აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2021
ძალაში შესვლა 01.01.2022
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016452
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2021
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2021 წლის 28 დეკემბერი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ' აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის1 იანვრიდან.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ხოშტარია
დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შექმნილი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმრთველობის კოდექსი“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ", „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა შესახებ“, „სოციალური მუშაობის შესახებ“, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.აბაშა, ტროფი დარასელიას ქ. №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის უფლებამოსილებები
1. სამსახურის ფუნქციებია:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის და აბაშის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დასახული ძირითადი პრიორიტეტებისა და მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქმიანობის კოორდინაცია;
გ) სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
დ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ე) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაცია;
ვ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა;
ზ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
თ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა;
ი) სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
კ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მიზნობრივი ჯგუფების (უმუშევრები, პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები, მრავალშვილიანები, ვეტერანები, დევნილები და სხვა) საჭიროებების შესწავლა, მათზე შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება, სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ვეტერანთა საქმეებზე საინფორმაციო ბაზის წარმოება, მათი სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება, კოორდინაცია;
მ) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
ნ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილთა დროებითი განსახლების ორგანიზაცია, მათი პრობლემების, სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა, დასკვნებისა და წინადადებების წარმოდგენა. მათი უფლებების დაცვა;
ო) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიური იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შეფასება, პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება;
ჟ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათში ჩართვის ხელშეწყობა;
რ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;
ს) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარება;
ტ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარება.
უ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ფ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
ქ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
ღ) „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;
ყ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
შ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ჩ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა ;
ც) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციისა და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;
ძ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;
წ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და განყოფილების მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სოციალური დაცვის განყოფილება;
ბ) სოციალური სერვისების განყოფილება;
გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერანთა საქმეების განყოფილება;
დ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს, მერის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვა განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
გ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სოციალური სერვისების განყოფილება
ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების იდენტიფიცირება;
ბ) მათი საჭიროებების განსაზღვრა-შეფასება;
გ) ბენეფიციართა ჩართვა მუნიციპალიტეტის შესაბამის სოციალური მომსახურებებში;
დ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისთვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება/კონსულტირება;
ე) ბენეფიციართა მონაცემების ბაზის წარმოება და შესაბამისი სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
ვ) ბენეფიციართა კმაყოფილების და მომსახურების ზეგავლენის შეფასება ინსტრუმენტის – მომსახურების ზეგავლენის შეფასების კითხვარი – საშუალებით დადგენილ პერიოდულობით;
ზ)შეფასების შედეგების ანალიზი/რეკომენდაციები სოციალური პროგრამების განვითარების/მოდიფიკაციის მიზნით;
თ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების გატარება.
მუხლი 6🔗.
სამსახურის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერანთა საქმეების განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერანთა საქმეების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის, ვეტერანების განცხადებების, წინადადებების და საჩივრების განხილვას, შესწავლას, კანონით დადგენილი შეღავათების მიღების ორგანიზებას;
ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულთა დროებითი განსახლების ორგანიზებას, აღრიცხვა-რეგისტრაციის და მოწმობების გაცემის კამპანიის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობას;
გ) იძულებით გადაადგილებულთა და ვეტერანთა პრობლემატური საკითხების შესწავლას, წინადადებების და დასკვნების წარმოდგენას. მათი სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვას. საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა-მონიტორინგს, სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
დ) იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის, ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრირების ხელშეწყობას;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, ვეტერანთა საქმეებზე საინფორმაციო ბაზის წარმოებას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება
1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდგომ, განყოფილება) არის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით შექმნილი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული მეორადი სტრუქტურული ერთეული.
2. განყოფილება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
3. განყოფილება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს ამ დებულებით დადგენილი ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის დადგენის წესების საფუძველზე.
4. განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 8🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციები
1. განყოფილების ფუნქციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროში წარმოადგენს:
ა) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;
ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა;
თ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციისა და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
2. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას;
ბ) საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამსახურის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას, საინფორმაციო ბიულეტენების, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზებისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებასა და გავრცელებას;
დ) მერიის ვებგვერდზე (www.abasha.gov.ge) ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას.
მუხლი 9🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის პრინციპები
1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს.
2. განყოფილება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს ინტერდისციპლინური შეფასების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფილია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით.
3. განყოფილების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ, სულ მცირე: ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი.
4. განყოფილების მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპებისა და პროცედურების დაცვით.
5. განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, ბავშვის ფსიქოლოგის, ჯანდაცვის სპეციალისტის და იურისტის საქმიანობა ეფუძნება ოთხი თვალის პრინციპს, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას, ან მიღებული გადაწყვეტილების სულ მცირე, ორი თანამშრომლის მიერ დადასტურებას.
6. ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური ღონისძიებების დაგეგმვის ეტაპზე უპირატესობა ენიჭება ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას ბავშვის მხარდაჭერის კერძო დაწესებულებების კონკურსის წესით შერჩევის საფუძველზე.
მუხლი 10🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის ხელმისაწვდომობა
1. განყოფილების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) ბენეფიციარის მიმართვა;
ბ) მესამე პირების მხრიდან განხორციელებული შეტყობინება, ან ანონიმური ზარით მიღებული ინფორმაცია,
გ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეფერირება;
დ) უფლებამოსილი სამსახურის მიერ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები;
ე) მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან (მაგალითად: პედაგოგები, მშობლები) შეხვედრების შედეგად („აუთრიჩი“) გამოვლენილი შემთხვევები.
2. განყოფილება უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობას უშუალოდ და სატელეფონო მომსახურების სახით. სამსახურის ხელმისაწვდომობა მოიცავს შესაბამის სერვისებზე წვდომას სამუშაო დღეებში (ორშაბათი – პარასკევი) და სამუშაო საათებში (9:00 – 18:00 საათი).
3. ინფორმაცია მუნიციპალურ სერვისებსა და სატელეფონო მომსახურებაზე ქვეყნდება პროაქტიულად, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.
მუხლი 11🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის კოორდინაცია
1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი, ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში.
2. განყოფილების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ბავშვის თემებზე მომუშავე პირებთან კოორდინირებული თანამშრომლობით.
3. თუკი ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიება არ ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი, ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში, ბავშვს აღნიშნული სერვისი მიეწოდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში რეფერირების გარეშე (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ. მხარდაჭერის ღონისძიების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების 22 მუხლით დადგენილ ადმინისტრაციულ წარმოებაში სერვისის განხორციელებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის საფუძველზე.
4. განყოფილების მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში დადებული შეთანხმების საფუძველზე.
5. თუკი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, საქმის მართვაზე პასუხისმგებელი უწყებაა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. მუნიციპალიტეტის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი კოორდინაციაშია მეურვეობა–მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში.
6. განყოფილების მიერ საკითხის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში რეფერირება ხდება:
ა) თუკი შეფასების შედეგად დგინდება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საჭიროება;
ბ) თუკი განყოფილებაში შემოსული ინფორმაცია უკავშირდება ბავშვზე ძალადობის განხორციელებას, ან განხორციელების რისკს. ასეთ შემთხვევაში განყოფილებამ უნდა განახორციელოს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე;
გ) როდესაც მისი მართვა არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და მუნიციპალიტეტსა და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის არ არის დადებული ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების თაობაზე.
მუხლი 12🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საქმისწარმოების ერთიანი სისტემა
1. განყოფილება უზრუნველყოფს ბავშვის დაცვისა დამხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებულ განხორციელებას. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებული პროცესის უზრუნველსაყოფად იქმნება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელი.
2. ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელის შექმნის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ერთიანი სისტემის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
3. ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელში თავს იყრის ინფორმაცია ბენეფიციარის საჭიროებებზე, მის მიმართ განხორციელებული დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებზე, მიღწეულ შედეგებსა და შედეგების პერიოდულ მონიტორინგზე.
4. უფლებამოსილი პირების მიერ ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელით სარგებლობა ხდება ბავშვის პერსონალური მონაცემების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ბავშვის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ის შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახდეს მხოლოდ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული სუბიექტების მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მიზნით. ინფორმაცია ასევე, ხელმისაწვდომია ბავშვის მშობლისთვის/მშობლებისთვის, თუ მათ არ აქვთ შეზღუდული, ან ჩამორთმეული მშობლის უფლება, ასევე, ბავშვის მეურვისთვის/მზრუნველისთვის.
5. ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელის შექმნის, ფუნქციონირებისა და ინფორმაციით სარგებლობის წესებს ადგენს დებულება „ბავშვთა დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის შესახებ“.
6. ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელით სარგებლობის უფლების ფარგლები განისაზღვრება მასში ჩართულ სუბიექტებს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე.
მუხლი 13🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის წინაშე.
2. განყოფილების სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი.
3. განყოფილების უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
ბ) შემოსული განცხადების/ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მდგომარეობის შესწავლისა და სიტუაციური ანალიზის დოკუმენტის შემუშავების ვალდებულების განსაზღვრის შესახებ;
გ) უზრუნველყოფს საქმისწარმოებაში ბავშვის ფსიქოლოგის, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტისა და ბავშვის სამართლებრივი სპეციალისტის ჩართვას;
დ) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასების განხორციელების თაობაზე და უზრუნველყოფს მასში შესაბამისი მოწვეული სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობას;
ე) ამტკიცებს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ სკრინინგის, პირველადი, ან ჩაღრმავებული შეფასების საფუძველზე შემუშავებულ სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო ორგანოებთან ან/და კერძო პროვაიდერებთან თანამშრომლობით;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექტორის მიერ გეგმიური კონტროლის ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების შესახებ;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს სახდელის შეფარდებას, ან უგზავნის სამართალდარღვევის ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს.
თ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით ახდენს შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, ხელშეკრულებების დადებისა და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პროცესის მხარდაჭერას.
მუხლი 14🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი
1. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც:
ა) ახორციელებს ბავშვის მდგომარეობის შეფასებას ამ დებულების მე-20 მუხლით გათვალისწინებული ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით;
ბ) შეიმუშავებს ამ დებულების 21 მუხლით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე;
გ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით დადგენილი მომსახურებებისადმი ბავშვის ხელმისაწვდომობას;
დ) კოორდინაციას უწევს ამ დებულების 23-ე მუხლით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობით;
ე) საქმისწარმოების ერთიანი სისტემის გამოყენებით მონიტორინგს უწევს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების პროცეს და ადგენს ანგარიშს;
ვ) საგანმანათლებლო–აღმზრდელობით, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და ბავშვის თემებზე მომუშავე სხვა დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე.
2. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ახორციელებს ვიზიტს ოჯახში/ბავშვის განთავსების ადგილზე.
3. თუ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ მდგომარეობას, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. გადაუდებელია მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მომდევნო 24 საათის განმავლობაში.
მუხლი 15🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ბავშვის ფსიქოლოგი
1. ბავშვის ფსიქოლოგი არის საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში.
2. ბავშვის ფსიქოლოგი ადგენს ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას, სწავლობს მის ქცევას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
3. ბავშვის ფსიქოლოგი, საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და მეუღლეების თანხმობით ახორციელებს ახალშექმნილი ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ბავშვის ფსიქოლოგი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს.
მუხლი 16🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი
1. ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი არის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში.
2. ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი ადგენს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელებელი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების შესახებ.
3. ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი, საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და ოჯახის თანხმობით ახორციელებს ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, ქალის ორსულობის პერიოდში და მშობიარობიდან 1 წლის განმავლობაში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს.
მუხლი 17🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი
1. სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი (შემდგომ, იურისტი) არის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში.
2. იურისტის ფუნქციებია:
ა) განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების ორგანიზება და განყოფილების უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
გ) ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის სამართლებრივი ექსპერტიზა;
დ) ბავშვის/ოჯახის სამართლებრივი კონსულტირება.
მუხლი 18🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ბავშვის დაცვის ინსპექტორი
1. ბავშვის დაცვის ინსპექტორი (შემდგომ – ინსპექტორი) არის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურე, რომელიც ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების პრინციპებზე დაყრდნობით, ზედამხედველობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას.
2. ინსპექტორის უფლებამოსილებებია:
ა) საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა;
ბ) საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ბავშვის ჯგუფური ტრანსპორტირების წესებისა და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირების (ღონისძიების ორგანიზატორი) მიერ საკუთარი ვალდებულებების დაცვაზე ზედამხედველობა;
გ) ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის შემცველი ბეჭდური მედიის გავრცელების წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
დ) საჯარო კინოჩვენებებსა და ღამის კლუბებში ბავშვის დაშვების წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
ე) ჩაწერილ ფილმებზე ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვაზე ზედამხედველობა;
ვ) ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა თრობის საშუალებების, ალკოჰოლის შემცველი სასმელის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის, ან კაფსულების ბავშვისათვის უსასყიდლო, ან სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვაზე ზედამხედველობა.
3. ინსპექტორი სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებს შესაბამის ზედამედველობას განყოფილების უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმიური შემოწმების ფარგლებში, ან არაგეგმიურ შემოწმებას–შემოსული შეტყობინების საფუძველზე. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტორი ადგენს სამართალდარღვევის ოქმს და წარუდგენს განყოფილების ხელმძღვანელს შემდგომი რეაგირებისათვის.
4. ინსპექტორი პრევენციულ და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს „ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის“ საფუძველზე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-18 მუხლის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 19🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის დაფინანსება
1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი მეორადი სტრუქტურული ერთეულის – ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების დაფინანსება ხორციელდება აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. ბავშვის მხარდაჭერის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული პროგრამები ფინანსდება შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტით, ან საერთაშორისო გრანტებითა და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ფინანსური საშუალებებით.
მუხლი 20🔗.
ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სისტემა
1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრა ეფუძნება ბავშვის ბიო-ფსიქოსოციალური განვითარების საჭიროებების შესწავლას (შეფასებას) და იმ რისკების იდენტიფიცირებას, რომლებიც საფრთხეს უქმნის (ან შეუძლიათ შეუქმნან) ბავშვის ჯანსაღ ფუნქციონირებას (ან განვითარებას) და ზიანს აყენებს ბავშვის კეთილდღეობას.
2. საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრის მიზანია ზიანის რისკის თავიდან აცილება, ან ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, მისი ეფექტიანად მართვა.
3. ამ დებულების მე-20 მუხლის მიზნებისთვის ზიანის რისკი არის ინდივიადუალური ბავშვისათვის მოსალოდნელი ის უარყოფითი შედეგები, რომელიც დადგება თუ არ განხორციელდება მხარდაჭერის ღონისძიებები ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
4. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება გულისხმობს მასზე და მის უშუალო გარემოზე ამომწურავი ინფორმაციის მოგროვებას, მათ შორის,ბავშვის განვითარების მახასიათებლებსა და თავისებურებებზე, ბავშვის/ოჯახის ურთიერთობებსა და მიმართებებზე უშუალო გარემოსთან, ბავშვის/ოჯახის/გარემოს ძლიერ მხარეებსა და რესურსებზე.
5. შეფასების პროცესი მოიცავს ინფორმაციის განსხვავებული წყაროებისგან მოპოვებას და შეჯერებას, მის გადამუშავებას და კრიტიკულად გააზრებას, გარემო და ოჯახური ფაქტორების გავლენის განსაზღვრას ბავშვის კეთილდღეობაზე და იმის გაანალიზებას, თუ ბავშვი რა ზიანის რისკის წინაშე დგას და რა ტიპის მომსახურებები ესაჭიროება მას იმისათვის, რომ მის ჯანმრთელობას, განვითარებას და კეთილდღეობას საფრთხე არ შეექმნას.
6. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სისტემა არის ოთხდონიანი:
ა) ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი (პირველი დონე);
ბ) საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და ზიანის მსუბუქი რისკი (მეორე დონე);
გ) მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი (მესამე დონე);
დ) გადაუდებელი საჭიროება/ები და ზიანის მწავავე რისკი (მეოთხე დონე).
7. ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვის განვითარების საჭიროებები დაკმაყოფილებულია მშობლებისა და მზრუნველების მიერ და იმ სახელმწიფოს (თვითმმართელობის) საყოველთაო სერვისებით, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. ბავშვს არ აქვს სხვა დამატებითი საჭიროებები, მისი მშობლები და მზრუნველები თანმიმდევრულად და სათანადოდ ზრუნავენ მასზე და ზიანის რისკი არ იკვეთება.
8. საწყისი/ცალკეული საჭიროება/საჭიროებები და ზიანის მსუბუქი რისკი სახეზეა, როდესაც მშობლებისა და მზრუნველების მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და სახელმწიფოს (თვითმმართელობის) საყოველთაო სერვისები არ არის საკმარისი და იკვეთება ბავშვის ერთი, ან რამდენიმე საწყისი საჭიროება, ან საფრთხის პირველადი ნიშნები.
9. მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვს ესაჭიროება სპეციალური მომსახურება მისი კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების დამაკმაყოფილებელი დონის შესანარჩუნებლად, ან კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების სერიოზული შეფერხების, ან ზიანის თავიდან ასაცილებლად.
10. გადაუდებელი საჭიროება/საჭიროებები და ზიანის მწავავე რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის საჭიროებები უგულველყოფილია, მას აქვს სერიოზული ან/და კომპლექსური ჯანმრთელობის პრობლემები, ან/და არის ძალადობის მსხვერპლი/ძალადობის რისკის ქვეშ, ან განეკუთვნება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების ჯგუფს.
მუხლი 21🔗.
ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტები
1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება ხდება ორეტაპიანი პროცედურის საფუძელზე.
2. ადმინისტრაციული წარმოების პირველ ეტაპზე ხდება მონაცემების შეგროვება და ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითადი ფაქტორების დადგენა, აგრეთვე, შემდგომი შეფასების (პირველადი თუ ჩაღრმავებული შეფასება) საჭიროებების განსაზღვრა (სკრინინგი).
3. საფრთხის პირველადი შეფასების საფუძველზე დგინდება საფრთხის ხასიათი, ღონისძიების განხორციელების საჭიროება და სახე (სტანდარტული თუ გადაუდებელი), ან ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასების საჭიროება.
4. თუკი საფრთხის პირველადი შეფასება არ იძლევა სრულყოფილი დასკვნის შესაძლებლობას, ხორციელდება ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასება შესაბამისი მოწვეული სპეციალისტის (სპეციალისტების) ჩართულობით.
5. ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ფაქტორების შეფასება ხდება შეფასების საერთო ჩარჩოს საფუძველზე. შეფასება ხდება, სულ მცირე, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ბავშვს საცხოვრებელი, ან სოციალური გარემო ფაქტორების გათვალისწინებით;
ბ) საფრთხის ხასიათი, შესაბამისად, ზიანის მოცულობა;
გ) ზიანის დადგომის ალბათობის ხარისხი;
დ) მშობლების/მეურვის უნარი, თავიდან აიცილოს საფრთხე.
6. სკრინინგის მიზანია დაადგინოს შეფასების საჭიროება და ბავშვის კეთილდღეობის საჭიროებათა და ზიანის რისკის საწყისი დონე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება შესაბამისი რეაგირების ფორმა (სტანდარტული თუ გადაუდებელი). სკრინინგი ემსახურება ყველა იმ ბავშვის გამოვლენას, რომელთა ზიანის რისკი სცდება ნულოვან დონეს.
7. სკრინინგი ხორციელდება შესაბამისი წინასწარ დადგენილი ინსტრუმენტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითად ფაქტორებს.
8. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ დასკვნის გაკეთების საფუძველი ხდება ბავშვის ქცევა, საცხოვრებელი გარემო, მშობლების დამოკიდებულება ბავშვისადმი, მიმდინარე ნეგატიური მოვლენები და სოციალური გარემო. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის ქრონიკული ავადმყოფობა და შეზღუდული შესაძლებლობები, ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირის შესაძლებლობები, მზაობა და მოტივაცია მიიღოს შეთავაზებული დახმარება.
9. პირველადი შეფასება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ადრეული დახმარების საჭიროება (სკრინინგის შედეგად გამოიკვეთა საწყისი საჭიროება და ზიანის მსუბუქი რისკი – მეორე დონე).
10. პირველადი შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ზოგადი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი შემჭიდროებულ ვადებში.
11. პირველადი შეფასების ინსტრუმენტში მოცემულია მოწყვლადობის ფაქტორები, რომლებიც ბავშვის, ოჯახისა და თემის მახასიათებლებს ითვალისწინებს, რადგან ბავშვის კეთილდღეობის განხილვა მისი ოჯახისა და თემისგან განცალკევებით არ ხდება. შეფასების ამ ინსტრუმენტში აქცენტი გაკეთებულია კეთილდღეობის მისაღწევად ძირითადი საბაზისო საჭიროებების გამოკვეთა–გაანალიზებაზე.
12. ჩაღრმავებული შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ფუნქციონირების სიღრმისეული ანალიზი. ეს შეფასება მოიცავს ფაქტორებს, რომლებიც სამ ძირითად ჯგუფში ერთიანდება:
ა) ბავშვის განვითარების საჭიროებები;
ბ) მშობლების/მზრუნველების შესაძლებლობები და უნარები დააკმაყოფილონ ბავშვის საჭიროებები;
გ) გარემო ფაქტორები, რომლებიც ოჯახის ცხოვრების ხარისხზე ახდენენ გავლენას.
13. ჩაღრმავებული შეფასება ბიო–ფსიქო–სოციალურ მიდგომას ეყრდნობა. ბიო–ფსიქო–სოციალური შეფასება გულისხმობს იმ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენს ერთმანეთზე და განსაზღვრავს ბავშვისა და ოჯახის ფუნქციონირების ხარისხს.
14. ჩაღრმავებული შეფასება სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს და გამოყოფს რესურსებს/ძლიერ მხარეებს (დამცავი ფაქტორები), სირთულეებს (რისკ ფაქტორები) და საჭიროებებს. სახელდობრ, ამ ტიპის შეფასება ადგენს იმას, თუ რა იწვევს ამა თუ იმ სირთულეს და რა ცვლილებები უნდა მოხდეს ბენეფიციარში ან/და მის გარემოში მათ აღმოსაფხვრელად, ან შესამცირებლად, ან ზიანის სამარათვად და სირთულეებთან გასამკლავებლად. შეფასების პროცესში ინფორმაციის მოპოვების მეთოდებია: ინტერვიუ, დაკვირვება და დოკუმენტაციის ანალიზი.
15. ჩაღრმავებული შეფასების პროცესში ხაზგასასმელია ბავშვისა და მისი ოჯახის ძლიერ მხარეებზე ორიენტაცია, რათა მათზე დაყრნდობით მოხდეს სირთულეების დაძლევა. ჩაღრმავებული შეფასება არის როგორც მეთოდი, ასევე, პროცესი. ეფექტიანად წარმართული შეფასების შედეგია როგორც ანალიტიკური დასკვნა, ასევე, შემფასებელსა და ბავშვს/ოჯახის შორის ნდობისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
16. შეფასების საერთო ჩარჩო წარმოადგენს ბავშვებისა და ოჯახებისთვის მომსახურებათა /დახმარებათა მიმწოდებელი ყველა უწყების მიერ შეთანხმებულ და გაზიარებულ ბავშვისა და ოჯახის შეფასების ჩარჩოს. შეფასების საერთო ჩარჩო ემსახურება ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების ადრეულ დადგენას და უწყებათა მიერ კოორდინირებულ მომსახურებათა მიწოდებას.
17. შეფასების საერთო ჩარჩო ბავშვისა და ოჯახის შეფასების საკვანძო ასპექტებს განსაზღვრავს და შეფასების ერთიან სქემას გვთავაზობს. შეფასების ყველა ინსტრუმენტი (სკრინინგი, პირველადი შეფასების ინსტრუმენტი, ჩაღრმავებული შეფასების ინსტრუმენტი) შეფასების საერთო ჩარჩოს ეფუძნება და მასში წარმოდგენილ ასპექტებს/სფეროებს მოიცავს.
მუხლი 22🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება
1. ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) განსახილველი საკითხის შესახებ;
ბ) ბენეფიციარის შესახებ;
გ) საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შესახებ;
დ) შესასრულებელი დავალებისა და შესრულების ვადების შესახებ.
3. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
4. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება განცხადებისა და კომუნიკაციის ბავშვზე ადაპტირებული საშუალებების გამოყენებით.
5. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დაცვით.
6. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იკვლევს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და 5 დღის ვადაში ამზადებს ამ დებულების 21-ე მუხლის მე-6 - მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული სკრინინგის დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ზიანის რისკისა და შესაბამისი რეაგირების ღონისძიების შესახებ. სკრინინგის საფუძველზე შესაძლებელია განსაზღვროს:
ა) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიება;
ბ) პირველადი შეფასების საჭიროება;
გ) საკითხის რეფერირება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ამ დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში).
7. თუკი სკრინინგის საფუძველზე დადგინდა პირველადი შეფასების საჭიროება, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი 10 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ამ დებულების 21-ე მუხლის მე-9 – მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პირველადი შეფასების დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ და უგზავნის მას დაწესებულების ხელმძღვანელს.
8. თუკი სკრინინგის, ან პირველადი შეფასების დოკუმენტით დადგინდა ამ დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, საქმის რეფერირება ხდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ატარებს პირველად შეფასებას ან/და ჩაღრმავებულ შეფასებას და ადგენს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას.
9. საქმის გარემოებათა გამოკვლევაში წინამდებარე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების საფუძველზე ჩართული სტრუქტურული ერთეული/ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს საქმის ჩაღრმავებული შეფასება, რომლის შედეგებიც ბავშვისა და სოციალური მუშაკის მიმართ იძენს გასათვალისწინებლად სავალდებულო ძალას.
10. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი სკრინინგის, ან პირველადი ჩაღრმავებული შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე ადგენს სამოქმედო გეგმას (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა).
11. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი გულისხმობს შეფასებისას გამოკვეთილი საჭიროებების პრიორიტეტსა და გეგმაში ჩართვას. სამოქმედო გეგმაში ნათლად გაიწერება ბენეფიციართან თანამშრომლობის მიზანი, ამოცანები, მეთოდები, ვადები და პასუხისმგებელი პირები.
12. სამოქმედო გეგმის ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე შემუშავება გულისხმობს ადმინისტრაციულ წარმოებაში განყოფილების ბავშვის ფსიქოლოგის, ჯანდაცვის სპეციალისტისა და იურისტის ჩართვას საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრული მიზანშეწონილობის საფუძველზე.
13. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში განსაზღვრული. სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები, უპირველეს ყოვლისა, იმ სირთულის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს, რის გამოც დაიწყო ბავშვთან და მის ოჯახთან მუშაობა და ბავშვის/ოჯახის კეთილდღეობას უნდა ისახავდეს მიზნად.
14. თუკი სკრინინგის, ან პირველადი შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიება არის მუნიციპალიტეტის საკუთარი, ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მხარდაჭერის გეგმის შემუშავების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბამს პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილ მუნიციპალურ სტრუქტურულ ერთეულს.
15. თუ კი სკრინინგის, ან პირველადი შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიება არის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი და არ არის წინამდებარე მუხლის მე–8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მხარდაჭერის გეგმის შემუშავების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბამს პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.
16. სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს ბავშვისა და ოჯახის მაქსიმალური ჩართულობით ინფორმირებული თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
2. ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით.
3. გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ბენეფიციარის ასაკისა და მისი განვითარების გათვალისწინებით, გეგმის განხორციელებაში მონაწილე პირების თანხმობით, დადგენილ ვადაში.
4. თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება გეგმას, ან გეგმის ნაწილს, ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამტკიცოს გეგმა, ან გეგმის ნაწილი, თუკი სხვაგვარად საფრთხე შეექმნება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს.
5. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება კრიზისული ინტერვენციის შემთხვევაზე. საფრთხის შეწყვეტის შემდეგ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეადგინოს სამოქმედო გეგმა.
მუხლი 23🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ სამოქმედო გეგმის აღსრულება და მონიტორინგი
1. სამოქმედო გეგმის აღსრულება (განხორციელება) არის პროფესიულ დონეზე კოორდინირებულ მომსახურებათა და ქმედებათა ერთობლიობა, რომელთა საერთო მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფა ან/და გაუმჯობესება.
2. სამოქმედო გეგმის განხორციელება შეიძლება მიზნად ისახავდეს ბავშვისათვის საფრთხის აცილების პრევენციას, ან ბავშვის/ოჯახის კეთილდღეობის მდგომარეობის შენარჩუნებას, ან ხელშეწყობას. ამასთან, მხარდაჭერა შეიძლება მიეწოდებოდეს ბავშვის ოჯახის ნებისმიერ წევრს ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
3. განყოფილების უფროსი ამტკიცებს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას და უგზავნის მას მის აღსრულებაზე უფლებამოსილ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს (სამსახურებს), ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და სახელმწიფო ორგანოს (ორგანოებს).
4. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული სამოქმედო გეგმის აღსრულება ხდება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ, საკუთარი რესურსებით, ან ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების განმახორციელებელ კერძო პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ფარგლებში.
5. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიება, რომელიც არის ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილება, ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სერვისების ბავშვამდე მიტანასა და განხორციელებაზე საერთო ზედამხედველობას, მიუხედავად მისი განხორციელების ფორმისა, უზრუნველყოფს განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალიური მუშაკი. ის ასევე, ადგენს ანგარიშს მისი შესრულების შედეგებზე და წარუდგენს განყოფილების უფროსს.
7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სერვისების განხორციელებისას განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალიური მუშაკი თანამშრომლობს ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელებაზე უფლებამოსილი საჯარო დაწესებულების სოციალურ მუშაკებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
8. სამოქმედო გეგმის განხორციელების გეგმის მეთვალყურეობა და პერიოდული გადახედვა (მონიტორინგი) ხორციელდება ბავშვის კეთილდღეობის საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
9. მონიტორინგი გულისხმობს საწყისი გეგმის აღსრულების მეთვალყურეობას, პროგრესის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, ამოცანებისა და მეთოდების გადასინჯვას.
10. მონიტორინგის მიზანია მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და კეთილდღეობის შედეგთა შენარჩუნების დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების ხელშეწყობა.
11. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების მონიტორინგი ხორციელდება ღონისძიების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობით, ოთხი თვალის პრინციპის საფუძველზე.
12. შემთხვევის მართვის ღონისძიებები დოკუმენტირებული უნდა იყოს შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოებულ შემთხვევის მართვის ჩანაწერების დოკუმენტში.
13. ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების საბოლოო ეტაპი მოიცავს ერთობლივი მუშაობის შედეგების შეჯამებას, პროგრესისა და ძლიერი მხარეების გამოვლენას, შედეგების კონსოლიდირებას და ბენეფიციარის დამოუკიდებელი ფუნქციონირების განმტკიცებას.
14. შედეგის შენარჩუნების ხელშესაწყობად, ბენეფიციარის მომსახურებიდან გასვლამდე, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ადგენს ბენეფიციარის მხარდაჭერის მომსახურებიდან გასვლის შემდგომ გეგმას, რომელიც ასახავს ბავშვისა და ოჯახის შემდგომ ქმედებებს, ასევე, რესურსებს, რომლებიც შესაძლოა მათ დასჭირდეთ.
15. მხარდაჭერის ღონისძიებები წყდება შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღების საფუძველია:
ა) ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში გაწერილ მიზნების მიღწევა;
ბ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
გ) ბენეფიციარის სხვა პროგრამაში გადასვლა;
დ) ბენეფიციარის შეუსაბამობა მომსახურებაში მონაწილეობის კრიტერიუმებთან;
ე) პროგრამით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
16. წინამდებარე მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ხდება მიღწული შედეგების მდგრადობის გადამოწმება 6 თვეში ერთხელ.
მუხლი 24🔗.
დასკვნითი დებულებანი
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.