ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016470
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.04.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2022 წლის 1 აპრილი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბრის №35 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, ს/კოდი: 010260000.35.140.016280).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. ეს დებულება განსაზღვრავს სამსახურის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
3. სამსახური შექმნილია და თავის კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონების, კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ს, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების, მერიის დებულების და ამ დებულებით. ის უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას და ვალდებულია თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ასპინძის მუნიციპალიტეტის რეპუტაციას.
4. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერების, დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.
2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:
ა) იურიდიული სამსახურის უფროსი – I რანგი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსი – II რანგი, იურიდიული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი (შემდგომში – განყოფილების უფროსი)
გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების და საკრებულოს მომსახურების საკითხებში (შემდგომში – უფროსი სპეციალისტი).
3. სამსახურს დაქვემდებარებული თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ინიშნებიან მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ახორციელებენ ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს და ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.
მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი მიზანი და ამოცანები
1. სამსახურის მიზანია:
ა) უზრუნველყოს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი მომსახურება, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივი დაცვა სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას;
ბ) მერიის საქმიანობის საჯაროობის, გამჭვირვალობის და კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
2. უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურის ამოცანებია უზრუნველყოს:
ა) მერის, მერიის თანამდებობის პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ორგანოების და წევრების, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული პირების იურიდიულ კონსულტირება;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების გადაწყვეტილებებზე და მათ საქმიანობაზე აუცილებელი დასკვნების მომზადება;
გ) გასაფორმებელი ხელშეკრულების და მემორანდუმის პროექტების მომზადება;
დ) მერიის და საკრებულოს მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების, პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობა, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
ე) მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
ვ) სამსახურში შემოსული დავალებების, განცხადებების, მიმართვების და წერილების განხილვა, პროექტების მომზადება და ვიზირება;
ზ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
თ) მერის და კურატორ მერის მოადგილისათვის სამსახურის მიერ მომზადებული წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების წარდგენა;
ი) მერიის სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ კანონიერების დაცვის სამართლებრივი კონტროლი;
კ) სამსახურის თანამშრომელთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების მიწოდება მერისთვის;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშსს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ს შესაბამისად წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილება
1. სამსახურს ხელმღვანელობს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, პროფესიული საჯარო მოხელე- სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია და მოთხოვნის შესაბამისად წარუდგენს საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, მერიის დებულების, ამ დებულების და სამუშაოთა აღწერილობების (თანამდებობრივი ინსტრუქციის) შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის არ ყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე.
4. სამსახურის უფროსი თავის კომპეტენციის ფარგლებში:
ა) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას და დაგეგმვის წესს,ფორმებს და მეთოდებს, დაქვემდებარებულ მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანების, მიზნების და ფუნქციების შესრულებაზე; უნაწილებს თანამშრომლებს შემოსულ კორესპოდენციებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
გ) მერს და კურატორი მერის მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
დ) ახდენს სამსახურში შემოსული დავალებების და მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევატა ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას.
ე) მერს წარუდგენს წინადადებებს დაქვემდებარებულ მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების გამოყენების, მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების, შეფასებების და სხვა საკითხების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ვ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობის შესრულების და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ზ) ასრულებს მერის და კურატორი მერის მოადგილის მითითებებს და დავალებებს.
თ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. განყოფილება და მისი ფუნქციები
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის განყოფილება-მეორადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შედგება განყოფილების უფროსის და უფროსი სპეციალისტისაგან, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“თ დადგენილი ნორმების, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის და ამ დებულების შესაბამისად.
2. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს - განყოფილების უფროსს, რომელიც:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
ა.ა.) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი მომზადება;
ა.ბ.)მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებებზე და გასაცემ ინფორმაციაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ა.გ) გასაფორმებელი ხელშეკრულებების და გარიგებების პროექტების შეთანხმება და პროექტების მომზადება;
ა.დ.) მერიის მიერ საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, რედაქტირება და შეთანხმება;
ა.ე.) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, სამუშაოთა აღწერილობებით, მუნიციპალიტეტის მერის და სამსახურის უფროსის მიერ მიცემული სხვა ფუნქციების და დავალებების განხორციელებას.
ბ) შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვა, დავალებების განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის განაწილება, სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; სამსახურის უფროსისათვის ანგარიშების წარდგენა მიღებული დავალებების შესრულების შესახებ;
გ) იღებს და აფასებს საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; დადგენილი წესით აფასებს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
3. განყოფილების უფროსი და უფროსი სპეციალისტი ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსი ან მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღოს მისი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლოს მისი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) შეასრულოს და დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით,შინაგანაწესით და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად, სრულყოფილად შეასრულოს სამუშაოთა აღწერილობებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაოს საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იმ საკითხების დარეგულირება, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ დებულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით.