეს შვედეთს.
14.3 თანხების დაბრუნება უნდა განხორციელდეს შვედეთის მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტებს წარმოადგენს შვედეთი მოთხოვნის საფუძველზე.
14.4 ტრანზაქციას უნდა ჰქონდეს მკაფიო მითითება „დაუხარჯავი სახსრები“. უნდა მიეთითოს მთავრობის სახელი, Sida-ს შენატანის ნომერთან და შეთანხმების სახელთან ერთად.
15 ორუფცია და სხვა დარღვევები
15.1 მხარეები აქტიურად იმუშავებენ კორუფციული და სხვა დარღვევების პრევენციისთვის პროექტის/პროგრამის ფარგლებში. ეს ვალდებულება ვრცელდება ყველა პერსონალზე, კონსულტანტზე და სხვა შტატგარეშე პერსონალზე.
15.2 კორუფცია და სხვა დარღვევები გულისხმობს შემდეგს:
კორუფცია, მათ შორის მექრთამეობა, ნეპოტიზმი, უკანონო გასამრჯელოები ან ნდობის, ძალაუფლების და თანამდებობის ბოროტად გამოყენება არამართებული სარგებელისთვის;
ფულის, ინვენტარის და ყველა სახის აქტივის უკანონო მითვისება;
ფინანსური და არაფინანსური თაღლითური ანგარიშგებები;
სახსრების სხვა დანიშნულებით გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება სამუშაო გეგმას და ბიუჯეტს.
15.3 მხარეებმა:
პროექტის/პროგრამის დაგეგმვის და განხორციელების დროს უნდა გაითვალისწინონ კორუფციის და სხვა დარღვევების რისკი და დაადგინონ სხვა ძირითადი რისკები და რისკის შერბილების ზომები. კორუფციის ან სხვა დარღვევების მნიშვნელოვანი რისკების დადგენის შემთხვევაში, მიღებული უნდა იქნეს რისკის შერბილების ზომები დადგენილი რისკების შესამცირებლად,
უნდა მოახდინონ თავიანთი საოპერაციო და შიდა კონტროლის სისტემების ორგანიზება იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კორუფციის და სხვა დარღვევების პრევენცია, მართვა და გამოვლენა,
ყველა შესაძლო ზომა უნდა მიიღონ კორუფციის და სხვა დარღვევების პრევენციისა და შეჩერებისთვის პროექტის/პროგრამის ფარგლებში და
უნდა მოითხოვონ, რომ ყველა მონაწილე პერსონალმა და ნებისმიერმა კონსულტანტმა, მომწოდებელმა და კონტრაქტორმა, რომლებიც ფინანსდებიან პროექტის/პროგრამის ფარგლებში, თავი შეიკავონ კორუფციული და სხვა სახის დარღვევებისგან.
15.4 საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შვედეთს კორუფციის და სხვა დარღვევების ნებისმიერი ნიშნის შესახებ პროექტში/პროგრამაში ან მასთან დაკავშირებით.
15.5 საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას გამოიკვლიოს კორუფციის და სხვა დარღვევების არსებობა და მიიღოს ზომები, მათ შორის განახორციელოს კანონიერი ქმედებები იმ პირთა მიმართ, რომლებთან დაკავშირებით არსებობს კორუფციული ან სხვა დარღვევების ეჭვის საფუძველი. ამის შემდეგ მხარეებმა უწყვეტი კონსულტაცია უნდა გამართონ ერთმანეთში საკითხის შემდგომში განხილვისთვის.
16 სექსუალური ექსპლუატაცია, სექსუალური ძალადობა და სექსუალური შევიწროება
16.1 მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მოახდენენ აქტიურ პრევენციას და რეაგირებას სექსუალური ექსპლუატაციის, ძალადობის და შევიწროების შემთხვევებზე (SEAH) როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ. ეს ვალდებულება ვრცელდება ყველა პერსონალზე, კონსულტანტზე და სხვა შტატგარეშე თანამშრომელზე.
16.2 წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:
ა) სექსუალური ექსპლუატაცია: უმწეო მდგომარეობის, სხვადასხვაგვარი ძალაუფლების ან ნდობის ნებისმიერი ფაქტობრივი ბოროტად გამოყენება ან ამის მცდელობა სექსუალური მიზნებისთვის, მათ შორის და არა მხოლოდ სხვა პირის სექსუალური ექსპლუატაციიდან ფულადი, სოციალური ან პოლიტიკური სარგებელის მიღება;
ბ) სექსუალური ძალადობა: სექსუალური ხასიათის ფაქტობრივი ფიზიკური ხელყოფა ან მუქარა, ძალის გამოყენებით ან არათანასწორ ან იძულებით პირობებში.
გ) სექსუალური შევიწროება: სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არავერბალური ან ფიზიკური ქცევის ნებისმიერი ფორმა პირის ღირსების შელახვის მიზნით.
16.3 მხარეებმა პროექტის/პროგრამის დაგეგმვის და განხორციელების დროს უნდა გაითვალისწინონ SEAH რისკი და დაადგინონ სხვა ძირითადი რისკები და რისკის შერბილების ზომები.
16.4 საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შვედეთს SEAH ნებისმიერი ნიშნის შესახებ პროექტში/პროგრამაში ან მასთან დაკავშირებით.
16.5 საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას გამოიკვლიოს SEAH არსებობა და მიიღოს ზომები, მათ შორის განახორციელოს კანონიერი ქმედებები იმ პირთა მიმართ, რომლებთან დაკავშირებით არსებობს SEAH ეჭვის საფუძველი.
17. სამართლებრივი დაცვის საშუალებები
17.1 საქართველოს მთავრობის მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შვედეთს უფლება აქვს გამოიყენოს შემდეგი სამართლებრივი დაცვის საშუალებები, მათ შორის შეაჩეროს სახსრების გაცემა და/ან შეამციროს ახალი სახსრების გამოყოფა, მოითხოვოს სახსრების დაბრუნება ან შეწყვიტოს პროექტის/პროგრამის მხარდაჭერა.
17.2 შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, შვედეთს უფლება აქვს შეწყვიტოს შეთანხმება ორი თვით ადრე შეტყობინების საფუძველზე.
17.3 შეთანხმების არსებითი დარღვევის შემთხვევაში, შვედეთს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეთანხმება.
17.4 შვედეთის მიერ შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტა არ გავრცელდება სახსრებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ კეთილსინდისიერად გამოუხმობად გადასცა მესამე მხარეებს შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღამდე, იმ პირობით, რომ ვალდებულებები აღებული იყო წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.
17.5 ნებისმიერი შეწყვეტა უნდა განხორციელდეს შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
18 გამჭვირვალობა და ინფორმაცია
18.1 ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ყოველთვის უნდა აღიაროს და გაასაჯაროვოს, რომ აღნიშნული ღონისძიებები ფინანსდება შვედეთის განვითარების დახმარების მეშვეობით.
18.2 შვედეთის ლოგოტიპი გამოყენებული უნდა იქნეს საინფორმაციო მასალების წარმოებასა და საინფორმაციო საქმიანობებთან დაკავშირებით.
18.3 ასეთი მასალების წარმოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და შინაარსზე პასუხისმგებელია გამომცემელი. “Sida” ან „შვედეთი“ არ შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ ფორმით, რომელიც აღიქმება ისე თითქოს Sida ან შვედეთი მონაწილეობს ან მხარს უჭერს წარმოდგენილ მოსაზრებებს.
18.4 Sida და შვედეთის ადმინისტრაციის სხვა დეპარტამენტი საზღვარგარეთ, მოთხოვნის შემთხვევაში, ინარჩუნებს ასეთი მასალების გადაღების და გავრცელების უფლებას.
19 მითითება სხვა შეთანხმებებზე
თანამშრომლობა მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ასევე რეგულირდება:
საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარებისათვის თანამშრომლობის ზოგადი წესებისა და პირობების შესახებ შეთანხმებით, რომელიც ხელმოწერილია 2006 წლის 13 დეკემბერს.
ნებისმიერი შეთანხმებით, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ან შეასწოროს ხსენებული შეთანხმებები.
20 შეწყვეტა
20.1 წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება მის შეწყვეტამდე, ერთ-ერთი მხარის მიერ ექვსი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.
20.2 შეთანხმების საქართველოს მთავრობის მიერ შეწყვეტის შემთხვევაში, წერილობითი შეტყობინებიდან ექვსი თვის შემდეგ არანაირი სახსრები არ იქნება ხელმისაწვდომი აღნიშნული საქმიანობებისთვის.
21 შეთანხმების მოქმედების ვადა
21.1 შეთანხმება ძალაში შევა მისი ბოლო ხელმოწერის თარიღიდან და ძალაში დარჩება 2025 წლის 30 ივნისამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეთანხმება შეწყდება წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად ან მანამ, სანამ დაუხარჯავი სახსრები არ დაუბრუნდება შვედეთს და არ შესრულდება წინამდებარე შეთანხმების ანგარიშგების მოთხოვნები, როდესაც შეთანხმების ვადა ამოიწურება.
21.2 შეთანხმების შეწყვეტა ან ვადის ამოწურვა არ ათავისუფლებს მხარეებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომლებიც წარმოიშობა ნებისმიერი ქმედების ან უმოქმედობის შედეგად, რომელსაც ადგილი ჰქონდა შეწყვეტამდე ან ვადის ამოწურვამდე.
22 დავების გადაწყვეტა
იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის წარმოიშობა დავა წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან, გამოყენებასთან ან შესრულებასთან დაკავშირებით, მხარეებმა კონსულტაცია უნდა გაიარონ ერთმანეთთან დავის მორიგებით გადაწყვეტისთვის.
23 შეტყობინებები
ნებისმიერი კომუნიკაცია წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, სადაც მიეთითება შენატანის ნომერი და პროექტის/პროგრამის სახელი და უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე:
შვედეთი,
შვედეთის საელჩო თბილისში.
განვითარების თანამშრომლობის განყოფილების საყურადღებოდ, ერიკ ილესი.
მთავრობა,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის საყურადღებოდ.
წინამდებარე შეთანხმება გაფორმდა ინგლისურ ენაზე ორ დედნად, თითო დედანი გადაეცემა თითოეულ მხარეს.
თბილისი, 17.12.2021
ადგილი და თარიღი
თბილისი 2021-12-17
ადგილი და თარიღი
საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ
შვედეთის სამეფოს მთავრობა, წარმოდგენილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ
ხელმოწერა
ლევან დავითაშვილი
სახელი და თანამდებობა ბეჭდური შრიფტით
ხელმოწერა
ერიკ ილესი
სახელი და თანამდებობა ბეჭდური შრიფტით