აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/584
2021 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 1) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი).
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზა წარმოადგენს თბილისის კახეთის რეგიონთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზას და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზას. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა ეკონომიკური ზრდის, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი სტრატეგიული პროექტია, რომელმაც უნდა გარდაქმნას საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კვანძად ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის და მეორეს მხრივ, თურქეთსა და ევროპას შორის. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მთავარ სასაზღვრო კვეთის პუნქტებთან დაკავშირება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც აბრეშუმის გზაზე სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს. საპროექტო გზის მონაკვეთი წარმოადგენს თბილისიდან საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი რეგიონის, კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელ ძირითად მაგისტრალს და როგორც აღინიშნა, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორს. აღსანიშნავია, რომ არსებული გზა გადის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში როგორებიცაა, ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო, სადაც დასახლებული პუნქტების სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება ადგილობრივი ავტოტრანსპორტის გამჭოლად გამავალ სატრანსპორტო ნაკადებთან შერწყმა-აღრევა, ქვეითად მოსიარულეების მიერ გზით სარგებლობა და ამასთანავე პირუტყვთა მიერ სავალი ნაწილის დაკავება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას და საფრთხეს უქმნის როგორც მგზავრთა, ასევე ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში, ალტერნატიული მიმართულებების და მრავალფუნქციური შედარებების საფუძველზე დადგინდა, რომ ავტოტრანსპორტის პროგნოზირებული ინტენსივობა საშუალო ზრდის ტემპით შემდეგი 20 წლის განმავლობაში გაიზრდება (2040 წლისათვის AADT შეადგენს 33 688-ს) და ახალი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე კრიტიკულად აუცილებელია თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთისათვის, რომლის მარშრუტიც სრულიად აუვლის გვერდს დასახლებულ პუნქტებს, რაც გაზრდის დერეფნის გამტარუნარიანობას, შემცირდება გადადგილების დრო და ხარჯები, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარეები, საგრძნობლად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და განიმუხტება დასახლებული პუნქტები.
საპროექტო გზის ლოტი 1 იწყება 4+040 ნიშნულზე და მთავრდება 27+840 ნიშნულთან, მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 24 კილომეტრია. საპროექტო გზის მონაკვეთი აღმოსავლეთისკენ მიემართება და გადის ვაზიანის ჩრდილოეთით, უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით და გადის არსებულ გზაზე პკ.4+798-თან ახლოს. საავტომობილო გზა გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთით და ორჯერ კვეთს არსებულ რკინიგზას, პკ6+227 და პკ7+511 სადაც შესაბამისი კონსტრუქციებია გათვალისწინებული ორი სატრანსპორტო დერეფნისათვის (საავტომობილო გზა და სარკინიგზო) მათი ცალ-ცალკე გამოყოფით. შემდეგ საავტომობილო გზა ბრუნდება აღმოსავლეთისკენ, შემდგომ ჩრდილოეთით და არსებული სარკინიგზო ხაზის პარალელურად და პკ14+418 -ზე გათვალისწინებულია მოეწყოს სართიჭალის დაგეგმილი გადაკვეთა. საპროექტო საავტომობილო გზა გრძელდება, არსებული რკინიგზის ხაზის პარალელურად და გადის მდინარე იორზე, 6 საავტომობილო გზის ხიდით. მდინარის გადაკვეთის შემდეგ, მაგისტრალი გადის იორის მიტოვებულ ქვესადგურზე და გრძელდება, არსებული რკინიგზის ხაზის ჩრდილოეთის პარალელურად. პროექტი ითვალისწინებს არსებული ადგილობრივი საგზაო ქსელის მთლიან აღდგენას, რომელსაც კვეთს ახალი საავტომობილო გზა. გათვალისწინებულია რამდენიმე გვერდითი გზა და ვერტიკალური ადგილობრივი გზა ადგილობრივი სატრანსპორტო მომსახურების მიზნით. გარდა ამისა, კვანძებზე გათვალისწინებულია მეორეხარისხოვანი გზები ახალი საავტომობილო გზის ადგილობრივ საგზაო ქსელთან დასაკავშირებლად.
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული:
დავით ეპიტაშვილისა (პ/ნ 12002000538) და გულნაზი ჯანიაშვილის (პ/ნ 12001056108) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N81.10.28.683) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
დარიკო მერაბოვის (პ/ნ 12001049198) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N81.10.28.797) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
ვალერიანი გიბიშვილისა (პ/ნ 12001099377) და ნინა გიბიშვილის (პ/ნ 12001076013) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N81.12.15.692) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
ავთანდილ დარჩიაშვილის (პ/ნ 12001050865), გიორგი დარჩიაშვილის (პ/ნ 12001050867), ლალი აბაშვილის (პ/ნ 12001049495) და ციალა დარჩიაშვილის (პ/ნ 12001050866) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N81.10.28.711) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობები და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 1) მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, (საერთო ფართი 3 900 კვ.მ) ს/კ N81.10.28.683 თანამესაკუთრეები არიან დავით ეპიტაშვილი (პ/ნ 12002000538) და გულნაზი ჯანიაშვილი (პ/ნ 12001056108).
დადგენილია, რომ პროექტით (ლოტი 1) გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დავით ეპიტაშვილისა და გულნაზი ჯანიაშვილის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 1 830 კვ.მ (ს/კ N81.10.28.683).
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, (საერთო ფართი 9 069 კვ.მ) ს/კ N81.10.28.797 მესაკუთრეა დარიკო მერაბოვი (პ/ნ 12001049198).
დადგენილია, რომ პროექტით (ლოტი 1) გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დარიკო მერაბოვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 4 879 კვ. მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებთან და მცირე ნაგებობასთან (ღობე) ერთად (ს/კ N81.10.28.797).
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაზიანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საერთო ფართი 3 500 კვ.მ) ს/კ N81.12.15.692 თანამესაკუთრეები არიან ვალერიანი გიბიშვილი (პ/ნ 12001099377) და ნინა გიბიშვილი (პ/ნ 12001076013).
დადგენილია, რომ პროექტით (ლოტი 1) გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ვალერიანი გიბიშვილისა და ნინა გიბიშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 1 698 კვ. მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N81.12.15.692).
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მარტყოფი, სოფელ ვაზიანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საერთო ფართი 2 500 კვ.მ) ს/კ N81.10.28.711 თანამესაკუთრეები არიან ავთანდილ დარჩიაშვილი (პ/ნ 12001050865), გიორგი დარჩიაშვილი, (პ/ნ 12001050867), ლალი აბაშვილი (პ/ნ 12001049495) და ციალა დარჩიაშვილი (პ/ნ 12001050866).
დადგენილია, რომ პროექტით (ლოტი 1) გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ავთანდილ დარჩიაშვილის, გიორგი დარჩიაშვილის, ლალი აბაშვილისა და ციალა დარჩიაშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 410 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N81.10.28.711).
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ю
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2021 წლის 21 დეკემბრის ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) საავტომობილო გზის მონაკვეთი (ლოტი 1) ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:
1.1 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე დავით ეპიტაშვილისა (პ/ნ 12002000538) და გულნაზი ჯანიაშვილის (პ/ნ 12001056108) თანასაკუთრებაში არსებულ 3 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 1 830 კვ.მ-ზე (ს/კ N81.10.28.683);
1.2 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე დარიკო მერაბოვის (პ/ნ 12001049198) საკუთრებაში არსებულ 9 069 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 4 879 კვ.მ-ზე, მასზე არსებულ მცირე ნაგებობასა (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ N81.10.28.797);
1.3 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში მდებარე ვალერიანი გიბიშვილისა (პ/ნ 12001099377) და ნინა გიბიშვილის (პ/ნ 12001076013) თანასაკუთრებაში არსებულ 3 500 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 1 698 კვ. მ-ზე, (ს/კ N81.12.15.692);
1.4 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფში, სოფელ ვაზიანში მდებარე, ავთანდილ დარჩიაშვილის (პ/ნ 12001050865), გიორგი დარჩიაშვილის, (პ/ნ 12001050867), ლალი აბაშვილისა (პ/ნ 12001049495) და ციალა დარჩიაშვილის (პ/ნ 12001050866) თანასაკუთრებაში არსებულ 2 500 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 410 კვ.მ-ზე (ს/კ N81.10.28.711).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ოთარი დანელია