სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.06.2022
გამომცემი ორგანო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება 04.03.2022
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დადგენის შესახებ საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის
ბრძანება №10
2022 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 36 ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 4 მარტის №2 ბრძანება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე
დანართი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) თანამშრომლის თანამდებობაზე მიღების (მათ შორის, კონკურსის ჩატარების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს) და სამსახურის გავლის წესსა და პირობებს (მათ შორის, სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ფორმებსა და საფუძვლებს).
2. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი (გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა) არის საჯარო მოსამსახურე და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2🔗. სამსახურის თანამშრომლები
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები არიან:
ა) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
ბ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;
გ) პროფესიული საჯარო მოხელეები – სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირები (გარდა სამსახურის უფროსის, პირველი მოადგილის და მოადგილისა);
დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
მუხლი 3🔗. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის პრინციპები
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლა ეფუძნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით დადგენილ საჯარო სამსახურის პრინციპებსა და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის პრინციპებს.
თავი II. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობების რანგირება
მუხლი 4🔗. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა (გარდა სამსახურის უფროსის, პირველი მოადგილის, მოადგილის) თანამდებობების რანგირება
1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლის თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:
ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;
ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;
გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტი;
დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტი.
2. პირველი რანგი არის ყველაზე მაღალი იერარქიული რანგი, ხოლო მეოთხე რანგი – ყველაზე დაბალი იერარქიული რანგი.
3. სამსახურის თანამდებობების დასახელებები განისაზღვრება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სამსახურის საშტატო ნუსხით, ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რანგებში განაწილება ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობებისა და სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, სამსახურის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო აღწერილობები განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ფუნქცია-მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესი განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
თავი III. სამსახურის თანამშრომლის სახელმწიფო სპეციალური წოდება და მოხელის კლასი
მუხლი 5🔗. სახელმწიფო სპეციალური წოდება
1. სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდება შესაძლებელია მიენიჭოს სამსახურის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა).
2. სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხით დგინდება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდება.
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სპეციალური წოდება ენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
4. სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სპეციალური წოდება ენიჭება ინდივიდუალურად, მისი თანამდებობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და მომზადების, აგრეთვე პროფესიული დამსახურების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებითა და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
მუხლი 6🔗. მოხელის კლასი
1. სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელს (გარდა სპეციალური სახელმწიფო წოდების მქონე თანამშრომლისა და სტაჟიორ-გამომძიებლისა) ენიჭება მოხელის კლასი, რომლის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
თავი IV. სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები
მუხლი 7🔗. სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები
1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) მიაღწია 18 წლის ასაკს.
2. სამსახურის თანამშრომლად არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა;
გ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
დ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;
ე) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ვ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ზ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები.
მუხლი 8🔗. სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული რანგის, თანამდებობის სპეციფიკისა და დადგენილი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით.
მუხლი 9🔗. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის ასაკობრივი შეზღუდვა
1. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის სამსახურის გავლის ზღვრული ასაკია:
ა) საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.
2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უფროსი (მხოლოდ იუსტიციის უფროსი მრჩეველი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე სამსახურის თანამშრომელს საკუთარი სურვილით და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.
მუხლი 10🔗. სამსახურის ვადა
1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე პირი განუსაზღვრელი ვადით ინიშნება, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი;
ბ) სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში ამ წესის 33-ე მუხლით დადგენილი ვადით მიღებული სტაჟიორ-გამომძიებელი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
მუხლი 11🔗. სამსახურის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა
1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობისა) პირი ინიშნება კონკურსის წესით, გარდა ამ წესის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მობილობის განხორციელებისა (მობილობის განხორციელება არ ვრცელდება სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში თანამშრომლის დანიშვნისას).
2. პირი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობისა) ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.
3. სამსახურის შტატით გათვალისწინებული მესამე, მეორე და პირველი რანგის თანამშრომლის თანამდებობაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, პირი ასევე შესაძლებელია დაინიშნოს:
ა) დახურული კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით;
ბ) სამსახურის შიდა კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას სამსახურის მოქმედი თანამშრომლებისაგან და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრიდან.
მუხლი 12🔗. კონკურსის გამოცხადების წესი
1. კონკურსის გამოცხადების საფუძველია სამსახურის თანამშრომლის ვაკანტური თანამდებობის არსებობა.
2. სამსახურის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოცხადდეს ღია და დახურული კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური.
3. სამსახური, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღია და დახურულ კონკურსს აცხადებს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, ხოლო ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის შიდა კონკურსს – სამსახურის მოქმედი თანამშრომლების სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში მითითებულ სტაჟიორ-გამომძიებელთა ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
4. ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, კონკურსის სახის გათვალისწინებით, დამატებით განათავსოს სამსახურის ვებგვერდზე, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში.
მუხლი 13🔗. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება
1. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს და ინფორმაციას:
ა) სამსახურის დასახელებას;
ბ) ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;
გ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
დ) ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ფუნქციებს;
ე) ინფორმაციას თანამდებობრივი სარგოს შესახებ;
ვ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;
ზ) ინფორმაციას კანდიდატის შეფასების ფორმის შესახებ;
თ) შესაბამისი საკონკურსო კომისიის მისამართს;
ი) კონკურსის ეტაპებს;
კ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;
ლ) ინფორმაციას კომისიის მიერ ამ წესით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების ფორმის შესახებ.
2. სამსახურის გადაწყვეტილებით შესაძლებელია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც.
მუხლი 14🔗. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა
1. სამსახური უფლებამოსილია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება.
2. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ცვლილებების შეტანად არ ჩაითვლება ამ წესის მე-23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
3. სამსახური ვალდებულია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწორება ან/და ცვლილება შეიტანოს იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის.
4. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს სამსახურის მიერ ახალი კონკურსის გამოცხადებას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არსებითი ცვლილებისა და კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანამდე.
6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკურსის გამოცხადებისას კანდიდატს ახალი განცხადების წარსადგენად ეძლევა ვადა არანაკლებ 5 კალენდარული დღისა.
მუხლი 15🔗. კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა
1. ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამსახურის შიდა კონკურსის შემთხვევაში – სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით.
2. კანდიდატი ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
3. კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 5 კალენდარული დღისა.
4. კანდიდატი უფლებამოსილია განაცხადში შეიტანოს ცვლილება სამსახურის მიერ განაცხადების წარდგენისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 16🔗. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
1. ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოქმედ მოხელეს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში და აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სამსახურის მოქმედ თანამშრომელს, რომელსაც არ გააჩნია მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში მყოფ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 17🔗. საკონკურსო კომისიის შექმნის წესი
1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია.
2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია თავად იყოს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარედ დანიშნოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პირველი მოადგილე/მოადგილე, ასევე იმ დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე, რომელშიც გამოცხადებულია კონკურსი.
მუხლი 18🔗. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა
1. საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკისა და საჭიროების გათვალისწინებით განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
2. გამომძიებლის დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე;
ბ) სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის პირველი ან/და მეორე რანგის გამომძიებელი. თუ სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში პირველი ან მეორე რანგის გამომძიებლის პოზიცია ვაკანტურია, კომისიის შემადგენლობაში შეიყვანება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის პირველი ან/და მეორე რანგის საჯარო მოხელე;
გ) სისხლის სამართლის სფეროს მოწვეული სპეციალისტი;
დ) ადამიანის უფლებათა სფეროს მოწვეული სპეციალისტი;
ე) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული სამსახურის სხვა თანამშრომლები.
3. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა თანამდებობაზე (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობისა) დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე;
ბ) სამსახურის იმ დეპარტამენტის პირველი ან/და მეორე რანგის თანამშრომელი, რომელშიც გამოცხადებულია კონკურსი. თუ იმ დეპარტამენტში, რომელშიც გამოცხადებულია კონკურსი, პირველი ან მეორე რანგის თანამშრომლის პოზიცია ვაკანტურია, კომისიის შემადგენლობაში შეიყვანება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის პირველი ან/და მეორე რანგის საჯარო მოხელე;
გ) შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის სამსახურთან;
დ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული სამსახურის სხვა თანამშრომლები.
4. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ამ კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას.
5. კანდიდატი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა.
მუხლი 19🔗. საკონკურსო კომისიის წევრის აცილება
1. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ეტაპების დაწყებამდე, წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად მიღებაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. ამ შემთხვევაში ის ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი სხვა კანდიდატების შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
3. თუ საკონკურსო კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ და ამის შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, საკონკურსო კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 20🔗. საკონკურსო კომისიის საქმიანობა
1. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
2. საკონკურსო კომისია, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს შეფასების ქულათა სისტემის საფუძველზე.
3. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. საკონკურსო კომისია, ამ წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით (არსებობის შემთხვევაში) საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
5. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი კონკურსის ყველა ეტაპზე.
6. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, წერითი/ზეპირი დავალებისა და გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას.
7. საკონკურსო კომისიამ შესაძლებელია გაითვალისწინოს პიროვნების საკვლევი ტესტის შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატის შეფასება განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.
9. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საკონკურსო კომისიის დამსწრე წევრები. საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
10. საკონკურსო კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
მუხლი 21🔗. კონკურსის ეტაპები
1. კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) კანდიდატის შეფასება;
გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.
2. კონკურსის პროგრამას, პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს, ასევე კანდიდატის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის განმავლობაში პიროვნების საკვლევი ტესტის გამოყენების საკითხს განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
მუხლი 22🔗. კონკურსის პირველი ეტაპი
1. კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.
2. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, ამ წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 5 დღისა, უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი. კანდიდატთა რაოდენობის გათვალისწინებით, დასაშვებია საკონკურსო კომისიის მიერ ამ ვადის გონივრული ვადით გაზრდა.
3. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს ადმინისტრაციული დეპარტამენტი წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.
4. კონკურსის მომდევნო ეტაპამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე კომისია ვალდებულია ელექტრონულად აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან შესაბამისობის შესახებ. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანდიდატის მიერ განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგის გასაჩივრების შემთხვევაში.
5. კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში საკონკურსო კომისია ვალდებულია კანდიდატისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში მიუთითოს მისი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზი.
6. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შეტყობინებასთან ერთად კანდიდატს ეცნობება კონკურის მეორე ეტაპისა და პიროვნების საკვლევი ტესტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩატარების ვადა და ადგილი.
მუხლი 23🔗. კონკურსის მეორე ეტაპი და პიროვნების საკვლევი ტესტი
1. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
2. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილების ან/და მისი ზოგადი უნარებისა და პროფესიული ცოდნის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობასთან და სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
3. კანდიდატის შეფასება შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) წერითი ან/და ზეპირი დავალება (არასავალდებულო);
ბ) გასაუბრება (სავალდებულო).
4. წერითი ან/და ზეპირი დავალების შინაარსს, შეფასების კრიტერიუმებს, მაქსიმალურ და გამსვლელ ქულას განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. წერითი ან/და ზეპირი დავალების მაქსიმალური და გამსვლელი ქულების შესახებ ინფორმაცია აისახება კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში. სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსის შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ასევე განსაზღვრავს გასაუბრებაზე კანდიდატების შეფასების წესსა და კრიტერიუმებს, ასევე, მაქსიმალურ და გამსვლელ ქულებს, რის შესახებაც ინფორმაცია აისახება კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.
5. სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიმართვის საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა შესაძლებელია შეცვალოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამსვლელი ქულა, რის თაობაზეც კანდიდატს ეცნობება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული შესაძლებლობის თაობაზე მითითებული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.
6. კანდიდატის შეფასების მომდევნო ეტაპამდე არანაკლებ 3 დღით ადრე საკონკურსო კომისია ვალდებულია ელექტრონულად აცნობოს კანდიდატს შეფასების შედეგები და შეფასების შემდეგი ეტაპისა და პიროვნების საკვლევი ტესტის ჩატარების დრო და ადგილი. შეფასების შედეგების გაცნობასთან დაკავშირებული ამ პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება კანდიდატის მიერ წერითი ან/და ზეპირი დავალების შედეგის გასაჩივრების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი შეფასების შედეგებს იგებს შესაბამისი დავალების დასრულებისთანავე. პიროვნების საკვლევი ტესტი შეიძლება ჩატარდეს კონკურსის მეორე ეტაპის განმავლობაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გასაუბრების ეტაპამდე. პიროვნების საკვლევი ტესტის შედეგები კანდიდატს ეცნობება წერილობითი ფორმით, მოთხოვნის შემთხვევაში.
7. გასაუბრებაზე კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც დგება გასაუბრებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. საკონკურსო კომისიამ შესაძლებელია გაითვალისწინოს პიროვნების საკვლევი ტესტის შედეგები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შეარჩიოს სარეზერვო კანდიდატები არაუმეტეს გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობის სამმაგი ოდენობით. აღნიშნული რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს თანაბარქულიანი კონკურსანტების რაოდენობის გათვალისწინებით.
8. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა წარედგინება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს.
9. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს დისტანციური ან ნახევრად დისტანციური ფორმით.
10. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო-ვიდეოჩაწერა.
11. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატის შეფასების ზეპირი დავალების და გასაუბრების ეტაპები შეიძლება ჩატარდეს ერთდროულად, რის შესახებაც მითითებული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.
მუხლი 24🔗. კონკურსის შედეგები
1. საკონკურსო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს წარუდგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსის შემთხვევაში საკონკურსო კომისია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ასევე წარუდგენს ამ წესის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სარეზერვო კანდიდატთა სიას, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
2. საკონკურსო კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად აცნობებს მის მიმართ ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღია და დახურული კონკურსისას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შიდა კონკურსის შედეგების შესახებ თითოეულ კანდიდატს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
3. სამსახური ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღია და დახურული კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში.
მუხლი 25🔗. კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება
კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ:
ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი;
ბ) საკონკურსო კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
მუხლი 26🔗. კონკურსის შეწყვეტის საფუძვლები
1. სამსახურის ან სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
2. სამსახური ვალდებულია კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებსა და ბიუროს.
მუხლი 27🔗. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის პროცედურებთან, ეტაპებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია.
2. პიროვნების საკვლევი ტესტის შედეგები არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
3. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
4. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეული პირები).
5. პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.
6. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
7. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
8. შეფასების შედეგების შესახებ საჩივრის განხილვის მიზნით, საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს ექსპერტი ან/და დახმარებისთვის მიმართოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ჰყავს შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტები.
9. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
10. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები.
11. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
12. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან/წერითი ან/და ზეპირი დავალების შედეგების შეტყობინებიდან/გასაუბრების შედეგების შეტყობინებიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა. ტესტური წერითი დავალების შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს ამ პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადა, რის შესახებაც კანდიდატს უნდა ეცნობოს შესაბამის დავალების შესრულებამდე.
13. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება კომისიის მიერ განიხილება გონივრულ ვადაში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო კომისიას.
14. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობისთანავე.
15. საკონკურსო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 28🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 29🔗. კანდიდატის დანიშვნა
1. საკონკურსო კომისიის მიერ, ხოლო ამ წესის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, თანამდებობაზე ნიშნავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
2. თუ საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს თანამდებობაზე დანიშვნაზე ან სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელ დოკუმენტაციას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის თაობაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
3. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
მუხლი 30🔗. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატები
1. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატი სტაჟიორ-გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს თანამდებობაზე დანიშვნაზე ან სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელ დოკუმენტაციას;
ბ) სტაჟიორ-გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშნულ პირს ამ წესის 36-ე მუხლის შესაბამისად ვადაზე ადრე შეუწყდება სტაჟირება;
გ) შერჩეული სტაჟიორ-გამომძიებლების მიერ სტაჟირების გავლის პროცესში გაიზრდება სტაჟიორ-გამომძიებელთა საშტატო ერთეულების რაოდენობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, უფლებამოსილია სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატებთან გასაუბრების გზით შეარჩიოს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს წარუდგინოს საუკეთესო კანდიდატი. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატებთან გასაუბრებას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაესწროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელიც.
3. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატად პირი ირიცხება 1 წლის ვადით.
4. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატების აღრიცხვას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატების არსებობა არ შეიძლება გახდეს სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შემაფერხებელი გარემოება.
მუხლი 31🔗. გამოსაცდელი ვადა
1. პირი სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არაუმეტეს 12 თვის ვადით.
2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგის შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს.
3. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.
4. იმ შემთხვევაში, თუ პირი დანიშნულია 12 თვის გამოსაცდელი ვადით, იგი თავისუფლდება თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ უარყოფითად შეფასების საფუძველზე.
5. გამოსაცდელ ვადაში არ ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება საერთო შრომით სტაჟში.
6. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სტაჟიორ-გამომძიებელზე.
თავი V. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სტაჟირების გავლა
მუხლი 32🔗. სტაჟირების პროცესის ორგანიზება
1. სტაჟიორ-გამომძიებელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც პირადად აკონტროლებს სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ გაწეულ მუშაობას.
2. სტაჟიორ-გამომძიებლისათვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, სამსახურში ადაპტაციის ხელშეწყობის და მისი ემოციური მხარდაჭერის მიზნით, სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია სტაჟიორ-გამომძიებელს განუსაზღვროს მენტორი, რომელიც აკმაყოფილებს მენტორისთვის დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედებს მენტორობის პროგრამის შესაბამისად. მენტორობის პროგრამა მტკიცდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სტაჟიორ-გამომძიებელს სტაჟირების დაწყების პირველ ეტაპზე შესაძლებელია ჩაუტარდეს პიროვნების საკვლევი ტესტი მისთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავების მიზნით.
4. სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ საქმიანობის პროცესში შესასრულებელი აქტივობების მინიმალური პროგრამა განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სტაჟირების პროცესს კოორდინაციას უწევს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
მუხლი 33🔗. სტაჟირების ვადა
1. სტაჟიორ-გამომძიებლის სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სტაჟიორ-გამომძიებელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სტაჟირების შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული სტაჟირების ვადა შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 1 წლით.
2. სამსახურში ხანგრძლივად არყოფნის პერიოდი (ხანგრძლივ ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სამხედრო შეკრებაზე გაწვევა, ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება, სასწავლო შვებულება და სხვ.) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.
3. სტაჟირების ვადა ითვლება შრომით სტაჟში.
მუხლი 34🔗. სტაჟიორ-გამომძიებლის უფლებები და ვალდებულებები
1. სტაჟიორ-გამომძიებელს უფლება აქვს:
ა) სტაჟირების ხელმძღვანელის/მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის/მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელოს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამომძიებლის უფლებამოსილებები;
გ) სტაჟირების ხელმძღვანელთან/მენტორთან აქტიურად დასვას შეკითხვები საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის აქტუალურ/ბუნდოვან საკითხებზე, მიმართოს სტაჟირების ხელმძღვანელს/მენტორს რჩევების, მოსაზრებებისა და რეკომენდაციის მისაღებად;
დ) სტაჟირების ხელმძღვანელს/მენტორს თავისუფლად მიაწოდოს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა მოსწონს და რის შეცვლას ისურვებდა პროგრამის თვალსაზრისით.
2. სტაჟიორ-გამომძიებელი ვალდებულია:
ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის/მენტორის მითითებები და დავალებები;
ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;
გ) სტაჟირების ხელმძღვანელის/მენტორის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები;
დ) უზრუნველყოს ამ წესის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივობების მინიმალური პროგრამის შესრულება;
ე) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განვითარების მიზნით სამსახურის მიერ შეთავაზებულ ღონისძიებებში;
ვ) შეასრულოს პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების, ასევე შეძენილი პრაქტიკული გამოცდილების შემოწმების მიზნით სამსახურის მიერ განსაზღვრული დავალებები;
ზ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, 3 თვეში ერთხელ, წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში სტაჟირების ხელმძღვანელსა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს;
თ) სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში უზრუნველყოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით მისთვის გადაცემული სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, ჟეტონის, ფორმის, ასევე, ყველა მატერიალურ სიკეთისა და დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
3. სტაჟიორ-გამომძიებელი, მისი თანხმობის შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს სამსახურის ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან სხვა ქვედანაყოფში.
მუხლი 35🔗. სამსახურის, სტაჟირების ხელმძღვანელისა და მენტორის ვალდებულებები
1. სამსახური სტაჟიორ-გამომძიებელს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი:
ა) ზრუნავს სტაჟიორ-გამომძიებლის პროფესიულ განვითარებაზე;
ბ) აძლევს დავალებებს, მიმართულებებს და განუსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადას, აწვდის აღნიშნულთან დაკავშირებით დროულ და სწორ ინფორმაციას;
გ) პირადად აკონტროლებს მის მიერ გაწეულ მუშაობას, აძლევს უკუკავშირს შესრულებული სამუშაოს შესახებ;
დ) აკონტროლებს, რომ სტაჟიორ-გამომძიებელს მიეცეს შესაძლებლობა სრულად შეასრულოს ამ წესის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამა;
ე) აფასებს სტაჟიორ-გამომძიებელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, სტაჟირების დაწყებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ასევე სტაჟირების ვადის გასვლისას (შემაჯამებელი შეფასება) და შეფასების ფორმას წარუდგენს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს;
ვ) ხელმძღვანელობას უწევს სტაჟირებისა და მენტორობის პროგრამის წარმატებით განხორციელებას;
ზ) ხელს უწყობს სტაჟიორ-გამომძიებლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას;
თ) ახორციელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მენტორი:
ა) ხელს უწყობს სტაჟიორ-გამომძიებელს სამსახურში ადაპტაციაში და აცნობს ორგანიზაციულ კულტურას;
ბ) უშუალოდ ერთვება სტაჟიორ-გამომძიებლის ყოველდღიურ საქმიანობაში სტაჟირების პროცესის შესაბამის ეტაპზე;
გ) ხელს უწყობს სტაჟიორ-გამომძიებელს ამ წესის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამის შესრულებაში;
დ) უქმნის მოტივაციას სტაჟიორ-გამომძიებელს სამუშაოს შესრულებისა და ინიციატივების გამოჩენისთვის;
ე) მიმართავს სხვა საჭირო ზომებს სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სამუშაოს შესრულებისას მისი დამოუკიდებლობის ხარისხი გაზრდის მიზნით.
4. სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა) სტაჟიორ-გამომძიებელთან ერთად განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგებს და ამ წესის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და სტაჟიორ-გამომძიებელზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს (ასეთი, საჭიროების არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, საგამოძიებო დეპარტამენტის კურატორ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს/მოადგილეს და ადმინისტრაციული დეპარტამენტის კურატორ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს/მოადგილეს, ხოლო სტაჟირების საბოლოო შეფასებასთან დაკავშირებით – ასევე ამ წესის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილ კომისიას;
გ) უფლებამოსილია სტაჟიორ-გამომძიებლის პროფესიული განვითარების მიზნით დაგეგმოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები;
დ) უფლებამოსილია სტაჟიორ-გამომძიებლის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების, ასევე შეძენილი პრაქტიკული გამოცდილების შემოწმების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
მუხლი 36🔗. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) სტაჟიორ-გამომძიებლად მიღების პროცესში მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგნებულად დამალვა ან არასწორი მონაცემების წარდგენა;
დ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა;
ე) პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების, ასევე შეძენილი პრაქტიკული გამოცდილების შემოწმებისას მიღებული შეფასება ან/და მათში მონაწილეობაზე უარის თქმა;
ვ) სტაჟირების ხელმძღვანელის მხრიდან ზედიზედ ორი არადამაკმაყოფილებელი შეფასება;
ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განისაზღვრა;
თ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;
ი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
კ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ლ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა – გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მეორე დღიდან;
მ) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა.
2. სტაჟიორ-გამომძიებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე) მას შეუჩერდება სტაჟირება და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით
გადაყენებულ იქნება დაკავებული თანამდებობიდან. თანამდებობიდან გადაყენებულ სტაჟიორ-გამომძიებელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება სამსახურის ფორმის ტანსაცმლის ტარება და სამსახურის სახელით მოქმედება. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ (სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში) პირი გააგრძელებს სტაჟირების გავლას ამ წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში სტაჟიორ-გამომძიებელს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მას უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ან სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) წინადადების საფუძველზე.
მუხლი 37🔗. სტაჟირების შეფასება
1. სტაჟირების განმავლობაში სტაჟიორ-გამომძიებლის შეფასების ფორმებია:
ა) ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასება;
ბ) პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების, ასევე შეძენილი პრაქტიკული გამოცდილების შეფასება (არასავალდებულო);
გ) სტაჟიორ-გამომძიებლის სტაჟირების საერთო შეფასება კომისიის მიერ.
2. სტაჟიორ-გამომძიებლის პროფესიული განვითარების მიზნით, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ორგანიზებით, სტაჟიორ-გამომძიებლებს შესაძლებელია ჩაუტარდეთ ტრენინგები და სხვა სასწავლო აქტივობები, ხოლო პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების, ასევე შეძენილი პრაქტიკული გამოცდილების შემოწმების მიზნით – შეფასებები წერითი ან/და ზეპირი ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ სტაჟიორ-გამომძიებლებს ეცნობებათ წინასწარ.
3. სტაჟიორ-გამომძიებლის სტაჟირების საერთო შეფასების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას და განსაზღვრავს მისი მუშაობის წესს.
4. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ კომისია ატარებს გასაუბრებას და ახდენს სტაჟიორ-გამომძიებელთა შეფასებას. კომისია შეფასებისას ითვალისწინებს სტაჟირების მიმდინარეობისას სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ მიღებულ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეფასებებს.
5. კომისიას სტაჟიორ-გამომძიებელთა შეფასების შედეგების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა:
ა) სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება სამსახურის გამომძიებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სტაჟიორ-გამომძიებელი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით არ შეესაბამება სამსახურის გამომძიებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიმართ შესაძლებელია მიღებულ იქნეს სტაჟირების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ რეგისტრირდებიან სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში.
7. სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სტაჟიორ-გამომძიებელი ფასდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 38🔗. სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრი
1. სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე ან 3 წლის ვადით, შეიყვანება სტაჟიორ-გამომძიებელი, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება სამსახურში და არ აქვს სტაჟირების ვადა გაგრძელებული.
2. სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში არ შეიყვანება ამ წესის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორ-გამომძიებელი, თუ მის მიმართ წარმოიშვა ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება.
3. სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში მყოფ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის შიდა კონკურსში.
4. სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმით.
თავი VI. სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები
მუხლი 39🔗. სამსახურის თანამშრომლის უფლება-მოვალეობები
სამსახურის თანამშრომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 40🔗. შრომის ანაზღაურება
1. სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას.
2. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება.
3. სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტებისგან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული წესით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება სამსახურის თანამშრომელს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 41🔗. სამსახურის თანამშრომლის გადაყვანა
1. დასაშვებია სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლისათვის (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილისა) იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭება (ჰორიზონტალური გადაყვანა).
2. ჰორიზონტალური გადაყვანა ხორციელდება გადასაყვანი თანამშრომლის თანხმობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 42🔗. სამსახურებრივი გადაყვანის სხვა შემთხვევები
1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლის (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილისა) გადაყვანა სხვა იერარქიულ რანგსა და თანამდებობაზე დასაშვებია:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;
გ) შეფარდებული დისციპლინური სახდელის გამო.
2. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაყვანა ხორციელდება გადასაყვანი თანამშრომლის თანხმობით, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წინასწარი შეტყობინებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 43🔗. წოდებები და სპეციალური აღრიცხვა
1. სამსახურის თანამშრომელთა (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებისა და თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც იმყოფება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ აღრიცხვაზე.
მუხლი 44🔗. სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან გათავისუფლების არსი
1. სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან გათავისუფლებაზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სამსახურის თანამშრომელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან თავისუფლდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ.
3. სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 45🔗. სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები
სამსახურის შტატით გათავლისწინებული თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ბ) სამსახურში მიღების პროცესში სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) მიერ მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგნებულად დამალვა ან არასწორი მონაცემების წარდგენა;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა – გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მეორე დღიდან;
ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა;
ზ) ამ წესის 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის არადამაკმაყოფილებელი შედეგით შეფასება;
თ) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;
ი) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა სამსახურის თანამშრომლის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;
კ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა;
ლ) თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნული პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას – წელთა ნამსახურობის ვადის გასვლა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;
მ) გარდაცვალება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
მუხლი 46🔗. სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) სამსახურიდან გათავისუფლების სხვა საფუძვლები
სამსახურის შტატით გათავლისწინებული თანამშრომელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) სამსახურის ან/და საგამოძიებო დეპარტამენტის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში;
დ) თუ დარღვეულია სამსახურში მიღებისათვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები (რასაც საფუძვლად უდევს დანიშნული პირის უკანონო ქმედება) ან თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
მუხლი 47🔗. თანამდებობიდან დროებით გადაყენება
1. სამსახურის თანამშრომელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) სათანადო დასკვნის ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილის მოთხოვნის საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს განჩინება სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
2. თანამდებობიდან გადაყენებული სამსახურის თანამშრომელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე.
3. თანამდებობიდან გადაყენებულ სამსახურის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, ცეცხლსასროლი იარაღი, სპეციალური საშუალებები და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება სამსახურის ფორმის ტანსაცმლის ტარება და სამსახურის სახელით მოქმედება.
მუხლი 48🔗. სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) შვებულება
1. სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე.
2. სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის თანაშრომლის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 24 სამუშაო დღე.
3. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს. მომდევნო წელს გაგრძელებული შვებულება ჩაითვლება წინა წლის შვებულებად ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობის ფარგლებში.
4. სამსახურის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არაუმეტეს ერთი კალენდარული წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამსახურის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) 5 წელიწადში ერთხელ თანამდებობრივი სარგოს (შესაბამის მოხელეს ასევე საკლასო დანამატის) შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება 3 კალენდარულ თვემდე ვადით.
6. სამსახურის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. სამსახურის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) შვებულების უფლება წარმოეშობა სამსახურში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
8. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად.
მუხლი 49🔗. სამსახურის თანამშრომელთა დიციპლინური პასუხისმგებლობა
სამსახურის თანამშრომელთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური წარმოების წესით.
მუხლი 50🔗. წახალისების ფორმა
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;
დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ვ) ცეცხლსასროლი იარაღის ჯილდოდ გადაცემა;
ზ) უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე წარდგენა;
თ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
მუხლი 51🔗. წახალისების საფუძველი
1. თანამშრომლის წახალისება ხდება სამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით.
2. ამ წესის 50-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმები გამოიყენება თანამშრომლის შეფასების შედეგების შესაბამისად.
3. ამ წესის 50-ე მუხლის „გ“-„თ“ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარდგინებას უნდა ერთოდეს მოსამსახურის დახასიათება კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურების მითითებით.
4. თანამშრომელს შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე ფორმა.
თავი VII. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სათათბირო ორგანო – თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო
მუხლი 51🔗. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო
1. სამსახურის თანამშრომლების წახალისების ფორმასა და წახალისებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, ასევე დისციპლინური გადაცდომის საკითხებსა და საბოლოო შეფასების შედეგებთან დაკავშირებულ თანამშრომელთა საჩივრებს განიხილავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო ორგანო – თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო.
2. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს გადაწყვეტილებით და დამსწრე პირთა თანხმობით შესაძლებელია საბჭოს სხდომის აუდიო/ვიდეოჩაწერა.
4. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო:
ა) იღებს გადაწყვეტილებას წახალისების ფორმასა და წახალისებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, ასევე წახალისებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით;
ბ) დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ბ.ა) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;
ბ.ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ.გ) სამსახურის თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების ნაცვლად სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის თაობაზე;
ბ.დ) სამსახურის გენერალური ინსპექციისათვის (დეპარტამენტი) დასკვნის შენიშვნებით დაბრუნების შესახებ;
გ) თანამშრომლის შეფასების შედეგებთან დაკავშირებით, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
გ.ა) საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
გ.ბ) საჩივრის დაკმაყოფილების/ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და შესაბამისად შეფასების შედეგის ცვლილების შესახებ;
გ.გ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეფასების შედეგის უცვლელად დატოვების შესახებ.
5. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარედგინება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს.
6. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი სამსახურის გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი) უბრუნებს დასკვნას გადასამუშავებლად.
7. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საბოლოოა.