„საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2022
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016254
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (24)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე | სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №69
2022 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
„საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-91 მუხლის პირველი ნაწილის და 56-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული/აღიარებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლის ვადისა.
მუხლი 3🔗
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის გამოცვლა, მოქმედების ვადის გაგრძელება, კატეგორი(ებ)ის/ქვეკატეგორი(ებ)ის დამატება, ტიპზე ოსტატობის გაცემა განხორციელდება კონვერტაციის ანგარიშით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ.
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის
სერტიფიცირების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ (შემდგომში – „წესი“) მოქმედება ვრცელდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელზე, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის და მისი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებას.
2. წესი განსაზღვრავს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის (შემდგომში – „მოწმობა“) გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, შეჩერების, გაუქმების, კონვერტაციის და აღიარების პირობებს.
3. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, მოქმედების ვადის შეჩერებას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, მოწმობის გაუქმებას, მოწმობაში კატეგორიის/ქვეკატეგორიის დამატებას, საჰაერო ხომალდის ტიპის ოსტატობის აღნიშვნას, კონვერტაციას და აღიარებას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
4. მოწმობის კონვერტაციის ან კონვერტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.
5. მოწმობის გაცემის, მოწმობის გაცემაზე უარის თქმის, მოწმობის მოქმედების ვადის შეჩერების, მოქმედების ვადის გაგრძელების, მოწმობის გაუქმების, მოწმობაში კატეგორიის/ქვეკატეგორიის დამატების, საჰაერო ხომალდის ტიპის ოსტატობის აღნიშვნის და აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სერტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
მუხლი 2🔗.
ტერმინები და განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჰაერო ხომალდი – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდია: თვითმფრინავი, ვერტმფრენი, პლანერი, სხვა საშუალება;
ბ) კომპონენტი – ძრავა, საჰაერო ხრახნი, ნაწილი ან მოწყობილობა;
გ) საავიაციო ტექნიკა – საჰაერო ხომალდი, მისი აღჭურვილობა, მაკომპლექტებელი ნაწილები (აგრეგატები და სისტემები), ძრავები, საწაფი, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების საშუალებები;
დ) ავტორიზაცია – საწარმოს მიერ დაშვებაზე უფლებამოსილი პირისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, განსაზღვრული სამუშაო მოცულობით, შეასრულოს ტექმომსახურების სამუშაოები და დაადასტუროს ხელმოწერით;
ე) ტექნიკური მომსახურება – საჰაერო ხომალდის და/ან მისი კომპონენტების საფრენად ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს აღმდგენ, შემოწმებით, გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირებას და/ან რემონტს;
ვ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია სააგენტოს მიერ;
ზ) ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი:
ზ.ა) თვითმფრინავი:
ზ.ა.ა) 5700 კილოგრამზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან
ზ.ა.ბ) 19 და მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე; ან
ზ.ა.გ) სერტიფიცირებული ექსპლუატაციასთვის მინიმუმ ორი პილოტით; ან
ზ.ა.დ) აღჭურვილი ტურბორეაქტიული ძრავ(ებ)ით ან ერთზე მეტი ტურბოხრახნული ძრავ(ებ)ით;
ზ.ბ) ვერტმფრენი:
ზ.ბ.ა) 3175 კილოგრამზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან
ზ.ბ.ბ) 9 და მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე; ან
ზ.ბ.გ) სერტიფიცირებული ექსპლუატაციასთვის მინიმუმ ორი პილოტით; ან
ზ.გ) საჰაერო ხომალდი დახრადი ხრახნით;
თ) „ELA1 საჰაერო ხომალდი“ – მართვადი ან პილოტირებადი ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი:
თ.ა) თვითმფრინავი 1200 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ არის კლასიფიცირებული, როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი;
თ.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 1200 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;
თ.გ) საჰაერო ბურთი ან აეროსტატი, რომლის ამწევი გაზის ან ცხელი აირის მაქსიმალური სერტიფიცირებული მოცულობა არ აღემატება 3400 მ 3-ს სითბური აეროსტატისთვის, 1050 მ 3-ს გაზის აეროსტატისათვის და 300მ3-ს დაბმული გაზის აეროსტატისათვის;
თ.დ) დირიჟაბლი, რომლის დიზაინი გათვალისწინებულია არაუმეტეს ოთხ პირზე და ამწევი გაზის ან ცხელი აირის სერტიფიცირებული მოცულობა არ აღემატება 3400 მ 3-ს სითბური დირიჟაბლისთვის და 1050 მ3-ს გაზის დირიჟაბლისთვის;
ი) „ELA2 საჰაერო ხომალდი“ – მართვადი (ან პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი:
ი.ა) თვითმფრინავი 2000 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ არის კლასიფიცირებული, როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი;
ი.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 2000 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;
ი.გ) საჰაერო ბურთი ან აეროსტატი
ი.დ) სითბური დირიჟაბლი
ი.ე) გაზის დირიჟაბლი შემდეგი მახასიათებლებით:
ი.ე.ა) 3% მაქსიმალური სტატიკური დატვირთვა;
ი.ე.ბ) არამიმართული (არავექტორული) წევა (უკუწევის ან რევერსული წევის გარდა);
ი.ე.გ) სტრუქტურის, კონტროლის სისტემის და ბალონების სისტემის ჩვეულებრივი და მარტივი დიზაინი;
ი.ე.დ) მართვის სისტემა გამაძლიერებლის გარეშე;
ი.ვ) ძალიან მსუბუქი ვერტმფრენი;
კ) თვითმფრინავი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავას მეშვეობით და მისი ფრენისას ამწევი ძალა იქმნება ძირითადად უძრავი ზედაპირების აეროდინამიკური რეაქციის შედეგად;
ლ) საავიაციო ძრავა – ძრავა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდის მოძრაობაში მოსაყვანად. ძრავას შემადგენლობაში შედის მისი ფუნქციონირების და კონტროლისათვის საჭირო კომპონენტები და მოწყობილობები, გარდა საჰაერო ხრახნისა (თუ გამოიყენება);
მ) ვერტმფრენი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს თითქმის ვერტიკალური ღერძის გარშემო ძრავას საშუალებით მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად;
ნ) დირიჟაბლი – ძალური დანადგარის მეშვეობით მოძრავი, ჰაერზე უფრო მსუბუქი საფრენი აპარატი;
ო) მოწმობის აღიარება – ქმედება, რის შედეგადაც სახელმწიფო, მოწმობის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს სახით, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწმობას საკუთარის თანაბარღირებულად აღიარებს;
პ) ოსტატობის აღნიშვნა – ავიასპეციალისტის მოწმობაში გაკეთებული ჩანაწერი, რითაც განსაზღვრულია ამ მოწმობით მინიჭებული უფლებები, განსაკუთრებული პირობები და შეზღუდვები;
ჟ) პლანერი – ძალური დანადგარის გარეშე მოძრავი ჰაერზე უფრო მძიმე საჰაერო ხომალდი, რომლის ამწევი ძალა უძრავ ფრთებზე აეროდინამიკური რეაქციის წყალობით იქმნება;
რ) საავიაციო ხელისუფლება – სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ორგანო;
ს) საჰაერო ხომალდის ტიპი – ერთი და იმავე პრინციპული აგებულების მქონე საჰაერო ხომალდები, მათ შორის, მათი ნებისმიერი სახეცვლილება, იმის გამოკლებით, რაც საპილოტაჟო და საფრენოსნო მახასიათებლების ცვლილებას იწვევს;
ტ) ოპერატიული ტექნიკური მომსახურება – საჰაერო ხომალდის გაფრენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, დათვალიერება და შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის გამართულობას, მათ შორის:
ტ.ა) გაუმართაობის დიაგნოსტიკა;
ტ.ბ) გაუმართაობის აღმოფხვრა;
ტ.გ) კომპონენტის გამოცვლა, რომლის დროსაც შესაძლებელია გამოყებული იქნას გარე სატესტო მოწყობილობა (კომპონენტის გამოცვლისას, ასევე იგულისხმება, ძრავის ან საჰაერო ხრახნის გამოცვლა);
ტ.დ) გეგმიური ტექნიკური მომსახურება ან/და შემოწმება, რომელიც არ საჭიროებს სიღრმისეულ შემოწმებას (მათ შორის, საჰაერო ხომალდის სტრუქტურის, სისტემების და ძრავის შიდა შემოწმებები სწრაფი შეღწევის პანელებიდან);
ტ.ე) მარტივი რემონტების და მოდიფიკაციების სამუშოების შესრულება, რომელიც არ მოითხოვს დაშლას და სრულდება მარტივი საშუალებებით;
ტ.ვ) საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების სავალდებულო ინსტრუქციებით გათვალისწინებული საბაზო ტექმომსახურების გადაუდებელი სამუშაოების (Emergency AD, Emergency SB, Emergency SL) შესრულება ოპერატიული ტექმომსახურებისას;
უ) საბაზო ტექმომსახურება – ნებისმიერი ტექმომსახურების სამუშაო, გარდა ოპერატიული ტექნიკური მომსახურებისა;
ფ) ექვივალენტური ტექნიკური მომსახურების გამოცდილება – გამოცდილება, მსგავსი სახეობის საჰაერო ხომალდზე, რომელიც არ არის მიღებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სფეროში;
ქ) მსგავსი ტიპის საჰაერო ხომალდი – ორი საჰაერო ხომალდი შეიძლება მიჩნეულ იყოს მსგავსად (მაგ, თვითმფრინავი, ვერტმფრენი, პლანერი და ა.შ), როდესაც მათ აქვთ მსგავსი ტექნოლოგია, კონსტრუქცია და თანაზომადი სისტემები და თანაბრად აღჭურვილია შემდეგით:
ქ.ა) წევის ძალის წარმომქმნელი სისტემებით (დგუშიანი, ტურბოხრახნული, ტურბოვენტილატორული, ტურბოლილვიანი, რეაქტიული ან მიმწოლ-პროპელერიანი ძრავით);
ქ.ბ) ფრენის მართვის სისტემებით;
ქ.გ) რადიოელექტრონული სისტემებით (ანალოგური სისტემები და ციფრული სისტემები);
ქ.დ) კონსტრუქციით (ლითონის, კომპოზიტური ან ხის მასალით დამზადებული);
ღ) მოწმობის კონვერტაცია – არსებული ტექმომსახურების მოწმობის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, საჭიროების შემთხვევაში, მოწმობაში შეზღუდვების დაწესება და ამ წესის მოთხოვნების შესაბამისი ტექმომსახურების მოწმობის გაცემა.
მუხლი 3🔗.
საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის კატეგორიები და ქვეკატეგორიები
მოწმობის კატეგორიების, ქვეკატეგორიების და სისტემის ოსტატობების აღნიშვნებია:
ა) A კატეგორია, რომელიც იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ა.ა) A1 თვითმფრინავები აირტურბინული ძრავით;
ა.ბ) A2 თვითმფრინავები დგუშიანი ძრავით;
ა.გ) A3 ვერტმფრენები აირტურბინული ძრავით;
ა.დ) A4 ვერტმფრენები დგუშიანი ძრავით.
ბ) B1 კატეგორია, რომელიც იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ბ.ა) B1.1 თვითმფრინავები აირტურბინული ძრავით;
ბ.ბ) B1.2 თვითმფრინავები დგუშიანი ძრავით;
ბ.გ) B1.3 ვერტმფრენები აირტურბინული ძრავით;
ბ.დ) B1.4 ვერტმფრენები დგუშიანი ძრავით.
გ) B2 კატეგორია ვრცელდება ყველა ჯგუფის საჰაერო ხომალდზე.
დ) B2L კატეგორია ვრცელდება ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მე-2, მე-3 და მე-4 ჯგუფის საჰაერო ხომალდებზე და იყოფა შემდეგი სისტემის ოსტატობებად:
დ.ა) კავშირგაბმულობის/ნავიგაციის სისტემა (com/nav);
დ.ბ) სახელსაწყო მოწყობილობები (instruments);
დ.გ) ავტომატურ რეჟიმში ფრენის სისტემა (autoflight);
დ.დ) რადიოლოკაციის სისტემა (surveillance);
დ.ე) საჰაერო ხომალდის ფუნქციური სისტემები (airframe systems).
შენიშვნა: B2L კატეგორიის მოწმობა უნდა მოიცავდეს, მინიმუმ, ერთი სისტემის ოსტატობას.
ე) B3 კატეგორია გამოიყენება დგუშიანი ძრავით აღჭურვილ არაჰერმეტულ თვითმფრინავებზე, მაქსიმალური ასაფრენი მასით 2000 კგ და ნაკლები.
ვ) L კატეგორია იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ვ.ა) L1C: კომპოზიტური პლანერები;
ვ.ბ) L1: პლანერები;
ვ.გ) L2C: ძრავით აღჭურვილი კომპოზიტური პლანერები და ELA1 ტიპის კომპოზიტური თვითმფრინავები;
ვ.დ) L2: ძრავით აღჭურვილი პლანერები და ELA1 ტიპის თვითმფრინავები;
ვ.ე) L3H: სითბური აეროსტატები;
ვ.ვ) L3G: გაზის აეროსტატები;
ვ.ზ) L4H: სითბური დირიჟაბლები;
ვ.თ) L4G: ELA2 ტიპის გაზის დირიჟაბლები;
ვ.ი) L5: ELA2 ტიპისგან განსხვავებული გაზის დირიჟაბლები;
ზ) C კატეგორიის მოწმობა მოიცავს თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს.
მუხლი 4🔗.
საჰაერო ხომალდის ჯგუფები
1. მოწმობაში, ოსტატობის განსაზღვრის მიზნით, საჰაერო ხომალდები კლასიფიცირდება შემდეგ ჯგუფებად:
ა) ჯგუფი 1:
ა.ა) ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდები;
ა.ბ) მრავალძრავიანი ვერტმფრენები;
ა.გ) თვითმფრინავები, რომელთა ფრენის მაქსიმალური სერტიფიცირებული სიმაღლე აღემატება FL290 ფრენის ეშელონს;
ა.დ) ფრენის მართვის ელექტრონული სისტემებით (fly-by-wire) აღჭურვილი საჰაერო ხომალდები;
ა.ე) ELA2 ტიპისგან განსხვავებული გაზის დირიჟაბლები და სხვა საჰაერო ხომალდები, რომლებიც საჭიროებენ საჰაერო ხომალდის ტიპზე ოსტატობას;
ბ) ჯგუფი 2: პირველ ჯგუფში მითითებულისგან განსხვავებული საჰაერო ხომალდები, რომლებიც მიეკუთვნებიან შემდეგ ქვეჯგუფებს:
ბ.ა) 2a ქვეჯგუფი – თვითმფრინავები ერთი ტურბოხრახნული ძრავით;
ბ.ბ) 2b ქვეჯგუფი – ვერტმფრენები ერთი აირტურბინული ძრავით;
ბ.გ) 2c ქვეჯგუფი – ვერტმფრენები ერთი დგუშიანი ძრავით;
გ) ჯგუფი 3: პირველ ჯგუფში მითითებულისგან განსხვავებული დგუშიანი ძრავით აღჭურვილი თვითმფრინავები;
დ) ჯგუფი 4: პლანერები, ძრავიანი პლანერები, აეროსტატები და პირველ ჯგუფში მითითებულისგან განსხვავებული დირიჟაბლები.
2. საჰაერო ხომალდი, რომელიც შეესაბამება პირველ ჯგუფში მოყვანილ პირობებს და ნაკლები სირთულისაა, შეიძლება მიეკუთვნოს მე-2, მე-3 ან მე-4 ჯგუფს. საჰაერო ხომალდების კლასიფიცირება ჯგუფებად განსაზღვრულია ამ წესის №10 დანართით.
მუხლი 5🔗.
საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელის უფლებამოსილება
1. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების A კატეგორიის მოწმობის მფლობელს უფლება აქვს, გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი უმნიშვნელო გეგმურ ოპერატიულ ტექნიკურ მომსახურებაზე და მარტივი დეფექტების აღმოფხვრაზე, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს (შემდგომში – საწარმო) მიერ მინიჭებული ავტორიზაციის ფარგლებში. ავტორიზაციის სერტიფიკატით, მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს იმ სამუშაოებით, რომელსაც მოწმობის მფლობელი განახორციელებს ავტორიზაციის სერტიფიკატის გამცემ საწარმოში.
2. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების B1 კატეგორიის მოწმობის მფლობელს უფლება აქვს:
ა) გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი შემდეგ ტექნიკური მომსახურების სამუშაოებზე:
ა.ა) საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის, ძალური დანადგარების, მექანიკური და ელექტრო სისტემების ტექნიკური მომსახურება;
ა.ბ) რადიოელექტრონული სისტემების მომსახურება, რომელიც საჭიროებს მხოლოდ მარტივ ტესტს, მათი გამართული ფუნქციონირების დადასტურების მიზნით და არა გაუმართაობის მიზეზების დადგენას.
ბ) როგორც B1 კატეგორიის დამხმარე პერსონალმა, განახორციელოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური მომსახურების სამუშაოები.
შენიშვნა: B1 კატეგორია მოიცავს შესაბამისი A ქვეკატეგორიის უფლებამოსილებას.
3. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების B2 კატეგორიის მოწმობის მფლობელს უფლება აქვს:
ა) გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი შემდეგ ტექნიკურ მომსახურების სამუშაოებზე:
ა.ა) რადიოელექტრონული და ელექტრო სისტემების ტექნიკური მომსახურება;
ა.ბ) ძალურ დანადგარებსა და მექანიკურ სისტემებში არსებული რადიოელექტრონული და ელექტრო სისტემების მომსახურება, რომელიც საჭიროებს მხოლოდ მარტივ ტესტს, მათი გამართული ფუნქციონირების დადასტურების მიზნით;
ბ) როგორც B2 კატეგორიის დამხმარე პერსონალმა, განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური მომსახურების სამუშაოები;
გ) გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი უმნიშვნელო გეგმიურ ოპერატიულ ტექნიკურ მომსახურებაზე და მარტივი დეფექტების აღმოფხვრაზე, საწარმოს მიერ მინიჭებულ ავტორიზაციის ფარგლებში. ავტორიზაციის სერტიფიკატით, მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს იმ სამუშაოებით, რომელსაც მოწმობის მფლობელი განახორციელებს ავტორიზაციის სერტიფიკატის გამცემ საწარმოში.
შენიშვნა: B2 კატეგორიის მოწმობა არ მოიცავს A ქვეკატეგორიის უფლებამოსილებას.
4. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების B2L კატეგორიის მოწმობის მფლობელს უფლება აქვს:
ა) გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი, შემდეგ ტექნიკური მომსახურების სამუშაოებზე:
ა.ა) ელექტრო სისტემების ტექნიკური მომსახურება;
ა.ბ) რადიოელექტრონული სისტემების ტექნიკური მომსახურება მოწმობაში კონკრეტულად აღნიშნული სისტემის ოსტატობის ფარგლებში; და
ა.გ) „სხ-ის ფუნქციური სისტემების“ ოსტატობის აღნიშვნის შემთხვევაში, ძალურ დანადგარებსა და მექანიკურ სისტემებში არსებული რადიოელექტრონული და ელექტრო სისტემების მომსახურება, რომელიც საჭიროებს მხოლოდ მარტივ ტესტს, მათი გამართული ფუნქციონირების დადასტურების მიზნით;
ბ) როგორც B2L კატეგორიის დამხმარე პერსონალმა, განახორციელოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური მომსახურების სამუშაოები.
5. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების B3 კატეგორიის მოწმობის მფლობელს უფლება აქვს:
ა) გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი შემდეგ ტექნიკური მომსახურების სამუშაოებზე:
ა.ა) საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის, ძალური დანადგარების, მექანიკური და ელექტრო სისტემების ტექნიკური მომსახურება;
ა.ბ) რადიოელექტრონული სისტემების ტექნიკური მომსახურება, რომელიც საჭიროებს მხოლოდ მარტივ ტესტს, მათი გამართული ფუნქციონირების დადასტურების მიზნით და არა გაუმართაობის მიზეზების დადგენას;
ბ) როგორც B3 კატეგორიის დამხმარე პერსონალმა, განახორციელოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური მომსახურების სამუშაოები;
6. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების L კატეგორიის მოწმობის მფლობელს უფლება აქვს:
ა) გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი შემდეგ ტექნიკური მომსახურების სამუშაოებზე:
ა.ა) საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის, ძალური დანადგარების, მექანიკური და ელექტრო სისტემების ტექნიკური მომსახურება;
ა.ბ) რადიო აღჭურვილობის, საავარიო მიმყვანი გადამცემის (ELT) და მიმღებ-მოპასუხე სისტემის (ტრანსპონდერის) მომსახურება;
ა.გ) რადიოელექტრონული სისტემების ტექნიკური მომსახურება, რომელიც საჭიროებს მხოლოდ მარტივ ტესტს, მათი გამართული ფუნქციონირების დადასტურების მიზნით;
ბ) როგორც L კატეგორიის დამხმარე პერსონალმა, განახორციელოს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური მომსახურების სამუშაოები.
შენიშვნა: L2 ქვეკატეგორია მოიცავს L1 ქვეკატეგორიის უფლებამოსილებას; L2 ქვეკატეგორიასათვის მინიჭებული დაშვება, ასევე, ვრცელდება L1 ქვეკატეგორიაზე; L2C ქვეკატეგორია მოიცავს L1C ქვეკატეგორიის უფლებამოსილებას.
7. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების C კატეგორიის მოწმობის მფლობელს უფლება აქვს, გასცეს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი საბაზო ტექნიკური მომსახურების შემდგომ. აღნიშნული უფლებამოსილება ვრცელდება საჰაერო ხომალდის ნებისმიერ ტექნიკურ მომსახურებაზე.
8. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების მოწმობის მფლობელს არ შეუძლია შეასრულოს თავისი უფლებამოსილება, თუ:
ა) ვერ აკმაყოფილებს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური ექსპლუატაციის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) გასული 2 წლის განმავლობაში არ ჰქონდა საჰაერო ხომალდის შესაბამის ან მსგავს ტიპზე ტექნიკური მომსახურების 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება, მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად ან ვერ აკმაყოფილებდა შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებისთვის საჭირო მოთხოვნებს;
გ) არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია, უზრუნველყოს, კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურეობა;
დ) ვერ წერს, კითხულობს და საუბრობს გასაგებად იმ ენაზე (ენებზე), რომელზეც შედგენილია ტექნიკური დოკუმენტაცია და გაწერილია პროცედურები, რაც აუცილებელია ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატის გასაცემად.
შენიშვნა: საჰაერო ხომალდზე შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს, თეორიული, პრაქტიკული და სამუშაო ადგილზე სწავლის გავლის შემთხვევაში, 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება პირველ 2 წელიწადში არ მოეთხოვება. ამ მუხლის მე-8 პუნტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა მასზე გავრცელდება 2 წლის შემდეგ.
მუხლი 6🔗.
საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოწმობაში კატეგორიის/ქვეკატეგორიის დამატება და საჰაერო ხომალდის ტიპის ოსტატობის აღნიშვნა
1. მოწმობის მისაღებად, სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნას:
ა) განაცხადი (დანართი №5);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საბაზო ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად;
დ) განაცხადით მოთხოვნილ ტიპზე ოსტატობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ წესის №3 დანართის შესაბამისად;
ე) პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
2. მოწმობაში კატეგორი(ებ)ის ან ქვეკატეგორი(ებ)ის აღნიშვნის დამატებისთვის, განმცხადებელმა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების მოქმედი მოწმობის ასლი.
3. მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით. მოწმობაში კატეგორი(ებ)ის/ქვეკატეგორიების აღნიშვნის დამატების შემთხვევაში, გაიცემა ახალი მოწმობა.
4. მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის, სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნას:
ა) განაცხადი (დანართი № 5);
ბ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის ასლი;
გ) პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების მოწმობის მოქმედების ვადა გრძელდება 5 წლით.
6. მოწმობაში საჰაერო ხომალდის ტიპზე ოსტატობის აღნიშვნისთვის, სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნას:
ა) განაცხადი (დანართი № 5);
ბ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების მოქმედი მოწმობის ასლი;
გ) განაცხადით მოთხოვნილ ტიპზე ოსტატობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ წესის №3 დანართის მოთხოვნების შესაბამისად.
7. მოწმობა გაიცემა პირზე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.
შენიშვნა: პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (Maintenance Experience Logbook) უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: საჰაერო ხომალდის ტიპი და სარეგისტრაციო ნომერი; შესრულებული სამუშაო; თარიღი; საქმიანობის სახეობა (მაგ.: შესრულება; ზედამხედველობა; ექსპლუატაციაში დაშვება); სამუშაო განწესის ნომერი; გამოყენებული კატეგორია/ქვეკატეგორია; შესრულებული სამუშაოს ხანგრძლივობა.
მუხლი 7🔗.
მოთხოვნები საბაზისო ცოდნის მიმართ
1. მოწმობის მაძიებელმა ან მოწმობის მფლობელმა, რომელიც მიმართავს სააგენტოს განცხადებით მოწმობაში A, B1, B2, B3 და C კატეგორიის ან ქვეკატეგორი(ებ)ის მისაღებად, უნდა გამოავლინოს შესაბამისი საგნობრივი მოდულების ცოდნის სათანადო დონე, გამოცდების ჩაბარების გზით, ამ წესის №1 დანართის შესაბამისად. გამოცდა ტარდება ამ წესის №2 დანართის შესაბამისად, სააგენტოს ან EASA-ს/EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ სერტიფიცირებულ ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში.
2. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის L კატეგორიის მოწმობის მაძიებელმა ან მოწმობის მფლობელმა, რომელიც მიმართავს სააგენტოს განცხადებით L კატეგორიის/ქვეკატეგორი(ებ)ის მისაღებად, უნდა გამოავლინოს შესაბამისი ქვეკატეგორიის ფარგლებში საგნობრივი მოდულების ცოდნის სათანადო დონე გამოცდების ჩაბარების გზით, ამ წესის №7 დანართის შესაბამისად. გამოცდა ტარდება ამ წესის №8 დანართის შესაბამისად სააგენტოს სააგენტოს ან EASA-ს/EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ სერტიფიცირებულ ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში.
3. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების B1.2 ან B3 კატეგორიებისთვის დადგენილი საბაზისო ცოდნის მოთხოვნები მოიცავს L1C, L1, L2C და L2 ქვეკატეგორიებისთვის დადგენილ საბაზო ცოდნის მოთხოვნებს.
4. L4H კატეგორიისათვის დადგენილი საბაზისო ცოდნის მოთხოვნები მოიცავს L3H ქვეკატეგორიისათვის დადგენილ საბაზო ცოდნის მოთხოვნებს.
5. L4G კატეგორიისათვის დადგენილი საბაზისო ცოდნის მოთხოვნები მოიცავს L3G ქვეკატეგორიისათვის დადგენილ საბაზო ცოდნის მოთხოვნებს.
6. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების B2L კატეგორიის მოწმობის და ამ კატეგორიის კონკრეტული სისტემის ოსტატობის მიღების კანდიდატმა ან მოწმობის მფლობელმა, რომელიც მიმართავს სააგენტოს განცხადებით სხვა დამატებითი სისტემის ოსტატობის აღნიშვნის მისაღებად, უნდა გამოავლინოს შესაბამისი საგნობრივი მოდულების ცოდნის სათანადო დონე გამოცდების ჩაბარების გზით, ამ წესის №1 დანართის შესაბამისად. გამოცდა ტარდება ამ წესის №2 დანართის შესაბამისადб სააგენტოს სააგენტოს ან EASA-ს/EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ სერტიფიცირებულ ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში.
7. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების მოწმობის ან კატეგორიის/ქვეკატეგორიის მისაღებად, კანდიდატს განაცხადის წარდგენამდე 10 წლის განმავლობაში გავლილი უნდა ჰქონდეს სწავლება და ჩაბარებული ჰქონდეს გამოცდები. აღნიშნული დროის ინტერვალი შეეხება გამოცდის თითოეულ მოდულს, გარდა იმ საგამოცდო მოდულებისა, რომელშიც გამოცდები ჩაბარებულია სხვა კატეგორიის ლიცენზიის ფარგლებში და გაცემულია მოწმობა.
მუხლი 8🔗.
მოთხოვნები საბაზისო გამოცდილების მიმართ
1. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მისაღებად, განმცხადებელს უნდა გააჩნდეს:
ა) A, B1.2 და B1.4 ქვეკატეგორიების და B3 კატეგორისთვის:
ა.ა) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს გავლილი არ აქვს ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სწავლება; ან
ა.ბ) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს გავლილი აქვს საბაზო სასწავლო კურსი სააგენტოს ან EASA-ს/EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ სერტიფიცირებულ ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში.
ბ) B2 კატეგორიის და B1.1 და B1.3 ქვეკატეგორიებისთვის:
ბ.ა) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს გავლილი არ აქვს ამ პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სწავლება; ან
ბ.ბ) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, თუ განმცხადებელს გავლილი აქვს საბაზო სასწავლო კურსი სააგენტოს ან EASA-ს/EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ სერტიფიცირებულ ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში.
გ) B2L კატეგორიისათვის:
გ.ა) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, შესაბამისი სისტემის ოსტატობის აღნიშვნ(ებ)ის მიხედვით, თუ განმცხადებელს გავლილი არ აქვს ამ პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სწავლება; ან
გ.ბ) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, შესაბამისი სისტემის ოსტატობის აღნიშვნ(ებ)ის მიხედვით, თუ განმცხადებელს გავლილი აქვს საბაზო სასწავლო კურსი სააგენტოს ან EASA-ს/EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ სერტიფიცირებულ ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში;
გ.გ) დამატებით სხვა ახალი სისტემის ოსტატობის აღნიშვნ(ებ)ის მისაღებად პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 3-თვიანი სამუშაო გამოცდილება თითოეული ახალი აღნიშვნისათვის;
დ) L კატეგორიისათვის:
დ.ა) პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპლუატაციაში მყოფ საჰაერო ხომალდზე, რომელიც მოიცავს სისტემების მიხედვით ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩამონათვალს შესაბამისი ქვეკატეგორიის ფარგლებში;
დ.ბ) არსებულ L კატეგორიის მოწმობაში დამატებითი ქვეკატეგორიის მისაღებად, პრაქტიკული ტექნიკური მომსახურების 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება თითოეული ახალი აღნიშვნისათვის;
დ.გ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების B1.2 ან B3 კატეგორიებისთვის დადგენილი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნები მოიცავს L1C, L1, L2C და L2 ქვეკატეგორიებისთვის დადგენილ სამუშაო გამოცდილების მოთხოვნებს;
ე) C კატეგორიისთვის, ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდებისთვის:
ე.ა) 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მიღებული ძრავიან კომპლექსურ საჰაერო ხომალდებზე B1.1, B1.3 ან B2 კატეგორიით მინიჭებული უფლებამოსილებით, ან დამხმარე პერსონალად მუშაობით ან ამ ორივე პრაქტიკული გამოცდილების ერთობლიობით;
ე.ბ) 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მიღებული ძრავიან კომპლექსურ საჰაერო ხომალდებზე B1.2 ან B1.4 კატეგორიით მინიჭებული უფლებამოსილებით, ან დამხმარე პერსონალად მუშაობით ან ამ ორივე პრაქტიკული გამოცდილების ერთობლიობით;
ვ) C კატეგორიისთვის, გარდა ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდებისა 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მიღებული B1 ან B2 კატეგორიით მინიჭებული უფლებამოსილებით ან დამხმარე პერსონალად მუშაობით ან ამ ორივე პრაქტიკული გამოცდილების ერთობლიობით;
ზ) C კატეგორიისთვის, აკადემიური განათლების მიღების გზით:
განმცხადებელს გააჩნია აკადემიური ხარისხი ტექნიკურ დისციპლინაში საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების მიმართულებით, მინიჭებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომლის სასწავლო პროგრამა შესაბამისობაშია ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან, 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურეობის სფეროში, რომელიც მოიცავს საბაზო ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებულ სამუშაოების შესრულების 6 თვიან პერიოდს.
2. მოწმობაში კატეგორიის/ქვეკატეგორიის დასამატებლად, განმცხადებელს უნდა გააჩნდეს მოწმობის დამატებითი კატეგორიის/ქვეკატეგორიის შესაბამისად, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების მინიმალური გამოცდილება, ამ წესის №4 დანართის შესაბამისად.
3. გამოცდილება უნდა მოიცავდეს საჰაერო ხომალდებზე სხვადასხვა სისტემების ტექნიკური მომსახურების პრაქტიკულ სამუშაოებს.
4. სავალდებულო გამოცდილების, მინიმუმ, ბოლო ერთი წელი უნდა მოიცავდეს საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებას იმ კატეგორიის/ქვეკატეგირიის შესაბამისად, რომლისთვისაც უნდა გაიცეს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობა.
5. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის არსებულ მოწმობაში დამატებითი კატეგორიის/ქვეკატეგორიის შესატანად, მოთხოვნა ბოლოს მიღებული სამუშაო გამოცდილების მიმართ შეიძლება იყოს 1 წელზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 3 თვისა. მოთხოვნები სამუშაო გამოცდილების მიმართ დამოკიდებულია არსებული მოწმობის კატეგორიების/ქვეკატეგორიების და განაცხადით მოთხოვნილს შორის სხვაობაზე. ასეთი დამატებითი სამუშაო გამოცდილება უნდა იყოს შესაბამისი ახალი მოწმობით მოთხოვნილი კატეგორიის/ქვეკატეგორიისთვის.
6. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების გამოცდილება, რომელიც არ არის შეძენილი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სფეროში ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისაღებად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ტექნიკური მომსახურება ამ წესში მოცემული მოთხოვნების ექვივალენტურია. დამატებით, A და L კატეგორიებისთვის არანაკლებ 6 თვიანი და B1, B2, B2L და B3 კატეგორიებისთვის არანაკლებ 12 თვიანი სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სფეროში.
7. მოწმობის ან მასში დამატებითი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მისაღებად, კანდიდატს განაცხადის წარდგენამდე 10 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს მიღებული გამოცდილება.
მუხლი 9🔗.
მოწმობაში საჰაერო ხომალდის ოსტატობის აღნიშვნა
1. საჰაერო ხომალდის კონკრეტულ ტიპზე, მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, მფლობელს მოწმობაში უნდა ჰქონდეს საჰაერო ხომალდის შესაბამისი ოსტატობის აღნიშვნა.
ა) B1, B2 ან C კატეგორიის მოწმობისათვის, საჰაერო ხომალდის შესაბამისი ოსტატობის აღნიშვნებია:
ა.ა) 1-ელი ჯგუფის საჰაერო ხომალდებისათვის – საჰაერო ხომალდის შესაბამისი ტიპის ოსტატობა;
ა.ბ) მე-2 ჯგუფის საჰაერო ხომალდებისათვის – საჰაერო ხომალდის შესაბამისი ტიპის ოსტატობა, მწარმოებლის მიერ მინიჭებული ქვეჯგუფის ოსტატობა ან სრული ქვეჯგუფის ოსტატობა;
ა.გ) მე-3 ჯგუფის საჰაერო ხომალდებისათვის – საჰაერო ხომალდის შესაბამისი ტიპის ოსტატობა, ან სრული ჯგუფის ოსტატობა;
ა.დ) მე-4 ჯგუფის საჰაერო ხომალდებისათვის – B2 კატეგორიის მოწმობისათვის სრული ჯგუფის ოსტატობა.
ბ) B2L კატეგორიისათვის, საჰაერო ხომალდის ოსტატობის აღნიშვნებია:
ბ.ა) მე-2 ჯგუფის საჰაერო ხომალდებისათვის – შესაბამისი მწარმოებლის მიერ მინიჭებული ქვეჯგუფის ოსტატობა ან სრული ქვეჯგუფის ოსტატობა;
ბ.ბ) მე-3 ჯგუფის საჰაერო ხომალდებისათვის – სრული ჯგუფის ოსტატობა;
ბ.გ) მე-4 ჯგუფის საჰაერო ხომალდებისათვის – სრული ჯგუფის ოსტატობა.
გ) L კატეგორიისათვის, საჰაერო ხომალდის ოსტატობის აღნიშვნებია:
გ.ა) L1C ქვეკატეგორიისათვის – ოსტატობა „კომპოზიტური პლანერები“;
გ.ბ) L1 ქვეკატეგორიისათვის – ოსტატობა „პლანერები“;
გ.გ) L2C ქვეკატეგორიისათვის – ოსტატობა „ძრავიანი კომპოზიტური პლანერები და ELA1 ტიპის კომპოზიტური თვითმფრინავები“;
გ.დ) L2 ქვეკატეგორიისათვის – ოსტატობა „ძრავიანი პლანერები და ELA1 ტიპის თვითმფრინავები“;
გ.ე) L3H ქვეკატეგორიისათვის – ოსტატობა „სითბური აეროსტატები“;
გ.ვ) L3G ქვეკატეგორიისათვის – ოსტატობა „გაზის აეროსტატები“;
გ.ზ) L4H ქვეკატეგორიისათვის – ოსტატობა „სითბური დირიჟაბლები“;
გ.თ) L4G ქვეკატეგორიისათვის – ოსტატობა „გაზის ELA2 ტიპის დირიჟაბლები“;
გ.ი) L5 ქვეკატეგორიისათვის – დირიჟაბლის შესაბამისი ტიპის ოსტატობა.
2. A კატეგორია არ საჭიროებს ოსტატობის აღნიშვნას და უფლებამოსილებას ახორციელებს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს მიერ გაცემული ავტორიზაციის ფარგლებში.
3. საჰაერო ხომალდის ტიპზე ოსტატობის აღნიშვნის მისაღებად, საჭიროა, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სწავლების დამაკმაყოფილებლად გავლა:
ა) საჰაერო ხომალდის ტიპზე B1, B2 ან C კატეგორიის შესაბამისი სწავლება ამ წესის №3 დანართის მიხედვით;
ბ) გაზის დირიჟაბლის ტიპზე, B2 ან L5 კატეგორიისთვის სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამის მიხედვით.
4. B1, B2, B2L და L კატეგორიის მოწმობებისათვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან დამატებით, საჰაერო ხომალდის ტიპზე პირველადი ოსტატობის მისაღებად საჭიროა მოცემული კატეგორიის/ქვეკატეგორიის ფარგლებში სამუშაო ადგილზე სწავლების დამაკმაყოფილებლად გავლა ტექნიკური მომსახურების საწარმოში. სამუშაო ადგილზე სწავლება უნდა განხორციელდეს ამ წესის №3 დანართის შესაბამისად, ხოლო გაზის დირიჟაბლების შემთხვევაში – სააგენტოსთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით.
5. მე-2 და მე-3 ჯგუფის საჰაერო ხომალდების B1 და B2 კატეგორიის შემთხვევაში, ტიპზე პირველადი ოსტატობის მიღება ასევე შესაძლებელია საჰაერო ხომალდის შესაბამის ტიპზე ამ წესის №3 დანართის მიხედვით გამოცდების ჩაბარების და პრაქტიკული გამოცდილების დემონსტრირების შემდეგ. ამ შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდილება უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სისტემების ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს, მოწმობის კატეგორიის შესაბამისად.
6. C კატეგორიის შემთხვევაში, აკადემიური ხარისხის მქონე პირს, როგორც ეს მითითებულია ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქში, B1 ან B2 კატეგორიის დონის პირველადი გამოცდა უნდა ჩაუტარდეს შესაბამის საჰაერო ხომალდის ტიპზე.
7. მე-2 ჯგუფის საჰაერო ხომალდებისთვის:
ა) B1 და C კატეგორიის მოწმობის მფლობელებისთვის მწარმოებლის ქვეჯგუფის ოსტატობის მისაღებად საჭიროა იმავე მწარმოებლის მინიმუმ 2 ტიპის საჰაერო ხომალდის ტიპის აღნიშვნა, რომლებიც წარმოადგენენ მწარმოებლის შესაბამის ქვეჯგუფს;
ბ) B1 და C კატეგორიის მოწმობის მფლობელებისთვის სრული ქვეჯგუფის ოსტატობის მისაღებად საჭიროა სხვადასხვა მწარმოებლის, სულ მცირე, 3 ტიპის საჰაერო ხომალდის აღნიშვნა, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამის ქვეჯგუფს;
გ) B2 კატეგორიის მოწმობის მფლობელებისთვის მწარმოებლის ქვეჯგუფების და სრული ქვეჯგუფის ოსტატობის მისაღებად საჭიროა პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სისტემების ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს მოწმობის კატეგორიის და საჰაერო ხომალდის ქვეჯგუფის მიხედვით, ხოლო B2L კატეგორიის მოწმობის შემთხვევაში, მინიჭებული შესაბამისი სისტემის ოსტატობის მიხედვით;
დ) B2 ან B2L კატეგორიის მოწმობის მფლობელს, რომელმაც მიიღო სრული 2b ქვეჯგუფის ოსტატობა, უფლება აქვს მიიღოს სრული 2c ქვეჯგუფის ოსტატობა.
8. მე-3 და მე-4 ჯგუფის საჰაერო ხომალდებისთვის:
ა) B1, B2, B2L და C კატეგორიის მოწმობის მფლობელებისთვის სრული მე-3 ჯგუფის ოსტატობის მისაღებად საჭიროა პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მოიცავს, მოწმობის კატეგორიის და საჰაერო ხომალდის მე-3 ჯგუფის მიხედვით, სხვადასხვა სისტემების ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს;
ბ) B1 კატეგორიისთვის, თუ განმცხადებელს არ გააჩნია სათანადო გამოცდილება, მე-3 ჯგუფის ოსტატობაზე გავრცელდება შემდეგი დაშვებები, რომელიც ჩაიწერება მოწმობაში:
ბ.ა) ჰერმეტული თვითმფრინავები;
ბ.ბ) ლითონის კონსტრუქციის მქონე თვითმფრინავები;
ბ.გ) კომპოზიტური კონსტრუქციის მქონე თვითმფრინავები;
ბ.დ) ხის კონსტრუქციის მქონე თვითმფრინავები;
ბ.ე) ნაჭრით დაფარული ლითონის ფერმული კონსტრუქციის მქონე საჰაერო ხომალდები;
გ) B2 და B2L კატეგორიის მოწმობის მფლობელებისთვის სრული მე-4 ჯგუფის ოსტატობის მისაღებად საჭიროა პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მოიცავს, მოწმობის კატეგორიის და საჰაერო ხომალდის მე-4 ჯგუფის მიხედვით, სხვადასხვა სისტემების ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს, გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;
დ) B2L კატეგორიის მოწმობის მფლობელს, რომელმაც მიიღო სრული 2a ან 2b ქვეჯგუფის ოსტატობა, უფლება აქვს მიიღოს მე-3 და მე-4 ჯგუფის ოსტატობა.
9. B3 კატეგორიის მოწმობისთვის:
ა) „დგუშიანი ძრავით აღჭურვილი არაჰერმეტული თვითმფრინავები მაქსიმალური ასაფრენი მასით 2000 კგ და ნაკლები“ ოსტატობის მისაღებად საჭიროა პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სისტემების ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს მოწმობის კატეგორიის შესაბამისად;
ბ) თუ განმცხადებელს არ გააჩნია სათანადო გამოცდილება, მაშინ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მითითებულ ოსტატობაზე გავრცელდება შემდეგი დაშვებები, რომელიც ჩაიწერება მოწმობაში:
ბ.ა) ხის კონსტრუქციის მქონე საჰაერო ხომალდები;
ბ.ბ) ნაჭრით დაფარული ლითონის ფერმული კონსტრუქციის მქონე საჰაერო ხომალდები;
ბ.გ) ლითონის კონსტრუქციის მქონე საჰაერო ხომალდები;
ბ.დ) კომპოზიტური კონსტრუქციის მქონე საჰაერო ხომალდები.
10. L კატეგორიის ყველა ქვეკატეგორიის მოწმობებისათვის, გარდა L5-ის:
ა) ოსტატობების მისაღებად საჭიროა პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სისტემების ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს მოწმობის ქვეკატეგორიის მიხედვით;
ბ) თუ განმცხადებელს არ გააჩნია სათანადო გამოცდილება, მაშინ ოსტატობა გაიცემა შემდეგი დაშვებებით, რომელიც ჩაიწერება მოწმობაში:
ბ.ა) L1 და L2 ქვეკატეგორიის შემთხვევაში:
ბ.ა.ა) ნაჭრით დაფარული ხის კონსტრუქციის მქონე საჰაერო ხომალდები;
ბ.ა.ბ) ნაჭრით დაფარული ლითონის ფერმული კონსტრუქციის მქონე საჰაერო ხომალდები;
ბ.ა.გ) ლითონის კონსტრუქციის მქონე საჰაერო ხომალდები;
ბ.ა.დ) კომპოზიტური კონსტრუქციის მქონე საჰაერო ხომალდები.
ბ.ბ) L3G ქვეკატეგორიის შემთხვევაში:
ბ.ბ.ა) ELA1 ტიპისგან განსხვავებული გაზის აეროსტატები.
შენიშვნა 1: მიიჩნევა, რომ მე-3 ჯგუფის ოსტატობით საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის B1.2 ქვეკატეგორიის ან B3 კატეგორიის მოწმობის მფლობელი აკმაყოფილებს L1 და L2 ქვეკატეგორიის სრული ოსტატობის შესაბამის მოთხოვნებს, იმავე დაშვებებით, რაც B1.2 ქვეკატეგორიის ან B3 კატეგორიის მოწმობაზეა დაწესებული.
შენიშვნა 2: საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის ოსტატობის შესაბამისი მოთხოვნები მოცემულია ამ წესის №9 დანართში.
მუხლი 10🔗.
კვალიფიკაციის დადასტურება
1. მოწმობის მფლობელი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მოწმობაში არ მოხდება არაავტორიზებული ჩანაწერის განხორციელება.
2. მოწმობის მფლობელი, რომელიც ახორციელებს მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ვალდებულია, უფლებამოსილ პირს მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს საკუთარი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.
მუხლი 11🔗.
მოწმობის კონვერტაცია
1. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის არსებული მოწმობის კონვერტაციისთვის, სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) განაცხადი (დანართი №5);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების მოწმობის ასლი;
დ) საბაზო ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, სასწავლო პროგრამის შესაბამისი სილაბუსებით;
ე) ტიპზე ოსტატობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, სასწავლო პროგრამის შესაბამისი სილაბუსებით;
ვ) პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.
2. თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია:
ა) სრულად შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს, გაიცემა ახალი მოწმობა;
ბ) ნაწილობრივ შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს, გაიცემა ახალი მოწმობა შეზღუდვებით;
გ) არ შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს, ახალი მოწმობა არ გაიცემა.
მუხლი 12🔗.
საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის გაუქმება, შეჩერება ან შეზღუდვა
სააგენტო აჩერებს, ზღუდავს ან აუქმებს მოწმობას ფრენის უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე ან როდესაც არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ პირმა ჩაიდინა ან იყო თანამონაწილე შემდეგი ერთ-ერთი სახის ქმედებისა:
ა) მოწმობის მიღება და/ან მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება განხორციელდება ყალბი დოკუმენტაციით;
ბ) მოთხოვნილი ტექნიკური მომსახურების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაზეც არ ეცნობა ორგანიზაციას ან პირს, რომელმაც მიმართა ტექნიკური მომსახურების ჩატარების მოთხოვნით;
გ) ტექნიკური მომსახურების დაუდევრად განხორციელება;
დ) ტექნიკური მომსახურების ჩანაწერების გაყალბება;
ე) ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატის გაცემა, როდესაც ცნობილია, რომ ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატში მითითებული ტექნიკური მომსახურება არ ჩატარებულა ან არ დასტურდება ასეთი მომსახურების განხორციელება;
ვ) ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების გავლენის ქვეშ ტექნიკური მომსახურების განხორციელება ან ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატის გაცემა;
ზ) ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატის გაცემა ამ წესის, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს და საავიაციო ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დარღვევით.
მუხლი 13🔗.
ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარება
1. სააგენტო უფლებამოსილია, აღიაროს EASA-ს წევრი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების მიერ ევროპული რეგულაციის EU No 1321/2014 მესამე დანართის (Part 66) მოთხოვნების შესაბამისად გაცემული მოწმობა იმ შემთხვევაში, თუ მოწმობის მფლობელი მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას განახორციელებს:
ა) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს მიერ მინიჭებული ავტორიზაციის ფარგლებში; ან
ბ) საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ საჰაერო ხომალდზე.
2. ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარებისას, სააგენტო გასცემს მოწმობის აღიარების სერტიფიკატს ამ წესის №12 დანართის შესაბამისად, რომელიც მოქმედია მხოლოდ მოწმობის ორიგინალთან ერთად.
3. სერტიფიკატი გაიცემა მოწმობის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლით.
4. მოწმობის აღიარების სერტიფიკატის გაცემამდე, სააგენტო ამოწმებს მოწმობის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან, მოწმობის და ოსტატობების ნამდვილობას (ავთენტურობას) მოწმობის გამცემ საავიაციო ხელისუფლებასთან ამ წესის №11 დანართის შესაბამისად.
5. მოწმობის აღიარებით დაინტერესებული პირი ან ტექნიკური მომსახურების საწარმო სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ი (შესაბამისი უფლებამოსილებ(ებ)ით), რომელზეც სურს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის აღიარების მიღება. განმცხადებელმა ასევე და სააგენტოს უნდა წარუდგინოს:
ა) ავიასპეციალისტის მოწმობა ან მისი ასლი;
ბ) ავიასპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საბაზო ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განაცხადით მოთხოვნილ ტიპზე ოსტატობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად;
ე) პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ მოწმობის მფლობელი საჰაერო ხომალდის შესაბამის ან მსგავს ტიპზე ბოლო ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვე ახორციელებდა მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
6. მოწმობის აღიარება ჩერდება ან უქმდება სააგენტოს მიერ:
ა) თუ მოწმობის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ამ წესის 12-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.