დანართი №25
სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური
ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის
ძირითადი რეკომენდაციები:
o შეიმუშავეთ საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;
o უზრუნველყავით დახურულ სივრცეებში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება;
o ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა გააკონტროლოთ როგორც თანამშრომელთა, ასევე მესამე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
o უზრუნველყავით ყოველ 5მ2 ფართობზე მხოლოდ 1 ვიზიტორის დაშვება;
o თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
o შენობის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
o არ დაუშვათ თანამშრომლები და ვიზიტორები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;
o უზრუნველყავით დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები);
o უზრუნველყავით ხელის სადეზინფექციო არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარის განთავსება შენობის შესასვლელში და სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, საერთო საპირფარეშოების შესასვლელში და სხვა საერთო გამოყენების ადგილებში, რომლითაც სარგებლობს პერსონალი და ვიზიტორები;
o დააწესეთ სანიტარიული შესვენებები;
o მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
o პერიოდულად დაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები (მათ შორის, ღილაკები, კარების სახელურები, ჩამრთველ/გამომრთველები, მოაჯირები და ა.შ.) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
o ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერით (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
o უზრუნველყავით საერთო გამოყენების ფართის ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი წესით, ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების შესაბამისად.
სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებები:
o სარეპეტიციო სამუშაო გრაფიკი შეადგინეთ იმგვარად, რომ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრები არ იმყოფებოდნენ უშუალო კონტაქტში ერთმანეთთან;
o დააწესეთ სარეპეტიციო მუშაობის გრაფიკი ცვლების მიხედვით;
o შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ცვლაში არ დაუშვათ 10 (ათი) ადამიანზე მეტი;
o იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი კოლექტივის სარეპეტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროება 10 (ათი) ადამიანს აღემატება, სარეპეტიციო სივრცეში უზრუნველყავით 5 მ2 ფართობზე თითო შემსრულებლის დაშვების შესაძლებლობა, ან მინიმუმ 2 მეტრის უსაფრთხო დისტანცია შემსრულებლებს შორის;
o ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია/ან გუნდის საფეხურეობრივი განლაგება დისტანციის დაცვით;
o გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯი განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
o მაქსიმალურად შეამცირეთ რეპეტიციების, კონცერტებისა და სპექტაკლების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა;
o უზრუნველყავით საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობის საშუალება;
o აკრძალეთ ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოახდინეთ მისი დეზინფექცია;
o კონცერტის, სპექტაკლისა თუ სარეპეტიციო სამუშაოს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, განსაზღვრეთ გამოყენებული რეკვიზიტის, ინსტრუმენტის, მიკროფონის, ხმის აპარატურის/პულტის და სხვა ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით;
o იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია, უზრუნველყავით ხელოვნური ვენტილაციის გამართული მუშაობის რეჟიმი გარედან შემოტანილი ჰაერის ცირკულაციითა და გარეთ გატანით.
ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) გამართვისას განსახორციელებელი ღონისძიებები:
o ღონისძიებების ბილეთების გაყიდვისთვის გამოიყენეთ ელექტრონული სისტემა;
o ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, შესთავაზეთ პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისი;
o მოლარე (პირი რომელიც ახდენს ბილეთების გაყიდვას) აღჭურვეთ ხელთათმანებით, ხოლო სალაროსთან განათავსეთ ხელის სადეზინფექციო არანაკლებ 70%-იანი სადეზინფექციო საშუალებები;
o ღონისძიების ორგანიზატორმა ორგანიზაციამ/პირმა მაქსიმალურად უზრუნველყოს შენობაში მხოლოდ იმ თანამშრომლების დაშვება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებაში, ან მათი ყოფნა აუცილებელია ღონისძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად;
o სასცენო სივრცეში უზრუნველყავით დეკორაციებისა და რეკვიზიტების მინიმალური რაოდენობის გამოყენება;
o სტუმართათვის განკუთვნილი ადგილები გადაანაწილეთ იმგვარად, რომ მოხდეს უსაფრთხო მანძილის (გარდა 12 წლამდე ბავშვებისა) დაცვა;
o უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნების მიზნით მოახდინეთ მაყურებლების განთავსება ერთი სავარძლის გამოტოვებით;
o უზრუნველყავით წინასწარ ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, რომ ნიღბების გარეშე სტუმრების შესვლა შენობაში აკრძალულია.
ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) ჩატარების რეკომენდაციები დახურული სივრცეებისთვის:
o სტუმართა ნაკადის მართვა განახორციელეთ იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია;
o შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, მონიშნეთ უსაფრთხო დისტანცია;
o უზრუნველყავით სტუმართა დაშვება დახურულ სივრცეში მხოლოდ ნიღბით;
o აკრძალეთ სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.
რეკომენდაციები მუზეუმების/გალერეებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისთვის:
o დახურულ შენობებში/ერთ საექსპოზიციო დარბაზში უზრუნველყავით ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ადამიანის დაშვება, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით. ვიზიტორთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს სივრცის ზომის მიხედვით (გაანგარიშება: მთლიანი ზომა მინუს ექსპონატებისა და სხვა სამუზეუმო აღჭურვილობის მიერ დაკავებული სივრცე);
o საექსპოზიციო დარბაზში ახალი ვიზიტორების დაშვება, მოახდინეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარბაზში შესული ვიზიტორი დატოვებს სივრცეს;
o რეკომენდირებულია ექსპონატების დათვალიერებისთვის წინასწარ მოინიშნოს დგომის/დათვალიერების ადგილები;
o ღია სივრცეებში უზრუნველყავით სოციალური დისტანციის დაცვა და ვიზიტორთა ნაკადის იმგვარი კონტროლი, რომ მათი გადაადგილებისას თავიდან იქნეს აცილებული ერთ უბანზე 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
o გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა;
o გააკონტროლეთ შენობაში/ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან სოციალური დისტანციისა და პირბადის გამოყენების დაცვა;
o ინტერაქტიული გაცნობის საშუალებების, ასევე აუდიოგიდის გამოყენების შემთხვევაში, ყოველი გამოყენების შემდგომ უზრუნველყავით მათი დეზინფექცია ან გამოიყენეთ ერთჯერადი ყურსასმენები;
o იმ სივრცეებში, რომელთა დეზინფექციაც ვერ ხერხდება, მაქსიმალურად შეზღუდეთ ვიზიტორთა დაშვება;
o სამუზეუმო კაფის ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მიხედვით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;
o სამუზეუმო მაღაზიის სივრცეში დაუშვებელია 3 (სამი) ადამიანზე მეტის თავშეყრა სოციალური დისტანციის დაცვით;
o აუცილებელია პირთა ნაკადის კონტროლი.
მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ დახურულ სივრცეებში:
o უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
o ხელოვნური ვენტილაციის სისტემის არსებობის შემთხვევაში, გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის დაწყებამდე 2 საათით ადრე და სიჩქარე შეამცირეთ მინიმალურამდე ღონისძიების დამთავრებიდან 2 საათის შემდეგ;
o არ გამორთოთ ვენტილაცია, არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
o სავენტილაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე დააწესეთ საინჟინრო კონტროლი, ასევე, ვენტილაციის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 (ოთხ) თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით).
დახურული სივრცის დალაგება:
o დახურული სივრცის დალაგება განახორციელეთ თითოეული რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის დაწყებისა და დამთავრების შემდეგ;
o გააღეთ ფანჯრები და მაქსიმალურად გაანიავეთ სივრცე გამჭოლი ნიავის პირობებში;
o რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის დაწყების წინ დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);
o დასუფთავება მოახდინეთ შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ. აუდიტორია) უფრო დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;
o იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია 60-70%-ანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების პრეპარატის გამოყენება;
o საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას, დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;
o დასუფთავება-დალაგების პროცედურები განახორციელეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების შესაბამისი დანართით.
აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.
სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:
o სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, უნდა განხორციელდეს დაბინძურებისთანავე, მაგრამ აუცილებელი წესით ყოველი რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის წინ და დასრულების შემდეგ;
o საპირფარეშოს დალაგება ხორციელდება სველი წესით და სარეცხი საშუალებებით, წმენდის შემდგომი დეზინფექციით, სათანადო წესით;
o დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია:
• ნიღაბი;
• ერთჯერადი ხალათი;
• სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
• თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).
მოთხოვნები ღონისძიების ადგილისადმი ღია სივრცეებში:
o უზრუნველყავით ღონისძიების ადგილის ორგანიზება იმგვარად, რომ მოხდეს უსაფრთხო (2 მეტრი) დისტანციის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტაქტების თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენეთ დამცავი ბარიერები;
o სცენა ან პირობითად მონიშნული სასცენო სივრცე დამცავი ბარიერით გამოყავით მაყურებელთა სივრცისგან, უსაფრთხო მანძილის მითითებით;
o თუ ღონისძიება ითვალისწინებს ფეხზე დგომით დასწრების შესაძლებლობას, ღონისძიების პერიმეტრზე მონიშნეთ უსაფრთხო მანძილები;
o უზრუნველყავით ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის წინასწარ სანიტარიული დასუფთავება/დეზინფექცია შესაბამისი წესით;
o უზრუნველყავით სასცენოდ განკუთვნილი აპარატურის, მიკროფონების და სხვა საშუალებების წინასწარ და შემდგომ დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით.
დამატებითი მოთხოვნები გამოფენა-გაყიდვებისთვის:
o ღონისძიების ფორმატი თუ ითვალისწინებს გამოფენა-გაყიდვის კომპონენტს, ექსპოზიციის მოწყობისას თითოეული ჩართული პირი აღჭურვეთ ნიღბით, ხელთათმანებითა და დამცავი ფარით;
o გამოფენის ტიპის ღონისძიებებზე ექსპონატების წინ განათავსეთ გამჭვირვალე დამცავი ბარიერი;
o თითოეულ ექსპონატთან ან/და დახლთან უზრუნველყავით დამსწრეთა ნაკადის კონტროლი, ექსპონატებთან/დახლებთან მონიშნეთ უსაფრთხო დისტანცია;
o გამოფენა-გაყიდვისთვის გამოყოფილი ვიტრინები, მაგიდები და უშუალოდ ის ექსპონატები, რომელსაც პოტენციურად შეიძლება შეეხოს მნახველი/მყიდველი აუცილებელია დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველ 2 საათში ერთხელ. ისეთი ექსპონატები, რომელთა მასალაც არ ექვემდებარება დეზინფექციას, უნდა იყოს შეფუთული ერთჯერად პარკში ან და განთავსებული შემინულ ვიტრინაში.
დამატებითი სერვისები:
o აუცილებელ შემთხვევაში, როცა ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს მონაწილე პირთათვის კვებით/სასმელ კომპონენტს, მკაცრად უნდა იქნეს დაცული შემდეგი პირობები:
• გამასპინძლებისთვის გამოიყენეთ ერთჯერად კონტეინერებში (დადგენილი ნორმების დაცვით) მოთავსებული საკვები. შვედური მაგიდის გამოყენების შემთხვევაში, პერსონალის მომხმარებლებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მონტაჟი შვედურ მაგიდასთან. ბარიერთან უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაბამისი მანიშნებლებით;
• საკვებთან ერთად ბარიერს მიღმა განათავსეთ გამოსაყენებელი ერთჯერადი ჭურჭელი;
• გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;
• უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა სათანადო წესით;
• გამოყენებული ერთჯერადი ჭურჭლისთვის უზრუნველყავით დახურული ყუთის /კონტეინერის გამოყენების შესაძლებლობა;
• პერსონალი, რომელიც ემსახურება კვებით უზრუნველყოფას, აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: ნიღაბი, სახის დამცავი ფარი, ხელთათმანები.
პერსონალის ვალდებულებები
ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას
შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
o დაიცვათ ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
o სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
o მოერიდეთ თავშეყრას, რეკომენდებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე, დახურულ სივრცეში, არაუმეტეს 10 (ათი) ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);
o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
o საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ ერთჯერადი საშუალებებით;
o გამოიყენეთ 60%-70% სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;
o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება;
o გახსოვდეთ, რომ არ არის სასურველი ლითონის საყურეების, ბეჭდების და თმის ჟელეს გამოყენება;
o თუ საქმიანობა ითვალისწინებს ფულის ნიშნებთან და პროდუქციასთან ურთიერთობას, აუცილებლად გამოიყენეთ სხვადასხვა ხელთათმანი.
[pic]