ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2021
ძალაში შესვლა 01.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით
ნომერი №190/6
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016681
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2022
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი | ეკონომიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობასა
შორის თანამშრომლობის შესახებ ძირითადი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს მთავრობასა
და
არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას
შორის
ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
პრეამბულა
საქართველოს მთავრობა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად’’ წოდებულნი);
ითვალისწინებენ რა ეკონომიკურ ურთიერთობათა მნიშვნელობას;
ადასტურებენ რა სურვილს განავითარონ, გააძლიერონ და გაამრავალფეროვნონ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობა თანასწორობის, ნაცვალგებისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით;
გამოთქვამენ რა რწმენას, რომ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმის განვითარებას და ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და გაძლიერებას;
თავიანთ ქვეყნებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, წინამდებარე მემორანდუმისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად, რომლის მხარეებიც არიან საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი (1)
მემორანდუმის მიზანი და რეგულირების სფერო
ხელშემკვრელი მხარეები გამოთქვამენ თავიანთ მზადყოფნას ითანამშრომლონ და წვლილი შეიტანონ სხვადასხვა ეკონომიკური სფეროების განვითარებაში ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, წინამდებარე მემორანდუმისა და ორ ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით.
მუხლი (2)
თანამშრომლობის სფეროები
2.1. ხელშემკვრელი მხარეები, ითვალისწინებენ რა ამჟამინდელ მდგომარეობას და თავიანთი ეკონომიკური წინსვლის პერსპექტივებს, თანხმდებიან კიდევ უფრო გააძლიერონ ეკონომიკური თანამშრომლობა, მათ შორის, შემდეგ სფეროებში:
ვაჭრობა და ინვესტიციები
ენერგეტიკა და განახლებადი ენერგია
ტრანსპორტი და ლოგისტიკა
სასტუმროების ბიზნესი და უძრავი ქონება
მცირე და საშუალო ზომის საწარმოები (SMEs)
მრეწველობა და სამთო-მოპოვებითი საქმიანობა
სურსათის უვნებლობა და სოფლის მეურნეობა
ტურიზმი
მეცნიერება, ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაცია და ინოვაციები
საფინანსო და საბანკო საქმე
ინფრასტრუქტურა და მშენებლობა
გარემოს დაცვა
2.2. ხელშემკვრელ მხარეთა გადაწყვეტილებით, თანამშრომლობამ შეიძლება მოიცვას სხვა სფეროებიც, ორივე ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით.
მუხლი (3)
მემორანდუმის განხორციელება
3.1. ხელშემკვრელი მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, შემდეგი ზომების განხორციელების გზით:
ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება.
ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, ეკონომიკური პროგრამებისა და პროექტების, სამეწარმეო საქმიანობისა და საერთო ინტერესის სხვა სფეროების შესახებ.
დაბრკოლებების განსაზღვრა და კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაძლიერება ისეთ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
შესაბამისი სპეციალიზებული დაწესებულებებისა და ბიზნესწრეების წახალისება, რათა შესწავლილ იქნეს ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მხარეებსაც წარმოადგენენ საქართველო და არაბთა გაერთიანებული საემიროები.
ხელშემკვრელ მხარეთა ბიზნესწრეების წარმომადგენელთა მონაწილეობის წახალისება და ხელშეწყობა მეორე ხელშემკვრელი მხარის ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებში, ასევე, შესაბამის შემთხვევებში, ხელის შეწყობა ისეთი ღონისძიებების ორგანიზებაში, როგორიცაა სემინარები, კონფერენციები და სიმპოზიუმები.
ბიზნესდელეგაციების გაცვლის, სავაჭრო მისიების, ბიზნესფორუმების და ა.შ. წახალისება და ხელშეწყობა.
ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობა, ორივე ქვეყნის მცირე და საშუალო საწარმოების მონაწილეობით.
ერთობლივი აქტივობების ხელშეწყობა მესამე ქვეყნებში, რეგიონთაშორის და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა საერთო ინტერესის ეკონომიკურ საკითხებზე.
მუხლი (4)
ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შექმნა
4.1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებაზე ზედამხედველობის მიზნით, შეიქმნება ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტი (შემდგომში „კომიტეტი’’), რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენლები, ამავე დროს, შესაძლებელია ორივე ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლების მოწვევა, ორივე ქვეყნის მიერ აღნიშნულის მოთხოვნის და თანხმობის საფუძველზე. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ თავმჯდომარეს (შემდგომში „თანათავმჯდომარე’’). თითოეული თანათავმჯდომარე დანიშნავს მდივანს კომიტეტის შესაბამისი ნაწილისთვის.
4.2. კომიტეტის სხდომების სამუშაო პროგრამა, დღის წესრიგი და ჩატარების დრო შეთავაზებულ იქნება მასპინძელი ხელშემკვრელი მხარის მიერ.
4.3. კონკრეტული საკითხების განსახილველად კომიტეტმა შეიძლება შექმნას სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მათი ფუნქციები და ვადები მათ განსახორციელებლად.
4.4. კომიტეტი შეიკრიბება მონაცვლეობით თითოეულ ქვეყანაში, აუცილებლობის შემთხვევაში. კომიტეტის სხდომების გამართვის თარიღი, ადგილი, დღის წესრიგი და სხვა დეტალები შეთანხმდება ხელშემკვრელ მხარეთა მიერ.
4.5. კომიტეტს შეუძლია დაამტკიცოს თავისი საპროცედურო წესები და, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილოს შემდეგი საკითხები:
ზედამხედველობა წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებაზე;
წინადადებების შეფასება და წარმოდგენა, რომელთა მიზანია წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებებისა და მათგან გამომდინარე კონკრეტული ურთიერთგაგების მემორანდუმების, ინიციატივებისა ან პროექტების განხორციელება;
თანამშრომლობის წახალისება წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ სფეროებში ან ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა სფეროში, არსებული თანამშრომლობის გაფართოების, გაძლიერებისა და დივერსიფიცირების მიზნით;
რეკომენდაციების შემუშავება წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად შემუშავებული ნებისმიერი ურთიერთგაგების მემორანდუმის ან პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი დაბრკოლებების აღმოფხვრის მიზნით;
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, თანამშრომლობის ზემოაღნიშნულ სფეროებში სპეციფიკური ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმების შეთავაზება და სხვა სპეციალური პროექტების გაფორმების შეთავაზება, რომლებიც, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება შეთანხმდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის;
საგანგებო ან მუდმივმოქმედი კომიტეტების, ასევე სამუშაო ჯგუფების შექმნა და, აუცილებლობის შემთხვევაში, თითოეული მათგანისთვის მკაფიოდ განსაზღვრული მანდატის მინიჭება.
მუხლი (5)
რეგიონული და საერთაშორისო შეთანხმებები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებები არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ისინი ზეგავლენას ახდენენ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქმედ ან მომავალ ორმხრივ თუ მრავალმხრივ საერთაშორისო შეთანხმებებისგან გამომდინარე უფლებაზე ან ვალდებულებაზე.
მუხლი (6)
განმარტება და გამოყენება
ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განმარტებასთან, გამოყენებასთან და/ ან განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გაურკვევლობა გადაწყვიტონ კომიტეტის ფარგლებში გამართული ორმხრივი კონსულტაციების, და/ან ხელშემკვრელ მხარეთა შორის დიპლომატიური არხების მეშვეობით გამართული მოლაპარაკებების გზით, მესამე მხარეების ან საერთაშორისო არბიტრაჟის ჩარევის გარეშე.
მუხლი (7)
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შევიდეს ნებისმიერ დროს, ხელშემკვრელ მხარეთა საერთო წერილობითი თანხმობით. ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე ოქმების სახით, რომლებიც ძალაში შევა წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-8 მუხლის დებულებათა შესაბამისად და შეადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი (8)
ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და მოქმედების შეწყვეტა
8.1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
8.2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი დადებულია 5 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ერთწლიანი პერიოდებით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.
8.3. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას უკვე ინიცირებულ ან მიმდინარე ღონისძიებებზე და პროექტებზე, მათ დასრულებამდე.
მუხლი (9)
კონფიდენციალურობა
9.1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმიდან გამომდინარე ნებისმიერი ინფორმაცია ექვემდებარება გამოყენებას მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა მიერ, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზნებისთვის და ხელშემკვრელ მხარეთა მიერ განიხილება, როგორც მკაცრად კონფიდენციალური. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობითი საქმიანობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაუმჟღავნდება რომელიმე მესამე მხარეს, ინფორმაციის თავდაპირველი გამამჟღავნებელი ხელშემკვრელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
9.2. მემორანდუმის განხორციელების პერიოდში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაიცავს მეორე ხელშემკვრელი მხარისგან მიღებული ან მისთვის მიწოდებული, ან წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ან წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად გაფორმებული ნებისმიერი სხვა შეთანხმების განხორციელების შედეგად მოპოვებული დოკუმენტების, ინფორმაციის და სხვა მონაცემების კონფიდენციალურობას და ფიზიკურ უსაფრთხოებას თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ წერილობით შეთანხმებულ ფარგლებში.
9.3. ამ მუხლის ზემოთ მოყვანილი პუნქტები არ ვრცელდება ინფორმაციაზე, რომელიც გამჟღავნების მომენტში უკვე ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, ან ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებასაც ითვალისწინებს კანონი, ან მოითხოვს რომელიმე სახელმწიფო ორგანო. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებები არ გავრცელდება რომელიმე კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, თუ მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დაამტკიცოს, რომ:
მიმღები ხელშემკვრელი მხარისთვის ის ცნობილი იყო გამამჟღავნებელი ხელშემკვრელი მხარის მიერ მის გამჟღავნებამდე;
საზოგადოებისთვის ის ცნობილი იყო მიმღები ხელშემკვრელი მხარისთვის მისი გამჟღავნების მომენტში, ან მოგვიანებით, ნებისმიერ დროს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, და არცერთ შემთხვევაში მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს ამაში ბრალი არ მიუძღვის;
მიმღები ხელშემკვრელი მხარისთვის მისი გამჟღავნების შემდგომ, ნებისმიერ დროს, მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს ის გაუმჟღავნდა მესამე მხარის მიერ ისე, რომ არ დარღვეულა კონფიდენციალურობის ვალდებულება, რომელიც ამ მესამე მხარეს გააჩნდა გამამჟღავნებელი ხელშემკვრელი მხარის მიმართ.
მუხლი (10)
უარის თქმა
არცერთი ხელშემკვრელი მხარე უარს არ იტყვის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით მისთვის დაკისრებულ რომელიმე ვალდებულებაზე ან პასუხისმგებლობაზე, ან არ გადასცემს ამ დოკუმენტით მისთვის მინიჭებულ რომელიმე უფლებას ან ვალდებულებას რომელიმე მესამე მხარეს, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი (11)
შეტყობინებები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინება ან მოთხოვნა შესაბამის ხელშემკვრელ მხარეს წარედგინება წერილობით, დიპლომატიური არხების, ელექტრონული ან პირველი კლასის ფოსტის მეშვეობით.
მუხლი (12)
ვარიაცია
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის არცერთი სხვა ვარიაცია არ ამოქმედდება, თუ ის არ არის წარმოდგენილი წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ.
მუხლი (13)
ფინანსური შეთანხმებები
თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავად დაფარავს აქტივობებში მონაწილეობის, მათ შორის, მგზავრობისა და დაბინავების ხარჯებს, ასევე წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისას გაწეულ სხვა ხარჯებს.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერნი, შესაბამისი უფლებამოსილებებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ხელმოწერილია ქ. დუბაიში , 2021 წლის 29 დეკემბერს, ორ დედნად, ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ინტერპრეტაციის დროს განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის სახელით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ეკონომიკის მინისტრი