გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/24010-21
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/24010-21

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე

უარის თქმის თაობაზე

 

2022 წლის  21 აპრილი

ქ.   თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

 

განმცხადებელი/მოვალე: შპს „ფუდ მიქსი“, ს/ნ 406182189

წარმომადგენელი: გიორგი ხეცურიანი

განცხადება: გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ფუდ მიქსის“ წარმომადგენლის განცხადება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „ფუდ მიქსის“2021 წლის 20 სექტემბრის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება განმცხადებელი საწარმოს მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.

მოვალე უთითებს, რომ საწარმო დაფუძნდა 2016 წლის 18 ივლისს და მისი ძირითადი საქმიანობა გაყინული ხორცითა და სხვა საქონლით ვაჭრობა იყო. 2019 წლის ივლისიდან, მოვალე სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებს და საქმიანობის გაგრძელებას არც მომავალში აპირებს. შპს „ფუდ მიქსს“ არ გააჩანია არც უძრავ-მოძრავი ქონება და არც თანხა საბანკო ანგარიშზე. მოვალის კრედიტორია შემოსავლების სამსახური და მის მიმართ შპს „ფუდ მიქსს“ 246679.7 ლარის დავალიანება ერიცხება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოვალის ვალდებულება კრედიტორის მიმართ ბევრად აჭარბებს მოვალის აქტივების ღირებულებას, რადგან ერთადერთი აქტივი, რაც მოვალე საწარმოს აქვს, არის ჯამში 211203 ლარის ოდენობით დებიტორული მოთხოვნები, რომლებიც წარმოშობილია 2017 წელს და უკვე ხანდაზმულია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, მოვალე საწარმო ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას ქონებისა და ფულადი სახსრების არარსებობის გამო. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 2 თებერვლის ბრძანება N1365, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, იმ პირების სია, ვის მიმართაც მოვალეს აქვს დებიტორული მოთხოვნები ჯამში 211203.43 ლარის ოდენობით და ინფორმაცია სს „თიბისი ბანკიდან“, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით, მოვალის ანგარიშზე არის 0.72 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, შპს „ფუდ მიქსს“ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა განესაზღვრა.

მოვალემ ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოასწორა.

სასამართლო გაეცნო განცხადებას და თანდართულ მასალას და მიიჩნევს, რომ  მიღებულ უნდა იქნეს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე , ვინაიდან:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“  საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება  რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოვალის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შედეგად დგინდება, რომ მოვალე საწარმოს სახელზე არ არის რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება (ს. ფ. 73), მოვალე საწარმოს საკუთრებაში არა აქვს უძრავი ქონება (ს. ფ. 74), მოვალე საწარმო არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. სს „თიბისი“ ბანკის ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 20 სექტემბრისთვის, მოვალე საწარმოს ანგარიშზე ერიცხებოდა 0.72 ლარი (ს. ფ. 136-138). განცხადებაში მითითებულია, რომ საწარმოს ფუნქციონირების სრულად შეწყვეტიდან გასულია 2 წელი და სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების ინტერესი განმცხადებელს აღარ აქვს.  განცხადება შეიცავს ასევე მითითებას, რომ მოვალე არ არის სასამართლოში მიმდინარე დავის მონაწილე.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება და თანდართული ინფორმაცია განმცხადებლის მიერ დადასტურებულია სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით (ს. ფ. 69). 

ამდენად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესის შესაბამისად, განსახილველი განცხადება შეიცავს მოვალე საწარმოს წარმომადგენლის მიერ მითითებული იმ გარემოების დამადასტურებელ ინფორმაციას, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

ვინაიდან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებითა და თანდართული ინფორმაციით დგინდება, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რის გამოც, არა თუ ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი, შპს „ფუდ მიქსს“ უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე, ხოლო კრედიტორებს უნდა განემარტოთ, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-9, მე-19, 45-ე, და 48-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ფუდ მიქსს“ უარი ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის შპს „ფუდ მიქსის“ ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. შპს „ფუდ მიქსი“ გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს შპს „ფუდ მიქსის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება. კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განჩინების გამომტან სასამართლოში წერილობითი ფორმით (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64). 

 

მოსამართლე                                                   ვერა დობორჯგინიძე