გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/20345-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

   
    
საქმე№2/20345-14

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2022 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

 

მოვალე: შპს „თორი“, ს/ნ 203868975

წარმომადგენელი: გურამ შეროზია

კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: მარი ვაჩიბერაძე

კრედიტორი: სს ,,იბერია რეფრეშმენტსი“, ს/ნ 204968730

წარმომადგენელი: თამარ ბახტაძე

გაკოტრების მმართველი: სსიპ – აღსრულების ეროვნულო ბიურო

წარმომადგენელი: თამთა მაჭარაშვილი

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „თორის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი და

გამოარკვია:

შპს „თორის“ წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „თორის“ გაკოტრების საქმე. მოვალე საწარმოს გაკოტრების მმართველად დანიშნულია სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

მოვალე საწარმოს 2 კრედიტორი ჰყავს – სსიპ – შემოსავლების სამსახური 60 814,61 ლარის მოთხოვნით მეოთხე რიგში და სს „იბერია რეფრეშმენტსი“ 2739 ლარის მოთხოვნით მეექვსე რიგში.

2021 წლის 8 დეკემბრის კრედიტორთა კრებაზე სასამართლოს მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადაში, მოვალე საწარმოს ქონებრივი მდგომარეობის დამატებით შესწავლის შემდეგ, გაკოტრების მმართველმა 2022 წლის 1 თებერვალს წარმოადგინა საბოლოო ანგარიში მოვალე საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ და მხარი დაუჭირა შპს „თორის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე 2021 წლის 8 დეკემბერს დაყენებულ შუამდგომლობას. გაკოტრების მმართველმა განმეორებით მიუთითა იმ  გარემოებებზე, რომ მოვალე საწარმოს არ გააჩნია არც უძრავი-მოძრავი ქონება და არც დადებითი ნაშთი, რომელიმე საბანკო დაწესებულებაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ, საწარმოში თანხის მოძრაობა არ დაფიქსირებულა სულ მცირე 2014 წლიდან.  შპს „თორის“ ერთადერთი დებიტორი სს „თბილისის უნივერსალური სავაჭრო ბაზა“ ფაქტობრივად გადახდისუუნაროა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2014 წლის 17 ნოემბრის N006277314 შესაბამისი დასკვნით. გაკოტრების მმართველმა მიუთითა, რომ გაკოტრების საქმის წარმოების გაგრძელებით ვერ მიიღწევა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის ვერცერთი მიზანი და მიიჩნია, რომ ეს გარემოება გაკოტრების საქმის შეწყვეტის საფუძველია.  

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულ მხარეთა პოზიციები და მიიჩნევს, რომ გაკოტრების მმართველის შუამდგომლობა შპს „თორის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამდენად, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის – კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების – განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა საწარმოს სამეურვეო ქონება. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეურვეო ქონება არის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება. 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალითა და გაკოტრების მმართველის ანგარიშით დასტურდება და კრედიტორები სადავოდ არ ხდიან, რომ მოვალე საწარმოს სამეურვეო ქონება არ გააჩნია და არ გააჩნდა არც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისთვის – საწარმოს ერთადერთი დებიტორი, სს „თბილისის უნივერსალური სავაჭრო ბაზა“, არის ფაქტობრივად გადახდისუუნარო და მოვალე კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2014 წლის 17 ნოემბრის N006277314 შესაბამისი დასკვნით. უდავოა ასევე, რომ მოვალე საწარმოს უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია. გაკოტრების მმართველის ანგარიშით დადგენილია და კრედიტორები სადავოდ არ ხდიან, რომ საწარმოს სახელზე რეგისტრირებული ორი ავტოსატრანსოპრტო საშუალებიდან „მერსედეს ბენც 260“ განადგურდა ჯერ კიდევ 2007 წელს და ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის სამეურვეო ქონებაში არ შედიოდა, ხოლო „ოპელ ომეგა“ საკუთრებაში და სარგებლობაში გადაეცა ფიზიკურ პირს 2011 და, შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის სამეურვეო ქონებაში არც ეს მოძრავი ნივთი შედიოდა. სამეწარმეო რეესტრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „თორი“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის /კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. უდავოა, რომ მოვალეს საბანკო ანგარიში აღარ გააჩნია და, 2014 წლიდან, მოვალე საწარმო არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. კრედიტორები სადავოდ არ ხდიან გაკოტრების მმართველის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ, ქონების არარსებობის გამო, მოვალე საწარმო ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი. 

სასამართლო განმარტავს, რომ მოვალე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების მიუხედავად, კრედიტორი ინარჩუნებს მომავალში თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც გაუქმებულ საწარმოს ეკუთვნოდა. კერძოდ, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეხუთე პუნქტით დადგენილია, რომ  თუ საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ  ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია,  აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც  მას  დადგენილ ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორმა  დადგენილ ვადაში არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

ვინაიდან მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, გაკოტრების საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, შპს „თორი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „თორის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თორის“ მიმართ შეწყდეს გაკოტრების საქმის წარმოება, შპს „თორი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „თორის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება ერთსა და იმავე დღეს გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” და ელექტრონულ სისტემაში.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                                                     ვერა დობორჯგინიძე.