„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2021
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №302
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2021 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (28)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე | სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 13.10.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ „საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ „ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირების წესის“
დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №302
2021 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 და 56-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული სერტიფიკატები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №262 ბრძანება.
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების
წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“ შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №8 დანართის („საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობა“) საფუძველზე, მასში გათვალისწინებულია ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc-9760 („ფრენის ვარგისობის სახელმძღვანელო“) და 2014 წლის 26 ნოემბრის EC რეგულაციის №1321/2014 მოთხოვნები.
2. „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ (შემდგომში – „წესი“) მოქმედება ვრცელდება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოზე (შემდგომში – საწარმო), რომელიც ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის და მისი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებას.
3. წესის მიზანია, საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და საავიაციო ტექნიკის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
4. საწარმოს, რომელსაც არ გააჩნია საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი), ან რომელიც არ არის აღიარებული ამ წესის შესაბამისად, არა აქვს უფლება განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების და/ან ამ საჰაერო ხომალდების კომპონენტების ტექნიკური მომსახურება.
5. საწარმოს სერტიფიცირებას – სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილების შეტანას, სერტიფიკატის და/ან მისი დანართის დუბლიკატის გაცემას, სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
6. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 4 (ოთხი) თვის ვადაში.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სერტიფიცირების საკითხებთან (სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობის გარდა) დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობა ხორციელდება ამ წესის 29-ე მუხლის შესაბამისად.
8. სერტიფიკატი ადასტურებს საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.
9. სერტიფიკატში და მის დანართში განისაზღვრება საწარმოს უფლებამოსილება საავიაციო ტექნიკის კლასების, კატეგორიების და საჰაერო ხომალდების (შემდგომში – სხ) ტიპებისა და/ან მათი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით. სერტიფიცირების დროს განისაზღვრება, ასევე, ნებადართული ტექნიკური მომსახურების (შემდგომში - ტმ) სამუშაოების სახეობები.
10. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების დადასტურების უფლება აქვს მხოლოდ აღნიშნული ტექნიკის ტმ-ის განმახორციელებელ, ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ/აღიარებულ საწარმოს, საავიაციო ტექნიკის ტმ-ის ჩატარების შემდგომ.
11. საწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის კონკრეტული ტიპებისა და/ან მათი კომპონენტების ტმ-სთან დაკავშირებული ნებადართული სამუშაოები, განისაზღვრება სერტიფიკატით და მისი დანართით (დანართი №2). საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის დანართით განსაზღვრული ნებადართული სამუშაოების კლასების და კატეგორიების განმარტებები განსაზღვრულია ამ წესის №4 დანართში.
მუხლი 2🔗.
ტერმინებთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჰაერო ხომალდი – აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდია: თვითმფრინავი, ვერტმფრენი, პლანერი, სხვა საშუალება;
ბ) დაშვებაზე უფლებამოსილი პერსონალი – ტექმომსახურების ჩატარების შემდეგ, საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაზე დაშვების უფლების მქონე პერსონალი;
გ) კომპონენტი – ძრავა, საჰაერო ხრახნი, ნაწილი ან მოწყობილობა;
დ) საფრენად ვარგისობის შენარჩუნება – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნებას უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის და საფრენად ვარგისობის მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ე) საავიაციო ტექნიკა – საჰაერო ხომალდი, მისი აღჭურვილობა, მაკომპლექტებელი ნაწილები (აგრეგატები და სისტემები), ძრავები, საწაფი, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების საშუალებები;
ვ) ავტორიზაცია – საწარმოს მიერ დაშვებაზე უფლებამოსილი პირისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, განსაზღვრული სამუშაო მოცულობით, შეასრულოს ტექმომსახურების სამუშაოები და დაადასტუროს ხელმოწერით;
ზ) ტექნიკური მომსახურება – სხ-ის და/ან მისი კომპონენტების საფრენად ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს აღმდგენ, შემოწმებით, გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირებას და/ან რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას;
თ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო – იურდიული პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია ამ წესის შესაბამისად;
ი) ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი:
ი.ა) თვითმფრინავი:
ი.ა.ა) 5700 კილოგრამზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან
ი.ა.ბ) 19 და მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე; ან
ი.ა.გ) სერტიფიცირებული ექსპლუატაციისათვის მინიმუმ ორი მფრინავით; ან
ი.ა.დ) აღჭურვილი ტურბორეაქტიული ძრავ(ებ)ით ან ერთზე მეტი ტურბოხრახნული ძრავ(ებ)ით.
ი.ბ) ვერტმფრენი:
ი.ბ.ა) 3175 კილოგრამზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან
ი.ბ.ბ) 9 და მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე; ან
ი.ბ.გ) სერტიფიცირებული ექსპლუატაციისათვის მინიმუმ ორი მფრინავით; ან
ი.ბ.დ) დახრადი ხრახნის მქონე;
კ) სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან;
ლ) გაფრენისწინა შემოწმება – საჰაერო ხომალდის შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს ამ საჰაერო ხომალდის მზადყოფნას შესასრულებელი ფრენისათვის;
მ) „ELA1 საჰაერო ხომალდი“ – მართვადი (ან პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი:
მ.ა) თვითმფრინავი 1200 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ არის კლასიფიცირებული, როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი;
მ.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 1200 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;
მ.გ) საჰაერო ბურთი (ან აეროსტატი), რომლის ამწევი გაზის ან ცხელი აირის მაქსიმალური სერტიფიცირებული მოცულობა არ აღემატება 3400 მ3-ს სითბური აეროსტატისთვის, 1050 მ3-ს გაზის აეროსტატისათვის და 300მ3-ს დაბმული გაზის აეროსტატისათვის;
მ.დ) დირიჟაბლი, რომლის დიზაინი გათვალისწინებულია არაუმეტეს ოთხ პირზე და ამწევი გაზის ან ცხელი აირის სერტიფიცირებული მოცულობა არ აღემატება 3400 მ3-ს სითბური დირიჟაბლისთვის და 1050 მ3-ს გაზის დირიჟაბლისთვის;
ნ) „ELA2 საჰაერო ხომალდი“ – მართვადი (ან პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი:
ნ.ა) თვითმფრინავი 2000 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ არის კლასიფიცირებული, როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი;
ნ.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 2000 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;
ნ.გ) საჰაერო ბურთი (ან აეროსტატი);
ნ.დ) სითბური დირიჟაბლი;
ნ.ე) გაზის დირიჟაბლი შემდეგი მახასიათებლებით:
ნ.ე.ა) 3% მაქსიმალური სტატიკური დატვირთვა;
ნ.ე.ბ) არამიმართული (არავექტორული) წევა (უკუწევის ან რევერსული წევის გარდა);
ნ.ე.გ) სტრუქტურის, კონტროლის სისტემის და ბალონების სისტემის ჩვეულებრივი და მარტივი დიზაინი;
ნ.ე.დ) მართვის სისტემა გამაძლიერებლის გარეშე;
ნ.ვ) ზემსუბუქი ვერტმფრენი:
ნ.ვ.ა) 600კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;
ნ.ვ.ბ) აქვს მარტივი კონტრუქცია და აღჭურვილია ერთი მთავარი და ერთი უკანა რედუქტორით, ფიქსირებული შასებით, თხილამურებით ან ნავით;
ნ.ვ.გ) აქვს მაქსიმუმ ორი ადგილი;
ნ.ვ.დ) აღჭურვილია ნაპერწკლური ან კომპრესიული აალების სისტემის ერთი ძრავით, გარდა აირტურბინული ან რაკეტული ძრავისა;
ნ.ვ.ე) სერტიფიცირებული მხოლოდ დღისით ვიზუალური ფრენის წესების მოთხოვნებით;
ო) საქმიანობის ძირითადი ადგილი – საწარმოს ძირითადი ადგილსამყოფელი, სადაც ხორციელდება ძირითადი საფინანსო ოპერაციები, ოპერირების დაგეგმვა და ფრენის ვარგისობის შენარჩუნების მართვა;
პ) ტექმომსახურების კრიტიკული სამუშაო – საჰაერო ხომალდზე, მის ძრავზე ან საჰაერო ხრახნზე ნაწილის ან სისტემის მონტაჟის ან მისი გაუმართაობის აღმოფხვრის სამუშაო, რომლის შესრულებისას დაშვებულმა შეცდომამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფრენის უსაფრთხოებას;
ჟ) დამამზადებელი – საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის საბოლოო აწყობაზე;
რ) თვითმფრინავი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავას მეშვეობით და მისი ფრენისას ამწევი ძალა იქმნება ძირითადად უძრავი ზედაპირების აეროდინამიკური რეაქციის შედეგად;
ს) რემონტი – საჰაერო ხომალდის (პლანერი, ძრავა და მაკომპლექტებელი ნაკეთობების) ცვეთის ან დაზიანების შემდგომ საფრენად ვარგისობის აღდგენა საფრენად ვარგისობის დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ტ) საავიაციო ძრავა – ძრავა, რომელიც განკუთვნილია სხ-ის მოძრაობაში მოსაყვანად. ძრავას შემადგენლობაში შედის მისი ფუნქციონირების და კონტროლისათვის საჭირო კომპონენტები და მოწყობილობები, გარდა საჰაერო ხრახნისა (არსებობის შემთხვევაში);
უ) საფრენად ვარგისობის ნორმები – ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო ხომალდის, ძრავას, აღჭურვილობის და მასალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
ფ) შემმუშავებელი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის ტიპის კონსტრუქციაზე;
ქ) ვერტმფრენი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს თითქმის ვერტიკალური ღერძის გარშემო ძრავას საშუალებით მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად;
ღ) ოპერატიული ტექნიკური მომსახურება – საჰაერო ხომალდის გაფრენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, დათვალიერება და შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს სხ-ის გამართულობას, მათ შორის:
ღ.ა) გაუმართაობის დიაგნოსტიკა;
ღ.ბ) გაუმართაობის აღმოფხვრა;
ღ.გ) კომპონენტის გამოცვლა, რომლის დროსაც შესაძლებელია გამოყებული იქნას გარე სატესტო მოწყობილობა (კომპონენტის გამოცვლისას ასევე იგულისხმება ძრავის ან საჰაერო ხრახნის გამოცვლა);
ღ.დ) გეგმიური ტექნიკური მომსახურება ან/და შემოწმება, მაგრამ არ საჭიროებს სიღრმისეულ შემოწმებას (მათ შორის სხ-ის სტრუქტურის, სისტემების და ძრავის შიდა შემოწმებები სწრაფი შეღწევის პანელებიდან.).
ღ.ე) მარტივი რემონტების და მოდიფიკაციების სამუშოების შესრულება, რომელიც არ მოითხოვს დაშლას და სრულდება მარტივი საშუალებებით.
ღ.ვ) საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების სავალდებულო ინსტრუქციებით გათვალისწინებული საბაზო ტექმომსახურების გადაუდებელი სამუშაოების (Emergency AD, Emergency SB, Emergency SL) შესრულება ოპერატიული ტექმომსახურებისას, შესაბამისობის მონიტორინგზე პასუხიმგებელი პირის მიერ შესწავლილი რისკების და საწარმოში არსებობს ამ სამუშაოს შესრულების პირობები შეფასების საფუძველზე, სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ.
ყ) საბაზო ტექმომსახურება – ნებისმიერ ტექმომსახურების სამუშაო გარდა ოპერატიული ტექნიკური მომსახურებისა.
შ) დამხმარე პერსონალი – საბაზო ტექმომსახურებ(ზე)ში მომუშავე B1, B2, B2L, B3 და/ან L კატეგორიის მქონე მოწმობის მფლობელი პერსონალი, შესაბამისი საჰაერო ხომალდის ოსტატობით, რომელსაც საბაზო ტექმომსახურებისას მუშაობისას არ არის აუცილებელი გააჩნდეს სხ/კომპონენტების ექსპლუატაციაში დაშვების უფლება;
ჩ) შესაბამისი საჰაერო ხომალდი და/ან კომპონენტი – საჰაერო ხომალდის ტიპი ან/და კომპონენტი, რომელიც აღნიშნულია სამუშაოზე დაშვების ავტორიზაციის სერტიფიკატში;
ც) ავტორიზაციის სერტიფიკატი – საწარმოს მიერ დაშვების პერსონალისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, სადაც განსაზღვრულია ნებადართული სამუშაოები და რომელიც აღნიშნულ პერსონალს აძლევს უფლებას, საწარმოს სახელით, ხელი მოაწეროს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატზე.
მუხლი 3🔗.
საწარმოს უფლებამოსილებები
საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოში გაწერილი პროცედურების შესაბამისად, საწარმო უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) საჰაერო ხომალდ(ებ)ის და/ან კომპონენტ(ებ)ის ტექნიკური მომსახურება, საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოში აღნიშნულ ადგილმდებარეობაზე;
ბ) საავიაციო ტექნიკის ტექმომსახურების სამუშოების შესრულება ქვეკონტრაქტორ საწარმოში, მისთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში და ამავე საწარმოს მართვის სისტემის ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნული სამუშაოები არ უნდა მოიცავდეს საჰაერო ხომალდის სრულ საბაზო ტექმომსახურებას და ძრავის ან მისი მოდულის სრულ ტექმომსახურებას ან რესურსის აღდგენას;
გ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება მისთვის მინიჭებული უფლების ფარგლებში და განსაზღვრულ ადგილმდებარეობაზე, მიუხედავად იმისა, ტექმომსახურების საჭიროება გამოწვეულია საჰაერო ხომალდის გაუმართაობით თუ გეგმიური ოპერატიული ტექმომსახურების შესრულების აუცილებლობით;
დ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატის გაცემა, ტექმომსახურების დასრულების შემდეგ.
მუხლი 4🔗.
სააგენტოს უფლებამოსილი პირის საწარმოში დაშვება
საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს, სააგენტოს უფლებამოსილი პირების დაშვება ნებისმიერ დროს საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან, საჰაერო ხომალდთან, შენობა-ნაგებობებთან და ტექნიკური მომსახურების სხვა საშუალებებთან.
მუხლი 5🔗.
კონტრაქტი და ქვეკონტრაქტი
1. საწარმოს მიერ მისი საქმიანობის, აღჭურვილობის ან მომსახურების შესყიდვის კონტრაქტით ან ქვეკონტრაქტით გადაცემის შემთხვევაში:
ა) აღნიშნული ტექმომსახურების საქმიანობა უნდა განხორციელდეს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) ამ მუხლში მითითებული კონტრაქტით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილება, როგორც საწარმოს მართვის სისტემის ნაწილი.
2. ქვეკონტრაქტორი საწარმო უნდა ფლობდეს სააგენტოს მიერ გაცემულ ან აღიარებულ ტექმომსახურების საწარმოს სერტიფიკატს, შესაბამისი სამუშაო მოცულობებით. საწარმომ უნდა უზრუნველყოს, სააგენტოს უფლებამოსილი პირების ქვეკონტრაქტორ საწარმოში დაშვება, რათა დადგინდეს არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
თავი II
სასერტიფიკაციო მოთხოვნები საწარმოს მიმართ
მუხლი 6🔗.
სამუშაო პირობები ტმ-ის და ინსპექტირების განხორციელებისთვის
1. საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს, ტმ-ის შესრულება მეტეოროლოგიური პირობების ზემოქმედებისაგან დაცულ, სათანადოდ აღჭურვილ შენობა-ნაგებობებში, კერძოდ:
ა) საბაზო ტექნიკური მომსახურების ჩატარება უნდა მოხდეს ანგარში, რომლის ფართიც საკმარისი უნდა იყოს სხ-ის მოსათავსებლად;
ბ) ოპერატიული ტექმომსახურების სამუშაოების შესრულება, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარის გარეთ, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ შეუშლის ხელს სამუშაოების განხორციელებას;
გ) სახელოსნოებში კომპონენტების ტექმომსახურების განხოციელებისას, უნდა იყოს მათი გეგმიური ტექმომსახურებისათვის საკმარისი ფართი.
2. პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო საოფისე და საყოფაცხოვრებო ფართით.
3. საჰაერო ხომალდების ანგარში, კომპონენტების სახელოსნოებში და ოფისებში შექმნილი უნდა იყოს ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას პერსონალის ეფექტურ მუშაობაზე, კერძოდ:
ა) უზრუნველყოფილი უნდა იქნას სამუშაოს შესრულებისათვის კომფორტული ტემპერატურა;
ბ) სამუშაო ადგილზე მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი მტვერი და სხვა ნებისმიერი დაბინძურება და აღნიშნული არ უნდა იყოს შესამჩნევი სხ/კომპონენტის ზედაპირზე. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სხ/კომპონენტის ზედაპირის ხილვადი დაბინძურება, უნდა აღმოიფხვრას ამ დაბინძურების ყველა წყარო;
გ) სტ-ის ინსპექტირების და ტექმომსახურების შესრულების დროს უნდა იყოს სათანადო განათება;
დ) ინსპექტირებისას პერსონალის ყურადღება არ უნდა იქნეს დარღვეული გარეშე ხმაურით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ხმაურის წყაროს აღმოფხვრა, პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ხმაურისგან დამცავი პერსონალური საშუალებებით;
ე) სტ-ის ტექმომსახურების დროს, როდესაც აუცილებელია ზემოთ მითითებულისგან განსხვავებული სამუშაო პირობების არსებობა, შექმნილი უნდა იყოს შესაბამისი სამუშაო პირობები. შესაბამისი სამუშაო პირობები განსაზღვრულია ტმ-ის მონაცემებში;
ვ) ოპერატიული ტმ-ის დროს, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ტექმომსახურების და ინსპექტირების განხორციელებისთვის შესაფერისი სამუშაო გარემო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო გარემო პირობები მიუღებელ დონემდე გაუარესდება ტემპერატურის, ტენიანობის, სეტყვის, ყინულის, თოვლის, ქარის, სინათლის, მტვრის ან სხვა საავიაციო დაბინძურების გამო, კონკრეტული ტექმომსახურების ან ინსპექტირების პროცესი უნდა შეჩერდეს დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნამდე.
4. სათადარიგო ნაწილების, სახარჯი მასალების, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შენახვისათვის გამოყოფილი უნდა იქნეს დაცული სასაწყობე ფართი, სადაც ექსპლუატაციისათვის ვარგისი კომპონენტებისა და მასალის შენახვა მოხდება უვარგისი კომპონენტების, მასალის, მოწყობილობისა და ხელსაწყოსგან განცალკევებით. შენახვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის ინსტრუქციას იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული შენახული ნაკეთობების დაზიანება. სასაწყობო საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ ტმ-ის და ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირებისთვის.
მუხლი 7🔗.
საწარმოს პერსონალი
1. საწარმოში დანიშნული უნდა იქნეს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირი, რომელიც:
ა) უფლებამოსილია, უზრუნველყოს ტექმომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური მართვა და სტ-ის ტექნიკური მომსახურების განხორციელება ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) ვალდებულია, განსაზღვროს და შეაფასოს საწარმოში არსებული რესურსები, რათა საწარმომ შეასრულოს ტმ ამ წესის შესაბამისად;
გ) ვალდებულია, ჩამოაყალიბოს და წარმართოს უსაფრთხოების პოლიტიკა ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად;
დ) ვალდებულია, იცნობდეს ამ წესის მოთხოვნებს.
2. საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირი ნიშნავს საწარმოს საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოს საქმიანობის შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან.
3. საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოში განსაზღვრული უნდა იყოს პირები, რომლებიც შეასრულებენ პასუხისმგებელი პირების მოვალეობებს მათი არყოფნის შემთხვევაში.
4. საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის მიერ დანიშნული უნდა იქნეს პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, რათა უზრუნველყოფილი იქნას მართვის სისტემით მოთხოვნილი შესაბამისობის მონიტორინგის ვალდებულებები.
5. საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული უნდა იქნას პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების მართვის პროცესების ეფექტურ ფუნქციონირებას.
6. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან, შესაბამისობის მონიტორინგთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ გააცნონ პასუხისმგებელ ხელმძღვანელ პირს.
7. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პირები ანგარიშვალდებულნი არიან საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის წინაშე. აღნიშნულ პირებს უნდა გააჩნდეთ მათზე დაკისრებული ვალდებულების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა, მომზადება და გამოცდილება, კერძოდ:
ა) საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება და შეფასების უნარი;
ბ) ადამიანურის ფაქტორის პრინციპების ცოდნა;
გ) უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნა;
დ) 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით და აქედან 2 წელი საავიაციო სფეროში შესაბამის პოზიციაზე;
ე) უმაღლესი განათლება საავიაციო სპეციალობით ან საჰაერო ხომალდის ტექნიკოსის კვალიფიკაცია დამატებითი სწავლების მიღების შემდეგ;
ვ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს საფუძვლიანი ცოდნა;
ზ) საჰაერო ხომალდის შესაბამისი ტიპის ან/და კომპონენტის ცოდნა სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო გაცნობითი კურსის გავლის შედეგად;
თ) საწარმოში დამკვიდრებული ტექმომსახურების სამუშაოების განხორციელების მეთოდების ცოდნა;
ი) საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული საავიაციო კანონომდებლობის ცოდნა.
8. საწარმომ უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობის დაგეგმვა, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანური რესურსი, რათა მოხდეს სერტიფიკატით გათვალისიწინული საქმიანობის განხორციელება.
9. საწარმო ვალდებულია, დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები საწარმოს იმ პერსონალისთვის, რომლებიც ახორციელებენ სტ-ის ტექმომსახურების სამუშაოებს, უსაფრთხოების მართვას და შესაბამისობის მონიტორიგის მიზნით აუდიტის ჩატარებას და უზრუნველყოს მათი კვალიფიკაციის შენარჩუნება. მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო გამოცდილების გარდა, მათი კომპეტენცია ასევე უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მართვის პრინციპებს, ადამიანურ ფაქტორებს და ადამიანურ შესაძლებლობებს.
10. პერსონალი, რომელიც ახორციელებს სხ-ის კონსტრუქციის და/ან კომპონენტების ურღვევ კონტროლს, კვალიფიცირებული უნდა იყოს სსტ ენ 4179:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად. B1, B3 და L კატეგორიის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს ფერთა კონტრასტით ფერადი დეფექტოსკოპიის ტესტი.
11. საწარმოს, სტ-ის ტექნიკური მომსახურების ოპერატიული მომსახურების სამუშაოების შესრულებისათვის, უნდა გააჩნდეს სტ-ის ექსპლუატაციაში დაშვების უფლებამოსილი, სააგენტოს მიერ შესაბამისი სხ-ის ტიპზე სერტიფიცირებული ან აღიარებული B1, B2, B2L, B3 და L კატეგორიის პერსონალი.
12. საწარმომ სტ-ის ტექნიკური მომსახურების ოპერატიული მომსახურების სამუშაოების შესრულებისათვის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული A კატეგორიის ტექნიკურ პერსონალს სათანადო მომზადების შემდეგ, მიანიჭოს სტ-ის ექსპლუატაციაზე დაშვების უფლება, უმნიშვნელო გეგმიური ოპერატიული ტექმომსახურებისა და მარტივი დეფექტების გამოსწორების შემდეგ.
13. ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაში დაშვებისათვის საბაზო ტექნიკური მომსახურების შემდეგ, საწარმოს უნდა ჰყავდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი სხ-ის ტიპზე სერტიფიცირებული ან აღიარებული C კატეგორიის უფლებამოსილი პერსონალი.
14. საწარმოს, საჰაერო ხომალდის ტიპზე, უნდა ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის B1 და B2 კატეგორიის შესაბამისი ოსტატობის მქონე პერსონალი, რომელიც დახმარებას გაუწევს C კატეგორიის პერსონალს.
15. საბაზო ტექმომსახურების შემთხვევაში, ექსპლუატაციაში დაშვების უფლებამოსილი პერსონალის მიერ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატის გამოცემამდე, დამხმარე პერსონალი ვალდებულია ამ წესის მოთხოვნების დაცვით შეასრულოს ყველა სათანადო სამუშაო;
16. საწარმო ახორციელებს B1 და B2 კატეგორიის დამხმარე პერსონალის აღრიცხვას.
17. C კატეგორიის უფლებამოსილი პერსონალი ამოწმებს ამ მუხლის მე-15 პუნქტის მოთხოვნების და სამუშაო პაკეტის სრულად შესრულებას. შეუსრულებელი სამუშაოს შემთხვევაში აფასებს მისი შესრულების გადავადების შესაძლებლობას სხვა კონკრეტული შემოწმებისათვის ან სხვა დროისთვის სხ-ის ექსპლუატანტთან შეთანხმებით.
18. ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდების გარდა სხვა საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაში დაშვებისათვის საბაზო ტექნიკური მოსახურების შემდეგ, საწარმოს უნდა ჰყავდეს სხ-ის შესაბამის ტიპზე დაშვებული B1, B2, B2L, B3 და L კატეგორიის ან С კატეგორიის უფლებამოსილი პერსონალი.
19. საწარმო უფლებამოსილია, პილოტის მოწმობის მქონე სხ-ის მეთაურს ან ბორტინჟინერს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური პრაქტიკული მომზადება, ტექმომსახურების კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად მისცეს უფლებამოსილება, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის შემთხვევაში, საწარმოს ან მისი სადგურის ადგილმდებარეობიდან მოშორებით. აღნიშნული უფლებამოსილების გაცემის პროცედურა დეტალურად უნდა იქნას გაწერილი ექსპლუატანტის პროცედურების სახელმძღვანელოში.
20. სხ-ის მეთაურს ან ბორტინჟინერს შეიძლება, აგრეთვე, მიეცეს განმეორებადი ფრენის ვარგისობის დირექტივის შესრულების უფლება, თუ ეს ნებადართულია ამ დირექტივით.
21. სხ-ის ძირითადი ადგილმდებარეობიდან გარეთ, სადაც არ არის ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პერსონალი, საჰაერო ხომალდზე აღმოჩენილი გაუმართაობის გამოსასწორებლად, საწარმო უფლებამოსილია:
ა) გასცეს ერთჯერადი დაშვების ნებართვა მის პერსონალზე, რომელსაც გააჩნია მსგავსი ტექნოლოგიის, კონსტრუქციის და სისტემების მქონე საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე დაშვება ან უფლებამოსილება, ან
ბ) იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ აეროპორტში არ არის ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებული საწარმო, გასცეს ერთჯერადი დაშვების ნებართვა იმ პირზე, რომელსაც გააჩნია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორის ორგანიზაციის (ICAO-ს) მოთხოვნების მიხედვით გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობა ამ ტიპის საჰაერო ხომალდზე და სტ-ის ტექმომსახურების არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
22. ამ მუხლის მე-21 პუნტის მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ერთჯერადი ნებართვის გაცემის შესახებ, სააგენტოს შეტყობინება უნდა მოხდეს მისი გაცემიდან შვიდი (7) დღის განმავლობაში. საწარმო, რომელიც გასცემს ერთჯერად ნებართვას, ვალდებულია ამ წესის მიხედვით სერტიფიცირებულ ან აღიარებულ საწარმოში მოახდინოს აღნიშნული სამუშაოს შესრულების გადამოწმება პირველივე შესაძლებლობისთანავე.
მუხლი 8🔗.
საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში დაშვებაზე უფლებამოსილი და მისი დამხმარე პერსონალი
1. საწარმო ვალდებულია, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაშვების პერსონალის, ასევე, მისი დამხმარე პერსონალის სამუშაოზე დაშვებისათვის დარწმუნდეს, რომ აღნიშნულ პერსონალს გააჩნია შესაბამისი სხ/კომპონენტების ტექმომსახურების, ასევე მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო პროცედურების სათანადო ცოდნა.
2. საწარმო უფლებამოსილია, გასცეს დაშვების პერსონალის ავტორიზაციის სერტიფიკატი, მოწმობაში მითითებული სხ-ის ტიპის ოსტატობის ძირითადი და ქვეკატეგორიების საფუზველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზავიის სერტიფიკატის მოქმედების ვადაში აღნიშნული მოწმობა იქნება მოქმედი და სრულად დააკმაყოფილებს მოწმობის გაცემის მოთხოვნებს. ეს მოთხოვნა არ ვცელდება Aკატეგორიის და სააგენტოს მიერ აღიარებული მოწმობის მფლობელზე.
3. დაშვებაზე უფლებამოსილ და დამხმარე პერსონალს, ბოლო 2(ორი) წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესაბამის სხ/კომპონენტებზე შესრულებული ტექნიკური მომსახურების ფაქტობრივი არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, რაც დასტურდება ავტორიზაციის სერტიფიკატით, რომლითაც ენიჭება განსაზღვრული საჰაერო ხომალდის ტიპსა ან საჰაერო ხომალდის ჯგუფის სისტემებზე მუშაობის უფლება.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალად გამოყენებული უნდა იქნას AMC145.A.35 და AMC66.A.2.(b).(2) .
4. საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს, დაშვებაზე უფლებამოსილი პერსონალისა და დამხმარე პერსონალისათვის კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის საჭირო სწავლების ჩატარება და გააცნოს სიახლეები ტექმომსახურების შესაბამის ტექნოლოგიასთან, საორგანიზაციო პროცედურებთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებით.
5. საწარმო ვალდებულია, შემოიღოს დაშვებაზე უფლებამოსილი პერსონალის და დამხმარე პერსონალის კვალიფიკაციის შენარჩუნების სწავლების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს დაშვებაზე უფლებამოსილ პერსონალზე გაცემული ავტორიზაციისა და ტექნიკული სპეციალისტის მოწმობის შენარჩუნების მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
6. საწარმო ვალდებულია, დაშვებაზე უფლებამოსილი პერსონალისათვის ავტორიზაციის გაცემამდე ან ვადის გაგრძელებამდე, სახელმძღვანელოს პროცედურების მიხედვით, შეაფასოს პერსონალის კომპეტენცია, კვალიფიკაცია და უნარი, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები.
7. დაშვებაზე უფლებამოსილი პერსონალის მიერ ამ მუხლის 1-6 პუნქტების შესრულების შემთხვევაში, საწარმო აღნიშნულ პერსონალს ანიჭებს სხ/კომპონენტების ექსპლუატაციაში დაშვების უფლებას, მის მიერ კონკრეტული მომსახურების გაწევის მოცულობით და შეზღუდვებით იმ ფორმით, რომ აღნიშნული მომსახურების გაწევის მოცულობა და შეზღუდვები იდენტიფიცირებადი იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.
8. პერსონალის დაშვებაზე ავტორიზაცია უნდა მოხდეს ისეთი ფორმით და სახით, რომ ადვილად გასაგები იყოს, როგორც დაშვებაზე უფლებამოსილი პერსონალისათვის, ასევე ზედამხედველი ორგანოს წარმომადგენლისათვის.
9. დაშვებაზე უფლებამოსილი და დამხმარე პერსონალისათვის დაშვების უფლების მინიჭებას საწარმოში ახორციელებს ხარისხის სისტემაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც უფლებამოსილია, საწარმოში დანიშნოს სხვა პირები, რომლებიც უშუალოდ გასცემენ ან აუქმებენ ავტორიზაციის სერტიფიკატს სახელმძღვანელოში მითითებული პროცედურის შესაბამისად.
10. საწარმო ვალდებულია, აწარმოოს ექსპლუატაციაზე დაშვების უფლების მქონე და დამხმარე პერსონალის მონაცემების და დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათ შორის:
ა) პერსონალის სხ-ის ტექმომსახურების ავიასპეციალისტის მოწმობის მონაცემები;
ბ) მონაცემები მისი განათლების და სწავლებების შესახებ;
გ) დაშვებების მოცულობა.
დ) მონაცემები იმ პერსონალის შესახებ, რომელსაც მინიჭებული აქვს დაშვების შეზღუდული მოცულობა ან ერთჯერადი ავტორიზაციები.
11. პერსონალის მიერ საწარმოს დატოვების ან ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ, საწარმომ ავტორიზაციის დოკუმენტაცია უნდა შეინახოს სამი წლის განმავლობაში. პერსონალის მოთხოვნის შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია, გადასცეს აღნიშნული დოკუმენტაციის ასლები.
12. საწარმო ვალდებულია, დაშვებაზე უფლებამოსილ პერსონალს გადასცეს დაშვების ავტორიზაციის დოკუმენტის ასლი.
13. დაშვებაზე უფლებამოსილი პერსონალი ვალდებულია, ნებისმიერ უფლებამოსილ პირს 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამისი სერტიფიკატი.
14. ამ მუხლით განსაზღვრული პერსონალის მინიმალურის ასაკი შეადგენს 21 წელს.
15. A კატეგორიის ტექნიკოსის (ტექნიკური ავიასპეციალისტის) მოწმობის მფლობელს შეიძლება მიეცეს კონკტეტული ტიპის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში დაშვების უფლება, თუ გავლილი აქვს სხ-ის ამ ტიპზე შესაბამისი სამუშაოების შესრულების თეორიული და პრაქტიკული სწავლებები. სწავლების წარმატებით დასრულება დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სასწავლო დაწესებულების მიერ ჩატარებული გამოცდით ან საწარმოს მიერ პრაქტიკული სამუშობის შესრულების შეფასებით.
16. B2 კატეგორიის ტექნიკოსის (ტექნიკური ავიასპეციალისტის) მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია, განახორციელოს მარტივი გეგმიური ოპერატიული ტექმომსახურების და მარტივი დეფექტების აღმოფხვრის სამუშაოების შესრულება და ექსპლუატაციაში დაშვება, თუ მას წარმატებით დასრულებული აქვს:
ა) A კატეგორიის ოსტატობისთვის საჭირო შესაბამისი სამუშაოების შესრულებლის სწავლება;
ბ) 6 თვიანი (დოკუმენტირებული) გამოცდილება იმ სამუშაოების შესრულებისა, რომლის დაშვებაზე უფლებამოსილი იქნება შესაბამისი ავტორიზაციით;
გ) სამუშაოების შესრულების სწავლება უნდა მოიცავდეს, ავტორიზაციაში განსაზღვრული სამუშაოების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს;
დ) სწავლების წარმატებით დასრულება დადასტურებული უნდა იქნეს ჩატარებული გამოცდით ან პრაქტიკული სამუშაობის შესრულების შეფასებით, იმ საწარმოს მიერ, რომელიც გასცემს ავტორიზაციას;
ე) პრაქტიკული გამოცდილების მიღება უნდა მოხდეს ავტორიზაციის გამცემ საწარმოში.
მუხლი 9🔗.
მოწყობილობა, ინსტრუმენტები და მასალა
1. საწარმოს უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო მოწყობილობა, ინსტრუმენტი და მასალა, რაც მითითებულია საავიაციო ტექნიკის მწარმოებლის ან დამამზადებლის ინსტრუქციებში. საწარმო მიერ ალტერნატიული ინსტრუმენტის ან მოწყობილობის გამოყენება დასაშვებია მის ტექმომსახურების სახელმძღვანელოში გაწერილი პროცედურის შესაბამისად, სააგენტოსთან შეთანხმებით.
2. საწარმოს უნდა გააჩნდეს მუდმივად ხელმისაწვდომი მოწყობილობები და ინსტრუმენტები, გარდა იმ მოწყობილობისა ან ინსტრუმენტისა, რომლებიც გამოიყენება იშვიათად. იშვიათად საჭირო ხელსაწყოების და მოწყობილობების გამოყენების პროცედურები აღწერილი უნდა იყოს ტექმომსახურების სახელმძღვანელოში.
3. საწარმოს, საბაზო ტექნიკური მომსახურებისათვის, უნდა გააჩნდეს საჰაერო ხომალდის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევისთვის საჭირო პლატფორმები და/ან დოკები.
4. ინსტრუმენტების, მოწყობილობის და სატესტო საშუალებების ვარგისობისა და სიზუსტის შენარჩუნება, მათი სათანადო კონტროლი და დაკალიბრება საწარმომ უნდა უზრუნველყოს მწარმოებლის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული დაკალიბრებისა და სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი ჩანაწერები ინახება საწარმოში.
5. საწარმოში გამოყენებული ყველა ინსტრუმენტი და მოწყობილობა, მათ შორის, პერსონალური ინსტრუმენტები, აღრიცხული უნდა იყოს შესაბამის რეესტში, სადაც აღნიშნული იქნება მათი შემოწმების და დაკალიბრების თარიღი, შემოწმების ინტერვალები, ვარგისობის ვადები.
6. ყველა ინსტრუმენტზე და მოწყობილობაზე დატანილი უნდა იქნეს იარლიყი, მისი შემოწმების და ვარგისობის ვადების აღნიშვნით. დაზიანებული ან გამოსაყენებლად უვარგის ინსტრუმენტზე დაიტანება შესაბამისი იარლიყი, რომელზეც აღნიშნულია გაუმართაობა.
მუხლი 10🔗.
კომპონენტები და მათი ტექმომსახურება
1. კომპონენტები იყოფა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) კომპონენტები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაბამისად ასახულია მისი მწარმოებელი, დასახელება, ნახაზის და სერიული ნომერი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი:
ა.ა) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული საწარმოს მიერ; ან
ა.ბ) საჰაერო ხომალდის მწარმოებლის მიერ; ან
ა.გ) EASA-ს ან მისი წევრი ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული საწარმოს მიერ;
ბ) გაუმართავი კომპონენტები, რომელთა ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად. გაუმართავად ითვლება კომპონენტი თუ:
ბ.ა) ამოწურულია ტექმომსახურების პროგრამით განსაზღვრული რემონტშორისი რესურსი;
ბ.ბ) არ არის დაკმაყოფილებული საფრენად ვარგისობის დირექტივის მოთხოვნები;
ბ.გ) არ არის ხელმისაწვდომი ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ.დ) ექსპლუატაციის დროს გამოვლენილი იქნა მტყუნება ან/და გაუმართაობა;
ბ.ე) გამოიყენებოდა იმ საჰაერო ხომალდზე, რომელმაც განიცადა საავიაციო შემთხვევა;
გ) ექსპლუატაციისათვის უვარგისი კომპონენტები:
გ.ა) რომლებიც არ ექვემდებარება გარემონტებას;
გ.ბ) რომლებიც ვერ აკმაყოფილებს მწარმოებლის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;
გ.გ) რომლის მოდიფიცირება ან გადაკეთება მოხდა დადგენილი წესის დარღვევით;
გ.დ) ამოწურული აქვს მწარმოებლის მიერ საექსპლუატაციო რესურსი და არ აქვს ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ.ე) რომლის ვარგის მდგომარეობაში დაბრუნება ვერ მოხდება, გარემო პირობების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანების გამო;
გ.ვ) რომლისთვისაც ვერ სრულდება საფრენად ვარგისობის დირექტივის მოთხოვნები.
დ) სტანდარტული დეტალები, რომლებიც გამოიყენება საჰაერო ხომალდზე, ძრავაზე, საჰაერო ხრახნზე ან საჰაერო ხომალდის სხვა კომპონენტზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი მითითებულია დამამზადებლის დეტალების ილუსტრირებულ კატალოგში და/ან ტექმომსახურების მონაცემებში.
2. ტექმომსახურების პროცესში გამოყენებული მასალები უნდა აკმაყოფილებდეს მწარმოებლის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. ყველა მასალას თან უნდა ახლდეს დოკუმენტაცია, რომელიც ზუსტად ასახავს ამ მასალის შესაბამისობას მასალის მწარმოებლის მოთხოვნებთან.
3. კომპონენტის, სათადარიგო ნაწილების და მასალების დამონტაჟებამდე საწარმო ვალდებულია, დადგენილი პროცედურების შესაბამისად, დარწმუნდეს, რომ კონკრეტული კომპონენტი, სათადარიგო ნაწილები და მასალები ვარგისია საჰაერო ხომალდზე დასამონტაჟებლად.
4. საჰაერო ხომალდზე დამონტაჟებული უნდა იქნეს მხოლოდ ის კომპონენტი, სათადარიგო ნაწილი და მასალები, რომლებიც ვარგის მდგომარეობაშია, გააჩნია საჭირო დოკუმენტაცია და დადგენილია სხ-ის მწარმოებლის სახელმძღვანელო დოკუმენტაციით, საწარმოს მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
5. საწარმოს, საავიაციო ტექნიკაზე მიმდინარე ტექნიკური მომსახურების პროცესში შეუძლია დაამზადოს შეზღუდული სახეობის ნაწილები, საწარმოს მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
6. ვარგისი სათადარიგო ნაწილები და მასალები განცალკევებულად უნდა ინახებოდეს გაუმართავი და ექსპლუატაციისთვის უვარგისი კომპონენტებისგან.
7. დანიშნულ რესურსგასული ან უვარგისი კომპონენტების გამოყენება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რესურსის გაგრძელება ან რემონტი ხდება მწარმოებლის ან შემმუშავებლის მიერ დადგენილი ინსტრუქციებით.
მუხლი 11🔗.
ტექმომსახურების მონაცემები
საწარმოს, სხ-ის ყველა იმ ტიპისა და კომპონენტისათვის, რომელზეც გააჩნია ტექმომსახურების უფლება, მათ შორის, მოდიფიკაციების და რემონტის განხორციელებისას, უნდა გააჩნდეს ტექმომსახურების მოქმედი მონაცემები, რომელთა შესაბამისადაც უნდა განახორციელოს ტექმომსახურება.
ტექმომსახურების მოქმედ მონაცემებს წარმოადგენს შემდეგი მონაცემები:
ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნა, სტანდარტი, ინსტრუქცია.
ბ) საავიაციო ტექნიკის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის ან დამამზადებლის მიერ გამოქვეყნებული ფრენის ვარგისობის შენარჩუნების ინსტრუქცია;
საწარმოს უნდა გააჩნდეს პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს ტექმომსახურების პერსონალის მიერ გამოყენებულ ტექმომსახურების მონაცემებში არასწორი, არასრული ან ორაზროვანი პროცედურის, პრაქტიკის, ინფორმაციის ან ტექმომსახურების ინსტრუქციის აღმოჩენის შემთხვევაში მათ აღრიცხვას უსაფრთხოების ანგარიშების წარდგენის შიდა სქემით და შეცდომის ავტორისთვის შეტყობინებას.
საწარმო უფლებამოსილია, შეცვალოს ტექმომსახურების ინსტრუქციები მხოლოდ ტექმომსახურების სახელმძღვანელოს აღნიშნული პროცედურების შესაბამისად მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ აღნიშნული ცვლილების შედეგად შენარჩუნდება ან გაიზრდება ტმ-ის სტანდარტები. საწარმო ვალდებულია აღნიშნული ცვლილებების შესახებ შეატყობინოს სხ-ს ტიპის სერტიფიკატის მფლობელს.
შენიშვნა: ამ პუნქტში მითითებულ ტექმომსახურების ინსტრუქციებში იგულისხმება ის, თუ როგორ უნდა შესრულდეს კონკრეტული ტექმომსახურების დავალება და მათში არ მოიაზრება რემონტისა და მოდიფიკაციების შესრულების ინსტრუქცია.
საწარმო ვალდებულია, შემოიღოს სამუშაო ბარათების ან უწყისების სისტემა, რომელიც სავალდებულოა გამოსაყენებლად საწარმოს პერსონალის მიერ და მასში მიეთითება შესაბამის ტექნიკურ მონაცემებში შემავალი კონკრეტული ტმ-ს დავალება.
სამუშაო ბარათები ან უწყისები შესაძლებელია, შემუშავებული იქნას, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით შემუშავებული ბარათები ან უწყისები უნდა ინახებოდეს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში იმგვარად, რომ დაცული იქნას უკანონო შეცვლისგან და უზრუნველყოფილი იქნას სარეზერვო ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომლის განახლება მოხდება ძირითად ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანიდან 24 საათის განმავლობაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის პროცედურების მომზადებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანური ფაქტორების ზეგავლენა და შესაძლებლობები.
კომპლექსური ტექმომსახურების დავალებები უნდა ჩაიწეროს სამუშაო ბარათებში ან უწყისებში და დაიყოს დეტალურ საფეხურებად იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას ტექმომსახურების სრული პროცესის აღრიცხვა.
დასაშვებია სხ-ის ექსპლუატანტის სამუშაო ბარათების ან უწყისების გამოყენება, შესაბამისი ექსპლუატანტის მოთხოვნის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია, დაადგინოს პროცედურა, რომლის მიხედვითაც სათანადოდ შეივსება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამუშაო ბარათები ან უწყისები.
საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ ტექმომსახურების ყველა მოქმედი მონაცემი ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იყოს ტექმომსახურების პერსონალის მიერ გამოყენებისათვის.
საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს, ტექმომსახურების მონაცემების მუდმივი განახლება და კონტროლი.
სამუშაოს დამკვეთისაგან ტექმომსახურების მონაცემთა მიღებისას, დამკვეთმა წერილობით უნდა დაადასტურის რომ მის მიერ წარმოდგენილია მოქმედი, განახლებული მონაცემები.
მუხლი 12🔗.
წარმოების დაგეგმვა
1. საწარმომ უნდა უზრუნველყოს სტ-ის ტექმომსახურების დაგეგმვა, სამუშაოების რაოდენობის და სირთულის შესაბამისად, საწარმოს პერსონალის, ინსტრუმენტების, მოწყობილობის, მასალის, ტექმომსახურების მონაცემების და ტექნიკური საშუალების გამოყენების შესაძლობლობის გათვალისწინებით.
2. მართვის სისტემის ფარგლებში ტექმომსახურების ამოცანების დაგეგმვისას და სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანური შესაძლებლობები, პერსონალის გადაღლილობის რისკის თავიდან აცილებისათვის.
3. სამუშაოს შემსრულებლის შეცვლის შემთხვევაში, დაუსრულებელი სამუშაოების გადაცემისას, უნდა მოხდეს დაუსრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის სათანადო გადაცემა.
4. ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომელიც მომდინარეობს საწარმოში განხორციელებული ტექმომსახურების სამუშოებიდან, რაც შესრულებულია გარეშე პირთა მიერ, განიხილება ამ საწარმოს მართვის სისტემაში ფარგლებში.
მუხლი 13🔗.
ტექნიკური მომსახურების შესრულების შეფასება
1. საწარმო ვალდებულია, აწარმოოს მხოლოდ იმ საჰაერო ხომალდის და კომპონენტის ტექმომსახურება, რომლის უფლებამოსილებაც გააჩნია და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ტექნიკური საშუალება, მოწყობილობა, ხელსაწყო, მასალა, ტექმომსახურების მონაცემები და ექსპლუატაციაზე დაშვების უფლებამოსილი პერსონალი.
2. საწარმო პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ ტექმომსახურების სამუშაოებზე.
3. ტექნიკური მომსახურების შესრულების შეფასებისთვის საწარმომ უნდა უზრუნველყოს:
ა) სამუშაოების დამთავრების შემდეგ, შემსრულებელმა შეამოწმოს სამუშაოს შესრულების ადგილი (ნაკვეთურში, ლიუკებში, ჰაერშემწოვ მოწყობილობებში, კაბინაში), რათა არ დარჩეს ნაწილები, ხელსაწყო-იარაღები და სხვა გარეშე საგნები და დაკეტოს ტექნიკური ნაკვეთურების კარები (ხუფები, სახურავები);
ბ) ტექმომსახურების კრიტიკული სამუშაოების შესრულების შემდეგ შეცდომების გამოვლენის პროცესი;
გ) ტექმომსახურების დროს მრავლობითი და განმეორებითი შეცდომების დაშვების რისკის შემცირება იდენტური სამუშაოების შესრულებისას;
დ) დაზიანების შეფასება და მოდიფიკაციისა და რემონტის შესრულება შესაბამისი მონაცემების გამოყენებით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული საფრთხეები განხილული უნდა იქნეს საწარმოს უსაფრთხოების მართვის პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 14🔗.
საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაზე დაშვება და საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაზე დაშვების სერტიფიკატი (ტექმომსახურების სერტიფიკაცია
საავიციო ტექნიკის ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატზე საწარმოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს, რომ საწარმოს მიერ დამტკიცებული პროცედურების და სხ-ის მწარმოებლის დოკუმენტაციის შესაბამისად, შესრულებული იქნა სხ-ზე მოთხოვნილი ტექმომსახურება და საავიაციო ტექნიკას არ გააჩნია ფრენის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი შეუსაბამობა.
სტ-ის ექსპლუატაციაზე დაშვების სერტიფიკატს საწარმო გასცემს საჰაერო ხომალდის გაფრენამდე, ტმ-ის დასრულების შემდეგ.
აღნიშნული ტექმომსახურების დროს აღმოჩენილი ახალი დეფექტების ან მოთხოვნილი ტექმომსახურების არასრული შეკვეთის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს, რათა მოხდეს შეთანხმება მოცემული დეფექტების გამოსწორების თაობაზე ან ტექმომსახურების სამუშაო დავალებაში დამატებითი ელემენტების შეტანაზე. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი უარს იტყვის აღნიშნული ტექმომსახურების შესრულებაზე, სტ-ის ექსპუატაციაში დაშვება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
საჰაერო ხომალდიდან მოხსნილი კომპონენტის ტექმომსახურების დასრულების შემდეგ გაიცემა ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი (დანართი №1). თუ კომპონენტის ტექმომსახურება ხორციელდება საწარმოში სხ-ზე მიმდინარე ტექმომსახურების მოცულობაში, სავალდებულო არ არის დაშვების სერტიფიკატის გამოცემა, თუ საწარმოს სახელმძღვანელოში გაწერილია ექსპლუატაციაში დაშვების პროცედურებში.
თუ საწარმო ვერ ასრულებს მოთხოვნილი ტექმომსახურების დასრულებას, ის უფლებამოსილია, გასცეს სტ-ის ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი, ამ საჰაერო ხომალდისათვის დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში. საწარმო ვალდებულია, მოცემულ შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია შეიტანოს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატში მის გაცემამდე.
იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო ხომალდი არ იმყოფება ძირითადი ბაზირების ადგილზე ან საწარმოს ოპერატიული ტექმომსახურების სადგურზე და მასზე დეფექტის აღმოსაფხვრელად ხელმისაწვდომი არაა სათანადოდ სერტიფიცირებული კომპონენტი, დასაშვებელია კომპონენტის დროებით დაყენება სათანადო სერტიფიკატის გარეშე მაქსიმუმ 30 ფრენა-საათის განმავლობაში, ან სხ-ს ბაზირების ადგილას დაბრუნებამდე, იმის და მიხედვით, თუ რომელი პირობა დადგება უფრო ადრე. მოცემული კომპონენტების დემონტაჟი უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული დროის ამოწურვამდე მიღებული არ იქნა შესაბამისად ექსპლუატაციაში დაშვების სათანადო სერტიფიკატი.
მუხლი 15🔗.
ჩანაწერების აღრიცხვა
1. ტექმომსახურების მონაცემების წარმოების მიზნით, საწარმო ვალდებულია:
ა) აღრიცხოს და შეინახოს მის მიერ შესრულებული სამუშაოების ჩანაწერები, რომლის საფუძველზეც გაიცა ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი, აგრეთვე, ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების და ექსპლუატაციაში დაშვების დოკუმენტები;
ბ) გადასცეს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატ(ებ)ის ასლი და მის მიერ შესრულებული ტექმომსახურების სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის შესაბამისად;
გ) შეინახოს მის მიერ შესრულებული ტექმომსახურების ჩანაწერის და მასთან დაკავშირებული ტექმომსახურების მონაცემების ასლები საჰაერო ხომალდის ან საჰაერო ხომალდის კომპონენტის ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატ(ებ)ის გაცემიდან სამი წლის განმავლობაში;
დ) იმ შემთხვევაში, თუ საწარმო შეწყვეტს საქმიანობას, ბოლო სამი წლის განმავლობაში შენახული ყველა ჩანაწერი გადაეცემა შესაბამისი საჰაერო ხომალდის ან კომპონენტის ბოლო მფლობელს ან დამკვეთს.
2. მართვის სისტემისა და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების მიზნით, საწარმო ვალდებულია, აღრიცხოს და არანაკლებ 5 წლის განმავლობაში შეინახოს:
ა) მართვის სისტემის ძირითადი პროცესების დოკუმენტაცია;
ბ) კონტრაქტორ და ქვეკონტრაქტორ საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;
3. საწარმოს პერსონალის ჩანაწერების წარმოების მიზნით, საწარმო ვალდებულია:
ა) აღრიცხოს და შეინახოს საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებაში, შესაბამისობის მონიტორინგში და უსაფრთხოების სისტემაში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ) აღრიცხოს სტ-ის ექსპლუატაციაზე დაშვების უფლების მქონე და დამხმარე პერსონალის მონაცემები და დოკუმენტაცია:
ბ.ა) პერსონალის სხ-ის ტექმომსახურების ავიასპეციალისტის მოწმობის მონაცემები;
ბ.ბ) გავლილი ტრეინინგების მონაცემები;
ბ.გ) დაშვებების მოცულობები;
ბ.დ) მონაცემები იმ პერსონალის შესახებ, რომელსაც მინიჭებული აქვს დაშვების შეზღუდული მოცულობა ან ერთჯერადი ავტორიზაციები.
გ) ავტორიზაციის დოკუმენტაცია შეინახოს პირის საწარმოში მუშაობის პერიოდში და მის მიერ საწარმოს დატოვების ან ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში.
დ) პერსონალის მოთხოვნის და მის მიერ საწარმოს დატოვების შემთხვევაში გადასცეს აღნიშნული დოკუმენტაციის ასლები.
4. საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და ეფექტური მოძიების სისტემის შექმნა.
5. ჩანაწერების ფორმატი აღწერილი უნდა იქნას საწარმოს სახელმძღვანელოში.
6. ჩანაწერები დაცული უნდა იქნეს დაზიანებისაგან, დაკარგვისა და მათში არაკანონიერი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობისგან.
მუხლი 16🔗.
ანგარიში ფრენის უსაფრთხოების შესახებ
1. საწარმომ, მართვის სისტემის ფარგლებში, უნდა დანერგოს მოვლენათა შეტყობინების სისტემა სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვალის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.
2. საწარმო ვალდებულია, სააგენტოსთან შეთანხმებული პროცედურების დაცვით, თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურებისას გამოვლენილი გაუმართაობის, მტყუნების, დეფექტის ან სხვა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს და სხ-ის ტიპის შემუშავებაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას.
3. საწარმო, თუ ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სხვა სხ-ის ექსპლუანტანტის საავიაციო ტექნიკის ტექმომსახურებას, ვალდებულია აღნიშნულ სხ-ის ექსპლუატანტს შეატყობინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მდგომარეობის შესახებ.
4. საავიაციო მოვლენის შესახებ სავალდებულო შეტყობინება წარდგენილი უნდა იქნეს მოვლენის მოხდენიდან/დაფიქსირებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა.
5. საწარმომ უნდა წარმოადგინოს ანგარიში, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი გასატერებელი ღონისძიებები მსგავსი შემთხვევების მომავალში თავიდან აცილებისათვის.
მუხლი 17🔗.
ტექმომსახურების პროცედურები
1. საწარმომ, სააგენტოსთან შეთანხმებით, უნდა ჩამოაყალიბოს ტექმომსახურების პროცედურები ადამიანური ფაქტორების და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც უზრუნველყოფს ტექმომსახურების დავალებით განსაზღვრული ტექმომსახურების შესრულებას და საჰაერო ხომალდის და/ან კომპონენტების ექსპლუატაციაში დაშვებას, ამ წესის მოთხოვნების მიხედვით.
2. საწარმოს მიერ დამტკიცებული სტ-ის ტექმომსახურების პროცედურები უნდა მოიცავდეს სტ-ს ტექმომსახურების შესრულების ყველა ასპექტს, მათ შორის, სპეციალიზირებულ ტექმომსახურების კონტროლს და ადგენდეს სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც საწარმო განახორციელებს სტ-ის ტექმომსახურებას.
მუხლი 18🔗.
საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო
1. საწარმოს უნდა გააჩნდეს ტექმომსახურების პროცედურების სახელმძღვანელო, სადაც განისაზღვრება:
ა) საწარმოს სამუშაო მოცულობები და ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ბ) საწარმოს პერსონალის საქმიანობის ინსტრუქცია, მასთან დაკავშირებული ინფორმაცია და პროცედურები;
2. სახელმძღვანელო მოიცავს:
ა) საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერილ დადასტურებას, რომ საწარმო განახორციელებს საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებას ამ წესის მოთხოვნების და საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს შესაბამისად. თუ ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირი არ არის საწარმოს დირექტორი, აღნიშნული დადასტურება დამატებით დამოწმებული უნდა იყოს დირექტორის ხელმოწერით;
ბ) საწარმოს უსაფრთხოების პოლიტიკა და მიზნები ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად;
გ) ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული პერსონალის სახელები და თანამდებობები;
დ) ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული პერსონალის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე ის საკითხები, რომელთა თაობაზე იგი უფლებამოსილია უშუალოდ მიმართოს სააგენტოს საწარმოს სახელით;
ე) საწარმოს სტრუქტურა, სადაც ასევე აღწერილი იქნება სტრუქტურულ ერთეულობს შორის ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის სქემა;
ვ) სტ-ის ექსპლუატაციაზე დაშვების უფლებამოსილი და მისი დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი;
ზ) ადამიანური რესურსების მართვა და სამუშაოს დაგეგმვა;
თ) საწარმოს შენობა- ნაგებობების აღწერა;
ი) საწარმოს სამუშაო მოცულობების დეტალური აღწერა, ამ წესის №6 დანართის შესაბამისად;
კ) პროცედურები საწარმოში იმ ცვლილებების განხორციელების დროს, რომელთა წინასწარი შეთანხმება სააგენტოსთან არ არის სავალდებულო;
ლ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანის პროცედურა;
მ) ამ წესის მე-6-21-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისი პროცედურები და მართვის სისტემის დოკუმენტირება;
ნ) საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების/მესაკუთრეების ჩამონათვალი, რომელთა საჰაერო ხომალდ(ებ)ზე, საწარმო განახორციელებს ტექნიკურ მომსახურებას;
ო) ქვეკონტრაქტრაქტორი საწარმოების ჩამონათვალი, არსებობის შემთხვევაში;
პ) ადგილმდებარეობა, სადაც საწარმო განახორციელებს ტექნიკურ მომსახურებას, მათ შორის, ოპერატიული მომსახურების სადგურები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ჟ) კონტრაქტორი საწარმოების ჩამონათვალი.
3. პროცედურების სახელმძღვანელოს ითანხმებს სააგენტო. საჭიროებისამებრ, ხდება მისი განახლება საწარმოში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ასევე თანხმდება სააგენტოს მიერ.
მუხლი 19🔗.
საწარმოში დაგეგმილი ცვლილებები
1. საწარმოში დაგეგმილი შემდეგი ცვლილებები საჭიროებს სააგენტოს წინასწარ თანხმობას:
ა) საწარმოს სერტიფიკატით და მისი დანართით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებული ცვლილებები;
ბ) პასუხისმგებელი და დანიშნული ხელმძღვანელი პირების ცვლილება;
გ) პასუხისმგებელი და დანიშნული ხელმძღვანელი პირების ანგარიშვალდებულების სქემის ცვლილება;
დ) იმ პროცედურების ცვლილება, რომლის შესაბამისად ხორციელდება საწარმოს ცვლილებები სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე;
ე) საწარმოს ტექმომსახურების ადგილმდებარეობის დამატება;
2. განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია დაგეგმილი ცვლილების შესახებ სააგენტოს წარედგინება ცვლილების განხორციელებამდე.
3. საწარმო უფლებამოსილია, განახორციელოს ცვლილება სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ.
4. ის ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას, ეცნობება სააგენტოს ცვლილების განხორციელებიდან 5 დღის განმავლობაში.
მუხლი 20🔗.
მართვის სისტემა
1. საწარმომ უნდა დანერგოს მართვის სისტემა, რომელიც უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა) პერსონალის პასუხისმგებლობების და ანგარიშვალდებულებების აღწერა მთელი ავიასაწარმოს მასშტაბით, მათ შორის, ხელმძღვანელი პასუხიმგებელი პირის ვალდებულება უსაფრთხოებაზე;
ბ) საწარმოს ხედვა და პრინციპები უსაფრთხოების პოლიტიკისა და მიზნების მიმართ;
გ) საწარმოს საქმიანობის შედეგად გამოწვეული ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება, მათი შეფასება და მასთან დაკავშირებული რისკების მართვა, მათ შორის, რისკების შემცირებისა და ამ ქმედებების ეფექტურობის გადამოწმების მიზნით;
დ) ტექნიკური პერსონალის უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება;
ე) დოკუმენტაციის წარმოება, რომელიც აღწერს მართვის სისტემის ძირითად პროცესებს, მათ შორის პერსონალისთვის მათი ვალდებულებების და ამ დოკუმენტაციის განახლების პროცედურების გაცნობის პროცესს.
ვ) დადგენილ მოთხოვნებთან საწარმოს საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგი. მათ შორის, პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირისათვის შემოწმების შედეგების მიწოდების სისტემას, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაკორექტირებელი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელება.
2. ავიასაწარმოს მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ავიასაწარმოს ორგანიზაციულ სტრუქტურას, გაწეული მომსახურების კომპლექსურობას, საფრთხეების და რისკების გათვალისწინებით.
3. თუ ავიასაწარმო, გარდა საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისა, ახორციელებს სხვა საავიაციო საქმიანობას საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია გააჩნდეს ერთიანი ინტეგრირებული მართვის სისტემა.
მუხლი 21🔗.
უსაფრთხოების ანგარიშების შიდა წარმოება
1. საწარმომ, მართვის სისტემის ფარგლებში, უნდა ჩამოაყალიბოს უსაფრთხოების ანგარიშების შიდა წარდგენის სქემა, რაც ითვალისწინებს ამ წესის მე-16 მუხლის მოთხოვნით წარმოდგენილი მოვლენათა შეტყობინების ანგარიშების შეგროვებას და შეფასებას.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების გარდა საწარმომ უნდა უზრუნველყოს სხვა ნებისმიერი შეცდომების, გადაცდომების და საფრთხეების შესახებ ანგარიშების წარმოება და შეფასება.
3. საწარმომ უნდა:
ა) დაადგინოს ანგარიშებში წარმოდგენილი შეცდომების, გადაცდომის და საფრთხეების მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები და განიხილოს ისინი, როგორც უსაფრთხოების რისკების მართვის პროცესის ნაწილი;
ბ) უზრუნველყოს „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ანალიზი და საჭიროებისამებრ მისი გავრცელება.
4. საწარმომ უნდა უზრუნველყოს ქვეკონტრაქტით გადაცემული საქმიანობის ფარგლებში, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოება;
5. საწარმომ უნდა ითანამშრომლოს სხვა საწარმოსთან, რომელიც იკვლევს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს.
თავი III
საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება
მუხლი 22🔗.
განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენა სააგენტოში, მათი განხილვა
1. განმცხადებელი, სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ამ წესის №1 დანართით დადგენილ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე საწარმოს მიერ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე სერტიფიკატის განახლებასთან, დუბლიკატის გაცემასთან, აგრეთვე, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) განაცხადის ფორმა (დანართი № 2);
ბ) საწარმოს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
გ) საწარმოს პასუხიმგებელი ხელმძღვანელი პირების მონაცემები (№4 დანართის შესაბამისად);
დ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-18 მუხლის მოთხოვნებს;
ე) ამ წესების მოთხოვნებთან საწარმოს შესაბამისობის დასადგენად საწარმოს პერსონალის მიერ ჩატარებული წინასწარი აუდიტის შედეგები.
3. განცხადების და თანდართული საბუთების ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად, არაზუსტად წარმოდგენის) შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ხარვეზზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი და წარმოადგინოს მათი გამოსწორების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
4. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში სააგენტო ახორციელებს საწარმოს ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას.
მუხლი 23🔗.
ნაკლოვანებები
1. საწარმომ უნდა უზრუნველყოს ჩატარებული შემოწმების შედეგების:
ა) შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზ(ებ)ის და ხელშემწყობი ფაქტორების დადგენა;
ბ) განსაზღვროს მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმა და წარუდგინოს სააგენტოს შესათანხმებლად;
გ) სააგენტოსთან შეთანხმებული მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება;
2. საწარმომ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს სააგენტოსთან შეთანხმებულ ვადებში.
მუხლი 24🔗.
სერტიფიკატის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის მოქმედების ვადა
1. სააგენტო, ამ წესით დადგენილი სასერთიფიკაციო მოთხოვნების, საწარმოს მიერ დაკმაყოფილების და/ან ნაკლოვანებების სრულად აღმოფხვრის შემთხვევაში, სერტიფიცირების საბოლოო ანგარიშის საფუძველზე 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს სერტიფიკატს და მის დანართს და ითანხმებს საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს.
2. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ, თუ არ მოხდა მისი შეჩერება ან გაუქმება.
3. სააგენტო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში.
მუხლი 25🔗.
სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანა
1. სერტიფიკატის მფლობელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით (დანართი №1), რომელშიც აღინიშნება საწარმოს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთვოდეს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2. სააგენტოს შეაქვს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ი, თუ:
ა) შეიცვალა სერტიფიკატის მფლობელის დასახელება ან სამართლებრივი ფორმა;
ბ) შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი;
3. სააგენტო განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს განცხადების რეგისტრაციიდან სამი თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანის ან ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
4. სააგენტო ახალ სერტიფიკატს და/ან სერტიფიკატის დანართს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტოს.
მუხლი 26🔗.
სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დუბლიკატის გაცემა
1. სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დუბლიკატი გაიცემა:
ა) სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დაკარგვისას;
ბ) სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დაზიანებისას.
2. სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დუბლიკატის მისაღებად სერტიფიკატის მფლობელი სააგენტოში წარადგენს განცხადებას დუბლიკატის გაცემის დასაბუთებით. დუბლიკატი გაიცემა სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 27🔗.
სერტიფიკატის შეჩერება, გაუქმება, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ:
ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია (შეიძლება გამოწვიოს) საავიაციო მოვლენა;
ბ) საწარმომ ვერ უზრუნველყო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების აღმოფხვრა;
გ) სააგენტო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, 24 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებს იმ საწარმოს ზედამხედველობას.
2. სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება სერტიფიკატის მფლობელს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სერტიფიკატის შეჩერების მიზეზ(ებ)ი.
3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება სერტიფიკატის შეჩერების მიზეზი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვით.
4. სერტიფიკატი განახლდება, თუ აღმოფხვრილ იქნება ის ნაკლოვანებები, რომლებიც გახდა მისი შეჩერების საფუძველი და სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე. ამასთან სააგენტო უნდა დარწმუნდეს ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.
5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) სერტიფიკატის შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;
გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
6. სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება:
ა) სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
ბ) ამ წესის 29-ე მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი ისეთი ნაკლოვანებების არსებობისას, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმოს და სადგურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად ვერ უზრუნველყოფს სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული ტმ-ის სახეობებისა და/ან დასაშვებ სამუშაოთა სრულად განხორციელებას.
7. სერტიფიკატის გაუქმების, მისი შეჩერების, ან სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საწარმო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ დაინტერესებულ პირებს.
8. სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში საწარმო ვალდებულია 3 (სამი) დღის ვადაში დააბრუნოს სააგენტოში სერტიფიკატი და მისი დანართი.
მუხლი 28🔗.
უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარება
1. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება უცხო ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს მიერ, თუ ამ საწარმოს სერტიფიკატი (შემდგომში - უცხო სერტიფიკატი) აღიარებულია სააგენტოს მიერ.
2. სააგენტოს მიერ უცხო სერტიფიკატის აღიარებისათვის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა /მესაკუთრემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ა) განაცხადი (დანართი№ 1);
ბ) უცხო სერტიფიკატის მფლობელთან ტმ-ის განხორციელებაზე დადებული ხელშეკრულება ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
გ) უცხო სერტიფიკატი და მისი დანართი;
დ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო და აღიარებასთან დაკავშირებული დამატება;
ე) ამ წესების მოთხოვნებთან საწარმოს შესაბამისობის დასადგენად ექსპლუატანტის მიერ ჩატარებული წინასწარი აუდიტის შედეგები.
3. საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს დამატებას ამტკიცებს სააგენტო;
4. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს საწარმოს ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. აღიარების მოწმობის გაცემამდე, სააგენტო ამოწმებს სერტიფიკატის ნამდვილობას (ავთენტურობას) სერტიფიკატის გამცემ საავიაციო ხელისუფლებასთან.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი საბუთების სააგენტოში განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ წესის 24-ე მუხლით დადგენილი წესით.
7. EASA-ს ან EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ გაცემულ სერტიფიკატს სააგენტო აღიარებს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების გარეშე, სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლებიდან მიღებული ზედამხედველობის ანგარიშის საფუძველზე.
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სერტიფიკატის აღიარებაზე დადებითი დასკვნისას სააგენტო გასცემს „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს აღიარების მოწმობას“ (დანართი №5).
9. „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს აღიარების მოწმობა“ (შემდგომში – აღიარების მოწმობა) გაიცემა აღიარებული უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მოქმედების ვადის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ორი წლის ვადით.
10. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს აღიარებისას, ექსპლუატანტის/მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვენის სერტიფიკატის მფლობელ საწარმოსთან გაფორმებული ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) საავიაციო ტექნიკის შესასრულებელი ტექნიკური მომსახურების სახეობები საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ის და ამოსაცნობი ნიშნების მითითებით, ხოლო ძრავების ტექმომსახურებისას ამ ძრავების ტიპები;
ბ) ადგილმდებარეობა, სადაც სრულდება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება. ამ ადგილდებარეობაზე ტექნიკური მომსახურების შესრულება ნებადართული უნდა იყოს საწარმოს სერტიფიკატით;
გ) სხვა საწარმოს მიერ ტექმომსახურების სამუშაოების შესრულება;
დ) ხელშეკრულებით განსაზღვრული საავიაციო ტექნიკისათვის დამტკიცებული ტექნიკური მომსახურების პროგრამების, მწარმოებლის სახელმძღვანელოებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტების გამოყენება;
ე) საწარმოზე ექსპლუატანტის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის ზედამხედველობა;
ვ) უცხო სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლების და სააგენტოს ჩართულობა;
ზ) ექსპლუატანტის მიერ საავიაციო ტექნიკაზე შესრულებული საფრენად ვარგისობის დირექტივების, მოდიფიკაციების, ბიულეტენების და სხვა სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
თ) სათადარიგო ნაწილების და სხვა სახარჯი მასალების მიწოდება;
ი) ტექმომსახურების სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტების სამუშაო პაკეტის მომზადება;
კ) საავიაციო ტექნიკის ტექმომსახურების შემდეგ საფრენოსნო ან სტენდზე გამოცდა;
ლ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაში დაშვება;
მ) ტექმომსახურების ჩანაწერების მომზადება;
ნ) ექსპლუატანტსა და ტექმომსახურების საწარმოს წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის და ტემომსახურებისას წამოჭრილი საკითხების განხილვა.
11. უცხო სერტიფიკატის აღიარების მოწმობა შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს სააგენტოს მიერ ამ წესის 27-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 29🔗.
ზედამხედველობა
1. სერტიფიკატის/აღიარების მოწმობის მფლობელის მიერ ტმ-სთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობა სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას ახორციელებს სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში.
2. სერტიფიკატის მფლობელის ტმ-სთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა ითვალისწინებს სერტიფიკატით და/ან მისი დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას. შემოწმების სახეს (გეგმური, არაგეგმური) და პერიოდულობას ადგენს სააგენტო. ამ პუნქტით განსაზღვრული შემოწმებისას საქართველოს ტერიტორიის გარეთ, განმცხადებელი, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ვალდებულია აანაზღაუროს სააგენტოს სპეციალისტების სამივლინებო ხარჯები.
3. სააგენტოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მფლობელის ზედამხედველობა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ან უცხო სერტიფიკატის გამცემი ორგანოდან მიღებული ზედამხედველობის ანგარიშების საფუძველზე.