წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.02.2022
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016467
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2023
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2022 წლის 23 თებერვალი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალდაკარგულად გამოცხადდეს“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №2 დადგენილება;
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესი
ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის-დევნილებისათვის, აგრეთვე ბოლო ერთი წლის განმავლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ მუხლში გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების პრინციპებს, სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, სოციალური დახმარების სახეობას და გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗.
ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება
1.
პროგრამა ითვალისწინებს პაციენტის დაფინანსებაში თანამონაწილეობას და გამოითვლება შემდეგი წესით:
ა)
თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტია, დაფინანსდება პაციენტის გადასახდელი თანხის ნახევარი;
ბ)
ხოლო თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა 70%-ზე ნაკლებია-დაფინანსდება საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხის 25%;
გ)
ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია არანაკლებ 50 და არაუმეტეს 700 ლარის ოდენობით. პროგრამა არ ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევით 100%-ით დაფინანსების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობას თანადაფინანსებაში.
2.
პროგრამაში ჩართვა ხორციელდება:
ა)
საგარანტიო წერილის გაცემით ,რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ;
ბ)
სტაციონარული მომსახურების გაწევის შემდგომ ბენეფიციარის მომართვის შემთხვევაში.
3.
დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით;
4.
ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100;
ბ)
საყოველთაო დაზღვევის საგარანტიო წერილის ასლი;
გ)
სასწრაფო გადაუდებელ შემთხვევაში საყოველთაო დაზღვევის კალკულაცია.
5.
საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული დაფინანსება გამოითვლება მომსახურების მიმწოდებლის ტარიფის არეალის ზედა ზღვარზე დაფიქსირებული ღირებულებიდან.
მუხლი 2🔗.
ფსიქიურ ავადმყოფთა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება
1.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიური აშლილობით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის გარდა დამატებით საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას;
2.
ბენეფიციართა შერჩევა ხდება შესაბამისი ფსიქონარკოლოგიური დისპანსერიდან ყოველკვარტალურად მოწოდებული მონაცემების საფუძველზე;
3.
ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ჯანმრთლობის ცნობა ფორმა №100 საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტის მითითებით.
4.
პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე, ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვას და გათვლილია 50 ბენეფიციარზე.
მუხლი 3🔗.
თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა
1.
პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც ჩართული არიან თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და სისტემატიურად უწევთ გადაადგილება სხვა ქალაქში;
2.
პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას;
3.
ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100. პროგრამა გათვლილია 25 ბენეფიციარზე.
მუხლი 4🔗.
მუდმივად ან /და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერა
1.
პროგრამის ბენეფიციარები არიან იშვიათი დაავადების მქონე პაციენტები (გაფანტული სკლეროზი, სირინგომიელია, მოტონეირონთა დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია, ბავშვთა ცერებრალული დამბლა , სისტემური სკლეროდერმია, აუტოიმუნური ჰეპატიტი, რეტის სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა, ლეიკემია -ლეიკოზი , პარკისონის დაავადება, ცელიაკია), რომლებიც მუდმივად ან სისტემატურად საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს.
2.
ბენეფიციარმა სტაციონარიდან უნდა წარმოადგინოს დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 საჭირო მკურნალობისა და კვლევების მითითებით.
3.
პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას. პროგრამა გათვლილია 50 ბენეფიციარზე.
მუხლი 5🔗.
აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა
1.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ასა-ს მქონე 2 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა მშობლები წარმოადგენენ ნეიროგანვითარების ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“, რეგისტრირებული კავშირის „საქართველოს ბავშვები“, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის და სხვა ლიცენზირებული დაწესებულებების ბენეფიციარისთვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესაბამის ხარჯთაღრიცხვას, დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100-ს, ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს და ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს.
2.
მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბენეფიციარზე გაიცემა საგარანტიო წერილი ჩასატარებელი ღონისძიებების ღირებულების 70%- ის ოდენობით დაფინანსებაზე, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ.
3.
აღნიშნული პროგრამით ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს წელიწადში ორჯერ. პროგრამა გათვლილია 5 ბენეფიციარზე.
მუხლი 6🔗.
მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
1.
მუნიციპალიტეტის მერის მიერ დადგენილი ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამავე ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობით პროგრამით მოსარგებლე შეიძლება გახდეს მოქალაქე, რომელსაც აქვს მძიმე ყოფითი პრობლემები და საჭიროებს ფულად დახმარებას (თითოეულ ბენეფიციარზე 50 დან 200 ლარამდე გასაცემი თანხის მითითებით);
2.
ერთჯერადის ფულადი დახმარების გაწევა ხდება ოჯახის რომელიმე წევრზე წელიწადში ერთხელ. უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
3.
სასწრაფო-გადაუდებელ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერი „სოციალური კომისიის“ გარეშე ღებულობს გადაწყვეტილებას ერთდროული დახმარების გაწევის თაობაზე თითოეულ ბენეფიციარზე 100 ლარიდან, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, პროგრამისთვის განსაზღვრული წლიური თანხის 15%-ის ფარგლებში;
4.
დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 7🔗.
ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1.
პროგრამა ითვალისწინებს ბიოლოგიური დედის რიგით პირველ და მეორე ცოცხლად შობილ შვილზე ერთჯერად ფულად დახმარებას 300 ლარის ოდენობით .(ტყუპების შეძენისას ყოველ ცოცხლადშობილ ბავშვზე გაიცემა 300 ლარი);
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალშობილის დაბადებისა და ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ)
ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ახალშობილის რიგითობის შესახებ .
3.
დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 8🔗.
საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება
1.
პროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები (ომისა და შრომის ვეტერანები, პენსიონერები, 100 წელს გადაცილებული პირები და ა.შ.), აფხაზეთისა და 8 აგვისტოს საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულთა, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული საჯარო და ძალოვანი სტრუქტურის წარმოადგენელთა ოჯახები, რომელთაც საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით გაეწევათ ერთჯერადი ფულადი და / ან მატერიალური დახმარება.
2.
სოციალური ჯგუფების შერჩევა და ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა და/ან მატერიალური დახმარების ჩამონათვალი განისაზღვრება შესაბამისი „სოციალური კომისიის“ მიერ. თითოეულ ბენეფიციარზე აღნიშნული დახმარება გაიწევა წელიწადში ერთხელ;
3.
ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან.
მუხლი 9🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვან შვილთა ყოველთვიური ფულადი დახმარება
1.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი და წარმოადგენენ შვილების დაბადების მოწმობის ასლებს, მშობლების ქორწინების მოწმობის ასლს - ასეთის არსებობის შემთხვევაში, ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს და პირადი საბანკო ანგარიშის ნომერს;
2.
მრავალშვილიანი ოჯახის თითოეულ არასრულწლოვან შვილზე ყოველთვიურად გაიცემა დახმარება 50 ლარის ოდენობით.
მუხლი 10🔗.
შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა
1.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც არ არიან ასაკით პენსიონერები და წარმოადგენენ:
ა)
სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით-მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) და არიან სახლს (ეტლით მოსარგებლე), ან საწოლს მიჯაჭვული და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს;
ბ)
ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100-ს მუდმივად მოვლის საჭიროების მითითებით;
გ)
პირადობის მოწმობის ასლს;
დ)
სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ე)
პირად საბანკო ანგარიშს.
2.
დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად თითოეული ბენეფიციარზე უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 100 ლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვით. პროგრამა გათვლილია 30 ბენეფიციარზე.
მუხლი 11🔗.
დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება
1.
პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვები, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოადგენენ სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს, დაბადების მოწმობის ასლს, პირადობის მოწმობის ასლს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათზე მეურვეობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მეურვის პირადობის მოწმობის ასლს და პირად ანგარიშს.
2.
პროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლ თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მეურვის პირად ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის ჩარიცხვით. პროგრამა გათვლილია 7 ბენეფიციარზე.
მუხლი 12🔗.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან მერიის მიერ მიზნობრივად გამოსახლებულ პირთა დროებით საცხოვრისით უზრუნველყოფა, კერძო სექტორში მათთვის საცხოვრებელი ფართის დაქირავებით (არაუმეტეს 200 ლარისა თვეში).
დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით თითოეული ბენეფიციარის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 13🔗.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა
1.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს შსს შესაბამისი სამსახურის, ან /და სასამართლო ორგანოს ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ სხვა დოკუმენტს.
2.
ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბენეფიციარის პირად ანგარიშზე წელიწადში ერთხელ 500 ლარის ჩარიცხვით. პროგრამა გათვლილია 6 ბენეფიციარზე.
მუხლი 14🔗.
სტაციონარული მკურნალობის შემდგომ ბინაზე, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოჯახების, ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა
1.
პროგრამა ითვალისწინებს არასაპენსიო ასაკის სტაციონარული მკურნალობის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც ხანგრძლივად საჭიროებენ ამბულატორიულ მეთვალყურეობასა და მკურნალობას.
2.
წარმოდგენილი შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100-ის საფუძველზე ბენეფიციარის ოჯახს ჩაერიცხება უნაღდო ანგარიშსწორებით, ყოველთვიურად 200 ლარი.
მუხლი 15🔗.
დიდი სამამულო ომის მონაწილე მოქალაქეთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა
1.
პროგრამა ითვალისწინებს დიდი სამამულო ომის მონაწილეთათვის ფინანსურ მხარდაჭერას ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.
2.
ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 16🔗.
წარჩინებულ სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსება
1.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველი (ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000 ზე მეტია და ტოლია ან ნაკლებია 120 000 ზე) ოჯახების შვილებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არის 3 დან 4 მდე), არ არიან ჩართული დაფინანსების არცერთ სახელმწიფო პროგრამაში და წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს სასწავლებლიდან მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სწავლის დაფინანსების თაობაზე.
2.
ბენეფიციარის თანადაფინანსება მოხდება მიმდინარე სასწავლო წლის განმალობაში 1125 ლარის ოდენობით (დანარჩენი თანხის დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ). მოპოვებული გრანტის შემთხვევაში დაფინანსდება სწავლის ღირებულების ნახევარი, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარისა.
3.
დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით შესაბამის სასწავლებელში თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 17🔗.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
1.
პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენების (ძირითადად ხანძარი, გამონაკლისის შემთხვევაში სხვა მიზეზები) შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას განიხილება მხოლოდ საცხოვრებელი ფართის დაზიანება ან განადგურება, რომელიც პირობითად იყოფა სამ კატეგორიად:
ა)
ორსართულიანი კაპიტალური სახლის სრული დაზიანება -დაფინანსება 10 000 დან -15 000 ლარამდე;
ბ)
ერთსართულიანი კაპიტალური ან ხის სახლის არასრული დაზიანება-დაფინანსება 5000-დან 10 000-ლარამდე;
გ)
ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კატეგორიების შედარებით მსუბუქი დაზიანება – 3000 ლარამდე.
2.
პროგრამაში ჩასართავად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასკვნა ხანძრით მიყენებული ზარალის შესახებ;
ბ)
შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტო-მასალა ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის მიერ დამოწმებული და მისივე შუამდგომლობა;
გ)
საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი.
3.
დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით დაზარალებულის (ან მისი ოჯახის წევრების) პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. დაფინანსებას ექვემდებარება მიმდინარე საბიუჯეტო წელს მომხდარი შემთხვევა.
მუხლი 18🔗.
სარიტუალო მომსახურება
1.
პროგრამა ითვალისწინებს არსებული კანონმდებლობით დადგენილი გარდაცვლილი დიდი სამამულო ომის მონაწილეების, მასთან გათანაბრებული პირების, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას.
2.
ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ პირთა (გარდა იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახებისა) ოჯახების დაფინანსება განისაზღვრება 250 ლარით.
3.
იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე გასაცემი თანხა განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით.
4.
გარდაცვლილის ოჯახისა წევრმა უნდა წარმოადგინოს:
ა)
ცნობა გარდაცვალების შესახებ;
ბ)
გარდაცვლილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
გარდაცვლილის ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში.
5.
დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 19🔗.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების განხორცილებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისია“, შემდგომში – „სოციალური კომისია“.
2.
კომისია პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის პროგრამით მოსარგებლეთა სიების კომპიუტერულ დამუშავებასა და ინფორმაციის დაცვაზე.
3.
მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებმა (თუ ისინი იგივე პროგრამით სარგებლობდნენ წინა წლებში) უნდა განაახლონ შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
მუხლი 20🔗.
ბენეფიციართა განცხადებისა და დახმარების მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენის წესი
1.
განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
2.
ბენეფიციართა მიერ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია პროგრამით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს, რომლის წარმომადგენელი არასრულყოფილად დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების თაობაზე.
3.
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარის გარკვეული მიზეზის გამო გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მერიას შეიძლება მიმართოს და დახმარება მიიღოს ბენეფიციარის ახლო ნათესავმა( დედა ,მამა, მეუღლე, შვილი), ან ბენეფიციარზე მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირმა, ან ნოტარიულად დადასტურებულმა რწმუნებულმა.
4.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ვალდებული არიან სოციალურ კომისიას ყოველთვიურად წარმოუდგინონ თავიანთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაცია მათი პროგრამიდან შესაძლო მოხსნის თაობაზე (იურიდული ფაქტი: ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ,გარდაცვალება და სხვა).
მუხლი 21🔗.
გადაწყვეტილების მომზადება
1.
სოციალური კომისია საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2.
საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად ,ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე, ამ წესით გაუთვალისწინებელი სამართლებრივი ურთიერთობის გადაწყვეტა ხდება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით.
3.
სოციალური კომისია უზრუნველყოფს პროგრამით მოსარგებლეთა სისტემატურ შემოწმებას და ახდენს შესაბამის ცვლილებებს ( დახმარების შეწყვეტა, აღდგენა).
4.
სოციალური კომისიის სხდომები ტარდება გარემოებების გათვალისწინებით, თვეში ორჯერ მაინც.
5.
კომისია თვის განმავლობაში სოციალური დახმარების დანიშვნისა და შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას მომდევნო თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
6.
სოციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 22🔗.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
1.
პროგრამებით გათვალისწინებულ დაფინანსებას ექვემდებარება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დამდგარი იურიდიული ფაქტი.
2.
მიმდინარე წელს გაცემული საგარანტიო წერილებით აღებული შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებების დაფარვა შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან .
3.
დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.