საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის და კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 30.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016063
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და
კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის
იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის და კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ბრძანება
№55
2022 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის და კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით „სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის და კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესი“ (შემდგომ – „წესი“) თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის და კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ –
„სამსახური“) ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ (შემდგომ –
„ანგარიშვალდებული პირი“) კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის, მათი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, მოპოვებული ინფორმაციისა და დოკუმენტების აღრიცხვისა და შენახვის, ასევე კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესს.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ბ“ „ა.გ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებზე.
3. დაუშვებელია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, თუ ანგარიშვალდებული პირი, კანონმდებლობისა და ამ წესის გათვალისწინებით, ვერ ახდენს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციას და კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლას. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირი ვადლებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ.
4. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობისას, დასაშვებია კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის დასრულება კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდგომ, თუ ეს აუცილებელია მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია უნდა დასრულდეს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
5. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სანქციადაკისრებული პირის და დაკავშირებული პირის გამოვლენის მიზნით, საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე გადაამოწმოს გაეროს უშიშროების საბჭოს კონსოლიდირებულ სიაში (https://www.un.org/securitycouncil/content/un-sc-consolidated-list). თუ გადამოწმებისას, პირის მონაცემი დაემთხვევა გაეროს უშიშროების საბჭოს კონსოლიდირებულ სიაში ასახული პირის მონაცემს, ანგარიშვალდებული პირი აჩერებს კლიენტის მომსახურებას და დაუყოვნებლივ მოიპოვებს შესაბამისი ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს, მონაცემების სრულყოფილად გადამოწმების მიზნით. მონაცემების სრულად დამთხვევის ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გაგზავნოს ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, და შეწყვიტოს საქმიანი ურთიერთობა აღნიშნულ პირთან.
6. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე შეყვანილია სანქციადაკისრებულ პირთა სიაში.
7. ანგარიშვალდებულმა პირმა, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, მის მიერ დანერგილი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის სათანადო სისტემის საფუძველზე უნდა მოიკვლიოს, არის თუ არა კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი და მის მიმართ განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
8. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2🔗. ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენა
1. ანგარიშვალდებულმა პირმა ფიზიკური პირი უნდა მიიჩნიოს ბენეფიციარ მესაკუთრედ, თუ ის აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც:
ა) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კლიენტი იურიდიული პირის წილის/ხმის უფლების მქონე აქციების 25%-ს ან მეტს;
ბ) სხვაგვარად ახორციელებს საბოლოო კონტროლს კლიენტზე;
გ) წარმოადგენს კლიენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და/ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმები გამოიყენება თანმიმდევრულად. ამასთან, შესაძლოა, ფიზიკური პირი აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს.
3. კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად, ანგარიშვალდებულმა პირმა პირველ რიგში უნდა მოიკვლიოს აკმაყოფილებს თუ არა რომელიმე პირი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმს. თუ აღნიშნული კრიტერიუმის გამოყენებით შეუძლებელია კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენა, ბენეფიციარ მესაკუთრედ უნდა ჩაითვალოს ამ მუხლის პირველის პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოვლენილი ფიზიკური პირ(ებ)ი. თუ არსებობს ეჭვი, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოვლენილი ფიზიკური პირ(ებ)ის გარდა, არსებობს ამ მუხლის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული გარემოება, ბენეფიციარ მესაკუთრედ უნდა ჩაითვალოს ორივე კრიტერიუმით გამოვლენილი ფიზიკური პირი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის გამოყენება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ანგარიშვალდებული პირის მიერ ყველა შესაძლო ღონისძიების გატარების შედეგად იგი დარწმუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის არარსებობაში.
5. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა დაადგინოს კლიენტის საბოლოო მფლობელის ვინაობა. საბოლოო მფლობელში იგულისხმება ფიზიკური პირი და არა იურიდიული პირი. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს რამდენიმე ბენეფიციარი მესაკუთრე ჰყავს, უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის ვინაობა და გადამოწმდეს მოპოვებული ინფორმაცია.
6. ფიზიკური პირი კლიენტის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ის წარმოადგენს ბენეფიციარ მესაკუთრეს, თუ არ არსებობს გონივრული საფუძველი, რომელიც წარმოაჩენს, რომ კლიენტი მოქმედებს სხვა პირის სახელით ან კლიენტის ქონების ბენეფიციარი მესაკუთრე(ები) არის/არიან სხვა ფიზიკური პირ(ებ)ი.
მუხლი 3🔗. კლიენტი იურიდიული პირის წილის/ხმის უფლების მქონე აქციების 25% ან მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელობა
1. მფლობელობის 25%-იანი ზღვარი წარმოადგენს იდენტიფიკაციის ვალდებულების წარმოშობის კანონმდებლობით დადგენილ ნიშნულს, თუმცა ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, რისკის დონის შესაბამისად, განახორციელოს იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია მფლობელობის უფრო დაბალი პროცენტული წილის შემთხვევაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ მფლობელობითი ინტერესის მიდგომით სახეზეა ერთზე მეტი ბენეფიციარი მესაკუთრე, ანგარიშვალდებული პირი ამ წესის შესაბამისად მოიპოვებს ინფორმაციას თითოეული მათგანის შესახებ.
3. არაპირდაპირი მფლობელობითი ინტერესის შემთხვევაში კლიენტი იურიდიული პირის მფლობელობის სტრუქტურის ვერტიკალურ ჭრილში სახეზეა ერთი ან მეტი იურიდიული პირი. ფიზიკური პირი ითვლება კლიენტის არაპირდაპირ მფლობელად, თუ იგი კლიენტი იურიდიული პირის მფლობელობის სტრუქტურის ჯაჭვში, შუალედური კომპანი(ებ)ის მეშვეობით ფლობს კლიენტის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 % პროცენტს ან მეტს.
4. ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად, ანგარიშვალდებულმა პირმა კლიენტს უნდა მოსთხოვოს თვითდეკლარირება მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) სტრუქტურის შესახებ და მოახდინოს მიღებული ინფორმაციის გადამოწმება ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ სანდო და დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით. კლიენტი იურიდიული პირის რთული მფლობელობის სტრუქტურის შემთხვევაში, შესაძლოა კლიენტს მოეთხოვოს ორგანიზაციული მოწყობის გრაფიკული გამოსახულების წარმოდგენა (ე.წ „Chart“), მის მიერ შესრულებული პროცენტული გამოთვლის შემოწმებისა და შემდგომში ამ ინფორმაციის შენახვის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის რთულ, მრავალდონიან მფლობელობის სტრუქტურას არ აქვს გონივრული საფუძველი, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს მისი ბენეფიციარი მესაკუთრის დამალვის მიზნით გამოყენების შესაძლებლობა და უზრუნველყოს ანგარიშგების გაგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს კლიენტის მფლობელობის სტრუქტურის ჯაჭვში შემავალი ყოველი იურიდიული პირის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია.
6. ანგარიშვალდებულმა პირმა სულ მცირე, თვითდეკლარირების ფორმით უნდა გამოიკვლიოს ნომინალური მფლობელობის და მმართველობის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, ხომ არ ფლობს კლიენტს ნომინალური მფლობელი ან მართავს ნომინალური დირექტორი. ნომინალური მფლობელობის შემთხვევაში კლიენტს მოეთხოვება ნომინალური მფლობელობის შესახებ შეთანხმების და სხვა ისეთი დოკუმენტის წარმოდგენა, სადაც განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები და მითითებულია მათი ვინაობა. დამატებით, კლიენტს შეიძლება მოეთხოვოს დოკუმენტი დივიდენდის განაწილების შესახებ.
მუხლი 4🔗. პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს კლიენტზე
1. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტ იურიდიულ პირს არ ჰყავს ბენეფიციარი მესაკუთრე მფლობელობიდან გამომდინარე, მას ყოველთვის ეყოლება ბენეფიციარი მესაკუთრე კონტროლის ელემენტის გათვალისწინებით. ამგვარი კონტროლი შესაძლოა ხორციელდებოდეს პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფორმალურად ან არაფორმალურად. კლიენტზე საბოლოო კონტროლის განმახორციელებელი პირის გამოვლენის მიზნით ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს კლიენტის მმართველობითი სტრუქტურა.
2. მაკონტროლებელ პირად შეიძლება მიიჩნეოდეს პირი, რომელიც არ ფლობს კლიენტის მაკონტროლებელი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების ზღვრულ ოდენობას, მაგრამ უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირები ან სხვა ფორმით მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა კლიენტზე.
3. კლიენტზე საბოლოო კონტროლი შესაძლებელია ხორციელდებოდეს საწარმოს დაფინანსებაში მონაწილეობის, პირადი, ოჯახური კავშირების ან სახელშეკრულებო ურთიერთობების გამოყენების საშუალებით.
მუხლი 5🔗. ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები
1. ბენეფიციარ მესაკუთრედ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ფიზიკური პირ(ებ)ი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს იურიდიული პირის საქმიანობაზე ზეგავლენის მქონე სტრატეგიული გადაწყვეტილებები (დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და სხვა). თუკი კომპანიის ფარგლებში არსებობს მსგავსი გადაწყვეტილების მიმღები რამდენიმე ფიზიკური პირი – ბენეფიციარ მესაკუთრედ მიიჩნევა მათ შორის უმაღლესი იერარქიის მქონე, ხოლო თანაბარი უფლებამოსილებების პირობებში – ყველა მათგანი.
2. დირექტორები შესაძლოა აქტიურ როლს ასრულებდნენ კლიენტის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებაში, რაც დამოკიდებულია კლიენტის ორგანიზაციულ მოწყობასა და ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებზე. დირექტორის იდენტიფიკაციით ანგარიშვალდებულმა პირმა შესაძლოა მიიღოს ხელჩასაჭიდი/სასარგებლო ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად, თუმცა ეს ინფორმაცია არ იქნება საკმარისი ნომინალური დირექტორის შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური ინტერესის მქონე პირის ანონიმურობის შესაძლებლობა.
3. ბენეფიციარ მესაკუთრედ ასევე შეიძლება ჩაითვალოს პირი, რომელიც მმართველობით ორგანოებში დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე ახორციელებს იურიდიული პირის ყოველდღიური, რეგულარული საქმიანობის კონტროლს (აღმასრულებელი დირექტორი, მთავარი ფინანსური დირექტორი და სხვა).
4. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირების, როგორც კლიენტი იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების, გამოვლენის მიზნით ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს კლიენტის მმართველობითი სტრუქტურა.
მუხლი 6🔗. ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია
1. ტრასტების ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურების ბენეფიციარი მესაკუთრის განსაზღვრის მიზნით ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა დაადგინოს:
ა) ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის რეალური დამაარსებლის ვინაობა და ქონების რეალური წყარო;
ბ) ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის აქტივების მართვის შედეგად სარგებლის რეალურად მიმღები პირი;
გ) ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მმართველობის სისტემა და რეალური ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ფიზიკური პირების ვინაობა.
2. ტრასტის მხარეებს, როგორც წესი, წარმოადგენენ:
ა) მარწმუნებელი;
ბ) რწმუნებული;
გ) მოსარგებლე;
დ) მეურვე (არსებობის შემთხვევაში);
ე) სხვა ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეფექტიან საბოლოო კონტროლს ტრასტზე ან ტრასტის მსგავს სამართლებრივ სტრუქტურაზე (არსებობის შემთხვევაში).
3. ტრასტის ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის მიზნით, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ყველა პირის იდენტიფიკაცია და ვერიფიციკაცია ტრასტის შექმნის დოკუმენტებზე (Deeds of Trust, Trust Agreement და სხვ.) დაყრდნობით.
4. ანგარიშვალდებულმა პირმა, ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად უნდა მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
მუხლი 7🔗. ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია
1. საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ანგარიშვალდებულმა პირმა კლიენტი იურიდიული პირისგან უნდა მოითხოვოს თვითდეკლარირება, რომელიც ხორციელდება წერილობითი ფორმით და მოიცავს ინფორმაციას კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესახებ, მფლობელობის ჯაჭვის უწყვეტობისა და ბენეფიციარი მესაკუთრის მითითებით.
2. კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციისას ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გამოიყენოს რისკზე დამყარებული მიდგომა.
3. მაღალი რისკის დონის არსებობისას, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად, ანგარიშვალდებულმა პირმა ვადიანი და ფოტოსურათის მატარებელი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის საფუძველზე უნდა უზრუნველყოს შემდეგი მონაცემების იდენტიფიცირება და ვერიფიცირება:
ა) სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პირადი ნომერი;
დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა;
ე) მოქალაქეობა;
ვ)დაბადების ადგილი - ქვეყანა (აგრეთვე ქალაქი - ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში).
4. ამ წესის მიზნებისთვის, საიდენტიფიკაციო დოკუმენტში იგულისხმება: პირადობის მოწმობა, პასპორტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მართვის მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, სამგზავრო პასპორტი, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა, 14 წელს მიუღწეველი პირის შემთხვევაში, აგრეთვე დაბადების მოწმობა.
5. საშუალო რისკის დონის არსებობისას, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები და განახორციელოს მათი ვერიფიცირება ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ წყაროებზე დაყრდნობით.
6. დაბალი რისკის დონის არსებობისას, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად, ანგარიშვალდებული პირი მოიპოვებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მონაცემებს და ახდენს მათ ვერიფიცირებას ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ და/ან სხვა სანდო წყაროებზე დაყრდნობით.
7. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ მუხლით პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისთვის გათვალისწინებული მონაცემები.
8. ანგარიშვალდებული პირი, რისკზე დამყარებული მიდგომის გათვალისწინებით, დანამდვილებით უნდა დარწმუნდეს, რომ მან იცის თუ ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე.
9. კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად აუცილებელია ამ მუხლის შესაბამისად, ანგარიშვალდებულმა პირმა სათანადოდ შეაფასოს კლიენტის რისკის დონე და მოახდინოს მიღებული შედეგების დოკუმენტირება.
10. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის რეპუტაცია, რაც გულისხმობს ინფორმაციის მოძიებას ღია წყაროებზე დაყრდნობით, როგორიცაა მაგალითად, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია პიროვნების შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის და/ან ტერორისტულ საქმიანობასთან/ორგანიზაციასთან კავშირის შესახებ.
მუხლი 8🔗. სანდო და დამოუკიდებელი წყაროები
ამ წესის მიზნებისთვის სანდო და დამოუკიდებელ წყაროდ ითვლება:
ა) სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ან მის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია პირის შესახებ;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციის (სააგენტოს), საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის, დიპლომატიური წარმომადგენლობის (მათ შორის, საელჩოს, საკონსულოს) ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია;
გ) დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი აქციათა რეესტრის შესახებ ან თავად პირის მიერ წარმოებული აქციათა რეესტრი, თუ მსგავსი დაშვებულია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით;
დ) აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება;
ე) სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტები;
ვ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტები იურიდიული პირის/წარმონაქმნის შექმნა/დაფუძნებასთან დაკავშირებით, რომელიც უცხო ქვეყნის იურისდიქციის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული;
ზ) სახელმწიფო ზედამხედველობას ან/და რეგულირებას დაქვემდებარებული დაწესებულების (აუდიტორული კომპანიის, კომერციული ბანკის და სხვ.) მიერ გაცემული ინფორმაცია პირის შესახებ. ანგარიშვალდებული პირი მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს, მსგავსი დაწესებულებების რეპუტაციას და მათზე განხორციელებული სახელმწიფო ზედამხედველობის ხარისხს;
თ) ავტორიტეტული კომერციული საერთაშორისო ბაზები (World-Check, Bankers Almanac და სხვ.);
ი) მესამე იურიდიული პირის ვებგვერდი (ბიზნესპარტნიორი და სხვ.);
კ) მარეგისტრირებელი აგენტის მიერ გაცემული დოკუმენტაცია, რომელიც უცხო ქვეყნის იურისდიქციის შემთხვევაში უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული და აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული;
ლ) ბიზნესსაინფორმაციო ცნობარები;
მ) საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ „ყვითელი მედიის“ გარდა;
ნ) აკადემიური გამოცემები.
მუხლი 9🔗. განსხვავებული მიდგომები
1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოიყენოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის და მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის განსხვავებული წესები, თუ კლიენტზე არ ხდება სიცოცხლის დაზღვევის პოლის(ებ)ის გაცემა, თუმცა სანდო წყაროზე დაყრდნობით გონივრული ზომების განხორციელებით ანგარიშვალდებული პირი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა.
2. თუ კალენდარული წლის განმავლობაში კლიენტ ფიზიკურ პირზე გაცემული სადაზღვევო პოლის(ებ)ის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) მიხედვით ჯამური სადაზღვევო პრემიის ოდენობა არ აღემატება 3000 ლარს, ხოლო კლიენტი იურიდიული პირის შემთხვევაში – 5000 ლარს, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია არ განახორციელოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია.
მუხლი 10🔗. კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ელექტრონული ან მატერიალური ჩანაწერების სახით შეინახოს მისი თანამშრომლის მიერ კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად მოპოვებული დოკუმენტაცია (შესაბამისი თარიღის მითითებით) და გამოყენებული ზომების დამადასტურებელი ინფორმაცია წყაროების ჩათვლით/მითითებით, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობისას და მისი შეწყვეტიდან 5 წლის განმავლობაში.
2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა დანერგოს ინფორმაციის აღრიცხვის და შენახვის სისტემა, რომელიც მისი საქმიანობის ხასიათის და მოცულობის პროპორციულია და უზრუნველყოფს ამ წესით გათვალისწინებული მონაცემების, ინფორმაციის და დოკუმენტების დაცულობას და სწრაფი მოძიების შესაძლებლობას.
3. ანგარიშვალდებულმა პირმა, მის მიერ დანერგილი რისკების მართვის პოლიტიკა/პროცედურის გათვალისწინებით, პერიოდულად უნდა განაახლოს ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის მიზნით აღრიცხული და შენახული ინფორმაცია. ხოლო უკვე განხორციელებული იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის სისწორეში ეჭვის გაჩენის ან/და კლიენტისთვის მინიჭებული რისკის დონის გაუარესების შემთხვევაში ვალდებულია განახორციელოს ბენეფიციარი მესაკუთრის ხელახლა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია.
4. კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული უცხო ენაზე (გარდა ინგლისური ენისა) შედგენილი დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმდეს ნოტარიუსის მიერ.