საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2022
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №1/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.058.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე | აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №1/ნ
2022 წლის 14 მარტი
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის №9 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანება (გაზეთი „აჭარა“, 2010 წლის 27 თებერვალი, №24 (23.230), გვ.14).
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრინინო ნიჟარაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულება
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) სტრუქტურული ერთეულების დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში – სტრუქტურული ერთეულები) უფლება-მოვალეობებს, ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2🔗.
სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სტრუქტურული ერთეულები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 3🔗.
სტრუქტურული ერთეულები
ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილება;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების განყოფილება;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის განყოფილება;
დ) ბათუმის განყოფილება;
ე) ქობულეთის განყოფილება;
ვ) ხელვაჩაურის განყოფილება;
ზ) ქედის განყოფილება;
თ) შუახევის განყოფილება;
ი) ხულოს განყოფილება.
მუხლი 4🔗.
გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) რეგიონის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებათა კოორდინაცია;
ბ) სამიზნე ტერიტორიაზე განთავსებული პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების, სტატისტიკურ მონაცემთა ხარისხის მონიტორინგი;
გ) მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესის ტენდენციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მასშტაბების, მათ შორის განსაკუთრებით საშიში და მასთან გათანაბრებული ინფექციების გავრცელების ხასიათის რუტინული, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და სიტუაციური ანალიზი;
დ) ეპიდზედამხედველობის ინფორმაციული სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და ავადობის დინამიკაზე მონიტორინგის განხორციელება;
ე) ყოველი მომდევნო წლისათვის ბავშვთა პროფილაქტიკური აცრების დაგეგმვა;
ვ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის ასაკობრივი შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება;
ზ) იმუნიზაციას დაქვემდებარებული მოსახლეობის ვაქცინოპროფილაქტიკისათვის ასაცრელი მასალის, შპრიცების, საუტილიზაციო კონტეინერებისა და სხვა სახარჯი მასალის წლიური საჭიროების განსაზღვრა;
თ) რეგიონში ,,ცივი ჯაჭვის“ ინვენტარიზაცია;
ი) ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების მიმდინარე, სიტუაციური, 6 თვის და წლიური ანალიზი;
კ) ამცრელი უბნის დონეზე ვაქცინოპროფილაქტიკის განხორციელების პროცესში არსებული პრობლემების განსაზღვრა და სათანადო ღონისძიებების დაგეგმარებით ინფორმაციის მომზადება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირის დონეზე მოქმედი სამართლებრივი აქტ(ებ)ის შესრულების მონიტორინგი;
მ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირის დონეზე დამხმარე ზედამხედველობის განხორციელება;
ნ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირის დონეზე ვაქცინოპროფილაქტიკისა და ,,ცივი ჯაჭვის“ რუტინული მონიტორინგი;
ო) ვაქცინოპროფილაქტიკის ყოველთვიური ანგარიშის მიღება და აგრეგირებული ანგარიშის მომზადება სტანდარტული კომპიუტერული პროგრამების შესაბამისად;
პ) აცრებს დაქვემდებარებული კონტინგენტის განსაზღვრის, აცრების წლიური და ყოველთვიური დაგეგმარების, შესრულებული სამუშაოს ანგარიშგების საკითხებზე აცრებზე დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების ხელშეწყობა;
ჟ) ბავშვთა მოსახლეობის აცრებით მოცვის დონისა და იმუნიზაციის სხვა მაჩვენებლების შეფასება;
რ) აცრისშემდგომი გართულებისა და რეაქციების ზედამხედველობა;
ს) იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის I და II დონეზე დასაქმებული სპეციალისტების ინსტრუქტაჟი;
ტ) იმუნიზაციის ელექტრონული მოდულის წარმოება;
უ) მოქმედი კანონმდებლობითა და ცენტრის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ცენტრის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ბ) ცენტრის კვარტალური და წლიური ბალანსის შედგენა;
გ) ცენტრის საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება;
დ) ცენტრისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების უზრუნველყოფა;
ე) დადგენილი წესით მიზნობრივი პროგრამების შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების შედგენა და წარმოდგენა შესაბამისი ორგანოებისათვის;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ცენტრის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ზ) ცენტრის თანამშრომელთა ხელფასების, ფულადი ჯილდოს და სხვა გასაცემი თანხების თავისდროული აღრიცხვა და გაცემა;
თ) ცენტრის ფინანსურ ვალდებულებათა დამოწმების დოკუმენტაციის მომზადება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენის უზრუნველყოფა;
ი) საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ცენტრის მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
კ) ცენტრის საქმიანობის, ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის მიღებული ფინანსური სახსრების მართვაში მონაწილეობა;
ლ) ცენტრის საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა;
მ) ცენტრის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ნ) მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მართვა და ანალიზი;
ო) მოქმედი კანონმდებლობითა და ცენტრის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება ცენტრში მიმდინარე პროგრამების/პროექტების/სერვისების შესახებ;
ბ) ცენტრის პროგრამების/პროექტების/სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება;
გ) საკომუნიკაციო/სარეკლამო ტექსტების შექმნა და სარეკლამო მასალების დამზადების კოორდინირება (ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვა);
დ) ცენტრის ვებგვერდის/ელექტრონული პლატფორმის საინფორმაციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება და მართვა;
ე) ცენტრის დირექტორისა და ცენტრის წარმომადგენლებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა;
ვ) მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, პრესრელიზების გავრცელება, ინტერვიუების, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზება;
ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
თ) ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის კომპონენტით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინაცია, მენეჯმენტი და ზედამხედვლობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის ინფორმაციული მხარდაჭერა;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და ცენტრის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 7🔗.
ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს განყოფილებების ფუნქციები და ამოცანები
ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს განყოფილებების (შემდგომში – განყოფილებები) ფუნქციები და ამოცანებია:
ა) გადამდები დაავადებების ერთიანი ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესების ტენდენციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მასშტაბების გავრცელების ხასიათის შესწავლა;
ბ) სამიზნე ტერიტორიის ცალკეული ნაზოლოგიების მიხედვით ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო ზონებად დაყოფა და შესაბამისი რუკების შედგენა;
გ) სამიზნე ტერიტორიაზე არსებული ეპიდემიური სიტუაციის შეფასება და დადგენილი წესით ინფორმირება და ანგარიშგება ცენტრისადმი;
დ) გადამდები დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებულ დაავადებაზე/მდგომარეობაზე ეჭვის მიტანისას (მ.შ. საზოგადოებრივი კვების ობიექტთანდაკავშირებული კვებითი მოშხამვის, მწვავე პროფესიული მოშხამვის, სხივური დაზიანებისა და ჯგუფური დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში) დადგენილი წესით ცენტრის ინფორმირება;
ე) შემთხვევის/პოტენციური აფეთქების კვლევისა და შესაბამისი პროფილაქტიკური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება; ეპიდპროცესის კონკრეტული მიზეზებისა და მათი განმაპირობებელი ფაქტორების დადგენა;
ვ) ცოფის გავრცელების სიტუაციური მართვის პროცესების სისტემატური მონიტორინგი; სათანადო სამსახურების დროული ინფორმირება; ანტირაბიული კაბინეტების ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ზ) ცოფზე საეჭვო ცხოველის მიერ დაზიანების ფაქტების ეპიდემიოლოგიური შესწავლა; ანტირაბიულ-პროფილაქტიკურ მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა გამოვლენა;
თ) ანტირაბიული მომსახურების სწორი ტაქტიკის და „ცივი ჯაჭვის“ მოთხოვნათა დაცვაზე, პრეპარატების მარაგზე მონიტორინგი;
ი) სამიზნე ტერიტორიაზე მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ორგანიზება და მონიტორინგი;
კ) მალარიის შემთხვევის ეპიდზედამხედველობა და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება;
ლ) სამიზნე ტერიტორიაზე იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, მისი ლოჯისტიკური უზრუნველყოფა და განხორციელების ზედამხედველობა, „ცივი ჯაჭვის“, ასაცრელი და სხვა სახარჯი მასალების მონიტორინგი; ჩატარებული რუტინული და სხვა აცრების ანგარიშის აგრეგირება; აცრებზე დასაქმებული სამედიცინო დაწესებულებების ხელშეწყობა;
მ) სამიზნე ტერიტორიაზე ბავშვთა მოსახლეობის აცრებით მოცვის ანალიზი; აცრებში მონაწილე დაწესებულებების მუშაობის მონიტორინგი;
ნ) სამიზნე ტერიტორიაზე არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების და ჯანმრთელობის რისკების (დეტერმინანტების) კვლევა, მონიტორინგი, პრევენციულ ღონისძიებებზე რეკომენდაციების შემუშავება და დაგეგმვა;
ო) სამიზნე ტერიტორიაზე ერთიანი ინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა და შეფასება;
პ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოება, სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
ჟ) სამიზნე ტერიტორიაზე მოქმედი პირველადი ჯანდაცვისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში დამხმარე ზედამხედველობის განხორციელება;
რ) სამიზნე ტერიტორიაზე ჩატარებული პროფილაქტიკური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მოცულობისა და ხარისხის მონიტორინგი;
ს) ეპიდსიტუაციის მიხედვით სადეზინფექციო და სადერატიზაციო სამუშაოების წარმოების ორგანიზება/ხელშეწყობა;
ტ) სამიზნე ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;
უ) სამიზნე ტერიტორიაზე საავადმყოფოს შიგა ინფექციების საწინააღმდეგო ღონისძიებების მონიტორინგი; ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საქმიანობის მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
ფ) ცხოვრების ჯანსაღი წესის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და ცენტრის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 8🔗.
ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ძირითადი უფლება-მოვალეობანი
ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ძირითადი უფლება-მოვალეობანია:
ა) წარმართავენ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) წარმოადგენენ სტრუქტურულ ერთეულს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელნი არიან მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებენ მოვალეობებს მათდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის და აძლევენ მათ მითითებებს;
დ) ახორციელებენ კონტროლს მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;
ე) თავიანთი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვენ სათანადო ინფორმაციასა და დოკუმენტაციას ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან;
ვ) ვიზას ადებენ სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) წარადგენენ ანგარიშს მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) ორგანიზებას უკეთებენ ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ცენტრის დირექტორს წარუდგენენ წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ი) ცენტრის დირექტორს წარუდგენენ წინადადებებს მათდამი დაქვემდებარებული მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობენ იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულების წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებენ დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის სახელით და პერიოდულად ცენტრის დირექტორს წარუდგენენ ანგარიშს სტრუქტურული ერთეულების მოხელეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეულის უფროსის წარდგინების საფუძველზე და ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით უფროსის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი თანამშრომელი.
მუხლი 9🔗.
ცენტრის სხვა მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
ცენტრის სხვა მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
მუხლი 10🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცენტრის დირექტორის წარდგინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.