საწარმოს დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები
მიღების თარიღი 18.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.023227
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მეწარმეთა შესახებ საჯარო შესყიდვების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საწარმოს დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №20
2022 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საწარმოს დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები
მუხლი 1🔗
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1061 მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს იმ საწარმოს დაშლის წესი, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საწარმოს დაშლის წესი, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს იმ საწარმოს დაშლის წესს, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/ მუნიციპალიტეტები (შემდგომში – სამეწარმეო საზოგადოება).
2. სამეწარმეო საზოგადოების დაშლის საფუძვლებია:
ა) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ;
ბ) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის/აქციონერის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ;
დ) წესდებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
3. სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით.
4. სამეწარმეო საზოგადოებაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ გადაწყვეტილებას.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის/აქციონერის განცხადების/ სარჩელის წარდგენისას, პარტნიორის/აქციონერის გადაწყვეტილება მიიღება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულო თანხმობას გასცემს ამავე პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობაზე, რაც არ გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეგისტრაციო განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტების მოწონებას.
მუხლი 2🔗. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყება
1. სამეწარმეო საზოგადოების დაშლის თაობაზე გადაწყვეტილება, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო).
2. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართოს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებით.
3. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო სასამართლოს ან ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე არეგისტრირებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლას. ამ საფუძვლით სამეწარმეო საზოგადოების დაშლისას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა.
4. სამეწარმეო საზოგადოების დაშლის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) სამეწარმეო საზოგადოების სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ) ყველა პარტნიორის/აქციონერის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, აგრეთვე პარტნიორთა კრების/აქციონერთა კრების ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ. პარტნიორი/აქციონერი უცხოური იურიდიული პირის შემთხვევაში, წარდგენილ უნდა იქნეს უცხოური იურიდიული პირის ამონაწერი დაფუძნების ქვეყნის შესაბამისი ორგანოდან;
გ) სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდატორის პირად მონაცემებს, რაც გულისხმობს მის სახელს, გვარს, პირად ნომერს, იურიდიულ მისამართსა და სხვა საკონტაქტო საშუალების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე ლიკვიდატორის ხელმოწერის ნიმუშს.
5. სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეგისტრაცია იწვევს სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოების ქონების მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, აგრეთვე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოება ინარჩუნებს იურიდიული პირის სტატუსს და იყენებს თავის საფირმო სახელწოდებას დამატებით „ლიკვიდაციის პროცესში“.
7. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ორგანოები ინარჩუნებენ თავიანთ უფლებამოსილებებს, გარდა ხელმძღვანელი პირ(ებ)ისა, რომლებსაც ლიკვიდატორ(ებ)ის რეგისტრაციისთანავე უწყდებათ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები.
8. სამეწარმეო საზოგადოების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე დაუშვებელია სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიმართვის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოების მიმართ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება.
9. ლიკვიდატორმა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ან სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნებით დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეგისტრაციიდან მეორე სამუშაო დღისა უნდა შეატყობინოს კრედიტორებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ და უნდა მიიწვიოს ისინი მოთხოვნების განსაცხადებლად. შესაძლებელია, აღნიშნული ინფორმაცია ასევე განთავსდეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სამეწარმეო საზოგადოების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის მიმართაც დაწყებულია ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება;
ბ) ლიკვიდატორის ვინაობა;
გ) კრედიტორების მოთხოვნების წარდგენის ვადა და წესი.
10. მარეგისტრირებელი ორგანო საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს (შემდგომში - შემოსავლების სამსახური), რომელიც შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სამეწარმეო საზოგადოების მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსალოდნელია სამეწარმეო საზოგადოების საგადასახადო ვალდებულების არსებობა, უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ვადაზე, რომელშიც ჩატარდება საგადასახადო შემოწმება საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების არსებობის შემოწმების მიზნით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების ჩატარების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 2 თვისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, აგრეთვე ამ ინფორმაციაში მითითებული საგადასახადო შემოწმების ჩატარების ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, სამეწარმეო საზოგადოება საგადასახადო დავალიანების არმქონედ მიიჩნევა.
11. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისას, თუ სამეწარმეო საზოგადოების წესდებით გამორიცხული ან ამ პუნქტით დადგენილის საწინააღმდეგოდ შეზღუდული არ არის სამეწარმეო საზოგადოების დაშლის მოთხოვნის უფლება, პარტნიორს/აქციონერს შეუძლია, სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების სასამართლოში შემტანი პარტნიორის/აქციონერის წილი სასამართლოს მეშვეობით სამართლიან ფასად გამოისყიდოს განცხადების შეტანიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ფასი დადგენილი უნდა იქნეს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.
მუხლი 3🔗. ლიკვიდატორი
1. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესს ერთობლივად ხელმძღვანელობენ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ინიშნებიან ლიკვიდატორებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოების წესდება ან პარტნიორთა საერთო კრების/აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება ლიკვიდატორებად სხვა პირების დანიშვნას ითვალისწინებს. იურიდიული პირის იძულებითი დაშლის შესახებ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, იურიდიული პირის იძულებით ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირი.
2. ლიკვიდატორი უნდა აკმაყოფილებდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირისთვის წაყენებულ მოთხოვნებს.
3. პარტნიორთა საერთო კრება/აქციონერთა საერთო კრება უფლებამოსილია, ნებისმიერ მომენტში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი სასამართლოს მიერ არის დანიშნული.
4. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი ვალდებულია, ხოლო პარტნიორი/აქციონერი უფლებამოსილია, მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართოს განცხადებით ლიკვიდატორების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.
5. ლიკვიდატორის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამოწმებული დოკუმენტი ლიკვიდატორის დანიშვნის ან გათავისუფლებისა და მისი უფლებამოსილების შესახებ, ლიკვიდატორის ხელმოწერის ნიმუში, ხოლო, თუ ლიკვიდატორი ხელმძღვანელი პირი არ არის − აგრეთვე, ლიკვიდატორის თანხმობა.
6. ლიკვიდატორის ან მისი უფლებამოსილების ყოველი ცვლილებისას, ცვლილების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებას წარადგენენ ლიკვიდატორები. ყოფილი ლიკვიდატორი ვალდებულია ასეთი ფაქტობრივი შესაძლებლობის არარსებობის გარდა ახალ ლიკვიდატორს მიღება-ჩაბარების აქტით გადააბაროს სამეწარმეო საზოგადოების ქონება, დოკუმენტაცია და მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია სამეწარმეო საზოგადოების ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
7. ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას:
ა) ლიკვიდატორ(ებ)ი სარგებლობენ იმავე უფლებებით და ეკისრებათ იგივე მოვალეობები, რომლებიც აქვთ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ პირებს, გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურენციის აკრძალვისა;
ბ) ლიკვიდატორი დანიშვნისთანავე ვალდებულია შეადგინოს სამეწარმეო საზოგადოების ბალანსი ლიკვიდაციის დაწყების დღის მდგომარეობით;
გ) სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ გადაწყვეტილების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში, ლიკვიდატორი ვალდებულია სამეწარმეო საზოგადოების ყველა ცნობილ კრედიტორს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ;
დ) სამეწარმეო საზოგადოების დაშლის თაობაზე გადაწყვეტილების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში, ლიკვიდატორი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს მოგების გადასახადისა და ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციები;
ე) ლიკვიდატორი ვალდებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მეშვეობით შეაფასოს სამეწარმეო საზოგადოების ქონება მისი დაშლის შესახებ გადაწყვეტილების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში;
ვ) ლიკვიდატორი ვალდებულია დაასრულოს მიმდინარე საქმეები, მოახდინოს აქტივების რეალიზაცია და შეასრულოს სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებები;
ზ) ლიკვიდატორი ვალდებულია წარმოადგინოს სამეწარმეო საზოგადოება გარიგებებში, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მერის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანხმობით, დადოს ახალი გარიგებები, თუ ეს აუცილებელია სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციისთვის;
თ) ლიკვიდატორი ვალდებულია უზრუნველყოს სამეწარმეო საზოგადოების დებიტორული დავალიანებების ამოღების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებით, სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა;
ი) ლიკვიდატორი ვალდებულია, დაამთავროს საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებით;
კ) თუ სამეწარმეო საზოგადოება გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ სამეწარმეო საზოგადოების გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კვირისა, ლიკვიდატორი ვალდებულია, განაცხადოს გადახდისუუნარობის შესახებ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ლ) ლიკვიდატორი ვალდებულია, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობები.
8. ლიკვიდატორები სამეწარმეო საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ მართლზომიერად, გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით.
9. ლიკვიდატორი სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ გადაწყვეტილების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შესათანხმებლად წარუდგენს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას/დოკუმენტაციას:
ა) სამეწარმეო საზოგადოების სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ) ინფორმაციას სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებების შესახებ;
გ) ინფორმაციას სამეწარმეო საზოგადოების აქტივების შესახებ;
დ) ინფორმაციას სამეწარმეო საზოგადოების მიერ სხვა იურიდიულ პირში წილის/აქციების ფლობის შესახებ;
ე) ინფორმაციას მიმდინარე სასამართლო პროცესებისა და სააღსრულებო საქმისწარმოებების შესახებ;
ვ) წინადადებებს დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ზ) წინადადებებს კრედიტორული დავალიანების დასაფარად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
თ) წინადადებებს კრედიტორთა მოთხოვნების ცნობისა და უარყოფის შესახებ;
ი) ინფორმაციას სამეწარმეო საზოგადოების ქონების საბაზრო ღირებულებასა და მისი რეალიზაციის გზების შესახებ წინადადებებს;
კ) წინადადებებს სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციისას სოციალური შედეგების ასაცილებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ლ) წინადადებებს კრედიტორებთან ანგარიშსწორების წესის შესახებ;
მ) წინადადებებს კრედიტორების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი ფულადი სახსრებისა და ქონების განაწილების შესახებ.
10. სამეწარმეო საზოგადოების დაშლის გეგმას თან უნდა ახლდეს:
ა) სამეწარმეო საზოგადოების ბალანსი მისი ლიკვიდაციის დაწყების დღის მდგომარეობით;
ბ) კრედიტორების სია, კრედიტორული დავალიანებების საერთო თანხის მითითებით;
გ) დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა სამეწარმეო საზოგადოების ქონების საბაზრო ღირებულების თაობაზე;
დ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან სამეწარმეო საზოგადოების საბანკო ანგარიშების შესახებ და მისი ლიკვიდაციის დაწყების დღემდე ბოლო ერთი წლის საბანკო ამონაწერი;
ე) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სამეწარმეო საზოგადოების საკუთრებად რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.
11. სამეწარმეო საზოგადოება ლიკვიდატორთან აფორმებს სასამსახურო ხელშეკრულებას, რომელშიც მიეთითება, მათ შორის, ამ წესით დადგენილი ლიკვიდატორის უფლება-მოვალეობები და შესაბამისი პასუხისმგებლობები. ლიკვიდატორის გასამრჯელო ანაზღაურდება სამეწარმეო საზოგადოების ქონებიდან.
12. ლიკვიდატორი ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობითა და სასამსახურო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით პარტნიორების/აქციონერების წინაშე.
მუხლი 4🔗. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება
1. ლიკვიდატორის მიერ გამოქვეყნებული კრედიტორების მოთხოვნების წარდგენის ვადისა და წესის გათვალისწინებით, კრედიტორებმა უნდა განაცხადონ სამეწარმეო საზოგადოების მიმართ თავიანთი მოთხოვნების შესახებ. კრედიტორთა განცხადებაში უნდა აისახოს:
ა) კრედიტორის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და მისამართი;
ბ) ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და პერიოდი;
გ) ვალდებულების ოდენობა (გამოხატული ფულად თანხაში).
2. კრედიტორის მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, აგრეთვე ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კრედიტორი წარმოდგენილია სხვა პირის მიერ.
3. კრედიტორის მოთხოვნა და შესაბამისი დოკუმენტები აღირიცხება ლიკვიდატორის მიერ.
4. თუ ცნობილი კრედიტორები არ განაცხადებენ თავიანთი მოთხოვნების შესახებ სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან/წერილობითი შეტყობინებიდან ამავე განცხადებით/წერილობითი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, მათი მოთხოვნების შესაბამისი ღირებულება განთავსდება სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.
5. თუ ვალდებულება სადავოა ან მისი შესრულების ვადა არ დამდგარა, კრედიტორს წარედგინება ვალდებულების ტოლფასი უზრუნველყოფა, პარტნიორთა/აქციონერთა შორის ქონების განაწილებამდე.
6. კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება ხდება სამეწარმეო საზოგადოების ქონებიდან, მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების აქტივების, ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიდან.
7. სამეწარმეო საზოგადოების ქონების გაყიდვის შედეგად კრედიტორები დაკმაყოფილდებიან შემდეგი რიგითობით:
ა) სალიკვიდაციო ხარჯები;
ბ) იმ პირთა მოთხოვნები, რომელთა წინაშეც სამეწარმეო საზოგადოებას ეკისრება პასუხისმგებლობა მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისათვის, აგრეთვე შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნები;
გ) ის მოთხოვნები, რომელთა მოთხოვნის უფლება უზრუნველყოფილია სამეწარმეო საზოგადოების ქონებაზე გირავნობით/იპოთეკით;
დ) დავალიანებები სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდების მიმართ;
ე) სხვა კრედიტორების მოთხოვნები.
მუხლი 5🔗. სამეწარმეო საზოგადოების აქტივების რეალიზაციის წესი
1. მარეგისტრირებელ ორგანოში სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში ლიკვიდატორმა უნდა დაიწყოს სამეწარმეო საზოგადოების ქონების რეალიზაცია საბაზრო ღირებულებით, საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1061 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესი.
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სამეწარმეო საზოგადოების ქონების რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს ასევე აუქციონის გარეშე და ქონება საკუთრებაში გადაეცეს შესაბამის მუნიციპალიტეტს/მუნიციპალიტეტებს. მუნიციპალიტეტის/ მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობის, ამ წესისა და წესდების შესაბამისად, როგორც იურიდიული პირის პარტნიორი/აქციონერი იღებს მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ წესში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:
ა) პირველ აუქციონზე სამეწარმეო საზოგადოების ქონების რეალიზაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში ტარდება განმეორებითი აუქციონი;
ბ) სამეწარმეო საზოგადოების ქონების რეალიზაციის საფასური მყიდველმა უნდა დაფაროს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მაგრამ არაუგვიანეს აუქციონის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში.
5. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდა სამეწარმეო საზოგადოების ქონების გაყიდვა, დარჩენილი ქონება კრედიტორებს უნაწილდებათ ნატურით, მათი რიგითობის მიხედვით, კრედიტორული დავალიანების პროპორციულად. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორები უარს განაცხადებენ მოთხოვნის ნატურით დაკმაყოფილებაზე ან/და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ლიკვიდაციისთვის დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება სამეწარმეო საზოგადოებასა და კრედიტორებს შორის ან თავად კრედიტორებს შორის ქონების განაწილების თაობაზე შეთანხმება, ქონება გადაეცემა პარტნიორებს/აქციონერებს მათი წილის პროპორციულად ამ წესით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
6. ნატურით დაკმაყოფილება არ ვრცელდება ლიკვიდატორის მიერ ლიკვიდაციის პროცესში გაწეულ სალიკვიდაციო ხარჯებზე.
7. ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში დაუშვებელია სამეწარმეო საზოგადოების ქონების გასხვისება, გარდა კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზნისთვის.
მუხლი 6🔗. ქონების განაწილება
1. კრედიტორებთან საბოლოო ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ, ლიკვიდატორი ადგენს სამეწარმეო საზოგადოების სალიკვიდაციო ბალანსს, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. პარტნიორები/აქციონერები საერთო კრებაზე ამტკიცებენ სამეწარმეო საზოგადოების სალიკვიდაციო ბალანსს და ხელს აწერენ გადაწყვეტილებას სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფორმაცია სამეწარმეო საზოგადოების ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე.
2. თუ წესდებით სხვა წესი არ არის დადგენილი, ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად კრედიტრთა მოთხოვნების დაკმყოფილების შემდეგ, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ქონება ნაწილდება პარტნიორთა/აქციონერთა შორის მათ წილებთან/აქციებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად.
3. თუ შენატანები სრულად არ იყო განხორციელებული, თავდაპირველად ბრუნდება შენატანები ან მათი ღირებულება, ხოლო ნარჩენი ქონება ნაწილდება პარტნიორთა/აქციონერთა წილებთან/აქციებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად.
4. თუ ქონება შენატანების დასაბრუნებლად საკმარისი არ არის, ნარჩენი ქონება ნაწილდება წილებთან/აქციებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად, ხოლო თუკი შენატანები სრულად არ იყო განხორციელებული − განხორციელებული შენატანების პროპორციულად.
5. ქონება შეიძლება განაწილდეს მხოლოდ სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებების დაფარვიდან და სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 5 თვის შემდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონება შეიძლება განაწილდეს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ, თუ არსებობს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, რომ ყველა ვალდებულება შესრულებულია და, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქონების განაწილება საფრთხეს არ უქმნის მესამე პირთა უფლებებს.
6. თუ ცნობილი კრედიტორები არ განაცხადებენ თავიანთი მოთხოვნების შესახებ, ქონება შეიძლება, განაწილდეს მხოლოდ მათი მოთხოვნების შესაბამისი ღირებულების სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შემდეგ.
7. თუ ვალდებულება სადავოა ან მისი შესრულების ვადა არ დამდგარა, ქონება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში განაწილდეს, თუკი კრედიტორს წარედგინება ვალდებულების ტოლფასი უზრუნველყოფა.
მუხლი 7🔗. დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიერ არსებობის გაგრძელება
1. პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილების საფუძველზე, დაშლილმა სამეწარმეო საზოგადოებამ შეიძლება გააგრძელოს არსებობა, თუ ამას გადაწყვეტს პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით და სამეწარმეო საზოგადოების ქონების პარტნიორთა/აქციონერთა შორის განაწილება არ დაწყებულა. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ხმათა უფრო დიდი რაოდენობის ან სხვა წინაპირობების არსებობის აუცილებლობას.
2. დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიერ არსებობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას მარეგისტრირებელ ორგანოს რეესტრში რეგისტრაციისთვის ლიკვიდატორები წარუდგენენ. მათვე ეკისრებათ იმის დადასტურების ვალდებულება, რომ სამეწარმეო საზოგადოების ქონების პარტნიორთა/აქციონერთა შორის განაწილება დაწყებული არ არის.
3. დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიერ არსებობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ რეესტრში მისი რეგისტრაციის შემდეგ.
მუხლი 8🔗. სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმება, დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულება
1. სამეწარმეო საზოგადოების ქონების სრულად განაწილება იწვევს საწარმოს ლიკვიდაციის დასრულებას. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ხოლო საგადასახადო შემოწმების ჩატარების ვადის გაგრძელების შემთხვევაში − საგადასახადო შემოწმების დასრულების შესახებ ინფორმაციის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
2. ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართონ ლიკვიდაციის რეგისტრაციის მოთხოვნით, რომლის საფუძველზედაც მარეგისტრირებელი ორგანო გააუქმებს სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციას.
3. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის შედეგად მისი უფლებები და მოვალეობები არ გადადის სამართალმემკვიდრეობის წესით სხვა პირ(ებ)ზე.
4. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოების გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში, სამეწარმეო საზოგადოების, როგორც მოვალის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი სასამართლო განჩინება მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში, რის შედეგადაც სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაცია უქმდება.
5. ლიკვიდირებული სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტაცია შენახული უნდა იქნეს მისი შექმნიდან 6 წლის განმავლობაში, ხოლო თუ ეს დოკუმენტაცია მოიცავს სამეწარმეო საზოგადოების მიერ დადებულ ხელშეკრულებას − ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 6 წლის განმავლობაში, უსაფრთხო ადგილზე, რომელსაც განსაზღვრავენ ლიკვიდატორები, ხოლო მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ლიკვიდატორის ან პარტნიორის/აქციონერის განცხადების საფუძველზე, მას განსაზღვრავს სასამართლო. ყოფილ პარტნიორებს/აქციონერებსა და კრედიტორებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გაეცნონ ამ დოკუმენტაციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
6. თუ სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ გაირკვა, რომ დარჩენილია ქონება ან აუცილებელია დამატებითი სალიკვიდაციო მოქმედებების განხორციელება, სასამართლომ იურიდიული ინტერესის მქონე პირის განცხადების საფუძველზე უნდა დანიშნოს იგივე ან ახალი ლიკვიდატორი. ლიკვიდატორის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესის შესაბამისად. ლიკვიდაციის პროცესი დასრულდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.