„სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.05.2022
ძალის დაკარგვა 30.12.2025
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 420000000.54.066.016260
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე | სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენის და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 29.12.2025
დოკუმენტის ტექსტი
„სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№111
2022 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო აეროდრომის რაიონის დადგენისა და ამ რაიონში
ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესის“
დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის 91 და 41-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სამოქალაქო აეროდრომის რაიონის დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესი“.
მუხლი 2🔗
სერტიფიცირებულმა სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტებმა 2022 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყონ, ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით, აეროდრომის დაბრკოლებებისაგან შემზღუდავი ზედაპირებით შემოფარგლული რაიონის გრაფიკული ნახაზის (რუკის) შემუშავება და სააგენტოში წარმოდგენა დასამტკიცებლად.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
სამოქალაქო აეროდრომის რაიონის დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. წესის მიზანია აეროდრომის რაიონის განსაზღვრის და აეროდრომის რაიონში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის შეთანხმების მოთხოვნების დადგენა.
2. წესი ვრცელდება სერტიფიცირებული აეროდრომის ექსპლუატანტზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აეროდრომის რაიონი – აეროდრომის და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე, ამ წესის შესაბამისად, სააგენტოს მიერ დადგენილი საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც მოქმედებს შენობა-ნაგებობების სიმაღლის შეზღუდვის რეჟიმი;
ბ) დაბრკოლება – ყველა უძრავი ან/და მოძრავი ობიექტი ან მათი ნაწილი, რომელიც განლაგებულია აეროდრომის სამიმოსვლო არეში (სამუშაო მოედანზე), კვეთს აეროდრომის რაიონის ზედაპირს ან მდებარეობს ამ ზედაპირის მიღმა და, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს საფრთხეს ჰაერნაოსნობისათვის;
გ) კოდური აღნიშვნა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ორი ელემენტისაგან შემდგარი, აეროდრომის ციფრულ – ასოითი აღნიშვნა, რომელიც განისაზღვრება ამ აეროდრომზე საექსპლუატაციო საჰაერო ხომალდის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლებით და ზომებით;
დ) ნიშანდება – დაბრკოლების მოსანიშნად დატანილი მარკირება და/ან შუქშემოღობვა;
ე) შემაღლება – ობიექტის ან წერტილის შემაღლება ზღვის საშუალო ზონიდან;
ვ) სიმაღლე – ობიექტის ან წერტილის შემაღლება მიწის დონიდან;
ზ) შენობა-ნაგებობა – საქართველოს კანონმდებლობით განმარტებული შენობა ან/და ნაგებობა.
მუხლი 3🔗.
აეროდრომის რაიონის დადგენა
1. სამოქალაქო აეროდრომის რაიონს ადგენს სააგენტო, აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
2. აეროდრომის ექსპლუატანტი სააგენტოში წარადგენს აეროდრომის რაიონის ნახაზს რუკის სახით (ამ წესის №2 დანართის შესაბამისად) და ანგარიშს, რომელშიც მოცემული უნდა იყოს აეროდრომის რაიონის თითოეული ზედაპირის აღწერა, ათვლის წერტილები (შემაღლებების მითითებით) და პარამეტრები.
3. აღუჭურველი და დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი აეროდრომებისთვის უნდა დადგინდეს აეროდრომის რაიონის შემდეგი შემზღუდველი ზედაპირები:
ა) დასაფრენად შესვლის ზედაპირი;
ბ) აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირი;
გ) გარდამავალი ზედაპირი;
დ) შიდაჰორიზონტალური ზედაპირი;
ე) კონუსური ზედაპირი.
4. დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი აეროდრომისთვის უნდა დადგინდეს აეროდრომის რაიონის შემდეგი შემზღუდველი ზედაპირები:
ა) დასაფრენად შესვლის ზედაპირი;
ბ) აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირი;
გ) დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირი;
დ) გარდამავალი ზედაპირი;
ე) შიდა გარდამავალი ზედაპირი;
ვ) შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირი;
ზ) შიდაჰორიზონტალური ზედაპირი;
თ) კონუსური ზედაპირი.
5. აეროდრომის რაიონის შემზღუდველი ზედაპირების შემაღლების ათვლა უნდა განხორციელდეს:
ა) დასაფრენად შესვლის ზედაპირის და დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირისთვის – ზღურბლის შუა წერტილის შემაღლებიდან;
ბ) აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირისთვის – ადზ-ის ბოლოს და შიდა საზღვარს შორის არსებული უმაღლესი წერტილის შემაღლებიდან, ხოლო დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის არსებობის შემთხვევაში, დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის მიწის ზედაპირის უმაღლესი წერტილის შემაღლებიდან;
გ) გარდამავალი ზედაპირის ქვედა საზღვრისთვის:
გ.ა) დასაფრენად შესვლის ზედაპირის გვერდითი საზღვრის გასწვრივ – დასაფრენად შესვლის ზედაპირის შემაღლებიდან;
გ.ბ) საფრენი ზოლის გასწვრივ – ადზ-ის ღერძულა ხაზზე ან მის გაგრძელებაზე მდებარე უახლოესი წერტილის შემაღლებიდან.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარდამავალი ზედაპირი იმეორებს ადზ-ის გრძივ პროფილს (საფრენი ზოლის გასწვრივ იქნება მრუდხაზოვანი, თუ ადზ-ს გააჩნია მრუდხაზოვანი პროფილი, ხოლო სწორხაზოვანი, თუ ადზ-ს გააჩნია სწორხაზოვანი პროფილი). გარდამავალი ზედაპირის გადაკვეთა შიდაჰორიზონტალურ ზედაპირთან იქნება მრუდხაზოვანი ან სწორხაზოვანი, ადზ-ის გრძივი პროფილის გათვალისწინებით.
დ) შიდა გარდამავალი ზედაპირის ქვედა საზღვრისთვის:
დ.ა) დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირის და მეორე წრეზე წასვლის ზედაპირის გვერდითა საზღვრის გასწვრივ – კონკრეტული ზედაპირის შემაღლებიდან;
დ.ბ) საფრენი ზოლის გასწვრივ – ადზ-ის ღერძულა ხაზის ან მისი გაგრძელების უახლოესი წერტილის შემაღლებიდან.
შენიშვნა: შიდა გარდამავალი ზედაპირი საფრენი ზოლის გასწვრივ იმეორებს ადზ-ის გრძივ პროფილს და მისი მიერთება შიდა ჰორიზონტალურ ზედაპირთან იქნება მრუდხაზოვანი ან სწორხაზოვანი, ადზ-ის გრძივი პროფილის შესაბამისად.
ე) შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირისთვის – შიდა საზღვრის განთავსების ადგილზე, ადზ-ს ღერძულა ხაზის შემაღლებიდან;
ვ) შიდაჰორიზონტალური ზედაპირისთვის – ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ღერძულა ხაზის უმაღლესი წერტილის შემაღლებიდან.
შენიშვნა 1: შიდაჰორიზონტალური ზედაპირის ათვლის წერტილის განსაზღვრისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ICAO-ს ოფიციალური დოკუმენტის Doc 9137 მე-6 ნაწილის პუნქტი 1.2.3.4-ის მოთხოვნები;
შენიშვნა 2: 1 ან 2 კოდური აღნიშვნის მქონე აეროდრომისთვის შიდა ჰორიზონტალური ზედაპირის დიამეტრი იზომება ადზ-ის გეომეტრიული ცენტრიდან, ხოლო 3 და 4 კოდური აღნიშვნის მქონე აეროდრომისთვის – ადზ-ის ზღურბლებიდან.
ზ) კონუსური ზედაპირისთვის – შიდაჰორიზონტალური ზედაპირის შემაღლებიდან.
6. თუ აღუჭურველი ან არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი აეროდრომისთვის იგეგმება დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის შესაბამისი საშუალებებით აღჭურვა, მაშინ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი აეროდრომის რაიონის მიმართ წაყენებული მოთხოვნები.
7. იმ აეროდრომზე, რომელსაც გააჩნია ორი ან მეტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე აფრენისას სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის მონაკვეთებზე, სადაც რამოდენიმე ზედაპირი ფარავს ერთმანეთს, მოქმედებს იმ ზედაპირის შეზღუდვის რეჟიმი, რომელიც განთავსებულია უფრო დაბლა.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მოცემული ზედაპირების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის I ტომის („აეროდრომები“) მე-4 თავში.
მუხლი 4🔗.
შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის შეთანხმება
1. აეროდრომის რაიონში, აეროდრომის ექსპლუატანტთან შეთანხმებას ექვემდებარება შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ობიექტების სიმაღლე, განთავსება და გამოყენება.
2. შეთანხმების პროცესში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მშენებლობის-ნაგებობების განთავსების შეთანხმებაზე;
ბ) ასაშენებელი ობიექტის გეოგრაფიული კოორდინატები WGS-84 სისტემაში;
გ) ასაშენებელი ობიექტის მაქსიმალური სიმაღლე;
დ) ობიექტის სამშენებლო მოედნის შემაღლება საშუალო ზღვის დონიდან (MSL), EGM 96 სისტემაში;
ე) შენობა-ნაგებობის მშენებლობის პერიოდში გამოყენებული მოწყობილობების/ მექანიზმების სიმაღლეები და სამუშაო არეალი (სამშენებლო ამწე-მექანიზმი და სხვა);
ვ) სამშენებლო მოედანთან ახლოს მდებარე ყველაზე მაღალი ობიექტ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია (კოორდინატები და შემაღლება/სიმაღლე - შესაბამის ფორმატში), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) სქემატური ნახაზი, სიტუაციური გეგმა მასშტაბების მითითებით.
შენიშვნა: სიმაღლის შეთანხმების პროცესში, ობიექტის დასაშვები სიმაღლის დადგენის მიზნით, ექსპლუატანტის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია.
3. დასაფრენად შესვლის, აფრენისას სიმაღლის აღების და გარდამავალი ზედაპირებით შემოფარგლულ მონაკვეთზე დასაშვებია იმ შენობა-ნაგებობების განთავსება, რომელთა სიმაღლე კვეთს დადგენილ ზედაპირებს, მაგრამ მიწის დონიდან არ აღემატება 3 მეტრს.
4. შიდაჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირებით შემოფარგლულ მონაკვეთზე დასაშვებია იმ შენობა-ნაგებობების განთავსება, რომელთა სიმაღლე კვეთს დადგენილ ზედაპირებს, მაგრამ მიწის დონიდან არ აღემატება 15 მეტრს, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ობიექტი არ გადაკვეთს დასაფრენად შესვლის და აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირებს.
მუხლი 5🔗.
დაბრკოლებების შეზღუდვა
1. აეროდრომის რაიონში დაუშვებელია უძრავი ან მოძრავი ობიექტ(ებ)ის სიმაღლე აღემატებოდეს დადგენილ ზედაპირებს, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით და ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა.
2. აეროდრომის ექსპლუატანტის დადებითი შეფასების შემთხვევაში, დროებით განთავსებული ამწე-მექანიზმების სიმაღლე შეიძლება აღემატებოდეს აეროდრომის რაიონის დადგენილ ზედაპირებს, თუ მათ გააჩნიათ დღის ან/და ღამის ნიშანდება. ასეთ შემთხვევაში აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ხორციელდება გამოყენების პირობების დადგენა და შესაბამისი გაფრთხილების გამოცემა NOTAM-ის სახით.
3. დაგეგმილი შენობა-ნაგებობის სიმაღლე შესაძლებელია აღემატებოდეს აეროდრომის რაიონის დადგენილ ზედაპირებს, თუ ის იჩრდილება არსებული დაბრკოლებად იდენტიფიცირებული (ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოქვეყნებული) სხვა უძრავი ობიექტით რომლის გამოანგარიშების მეთოდოლოგია მოცემულია ამ წესის მე-7 მუხლში.
4. დაუშვებელია უძრავი ობიექტი კვეთდეს დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირს, შიდა გარდამავალ ზედაპირს და შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირს, გარდა მსხვრევადი ობიექტ(ებ)ისა, რომლებიც საკუთარი ფუნქციური დანიშნულების გამო უნდა განთავსდნენ საფრენ ზოლზე, რომლის განთავსების ტექნიკური რეგლამენტაცია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. როდესაც ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გამოიყენება დასაფრენად, მოძრავი ობიექტი არ უნდა კვეთდეს აღნიშნულ ზედაპირებს.
მუხლი 6🔗.
დაბრკოლებების მართვა
1. აეროდრომის ექსპლუატანტი, დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული აეროდრომის რაიონის ფარგლებში, დაბრკოლებების მართვის მიზნით ნიშნავს შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს.
2. აეროდრომის ექსპლუანტანტი, უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გამცემ და განაშენიანების მარეგულირებელ უწყებებთან მჭიდრო კომუნიკაციას, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ განსაზღვრული დასაშვები სიმაღლეების დაცვისა და დაბრკოლებების სამომავლოდ განთავსების პრევენციის მიზნით.
3. აეროდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს აეროდრომის რაიონის პერიოდულ შემოწმებას იმ მიზნით, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე და აეროდრომის რაიონში იდენტიფიცირებული იქნას ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობა, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას, აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ან/და მფლობელს და საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას.
5. პერიოდული შემოწმების დროს არსებულ დაბრკოლებებზე, მწყობრიდან გამოსული შუქშემოღობვების აღმოჩენის შემთხვევაში, აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ობიექტის მფლობელს (იდენტიფიცირების შემთხვევაში).
შენიშვნა: დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
დაჩრდილვის მეთოდი
1. აეროდრომის რაიონში, ახალი ობიექტის მიმართ დაჩრდილვის მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არსებული ობიექტი (გარდა დროებითი, მსხვრევადი, წერტილოვანი და ხაზოვანი ობიექტებისა) ან რელიეფი კვეთს აეროდრომის რაიონის დადგენილ ზედაპირს და ახალი ობიექტისათვის ქმნის დაჩრდილვის ზონას.
შენიშვნა 1: დაბრკოლებები, კონფიგურაციიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს წერტილოვანი (ანძები), ხაზოვანი (ელ. გადამცემი ხაზები), პოლიგონური (შენობა-ნაგებობები) და რელიეფი;
შენიშვნა 2: დამჩრდილავ ობიექტად რელიეფის გამოყენების შემთხვევაში თითოეული საკითხი განხილული უნდა იქნეს ინდივიდუალურად, იმ მიზნით, რომ დაჩრდილულმა ობიექტმა არ წარმოშვას დამატებითი საფრთხე.
2. დაჩრდილულად ითვლება ობიექტი, რომელიც განთავსებულია დაჩრდილვის ზონაში (რომელიც იანგარიშება დამჩრდილავი დაბრკოლების უმაღლესი წერტილიდან) და არ კვეთს დაჩრდილვის ზედაპირს.
3. თუ დაბრკოლება მხოლოდ ნაწილობრივ ხვდება დაჩრდილვის ზონაში, მისი დანარჩენი ნაწილი უნდა განიხილოს ისე, როგორც ჩვეულებრივი არსებული დაბრკოლება, რომლისთვისაც არ გამოიყენება დაჩრდილვის მეთოდი.
4. თუ არსებული მუდმივი დაბრკოლების სიმაღლე აღემატება დაფრენის და აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირს, წარმოქმნის ორ დამჩრდილავ ზონას, რომელთაგან ერთი დაბრკოლების უმაღლესი წერტილიდან გადის ჰორიზონტალურად ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიმართულების საწინააღმდეგოდ, ხოლო მეორე დაბრკოლების უმაღლესი წერტილიდან 10% დახრით ასაფრენ-დასაფრენი ზოლისკენ. აღნიშნული ზონის სიგანე ტოლია დაბრკოლების შემქმნელი ობიექტის სიგანისა ადზ-ის მიმართულებით, რომელიც მცირდება დასაფრენად შესვლის ან აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირის გაშლის პარალელურად, ურთიერთგადაკვეთის ან შესაბამისი ზედაპირის გადაკვეთის წერტილამდე, ამ წესის №1 დანართის ნახაზი 1-ის შესაბამისად.
5. თუ არსებული მუდმივი დაბრკოლების სიმაღლე აღემატება გარდამავალ ზედაპირს, იგი წარმოქმნის დამჩრდილავ ზონას, რომელიც დაბრკოლების უმაღლესი წერტილიდან გადის 10% დახრით ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიმართულების საწინააღმდეგოდ და ადზ-ის გასწვრივ დამჩრდილავი ობიექტის ორთავე მხარეს, ამ წესის №1 დანართის ნახაზი 2-ის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დაჩრდილვა არ ვრცელდება ადზ-ის მიმართულებით.
6. თუ არსებული მუდმივი დაბრკოლების სიმაღლე აღემატება შიდაჰორიზონტალურ და/ან კონუსურ ზედაპირებს, იგი წარმოქმნის დამჩრდილავ ზონას, რომელიც დაბრკოლების უმაღლესი წერტილიდან გადის 10% დახრით ნებისმიერი მიმართულებით, ამ წესის №1 დანართის ნახაზი 3-ის შესაბამისად.
7. თუ შენობების/ნაგებობების სიმაღლეები აღემატება შიდაჰორიზონტალურ და/ან კონუსურ ზედაპირებს, დაშორებულნი არიან ერთმანეთისგან არაუმეტეს 45 მ-ით და მათ გააჩნიათ ერთი და იგივე სიმაღლე, განიხილებიან, როგორც დიდი განფენილობის მქონე ერთიანი ობიექტი, მათი განაპირა საზღვრებიდან ხორციელდება დაჩრდილვა 10% დახრით ნებისმიერი მიმართულებით.
მუხლი 8🔗.
ობიექტის ნიშანდება
1. ნიშანდებას ექვემდებარება:
ა) ნებისმიერი მოძრავი ობიექტი (გარდა საჰაერო ხომალდისა), თუ ის მოძრაობს, განთავსებულია ან მისი განთავსება დაგეგმილია აეროდრომის სამიმოსვლო არეზე (სამუშაო მოედანზე);
ბ) ნებისმიერი უძრავი ობიექტი, თუ ის განთავსებულია ან მისი განთავსება დაგეგმილია საფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკის ზოლის ან ბაქანზე სამიმოსვლო ზოლის ფარგლებში;
გ) უძრავი ობიექტი, რომელიც კვეთს აეროდრომის რაიონის ზედაპირს, თუ ის განთავსებულია ან მისი განთავსება დაგეგმილია აეროდრომის რაიონში.
შენიშვნა: მოძრავი ობიექტების ნიშანდება ხორციელდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 23 მაისის №66 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაბრკოლება არ ექვემდებარება ნიშანდებას, თუ ის წარმოადგენს აღჭურვილობას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ბაქანზე საჰაერო ხომალდების და სატრანსპორტო საშუალებების მომსახურებისათვის.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაბრკოლება არ ექვემდებარება ნიშანდებას, როდესაც:
ა) ის დაჩრდილულია სხვა უძრავი დაბრკოლებით;
ბ) შიდაჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირების ფარგლებში არსებობს დაბრკოლებების მნიშვნელოვანი რაოდენობა, როგორიცაა უძრავი ობიექტები ან რელიეფი;
გ) დაბრკოლება დღის პერიოდში განათებულია საშუალო ინტენსიობის A ტიპის შუქგადამღობი სანათებით და მისი სიმაღლე მიწის დონიდან არ აღემატება 150 მეტრს;
დ) დაბრკოლება დღის პერიოდში განათებულია მაღალი ინტენსიობის შუქგადამღობი სანათებით;
შენიშვნა: დაბრკოლებების ნიშანდებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის I ტომის („აეროდრომები“) მე-6 თავის და მე-5 დამატების შესაბამისად.
მუხლი 9🔗.
ჩანაწერების მართვა
აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის სიმაღლის შეთანხმების პროცესში გამოყენებული შესაბამისი ჩანაწერების (განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, გაანგარიშების ოქმი, შეთანხმების კორესპონდენცია და სხვა საჭირო ინფორმაცია) წარმოებას/შენახვას.