„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის N05/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №05/14 |
|
2022 წლის 3 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
„1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისათვის/სსიპ-ის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან/და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება, ან იგი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია.
2. სტაჟიორად მიიღება პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 25 წელს.“.
2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად (ხმის უფლების გარეშე) შესაძლოა მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის/სფეროს ექსპერტები, რომელთა შეფასება/პოზიცია აისახება კომისიის სხდომის ოქმში.“.
3. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინისტროში ანაზღაურებადი/ანაზღაურების გარეშე სტაჟიორების რაოდენობა და ანაზღაურების ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
4. სსიპ-ში ანაზღაურებადი/ანაზღაურების გარეშე სტაჟიორების რაოდენობა და ანაზღაურების ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება სსიპ-ის ხელმძღვანელის ბრძანებით, მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში – მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დირექტორის ბრძანებით, მინისტრთან შეთანხმებით.“.
4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11. სამინისტროს სისტემაში შესაძლებელია ერთდროულად გამოცხადდეს სტაჟიორთა (ანაზღაურებად ან/და არაანაზღაურებად სტაჟირებაზე) კონკურსი სამინისტროსა და სსიპ-ებისთვის და ამასთან დაკავშირებით, სამინისტრო და სსიპ-ები უზრუნველყოფენ (თითოეული თავისი დაწესებულებისთვის) შესაბამისი პროცედურების განხორციელებას, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“.
5. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად არის გამოცხადებული კონკურსი შესაბამის პოზიციაზე/პოზიციებზე ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სტაჟიორების მიღებაზე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე წარდგენილი იქნებიან საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები, ხოლო მომდევნო საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები წარდგენილი იქნებიან არაანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე.“.
6. 24-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირი, რომელიც, ამ წესის შესაბამისად გადის ანაზღაურების გარეშე სტაჟირებას სამინისტროში/სსიპ-ში (გარდა ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), სტაჟიორის შეფასებისა (დამაკმაყოფილებელი, კარგი, ძალიან კარგი) და უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟირების დაწყებიდან არანაკლებ ერთი თვის გასვლის შემდეგ, მისი თანხმობით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე. ასეთ შემთხვევაში სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. პირი, რომელიც სტაჟირებას გადის „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების საფუძველზე, ამავე დადგენილებით განსაზღვრული სტაჟირების ვადის გასვლისთანავე, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დადებითი შეფასებისა და უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, მისი თანხმობით, შეიძლება მიღებულ იქნეს ამ წესით განსაზღვრული ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე. ასეთ შემთხვევაში სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.“.
7. VI თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი:
„თავი VII. გარდამავალი დებულებანი
ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება აღნიშნული პუნქტის ამოქმედებამდე გამოცხადებული კონკურსების შედეგად მიღებულ/მისაღებ სტაჟიორებზე, მათ შორის, მოცემული პირებისთვის სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.“.
|