სადაზღვევო ბროკერის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 30.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სადაზღვევო ბროკერის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ბრძანება
№54
2022 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
სადაზღვევო ბროკერის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ბ“, „მ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით „სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ბ“, „ლ“, „რ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სადაზღვევო ბროკერის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესი“ (შემდგომ – წესი) თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში ამ წესით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმები პირველად წარადგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 25 თებერვლისა, რომელშიც აისახება 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის მონაცემები.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი
სადაზღვევო ბროკერის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი მოიცავს დანართი №1-ით გათვალისწინებული „სადაზღვევო ბროკერის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების“ (შემდგომ – ანგარიშგება) იმ ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებენ განმარტებას, ასევე სადაზღვევო ბროკერის მიერ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის (შემდგომ – სამსახური) დამატებით წარსადგენ ინფორმაციას და მისი წარდგენის წესს.
2. ამ წესის მიზანია, დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში შეფასდეს კონკრეტულ სადაზღვევო ბროკერთან არსებული, როგორც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე მისი შიდა კონტროლის სისტემის შესაბამისობა ამ სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან და აღნიშნულის გათვალისწინებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.
3. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სადაზღვევო ბროკერზე.
4. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება სადაზღვევო ბროკერის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.
5. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
6. ანგარიშგების ფორმების შევსების მიზნებისთვის, ფორმებში მიეთითება პრემიის ოდენობა, გაცემული პოლისის და გასამრჯელოს ოდენობა დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ხოლო თუ ხდება პოლისში თავდაპირველად დაფიქსირებული პრემიის ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს ზრდა – ფორმებში ასახვას ასევე ექვემდებარება საანგარიშო პერიოდში გაზრდილი პრემიის/გასამრჯელოს ოდენობა.
7. ანგარიშგების ფორმებში პრემიის/გასამრჯელოს უკან დაბრუნების შესაბამისი გარიგებების ოდენობაში აისახება პრემიის/გასამრჯელოს ოდენობა, რომელიც უბრუნდება კლიენტს.
8. უცხოურ ვალუტაში ასახული პრემიის/გასამრჯელოს ოდენობები ექვემდებარება გადათვლას ეროვნულ ვალუტაში პოლისის/ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, გარდა იმ პოლისებისა/ხელშეკრულებებისა, რომლებიც ძალაში შედის საანგარიშო პერიოდის შემდეგ. ამგვარი პოლისებისათვის/ხელშეკრულებებისთვის გამოიყენება პოლისის გაცემის ან/და ხელშეკრულების დადების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი.
9. ანგარიშგების ფორმებში არ აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ (შესაბამისი გარიგებების ჩათვლით), რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა დამყარდა „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის, ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სიცოცხლის დაზღვევა − სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება/პოლისი, რომელიც საინვესტიციო ხასიათისაა (მათ შორის, მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობა);
ბ) პრემია – სადაზღვევო შესატანი სადაზღვევო პოლისის მიხედვით ან/და გადაზღვევის პრემია გადაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით;
გ) გაცემული სადაზღვევო/გადაზღვევის პოლისი – კლიენტზე გაცემული პოლისი, მიუხედავად იმისა, გადახდილია თუ არა პრემია;
დ) კლიენტი – პირი, რომელსაც სადაზღვევო ბროკერი უწევს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საშუამავლო მომსახურებას;
ე) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე;
ვ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;
ზ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფილიალი/წარმომადგენლობა), რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფილიალი/წარმომადგენლობა), რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესითა“ და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით ,,ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესით“ განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 3🔗.
ანგარიშგების ფორმები
ამ წესის დანართი №1 მოიცავს შემდეგ ანგარიშგების ფორმებს:
ა) ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის შესახებ (ფორმა №1);
ბ) ინფორმაცია რისკის დონის მიხედვით კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2);
გ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათთან დადებული გარიგებების შესახებ (ფორმა №3);
დ) ინფორმაცია დაზღვევის სახეობების შესახებ (ფორმა №4);
ე) ინფორმაცია უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ გეოგრაფიული არეალის მიხედვით (ფორმა №5);
ვ) ინფორმაცია ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ (ფორმა №6);
ზ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №7);
თ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №8);
ი) ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №9);
კ) ინფორმაცია სამსახურის შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №10).
მუხლი 4🔗.
ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის შესახებ (ფორმა №1)
ფორმა მოიცავს სადაზღვევო ბროკერის დასახელებას, დირექტორ(ებ)ის, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის სახელსა და გვარს, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი), ასევე არსებული ფილიალების (სერვისცენტრების) რაოდენობის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით სამსახურის ბოლო შემოწმების (ადგილზე ინსპექტირების მიმდინარეობის) თარიღს და ამგვარი შემოწმების შედეგად მინიჭებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონის შესახებ ინფორმაციას.
მუხლი 5🔗.
ინფორმაცია რისკის დონის მიხედვით კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)
1. ანგარიშგების ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს ინფორმაცია კლიენტთა რაოდენობისა და მათზე გაცემული პოლისების ან/და დადებული ხელშეკრულებების მიხედვით პრემიის/გასამრჯელოს ოდენობის შესახებ.
2. აქტიური კლიენტების რაოდენობა მოიცავს იმ კლიენტთა რაოდენობას, რომლებსაც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის/ბოლოს სადაზღვევო ბროკერთან გააჩნიათ მოქმედი პოლისები/ხელშეკრულებები.
3. „საანგარიშო პერიოდში გაცემული/განახლებული პოლისების/ხელშეკრულებების“ შესაბამისი კლიენტების რაოდენობაში აისახება იმ კლიენტთა რაოდენობა, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში გაფორმდა/განახლდა პოლისი/ხელშეკრულება, ხოლო ოდენობაში აღნიშნული პოლისების/ხელშეკრულებების მიხედვით პრემიის და გასამრჯელოს ოდენობა.
4. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით სადაზღვევო ბროკერმა უნდა უზრუნველყოს კლიენტების კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით. საანგარიშო პერიოდში კლიენტის რისკის დონის ცვლილებისას, ანგარიშგების ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისთვის მინიჭებული (არსებული) რისკის დონე.
მუხლი 6🔗.
ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათთან დადებული გარიგებების შესახებ (ფორმა №3)
1. კლიენტების რაოდენობის გრაფაში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება იმ კლიენტთა რაოდენობა, რომლებთანაც პოლისის/ხელშეკრულების გაფორმება ან/და განახლება მოხდა საანგარიშო პერიოდში.
2. პრემიის/გასამრჯელოს ოდენობაში აისახება საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კლიენტებთან გაფორმებული პოლისების/ხელშეკრულებების მიხედვით პრემიის და/ან გასამრჯელოს ჯამური ოდენობა.
3. საანგარიშო პერიოდის ბოლოს აქტიური კლიენტების რაოდენობაში აისახება იმ კლიენტთა რაოდენობა, რომლებსაც საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის სადაზღვევო ბროკერთან გააჩნიათ მოქმედი ხელშეკრულებები.
4. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო ისეთი ორმაგი მოქალაქეობისას, როდესაც ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით, თანაბარი რისკის არსებობის შემთხვევაში, მონაცემის ასახვა ხდება ერთ-ერთი ქვეყნის შესაბამისად.
5. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). იურიდიული პირის შემთხვევაში რეგისტრირებული აღნიშნავს დაფუძნებულს, ხოლო ფიზიკური პირისთვის – მოქალაქეობის ქონას.
მუხლი 7🔗.
ინფორმაცია დაზღვევის სახეობების შესახებ (ფორმა №4)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია პოლისების/ხელშეკრულებების შესახებ, დაზღვევის სახეობების მიხედვით.
2. აქტიური კლიენტების რაოდენობა მოიცავს იმ კლიენტთა რაოდენობას, რომლებსაც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის/ბოლოს სადაზღვევო ბროკერთან გააჩნიათ მოქმედი პოლისები/ხელშეკრულებები.
3. „საანგარიშო პერიოდში გაფორმებული პოლისების/ხელშეკრულებების“ კლიენტების რაოდენობის შესაბამის გრაფაში აისახება იმ კლიენტთა რაოდენობა, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში გაფორმდა/განახლდა პოლისი/ხელშეკრულება, ხოლო პრემიის და გასამრჯელოს ოდენობაში – საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით დადებული ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის და აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე სადაზღვევო ბროკერის კუთვნილი გასამრჯელოს ოდენობა.
მუხლი 8🔗.
ინფორმაცია უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ გეოგრაფიული არეალის მიხედვით (ფორმა №5)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყნებისა და სხვადასხვა სახის გარიგებების (ოპერაციების) მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორების ნებისმიერი სისტემით განხორციელებული ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციები, რომელთა ოდენობა ერთჯერადად აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს.
2. ქვეყნების მიხედვით გარიგებების შესახებ ინფორმაცია აისახება გარიგების მონაწილის მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. პრემიის ოდენობის შესაბამის სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო ბროკერთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი როგორც სადაზღვევო პრემიის, ასევე გადაზღვევის პრემიის ოდენობა.
4. გასამრჯელოს ოდენობის შესაბამის სვეტში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო ბროკერის საქმიანობის შედეგად მიღებული გასამრჯელოს ოდენობის შესახებ.
5. ანაზღაურებული ზარალის შესაბამის სვეტში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით ფაქტობრივად ანაზღაურებული ზარალების ოდენობის შესახებ.
6. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). იურიდიული პირის შემთხვევაში, რეგისტრაცია აღნიშნავს დაფუძნებულს, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – მოქალაქეობის ქონას.
მუხლი 9🔗.
ინფორმაცია ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ (ფორმა №6)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება სადაზღვევო ბროკერის სალაროს შემოსავლის და გასავლის ოპერაციები, გარიგების (ოპერაციის) სახეობების მიხედვით, რომელთა ოდენობა ერთჯერადად აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს.
2. გარიგებების (ოპერაციების) ოდენობაში იგულისხმება ფაქტობრივად გასული/შემოსული თანხების ოდენობა.
მუხლი 10🔗.
ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №7)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით ,,ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.
2. ანგარიშგების ფორმაში აისახება მონაცემები იმ პირის შესახებ, რომელსაც დაეყრდნო სადაზღვევო ბროკერი კლიენტის იდენტიფიკაციისას, ასევე საანგარიშო პერიოდში ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და მათზე გაცემული პოლისების მიხედვით პრემიის ან/და დადებული ხელშეკრულებების მიხედვით გასამრჯელოს ოდენობა.
3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში პრემიის/გასამრჯელოს გადახდა. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს ურთიერთობა სადაზღვევო ბროკერთან.
4. რეზიდენტობის ქვეყნის და კოდის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური.
მუხლი 11🔗.
ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №8)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც, საანგარიშო პერიოდში, გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ დაედო ყადაღა.
2. რეზიდენტობის ქვეყნის და კოდის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური.
3. ანგარიშგების ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში.
მუხლი 12🔗.
ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №9)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონისტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით ,,ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი თითოეული ანგარიშგების შესახებ ინფორმაციას.
2. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია ფორმის შევსების მიზნით, უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში ასახული მონაცემების დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტის რეზიდენტობის და გარიგების სტატუსის („ფულის გათეთრება“, „ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.
3. ანგარიშგების ფორმაში რეზიდენტობის ქვეყნის და კოდის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური.
4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი; დანარჩენ შემთხვევაში, აღნიშნული ველი ივსება სადაზღვევო ბროკერის შეხედულებით, საჭიროებისამებრ.
მუხლი 13🔗.
ინფორმაცია სამსახურის შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №10)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება სამსახურის როგორც ადგილზე ინსპექტირების, ისე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი შესრულების მდგომარეობა.
2. ანგარიშგების ფორმაში ასახული უნდა იქნეს თითოეული რეკომენდაცია, დადგენილი შესრულების ვადა, შესრულების მდგომარეობა, საანგარიშო პერიოდში გატარებული ღონისძიებები და მათი შესრულების თარიღი.
3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ფორმაში აღწერილი გატარებული ღონისძიებების/მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია, გარკვევით უნდა ასახავდეს სადაზღვევო ბროკერის მიერ მიღებულ/გატარებულ ზომებს/ღონისძიებებს.
მუხლი 14🔗.
სადაზღვევო ბროკერის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაცია
1. ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის შესაბამისობის კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, სადაზღვევო ბროკერი სამსახურს წარუდგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ ყველა პოლიტიკა-პროცედურას და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებით დანერგილი სააღრიცხვო სისტემის აღწერილობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამსახურისათვის წარმოდგენა ხდება ამ წესის მე-15 მუხლით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარმოდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.
4. სადაზღვევო ბროკერისგან ამ ბრძანების მიზნებისთვის სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს სამსახურის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 15🔗.
ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები
1. სადაზღვევო ბროკერი სამსახურს ანგარიშგებას წარუდგენს:
ა) 6 თვის ანგარიშგებას (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს საანგარიშო წლის 31 ივლისისა;
ბ) 12 თვის ანგარიშგებას (იანვარი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 25 თებერვლისა.
2. ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სადაზღვევო ბროკერი სამსახურს წარუდგენს ანგარიშგებასთან ერთად.
3. კონკრეტული სადაზღვევო ბროკერის ადგილზე ინსპექტირების დაგეგმვის მიზნით, სადაზღვევო ბროკერის ადმინისტრატორის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და სხვა დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე შესაძლებელია განაპირობოს სადაზღვევო ბროკერის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.
მუხლი 16🔗.
ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი
1. სადაზღვევო ბროკერი ამ წესის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში სამსახურს ელექტრონული ფორმით წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას და ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: amlreport@insurance.gov.ge.
2. სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით უნდა იქნეს დამოწმებული შესაბამისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ და შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, სამსახურს მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, რომლის დარღვევაც დაუშვებელია.
მუხლი 17🔗.
სანქციები
სადაზღვევო ბროკერის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანქციები.