საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის პარიზის შეთანხმების განხორციელების შეთანხმება
მიღების თარიღი 18.10.2021
ძალაში შესვლა 17.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელით
ლევან დავითაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №39/13
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016686
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/05/2022
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება „პარიზის შეთანხმება“ „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის პარიზის შეთანხმების განხორციელების შეთანხმება
საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის პარიზის შეთანხმების განხორციელების შეთანხმება
საქართველო და შვეიცარიის კონფედერაცია, შემდგომში მოხსენიებული როგორც „მხარეები“,
აფასებენ რა მეგობრულ ურთიერთობებს მხარეებს შორის;
მიისწრაფვიან რა გააძლიერონ ეს ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა მხარეებს შორის;
კიდევ ერთხელ ადასტურებენ რა მხარეთა ნებას, უზრუნველყონ დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ უფლებათა დაცვა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და „ადამიანის უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციაში“ განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად;
ეხმაურებიან რა 2015 წლის 12 დეკემბერს დადებულ პარიზის შეთანხმებას, კონკრეტულად კი - მის მე-4, მე-6 და მე-13 მუხლებს და ამ შეთანხმების შესაბამისად მიღებულ რელევანტურ გადაწყვეტილებებს;
კიდევ ერთხელ ადასტურებენ რა თავიანთ განზრახვას, შეიტანონ შესწორებები ამ „განხორციელების შეთანხმებაში“, „მხარეთა კონფერენციის“ (რომელიც პარიზის შეთანხმების მხარეების შეხვედრის ფორმას (CMA) წარმოადგენს) მიერ მომავალში მიღებული სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად;
ეხმიანებიან რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „მდგრადი განვითარების მიზნებს“;
ხაზს უსვამენ რა 2050 წლისათვის გლობალურად ნეტო-ნულოვანი ნახშირბადის ემისიის მიღწევის საჭიროებას პარიზის შეთანხმების 4.1 მუხლის და კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) „წინაინდუსტრიულ დონესთან შედარებით 1.5 გრადუსით გლობალური დათბობის შედეგების შესახებ სპეციალურ ანგარიშში“ მოყვანილი დასკვნების და სათბურის აირების გლობალური ემისიის მათი სათანადო მიმართულებების შესაბამისად;
აცნობიერებენ რა გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის მომზადების და მათ შესახებ პარიზის შეთანხმების სამდივნოსათვის მიწოდების მნიშვნელობას პარიზის შეთანხმების 4.19 მუხლის შესაბამისად;
აღნიშნავენ რა, რომ პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად თანამშრომლობა შერბილებისა და ადაპტაციის უფრო ამბიციური ქმედებების დასახვის საშუალებას იძლევა;
კიდევ ერთხელ ადასტურებენ რა საკუთარ ნებას, უზრუნველყონ გამჭვირვალობა და თავიდან აიცილონ ორმაგი აღრიცხვა, დაიცვან გარემო და ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვას;
ესმით რა, რომ შვეიცარიის კონფედერაციის ამჟამად არსებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი („NDC“) მოიცავს შერბილების შედეგების საერთაშორისო დონეზე გადაცემის შესაძლებლობას;
აღნიშნავენ რა, რომ საქართველო განიხილავს შემცირებული ემისიების საერთაშორისო დონეზე გადაცემას, იმ პირობით, თუკი ეს არ შეუქმნის დაბრკოლებებს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესრულებას;
აღნიშნავენ რა, რომ ორივე მხარემ შეიძლება ითამაშოს გადამცემის ან მიმღების როლი ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ზოგადი განმარტებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, ქვემოთ გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. „საერთაშორისო დონეზე გადაცემული შერბილების შედეგი“:
ა) „შერბილების შედეგი“ განისაზღვრება, როგორც ემისიების ერთი ტონით შემცირება ან აღმოფხვრა, რომელიც იზომება ნახშირორჟანგის ეკვივალენტის (CO
2eq) მეტრულ ტონებში, პარიზის შეთანხმების 4.13 მუხლში განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და მეტრიკის შესაბამისად;
ბ) „საერთაშორისო დონეზე გადაცემული შერბილების შედეგი“ (შემდგომში მოხსენიებული როგორც „სდგშშ“) წარმოადგენს შერბილების შედეგს, რომლის გადაცემა და აღიარება ამ შეთანხმების მე-8 მუხლის შესაბამისად განხორციელდა;
2. „მიმღები ორგანიზაცია“ არის მხარე, რომელიც იღებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აღიარებულ სდგშშ-ს.
3. „შერბილებისკენ მიმართული ქმედება“ წარმოადგენს პროექტს ან პროგრამას, რომელიც სათბურის აირების გაფრქვევის შერბილებას ემსახურება.
4. „ავტორიზაცია“ ნიშნავს თითოეული მხარის მიერ ოფიციალურად და საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, ამ შეთანხმების მე-5 მუხლის შესაბამისად, რომლითაც ეს მხარე იღებს ვალდებულებას, აღიაროს ამავე შეთანხმების მე-7 მუხლით განსაზღვრული გადაცემის ყველა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შერბილების შედეგის საერთაშორისო დონეზე გადაცემის ყველა ფაქტი და მათი გამოყენება NDC-ს ან შერბილებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა შედეგის (რომელიც არ გახლავთ NDC-ს ნაწილი) მისაღწევად.
5. „გამჭვირვალობის ორწლიანი ანგარიში“ ნიშნავს პარიზის შეთანხმების მე-13 მუხლში განსაზღვრულ ანგარიშს.
6. „შესაბამისი შესწორება“ წარმოადგენს პარიზის შეთანხმების შესაბამისად წარმოებული ანგარიშგების ელემენტს, რომელიც საერთაშორისო დონეზე გადაცემული შერბილების შედეგების ორმაგი აღრიცხვის თავიდან აცილებას და პარიზის შეთანხმების 4.13, 6.2 და 13.7 მუხლების შესრულებას უზრუნველყოფს;
7. „გადაცემის უფლების მქონე ორგანიზაცია“ არის ორგანიზაცია, რომელსაც გადამცემი წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული შერბილების შედეგების გადაცემის უფლებას აძლევს;
8. „გამოშვება“ რეესტრში შერბილების გადაცემადი შედეგის დაფიქსირებას გულისხმობს;
9. „შემარბილებელი ქმედების აღმწერი დოკუმენტი“ ან „შქად“ არის დოკუმენტი, რომელიც შემარბილებელ ქმედებას აღწერს;
10. „მონიტორინგის ანგარიში“ წარმოადგენს ანგარიშს ისეთი შემარბილებელი ქმედების შედეგების გაზომვადი ინდიკატორების შესახებ, რომელიც შერბილების შედეგებს გვაძლევს; უწყება, რომელიც ავტორიზებულია გადაცემისთვის, პასუხისმგებელია მის მოსამზადებლად;
11. „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ ან „NDC“ წარმოადგენს პარიზის შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად მის განხორციელებაში მხარის მიერ შეტანილ წვლილს;
12. „NDC-ს განხორციელების პერიოდი“ გახლავთ პარიზის შეთანხმების თანახმად მხარისათვის განსაზღვრული NDC-ს დროითი ჩარჩოები;
13. „გადაცემის აღიარება“ ნიშნავს გადაცემის დამადასტურებელი ინფორმაციის რეესტრში დაფიქსირებას, ერთეულების გამოშვების გარეშე;
14. „რეესტრი“ არის შერბილების შედეგების სარეგისტრაციო ციფრული სისტემა;
15. „მიმღები“ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მხარეს, რომელიც საერთაშორისო დონეზე გადაცემულ შერბილების შედეგებს თავის მონაცემთა ბაზაში აფიქსირებს როგორც სდგშშ-ებს;
16. „გადამცემი“ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მხარეს, რომელიც საერთაშორისო დონეზე გადაცემულ შერბილების შედეგებს თავის მონაცემთა ბაზაში აფიქსირებს როგორც საკუთარ NDC-ში განსაზღვრულ გაფრქვევების დონეებზე დანამატს;
17. „შემმოწმებელი“ არის დამოუკიდებელი მესამე მხარე, რომელიც მონიტორინგის ანგარიშებს ამოწმებს;
18. „შემოწმების ანგარიში“ არის ანგარიში, რომელსაც ქმნის შემმოწმებელი, და რომლითაც იგი მონიტორინგის ანგარიშის სიზუსტეს ადასტურებს;
19. „მოსავლის წელი“ არის წელი, რომლის განმავლობაშიც იქნა შერბილების შედეგი მიღებული.
მუხლი 2🔗
მიზანი
წინამდებარე შეთანხმების მიზანია შექმნას სამართლებრივი ჩარჩოები შერბილების შედეგების გადაცემისათვის, რათა მათი გამოყენება NDC-ს შესასრულებლად ან შერბილების ნებისმიერი სხვა მიზნის (NDC-ში განსაზღვრულის გარდა) მისაღწევად იყოს შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით, ორივე მხარემ ხელი უნდა შეუწყოს მდგრად განვითარებას და უზრუნველყოს გარემოს სარგებლიანობა/მთლიანობა, გამჭვირვალობა, მათ შორის, მმართველობის სფეროში, და საიმედო აღრიცხვიანობა, ორმაგი აღრიცხვის თავიდან აცილების ჩათვლით.
მუხლი 3🔗
გარემოსთვის სარგებლიანობა
შერბილების შედეგების (რომლებზეც გაცემულია გადაცემის უფლება) გარემოსთვის სარგებლიანობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია შემდეგი მინიმალური პრინციპები და კრიტერიუმები:
1. შერბილების შედეგები უნდა იყოს რეალური, გადამოწმებული, შემავსებელი სხვა შედეგებისა, რომლებიც ზომების მიღების გარეშე დადგებოდა და მუდმივი, ან მიღწეული ისეთი სისტემის ფარგლებში, რომელიც მუდმივობას უზრუნველყოფს, მათ შორის, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გამოსასწორებელი სამუშაოების შესაბამისი კომპენსაციით;
2. შერბილების შედეგები უნდა ასახავდნენ 2021 წელს და მას შემდგომ მიღწეულ შერბილებას;
3. შერბილების შედეგის მოსავლის წელი და მისი გამოყენება უნდა ემთხვეოდეს იგივე NDC-ის განხორციელების პერიოდს; და
4. შერბილების შედეგები უნდა მიიღებოდეს ისეთი ქმედებების შედეგად, რომლებიც:
ა) არ იწვევს გლობალური ემისიების ზრდას;
ბ) შეესაბამება თითოეული მხარის დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიას;
გ) ხელს უწყობს დაბალემისიიან განვითარებას, 2050 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალურობის მიზნის შესაბამისად;
დ) არ მოიცავს ბირთვულ ენერგიაზე დაფუძნებულ ქმედებებს და თავს არიდებს გაფრქვევების დონეების ფიქსირებას და ისეთი ტექნოლოგიების ან ნახშირბად-ინტენსიური პრაქტიკების გამოყენებას, რომლებიც აფერხებს პარიზის შეთანხმების გრძელვადიანი მიზნების მიღწევას. კერძოდ, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც წიაღისეული საწვავის მოხმარების გაგრძელებას გულისხმობს;
ე) მხარს უჭერს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გაძლიერებას და იცავს მონაწილე მხარეებს უმოქმედობის წამახალისებელი სტიმულებისაგან;
ვ) ამცირებს ნახშირბადის გაჟონვის რისკებს;
ზ) საბაზისო პარამეტრების განსაზღვრისას ეფუძნება კონსერვატულ მონაცემებს, პროგნოზული გაფრქვევების განვითარების მინიმალური მნიშვნელობების გათვალისწინების ჩათვლით;
თ) მხედველობაში იღებს ყველა არსებულ და დაგეგმილ ეროვნულ პოლიტიკას, კანონმდებლობის ჩათვლით;
ი) ითვალისწინებს სხვა ფაქტორებს, რომლებიც გადამცემის მიერ კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების გაძლიერებას ემსახურება;
კ) იყენებს შერბილების შედეგების დაფინანსების წყაროებთან მიბმას, სადაც ეს საჭირო და შესაძლებელია; და
ლ) თავიდან იცილებს ნებისმიერ უარყოფით გარემოსდაცვით და სოციალურ ზეგავლენას, მათ შორის ბიომრავალფეროვნებაზე, სოციალურ თანასწორობაზე და სოციალური ჯგუფების სქესის, ეროვნების ან ასაკის საფუძველზე დისკრიმინაციაზე.
მუხლი 4🔗
მდგრადი განვითარება
შერბილების შედეგები (რომლებზეც გადაცემის და გამოყენების უფლება გაცემულია) უნდა მიიღებოდეს ისეთი ქმედებების შედეგად, რომლებიც:
1. შეესაბამება მდგრადი განვითარების პრინციპებს, შესაბამის სტრატეგიებსა და პოლიტიკებს;
2. შეესაბამება გრძელვადიან დაბალემისიიან განვითარების სტრატეგიებს, მათი არსებობის შემთხვევაში, და ხელს უწყობს დაბალემისიიან განვითარებას;
3. თავიდან იცილებს სხვა უარყოფით გარემოსდაცვით ზეგავლენებს და პატივს სცემს ეროვნულ და საერთაშორისო გარემოსდაცვით რეგულაციებს;
4. თავიდან იცილებს სოციალურ კონფლიქტს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს.
მუხლი 5🔗
უფლების გაცემა (ავტორიზაცია)
1. იმ შერბილების შედეგების საერთაშორისო დონეზე გადაცემა და გამოყენება, რომლებიც NDC-ს შესასრულებლად ან შერბილების ნებისმიერი სხვა მიზნის (NDC-ში განსაზღვრულის გარდა) მისაღწევადაა საჭირო, თითოეული მხარის მიერ უფლების გაცემას მითხოვს პარიზის შეთანხმების 6.3 მუხლის თანახმად, ასევე მისი მე-3 და მე-4 მუხლებისა და ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად.
2. თითოეულმა მხარემ უნდა შეიმუშაოს პროცესი, რომლის შესაბამისადაც მხარეებს შეეძლებათ უფლების მიღებაზე განაცხადის შემოტანა, გამოაქვეყნოს შესაბამისი ეროვნული მოთხოვნები, შქად-ის წარმოდგენის ჩათვლით, და შეატყობინოს მეორე მხარეს ამ პროცესსა თუ მოთხოვნებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
3. თითოეულმა მხარემ ამ შეთანხმების 9.1 მუხლში განსაზღვრულ საკუთარ რეესტრში უნდა გამოაქვეყნოს მის მიერ გაცემული ნებისმიერი უფლება, შქად-ების ჩათვლით, ინგლისურ ენაზე, და შეატყობინოს მეორე მხარეს მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებების, მათ შორის უფლებების განახლების ან შეცვლის შესახებ. თითოეულმა მხარემ უნდა წარუდგინოს გაცემული უფლებები პარიზის შეთანხმების სამდივნოს, ან CMA-ს შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ორგანოს.
4. თითოეულ მხარეს შეუძლია შეისწავლოს მის მიერ გაცემული უფლებების შესაბამისობა და გამოაქვეყნოს განცხადება რაიმე შეუსაბამობების არსებობის შესახებ. თუკი ასეთი განცხადება არ იქნება გამოქვეყნებული, გადაცემა ჩაითვლება დამტკიცებულად ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ანუ ორივე მხარის მიერ უფლებების გამოქვეყნების თარიღიდან 30 კალენდარულ დღეში.
5. გადაცემის უფლების მქონე ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, თითოეულ მხარეს შეუძლია შეცვალოს ან შეასწოროს მის მიერ გაცემული უფლება ამ მუხლში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად. შესწორებები და ცვლილებები ძალაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შევა.
მუხლი 6🔗
უფლების გაცემა/ავტორიზაციის ფორმა
1. განცხადება უფლების გაცემის შესახებ უნდა მოიხსენიებდეს შქად-ს და უნდა შეიცავდეს:
ა) იმ შემარბილებელი ქმედების აღწერას, რომელიც იწვევს შერბილების შედეგებს;
ბ) სხვა საკითხებთან ერთად გამოყენებული სტანდარტის და საბაზისო მეთოდოლოგიის და მონიტორინგისა და გადამოწმების ანგარიშების მოთხოვნების აღწერას:
გ) შემარბილებელი ქმედების დაკრედიტების პერიოდის განსაზღვრას;
დ) NDC-ის იმ პერიოდ(ებ)ის განსაზღვრას, რომელთა განმავლობაშიც არის ნებადართული სდგშშ-ს გამოყენება, საჭიროების მიხედვით;
ე) შერბილების შედეგების სრულ კუმულატიურ მაქსიმალურ მოცულობას, რომლის გადაცემა და გამოყენება ნებადართულია;
ვ) მეორე მხარის მიერ გაცემული შესაბამისი უფლების მოხსენიებას, როდესაც ასეთი არსებობს.
2. გადაცემის უფლება აგრეთვე უნდა მიუთითებდეს იმ ორგანიზაციას, რომელზეც გაიცა ასეთი გადაცემის უფლება.
მუხლი 7🔗
მონიტორინგი, გადამოწმება და გამოკვლევა
1. თითოეული შემარბილებელი ქმედებისთვის, რომელიც გვაძლევს წინამდებარე შეთანხმებით აღიარებულ სდგშშ-ს, აუცილებელია მონიტორინგის ანგარიშის შექმნა და მისი გადამოწმება. გადაცემის უფლების მქონე ორგანიზაციის მიერ შერჩეული და თითოეული მხარის მიერ დამტკიცებული შემმოწმებელი შეადგენს შემოწმების ანგარიშს და წარუდგენს შემოწმებისა და მონოტორინგის ანგარიშს თითოეულ მხარეს.
2. თითოეულმა მხარემ დამტკიცებული შემმოწმებლების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს.
3. თითოეულმა მხარემ უნდა გამოაქვეყნოს შემოწმებისა და მონიტორინგის ანგარიში.
4. თითოეულმა მხარემ უნდა შეაფასოს შეფასების და მონიტორინგის ანგარიშები ამ შეთანხმების 6.1.ბ მუხლში განსაზღვრული წესების შესაბამისად. მხარის დასტური ძალაში შევა შემმოწმებლის მიერ შემოწმების ანგარიშის წარმოდგენიდან 90 კალენდარული დღიანი „არგასაჩივრების“ პერიოდის გავლის შემდეგ.
5. შემმოწმებლის მიერ შემოწმების და მონიტორინგის ანგარიშის წარმოდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გადამცემმა უნდა გამოიკვლიოს შერბილების შედეგები, რომლებზეც გაცემულია გადაცემის უფლება, გადაცემის შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე:
ა) არ მოხდეს შერბილების შედეგების ორმაგი მოთხოვნა, სხვა ეროვნული თუ საერთაშორისო სისტემების ან მიზნების შესაბამისად;
ბ) არ არსებობდეს რაიმე შეუსაბამობა უფლების გაცემის შესახებ განცხადების დებულებებთან;
გ) არ არსებობდეს გადამცემის მიერ შერბილების შედეგის გამომწვევი შემარბილებელი ქმედების განხორციელების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ან ეროვნული კანონმდებლობის დარღვევის დამადასტურებელი ფაქტები.
გადამცემმა საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს განცხადება ასეთი კვლევის შესახებ და შეატყობინოს ამის შესახებ მიმღებსაც და გადაცემის უფლების მქონე ორგანიზაციასაც.
6. თუკი გადამცემის მიერ ჩატარებული კვლევა დადებით შედეგებს მოიტანს, 30 კალენდარული დღის განმავლობაში მიმღებმა უნდა გამოაქვეყნოს გადაცემის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ განცხადება. მიმღებმა ასეთი განცხადების საჯაროდ ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს და ამის შესახებ შეატყობინოს გადამცემსაც და გადაცემის უფლების მქონე ორგანიზაციასაც.
მუხლი 8🔗
გადაცემის აღიარება
თითოეულმა მხარემ უნდა აღიაროს შერბილების შედეგების უფლებამოსილი გადაცემა, რომელზეც ამ შეთანხმების 7.5 და 7.6 მუხლების შესაბამისად მხარეებს გაკეთებული აქვთ დადებითი განცხადება:
1. გადაცემის უფლების მქონე ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე გადამცემმა უნდა უზრუნველყოს მიმღები ორგანიზაციისთვის და გადაცემის მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნა. ასეთი შეტყობინება უნდა მიუთითებდეს მიმღებ ორგანიზაციას და გადაცემის მიმღებს, ისევე როგორც შერბილების შედეგების გადაცემულ მოცულობას, თითოეული შერბილების შედეგის უნიკალურ იდენტიფიკატორს, ამ შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად შესატანი შესწორებების მეთოდს და შესაბამის გაცემულ უფლებას.
2. გადამცემმა უნდა აღიაროს და დააფიქსიროს შერბილების შედეგების გადაცემა ამ შეთანხმების 9.1 მუხლში განსაზღვრულ რეესტრში და აღიაროს გადაცემული შერბილების შედეგები, როგორც დამატებები ამ შეთანხმების 10.1.ბ მუხლის შესაბამისად.
3. მიმღებმა უნდა დააფიქსიროს შერბილების შედეგების გადაცემა ამ შეთანხმების 9.1 მუხლში განსაზღვრულ რეესტრში და აღიაროს გადაცემული შერბილების შედეგები, სდგშშ.
მუხლი 9🔗
რეესტრი
1. თითოეულმა მხარემ, გადაცემის აღიარების მიზნით, უნდა შექმნას და გამოიყენოს რეესტრი, რომელსაც შემდეგი მახასიათებლები ექნება:
ა) რეესტრი უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი;
ბ) რეესტრი უნდა განახლდეს ავტორიზაციის გამოქვეყნების შესაბამისად ამ შეთანხმების 5.3, 8.2 და 8.3 მუხლების მიხედვით
გ) რეესტრს უნდა გააჩნდეს მასში წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად დაფიქსირებული ყველა სდგშშ-ს უნიკალური იდენტიფიკატორი, უნდა მიუთითებდეს ინფორმაციას წარმოშობის და მიღების წლის შესახებ, მიანიშნებდეს ყველა გაცემულ უფლებაზე და განსაზღვრავდეს შერბილების შედეგების აღიარებისთვის აუცილებელ დოკუმენტაციას.
2. მხარეებს შეუძლიათ შექმნან რეესტრი, რომელსაც ერთობლივად გამოიყენებენ სდგშშ-ების გაცემის, გადაცემის და მიკვლევის მიზნით.
მუხლი 10🔗
შესაბამისი შესწორებები
1. გადაცემული შერბილების შედეგების ორმაგი აღრიცხვის თავიდან აცილების მიზნით, მხარეებმა შემდეგი შესაბამისი შესწორებები უნდა განახორციელონ:
ა) NDC-ში განსაზღვრული სათბურის აირებისა და მშთანთქმელებისთვის;
ბ) პირველად გადაცემული შერბილების შედეგებისთვის დამატების, ხოლო მხარის NDC-ში გამოყენებული შერბილების შედეგებისთვის გამოკლების მეშვეობით.
2. თითოეულმა მხარემ, რომელსაც მრავალწლიანი NDC გააჩნია, შესაბამისად, უნდა დაამატოს ან გამოაკლოს თავის გაფრქვევის დონეს, ამ მუხლის ქვეპუნქტი10.1.(ა)-ს მიხედვით, პირველად გადაცემული ან საკუთარ NDC-ში გამოყენებული ყველა შერბილების შედეგის ჯამი NDC-ს განხორციელების მთელი პერიოდისთვის, გაყოფილი ამ განხორციელების პერიოდის წლების რაოდენობაზე.
3. თითოეულმა მხარემ, რომელსაც ერთწლიანი NDC გააჩნია, შესაბამისად, უნდა დაამატოს ან გამოაკლოს თავის გაფრქვევის დონეს, ამ მუხლის ქვეპუნქტი 10.1.(ა)-ს მიხედვით, პირველად გადაცემული ან საკუთარ NDC-ში გამოყენებული ყველა შერბილების შედეგის ჯამი NDC-ს განხორციელების მთელი პერიოდისთვის, გაყოფილი ამ განხორციელების პერიოდის წლების რაოდენობაზე.
4. თითოეულმა მხარემ, რომელსაც აქვს ერთწლიანი NDC, შეუძლია განსაზღვროს მრავალწლიანი ემისიების ტრაექტორია, ტრაექტორიები ან ბიუჯეტი NDC-ს განხორციელების პერიოდისთვის, რომელიც შეესაბამება მისი NDC-ს განხორციელებას, უზრუნველყოფს NDC-ს მიზნების მიღწევას. ამ მხარემ უნდა გამოიყენოს შესაბამისი კორექტირება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამ მხარემ შემდგომ, არაუგვიანეს ამ შეთანხმებით აღიარებული პირველი გადაცემის დროისა, უნდა გადასცეს ინფორმაცია პარიზის შეთანხმების სამდივნოს მრავალწლიანი ემისიის ტრაექტორიის, ტრაექტორიების ან ბიუჯეტის შესახებ NDC-ს განხორციელების პერიოდისთვის.
5. თითოეულმა მხარემ, უნდა შეიტანოს შესაბამისი კორექტირება ამ მუხლის 1-4 პუნქტების შესაბამისად, იმის შეფასებისას მიაღწია, თუ არა მან თავისი NDC-ს მიზნებს, პარიზის შეთანხმების 13.7.(b) მუხლის შესაბამისად.
მუხლი 11🔗
წლიური ანგარიშგება
თითოეულმა მხარემ ყოველწლიურად უნდა მიაწოდოს პარიზის შეთანხმების სამდივნოს რაოდენობრივი ინფორმაცია გადაცემული, შეძენილი, დაკავებული, გაუქმებული და გამოყენებული შერბილების შედეგების შესახებ. ანგარიშები უნდა მიუთითებდეს გამოყენების მიზანს, სდგშშ-ს უნიკალურ იდენტიფიკატორს, მათ შორის, გადამცემს და მიმღებ ორგანიზაციას, წარმოშობას და მოსავლის წელს, და მინიშნებებს შესაბამის მონიტორინგისა და შემოწმების ანგარიშებზე.
მუხლი 12🔗
ორწლიანი ანგარიშგება
პარიზის შეთანხმების 13.7.(b) მუხლის მოთხოვნებისა და პარიზის შეთანხმების 13.13 მუხლით განსაზღვრული მოდალობების, პროცედურების და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს ანგარიში, რომელიც შემდეგ ინფორმაციას შეიცავს:
1. NDC-ს ბოლო წლის ინვენტარიზაციის შესახებ გამჭვირვალობის ორწლიანი ანგარიშში თითოეულმა მხარემ, იმის შეფასებისას, შესრულდა თუ არა NDC, უნდა გამოიყენოს ამ შეთანხმების მე-10 მუხლის 1-4 პუნქტებში განსაზღვრული შესწორებები.
2. NDC-ს შესაბამის განხორციელების პერიოდთან დაკავშირებულ გამჭვირვალობის ორწლიან ანგარიშებში თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) წლის განმავლობაში პირველად გადაცემული და გამოყენებული შერბილების შედეგების შესახებ;
ბ) ემისიის წლიური ბალანსები, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, ამ შეთანხმების 10.1 მუხლის შესაბამისად;
გ) ხარისხობრივი ინფორმაცია გადაცემული შერბილების შედეგების შესახებ, მათ შორის: წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული შესწორებების განხორციელების, გარემოსთვის სარგებლიანობის უზრუნველყოფისთვის გამოყენებული და მდგრადი განვითარების მხარდაჭერისთვის გამიზნული კრიტერიუმების და დებულებების შესახებ.
მუხლი 13🔗
კლიმატთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფინანსებში
ორმაგი აღრიცხვის თავიდან აცილება
წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად აღიარებული სდგშშ-ს შეძენისას გამოყენებული რესურსები არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პარიზის შეთანხმების მე-9, მე-10 და მე-11 მუხლებში განსაზღვრული ან მათ შესაბამისად მობილიზებული დახმარება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე შეთანხმების მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან პარიზის შეთანხმების მუხლი 13🔗.13-ის შესაბამისად.
მუხლი 14🔗
კომპეტენტური ორგანოები
1. წინამდებარე შეთანხმების შესრულების პროცესში საქართველომ თავისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიანიჭა.
2. წინამდებარე შეთანხმების შესრულების პროცესში შვეიცარიის კონფედერაციამ თავისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება გარემოს, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და კომუნიკაციების ფედერალურ დეპარტამენტს მიანიჭა. ამ უკანასკნელს პროცესში გარემოს დაცვის ფედერალური სამსახური (FOEN) წარმოადგენს.
მუხლი 15🔗
საერთო საზრუნავი
მხარეები თანხმდებიან, რომ გააერთიანებენ ძალისხმევას კორუფციასთან საბრძოლველად და, კერძოდ, აცხადებენ, რომ ნებისმიერი პირისთვის პირდაპირ ან ირიბად გაკეთებული ნებისმიერი სახის შეთავაზება, საჩუქარი, გადახდა, ანაზღაურება ან სარგებელი, რომელიც კეთდება წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული გადაცემის უფლების გაცემის ან აღიარების სანაცვლოდ, ჩაითვლება უკანონო ქმედებად და კორუფციად. ასეთი სახის ნებისმიერი ქმედება ამ შეთანხმების მე-20 მუხლის შესაბამისად გადაცემის აღიარების შეჩერებისთვის საკმარის საფუძველს წარმოადგენს. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ერთმანეთს უკანონო ქმედების ან კორუფციული გარიგების შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 16🔗
ძალაში შესვლა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერიდან 60 დღეში.
მუხლი 17🔗
შესწორებები
წინამდებარე შეთანხმებაში რაიმე შესწორების ან ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 18🔗
დავების გადაწყვეტა
მხარეებს შორის წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 19🔗
წინამდებარე შეთანხმების დენონსაცია
1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია განახორციელოს წინამდებარე შეთანხმების დენონსაცია მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ასეთი დენონსაცია ძალაში შევა NDC-ს განხორციელების იმ პერიოდის დასრულებიდან 4 წლის შემდეგ (ე.ი. ყველაზე ადრე ეს შესაძლოა 2034 წელს მოხდეს), რომლის დროსაც მოხდა დენონსაციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა.
2. გადამცემმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს გადაცემის უფლების მქონე პირებს შეთანხმების შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 20🔗
გადაცემების აღიარების შეჩერება
1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეაჩეროს გადაცემის აღიარება, თუკი:
ა) მეორე მხარე არღვევს პარიზის შეთანხმების 4.2 მუხლს. დარღვევა/შესაბამისობის საკითხები პარიზის შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომიტეტის სათანადო მოსაზრებების საფუძველზე უნდა იქნეს განხილული;
ბ) მეორე მხარე არ/ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.
2. გადაცემის აღიარების ასეთი შეჩერების შესახებ შეტყობინება მეორე მხარეს უნდა გაეგზავნოს წერილობითი ფორმით, და იგი ძალაში შევა წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ, ან უფრო გვიან, თუკი ეს კონკრეტულადაა მითითებული წერილობით შეტყობინებაში.
მუხლი 21🔗
შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება და მის შესაბამისად გაცემული ნებისმიერი ავტორიზაცია ჩაითვლება შეწყვეტილად, თუკი რომელიმე მხარე გამოვა პარიზის შეთანხმებიდან.
2. ასეთი შეწყვეტა ძალაში შევა იმავე დღეს, როდესაც ძალაში შევა მხარის გამოსვლა პარიზის შეთანხმებიდან.
ქვემორე ხელმომწერნი, თავიანთი მთავრობების შესაბამისი უფლებამოსილების საფუძველზე, ხელს აწერენ მოცემულ შეთანხმებას.
შესრულებულია ორ დედნად, თითოეული ინგლისურ, ქართულ და გერმანულ ენებზე, რომელთაგან ყველა ტექსტი არის თანაბრად ავთენტური. რაიმე განსხვავებების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს სახელით
ლევან დავითაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
შვეიცარიის კონფედერაციის სახელით
სიმონეტა სომარუგა
ფედერალური მრჩეველი
გარემოს, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების მინისტრი