გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1519-22
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/1519-22

(330210322005413576)

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობაზე

 უარის თქმის შესახებ

 2022 წლის  10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ენუქიძე

განმცხადებელი – შპს „თეკლა“

წარმომადგენელი – ზვიად ბურდული

მოთხოვნა – შპს „თეკლას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „თეკლას“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ,

გამოარკვია:

2022 წლის 21 იანვარს შპს „თეკლას“ (ს/ნ 404901996) წარმომადგენელმა (დირექტორმა) ზვიად ბურდულმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „თეკლას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „თეკლას“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალებით ვაჭრობა. აღნიშნულ საქმიანობას აწარმოებდა იჯარით აღებულ ფართში. 2020 წლის 29 დეკემბერს საწარმოს შემოსავლების სამსახურმა დაარიცხა შემდეგი გადასახადები – დღგ – 79887 ლარი, საშემოსავლო გადასახადი – 125430 ლარი, ქონების გადასახადი – 7 ლარი, ჯარიმა 102393 ლარი, საურავი 82179,14 ლარი. განმცხადებელმა გაასაჩივრა საგადასახადო მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში, თუმცა 2021 წლის 19 მარტის ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მითითებული ბრძანება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოში, რომლის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმადაც განმცხადებელს კვლავ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2020 სამეწარმეო წელი კომპანიამ დაასრულა ზარალით. „კოვიდ 19-თან“ დაკავშირებულმა რეგულაციებმა კიდევ უფრო დაამძიმა საწარმოს სამუშაო პირობები. მუშაობის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. ზარალმა შეადგინა 2356,90 ლარი. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიამ საქმიანობა კვლავ ზარალით დაასრულა. ამჯერად ზარალმა 87273,93 ლარი შეადგინა. 2021 წლის ზარალით დასრულების მიზეზი იყო წლების განმავლობაში დაგროვილი სარეალიზაციოდ უვარგისი საქონელი, რომელსაც მხოლოდ 2021 წელს ჩაუტარდა ინვენტარიზაცია. ამ პერიოდამდე სარეალიზაციოდ უვარგისი საქონელი აქტივებად განიხილებოდა. წუნდებულმა საქონელმა შეადგინა 100596,17 ლარი საბაზრო ღირებულებით. დღგ-მ შეადგინა 18107,31 ლარი. აღნიშნული ტვირთად დააწვა კომპანიას.

კომპანიაში დასაქმებული იყო 4 პირი – ზვიად ბურდული, ნინო დარასელია, შამილ ანდოევი და ჯემალ კასოევი. 2021 წლის 1 ივლისიდან, მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა, განმცხადებელმა თანამშრომლები დაითხოვა.

საწარმოს არ აქვს სასამართლო დავები, კომპანიის მიმართ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებიდან გასულია ექვს თვეზე მეტი, რომლის განმავლობაში საწარმომ ვერ დაფარა ვადამოსული ვალდებულებები, რადგან მისი მთლიანი ლიკვიდური აქტივის ჯამი ვადამოსული ვალდებულებების ჯამის 2%-ს შეადგენს. ადგილი აქვს ლიკვიდობის დეფიციტს.

მოვალე საწარმომ შეწყვიტა საქმიანობა და არ გააჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. კომპანიის ბალანსზე ირიცხება ორი სალარო აპარატი, რომლის რეალური ღირებულება შეადგენს 400 ლარს. აღნიშნული ქონებაც დატვირთულია საგადასახადო გირავნობით. საბანკო ანგარიშებზე გადასახადების, ჯარიმების და საურავების თანხების ჩამოწერის მიზნით წარდგენილია შემოსავლების სამსახურიდან საინკასო დავალებები.

2022 წლის 20 იანვრის მდგომარეობით – შპს „თეკლას“ საბანკო ანგარიშებზე და სალაროში თანხა არ ერიცხება. ზვიად ბურდულს, როგორც საწარმოს დამფუძნებელს და დირექტორს აღარ გააჩნია ინტერესი ბიზნესის მიმართ. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შპს „თეკლას“ დირექტორი ითხოვს გაკოტრების რეჟიმის გახსნას და მიუთითებს, რომ კომპანია საპროცესო ხარჯების დაფარვას თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს.

შპს „თეკლას“ კრედიტორი არის სსიპ – შემოსავლების სამსახური. საქმეში წარმოდგენილია სსიპ – შემოსავლების სამსახურის 19.01.2022 წლის ცნობა, რომლის თანახმადაც შპს „თეკლას“ ერიცხება სალდირებული აღიარებული დავალიანება 17562,34 ლარი. დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული შეადგენს 419404,74 ლარს. საწარმოს არ ჰყავს დებიტორები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით განმცხადებელს განესაზღვრა ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 2022 წლის 3 თებერვალს და 4 თებერვალს შპს „თეკლას“ წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებებით მომართა სასამართლოს.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს „თეკლას“ უარი უნდა ეთქვას განცხადების დასაშვებად ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობებით დასტურდება, რომ შპს „თეკლას“ საკუთრება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. მოვალე არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის მიხედვით, შპს „თეკლას“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით და ბანკების მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ კომპანიას საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ერიცხება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ინფორმაციის შესაბამისად შპს „თეკლას“, როგორც თავდაპირველი მოსარჩელის/მოპასუხის მიმართ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები არ იძებნება. ასევე სასამართლოში განსახილველად არ შემოსული სისხლის სამართლის საქმე შპს „თეკლას“ მიმართ.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.

აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

განსახილველ შემთხვევაში, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი. შპს „თეკლას“ საკუთრებაშია მხოლოდ ორი სალაროს აპარატი, რომელთა ღირებულება ჯამში 400 ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში კი ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

ამდენად, შპს „თეკლას“ უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „თეკლას“ (ს/ნ 404901996) უარი ეთქვას გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

მოსამართლე  ნინო ენუქიძე