ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№N 59333/16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება

საქმე   „ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი N 59333/16)

 

 

მუხლი 2 (პროცედურული) • მომჩივნის ქმრის თვითმკვლელობის ეფექტური გამოძიების ვერჩატარება მისი პოლიციაში მოწმის სახით დაკითხვიდან მეორე დღეს

 

 სტრასბურგი

2022 წლის 20 იანვარი

საბოლოო გახდა

20/04/2022

 

  ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

 

საქმეზე „ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

          სიოფრა ო’ლირი, თავმჯდომარე,
          განნა იუდკივსკა,
          სტეფანი მოურუ-ვიქსტრომი,
          ლეტიფ ჰუსეინოვი,
          ლადო ჭანტურია,
          ივანა ჯელიჩი,
          არნფინ ბარდსენი, მოსამართლეები,

და ვიქტორ სოლოვეიტჩიკი, სექციის განმწესრიგებელი,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N 59333/16) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეტანილია სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის, ქ-ნ ზიზი ეძგვერაძის მიერ (შემდგომში „მომჩივანი“) 2016 წლის 23 სექტემბერს;

გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) აცნობოს საჩივრის შესახებ;

მხარეთა დაკვირვებები;

2021 წლის 7 დეკემბრის დახურული თათბირის შემდეგ

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

შესავალი

1 .  საქმე ძირითადად ეხება მომჩივნის საჩივარს კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, მისი მეუღლის თვითმკვლელობის არაეფექტური გამოძიების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ მოწმის სახით მისი დაკითხვის მომდევნო დღეს, საქმის თაობაზე, რომელიც ეხებოდა მის მეგობარს.

ფაქტები

2 .  მომჩივანი დაიბადა 1982 წელს და ცხოვრობს თბილისში. მას წარმოადგენდნენ ქ-ნები ნ. ჯომარჯიძე და ტ. დეკანოსიძე, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობენ თბილისში.

3 .  მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი.

4 .  საქმის ფაქტობრივი გარემოებები, როგორც ისინი წარმოდგენილია მხარეთა მიერ, შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.

5 .  2013 წლის 5 ივლისს მომჩივნის მეუღლის მეგობარი –- გ.მ. – დააკავეს კანაფის ფლობის შესახებ ეჭვის საფუძველზე, როდესაც ამ უკანასკნელის ავტომობილის მახლობლად, ავტომობილების სარემონტო სახელოსნოში, სადაც მომჩივნის ქმარი – მ.მ. – მუშაობდა, აღმოაჩინეს პაკეტი. მ.მ. დაკავების დროს გ.მ.-სთან ერთად იყო და პოლიციის დაწესებულებაში ჩვენების მისაცემად წავიდა, როგორც ჩანს, პოლიციელების მოთხოვნით.

6 .  პოლიციელ ზ.მ.-ის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, მ.მ.-ს მოწმის სახით დაკითხვა გაგრძელდა ერთი საათი და ოცდაერთი წუთი. მან დაადასტურა, რომ პაკეტში, რომელიც პოლიციამ იპოვა გ.მ.-ის ავტომობილის ახლოს, იყო კანაფი და რომ გ.მ.-მ აჩვენა ეს პაკეტი მას მანამ, სანამ პოლიციის დანახვისას გადააგდებდა. მან განაცხადა, რომ შესაძლებელია, რომ გ.მ. აპირებდა ამ ნივთიერების მისთვის მიცემას, რადგან ის დროდადრო მოიხმარდა კანაფს, უკანასკნელად კი – ათი დღის წინ მოიხმარა.

7 . დაკითხვის შემდეგ მ.მ.-მ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, რომელმაც არ დაადასტურა ნარკოტიკის მოხმარება; შემდეგ ის გაათავისუფლეს.

8 . 2013 წლის 6 ივლისს მ.მ. ადრე გავიდა სახლიდან. დილის განმავლობაში სხვადასხვა დროს ის დაეკონტაქტა მომჩივანს და სამ სხვა პირს. რადგან მან თავის მეგობარს გაანდო საკუთარი განზრახვა „თბილისის ზღვაზე“ (ხელოვნური ტბა თბილისში) თვითმკვლელობის შესახებ, მომჩივანი და მ.მ.-ის მეგობრები წავიდნენ იქ მის მოსაძებნად.

9 .  დაახლოებით დღის 12 საათისთვის მომჩივანმა და მისმა მეზობელმა მ.პ.-მ დაურეკეს საგანგებო (ექსტრემალურ) სამსახურს და განუცხადეს, რომ მომჩივნის ქმარი დაიკარგა თბილისის ზღვაზე და პოლიციას სთხოვეს დახმარება მისი ადგილსამყოფლის დადგენაში. მათ არ უხსენებიათ, რომ მას ჰქონდა თავის მოკვლის განზრახვა, არც ის, რომ ის პოლიციამ დაკითხა წინა დღეს. მომჩივანმა ვერ დააზუსტა მისი ადგილმდებარეობა, ამიტომ შეთანხმდნენ, რომ ის შეხვდებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მახლობლად მდებარე იახტკლუბში. როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ, მათ მოახსენეს მ.მ.-ის თვითმკვლელობის განზრახვის შესახებ და ამიტომ მათ წაიყვანეს მომჩივანი პოლიციის დაწესებულებაში, რათა ჩაეწერათ მისი ჩვენება. როგორც ჩანს, პოლიციელებმა გააფრთხილეს კოლეგები და სთხოვეს მათ, რომ მოეძებნათ მომჩივნის ქმარი, სანამ ისინი პოლიციის დაწესებულებაში ბრუნდებოდნენ (იხ. პარაგრაფი 23 ქვემოთ).

10 .  13:55 საათზე გამვლელმა მ.მ.-ის ცხედარი ზღვის სანაპიროსთან ხეზე ჩამოკიდებული იპოვა და პოლიციას დაუკავშირდა. პოლიციის მიერ დანაშაულის ადგილის დათვალიერებამ არ გამოავლინა რაიმე საეჭვო ნივთის არსებობა და მ.მ.-ის ცხედარი გადაიტანეს გამოკვლევისთვის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

11 .  იმავე დღეს, 2013 წლის 6 ივლისს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის დაწესებულებამ, რომლის ტერიტორიულ იურისდიქციაშიც იყო ის ადგილი, სადაც მომჩივნის მეუღლის ცხედარი იპოვეს, აღძრა სისხლის სამართლის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე (იხ. პარაგრაფი 29 ქვემოთ).

12 .  2013 წლის 7 ივლისს მთავარი პროკურატურის პროკურორმა დაკითხა გ.მ. მან აღნიშნა, რომ არანაირი ფიზიკური ძალადობა არ მიუყენებიათ არც მისთვის და არც მ.მ.-სთვის და რომ „უმეტესი დროის განმავლობაში“ პოლიციის დაწესებულებაში ეს უკანასკნელი იმყოფებოდა მხედველობის არეალში, ღია მოწყობის სამუშაო სივრცეში, სადაც ისინი პოლიციელებმა მიიყვანეს. თუმცა, გ.მ. დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში გაიყვანეს ოთახიდან ვიღაც პირის სამუშაო ოთახში, სადაც მას უთხრეს, რომ დანაშაულის უარყოფას აზრი არ ჰქონდა და რომ უნდა ეღიარებინა მისი ჩადენა. მან მტკიცედ თქვა უარი დანაშაულის აღიარებაზე, ამიტომ ის დააბრუნეს უკან, ღია მოწყობის სამუშაო სივრცეში. შემდეგ მ.მ. გაიყვანეს ოთახიდან დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში. დაბრუნებისას მას არ ემჩნეოდა ფიზიკურად ცუდი მოპყრობის რაიმე ნიშანი. მ.მ. აღელვებული ჩანდა პოლიციის დაწესებულების დატოვებამდე. მოგვიანებით, როდესაც მ.მ.-ის ჩვენება (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ) წაუკითხეს მას, გ.მ.-მ გაიხსენა, რომ გაიფიქრა, რომ ამ ჩვენებას მ.მ. ნებაყოფლობით არ დაწერდა.

13 .  2013 წლის 8 ივლისს მომჩივანმა მისცა ჩვენება პოლიციის გამომძიებელს, სადაც აღნიშნა, რომ მისმა ქმარმა უთხრა მას, რომ ის დაექვემდებარა ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას პოლიციის დაწესებულებაში, რათა ეიძულებინათ ის, რომ მიეცა მისი მეგობრის მაინკრიმინირებელი ჩვენება. 2013 წლის 25 ოქტომბერს მიცემულ მომდევნო ჩვენებაში, რომელიც მან მისცა პროკურორს ადვოკატის თანდასწრებით, მომჩივანმა განაცხადა, რომ როდესაც მისმა ქმარმა უამბო მას 2013 წლის 5 ივლისის მოვლენების შესახებ, მან თქვა, რომ „[მის მიმართ] არ გამოუყენებიათ რაიმე სერიოზული ძალადობა ჩვენების მიღების მიზნით“. რაც შეეხება მის წინა, 2013 წლის 8 ივლისის განცხადებას, მან თქვა, რომ მან გაიგო ცუდი მოპყრობის შესახებ მისი ქმრის კოლეგებისაგან და არა თავად მ.მ.-ისგან. მან ასევე აღნიშნა, რომ მის მეუღლეს არ აწუხებდა რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა, მატერიალური პრობლემა ან რაიმე საფიქრალი, რაც მას თვითმკვლელობას ჩაადენინებდა.

14 .  2013 წლის 9 ივლისს სასამართლო ექსპერტიზამ მოამზადა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მ.მ.-ს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება კისრის გარშემო, რომელიც (ექსპერტის თანახმად) პირდაპირ კავშირში იყო მის გარდაცვალების მიზეზთან. ანგარიშში ასევე აღნიშნული იყო მის მარცხენა ნესტოზე არსებული მცირე ზომის სისხლჩაქცევა. 2013 წლის 9 დეკემბერს პროკურორისთვის მიცემულ მომდევნო ჩვენებაში ექსპერტი აცხადებდა, რომ მცირე დაზიანება მარცხენა ნესტოზე მ.მ.-ს უნდა მიეღო ან თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ან თვითმკვლელობის პროცესში და რომ მის სხეულზე არ აღინიშნებოდა ცემის რაიმე ნიშანი. პროკურორის შეკითხვის პასუხად ექსპერტმა გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სისხლჩაქცევა შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ცუდი ფიზიკური მოპყრობით. ექსპერტის განმარტებით, თუ ასეთ მოპყრობას ექნებოდა ადგილი, მაშინ სხეულზე სხვა სისხლჩაქცევებიც იქნებოდა.

15 .  2013 წლის 9 ივლისს მთავარი პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის დაწესებულებას ჰქონდა ტერიტორიული იურისდიქცია საქმის გამოსაძიებლად, „გამოძიების დროს გამოვლენილმა გარემოებებმა და საქმის სპეციფიკურმა ხასიათმა“ მოითხოვა, რომ საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია სამინისტროში მომუშავე პირების, პოლიციის ჩათვლით, საქმიანობის კანონიერების ზედამხედველობაზე) გამოეძიებინა და ამ უკანასკნელს გადასცა ის. გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული ფაქტი, რომ მ.მ. პოლიციამ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე დაკითხა.

16 . 2013 წლის 12 ივლისს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბრძანებით შედგენილ ანგარიშში დადგენილი იყო, რომ მ.მ.-ს სხეულზე არ აღენიშნებოდა დაზიანებების სხვა ნიშნები, გარდა იმ დაზიანებებისა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებოდა გარდაცვალების მიზეზს. 2014 წლის მაისში ექსპერტმა, რომელმაც შეადგინა ანგარიში, დაადასტურა თავისი დასკვნები პროკურორისთვის მიცემულ ჩვენებაში.

17 .  2013 წლის 13 ივლისს გ.მ. კვლავ დაკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებელმა მისი ადვოკატის თანდასწრებით. მან აღიარა, რომ თან ჰქონდა კანაფი მ.მ.-ის 2013 წლის 5 ივლისის ჩვენებაში აღწერილ გარემოებებში (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ). გ.მ.-მ გაიმეორა თავისი ადრინდელი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მან დაინახა მ.მ. პოლიციის დაწესებულებაში ყოფნის დროს, როდესაც ეს უკანასკნელი დაკითხვაზე იყო ღია მოწყობის იმავე სამუშაო სივრცეში, სადაც ასევე დაკავებული ჰყავდათ გ.მ.. მან ისევ აღნიშნა, რომ მ.მ.-მ დატოვა ოთახი ცოტა ხნით, მისი არყოფნის ხანგრძლივობის მითითების გარეშე. გ.მ.‑ის თანახმად, მ.მ.-ს მიმართ არ განხორციელებულა არანაირი ცუდი მოპყრობა, როდესაც ის იმყოფებოდა ღია მოწყობის სამუშაო სივრცეში და არ ეტყობოდა დისტრესისა თუ ფიზიკური დაზიანებების ნიშნები, როდესაც ის ტოვებდა პოლიციის დაწესებულებას.

18 .  2013 წლის 11-დან 13 ივლისამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებელმა დაკითხა ის ექვსი პოლიციელი, რომლებიც მონაწილეობდნენ გ.მ.-ის დაკავებასა და მ.მ.-ის დაკითხვაში. ამ პოლიციელების თანახმად, გ.მ.-ს მიმართეს ანონიმური ინფორმაციის საფუძველზე იმის შესახებ, რომ მას თან ჰქონდა კანაფი, ხოლო მ.მ. იყო აღნიშნული მოვლენების მოწმე – კერძოდ იმისა, თუ როგორ გადააგდო გ.მ.-მ უკანონო ნივთიერების შემცველი პაკეტი. მათ განაცხადეს, რომ მ.მ. მთელი მოვლენების განმავლობაში მშვიდად იყო, ნებაყოფლობით მივიდა პოლიციის დაწესებულებაში ჩვენების მისაცემად და რომ მ.მ. არ დაქვემდებარებია რაიმე სახის ზეწოლას (ფიზიკური ან ფსიქოლოგიური), რათა დაეყოლიებინათ ის, რომ დაედანაშაულებინა თავისი მეგობარი. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ გ.მ.და მ.მ. მოათავსეს ღია მოწყობის ერთსა და იმავე სამუშაო სივრცეში (სადაც იდგა რამდენიმე მაგიდა) და რომ მ.მ.-ის დაკითხვა მიმდინარეობდა ოთახის ერთ-ერთ კუთხეში, მაშინ როდესაც გ.მ. იჯდა ოთახის მეორე კუთხეში. ზ.მ.-მ (პოლიციელი, რომელმაც დაკითხა მ.მ.) აღნიშნა, რომ სხვა პოლიციელი (გ.მა., რომელმაც ასევე აღნიშნა ეს ფაქტი) გაესაუბრა მ.მ.-ს მაშინ, როდესაც ზ.მ. ადგენდა სხვადასხვა დოკუმენტებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. პოლიციელებმა, რომელთაგან რამდენიმემ აღნიშნა, რომ რამდენჯერმე გავიდა ოთახიდან, გამორიცხეს იმის შესაძლებლობა, რომ შეიძლება სხვა პოლიციელი ჩარეულიყო დაკითხვის პროცესში; ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ მ.მ. იმყოფებოდა ღია მოწყობის სამუშაო სივრცეში შენობაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში და რომ რაიმე სახის ზეწოლა არ განხორციელებულა მასზე და რომ ის ინარჩუნებდა სიმშვიდეს მთელი პროცესის განმავლობაში. დაკითხვის შემდეგ მომჩივნის ქმარი წაიყვანეს ნარკოლოგიური შემოწმების დაწესებულებაში, რომელიც მან დატოვა ბიოლოგიური ანალიზის ჩატარების შემდეგ, რომელმაც ნარკოტიკების მოხმარების კვალი არ აჩვენა.

19 .  2013 წლის ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებელმა ასევე დაკითხა პოლიციის დაწესებულების დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მ.მ.-მ მშვიდად და თავისუფლად დატოვა პოლიციის შენობა დაზიანებების ან დისტრესის ნიშნების გარეშე. მან ასევე მოიპოვა შენობის შესასვლელში არსებული კამერების გადაღებული ვიდეომასალა. ჩანაწერის შემოწმებამ აჩვენა, რომ მ.მ. შენობაში შევიდა შენობაში და დატოვა ის დისტრესის ქონის რაიმე ნიშნის გარეშე. ექსპერტებმა, რომლებმაც აიღეს მ.მ.-ის შარდის ნიმუში ნარკოლოგიური შემოწმებისთვის (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ), ასევე აღნიშნეს, რომ მას არ უჩვენებია დაზიანების ან შფოთვის ნიშნები.

20 . 2013 წლის 18 სექტემბერს, მ.მ.-ის ოჯახის წარდგინებების გათვალისწინებით – „2013 წლის 5 ივლისს პოლიციის მიერ მის დაკითხვასა და მომდევნო დღეს თვითმკვლელობას შორის შესაძლო კავშირის შესახებ“ – მთავარი პროკურორის მოადგილემ სისხლის სამართლის გამოძიება დაავალა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტს.

21 .  2013 წლის 11 ნოემბერს მ.პ.-მ, მომჩივნის მეზობელმა მისცა ჩვენება პროკურორს და აღნიშნა, რომ ის სტუმრად ეწვია მომჩივანსა და მის მეუღლეს 2013 წლის 5 ივლისის საღამოს. მან, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა, რომ მის კითხვაზე, სცემა თუ არა მას პოლიციამ, მ.მ.-მ „უპასუხა, რომ მან ნებაყოფლობით მისცა ჩვენება, რადგან პოლიციამ მას დაუდო უდავო ფაქტები, როგორიცაა მისი და გ.მ.-ის საუბრების ფარული ჩანაწერები“.

22 .  2013 წლის დეკემბერში პროკურორმა დაკითხა მ.მ.-ის კოლეგები (გ.ბა., გ.ბი., ტ.ხ., მ.კ.და ე.ბ.). მათ აღნიშნეს, რომ საღამოს, მისი დაკითხვის შემდეგ მ.მ. დაბრუნდა ავტომობილის სარემონტო სახელოსნოში საკმაოდ აღელვებულ მდგომარეობაში და უთხრა მათ, რომ მას სცემეს პოლიციელებმა, რომელთაც აიძულეს ის, მიეცა გ.მ.-ის მაინკრიმინირებელი ჩვენება. ყველამ აღნიშნა, რომ არ არსებობდა დაზიანების რაიმე ნიშანი მისი სხეულის ხილულ ნაწილებზე. გ.ბა.-მ  განაცხადა, რომ 2013 წლის 6 ივლისს, როდესაც დახმარება სთხოვა ქმრის მოძებნაში, მომჩივანმა უთხრა მას, რომ დაკითხვის მომდევნო ღამეს მ.მ.-ს თითქმის არ უძინია, რადგან „მას ხელი მოაწერინეს ჩვენებაზე გ.მ.-ის წინააღმდეგ“; მან უთხრა მომჩივანს, რომ „მას არ შეეძლო ეცხოვრა ამ სახელით [ვინც საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს]“. ამის შემდეგ, მ.მ.-მ დაურეკა და უთხრა მას, რომ ის ვერ იცხოვრებდა „სამარცხვინო“ სახელით და რომ მან ვერ მოახერხა თბილისის ზღვაში თავის დახრჩობა და ახლა გეგმავდა ამის ნაცვლად თავის ჩამოხრჩობას. გამოიძახეს პოლიცია, მაგრამ რაღაცა დრო დასჭირდათ პოლიციელებს, სანამ დაადგენდნენ მათ ადგილმდებარეობას, რადგან მათ ზუსტად ვერ მიუთითეს მათი ადგილსამყოფელი.

23 .  2014 წლის 3 ივნისს პროკურორმა დაკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უპასუხეს მომჩივნის ზარს 2013 წლის 6 ივლისს (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ). მათ აღნიშნეს, რომ თბილისის ზღვაზე მისვლისას მათ უთხრეს მ.მ.-ის სუიციდური აზრების შესახებ, ამიტომ მათ სასწრაფოდ დარეკეს კოლეგებთან და სთხოვეს მოეძებნათ მომჩივნის ქმრის მანქანა ამ ტერიტორიაზე და აცნობეს მათ, რომ მას ჰქონდა თვითმკვლელობის განზრახვა. შემდეგ მათ წაიყვანეს მომჩივანი პოლიციის განყოფილებაში, რათა მიეღოთ მისი ჩვენება, იმის გათვალისწინებით, რომ მისი მონაყოლი შეიცავდა „პოტენციური დანაშაულის ნიშნებს“. მომჩივნის პოლიციის დაწესებულებაში მიყვანისთანავე ისინი დაბრუნდნენ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე და კოლეგებთან ერთად განაგრძეს მომჩივნის ქმრის ძებნა. მ.მ.-ის ცხედარი დაახლოებით ერთი საათის შემდეგ იპოვა გამვლელმა, რომელმაც პოლიციას აცნობა. სხეულზე არანაირი დაზიანება არ ყოფილა და არც რაიმე საეჭვო საგანი იდო მის გარშემო.

24 .  2014 წლის 11 ნოემბერს მომჩივანსა და მის ადვოკატს, როგორც ჩანს, მიეცათ არაოფიციალური შესაძლებლობა, გასცნობოდნენ სისხლის სამართლის საქმის მასალას.

25 .  როგორც ჩანს, არავითარი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა 2014 წლის ნოემბერსა დ 2016 წლის მარტს შორის პერიოდში.

26 . 2016 წლის 25 მარტს გამოძიებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელმა პროკურორმა დაადგინა, რომ არ ყოფილა ჩადენილი რაიმე დანაშაული და დახურა გამოძიება. მომჩივანმა მიუთითა ექსპერტიზის მტკიცებულებებსა და მოწმეების ჩვენებებზე, მათ შორის, ჩვენებებზე, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მისცეს პოლიციელებმა, რომლებმაც დაკითხეს მომჩივნის ქმარი და პოლიციის დაცვის თანამშრომლებმა, რომლებმაც დაინახეს მ.მ., როდესაც ის ტოვებდა პოლიციის დაწესებულებას (იხ. პარაგრაფები 18-19 ზემოთ). გადაწყვეტილება ხაზს უსვამდა, რომ გ.მ.-მ (იხ.პარაგრაფები  12 და 17 ზემოთ) მიუთითა, რომ მ.მ. „იყო მისი მხედველობის არეალში უმეტესი დროის განმავლობაში [რომელიც მ.მ.-მ.] გაატარა პოლიციის დაწესებულებაში“ და ის არ ყოფილა რაიმე სახის ზეწოლის ქვეშ ამ პერიოდის განმავლობაში. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მ.მ.-მ უთხრა მის კოლეგებს (გ.ბ., გ.ბ., ტ.ხ., მ.კ. და ე.ბ.), რომ ის დაექვემდებარა ფიზიკურ ზეწოლას, რათა მიეცა ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება გ.მ.-ის წინააღმდეგ, აღნიშნულ პირებს არ შეუმჩნევიათ ცუდი მოპყრობის რაიმე ნიშანი მ.მ.-ის სხეულზე. დაბოლოს, პროკურორმა აღნიშნა, რომ მომჩივანმა მისცა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები ქმრის მიმართ გამოყენებული სავარაუდო ძალადობის შესახებ: ჯერ მან განაცხადა, რომ ქმარმა მას უთხრა, რომ მასზე ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა; მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მისმა ქმარმა უარყო, რომ ის ექვემდებარებოდა „რაიმე სერიოზულ ძალადობას“ და ნაცვლად განაცხადა, რომ ამის შესახებ მან მისი ქმრის კოლეგებისგან გაიგო (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ). აღნიშნულზე დაყრდნობით პროკურორმა დაასკვნა, რომ არ არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მ.მ.-ის მიმართ განხორციელდა რაიმე სახის ცუდი მოპყრობა, მუქარა, ან რაიმე სახის ღირსების შემლახველი მოპყრობა, რასაც მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა შეიძლებოდა გამოეწვია. ამიტომ ეს სისხლის სამართლის გამოძიება დაიხურა.

27 .  2016 წლის 16 ივნისს მომჩივანმა გაასაჩივრა პროკურორის გადაწყვეტილება (იხ. წინა პარაგრაფი). სხვა საკითხებთან ერთად, ის უჩიოდა პოლიციის მხრიდან არაეფექტურ რეაგირებას გარდაცვლილი მეუღლის სიცოცხლისთვის შექმნილ გარდაუვალ რისკთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ის ჩიოდა გამოძიების არაეფექტურობაზე, რადგან გამოძიება, სავარაუდოდ, კონცენტრირებული იყო მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ნიშნების არარსებობაზე, ამცირებდა რა ამავდროულად ბრალდების შესაბამისობას ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით. მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ პროკურატურა ეყრდნობოდა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.

28 . მომჩივნის საჩივარი უარყოფილი იქნა 2016 წლის 22 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა, რომ დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს მხოლოდ დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მქონე პირმა (იხ. პარაგრაფი  30 ქვემოთ) მაშინ, როდესაც მომჩივანს აქვს მოწმის სტატუსი.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და სხვა მასალა

29 . 1999 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, იმ დროს მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა, რომ „თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“

30 .  2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 2013 წლის 5 ივლისიდან 2014 წლის 24 ივლისამდე პერიოდში მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა პროკურორის მიერ საკუთარი ინიციატივით დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მინიჭებას. ამ დებულების 2014 წლის 24 ივლისს მიღებული შესწორების შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს პროკურორმა თავისი ინიციატივით ან შესაბამისი პირის მოთხოვნით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილი ითვალისწინებს, რომ გამოძიების შეწყვეტის დადგენილება შეიძლება გაასაჩივროს დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მქონე პირმა შესაბამისი პროკურორის იერარქიულად ზემდგომ პროკურორთან.

31 .  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ითვალისწინებდა, რომ მთავარ პროკურორს (ან ამ უკანასკნელის მიერ დანიშნულ პირს) უფლება აქვს ჩამოართვას ერთ საგამოძიებო ორგანოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარების თაობაზე და გადასცეს ის სხვა ასეთ ორგანოს, საჭიროებისამებრ, მიუხედავად იურისდიქციული კომპეტენციისა. იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისს ბრძანება N34 (რომელიც შესაბამის დროს იყო ძალაში), განმარტავდა სისხლის სამართლის საქმეებში საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ის ითვალისწინებდა, რომ დანაშაულის გამოძიება, რომელიც შესაძლოა ჩადენილი იყო, მათ შორის, პოლიციელის მიერ, უნდა დაევალოს პროკურორს.

32 .  წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) საქართველოში 2014 წლის 1-დან 14 დეკემბრამდე ვიზიტის ამსახველ ანგარიშში მითითებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული წარდგინებები დაუსჯელობის პრობლემის შესახებ ცუდი მოპყრობის ბრალდებების გამოძიების კონტექსტში. ამ უკანასკნელმა გამოთქვა შეშფოთება გამოძიებების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, როგორც „მთავარი სისტემური საკითხი ..., რომ, მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად, პროკურატურა კომპეტენტურია, გამოიძიოს ნებისმიერი ბრალდება/საჩივარი/მინიშნება ძალოვანი მაღალჩინოსნების მხრიდან ცუდი მოპყრობის შესახებ, პრაქტიკაში თავდაპირველ გამოკითხვებსა და საგამოძიებო მოქმედებებს თითქმის ყოველთვის ახორციელებენ შესაბამისი სამინისტროების საგამოძიებო დეპარტამენტების თანამშრომლები“.

სამართალი

I.   კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა

33 .  კონვენციის მე-2 მუხლზე დაყრდნობით, მომჩივანმა განაცხადა, მის დაკვირვებებში სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვების პასუხად, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეძლეს მისი ქმრის თვითმკვლელობის აღკვეთა და რომ არ ჩატარებულა თვითმკვლელობის ეფექტური გამოძიება, რომელიც მოხდა მისი ქმრის მოწმის სახით პოლიციის მიერ დაკითხვის მომდევნო დღეს, საქმეზე, რომელიც მეგობარს უკავშირდებოდა. მე-2 მუხლის შესაბამისი ნაწილი შემდეგნაირად იკითხება:

„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა ...“

A.  სავარაუდო არაეფექტური გამოძიება

1. მისაღებობა

34 .  სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის მისაღებად უნდა გამოცხადდეს.

2. საქმის არსებითი მხარე

(a) მხარეთა წარდგინებები

35 .  მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლის თვითმკვლელობის საქმის სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტური იყო კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის მნიშვნელობის ფარგლებში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, სხვა საკითხებთან ერთად, რომ სისხლის სამართლის გამოძიების განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ (იგივე სამინისტრო, რომელსაც მიეკუთვნებოდა პოლიცია), თუნდაც შეზღუდული პერიოდის განმავლობაში, არღვევდა მის დამოუკიდებლობას და რომ გამოძიებამ არ განიხილა საკითხი, განხორციელდა თუ არა რაიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა მის მეუღლეზე დაკითხვისას.

36 . მთავრობამ განაცხადა, რომ მ.მ.-ის თვითმკვლელობის სისხლის სამართლის გამოძიება იყო ეფექტური. კერძოდ, (a) ის დაიწყო დაუყოვნებლივ; (b) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იერარქიულად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი იყო პოლიციისგან, რადგან ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ (მთავრობის თანახმად, 2013 წელს სამინისტროს რამდენიმე თანამდებობის პირი, მათ შორის, მინისტრის მოადგილე, ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე იქნა პასუხისგებაში მიცემული); და (c) გამოძიებამ შეაფასა ყველა შესაბამისი მტკიცებულება ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა არსებობდეს კავშირი მ.მ-ის დაკითხვასა და მის შემდგომ თვითმკვლელობას შორის და ასეთი კავშირის ვერანაირი ნიშანი ვერ აღმოაჩინა და შედეგად დაასკვნა, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

(b)  სასამართლოს შეფასება

37 .  შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეებში „Nicolae Virgiliu Tănase v. Romania“ ([GC], no. 41720/13, §§ 157-71, 2019 წლის 25 ივნისი) და „Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey“ ([GC], no. 24014/05, §§ 169‑82, 2015 წლის 14 აპრილი).

38 .  წინამდებარე საქმეში, მომჩივნის ქმარმა თავი მოიკლა იმ ვითარებაში, როდესაც ის იმყოფებოდა შესაბამისი ორგანოების ზედამხედველობის ან/და კონტროლის მიღმა (შედარებისთვის იხილეთ საქმე „Salman v. Turkey“ [GC], no. 21986/93, § 99, ECHR 2000‑VII და საქმე „Keenan v. the United Kingdom“, no. 27229/95, § 91, ECHR 2001‑III). თუმცა, ორ მოვლენას შორის სავარაუდო მიზეზობრივი კავშირის გათვალისწინებით – მომჩივნის ქმრის მოწმის სახით დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში და მისი თვითმკვლელობა მომდევნო დღეს – ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით, მომჩივნის საჩივრების გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ), ხელისუფლების ორგანოები ვალდებული იყვნენ განეხილათ ეს თვითმკვლელობა, როგორც საეჭვო გარემოებებში ჩადენილი თვითმკვლელობა (იხ. Mustafa Tunç and Fecire Tunç-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 171, და საქმე „Vasîlca v. the Republic of Moldova“, no. 69527/10, § 28, 2014 წლის 11 თებერვალი). ამდენად, პროცედურული ვალდებულება წარმოიქმნა ამ დროისთვის კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, რომ ჩატარებულიყო გარემოებების ეფექტური გამოძიება.

39 .  სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ და საკუთარი ინიციატივით (იხ. პარაგრაფი 11 ზემოთ). ასევე მართალია, რომ ჩატარდა არაერთი შესაბამისი და დროული საგამოძიებო ღონისძიება (იხ. პარაგრაფები 12-19 ზემოთ).

40 .  თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო კავშირი მომჩივნის ქმრის თვითმკვლელობასა და ერთი დღით ადრე პოლიციაში მის დაკითხვას შორის აშკარა იყო, სულ მცირე, იმ მომენტიდან, როდესაც მომჩივანმა ოფიციალური ჩვენება მისცა გამომძიებელს (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ) – და მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოეძიებინა პროკურატურას (იხ. პარაგრაფი 31 ზემოთ) – პროკურორმა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაავალა (სამინისტრო, რომელიც იმ დროს პოლიციას ხელმძღვანელობდა – იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ). მხოლოდ ორი თვის შემდეგ გადაიბარა გამოძიება პროკურატურამ – უფრო ზუსტად, როგორც ჩანს, მომჩივნის ადრინდელი წარდგინების საფუძველზე, რომელიც აკავშირებდა მ.მ.-ის დაკითხვასა და მის შემდგომ თვითმკვლელობას (იხ. პარაგრაფი 20 ზემოთ). სასამართლო იმეორებს, რომ მე-2 მუხლი არ მოითხოვს, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები და ორგანოები სარგებლობდნენ აბსოლუტური დამოუკიდებლობით, არამედ, რომ ისინი საკმარისად დამოუკიდებელი იყვნენ იმ პირებისა და სტრუქტურებისგან, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხიც შესაძლებელია, რომ დადგეს (იხ. Mustafa Tunç and Fecire Tunç-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 223). ამავე დროს, ის ასევე აღნიშნავს, რომ ინსტიტუციურად თუ არა იერარქიულად მაინც, პოლიციასთან დაკავშირებული ორგანოს გამომძიებლებმა განახორციელეს არაერთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის, პოლიციელების დაკითხვა, რომლებიც მონაწილეობდნენ გასაჩივრებულ მოვლენებში.

41 .  გამოძიების დამოუკიდებლობის ხარისხის ადეკვატურობა ფასდება ყველა შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით, რომელიც აუცილებლად სპეციფიკურია თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით (იხ. Mustafa Tunç and Fecire Tunç-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 222-23). ამასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს მთავრობის განცხადებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დამოუკიდებლობა გამოვლინდა იმ ფაქტით, რომ 2013 წელს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოიწვია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა სასამართლო დევნა. (იხ. პარაგრაფი 36 ზევით). გარდა ამისა, და ნებისმიერ შემთხვევაში, შემდგომში გამოძიება დაევალა პროკურატურას და ხელახლა ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიება, გენერალური ინსპექციის ჩატარებულ სისხლის სამართლის გამოძიებაში სავარაუდო ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობით (იხ. პარაგრაფები  13 - 14 , 16 და 20 - 23 ზემოთ; შედარებისთვის იხილეთ საქმე „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, no. 18996/06, §§ 87-88, 2012 წლის 9 ოქტომბერი). ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო უფრო იმას შეაფასებს, იყო თუ არა გამოძიება, რომელიც პროკურორმა ჩაატარა, საკმარისად ყოვლისმომცველი.

42 .  ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება დაიხურა იმ დასკვნის გამო, რომ დანაშაული არ იყო ჩადენილი. პროკურორმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები არ აჩვენებდა, რომ მომჩივნის ქმარზე განხორციელებული იყო რაიმე ზეწოლა პოლიციაში მისი დაკითხვის დროს. ეს დასკვნა ეყრდნობოდა, სხვა ელემენტებს შორის, გ.მ.-ის ჩვენებებს, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ის პირადად არ შესწრებია ცუდ მოპყრობას მომჩივნის ქმრის მიმართ (იხ. პარაგრაფი  26 ზემოთ). თუმცა, ზუსტად იმავე ჩვენებებში ასევე აღნიშნული იყო, რომ მომჩივნის ქმარი გაიყვანეს ოთახიდან დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში და რომ გ.მ.-მ არ იცოდა, თუ რა მოხდა ამ დროის განმავლობაში (და ეს მისთვის ახლაც არ იყო ცნობილი – იხ. პარაგრაფები  12 და  17 ზემოთ). პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებლებმა აიღეს (იხ. პარაგრაფი  18 ზემოთ) და რომელიც პროკურორმა მიიღო შესაბამისი პირების ახლიდან დაკითხვის გარეშე, არ მიუთითებდა მკაფიოდ გ.მ.-ის მონათხრობის ამ ელემენტზე და არც გენერალურ ინსპექციას განუხილავს მეტად ეს საკითხი. გარდა ამისა, მომჩივნის მეზობლის მიერ პროკურორისთვის მიცემული ჩვენება, რომ მ.მ.-მ უთხრა მას, რომ მას (მ.მ.-ს) აცნობეს ზოგიერთი ფარული ჩანაწერის შესახებ (რამაც აიძულა ის, მიეცა გ.მ.-ის წინააღმდეგ ჩვენება – იხ. პარაგრაფი  21 ზემოთ), არ ყოფილა გამოძიებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კვლავ მიუთითებს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებაზე, რომ სერიოზული მცდელობა განახორციელონ მომხდარის დასადგენად, მათ შორის, გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულების დასაცავად (იხ., სხვა წყაროთა შორის, ციტირებული ზემოთ § 174 და საქმე „Kulyk v. Ukraine“, no.  30760/06, § 100, 2016 წლის 23 ივნისი).

43 .  ასეთ გარემოებებში სისხლის სამართლის გამოძიებამ უპასუხოდ დატოვა პოტენციურად გადამწყვეტი კითხვები, კერძოდ, მართლაც გადაიყვანეს ცალკე ოთახში თუ არა მ.მ. და თუ ასეა, რა მოხდა იქ. გარდა ამისა, გამოძიების ყველაზე შესამჩნევი ხარვეზი იყო ის ფაქტი, რომ მასში არ გამოთქმულა რაიმე ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩაიდინა თვითმკვლელობა პოლიციასთან შეხვედრის შემდეგ წინასწარი სუიციდური განზრახვის არმქონე პირმა (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ), რომელსაც არ ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები ან რაიმე სხვა აშკარა პრობლემა  (იხ., შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, საქმე „Sergey Shevchenko v. Ukraine“, no. 32478/02, § 69, 2006 წლის 4 აპრილი).

44 .  ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ მომჩივნის ქმრის თვითმკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევა არ იყო ყოვლისმომცველი, რამაც შეარყია სისხლის სამართლის გამოძიების საერთო ეფექტურობა.

45 .  სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიება დაიწყო 2013 წლის 6 ივლისს და დაიხურა 2016 წლის 25 მარტს – ორ წელსა და რვა თვეზე ოდნავ მეტი დროის პერიოდი. თუმცა, არანაირი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე. მთავრობას არ გაუკეთებია რაიმე განმარტება ამ აშკარა უმოქმედობის პერიოდთან დაკავშირებით.

46 .  დაბოლოს, თუმცა მომჩივანს ერთ შემთხვევაში მიეცა შესაძლებლობა, გასცნობოდა საგამოძიებო მასალას (იხ.პარაგრაფი 24 ზემოთ) და ის პირდაპირ არ ჩიოდა სასამართლოში, რომ მას არ შეეძლო საქმისწარმოებაში ეფექტურად მონაწილეობის მიღება, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ მას დაზარალებულის პროცედურული სტატუსის არმინიჭების გამო, არ შეეძლო, გაესაჩივრებინა პროკურატურის გადაწყვეტილება(იხ. პარაგრაფები 27-28 და 30 ზემოთ). შესაბამისად, გამოძიებამ საკმარისად ვერ უზრუნველყო მ.მ.-ის უახლოესი ნათესავის კანონიერი ინტერესების დაცვა (იხ. საქმე „Mikayil Mammadov v. Azerbaijan“, no. 4762/05, 2009 წლის 17 დეკემბერი, § 132; შედარებისთვის იხილეთ ზემოთ ციტირებული საქმეები „Mustafa Tunç and Fecire Tunç“, §§ 214-15 და „Nicolae Virgiliu Tănase“, § 181).

47 .  ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ორგანოებმა ვერ განახორციელეს ეფექტური გამოძიება მომჩივნის ქმრის თვითმკვლელობის ფაქტზე.

ამრიგად, დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი.

B. საჩივრის დანარჩენი ნაწილი

48 .  რაც შეეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სავარაუდო წარუმატებლობას, აღეკვეთათ მ.მ.-ის თვითმკვლელობა, ეს საკითხი სასამართლომ საკუთარი ინიციატივით წამოჭრა. სასამართლო, მის ხელთ არსებული ყველა მასალის ფონზე და რამდენადაც ეს საკითხი მისი კომპეტენციის ფარგლებშია, ადგენს, რომ არ ვლინდება კონვენციაში ან მის ოქმებში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რაიმე ნიშანი.

49 .  აქედან გამომდინარეობს, რომ საჩივრის ეს ნაწილი უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

II.   კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

50 .  კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისიწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

A.  ზიანი

51 .  მომჩივანმა მოითხოვა 25 000 ევრო მორალურ ზიანთან დაკავშირებით.

52 .  მთავრობამ განაცხადა, რომ აღნიშნული მოთხოვნა გადაჭარბებული იყო.

53 .  შეაფასა რა სამართლიან საფუძველზე, სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა 3 000 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი გადასახადის დამატებით, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს.

B. ხარჯები და დანახარჯები

54 .  მომჩივანს არ წარუდგენია მოთხოვნა ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით.

55 .  შესაბამისად, სასამართლო არ ანიჭებს რაიმე ანაზღაურებას ამ პუნქტის მიხედვით.

C. საურავი

56 .  სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი საპროცენტო პუნქტი.

ამ მოტივით სასამართლო

1. ერთსულოვნად აცხადებს მისაღებად საჩივარს კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, რომელიც ეხება მომჩივნის ქმრის თვითმკვლელობის სავარაუდო არაეფექტურ გამოძიებას, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს მიუღებლად;

2. ადგენს , ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას;

3.  ადგენს ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ,

(a) რომ კონვენციის 44‑ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს 3 000 ევრო (სამი ათასი ევრო), რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით:

(b) რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე, ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;

4. ერთსულოვნად უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2022 წლის 20 იანვარს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

  ვიქტორ სოლოვეიტჩიკი                                      სიოფრა ო’ლირი
სექციის გნმწესრიგებელი                                       თავმჯდომარე

 

კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლეების ო’ლირისა და ბარდსენის განსაკუთრებული აზრი.

S.O.L.
V.S.

მოსამართლეების ო’ლირისა და ბარდსენის განსხვავებული აზრი

1.  ვუდასტურებთ ჩვენს პატივისცემას, თუმცა არ ვეთანხმებით ჩვენს კოლეგებს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას. არ არსებობს რეალური შეუთანხმებლობა შესაბამის ზოგად პრინციპებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ ხელისუფლების ორგანოები იყვნენ ვალდებული, რომ ჩაეტარებინათ მომჩივნის მეუღლის, მ.მ.-ის, გარდაცვალების გარემოებების ეფექტური გამოძიება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პარაგრაფები 38-38). თუმცა, ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვაქვს გამოძიების ეფექტურობის კონკრეტულ შეფასებასთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რას მოითხოვს ეს პრინციპები პრაქტიკაში ეროვნული ორგანოებისგან მოცემული საქმის მსგავს შემთხვევაში.

2 .  მომჩივნის ქმრის თვითმკვლელობის გამოძიება დაიხურა პროკურორის დასკვნის გამო, რომ არ იყო ჩადენილი რაიმე დანაშაული. შეფასების დროს, შეესაბამებოდა თუ არა ეს დასკვნა და გამოძიება, რომელმაც ამ დასკვნამდე მიგვიყვანა, კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ მოთხოვნებს, ჩვენ ვიხსენებთ, რომ ეს მოთხოვნები მოქმედების ვალდებულებაა და არა შედეგებისა. შესაბამისად, გამოძიების დახურვა, მ.მ.-ის თვითმკვლელობის ნამდვილ მიზეზთან დაკავშირებით ბრალის წაყენების, გარკვეული პოტენციურად გადამწყვეტი კითხვების პასუხის გაცემისა და ყოველგვარი დასკვნის გამოტანის გარეშე, არ არის განმსაზღვრელი (შედარებისთვის იხილეთ, ამ გადაწყვეტილების 43-ე პარაგრაფი). საკითხავი ის არის, მიიღეს თუ არა ხელისუფლების ორგანოებმა გონივრული ზომები, რომლებიც მათ მისცემდა შესაძლებლობას, უზრუნველეყოთ მტკიცებულები, ეფუძნებოდა თუ არა მათი დასკვნები ყველა შესაბამისი ელემენტის სრულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს და მეტიც, დაიცვეს თუ არა გამოძიების ყველა მკაფიო ხაზი (საქმე „Mustafa Tunç and Fecire Tunç“, ციტირებული ზემოთ, §§ 173-81). ჩვენ ასევე ვიხსენებთ, რომ ნებისმიერი გამოძიების ეფექტურობა უნდა შეფასდეს პრაქტიკული რეალობების და საგამოძიებო სამუშაოების შეზღუდვის სათანადო გათვალისწინებით და სუბსიდიარობის პრინციპების შესაბამისად.

3 .  პირველ რიგში, აღვნიშნავთ – ფაქტობრივად უმრავლესობასთან თანხმობით – რომ ინსტიტუციური კავშირი პოლიციასა, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შორის, რომელიც პასუხისმგებელი იყო გამოძიების პირველი ორი თვის განმავლობაში, თავისთავად არ გულისხმობდა იმას, რომ გამოძიების საწყისი სახე არ იყო საკმარისად დამოუკიდებელი (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-40 და 41-ე პარაგრაფი). საქმის ეს ასპექტი მნიშვნელოვანია, რადგან ის ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების გადაცემა პროკურატურისთვის, მინისტრის ახლახან მიღებული ბრძანების შესაბამისად, სამწუხაროდ, გარკვეულწილად დაგვიანდა, ხოლო გადაცემამდე გატარებული საგამოძიებო ღონისძიებებიდან ავტომატურად ძალადაკარგულად არ გამოცხადებულა ყველა, დამოუკიდებლობის არარსებობის მოტივით. უფრო მეტიც, გამოძიება მართლაც მოვალეობისამებრ დაიწყო თვითმკვლელობის დღესვე და მთელი რიგი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა 2014 წლის 11 ნოემბრამდე, როდესაც მომჩივანს და მის ადვოკატს ასევე მიეცათ წვდომა საქმის მასალებზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პარაგრაფები 11-25).

4 . მეორე, ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ შემდგომი გამოძიების ეფექტურობის და გამოძიების დახურვის შესახებ მისი გადაწყვეტილების საფუძვლის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის ფაქტი, რომ, რაც მთავარია, მომჩივანმა თავად შეცვალა თავისი ჩვენება – რომელიც წარმოადგენდა პოლიციის წინააღმდეგ მისი თავდაპირველი ბრალდებების საფუძველს – სისხლის სამართლის საქმისწარმოებისას. მისი ჩვენებები ეხებოდა გამოძიების საგნის ძირითად კითხვებს, კერძოდ, არსებობდა თუ არა მტკიცებულება იმისა, რომ მ.მ.-მ სხვებს უამბო პოლიციის დაწესებულებაში სავარაუდო ცუდი მოპყრობის შესახებ. 2013 წლის 8 ივლისს თავის პირველ ჩვენებაში მომჩივანმა განუმარტა პოლიციის გამომძიებელს, რომ მისმა ქმარმა თავად უთხრა მას, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებმა, რათა ეიძულებინათ ის, მიეცა მისი მეგობრის, გ.მ.-ს, მაინკრიმინირებელი ჩვენება. 2013 წლის 25 ოქტომბრის შემდგომ ჩვენებაში, რომელიც მომჩივანმა მისცა პროკურორს ადვოკატის თანდასწრებით, მან განმარტა, რომ მის ქმარს არ უთქვამს ასეთი ცუდი მოპყრობის შესახებ და რომ მან მხოლოდ ქმრის კოლეგებისგან შეიტყო მისი ქმრის მიმართ ფიზიკური ცუდი მოპყრობის შესახებ (იხ.წინამდებარე გადაწყვეტილების მე-13 პარაგრაფი).

5 . მესამე, 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაში გამოძიების დახურვის შესახებ, პროკურორმა აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებდა, რომ მ.მ.-ზე განხორციელდა რაიმე უკანონო ან გადაჭარბებული ზეწოლა პოლიციის მხრიდან 2013 წლის 5 ივლისს მოწმის სახით მისი დაკითხვისას, ერთი დღით ადრე მის თვითმკვლელობამდე. ეს დასკვნა, სხვა მრავალ ელემენტთან ერთად, ეყრდნობოდა გ.მ.-ის ჩვენებებს, რომლებიც მიუთითებდა იმაზე, რომ ის არ ყოფილა მომჩივნის ქმრის მიმართ განხორციელებული ცუდი მოპყრობის მოწმე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 26-ე პარაგრაფი). მართალია, რომ გ.მ.-მ ასევე განაცხადა, რომ მ.მ., იმყოფებოდა რა პოლიციის დაწესებულებაში თვითმკვლელობის წინა საღამოს, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაიყვანეს ღია მოწყობის სამუშაო სივრცეში, სადაც მისი დაკითხვა დაიწყო. თუმცა, გ.მ.-მ არ იცოდა, თუ რა მოხდა ამ დროის განმავლობაში და არ უნახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ მ.მ.-ის მიმართ განხორციელდა ცუდი მოპყრობა (იხ. გადაწყვეტილების მე-12 და მე-17 პარაგრაფი), კერძო და სახელმწიფო სასამართლო ექსპერტიზის შედეგებით დადასტურებული ფაქტი. პირიქით, პასუხისმგებელმა პოლიციელებმა სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებლებს განუმარტეს, რომ მ.მ. პოლიციის დაწესებულებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა ღია მოწყობის სამუშაო სივრცეში (იხ. გადაწყვეტილების მე-18 პარაგრაფი). ჩვენ გვახსოვს, რომ ეს პოლიციელები არ დაუკითხავთ მას შემდეგ, რაც პროკურორმა გადაიბარა გამოძიება. მაგრამ, საქმის მასალებში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ არსებობდა რეალური ნიშნები, რომ პოლიციელების ხელახალი გამოკითხვა წამოწევდა გამოძიებისთვის რაიმე ახალს და მნიშვნელოვანს ან რომ გამოძიება სხვაგვარად ვერ შეძლებდა გაჰყოლოდა გამოკითხვის აშკარა ხაზს, რომელიც გადამწყვეტად გამოუთხრიდა ძირს საქმის გარემოებების დადგენის მის უნარს.

6 . მეოთხე, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ გამოძიება დაიწყო 2013 წლის 6 ივლისს და დაიხურა 2016 წლის 25 მარტს – ორ წელსა და რვა თვეზე ოდნავ მეტი დროის პერიოდი. ეს პერიოდი, თავისთავად და ამ კონკრეტული შემთხვევის კონტექსტში, არ წარმოადგენს პრობლემას მე-2 მუხლის შესაბამისად, თუმცა, დასანანია წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში არსებული უძრაობა.

7 . დაბოლოს, თუმცა მომჩივანს დაზარალებულის პროცედურული სტატუსის არქონის გამო,  არ შეეძლო პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 27-ე და 28-ე პარაგრაფები), არ ჩანს, რომ მას ოდესმე მიემართა ასეთი სტატუსის მისაღებად, რაც მას შეეძლო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა, ერთ შემთხვევაში მას მიეცა საშუალება, გასცნობოდა საგამოძიებო მასალას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 24-ე პარაგრაფი), მაგრამ მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს პირდაპირი საჩივრით საქმისწარმოებაში მისი ეფექტური მონაწილეობის შეუძლებლობის გამო. შესაბამისად, გამოძიებას მარცხი არ განუცდია მ.მ.-ის უახლოესი ნათესავების კანონიერი ინტერესების დაცვის საკმარისი უზრუნველყოფის მხრივ (იხ. Mustafa Tunç and Fecire Tunç-ის საქმე, §§ 214-15 და საქმე „Nicolae Virgiliu Tănase v. Romania“, § 181).

8 . უმრავლესობის მიერ მითითებული, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ძირითადი მასალის გათვალისწინებით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 32-ე პარაგრაფი), ჩვენ, ჩვენი კოლეგების მსგავსად, მიგვაჩნია, რომ ამ ფონზე კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის შესაბამისად ბრალდებების გამოძიებისას საჭიროა დიდი სიფრთხილე. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ სასამართლოს მოეთხოვება მის წინაშე არსებული საქმის კონკრეტული შეფასება, ხოლო კონვენციის მოთხოვნა ეხება საშუალებას და არა შედეგს. ჩვენი როლი არ არის სისხლის სამართლის გამოძიების მიკრომართვა ან ჩვენი შეფასების ჩანაცვლება ეროვნული ორგანოების შეფასებით, თუ ჩვენს ხელთ არ არის საკმარისი ელემენტები, რომლებიც ამ მიმართულებით მიუთითებს. ზოგადი შეშფოთება დაუსჯელობის შესახებ, ან ვარაუდი იმის შესახებ, თუ რა ზეწოლა შეიძლება განეცადა გარდაცვლილს მეგობრის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიწოდებისას, არ არის საკმარისი მე-2 მუხლის დარღვევის დასადგენად, როდესაც საქმის მასალებში არსებული ელემენტები მიუთითებს პოლიციის სწრაფ რეაგირებასა და გამოკითხვის შესაბამისი ხაზების საკმარისად საფუძვლიან შესწავლაზე. არსებობს მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გადაწყვეტილების მე-11-26-ე პარაგრაფებში მითითებულ საგამოძიებო ზომებსა და უმრავლესობის გადაწყვეტილებაში მათ გამოყენებას შორის.

9 . ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავეთანხმებით ჩვენს კოლეგებს, რომ ეროვნული ორგანოების მიერ მომჩივნის ქმრის თვითმკვლელობის გარემოებების გამოკვლევა ვერ აკმაყოფილებდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩვენ ამ საქმეში დარღვევის გამოვლენის წინააღმდეგ მივეცით ხმა.