გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/471-22
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

განჩინება №2/471-22

2022 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელით

 გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა  და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია შიოშვილი

საჩივრის ავტორი – შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

მოთხოვნა  განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება, შპს „წიქარას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა (დასაბუთება) და

 

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2022 წლის 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „წიქარას“ წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა შპს „წიქარას“ მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს „წიქარას“ განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. კრედიტორებს განემარტათ, რომ შეუძლიათ მიმართონ შპს „წიქარას“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. განჩინება გამოქვეყნდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

 

სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განჩინება შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით.

კერძო საჩივარში აღნიშნულია შემდეგი: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს „წიქარას“ განცხადება არ იქნა მიღებული წარმოებაში. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება აღნიშნულ განჩინებას და არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, რომ „მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას“.

შემოსავლების სამსახურის პოზიციით, სასამართლოს შეფასება მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ არ არის გამოტანილი საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის შედეგად, ამასთანავე დარღვეულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლით განმარტებული ამ კანონის მიზანი, კერძოდ, მოვალის და კრედიტორის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა. რადგან, ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორის მიერ იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი განჩინების მიღებისათვის. განჩინებაში არ არის მითითებული შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ინფორმაციაზე მოვალის შემოსავლებთან, აქტივებთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „წიქარას“ მიერ დაფუძნებულია შპს „მილანა“, რომელზეც შესაძლოა შპს „წიქარას“ მიერ ადგილი ჰქონდეს ქონებების გარიდებას, ასევე დირექტორის მიერ ქონების გატანას, რაც თავის მხრივ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით შეცილების საფუძველი გახდებოდა. ასევე, შპს „წიქარას“ ბიუჯეტის მიმართ გააჩნია აღიარებული დავალიანება 34677 ლარი, ასევე არაღიარებული დავალიანება 386438 ლარის ოდენობით, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თუკი სასამართლო არ გააუქმებს 2022 წლის 17 იანვრის განჩინებას და არ გახსნის შპს „წიქარას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოებას, ამ შემთხვევაში მოხდება საწარმოს საჯარო რეესტრიდან ამოშლა, რაც თავის მხრივ შეუძლებელს გახდის საგადასახადო ორგანოს მხრიდან როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებას, ასევე საგამოძიებო ორგანოების მოქმედებას აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში.

 

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გამოსაკვლევია კომპანიის მხრიდან ხომ არ განხორციელებულა ქონების გადაცემა, რაც მიზნად ისახავდა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრულ კრედიტორისთვის ზიანის მომტან ქმედებას და საგადასახადო დავალინებას გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების თავიდან არიდებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მოითხოვს 2022 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმებას, შპს „წიქარას“ უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე საჯარო რეესტრში გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების გარეშე.

 

სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „წიქარას“ მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კერძო საჩივარი. ამავე კანონის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განჩინების გამომტან სასამართლოში წერილობითი ფორმით. კერძო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

სასამართლო პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განკუთვნილია როგორც კრედიტორების, ისე მოვალეებისათვის და რომლის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

სადავო არაა, რომ კრედიტორის ინტერესი ყოველთვის არის მოთხოვნის დროული და სრული დაკმაყოფილება, მაგრამ რთულია მოვალის რეალური მიზნების დადგენა და ინტერესების განსაზღვრა. ნორმალურ პირობებში, კეთილსინდისიერი მოვალის მიზანი შეიძლება იყოს: ვადამოსული ვალდებულების (ვალდებულებების) შესრულების ვადის გადავადება; ფინანსური პრობლემების დაძლევის მიზნით გონივრული შეღავათების დადგენა და სხვა.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების მოვალის მიერ შეტანის შემთხვევაში სასამართლო ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს წყვეტს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული განცხადების კრედიტორის მიერ შეტანის შემთხვევაში − მოვალისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ეს ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს ერთჯერადად, საკუთარი ინიციატივით, დასაბუთებული განჩინებით. გაგრძელებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის განხილვისთვის დადგენილ ვადას.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი შემოსავლების სამსახური აპელირებს, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „წიქარას“ მიერ დაფუძნებულია შპს „მილანა“, რომელზეც შესაძლოა შპს „წიქარას“ მიერ ადგილი ჰქონდეს ქონებების გარიდებას, ასევე დირექტორის მიერ ქონების გატანას, რაც თავის მხრივ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით შეცილების საფუძველი გახდებოდა. ასევე, შპს „წიქარას“ ბიუჯეტის მიმართ გააჩნია აღიარებული დავალიანება 34677 ლარი, ასევე არაღიარებული დავალიანება 386438 ლარის ოდენობით, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თუკი სასამართლო არ გააუქმებს 2022 წლის 17 იანვრის განჩინებას და არ გახსნის შპს „წიქარას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოებას, ამ შემთხვევაში მოხდება საწარმოს საჯარო რეესტრიდან ამოშლა, რაც თავის მხრივ შეუძლებელს გახდის საგადასახადო ორგანოს მხრიდან როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებას, ასევე საგამოძიებო ორგანოების მოქმედებას აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნიდან გამომდინარე, მოვალისა და კრედიტორის ინტერესების თანაზომიერად დაცვის გათვალისწინებით, მოვალის ფინანსური მდგომარეობის სრულყოფილად გამოსაკვლევად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს 2022 წლის 17 იანვრის განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და შპს „წიქარას‘’ მიმართ დაწყებულ უნდა იქნეს გაკოტრების საქმის წარმოება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 57-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება შპს „წიქარას“ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

3. შპს „წიქარას“ (ს/კ: 432539906) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

4. შპს „წიქარას“ (ს/კ: 432539906) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ლაშა ნოდია (პ/ნ 19001001627, ტელ.: 599304302), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6. მმართველი ვალდებულია კრედიტორთა ხმის უფლებასთან დაკავშირეული საკითხები მოამზადოს და სასამართლოს წარუდგინოს გაკოტრების რეჟიმის გახსნიდან არაუგვიანეს 20 დღისა.

7. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს შეუჩერდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას. 

8. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

9. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში შეუნარჩუნდეს მხოლოდ განჩინების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

10. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს.

12. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).

13. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                   ნათია შიოშვილი