ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-138
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016712
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-138
2022 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის და აღდგენის წესი“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის და აღდგენის წესი
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების სფერო
1. „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის და აღდგენის წესი“ (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის (შემდგომ - ქარსაფარი ზოლი) სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს.
2. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქარსაფარი ზოლი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ხელოვნურად გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) მწკრივი, რომლის მიზანია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა და ამ კულტურების გაბატონებული ქარებისგან დაცვა;
ბ) ქარსაფარი ზოლის ტერიტორია - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი, რომელზეც სრულად ან ნაწილობრივ შენარჩუნებულია ქარსაფარი ზოლი ან ფიქსირდება ქარსაფარი ზოლისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ან/და სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს;
გ) დაინტერესებული პირი - ადმინისტრაციული ორგანო, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის ან აღდგენის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება;
დ) სათათბირო საბჭო - სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით შექმნილი სათათბირო საბჭო.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინებისა, ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ასევე „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები.
მუხლი 3🔗.
ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების ზოგადი წესი
1. მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს ქარსაფარი ზოლის სტატუსი ენიჭება სააგენტოს გადაწყვეტილებით, სპეციალური მოკვლევის ან ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის საფუძველზე.
2. ქარსაფარი ზოლის საზღვრები რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე.
3. ქარსაფარი ზოლის სტატუსი მინიჭებულად ითვლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ქარსაფარი ზოლის საზღვრების რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 4🔗.
ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება სპეციალური მოკვლევის საფუძველზე
1. მიწის ნაკვეთისათვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების თაობაზე სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური მოკვლევის საფუძველზე, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ტარდება ინვენტარიზაცია ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით მიზანშეწონილია გაშენდეს ქარსაფარი ზოლი.
2. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების მიზნით სპეციალურ მოკვლევას სააგენტო აწარმოებს:
ა) საკუთარი ინიციატივით;
ბ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე;
გ) მუნიციპალიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე;
დ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე.
3. სპეციალურ მოკვლევას სააგენტო საკუთარი ინიციატივით აწარმოებს, თუ მიწათსარგებლობის მონიტორინგის განხორციელებისას ან/და სხვა გარემოებ(ებ)ის გამოვლენისას დადგინდა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის ქარისმიერი ეროზია ან მისი საფრთხე, ან/და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ქარისმიერი დაზიანება/განადგურება.
4. სპეციალური მოკვლევა მოიცავს მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ნიადაგურ-კლიმატური პირობების, მასზე მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თაობაზე მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის შეგროვებას.
5. სპეციალური მოკვლევის საფუძველზე ქარსაფარი ზოლის სტატუსის მისანიჭებლად მიწის ნაკვეთ(ებ)ის მესაკუთრე(ები) სააგენტოს მიმართავ(ენ)ს განცხადებით.
6. სპეციალური მოკვლევის თაობაზე მიმართვისას დაინტერესებული პირი ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის ნაკვეთის თაობაზე;
ბ) ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის საზღვრების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი;
გ) ქარსაფარი ზოლის გაშენების ან/და რეაბილიტაციის გეგმა, შესაბამისი ვადების მითითებით;
დ) ნიადაგის კვლევის შესახებ შესაბამისი (ნიადაგის ხსნარის რეაქცია - pH, ორგანული ნივთიერებები (ჰუმუსი), გრანულომეტრული (მექანიკური) შემადგენლობა, ხსნადი მარილების საერთო შემცველობა - ელექტროგამტარობის სახით (EC)) ლაბორატორიული დასკვნა;
ე) სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ქარსაფარი ზოლისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე არსებული კლიმატური პირობების (ქარის სიჩქარის და მიმართულების, ტენიანობისა და საშუალო ტემპერატურის) შესახებ;
ვ) ქარსაფარი ზოლისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მომიჯნავე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სასოფლო- სამეურნეო საქმიანობის შესახებ.
7. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, სააგენტოში წარადგინოს ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შეფასების მიზნით დამატებით სხვა დოკუმენტაცია.
8. სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შეიმუშავებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს სათათბირო საბჭოს, რომლის რეკომენდაცია შესაბამის დასკვნასთან ერთად წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარის, მიწის ნაკვეთისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
9. თუ სპეცალური მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი (ქარსაფარი ზოლის ტერიტორია) არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, სააგენტო მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - საჯარო რეესტრი) მიწის ნაკვეთის (გარდა კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთებისა) რეგისტრაციის მიზნით და წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შემდეგ.
მუხლი 5🔗.
ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება ინვენტარიზაციის საფუძველზე
1. ინვენტარიზაცია მოიცავს იმ მიწის ნაკვეთების გამოვლენას და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერას, რომელზეც სრულად ან ნაწილობრივ შენარჩუნებულია ქარსაფარი ზოლი ან ფიქსირდება ქარსაფარი ზოლისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ან/და სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს.
2. ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის ეტაპებია:
ა) ქარსაფარი ზოლის ტერიტორიების გამოვლენა;
ბ) ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის საზღვრების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულება და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
გ) ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა და ამ ტერიტორიაზე მერქნიან მცენარეთა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახეობრივი შემადგენლობის, რაოდენობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა.
3. ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგებში აისახება ქარსაფარი ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობისა და საზღვრების, ქარსაფარ ზოლებზე გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობრივი შემადგენლობის, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლებისა და ხნოვანებითი სტრუქტურის შესახებ მონაცემები, აგრეთვე შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თაობაზე ინფორმაცია.
4. ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შეიმუშავებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს სათათბირო საბჭოს, რომლის რეკომენდაცია შესაბამის დასკვნასთან ერთად წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს, მიწის ნაკვეთისათვის ან/და მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების მიზნით.
5. თუ ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი (ქარსაფარი ზოლის ტერიტორია) არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, სააგენტო მიმართავს საჯარო რეესტრს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით და წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შემდეგ.
6. ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობით.
მუხლი 6🔗.
ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტა
1. ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს:
ა) დაინტერესებული პირის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე;
ბ) თუ არსებობს ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი, კერძოდ:
ბ.ა) სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესი;
ბ.ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების (მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, მილსადენების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციებისა და არხების მშენებლობისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესრულებისთვის), აგრეთვე, თუ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა და შესაბამისი პროექტის/სამუშაოს განხორციელება ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია;
ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთებზე) განხორციელებული ისეთი საქმიანობა, რომლის შედეგადაც შეუძლებელია ქარსაფარი ზოლის ან მისი ნაწილის დანიშნულებისამებრ გამოყენება მიმდებარე მიწის ნაკვეთისთვის (ნაკვეთებისთვის) და არსებობს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის, სტრატეგიული ინტერესი, რომლის განხორციელება ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია.
2. დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე შუამდგომლობა უნდა მოიცავდეს ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესის არსებობის დასაბუთებას.
3. საზოგადოებრივი მნიშვნელობის სტრატეგიული ინტერესი შეიძლება მოიცავდეს ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ ისეთი ეკონომიკურ საქმიანობის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
4. სააგენტოში წარდგენილი და დაცული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობაზე სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც წარედგინება სათათბირო საბჭოს, რომლის რეკომენდაცია შესაბამის დასკვნასთან ერთად წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
5. ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება წარედგინება საჯარო რეესტრს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციის მიზნით.
მუხლი 7🔗.
ქარსაფარი ზოლის სტატუსის აღდგენა
1. თუ მიწის ნაკვეთისათვის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ აღმოიფხვრა სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, სააგენტოს გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს აღუდგება ქარსაფარი ზოლის სტატუსი.
2. მიწის ნაკვეთისათვის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საკუთარი ინიციატივით, ან დაინტრესებული პირის განცხადების საფუძველზე.
3. ქარსაფარი ზოლის სტატუსის აღდგენის შესახებ სააგენტოსთვის მიმართვისას წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლ(ებ)ის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
ბ) მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია.
მუხლი 8🔗.
ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა
1. ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა არის ქარსაფარი ზოლების რეგისტრირებული მონაცემების, გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის კატეგორიის შესახებ ინფორმაციის, ქარსაფარ ზოლში არსებული მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის, რაოდენობისა და ხნოვანების, ასევე ქარსაფარ ზოლთან დაკავშირებით არსებული სხვა მონაცემების ერთობლიობა.
2. ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემას აწარმოებს და მართავს სააგენტო.
მუხლი 9🔗.
გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და გასაჩივრების წესი
1. სააგენტო ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის და აღდგენის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.