საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №57/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.05.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №57/ნ
2022 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) პირველად სტრუქტურულ ერთეულს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე. ზედამხედველი მინისტრის მოადგილე დეპარტამენტს უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელებაზე ზრუნვა;
ბ) უმაღლესი განათლების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება;
გ) სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების/რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას;
ე) სისტემის სრულყოფის მიზნით, უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება;
ვ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;
ზ) უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;
თ) საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლა/სწავლების განვითარების ხელშეწყობა და გამორჩეული ხარისხის აკადემიური პროგრამების მხარდაჭერა;
ი) აკადემიური პერსონალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
კ) უმაღლესი განათლების მენეჯმენტის სისტემის სრულყოფა;
ლ) უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
მ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა;
ნ) საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;
ო) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების რეალიზაციის ხელშეწყობა;
პ) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
ჟ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;
რ) უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება;
ს) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება, სამინისტროს კომპეტენტურ სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ასევე შესაბამის საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;
ტ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით;
უ) საერთაშორისო დონორების, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერით უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
ფ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან საქმიანი თანამშრომლობა;
ქ) დეპარტამენტის კომპეტენციას განკუთვნილი მიზნობრივი პროგრამების მართვა;
ღ) საჭიროების შემთხვევაში სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
ყ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უმაღლესი განათლების სამმართველო;
ბ) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველო.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოხელეები.
2. დეპარტამენტში დამხმარე და არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების მიზანშეწონილობის შესახებ;
ე) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) ხელს აწერს და ავიზებს დეპარტამენტში და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
თ) წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე, მათი მოთხოვნით – ნებისმიერ დროს;
ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებას;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს.
6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და მინისტრის პირველი მოადგილის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) განიხილავს დროებითი შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი პირების ყოველთვიურ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებას;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 11🔗
1. უმაღლესი განათლების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სისტემის სრულყოფის მიზნით უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება;
ბ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მობილურობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;
გ) უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება;
დ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ასევე შესაბამის საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;
ე) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი, ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
2. უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 12🔗
1. სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების მომზადება;
ბ) სტუდენტთა წახალისების მიზნით შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
გ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;
დ) სტუდენტთა სწავლის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ვ) ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების პროცესების ადმინისტრირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება.
2. სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს საჯარო მოსამსახურებს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვთ უფლებამოსილება პროგრამების ადმინისტრირების პროცესში დაამუშაონ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაცული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.