აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №1-1/207
2022 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-39) წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის კმ 2 (1+400)-ზე არსებულ არხზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი).
აღნიშნული პროექტის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „სახარიას“ შორის 2020 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. №127-20 ხელშეკრულების (NAT200010834) საფუძველზე.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზა მდებარეობს კახეთის რეგიონში. საავტომობილო გზა გადის სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში და ერთმანეთთან აკავშირებს მუნიციპალიტეტებს და მათ სოფლებს. გარდა ამისა, საავტომობილო გზა მუნიციპალიტეტებს აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზასთან. საავტომობილო გზა იწყება სოფელ წნორიდან და მთავრდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში. აღნიშნული სოფელი მდებარეობს საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვართან, რაც საავტომობილო გზის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. საპროექტო გზის ძირითადი ნაწილი გადის დაუსახლებელ ტერიტორიაზე, იგი უშუალოდ გაივლის ექვს დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის ხუთ სოფელსა და ერთ ქალაქზე. საავტომობილო გზა მე-2 კმ (1+400)-ზე კვეთს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხს. არხი ემსახურება თელავის, სიღნაღის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიწებს (საერთო ჯამში 35 ათასი ჰექტარი). არსებული ხიდის ფარგლებში არხის სიმაღლე 2.2 მეტრიდან 2.5 მეტრამდე მერყეობს. არსებული სახიდე გადასასვლელი წარმოადგენს რკინაბეტონის ხიდს. ხიდის საერთო სიგრძე შეადგენს 19.5 მეტრს და იგი აგებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში, ხოლო ხიდზე გაგანიერების სამუშაოები ჩატარდა გასული საუკუნის 80-იან წლებში. მალის ნაშენის განივი კვეთი შედგენილია რკინაბეტონის ანაკრები და მონოლითური ფილებისაგან. არსებული ბურჯები მასიური მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელიც უშუალოდ არხში არის მოწყობილი. არსებულ ხიდზე შესრულდა გამოკვლევა, რომლის შედეგების მიხედვით გამოვლინდა მთელი რიგი დეფექტები/დაზიანებები და დღევანდელი მონაცემებით სახიდე გადასასვლელის მალის ნაშენის მზიდუნარიანობა ვერ აკმაყოფილებს მოქმედი ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, საჭირო გახდა არსებული ხიდის დემონტაჟი და არსებულ ღერძზე ახალი ხიდის აშენება. ხიდთან მისასვლელები დაპროექტებულია ორზოლიანი მოძრაობისთვის. მიღებული გზის სამოძრაო ზოლის სიგანე შეადგენს 3.5 მ-ს ორი ზოლის შემთხვევაში სავალი ნაწილის სიგანეა დაახლოებით 7 მ. სავალი ნაწილის ორივე მხარეს გათვალისწინებულია დაახლოებით ერთმეტრიანი სიგანის გვერდულების მოწყობა. გზის საპროექტო მონაკვეთის ვაკისის მთლიანი სიგანე შეადგენს დაახლოებით 9 მ-ს. ხიდთან მისასვლელი გზების ჯამური სიგრძეა დაახლოებით 215 მეტრი.
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული ბელა ნარინდოშვილის (პ/ნ: №40001035894), ლელა ნარინდოშვილის (პ/ნ: №40001032773), ჟუჟუნა ნარინდოშვილის (პ/ნ: №14001005848), ლეილა ნარინდოშვილის (პ/ნ: №40001032763) და ბორის ნარინდოშვილის (პ/ნ №40001032762) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (№ №56.06.51.344) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-39) წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის კმ 2 (1+400)-ზე არსებულ არხზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მდებარე 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ №56.06.51.344) თანამესაკუთრეები არიან: ბელა ნარინდოშვილი (პ/ნ: №40001035894), ლელა ნარინდოშვილი (პ/ნ: №40001032773), ჟუჟუნა ნარინდოშვილი (პ/ნ: №14001005848), ლეილა ნარინდოშვილი (პ/ნ: №40001032763) და ბორის ნარინდოშვილი (პ/ნ: №40001032762).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ბელა ნარინდოშვილის, ლელა ნარინდოშვილის, ჟუჟუნა ნარინდოშვილის, ლეილა ნარინდოშვილის და ბორის ნარინდოშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 46 კვ.მ ოდენობით (ს/კ №56.06.51.344).
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 3 მაისის №3 ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-39) წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის კმ 2 (1+400)-ზე არსებულ არხზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯუგაანში მდებარე ბელა ნარინდოშვილის (პ/ნ: №40001035894), ლელა ნარინდოშვილის (პ/ნ: №40001032773), ჟუჟუნა ნარინდოშვილის (პ/ნ: №14001005848), ლეილა ნარინდოშვილის (პ/ნ: №40001032763) და ბორის ნარინდოშვილის (პ/ნ: №40001032762) თანასაკუთრებაში არსებულ 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 46 კვ.მ-ზე (ს/კ №56.06.51.344).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი ლევან დავითაშვილი.