1. ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, თანამშრომელი უფლებამოსილია დადგენილი წესით შეადგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს თანამშრომელი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სამართალსუბიექტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
4. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.
5. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (დანართი №3) შეიტანება:
ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;
ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი;
დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო, ავტობუსის მარშრუტის ნომერი, ავტობუსის სახელმწიფო ნომერი, სამართალდარღვევის არსი;
ე) მე-5 პუნქტში – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის;
ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა;
ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
თ) მე-8 პუნქტში – მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;
ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე;
კ) მე-10 პუნქტში – შემდგენლის ხელმოწერა;
ლ) მე-11 პუნქტში – შენიშვნა.
6. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები:
„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს სახელმწიფო ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.“
მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის შესაბამისი დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან), ხოლო შემდგომ - სასამართლოში ამავე კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად.
ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე ხელს აწერენ ეს პირებიც.
8. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსების მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით (ივსება სპეციალური ფორმა, დანართი №4), ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9.თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.
10. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო არასწორად შედგენილი საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს სამართალსუბიექტის უფლებამოსილ პირს, რომელიც აისახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
11. სამართალსუბიექტი, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ