გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/8593-22
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2022 წლის 12 აპრილი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ნათია შიოშვილი
განმცხადებელი – სს „ფოსტა ფეი“
წარმომადგენელი – როინ ცაციაშვილი
მოთხოვნა – სს „ფოსტა ფეის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა სს „ფოსტა ფეის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2022 წლის 24 მარტს, განცხადებით მომართა სს „ფოსტა ფეის“ წარმომადგენელმა როინ ცაციაშვილმა სს „ფოსტა ფეის“ მიმართ გადახდისუუნარობის რეჟიმის – გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნით.
2022 წლის 30 მარტს, წარმოდგენილ განცხადებაზე სს „ფოსტა ფეის“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოში წარმოედგინა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული რიგი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ სასამართლო იმსჯელებდა სს „ფოსტა ფეის“ მიმართ დასაშვებობის საკითხზე, რაც მხარის მიერ არ იქნა შესრულებული.
შესაბამისად სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ სს „ფოსტა ფეის“ უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.
როგორც უკვე აღინიშნა, თუ გადახდიუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეაქვს მოვალეს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დათქმულ მოთხოვნებს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სასამართლოს მიერ 2022 წლის 30 მარტის განჩინებით მხარეს წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი. 2022 წლის 30 მარტის განჩინება განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ http://www.ecourt.ge-ზე გამოქვეყნებული იქნა 2022 წლის 31 მარტს. შესაბამისად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, განჩინებაზე შეეძლო კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, ხოლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად მხარეს განსაზღვრული ჰქონდა 5 დღის ვადა, რაც დადგენილი იყო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონი არის სპეციალური კანონი, რომელიც აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანება), ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა), უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირის და სხვა წარმონაქმნის ((მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას იურიდიული პირის სტატუსი), რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და რომლის მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია) გადახდისუუნარობის საკითხს. ხარვეზის შევსებისათვის 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადას ადგენს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელებას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
გადახდისუუნარობის განცხადება შეიძლება ხარვეზიანი იყოს. თუ ხარვეზი ფორმალურ-სამართლებრივია, ანუ მაგალითისათვის არ შეესაბამება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის 44-ე ან 45-ე მუხლებს, აღნიშნული გარემოება განცხადებაზე ხარვეზის დადგენის წინაპირობაა. ხარვეზის გამოსწორების ვადას სასამართლო არ ადგენს, აღნიშნული ვადა კანონითაა გათვალისწინებული და შეადგენს 05 სამუშაო დღეს. აღნიშნული ვადის გაგრძელებას ან ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის ხელახლა მიცემას კანონი არ ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებულ ვადაში განმცხადებელმა ხარვეზი არ გამოასწორა, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.
ზ/ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით მხარეს წარმოდგენილი ხარვეზის შესავსებად ვადა ეწურებოდა 2022 წლის 6 აპრილს, რაც არ იქნა აღმოფხვრილი.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოსაკვლევად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენების რისკის არარსებობის, აგრეთვე აღნიშნულ საქმეში ამ კანონის მიზნის მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევის წინაპირობების არსებობის გამოსავლენად და დასადასტურებლად. თუ საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ კანონის 44-ე მუხლის მე-7 პუნქტით ან 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მითითება დაუსაბუთებელია ან წარმოდგენილი მტკიცებულებები ნამდვილი ან აღნიშნული მითითების დასაბუთებისთვის საკმარისი არ არის, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სს „ფოსტა ფეის“ მიერ კანონით დადგენილ ვადაში ხარვეზი შევსებული არ იქნა, მას უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-8, მე-9, მე-19, 43-45-ე, 47-ე, 48-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ფოსტა ფეის“ (ს/ნ 402083776) უარი ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.
2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია შიოშვილი